«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): ინტერპოლმა საქართველოს ხელისუფლება გაანაწყენა (საქართველოს ამბების მიმოხილვა)
«European Dialogue» (ლიტვა): რიგის სამიტის წინ: ლიტველი პოლიტოლოგის შეფასებები საქართველოს შესახებ
«112 – Украiна» (უკრაინა): სიტყვა და საქმე: როგორ ეხმარებიან უკრაინას მეზობლები – საქართველო და თურქეთი
«ВВС – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): ახსოვთ თუ არა თბილისში მელიტონ ქანთარია?
———————-
«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 19 აპრილი, 2015 წელი
http://ru.rfi.fr/kavkaz/20150418-interpol-ogorchil-gruzinskie-vlasti/
ინტერპოლმა საქართველოს ხელისუფლება გაანაწყენა
ფრანგულმა რადიოსადგურმა „რადიო ფრანსე ინტერნასიონალემ“ («Radio France Internationale») ეთერში გადასცა საქართვეელოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მორიგ ყოველკვირეულ აუდიომიმოხილვა.
გთავაზობთ მასალის შინაარსს:
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და შეთავსებით – ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი (იგივე ქართველი “რუხი კარდინალი), რომელიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვაში მნიშვნელოვან ფიგურად იყო ცნობილი, ინტერპოლის „წითელი ცირკულარით“ უკვე აღარ იძებნება, რადგან მან „ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში“ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. არადა, სწორედ ზურაბ ადეიშვილი იყო „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის“ განმხორციელებლი დამნაშავეთა მიმართ, ამასთან, იგი იმავდროულად მსხვილი ბიზნესის კურატორიც იყო და ქონების განაწილებით იყო დაკავებული.
ზურაბ ადეიშვილი საქართველოდან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთანავე გაიქცა. დიდხანს არ გაუვლია, რომ გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა თავიანთი ყოფილი უფროსის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს…
არაოფიციალური, მაგრამ სრულიად დადასტურებული მონაცემებით ირკვევა, რომ ზურაბ ადეიშვილი უნგრეთში დასახლდა. ქართულ მასმედიაში გაკრთა ინფორმაცია, რომ იგი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ნდობითა და კეთილგანწყობით სარგებლობსო. მიუხედავად ამისა, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უნგრეთის ხელისუფლებისაგან იმ ცნობის დადასტურებას, რომ ზურაბ ადეიშვილი ნამდვილად იქ ცხოვრობს და მუშაობს, ვერანაირად ვერ მიაღწია.
მაშინ საქართველომ დახმარებისთვის ინტერპოლს მიმართა და ზურაბ ადეიშვილის სახელი საერთაშორისო დონეზე ძებნილთა შორის გამოჩნდა. ალბათ, ყველას სჯეროდა, რომ ასე იქნებოდა მის დაკავებამდე, მაგრამ… რამდენიმე დღის წინათ ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ ზურაბ ადეიშვილის გვარ-სახელი „წითელი ცირკულარით“ ძებნილთა სიიდან გაქრა. მოგვიანებით, თბილისიდან გაგზავნილი თხოვნის პასუხად, ინტერპოლმა განმარტა, რომ ერთ-ერთმა ევროპულმა სახელმწიფომ ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცაო. კონკრეტულად რომელმა ქვეყანამ, ჯერ-ჯერობით უცნობია. ქვეყნის დასახელება ზურაბ ადეიშვილის ადვოკატსაც არ სურს.
საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა: თბილისს არ შეუძლია განახორციელოს დიპლომატიური დემარში ან ბრიუსელში იჩივლოს ევროკავშირის წევრი ერთ-ერთი ქვეყნის მოქმდების გამო. პრინციპში, საქართველო თვითონაც აშკარად არაა დაინტერესებული ამ პრობლემის გამწვავებით, მით უმეტეს, რიგის სამიტის წინ. საქმე შემდეგშია: გასულ კვირას საქართველოს ხელმძღვანელობა ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ შესვლის მიზნით, ანუ „ვიზალიბერალიზაციის“ რეჟიმის მისაღებად, რომელიც შეიძლება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების რიგის სამიტზე მოხდეს. ცხადია, ასეთ დროს უმჯობესია სიტუაცია არ გამწვავდეს.
სხვათა შორის, ამ საკითხისადმი ოფიციალური თბილისის ერთგვარ შემრიგებლურ პოზიციას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ლიტვაში ოფიციალური ვიზიტისას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სიტყვაც არ დაუძრავს „ადეიშვილის კაზუსთან“ დაკავშირებით, თუმცა ძალიან ბევრს ლაპარაკობდა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობისა და დაახლოების სიკეთეზე.
ამასობაში კი რა ხდება უკრაინაში?
სენსაციური ფაქტი:
მიხეილ სააკაშვილი კვლავ შეიარაღებული ძალების „მთავარსარდლის“ ამპლუაშია. კიევში იგი „თავის არმიას“, ანუ იმ ათეულობით ქართველ სამხედრო მოსამსახურეს შეხვდა, რომლებიც დონბასელ სეპარატისტთა წინააღმდეგ იბრძვიან. სხვათა შორის, უკრაინაში „მთავარსარდალთან“ ერთად იმყოფება საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძეც, რომელიც ქართველი მებრძოლების კოორდინატორია. შეხვედრის ამსახველმა ვიდეოკადრებმა, რომლებიც საქართველოს ტელევიზიის ეთერში გადაიცა, საკმაოდ მძაფრი რეაქცია გამოიწვია. პარლამენტის ექს-თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალისმიერი ოპერაციის განსახორციელებლად ემზადება ხელისუფლებაში დასაბრუნებლადო.
ამასთან, როგორც მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ფრანგული რადიოს კორესპონდენტთან ინტერვიუში ამბობს, ყოფილი პრეზიდენტის ნაბიჯები სერიოზულად არ უნდა იქნეს აღქმული:
„ბატონი მიხეილ სააკაშვილი მიანიშნებს, რომ იგი იყო, არის და იქნება საქართველოს პრეზიდენტი. იგი ვერ ურიგდება სიტყვა „ყოფილს“, თავისი თავი ისევ პრეზიდენტი ჰგონია. მაგრამ სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილის მსგავსი მოქმედება სულელური ხუმრობაა. იგი ახლა ჩვეულებრივი მოქალაქეა. ჩვენთან ყოფილ პრეზიდენტებს რაიმე სპეციალური უფლებამოსილება დაკანონებული არ აქვთ. ასე რომ, მიხეილ სააკაშვილი მთავარსარდალი აღარ არის და ტყუილად მიმართავს სამხედროებს. იგი ბავშვური თამაშებით ერთობა. ისე კი, მე რომ სამხედრო მოსამსახურე ვყოფილიყავი, უარს არ ვიტყოდი მასთან შეხვედრაზე, მაგრამ იქვე შევახსენებდი, რომ იგი უკვე აღარ ითვლება ჩემს მთავარსარდლად. ამ სიტუაციაში ექს-პრეზიდენტმა თავისი თავი არჩთუ ისე კარგად აცვენა. საერთოდ, მიხეილ სააკაშვილი დღეს, შეიძლება ითქვას, ანთეოსია მიწის გარეშე: იგი საქართველოს გარეშე, ჩვენი ქვეყნის გარეთ თავის პოლიტიკურ წონას, პოლიტიკურ ჩვევებს და უნარებს კარგავს’, – შენიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
თუმცა, მიხეილ სააკაშვილისა და მისი „უკრაინული“ გუნდის ყველა მოქმედება იმას მოწმობს, რომ ისისნი ჯერ კიდევ ცდილობენ საქართველოს პოლიტიკურ ოლიმპზე დაბრუნებას, რათა შემდეგ სხვადასხვა მეთოდებით ხელისუფლებაში დასაბრუნებლად იბრძოლონ: ამ შემთხვევაში არ გამოირიცხება იმ სამხედრო მოსამსახურეების გამოყენება, რომლებიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ სამსახურიდან გაათავისუფლა.
«European Dialogue» (ლიტვა), 20 აპრილი, 2015 წელი
რიგის სამიტის წინ: ლიტველი პოლიტოლოგის შეფასებები საქართველოს შესახებ
ელექტრონულ გამოცემა «Eurodialogue»-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ლიტველი პოლიტოლოგი, ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პროფესორი ვიტის იურკონისი, სხვა საკითხებთან ერთად, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების რიგის სამიტის სავარაუდო შედეგებზეც საუბრობს. მისი თქმით, სამიტზე არანაირი გარღვევა არ მოხდება, თუმცა მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ამ ინიციატივის სტრატეგიის შესახებ საკმაოდ რთული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ვიტის იურკონისი შეეხო აგრეთვე პროექტის მონაწილეეების, მათ შორის საქართველოს სავარაუდო პერსპექტივებს.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„რიგის სამიტზე რთული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ევროკავშირის ამ პროექტის მონაწილე ქვეყნების პირველი აქტიური სამეული (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) მეორე პასიური სამეულის (ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი) პოლიტიკის მძევალი არ უნდა გახდეს.
აზერბაიჯანი როგორც ყოველთვის რეპრესიული სახელმწიფოა, ბელარუსში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაცია სტაბილურად კრიტიკული რჩება, სომხეთი კი ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა [საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის გამო], რომ იქ ვითარება დაძაბულია. შესაბამისად, თავის დროზე არ იგულისხმებოდა, რომ სახელმწიფოთა ეს სამეული „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ლიდერები გახდებოდა.
რაც შეეხება მეორე სამეულს:
უკრაინა ისეთ სახელმწიფოდ იყო მიჩნეული, რომელიც თამაშის წესებს მთელი რეგიონისთვის შეცვლიდა, საქართველო და მოლდოვა – თავისთავად იგულისხმებოდნენ ამავე ჩარჩოებში. ჩვენ, უბრალოდ, ძალიან ოპტიმისტები ვიყავით: როცა „აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივა-პროექტი შევიმუშავეთ, არ ველოდით, რომ კრემლი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებდა. დღეს უკრაინაში, რუსეთის აგრესია რომც არ იყოს, მაინც ძალიან რთული ვითარებაა: ქვეყანაში ცუდადაა საქმე გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში. მართალია, ომი რეფორმების გატარების შესაძლებლობას ართულებს, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებამ ომი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიუღებლობის მიზეზად არ უნდა გამოიყენოს. საქართველოში სიტუაცია ძალიან პოლარიზებულია, იქ სერიოზული მონიტორინგი მიმდინარეობს მასმედიის თავისუფლებასა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. მოლდოვასთან მიმართებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ ქვეყანაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ოლიგარქები ფლობენ. იქ ყველგან კორუფციაა, რაც საფრთხეს უქმნის კიშინიოვის ევროინტეგრაციულ ძალისხმევას.
რასაკვირველია, ყველა ეს გამოწვევა ახალი არ არის, მაგრამ ევროკავშირმა პრიორიტეტები სერიოზულად უნდა განსაზღვროს, ამ ქვეყნებში არსებული რეალური სიტუაციის გათვალისწინებით“.
«112 – Украiна» (უკრაინა), 20 აპრილი, 2015 წელი
სიტყვა და საქმე: როგორ ეხმარებიან უკრაინას მეზობლები – საქართველო და თურქეთი
უკრაინის საინფორმაციო სააგენტო „112“-მა, რომელიც ამავე დასახელების ტელეკომპანიის ბაზაზე არსებობს, საინტერესო გამოკვლევა ჩაატარა – „როგორ ეხმარებიან მეზობელი სახელმწიფოები უკრაინას რუსეთის აგრესიის მოგერიების საკითხში“.
„უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან უკვე ერთი წელი გავიდა. ამ პერიოდში მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან ბევრი განცხადება გაკეთდა, რითაც მხარდაჭერას და დახმარებას გვპირდებოდნენ. საინტერესოა, რამდენად მოჰყვა სიტყვებს საქმე?“, – ასეთი კითხვაა დასმული გამოკვლევაში, რომელშიც ნაჩვენებია ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, ბელარუსის, პოლონეთის, მოლდოვის, რუმინეთისა და სხვა სახელმწიფოების ხელისუფლების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გატარებული პოლიტიკის ამსახველი ფაქტები. რა თქმა უნდა, გამოკვლევაში საქართველოც არის მოხსენიებული.
გთავაზობთ ამონარიდს:
„საქართველოს განცხადებები და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე:
ა) რუსეთის მოქმედება საქართველოსა [და უკრაინის ტერიტორიებზე] საერთო დესტაბილიზების საფრთხეს ზრდის; ბ) იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში ზოგიერთ ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქართველი პოლიტიკოსები დაინიშნენ, საქართველო უკრაინასთან ურთიერთობის გაუარესებას არ აპირებს.
პრაქტიკული ნაბიჯები:
ა) არაფორმალური საექსპერტო დახმარების გაწევა სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმირების მიზნით (აქ, როგორც ჩანს, „ნაციონალი რეფორმატორების“ დახმარება იგულისხმება – ს.კ.); ბ) ჰუმანიტარული დახმარება: საქართველომ 200 უკრაინელი ბავშვი დასასვნებლად მიიღო (ანტიტერორისტული ოპერაციის ზონიდან); უკრაინას გადასცა 580 ათასი დოლარისა და 5 მილიონი გრივნის სხვადასხვა მედიკამენტები; შექმნილია ერთობლივი სამუშაო ჯგუფი საომარი მოქმედებებით დაზარალებულთა მკურნალობისა და დახმარებისათვის“.
საინტერესოა თურქეთის პოზიცია:
„თურქეთის განცხადებები და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე:
მზადყოფნა ყირიმელი თათრების დაცვის თაობაზე; უკრაინას მიიჩნევს სტრატეგიულ პარტნიორად, მზადაა გააფართოვოს ვაჭრობის მოცულობა; მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიული მთლიანობას; არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, მზადაა ყირიმში არაოფიციალური დელეგაციის გასაგზავნად, ადგილობრივი თათრების მდგომარეობის გაცნობის მიზნით და აცხადებს, რომ არაა გამორიცხული ისისნი ყურულთაის (სახალხო კრების) ჩასატარებლად თურქეთში მიიწვიოს; მხარს უჭერს დონბასში გაეროს სამშვიდობო მისიის შეყვანის ინიციატივას; მოუწოდებს რუსეთს შეცვალოს ყირიმელ თათრებთან დამოკიდებულება და გააუქმოს გადაწყვეტილება მათი ლიდერების ყირიმიდან გასვლის აკრძალვის თაობაზე.
თურქეთს განზრახული აქვს უკრაინასთან ხელი მოაწეროს შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, წელიწადში 10 მილიარდი დოლარის მოცულობით. ამავე დროს თურქეთმა მიიღო რუსეთის წინადადება გაზსადენ „თურქული ნაკადის“ მშენებლობის თაობაზე, ევროკავშირისათვის გაზის მიწოდების მიზნით.
ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება:
გამოყოფს 50 მილიონ დოლარს უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტის ნაწილობრივი დაფარვის მიზნით; უკვე გამოყოფილია 10 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება“.
«ВВС – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 19 აპრილი, 2015 წელი
http://www.bbc.co.uk/news/undefined
ახსოვთ თუ არა თბილისში მელიტონ ქანთარია?
რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლისთავის აღსანიშნავი თარიღის 9 მაისის მოახლოებასთან დაკავშირებით, ომის დროს მომხდარი მოვლენების შესახებ ცხარე დისკუსიები მიმდინარეობს. გასულ კვირაში გაქირავებიდან მოხსნეს ჰოლივუდის მიერ გადაღებული ისტორიული ფილმი „ნომერი 44“, რომელშიც, რუსეთის ხელისუფლების აზრით, ფაქტები და საბჭოთა მოქალაქეების სახეები დამახინჯებულადაა წარმოჩენილი.
რუსეთის კულტურის მინისტრის ვლადიმირ მედინსკის თქმით, ფილმში არის იმის მინიშნება, რომ სურათის მთავარი გმირების – გამომძიებლების „პროტოტიპებს საბჭოთა კავშირის გმირები – მელიტონ ქანთარია და მიხეილ ეგოროვი წარმოადგენენ“.
«ВВС»-ის რუსულმა სამსახურმა თბილისის ქუჩებში გამვლელებს სთხოვა გაეხსენებინათ, თუ რა იციან მელიტონ ქანთარიას შესახებ, რომელსაც საბჭოთა კავშირის გმირის წოდება 1945 წლის 8 მაისს რაიხსტაგზე წითელი დროშის აღმართვისათვის მიენიჭა.
———–
ვიდეოსიუჟეტში გამოკითხული მოქალაქეების პასუხები დაახლოებით ასეთია:
შუა ხნის ქალბატონები ერთად: „რა თქმა უნდა, ვიცით: იგი ისტორიული პიროვნებაა. ქართველმა მელიტონ ქანთარიამ რუს მიხეილ ეგოროვთან ერთად რაიხსტაგის თავზე წითელი დროშა ააფრიალა“;
ახალგაზრდა ქალბატონი: „მე ძალიან ცოტა რამ ვიცი ბერლინში, რაიხსტაგზე დროშის აღმართვის თაობაზე. ყველაფერი მხოლოდ ბავშვობიდან მახსოვს, ისიც ცოტა. თუ ვიტყვი, რომ ისტორიით ძალიან ვარ დაინტერესებული-მეთქი, სწორი არ იქნება. ისე ზოგადად გამიგონია, რომ იგი ქართველი იყო, დროშა შენობის თავზე აიტანა და გამოაცხადა, რომ ჩვენ გავიმარჯვეთო… ან რაღაც ამის მსგავსი თქვა“;
ახალგაზრდა ქალბატონები ერთად: (პირველი ქალბატონი: ვინ იყო მელიტონ ქანთარია? არ ვიცი…; მეორე ქალბატონი: იგი ის კაცი იყო, ვინც ბერლინში წითელი დროშა ააფრიალა…; პირველი ქალბატონი: უი, რა სირცხვილია, როგორ არ გამახსენდა…);
ახალგაზრდა მამაკაცი: „გულწრფელად რომ გითხრათ, არ მახსოვს ზუსტად, ვინ არის ქანთარია. რაღაც გამიგია, მაგრამ ახლა ვერაფერს გეტყვით“;
ხანდაზმული მამაკაცი: მელიტონ ქანთარია უდიდესი პიროვნება იყო არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვის. ამის დავიწყება არ შეიძლება“.
შუახნის ქალბატონი: „ცხადია, მახსოვს, მან და ეგოროვმა ბერლინში გამარჯვების დროშა აღმართეს. მისწავლია და ბაბუაჩემისგანაც გამიგონია, იგი სამამულო ომის მონაწილე იყო“.
ახალგაზრდა მამაკაცი: „მელიტონ ქანთარია? გულწრფელად რომ გითხრათ, ბუნდოვნად მახსოვს… გამიგია, რომ ასეთი პიროვნება ნამდვილად იყო და მან ძალიან ბევრი კარგი გააკეთა საქართველოსთვის… თუმცა, მოიცათ… ააა, ზუსტად გამახსენდა – მან ხომ რაიხსტაგზე საბჭოთა კავშირის წითელი დროშა აღმართა“.