globalresearch.ge

საქართელო უცხოეთის მედიაში 20 აპრილი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Apr 20th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (საქართველო): კარტ-ბლანში // თამაშის ფინალი: რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობებში უნდა ჩამოყალიბდეს

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო: ფუჭი ვნებანი ერთნაირსქესიანი ქორწინების ირგვლივ

———————–

«Независимая газета» (საქართველო), 20 აპრილი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-04-20/3_kartblansh.html

კარტ-ბლანში

თამაშის ფინალი: რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობებში უნდა ჩამოყალიბდეს

ალექსეი ფანენკო, მოსკოვის მ.ლომონოსოვის სახელობის სახელმწოფო უნივერსიტეტის მსოფლიო პოლიტიკის კათედრის დოცენტი

———–

ამ გაზაფხულზე მოსკოვსა და ცხინვალს შორის ურთიერთობებში ახალი დღის წესრიგი გაჩნდა: ჯერ კიდევ 21 მარტს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა გაზეთ „კომერსანტ“-ისადმი ინტერვიუში განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ელოდება“ და რპომ ამ მიზნით რეფერენდუმის ჩატარება გვაქვს დაგეგმილიო, მოგვიანებით კი, 4 აპრილს, აღნიშნა, რომ განზრახული აქვს რუსეთის პრეზიდენტ მიმართოს თხოვნით ერთობლივი სამოკავშირეო ორგანოს შექმნის თაობაზე, „რომელსაც ჩვენს სუვერენულ უფლებამოსილებას გადავცემთო. და ბოლოს, 11 აპრილს ლეონიდ თიბილოვმა მეტ-ნაკლებად დააზუსტა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების დრო – 2016 წლის აგვისტომდე.

ცხინვალიდან გავრცელებულმა სიგნალებმა თბილისის ნეგატიური რეაქცია გამოიწვია: 12 აპრილს ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაგეგმილ რეფერენდუმს არავითარი იურიდიული ძალა არ ექნება, შემდეგ ანალოგიურად მოიქცა სამოქალაქო თანასწორობისა და შერიგების სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილიც. პრინციპში, რაიმე მოულოდნელი არაფერი მომხდარა, ყველაფერი ეს პროგნოზირებადი იყო. საინტერესო სხვა რაღაცაა: ქეთევან ციხელაშვილმა გაიხსენა და დაიმოწმა სამხრეთ ოსეთის როგორც „ოკუპირებული ტერიტორიის“ სტატუსი და ის გარემოება, რომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული არ არის. არადა, ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტორებზე აქცენტს მაინცდამაინც არ აკეთებდა.

კაცმა რომ თქვას, სამხრეთ ოსეთში რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება ძნელი სულაც არ არის და ეს ამოცანა რეალიზებადია. დიდი-დიდი, ყველაზე უარეს შემთხვევაში დასავლეთმა – აშშ-მა და ევროკავშირმა შეიძლება რუსეთს კიდევ რაღაც დამატებითი სანქცია დაუწესოს, რასაც მოსკოვი უმტკივნეულოდ გადაიტანს. პრობლემას უფრო ღრმად უნდა შევხედოთ: რეფერენდუმის ჩატარება ნიშნავს, რომ ამით შეწყდება მცდელობები რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის დაწყების მიზნით, ანუ ის, რასაც მოსკოვი გასული ოთხი წლის განმავლობაში ახორციელებდა.

2008 წლის „ხუთდღიანი ომის“ შემდეგ რუსულ-ქართული ურთიერთობები მტრული რჩებოდა. ეუთოს მცდელობები ჟენევაში არაღიარებულ რესპუბლიკებსა და საქართველოს შორის მოლაპარაკების დაწყების მიზნით, უშედეგო აღმოჩნდა: 2010 წლის ივნისში თბილისმა უარი განაცხადა ხელი მოეწერა იმ შეთანხმებაზე, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ძალის არგამოყენებას ითვალისწინებდა. მაგრამ ეს იყო „ერთიანი ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ბიძინა ივანიშვილის ბლოკმა, რომელიც რუსეთთან დიალოგის აღდგენის დაპირებით გამოდიოდა. მართლაც, 2012 წლის დეკემბერში დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრები, რომელიც მოგვიანებით „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატი ეწოდა. შეხვედრების იდეას წარმოადგენდა რუსულ-ქართული დიალოგის ისე წარმართვა, რომლის დროსაც განხილული არ იქნებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის პრობლემა, იმავდროულად კი გადაწყდებოდა რიგი ეკონომიკური და ჰუმანიტარული ხასიათის საკითხები.

თბილისსა და მოსკოვს შორის დიალოგის აღდგენა, რომელიც ქართველების თხოვნითა და ინიციატივით დაიწყო, პრინციპში, რუსეთსაც აწყობდა. თუ იმ პერიოდს გავიხსენებთ (2012 წლის ზაფხულს), რუსეთმა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკურ ინტეგრირებაში ერთგვარი მარცხი განიცადა – მოსკოვმა ვერ შეძლო ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში უკრაინის, უზბეკეთისა და აზერბაიჯანის შეყვანა, ამ ფონზე კი თბილისთან დაწყებული მოლაპარაკებები საგარეოპოლიტიკურ წარმატებად წარმოჩნდა.

საქართველოსთან მიმართებით რუსულ ელიტაში პირობითად სამი პარტია (რომელშიც პოლიტიკური პოზიციის მქონე ჯგუფები იგულისხმება) ჩამოყალიბდა: „მინიმალისტები“ დიალოგში ხედავდნენ იმ საშუალებას, რომლის მეშვეობითაც თავიდან იქნებოდა აცილებული თბილისში ნაციონალისტური ლიდერის გამოჩენის შესაძლებლობა; „ცენტრისტების“ აზრით,  რუსეთთან დიალოგის წარმართვით საქართველო დასავლეთთან მეტ-ნაკლებად ნეიტრალურ პოლიტიკას გაატარებდა და თავის ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურას არ დაუშვებდა; „მაქსიმალისტები“ კი საქართველოს მომავალს რუსეთისაკენ შემობრუნებაში ხედავდნენ და (რა იცი, რა მოხდება?) ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მის თანდათანობით ინტეგრირებას წინასწარმეტყველებდნენ.

საქართველოს საგარეო პოლიტიკაშიც ისეთი სტრატეგიული ხაზი დომინირებდა, რომელიც რუსეთთან პრაგმატული დიალოგის გატარებას გულისმობდა. რუსეთისაკენ თბილისის შემობრუნების მთავარ მიზეზად ეკონომიკური ინტერესი რჩებოდა. მართალია, საქართველომ ევროკავშირთან ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ აშკარაა, რომ ეს დოკუმენტი სრული სახით მაინც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ამოქმედდება – გეოგრაფიულად მხარეები ერთმანეთისაგან საკმაო მანძილით არიან დაშორებულნი და მათ საერთო საზღვარი არ აქვთ, რუსეთის ბაზარი და ტრანზიტი კი საქართველოსთვის ისევ პრიორიტეტულია. ცხადია, რუსეთთან დიალოგის აღდგენამ საქართველოს საგრძნობი დივიდენდები მოუტანა: 2013 წელს ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე ტრიუმფით დაბრუნდა, 2015 წლის დეკემბერში კი რუსეთმა მნიშვნელოვნად შეარბილა 2000 წელს დაწესებული მკაცრი სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეების მიმართ. კიდევ უფრო ადრე განახლდა პირდაპირი ავიამიმოსვლა ქვეყნებს შორის…

თუმცა ეს ყველაფერი საქართველოსა და რუსეთს შორის გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის ფონზე ხდებოდა. პოლიტიკური კავშირები კვლავ „გაყინული“ იყო, უფრო მეტიც – საქართველომ ძალზე უარყოფითი რეაგირება მოახდინა რუსეთის მიერ აფხაზეთთან (2014 წელს) და სამხრეთ ოსეთთან (2015 წელს) დადებულ სამოკავშირეო ხელშეკრულებებზე. ეს ფაქტები ძალიან მწვავედ და უარყოფითად შეფასდა თბილისში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტის დროსაც (2015 წლის 26 აგვისტოს). სწორედ მაშინ იქნა გახსნილი თბილისთან ახლოს, კრწანისში, ნატოს ახალი სასწავლო ცენტრი, ხოლო ალიანსის გენმდივანმა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრა. ამის საპასუხოდ მოსკოვმა დროებით შეაჩერა „აბაშიძე-კარასინის“ დიალოგის ფორმატი. მართალია, შემდგომში შეხვედრები განახლდა, თუმცა მოლაპარაკების პროცესი უფრო მძიმედ მიმდინარეობდა. ამრიგად, მოცემული ფონის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთება ქართულ-რუსული დიალოგის სრულ ლიკვიდაციას მოახდენს: საქართველო-რუსეთის ურთიერთობა 2008 წლის მტრულ პერიოდს დაუბრუნდება.

ვთვლით თუ არა ჩვენ ამ ფასს მისაღებად – ეს საკითხი ღიად რჩება, მაგრამ რუსეთს განსაზღვრული დანაკარგებისათვის მომზადება მოუწევს:

პირველი – საეჭვოა, რომ საქართველომ დემილიტარიზებული სტატუსი შეინარჩუნოს. მართალია, მას ნატოში არავინ მიიღებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სადაო პრობლემის გამო, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია საქართველოს „ნატოს გარეშე საკვანძო მოკავშირის“ სტატუსი მიანიჭოს. ალბათ, საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო კონტინგენტის სამომავლო დისლოცირებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა გაჩნდება;

მეორე – საქართველოს სრული შესაძლებლობა აქვს ბარიერები შექმნას რუსეთ-სომხეთის სატრანსპორტო კავშირების სფეროში. ფაქტია, რომ დღეს რუსეთისა და სომხეთის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა საქართველოს ტერიტორიაზე გადის;

მესამე – საყურადღებიოა, რომ  საქართველო თურქეთთან ურთიერთმოქმედების მიზნით მიმდინარე წლის თებერვლიდან საკონსულტაციო შეხვედრებს მართავს. ჯერ-ჯერობით თბილისი ფრთხილად მოქმედებს, მაგრამ რუსეთთან დამოკიდებულების მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში საქართველო შეიძლება უკვე გამოკვეთილი კონტურების მქონე თურქეთ-უკრაინის ალიანსს შეუერთდეს. ასეთ შემთხვევაში „სუამ“-ის ბლოკის აღდგენასაც სრულიად რეალური პერსპექტივა აქვს;

მეოთხე – რუსეთისათვის არასასიამოვნო იქნება იმიჯის დაკარგვაც. ამჟამად არსებული „ევრაზიული ეკონომიკური კავშირი“ 2002 წლის დროინდელი „ევრაზიული ეკონომიკური გაერთიანების“  განახლებული მოდიფიკაციაა. არადა, 2011 წლის შემოდგომაზე ვლადიმირ პუტინს უფრო ფართო გაერთიანების შექმნა ჰქონდა განზრახული. დღეს-დღეობით, რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური დიალოგი „ევრაზიული თანამეგობრობის“ ფარგლებს გარეთ არსებულ ყველაზე უფრო წარმატებულ პროექტს წარმოადგენს. თუ საქართველოსთან „თამაში“  დასრულდება, ეს ნიშნავს, რომ მოსკოვისათვის „ევრაზიული ინტეგრაციული სივრცის“ გარეთ ეკონომიკური ყოფნას პერსპექტივა აღარ ექნება.

რასაკვირველია, იმის თქმა არ გვსურს, რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების რეფერენდუმის ჩატარება საჭირო არ არის, მაგრამ ყურადღება უნდა მივაქციოთ სხვა, უფრო ღრმა პრობლემას: ვთვლით თუ არა საქართველოს საბოლოოდ დაკარგულად რუსეთისა და რუსული სამყაროსათვის? თუ ასე ვთვლით, მაშინ რეფერენდუმი მართლაც უნდა ჩატარდეს და მტრულ სახელმწიფოსთან – საქართველოსთან არსებული საზღვარი კარგად უნდა გავამაგროთ; თუ ასე არ ვთვლით, მაშინ უნდა ვიფიქროთ საქართველოსთან დიალოგის გაფართოების სტრატეგიაზე, პარალელურად კი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან კავშირები უნდა შევინარჩუნოთ.

———–

ამ თემასთან დაკავშირებული მასალები:

„კავკაზსკიი უზელ“ (რუსეთი), 20 აპრილი, 2016 წელი

როგორც ცნობილია, 2016 წლის 15 აპრილს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ რუსეთ-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომელიც მოსკოვმა და ცხინვალმა ჯერ კიდევ 2015 წლის 18 თებერვალს გააფორმეს. რუსი ექსპერტების განცხადებით, სასაზღვრო შეთანხმების რატიფიცირება მკაფიო სიგნალია იმისა, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ხედავს და მის მიერთებას არ გეგმავს.

ანალიტიკური ბიურო Alte et Certe-ს („შორიდან და სარწმუნოდ“) ხელმძღვანელის ანდრეი ეპიფანცევის თქმით, ზემოთხსენებული შეთანხმების რატიფიცირება იმ ფონზე, როცა სულ უფრო ძლიერდება ლაპარაკი რეფერენდუმის შესახებ, იმის ნიშნია, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთს სუვერენულ სახელმწიფოდ აღიქვამს, რომელთანაც საზღვარი იურიდიულად უნდა იყოს გაფორმებული. „ეს უკვე მეორე სიგნალია, რომელსაცც დიპლომატიურ-ადმინისტრაციულ ენაზე სხვაგვარად ვერ გაიაზრებ. პირველი სიგნალი კი თვითონ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადება იყო ყოველწლიური „პირდაპირი ხაზის“ დროს, 14 აპრილს, როცა მან თქვა – რუსეთი თავის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის მიღებას არ განიხილავს, ამ თემაზე ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრის დროს არ გვიმსჯელიაო. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი მიერთების შესაძლებლობაზე არ ფიქრობს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოსები რეფერენდუმის დროს რუსეთთან მიერთების სურვილს გამოავლენს“, – განაცხადა ანდრეი ეპიფანცევმა.

რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დოცენტის, ექსპერტ სერგეი მარკედონოვის აზრით, „თუ ვლადიმირ პუტინის ნათქვამს გავითვალისწინებთ, სახელმწიფო სათათბიროს გადაწყვეტილება რუსეთ-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო შეთანხმების დამტკიცების აობაზე მოულოდნელი არ ყოფილა. რუსეთის პრეზიდენტის პოზიციაა – „პოჟივიომ-უვიდიმ“ („დაველოდოთ და ვნახოთ“). ჰოდა, ეს „პოჟივიომ-უვიდიმ“-ის პოლიტიკა საზღვრის საკითხშიც რეალიზდება. რუსეთი, ალბათ, დროდადრო რეფერენდუმის თემას ამოსწევს ხოლმე და მის ფრიალს დაიწყებს, მაგრამ რეალურად ამ კოზირს მოსკოვი მხოლოდ ექსტრაორდინალურ შემთხვევებში გამოიყენებს, ვთქვათ, თუ საქართველოს ნატოში პირდაპირ მიიღებენ ან მისი მიღების საკითხს დააჩქარებენ“ (წყარო: http://www.kavkaz-uzel.ru/articles/281191/)

————

„ინტერფაქსი“ (რუსეთი), 20 აპრილი, 2016 წელი

ნატოში საქართველოს პირდაპირი მიღების საკითხი ბოლო ხანს ძალიან აქტუალური გახდა: თბილისში ისმის განცხადებები, რომ საქართველოს საერთოდ არ ჭირდება ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამა („მაპ“), რომ ის უკვე ჩვენთვის წარსულია, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ნატოში პირდაპირი გაწევრიანებაა და ა.შ.  საქართველო იმედოვნებს, რომ ნატოს წევრები მხარს დაუჭერენ მის თხოვნას და მიზანი განხორციელებული იქნება. ამაში თბილისს ანკარაც დაეხმარება…

როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, „მე ვთვლი, რომ საქართველოს ნატოში შესვლა „მაპ“-ის გარეშეც შეუძლია. ტექნიკურად ეს შესაძლებელია. ამ საკითხს წამოვჭრი მაისში, ნატო-ს მინისტერიალის საბჭოზე, ბრიუსელში. რა თქმა უნდა, თურქეთს გარანტიის მიცემა არ შეუძლია, მაგრამ დარწმუნებული ვართ, საქართველო იმსახურებს ალიანსის წევრობას. აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას და ის უნდა გახდეს ნატო-ს წევრი .სავსებით დასაშვებია, რომ საქართველო პირდაპირ მოვიწვიოთ“ (წყარო: http://www.interfax.ru/world/504607)

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 20 აპრილი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/sentiments-around-same-sex-marriage/3291923.html

საქართველო: ფუჭი ვნებანი ერთნაირსქესიანი ქორწინების ირგვლივ

ზაზა წულაძე

საინიციატივო ჯგუფს, რომელიც საქართველოში ერთნაირსქესიანი ქორწინების შესახებ საერთო-სახალხო გამოკითხვის, რეფერენდუმის გამართვას ითხოვს და ეს საკითხი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც დაარეგისტრირა, ჯერჯერობით, მხოლოდ 20 000-მდე ხელმოწერა აქვს შეგროვებული.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მორალური მხარდაჭერის მიუხედავად, რეფერენდუმის ინიციატორთა ჯგუფში განმარტავენ, რომ მათი აქტივისტები მხოლოდ ენთუზიაზმზე მუშაობენ და დაფინანსების არქონა, კანონით მოთხოვნილი – 200 000 ხელმოწერის შეგროვების პროცესს ართულებს. ფინანსურ კრიზის დაერთო სარეფერენდუმო იდეის ავტორის, საინიციატოვი ჯგუფისა და „მოძრაობა სიცოცხლისათვის“ ლიდერის გიორგი ყორღანაშვილის გარდაცვალების ფაქტი.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ზურაბ თოლორაია „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება რეფერენდუმის თემით დაინტერესებულ ბიზნესმენებთან და პოლიტიკოსებთან, რათა დარჩენილ დროში ხელმოწერების შეგროვება როგორმე მოესწროს.

„დღეისთვის, დაახლოებით გვაქვს 20 000-მდე ხელმოწერა, ზუსტად არ გვაქვს დათვლილი, მაგრამ, სადღაც ამდენი იქნება. ზოგი ჩვენი აქტივისტი რაიონში აგროვებს, ზოგი სოფელში, ზოგს დარიგებული აქვს და ზუსტი ციფრი არ ვიცი. სამწუხაროდ, ამ წუთისთვის, არავითარი დაფინანსება არ გვაქვს, სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენი ძალებით ვაკეთებთ ამ ყველაფერს.“

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხი – „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?“ რეგისტრაციაში მარტის ბოლოს გაატარა. საინიციატოვო ჯგუფს კანონით სამი თვის ვადა აქვს, რომ 200 000 ხელმოწერა შეაგროვოს და ივნისის ბოლომდე, კომისიაში წარადგინოს.

თუ, საინიციატოვი ჯგუფი, 30 ივნისისთვის, სარჩევნო კომისიაში, ხელმოწერების საჭირო რაოდენობის წარდგენას შეძლებს, მაშინ, კომისია მომდევნო ერთი თვის ვადაში, მათ სინამდვილეს შეამოწმებს და 1 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს.

ორგანული კანონის მიხედვით, პრეზიდენტ მარგველაშვილს 30 დღის ვადა აქვს დანიშნოს რეფერენდუმი ან მასზე, მოტივირებული უარი თქვას. თუ რეფერენდუმი დაინიშნა, მასშტაბური ღონისძიების მატერიალური უზრუნველყოფა, გადამხდელების ხარჯზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება.

რეფერენდუმის მოწინააღმდეგეთა აზრით, ერთნაირსქესიანთა ქორწინება ხელოვნურად გააქტიურებული თემაა, რომლითაც სხვა გაცილებით მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხების გადაფარვა სურთ. პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი ამბობს:

„გამორიცხულია, რომ ეს იყოს რაიმე სხვა წყაროდან წამოსული, გარდა, რუსული ფედერალური უსაფრთოების სამსახურის მხრიდან შეგნებულად შემოგდებული თემა. ამ საკითხის, ახლა წინასაარჩევნოდ შემოგდება საქართველოში ისახავს ორ მიზანს: რეალური პრობლემებიდან ამომრჩევლის ყურადღება იქნას გადატანილი სხვა მეასეხარისხოვან საკითხებზე, იგივე მძიმე ეკონომიკური პრობლემები, რუსეთის აგრესია-ოკუპაციის თემები ჩრდილში მოექცეს.“

ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ პარალელურად განხილვები მიდის საქართველოს პარლამენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოში. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ თებერვალში დარეგისტრირდა კანონპროექტი, კონსტიტუციიის 36-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ, სადაც წერია, რომ „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.“

ამ ინიციატივის მიხედვით კი, რომელსაც 80-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი – “ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი და ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.” თუმცა მას შემდეგ, რაც მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ დაიშალა, კონსტიტუციის გადასინჯვისთვის აუცილებელი 113 ხმის მობილიზება პარლამენტში უკვე პრობლემატურია.

საკონსტუტიციო სასამართლო კი უკვე მეოთხე თვეა იხილავს მოქალაქე გიორგი ტატიშვილის სარჩელს. იგი სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც საქართველოში ქორწინებას მხოლოდ კაცსა და ქალსა შორის აღიარებს.

ნიშანდობლივია, რომ ტატიშვილის სარჩელს, ოფიციალურად გაემიჯნენ საქართველოს ძირითადი ლგბტ ორგანიზაციები. მათი აზრით, ამ „სარჩელის უკან პრო-რუსული პოლიტიკური თუ რელიგიური ძალები დგანან, რომლებსაც სურთ საზოგადოებაში გაამძაფრონ საფრთხის განცდა ლგბტ ადამიანების მიმართ“.

Comments are closed