globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 20 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 20th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ირანის მაცდური შემოთავაზება საქართველოს, სანქციები და „ოქროს ბალანსი“ // ერთი მხრივ, თბილისს თეირანთან უკიდურესად ფრთხილი პოლიტიკის წარმოება მართებს, მეორე მხრივ კი, ტრანზიტთან დაკავშირებით, საქართველო ურთულეს მდგომარეობაშია: „აბრეშუმის გზამ“ ჯერ კიდევ ვერ მოიპოვა მიმზიდველობა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა კი ისევ დაუმთავრებელია

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ მეთიუ ბრაიზასთან: „თურქეთში დემოკრატია არ მომკვდარა“ // „არ ვინერვიულებ იმაზე, თუ როგორ მაგალითს აძლევს თურქეთი საქართველოს“

«Независимая газета» (რუსეთი): აფხაზეთი მზადაა რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენისათვის // მოსკოვს თბილისის კონსტრუქციულობის იმედი აქვს

«КоммерсантЪ» (რუსეთი): რუსი დიპლომატები აფხაზეთში ისე მოეწყვნენ, როგორც სახლში // სერგეი ლავროვი აფხაზეთის „რუსული სამყაროსადმი“ კუთვნილებაში დაარწმუნეს

«Русский Базар» (აშშ): საქართველო: რუსეთის სოხუმური პროვოკაცია

«Day» (აზერბაიჯანი): საქართველოს სომხობა თავხედურად ითხოვს, რომ თბილისი ანკარის მტერი გახდეს

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 19 აპრილი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-iran-north-south-transport-corridor-black-sea/3817044.html

ირანის მაცდური შემოთავაზება საქართველოს, სანქციები დაოქროს ბალანსი

ერთი მხრივ, თბილისს თეირანთან უკიდურესად ფრთხილი პოლიტიკის წარმოება მართებს, მეორე მხრივ კი, ტრანზიტთან დაკავშირებით, საქართველო ურთულეს მდგომარეობაშია – აბრეშუმის გზამმიმზიდველობა ჯერ კიდევ ვერ მოიპოვა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა კი ისევ დაუმთავრებელია

ზაზა წულაძე

ირანმა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ისევ სანქციების გამკაცრებით ემუქრება, საქართველოს, სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის დამაკავშირებელ ახალ სატრანსპორტო დერეფნის შექმნაში ჩართვა შესთავაზა. ეს წინადადება თბილისში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა, მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს გააჟღერა, რა დროსაც საქართველოს უმაღლეს პირებს შეხვდა.

მოჰამედზარიფი საქართველოში 17 აპრილს თურქმენეთიდან ჩამოვიდა, 18 აპრილს კი თბილისიდან ყირგიზეთში გაემგზავრა. ორივე ეს ქვეყანა ჩრდილოეთი-სამხრეთის საერთაშორისო სატრასპორტო დერეფნის (North–South Transport Corridor) აქტიური მონაწილეა, რომელსაც თეირანი უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებს. ამ დერეფნის სხვადასხვა განშტოებებით, ინდოეთის, ირანის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიისა და რუსეთის ტვირთები გადაიზიდება, როგორც ჩრდილოეთ ევროპის მიმართულებით, ისე უკან.

NSTC-ის 7200 კილომეტრიან დერეფანში არის საზღვაო (მუმბაი – ბანდერ-აბასი; ასტარა -ბაქო-ასტრახანი; თურქმენბაში – ბაქო – ოლია), სარკინიგზო (ჟანაოზენი – გიზილგაი – ბერეკეტი -ეტრეკი – გორგანი; ყაზვინი – რეშთი – ენზელი – ასტარა – ბაქო – ასტრახანი – პეტერბურგი) და საავტომობილო გადაზიდვების მრავალმხრივი შესაძლებლობები. მოჰამედ ჯავად ზარიფმა თბილისში ყოფნის დროს, კერძოდ, ბრძანა:  „სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის დერეფნის არსებობა დააახლოებს, არა მხოლოდ ჩვენს ორ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს. ამ დერეფნის გავლით, აზიიდან ევროპაში ტრანსპორტირების უფრო დაბალი საფასური ჩვენ მოგვცემს კარგ შესაძლებლობებს. საქართველომ, ირანმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა უნდა ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა რეალობად ვაქციოთ“.

თეირანი თბილისს სთავაზობს „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის (NSTC) ახალი რგოლის შეკვრას ამიერკავკასიის მეზობლებსა და ბულგარეთთან ერთად. ირანის უდიდესს პორტ ბანდერ-აბასში მოხვედრილი ტვირთი აზერბაიჯანში ან სომხეთში გადაიზიდება (ეს გზა ყველაზე მოკლეა), იქედან საქართველოს პორტებში და ბულგარეთისკენ წავა.

ირანმა და ბულგარეთმა ამ დერეფნის ამოქმედების შესაძლებლობა ჯერ კიდევ 2016 წლის ივლისში განიხილეს, როცა თეირანს ბულგარეთის მაშინდელი პრემიერი ბოიკო ბორისოვი სტუმრობდა. ოფიციალური სოფია დღემდე დაინტერესებულია, რომ ტვირთები აზიიდან, მათ შორის ნავთობი და გაზი თურქეთის გვერდის ავლით თავადაც მიიღოს და საბერძნეთ-იტალიის მიმართულებითაც გაუშვას.

როგორც მოსალოდნელი იყო, თეირანის ახალ წინადადებას უკვე მოჰყვა ცივი სიგნალები რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან, ახალი მარშრუტი ამ ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება, თუმცა ირანი შავი ზღვის მიმართულებით სერიოზულად არის დაინტერესებული.

შავი ზღვის პირას, ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში, ირანული ინვესტიციით მალე დაიწყება საქართველოში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, სადაც 1.5 მილიარდი აშშ დოლარის დაბანდება იგეგმება. მეგაპროექტის ოპერატორი ირანულ-ქართული კომპანია GEOPARS-ია. ინვესტიციებს სპარსეთის ნავთობისა და გაზის განვითარების კომპანია (POGDC) და მისი შვილობილი – პეტროქიმიის საერთაშორისო კომერციული კომპანია (PCCI) განახორციელებენ. პროექტის ლოჯისტიკური პარტნიორი კი ირანის ნაციონალური სატანკერო კომპანია იქნება. სუფსის ქარხანა ირანულ ნავთობს გადაამუშავებს და პროდუქცია ევრო-5-ის სტანდარტს უნდა შეესაბამობოდეს.

მოჰამედ ჯავად ზარიფს თბილისში ვიზიტის დროს, ირანელი ინვესტორების დიდი ჯგუფიც ახლდა, რომლებმაც ქართულ-ირანულ ბიზნესს ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.

საქართველო-ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორმა რაჰიმ აბაჩიმ აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებას, ამ დრომდე არსებული, საბანკო ტრანზაქციებთან დაკავშირებული საერთაშორისო სანქციები უშლის ხელს, რის გამოც ირანიდან მხსვილი ინვესტიციები ფერხდება:  „ფულად და საბანკო ტრანზაქციებზე სანქციები ზოგ ქვეყანასთან უკვე მოხსნილია. სამწუხაროდ, საქართველოსთან ეს პრობლემა ისევ დგას. ეს ხელს უშლის ირანიდან დიდი ინვესტიციების განხორციელებას და ირანელი ბიზნესმენებისთვის ერთადერთი და ყველაზე დიდი პრობლემაა“.“

ექსპერტების აზრით, საქართველოს ირანთან უკიდურესად ფრთხილი პოლიტიკის წარმოება მართებს. ერთის მხრივ, თბილისს უნდა ესმოდეს, რამდენად მყიფე შეიძლება აღმოჩნდეს, საგარეო პოლიტიკურ არენაზე (სირია, იემენი) უკიდურესად აგრესიულ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მჭიდრო თანამშრომლობა, მით უფრო, საერთაშორისო სანქციების გაძლიერების დიდი ალბათობის ფონზე. მეორე მხრივ კი გასათვალისწინებელია, რომ საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ურთულეს მდგომარეობაშია. „აბრეშუმის გზამ“ შავი ზღვის მიმართულებით მიმზიდველობა ჯერ კიდევ ვერ მოიპოვა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა კი ისევ დაუმთავრებელია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად შემცირებულია როგორც საქართველოს სატრანსპორტი დარგების მიერ გადაზიდული (2014 წლის 46,4 მილიონი ტონიდან 42,3 მილიონ ტონამდე 2016 წელს), ისე საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებელი ტვირთებისა (21,3 მილიონი ტონიდან 17.6 მილიონ ტონამდე) და კონტეინერების რაოდენობა  (446 972-დან 329 805 TEU-მდე).

„ოქროს ბალანსის“ მოსაძებნად, 22 აპრილს, პირველი ოფიციალური ვიზიტით ირანში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩადის. იგი ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის შეხვდება, რომელსაც კარგი შანსი აქვს 19 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ვადით იქნას არჩეული.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 19 აპრილი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/turkey-after-referendum/3816809.html

ინტერვიუ მეთიუ ბრაიზასთან: „თურქეთში დემოკრატია არ მომკვდარა// „მე არ ვინერვიულებ იმაზე, თუ როგორ მაგალითს აძლევს თურქეთი საქართველოს“

თურქეთის ისტორიულ რეფერენდუმზე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ნანა საჯაია სტამბოლში ატლანტიკური საბჭოს უფროს მკვლევარ მეთიუ ბრაიზას ესაუბრა. იგი წარსულში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე და აზერბაიჯანში შეერთებული შტატების ელჩი იყო.

გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:

„ამერიკის ხმა“: რეფერენდუმში მონაწილეთა 49% საკონსტიტუციო ცვლილებების, ანუ საპრეზიდენტო მოდელის წინააღმდეგ წავიდა. არის თუ არა ეს თურქული საზოგადოების მკვეთრი დაყოფის ნიშანი?

მეთიუ ბრაიზა: ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თურქეთში საზოგადოება კარგა ხანია დაყოფილია, ჯერ კიდევ ბოლო საპარლამენტო არჩევნებიდან, როდესაც 2015 წლის ნოემბერში ეროღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ ხმების დაახლოებით 49.5 პროცენტი მიიღო. მას შემდეგ ქვეყანა რეჯეპ ერდოღანის მომხრეებად და მოწინააღმდეგებადაა დაყოფილი. ეს დაყოფა ახლა უფრო მკვეთრი და ემოციური ხდება, რადგან მოწინააღმდეგეები რეფერენდუმის ლეგიტიმურობას აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ. რეფერენდუმის და მისი შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება კიდევ უფრო მეტად დაყოფს ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებას. თავის კარიერაში პირველად ერდოღანმა არჩევნები წააგო სამ უმსხვილეს ქალაქში – სტამბოლში, ანკარასა და იზმირში. რეფერენდუმის წინააღმდეგ ხმა მისცეს სანაპიროზე დასახლებულმა თურქებმა, ქურთებმა და საქართველოს მახლობელ რეგიონებში მცხოვრებმა თურქებმა. ეს ძალიან საინტერესო დაკვირვებაა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპასთან და საქართველოსთან უფრო ახლოს მყოფმა თურქებმა რეჯეპ ერდოღანს მხარი არ დაუჭირეს.

„ამერიკის ხმა“: რეფერენდუმის შედეგები მმართველობას მთლიანად აქცევს რეჯეპ ერდოღანის ხელში, რომელიც ქვეყანას 2003 წლიდან მართავს და კონსერვატორული ღირებულებებით გამოირჩევა. უნდა ველოდეთ თუ არა თურქეთის სეკულარიზმის შევიწროებას და მმართველობაში რელიგიის როლის ზრდას?

მეთიუ ბრაიზა: რელიგიის როლის ზრდას არ ველოდები. თურქეთის ისტორიაში ისლამს განსაკუთრებული როლი ყოველთვის ეჭირა, თუმცა პოლიტიკაში მისი როლი ხან იზრდებოდა, ხანაც მცირდებოდა. თურქეთს ჰქონდა მომენტები, როცა ისლამი მის სოციალურ და პოლიტიკურ ნორმებს განსაზღვრავდა. კონსერვატორებისთვის რეჯეპ ერდოღანი არის ლიდერი, რომლის გამოც მათ პატივისცემით უყურებენ. მორწმუნეებისთვის, რა თქმა უნდა, ისლამი უფრო მეტია ვიდრე რელიგია, მათ სჯერათ, რომ ისლამს საზოგადოებაში უფრო დიდი როლი უნდა ჰქონდეს. მეორე მხრივ მაღალი გადასახადები უწესდებათ რესტორნებს, სადაც ალკოჰოლური სასმელები იყიდება, მაღალი გადასახადებია თამბაქოზე, რაც მათი მოხმარების შემცირებისკენაა მიმართული. ბევრი ამბობს, რომ ქალებს სამუშაო გარემოში თავის დამკვიდრების საშუალება არ ეძლევათ. ეს არის პოლიტიკური ისლამი, მაგრამ არა იმ დოზით, როგორც ეს ახლო აღმოსავლეთში გვხვდება.

„ამერიკის ხმა“: ნატოს წევრობასთან და თურქეთის ეკონომიკა მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მსოფლიოში 18-ე ადგილზეა. რა გავლენა ექნება რეფერენდუმს თურქეთზე, როგორც რეგიონულ მოთამაშეზე? რა მაგალითს აძლევს ის მეზობელ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო?

მეთიუ ბრაიზა: საქართველოს თავისი ღირებულებები და ძლიერი ამბიციები აქვს, რასაც მე მთელი გულით ვუჭერ მხარს. არ მგონია, რომ ქართველებს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გასაწევრიანებლად ვინმესგან წახალისება ჭირდებოდეთ. როცა საქმე ნატოს წევრობას ეხება, მე არ ვინერვიულებდი იმაზე, თუ როგორ მაგალითს აძლევს თურქეთი საქართველოს.

«Независимая газета» (რუსეთი), 20 აპრილი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-04-19/abhazzhd.html

აფხაზეთი მზადაა რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენისათვის

მოსკოვს თბილისის კონსტრუქციულობის იმედი აქვს

იური როქსი, პოლიტიკური მიმომხილველი

მოსკოვი შესაძლებლად მიიჩნევს ახლო მომავალში იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის გაფორმებას საქართველოს და აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობის თაობაზე.  ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთის ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან მოლაპარაკების შემდეგ.  თბილისმა მყისიერი მოახდინა რეაგირება რუსი მინისტრის სიტყვებზე და მას გაახსენა, რომ „საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს“.

„ჩვენ სრულიად დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ საჭიროა აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო კონტაქტებში. ამ მხრივ ე.წ. ჟენევის დისკუსიები კარგ შედეგს იძლევა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, საქართველოსა და აფხაზეთს შორის თუ სამშვიდობო შეთანხმება დაიდება, ეს იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი მთელი კავკასიის რეგიონისათვის, ისტორიის გათვალისწინებით. სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ იგი აფხაზეთის ხელმძღვანელობას ძალიან საფუძვლიანად მოელაპარაკა.

დასკვნით პრეს-კონფერენციაზე „რეგიონული მასშტაბის“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გაჟღერდა: სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი არანაირ დაბრკოლებას არ ხედავს აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხში. „ჩვენ ამ საკითხსაც შევეხეთ. რუსულ მხარეს არანაირი პრობლემა არ აქვს ტრანზიტული მოძრაობის აღდგენის საკითხში. უფრო მეტიც – ამისათვის არსებობს სამართლებრივი საფუძველიც, ანუ ის შეთანხმება, რომელსაც რუსეთმა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიაღწიეს 2011 წელს’, – აღნიშნა მინისტრმა იმ კითხვის პასუხად, რომელიც რუსეთში სომხეთიდან და საქართველოდან, აფხაზეთის გავლით,  სარკინიგზო ტვირთების გადატანას ეხებოდა. „ჩვენ ვიცით, რომ ამ საკითხით სომეხი კოლეგები არიან დაინტერესებულნი. დღეს აფხაზეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი წინააღმდეგი არ არის. ასე რომ, ჩვენზე უკვე ყველაფერი აღარ არის დამოკიდებული, არამედ სხვა ქვეყნებზეც, რომელთა ტერიტორიაზე სატრანზიტო ტვირთები გაივლის“.

რასაკვირველია, „სხვა ქვეყნებში“ სერგეი ლავროვი საქართველოს გულისხმობდა – „პროექტში“ სხვა მონაწილე არავინაა. რუსეთი რკინიგზის აღდგენისადმი თავდაპირველადაც პოზიტიურად იყო განწყობილი, მით უმეტეს მისი სამხრეთკავკასიელი მოკავშირე სომხეთი, რომელიც ბლოკადაშია მოქცეული. ერევანი ამ სახმელეთო გზას ყოველთვის ეფექტურად მიიჩნევდა. განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ აფხაზეთს და საქართველოს: სოხუმს უნდოდა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, სარკინიგზო მოძრაობა მხოლოდ მის ტერიტორიაზე აღმდგარიყო (ანუ ეთანხმებოდა რკინიგზის მხოლოდ ნაწილობრივ რეაბილიტაციას რუსეთის მიმართულებით და არა მთლიან მარშრუტზე). შესაძლოა, აფხაზეთს რკინიგზის საკითხის კოზირად გამოყენება სურდა საქართველოსთან მოლაპარაკებებში. აფხაზეთი ყოველნაირად აჭიანურებდა გადაწყვეტილების მიღებას – არ ამბობდა არც მტკიცე „ჰო“-ს და არც კატეგორიულ „არა“-ს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, თბილისზე აფხაზური კოზირი არანაირ გავლენას არ ახდენდა და, შესაბამისად, ზეწოლის ბერკეტად არ გამოდგებოდა: საქართველომ გამოაცხადა, რომ რკინიგზის აღდგენისათვის პოლიტიკურ საფასურს არ გადაიხდიდა და საერთოდ, ეს გზა მას მაინცდამაინც არ ჭირდებოდა. ზოგადად, ეს მართლაც ასეა – თბილისს შეუძლია ეშელონები ჩრდილოეთის მიმართულებით აზერბაიჯანის გავლით გაგზავნოს. მთავარია გასაგზავნი საქონელი ჰქონდეს, თორემ დაბრკოლება ამ მხრივ არ ექნება. რუსეთიდან ტვირთებსაც იმავე გზით მიიღებს – მართალია, ცოტა დაგვიანებით (აფხაზურ მარშრუტთან შედარებით), მაგრამ მტკიცედ და სტაბილურად, ყოველგვარი პოლიტიკური „წყალქვეშა დინებების“ გარეშე.

პოლიტიკურ საფასურსა და „წყალქვეშა დინებებში“, რაზედაც საქართველო ლაპარაკობს, იგულისხმება ტვირთების კონტროლი, მათი დაცვა, უსაფრთხოება და მათგან ყველაზე მთავარი – საბაჟო პროცედურები. ცხადია, რომ აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე ქართველ მებაჟეებს არავინ არ დაუშვებს, ხოლო თუ საბაჟო პროცედურების ჩატარების უფლებას საქართველო აფხაზეთს დაუთმობს, მაშინ ასეთი მოქმედება არაკონტროლირებული ავტონომიის სუვერენიტეტის ნაწილობრივ აღიარებას ნიშნავს. ეს საკითხი თავის დროზე, 2011 წელს შვეიცარიულ მხარესთან საქართველოს მოლაპარაკების დროს თითქოსდა გადაწყდა, მაგრამ სოხუმი და ცხინვალი არ დათანხმდნენ. სემდეგ კი რარაც უცნაური მოვლენები მოხდა: ქართულმა მხარემ ყველა დონეზე დაიწყო განცხადებების გაჟღერება და კატეგორიულად უარყოფდა რკინიგზის რასკონსერვაციის საკითხზე მოლაპარაკების ფაქტებს, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, ამ საკითხზე საუბარი არაერთხელ მომხდარა, მათ შორის თბილისში სომხეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის დროს. მართალია, ქართველებს სომხებისათვის არანაირი თანხმობა არ მიუციათ, მაგრამ ის, თუ რატომ უარყოფდა ქართული მხარე რკინიგზის შესახებ გამართულ მოლაპარაკებებს, გაუგებარია და დამატებით კითხვებს აჩენს.

და ამჯერადაც, სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტის ფონზე, საქართველომ ისევ „ვერ შენიშნა“ სარკინიგზო პრობლემის განხილვა და მხოლოდ მინისტრის განცხადების კრიტიკით შემოიფარგლა: თბილისმა უარყო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა და მოსკოვს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა შეახსენა.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 20 აპრილი, 20127 წელი

https://www.kommersant.ru/doc/3275661

რუსი დიპლომატები აფხაზეთში ისე მოეწყვნენ, როგორც საკუთარ სახლში

სერგეი ლავროვი რესპუბლიკის „რუსული სამყაროსადმი“ კუთვნილებაში დაარწმუნეს

სტატიაში საკმაოდ დეტალურადაა გადმოცემული აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მიმდინარეობა და შედეგები, მისი შეხვედრა-მოლაპარაკებები აფხაზეთის პრეზიდენტთან: „სერგეი ლავროვი და რაულ ხაჯიმბა ერთმანეთს სულ „ძვირფასო მეგობრით“ მიმართავდნენ, ბევრ პრობლემაზე იმსჯელეს, კონკრეტული საკითხები განიხილეს, ემოციური ფონიც იყო, მაგრამ ორმხრივი საკითხების უმრავლესობის გადაწყვეტა მაინც შეუძლებელი აღმოჩნადა… საქართველოს გარეშე“, – ნათქვამია პუბლიკაციაში (ავტორები – პაველ ტარასენკო და გიორგი დვალი).

„სოხუმში მოლაპარაკებისას უწყვეტად საუბრობდნენ რუსეთ-აფახაზეთის ისტორიულ კავშირებზე, მეგობრობაზე, აფხაზების „რუსული სამყაროსადმი“ მიკუთვნებაზე. რუსეთთან მეგობრულ დამოკიდებულების საკითხში აფხაზეთის ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხედვა ერთნაირია: რაულ ხაჯიმბას თქმით, რუსეთი აფხაზეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია. პრეზიდენტს ეთანხმება ოპოზიციონერი სერგეი შამბაც და ამბობს, რომ რუსეთთან კავშირებს აფხაზეთის მთელი პოლიტიკური სპექტრი მხარს უჭერს. „ჩვენ მოძმე ხალხები ვართ. დღეს, როცა რუსეთს ყველა მხრიდან მტრები ემუქრებიან, აფხაზეთი და სხვა მეგობრული სახელმწიფოები რუსეთის გვერდით დგანან… ჩვენ ერთ სივრცეში ვიმყოფებით“, – აღნიშნა „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში აფხაზეთის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ, ამჟამად ოპოზიციონერმა. ამ თეზისის დადასტურება იყო სერგეი ლავროვის ვიზიტის არაფორმალური პროგრამა: მოლაპარაკების შემდეგ რუსმა მინისტრმა და მისმა აფხაზმა კოლეგამ, პრეზიდენტთან ერთად, სოხუმის სანაპიროზე გაისეირნეს, შევიდნენ ლეგენდარულ კაფე „ბრეხალოვკაში“ (ადრე ამ კაფეს „ყავა აკოფასთან“ ერქვა) და სომხურად მომზადებული ყავა მიირთვეს. „ეჰ, არანაირი პირადი ცხოვრება არ მაქვს“, – ამოიოხრა სერგეი ლავროვმა და თვალით ჟურნალისტებზე მიანიშნა.

სოხუმში მიანიშნებენ, რომ სამხრეთ ოსეთისაგან განსხვავებით, რომელმაც რეფერენდუმი ჩაატარა რუსეთთან მიერთების საკითხზე, აფხაზეთი დამოუკიდებლობის ერთგულია: „თუ რომელიმე ჩვენი პოლიტიკოსი ამგვარი რეფერენდუმის ჩატრების ინიციატორი გახდება, ჩათვალე, რომ ის პოლიტიკური გვამია“, – ეუბნება „კომერსანტის“ კორესპონდენტს ერთ-ერთი სოხუმელი რესპოდენტი. მოსკოვს სოხუმთან ურთიერთობის დღევანდელი ფორმატი სრულიად აწყობს, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

სტატიაში აღწერილია რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსიც, რომლის საზეიმო გახსნაში სერგეი ლავროვი მონაწილეობდა, აფხაზური სტუმართმოყვარეობა („სერგეი ლავროვს სოხუმის აეროპორტში, თვითმფრინავის ტრაპთან დიდი ყანწით შეხვდნენ“). აღნიშნულია, რომ მხარეებმა ინვესტიციების შესახებაც ისაუბრეს, თუმცა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე არცერთს არ უთქვამს არაფერი იმ პრობლემებზე, რაც რუს ბიზნესმენებს აფხაზეთში საქმიანობის დრო ხელს უშლით (მხედველობაშია უძრავი ქონების შეძენა, რაც უცხოელებისთვის აკრძალულია). ჟურნალისტთან საუბარში მაქსიმ ღვინჯია ამბობს, რომ აფხაზეთს უდიდესი პოტენციალი აქვს და უძრავი ქონების, განსაკუთრებით მიწის გაყიდვის გარეშეც რუსი ბიზნესმენები მოგებას მაინც მიიღებენ. ‘საჭიროა ინფრასტრუქტურის განვიტრება, კურორტების, სამრეწველო საწარმოების მშენებლობა. შავი ზღვის რეგიონი მომგებიანია. აბა, შეხედეთ, ვინ მიაღწია აქ წარმატებას? თურქებმა. ჩვენ კი ვიღაცას თუ რაღაცას ველოდებით“.

ქართულ ფაქტორს სოხუმში დელიკატურად გვერდს უვლიან, ერიდებიან „ნაწილობრივ აღიარებულ“ სტატუსზე საუბარსაც. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის საქართველოში რეინტეგრაციის შესაძლებლობა სულ უფრო რთულდება,  ოფიციალური თბილისი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით, მაინც იმას აცხადებს, რომ „სერგეი ლავროვის ვიზიტი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და სოხუმში საელჩოს ახალი კომპლექსის გახსნაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის უპატივცემლობის გამოვლენა არისო“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხში ზურაბ აბაშიძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ სერგეი ლავროვის სოხუმში ყოფნა, რა თქმა უნდა, მოსკოვთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე, კერძოდ, პრაღის შეხვედრებზე (აბაშიძე-კარასინის ფორმატში) [ნეგატიურ] გავლენას მოახდენს. „დიალოგისათვის აუცილებელია ნორმალური ფონი“, – თქვა ქართველმა დიპლომატმა და ხელშემშლელი ფაქტორები ჩამოთვალა: სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტი, რეფერენდუმის ჩატარება „სამხრეთ ოსეთში“, სამხედრო ბაზების არსებობა, მუდმივი ინციდენტები აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციულ საზღვარზე.

ასეა თუ ისე, აფხაზეთის ეკონომიკური მომავალი ბევრადაა დამოკიდებული თბილისის ნებაზე, თუმცა სოხუმს მაინც აქვს იმედი, რომ საერთაშორისო აღიარებას გაიფართოვებს. მკითხველს შევახსენებთ, რომ გაეროს წევრი ქვეყნებიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, აღიარა ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ (ვანუატუმ და ტუვალუმ თავის დროზე კი აღიარეს, მაგრამ შემდეგ თავიანთი აღიარება უკან გაიწვიეს). „გასაგებია, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენ მსოფლიო მაინც გვაღიარებს, მაგრამ აფხაზური საზოგადოება რუსეთისაგან რაღაც კონკრეტულ მინიშნებებს ელოდება, – ამბობს „კომერსანტთან“ საუბარში ვიტალი ლაბახუა, „აფხაზეთის განვითარების ხელშემწყობი ფონდის“ პრეზიდენტი, – საკითხი ძალიან მწვავედ დგას. ამით სარგებლობენ აფხაზეთისა და რუსეთის არაკეთილსმურველები. აფხაზებს აინტერესებთ, კითხვები უჩნდებათ, რატომ არ მივდივართ წინ აღიარების საკითხში“.

„სოხუმ-სოჭის ავტოტრასაზე, გზისპირას მდებარე ერრთ-ერთ კაფესთან დიდი პლაკატია დაკიდებული, ვენესუელის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტის უგო ჩავესის სურათით. მან აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რუსეთის ხელისუფლების შემდეგ, ერთი წლით გვიან აღიარა. პლაკატი უკვე მზემ გააყვითლა, მაგრამ არავინ არ ცდილობს მის ჩამოღებას. აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის ახალი დამცველები კი საერთაშორისო არენაზე არავინ ჩანს.

———-

შენიშვნა: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სოხუმური ვოიაჟი ფართოდ გაშუქდა რუსული ტელევიზიითაც: ყველა ძირითადმა ფედერალური მნიშვნელობის ტელეარხმა ეთერში რეპორტაჟები გადასცა. მაგალითად, «НТВ-ის ვრცელ რეპორტაჟში ყურადღება დაეთმო რუსი მინისტრის გასეირნებას სოხუმის სანაპიროზე, მოსახლეობასთან კონტაქტებს და ა.შ. (წყარო: http://www.ntv.ru/novosti/1797804/).

«Русский Базар» (აშშ), 20-26 აპრილი, 2017 წელი

http://www.russian-bazaar.com/ru/content/229224.htm

საქართველო: რუსეთის სოხუმური პროვოკაცია

აშშ-ის რუსულენოვან ყოველკვირეულ გაზეთში რუბრიკით „პოსტსაბჭოთა სივრცის ახალი ამბები“ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტი (ავტორი – ლიუდმილა ზაიდლიჩი).

„საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა კვლავ გაურესდა. ამის მიზეზი კი რუსული დიპლომატიური უწყების მეთაურის სერგეი ლავროვის სოხუმში (აფხაზეთში) ვიზიტი გახდა. მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველო, 2008 წლის რუსული სამხედრო პროვოკაციის მიუხედავად, ოფიციალურად მიიჩნევს, რომ აფხაზეთი მისი შემადგენელი ნაწილია.

საქართველოს ხელისუფლებამ სერგეი ლავროვის აფხაზური ვიზიტი „სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი შეცვლის დაკანონების მცდელობად“ შეაფასა. სავარაუდოდ, სოხუმში მოლაპარაკებისას, კრემლის კურსის გამტარებელმა ცნობილმა  დიპლომატმა აფხაზეთის რუსეთის ტერიტორიასთან მიერთების მექანიზმი გაუშვა. იგივე ბედი ელოდება სამხრეთ ოსეთსაც, რომელსაც ვლადიმირ პუტინის რეჟიმი, პროპაგანდისტული ხიასიათის ახალ ამბებში, სულ უფრო ხშირად მიიჩნევს „თავისად“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

«Day» (აზერბაიჯანი), 19 აპრილი, 2017 წელი

http://news.day.az/politics/887657.html

საქართველოს სომხობა თავხედურად ითხოვს, რომ თბილისი ანკარის მტერი გახდეს

რედაქცია

(შემოკლებით)

ამ დღეებში საქართველოს სომხობა მორიგი ცრუ და ცინიკური განცხადებით გამოვიდა – სომხურმა საზოგადოებრივმა და სახელმწიფო ორგანიზაციებმა („საქართველოს სომხური თემი“, „საქართველოს სომხების კავშირი“, კულტურული ცენტრი „აიარტუნი“, თბილისის სომხური თეატრი და ა.შ.) ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს მიმართეს და სთხოვეს, რომ დაიწყოს განხილვა საკითხისა საქართველოს მიერ ე.წ. „1915-1923 წლების სომეხთა გენოციდის“ აღიარების შესახებ. ეს ე.წ. მიმართვა სავსეა ისტორიული ფალსიფიცირებით და უსაფუძვლო ანტითურქული ბრალდებებით, რომელთა თანახმად, ოსმალეთის იმპერიამ სომხებს თითქოსდა  „გენოციდი მოუწყო“.

მიმართვის კვინტესენციას წარმოადგენს შემდეგი ფრაზა – „ჩვენ, ქვემორე ხელმომწერნი, საქართველოში მოქმედი სომხეთის საზოგადოებრივი და სახელმწიფო ორგანიზაციები, სამართლიანობისა და დემოკრატიული ფასეულობების სახელით მოგიწოდებთ შეუერთდეთ მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების ინიციატივას, პატივი სცეთ საქართველოს  მოქალა-ქეთა ნებას და საქართველოს პარლამენტში დაიწყოთ ოსმალური თურქეთის ტერიტორიაზე სომეხი ხალხის გენოციდის საკითხის განხილვა“.

მიმართვა გაუგებრობებითა და სიცრუითაა სავსე.

რატომ წერენ ასე ხაზგასმულად ქართულ მიწას შეფარებული სომხები (ე.წ. „უძველესი ხალხის“ წარმომადგენლები!) სიტყვას „ცივილიზებული“? განა ვინც მათ არ ეთანხმება, ისინი არაცივილიზებულები არიან? რომელ საქართველოს მოქალაქეთა ნებაზე ლაპარაკობენ სომხები, როცა ისინი ქვეყნის მოსახლეობის 6%-ს შეადგენენ? და თუ საქართველოს სომხობა თავიანთ ბრალდებებში ზოგადსაკაცობრიო იდეალებს იმოწმებენ, მაშინ რატომ არ აღიარებენ ისინი, იმავე სამართლიანობისა და დემოკრატიული ფასეულობების სახელით (!!!) სომეხი ნაციონალისტების მიერ 1918-1920 წლებში აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდს, რომლის მსხვერპლი ასობით ათასი ადამიანი გახდა მხოლოდ თავიანთი ეთნიკური კუთვნილების გამო? რატომ არ ახსენდებათ საქართველოს სომხებს, რომ აზერბაიჯანელთა გენოციდის იდეოლოგები, ორგანიზატორები და უშუალო შემსრულებლები ბაქოს საბჭოს ლიდერი სტეფანე შაუმიანი და მისი უახლოესი გარემოცვა იყო, სომეხი ბანდიტების თათევოს ამირიანის, სტეფანე ლალაიანის, ამაზასპ სვარგციანის და სხვათა სახით?

ბაქოს საბჭოს დაშნაკურ-ბოლშევიკური ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი პოლიტიკა გააგრძელა სომხეთის (არარატის) რესპუბლიკამაც, რომელიც აზერბაიჯანელების მამა-პაპათა მიწაზე – ირევანისა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე შეიქმნა. სომეხთა შეიარაღებული ქვედანაყოფები გენერალ ანდრანიკის, დროსა და ნჟდეს მეთაურობით, ყარაბაღში, ზანგეზურსა და ნახჭევანში დაპარპაშებდნენ და აზერბაიჯანელებს მასობრივად ხოცავდნენ. ეს ყველაფერი ისტორიის ნამდვილი ფაქტებია. რატომ არიან ჩუმად სომხები? რატომ არაფერს ამბობენ ისინი აღმოსავლეთ ანატოლიაში I მსოფლიო ომის დროს თურქი მოსახლეობის გაჟლეტვის შესახებ? რატომ არ აღიარებენ სომხები მთიანი ყარაბაღის ოკუპაციას და ხოჯალში ჩადენილ გენოციდს, რომელშიც სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა უშუალოდ მიიღო მონაწილეობა და მისი ხელები უდანაშაულო აზერბაიჯანელთა სისხლშია გასვრილი?

სომეხთა ცინიზმს და თვალთმაქცობას საზღვარი არ აქვს: ისინი თხოვნით მიმართავენ საქართველოს, რომ გენოციდი აღიარეთო – იმ ქვეყანას, რომლის მცხოვრებლები მასობრივად იღუპებოდნენ სომეხი ბანდიტების ხელით თანამედროვე ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში. საკმარისია გავიხსენოთ სომეხ მკვლელთა ჩადენილი დანაშაული ქართველი მუსულმანების – ლაზების, აჭარლების, იმერხეველებისა და სხვათა მიმართ I მსოფლიო ომის დროს, რუსეთის კავკასიის ფრონტის ჯარების მიერ განხორციელებული ოპერაციების  მსვლელობისას, როცა „დიდი სომხეთის“ მქადაგებლები ქართველებს ანადგურებდნენ „შავ ზღვაზე გასასვლელის გაწმენდის“ მიზნით!

და რატომ არ აღიარებენ სომხები, „სამართლიანობისა და დემოკრატიული ფასეულობების სახელით“, აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ მოწყობილ გენოციდს, რომელიც გენერალ ბაგრამიანის სახელობის სომხურმა ბატალიონმა განახორციელა ახლო წარსულში, 1990-იანი წლების დასაწყისში? სწორედ ამ ბატალიონის სინდისზეა ასობით ადამიანის მოსპობა, ასი ათასობით ქართველი მოსახლეობის გამოძევება გაგრის, სოხუმის, გულრიფშისა და ოჩამჩირის რაიონებიდან. სომხებს შეიძლება გავახსენოთ მათ მიერ ჩადენილი მხეცობები კოდორის ხეობაში მცხოვრები სვანი მოსახლეობისადმი… აღარაფერს ვამბობთ საქართველოში და სომხეთში მოქმედი რიგი სომხური პოლიტიკური ძალებისა და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც აქეზებენ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ და ყოველმხრივ ხელს უწყობენ რეგიონის გამოსვლას თბილისის ფაქტიური და იურიდიული კონტროლიდან. იგივეს აკეთებს საქართველოში მოქმედი სომხეთის სამოციქულო ეკლესიაც, რომელიც ხელს უწყობს ანტიქართული განწყობების ჩამოყალიბებას, ღიად აცხადებს პრეტენზიებს ასობით ქართულ ტაძარზე, რომლებიც უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზეა აგებული! და ეს ყველაფერი მიმდინარეობს ლოზუნგით „ბრძოლა ჯავახეთისთვის და სომხური მემკვიდრეობისათვის“.

ყოველივე ზემოთ ნათქვამის გათვალისწინებით, რა მორალური უფლება აქვთ სომხურ ორგანიზაციებს, რომ გენოციდთან დაკავშირებით თბილისისაგან „სამართლიანობის აღდგენას“ ითხოვენ? და ამას ითხოვენ მაშინ, როცა თვითონ სომხები არიან დამნაშავენი ქართველების, აზერბაიჯანელების, თურქების მიმართ ჩადენილ უსამართლობაში!

საქართველოში მოქმედი სომხური ორგანიზაციები უკვე მე-12-ედ მიმართავენ ქვეყნის ხელისუფლებას ყბადაღებული „სომეხთა გენოციდის“ აღიარების თხოვნით. სხვა წინა მსგავსი მიმართვები საქართველოს ხელისუფლებამ უჯუაგდო და უეჭველია, ახლაც უკუაგდებს. საქართველოს ინტერესების მიხედვით, სამართლიანობისა და დემოკრატიული ფასეულობების სახელით!

Comments are closed