globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 20 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 20th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Associated Press» (აშშ): ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან: საქართველოს ლიდერი რუსული ექსპანსიის შესახებ გვაფრთხილებს

«Wiener Zeitung» (ავსტრია): „ყველა სამუშაოს ეძებს“ // იყო დრო, როცა საქართველო შთამბეჭდავი ტემპებით ვითარდებოდა, მაგრამ ეკონომიკურმა ბუმმა გაიარა

«Kurier» (ავსტრია): ფიშერები საქართველოში: კოსტიუმი პირველი ლედისთვის

«Независимая газета – Религии» (რუსეთი): ჯიჰადისტები რუსეთის შემოგარენში: საქართველოდან წასული რადიკალები სირიის „ხალიფატის“ რიგებში შედიან

«Tehran Times» (ირანი): ირანმა და საქართველომ ეკონომიკური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

———————-

«The Associated Press» (აშშ), 19 მაისი, 2015 წელი

http://hosted.ap.org/dynamic/stories/e/eu_georgia?site=ap&section=home&template=default

ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან: საქართველოს ლიდერი რუსული ექსპანსიის შესახებ გვაფრთხილებს

ლინ ბერი

„რუსეთი მზადაა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ხარჯზე გაფართოვდეს და ამ მიზნით თავისი შეიარაღებული ძალები გამოიყენოს“, – განაცხადა სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა და დასავლეთს მიმართა არ დაუშვას რუსეთის აგრესიის გამეორება საქართველოს მიმართ.

რუსეთის მიერ  2008 და 2014 წლებში წარმოებულმა ომებმა მეზობელი საქართველოს და უკრაინის მიმართ, აგრეთვე ყირიმის ანექსიამ აჩვენა, რომ მოსკოვი მზადაა ისარგებლოს იმ ქვეყნებში შექმნილი ყოველგვარი არასტაბილურობით, რომლებსაც კვლავ თავისი გავლენის სფეროდ განიხილავს, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის საინფორმაციო სააგენტო The Associated Press-ის კორესპონდენტისათვის მიცემულ ინტერვიუში.

„ისინი ყველაზე სწრაფები და ყველაზე პირველები არიან, როცა საქმე ტანკების შეყვანას ეხება“, – ამბობს პრეზიდენტი, რომელიც თავისუფლად საუბრობს ინგლისურ ენაზე, – „შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევრაზიის კონტინენტის ნახევარი მუდმივი რუსული საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. თუ რუსეთის მოსაზღვრე რომელიმე სუვერენულ სახელმწიფოში არასტაბილური სიტუაცია შეიქმნება, დიდი მეზობელი სწრაფად მოვა და პრობლემას „კალაშნიკოვის“ მეშვეობით გადაწყვეტს“.

საქართველო, რომელიც ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციას ესწრაფვის, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრი სახელმწიფოა, რომლის სამიტი ამ კვირაში ლატვიის დედაქალაქ რიგაში უნდა გაიმართოს. საქართველოს გარდა, „პარტნიორობის“ წევრები არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და ბელარუსი.

საქართველოში დღეს დაახლოებით 300 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება,  ერთობლივ  მანევრებში მონაწილეობის მიზნით. მალე NATO აქ თავის საწრთვნელ ცენტრსაც გახსნის. საქართველო ერთგულად მონაწილეობდა NATO-ს მიერ განხორციელებულ ყველა სამშვიდობო ოპერაციაში, ერაყისა და ავღანეთის ჩათვლით.

გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ საქართველო, რომელმაც თავისი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსების მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების გამო დაკარგა  ჯერ კიდევ გრძნობს რუსულ საფრთხეს: მოსკოვმა თავისი მესაზღვრეები და სამხედრო ნაწილები ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე განალაგა.

ისევე როგორც საქართველოში 2008 წელს, რუსეთმა უკრაინაში არსებული არასტაბილურობის ფონზე, პრორუსულად განწყობილი პრეზიდენტის  დამხობის შემდეგ, ისარგებლა და 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსია მოახდინა, შემდეგ კი ხელი შეუწყო რუსულენოვან აღმ.უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივებას. პრეზიდენტის თქმით, რომ არა დასავლეთის მკაცრი რეაქცია, რუსეთი იგივეს გაიმეორებდა თავის საზღვრებთან ახლოს მყოფ სხვა ქვეყნების მიმართაც: „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დასავლეთი ხისტ და პრინციპულ მესიჯს გაუგზავნის მოსკოვს, რომ ეს მიუღებელია და მიუღებელი იქნება აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი შეწყვეტის პირობებშიც კი“.

საქართველო საფრთხეს ხედავს აგრეთვე კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მუშაობაში, რომლის მეშვეობითაც რუსეთი ცდილობს  უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი ევროპის დამოკიდებულება შეცვალოს. ამის მაგალითია საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ მუშაობის დაწყება საქართველოში, რომელიც ახალ ამბებს რუსულ და ქართულ ენებზე ავრცელებს. თბილისში და სხვა ქალაქებში იოლადაა ხელმისაწვდომი რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიების გადაცემებიც.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოშიკრემლის პროპაგანდის მიზანია ქართველებს ეჭვი გაუჩინოს ევროპულ არჩევანში და ამ დროს იმით სარგებლობს, რომ არც NATO-ს და არც ევროკავშირს საქართველოს წევრად მიღება უახლოეს ხანში დაგეგმილი არ აქვთ. „რუსების ძირითადი შეტყობინება ასეთია: „ევროპელები თქვენზე არ ზრუნავენ, თქვენ მიტოვებულები ხართ, არჩევანი აღარ გაქვთ, თქვენი ევროპული კურსი განწირულია“, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო ცდილობს გააძლიეროს თავისი ეკონომიკა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაშიც – ქვეყანა აფართოებს თავის როლს ევროპა-აზიის სავაჭრო დერეფნის განვითარებაში, რომელიც კასპიისა და შავ ზღვებს აერთიანებს. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ საქართველო ახალ სავაჭრო პარტნიორებს ეძებს, რომლებიც დაინტერესებულნი იქნებიან ქვეყნის სტაბილურობით. მან ამის მაგალითად დაასახელა ახალი მაგისტრალური გაზსადენის პროექტი, რომელიც საქართველოს გადაკვეთს და კასპიის ენერგორესურსს იტალიამდე მიიტანს.

(ინტერვიუს დასასრულს მოცემულია გიორგი მარგველაშვილის მოკლე ბიოგრაფია, განათლების დონე, სპეციალობა, მისი კარიერა პრეზიდენტად არჩევამდე. მასალაში ხაზგასმულია, რომ იგი მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი იყო და მოსახლეობამაც იმიტომ აირჩია პრეზიდენტად. „გიორგი მარგველაშვილს თავდაპირველად მილიარდერის მარიონეტად მოიხსენიებდნენ, შემდეგ მან ნელ-ნელა თავისი პოლიტიკური კურსი შეიმუშავა და საბოლოოდ, სრულიად ჩამოშორდა თავის ყოფილ მფარველს. სოციოლოგიური გამოკითხვის სედეგები მოწმობს, რომ პრეზიდენტი მეტი რეიტინგი ამჟამად მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქს აქვს“, – ხაზგასმულია მასალაში).

«Wiener Zeitung» (ავსტრია), 19 მაისი, 2015 წელი

http://www.wienerzeitung.at/nachrichten/welt/weltpolitik/752677_Alle-suchen-Arbeit.html

„ყველა სამუშაოს ეძებს“

იყო დრო, როცა საქართველო შთამბეჭდავი ტემპებით ვითარდებოდა, მაგრამ ეკონომიკურმა ბუმმა გაიარა

ვერონიკა ეშბახერი, თბილისი

(შემოკლებით)

თბილისელი სამუელი და ლევანი ორი თანამედროვე მხიარული ადამიანია, ისინი მეგობრები არიან. შუაღამე ახლოვდება, მაგრამ ორივე, რომელთა ასაკი 60 წელზე მეტია, მშობლიური ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე დასეირნობენ, უყურებენ წმინდა გიორგის სვეტს და ერთმანეთს ეხუმრებიან. გამვლელი ტაქსის მძღოლები მანქანებს აჩერებენ და ეკითხებიან, წაყვანა ხომ არ გინდათ სადმეო. „ეჰ, ყველა სამსახურს ეძებს“, – ამბობს უცებ დასერიოზებული ლევანი, – „ვისაც არ უნდა ელაპარაკო, ყველას ერთი საზრუნავი აქვს – ეკონომიკური მდგომარეობა“.

საქართველოს ეკონომიკური განვითარება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წელს დაიწყო და მას შემდეგ წარმოების ტემპების ზრდა დინამიურად მიმდინარეობდა და ყოველწლიურად ორნიშნიანი ციფრით გამოიხატებოდა. 2008 წლის რუსეთთან ომის შემდეგაც კი, როცა საქართველოს უდიდესი ეკონომიკური ზარალი მიადგა, საზღვარგარეთ კი გლობალური ფინანსური კრიზისი ვითარდებოდა, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6-7%-ს აღემატებოდა. ასეთი მონაცემები ფიქსირდებოდა 2012 წლამდე. თუმცა მნიშვნელოვანი განვიტარების მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობა ღარიბია, მაღალია უმუშევრობის დონე, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო რეგიონებში. ოფიციალუყრად უმუშევრობის კოეფიციენტი 15%-ია, მაგრამ არაოფიციური შეფასებით 30-დან 50%-მდე აღწევს.

საკმაო გაკვირვებას იწვევს აპრილში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის სედეგები: სამსახური და სამუსაო ადგილის შენარჩუნება ქართველთა ორი მესამედისათვის უპირველესი საკითხია, შემდეგ მოდის ინფლაცია და სასიცოცხლო მინიმუმი (43%), შემდეგ კი სიღარიბე (39%). მართალია, ქართველები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვითაც არიან შეშფოთებულნი (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის შესახებ, რომლებიც თბილისის კონტროლს გარეშე აღმოჩნდნენ), მაგრამ ეს საკითხი პირველად აღმოჩნდა სამი მთავარი საზრუნავის მიღმა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთმა სამხრრეთ ოსეთთან მარტის თვეში ხელი მოაწერა მოკავშირეობისა და თანამშრომლობის სეთანხმებას და ამჟამად მოსკოვს ორივე სეპარატისტულ რეგიონში ათი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე ჰყავს დისლოცირებული. რუსეთთან განმეორებითი კონფლიქტის საფრთხე კვლავ არსებობს, განსაკუთრებით ყირიმის ანექსიის შემდეგ.

სასწრაფოდ ვეძებთ ინვესტიციებს

2012 წლის არცევნების შემდეგ ჩამოყალიბებულმა მთავრობა მოსახლეობას საკმაოდ ამბიციურად დაპირდა, რომ სამომავლოდ მოსახლეობის დიდი ნაწილის მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა. მაგრამ ერთია რეფორმის განხორციელება სასამართლო სისტემაში, მეორეა ეკონომიკის ფეხზე დაყენება, განსაკუთრებით სოფლის მეურნების დარგში. ქვეყნის ინდუსტრია საკმაოდ სუსტადაა განვითარებული, უფრო მეტად უპირატესობა ეძლევა და დომინირებს ნედლეულის გადამუშავება და მომსახურების სფეროები, მათ შორის ტურიზმი. ამჟამად ეროვნული ვალუტა ლარი უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში თითქმის 30%-ით გაუფასურდა. ლარის დასუსტებაზე გარკვეული გავლენა რუსეთში განვითარებულმა ეკონომიკურმა კრიზისმაც მოახდინა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გასული კვირის პროგნოზით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მატება 2015 წლისათვის ნაცვლად 4,2%-ისა, 2,3% იქნება. გარდა ამისა, მიმდინარე წლის პირველი ორი თვის შედეგებით, ექსპორტი 26,4%-ითაა სემცირებული.

«Kurier» (ავსტრია), 20 მაისი, 2015 წელი

http://kurier.at/politik/ausland/fischer-in-georgien-tracht-fuer-die-first-lady/131.417.814

ფიშერები საქართველოში: კოსტიუმი პირველი ლედისთვის

ავსტრიის ფედერალურმა პრეზიდენტმა სამშაბათს საქართველოში ვიზიტი განაგრძო. ჰაინც ფიშერი ავტრიის სახელმწიფოს პირველი მეთაურია, რომელიც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა საქართველოს ეწვია და მხარი დაუჭირა ამ ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციას. გუშინ პრეზიდენტმა ქართველ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად თბილისში ერთობლივი ეკონომიკური ფორუმი გახსნა.

საქართველოში ჰაინც და მარგიტ ვიზიტი საკმაოდ საინტერესოა, ყურადღებას ფოტოსურათებიც იპყრობს, რომელზეც მარგიტ ფიშერი [ქართულ ეროვნულ] კოსტიუმშია გამოწყობილი…

«Независимая газета – Религии» (რუსეთი), 20 მაისი, 2015 წელი

http://www.ng.ru/ng_religii/2015-05-20/4_jihad.html

ჯიჰადისტები რუსეთის შემოგარენში: საქართველოდან წასული რადიკალები სირიის „ხალიფატის“ რიგებში შედიან

სტატიაში განხილულია საქართველოს პანკისის ხეობიდან „ისლამურ სახელმწიფოში“ საბრძოლველად წასული ახალგაზრდების რელიგიური მოტივები, რომელიც მუსულმანურ რწმენას ეფუძნება: ამის მაგალითია ქართულ მასმედიაში ფართოდ განხილული ფაქტი – 18 წლის რამზაბ ბაქარაშვილისა და 17 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის სირიაში გადაღებული ფოტოსურათები ავტომატებით ხელში „ისლამური სახელმწიფოს“ დროში ფონზე (ავტორი – ვლადისლავ მალცევი).

პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტების ანტირუსულ მიზნებზე: ისინი პერიოდულად გამოდიან რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მუქარებით. ავტორი ამასთან დაკავშირებით იხსენებს აზერბაიჯანული გაზეთის New Baku Post-ის რედაქტორის ტოფიკ აბასოვის ინტერვიუს, რომელიც მან გამოცემა „კავკაზსკაია პოლიტიკას“ მისცა. აბასოვის თქმით, პანკისის ხეობაში ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან არსებობდა ტერორისტების მოსამზადებელი ბანაკები, რომლებიც სპარსეთის ყურის სალაფიტური წრეების მიერ კონტროლდებოდა და ფინანსდებოდა. მათში გაწრთვნილი „ბოევიკები“ ჩეჩნეთში იგზავნებოდნენ და რუსებს ებრძოდნენ. რასაკვირველია, მათ შორის აზერბაიჯანელებიც იყვნენ. როგორც ბაქოელი ჟურნალისტი ამბობს, დღესაც სირიაში, „ისლამური ხალიფატის“ რიგებში აზერბაიჯანელებიც იბრძვიან, რომლებიც რადიკალური პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოექცნენ და ჯიჰადისტურ ბრძოლაში ჩაებნენ.

„საუბარია არა მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეებზე, არამედ ეთნიკურ აზერბაიჯანელებზე, საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც აზერბაიჯანთან ახლოს მდებარე რეგიონში – ქვემო ქართლში ცხოვრობენ. გარდა ამისა, სირიაში საბრძოლველად მიდიან აჭარიდანაც, ამ რეგიონში ქართული მოსახლეობის დაახლოებით 10% მუსულმანია. ამის შესახებ „ნეზავისიმაია გაზეტა – რელიგიას“ („ნგრ“) აცნობა სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა არეშიძემ. „ქვემო ქართლიდან წასული აზერბაიჯანელების რაოდენობა არავინ იცის, დაღუპულთთა რიცხვიც უცნობია, – აღნიშნა მან „ნგრ“-ს ჟურნალისტთან საუბარში, – რაც შეეხება აჭარას, ამ რეგიონიდან 30 ახალგაზრდა წავიდა, მათი ნაწილი უკვე დაიღუპა“. როგორც ექსპერტი ამბობს, საქართველოდან ბოლო წლებში სირიასა და ერაყში საბრძოლველად წასულთა რაოდენობა მინიმუმ 170 ადამიანს აღწევს. მამუკა არეშიძის აზრით, იმ მიზეზებს შორის, რომლებიც ახალგაზრდებს ზემოთ აღნიშნული რეგიონებიდან ახლო აღმოსავლეთის ჯიჰადისტებთან წასასვლელად უბიძგებენ, არის „ადგილობრივი სულიერი ლიდერების პროპაგანდა, ინტერნეტის მასალების რეგულარულად გაცნობა, სოციალური ქსელები“ და ა.შ. დასავლელი ჟურნალისტები ადრეც ამახვილებდნენ ყურადღებას, თუ როგორ აქტიურ პროპაგანდას ეწევიან Twitter-ისა  Facebook-ის მეშვეობით „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტ-აგიტატორები – მათ დაახლოებით 40 ათასი აქაუნთი აქვთ დაკავებული.

რაც შეეხება სოციალურ ქსელებს გარეთ წარმოებულ პროპაგანდას, მამუკა არეშიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოს მუსულმანური რეგიონების ისტორიულ მოსახლეობაში შექმნილი სიტუაცია „ძალიან ჰგავს 1990-იანი წლების დასაწყისში ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას: რასაც დაღესტანზე ამბობენ, იგივე შეიძლება ითქვას საქართველოზეც…. არიან ახალგაზრდები, რომლებმაც საზღვარგარეთ ისლამური საგანმანათლებლო ცენტრებში სწავლობდნენ, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ და შესაბამის პროპაგანდას ეწევიან. იმ ადამიანების ნაწილი, რომლებიც მათი აგიტაციის გავლენის ქვეშ ექცევა, საბრძოლველად მიემგზავრებიან“. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ერთი-მეორის მიყოლებით „იხსნება სხვადასხვა ისლამური ჰუმანიტარული ცენტრები, ძირითადად არაბული, თუმცა არის თურქულიც… მათთვის ჰუმანიტარული საქმიანობა ერთგვარი ნიღაბია, საფარია მუსულმანებზე გავლენის მოსაპოვებლად, საქართველოს რომელ კუთხეშიც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი“.

სტატიაში საუბარია აგრეთვე 2013-2014 წლებში აჭარაში გამართულ რელიგიური შინაარსის მქონე რამდენიმე „მასობრივ აქციაზე“, რომლებიც თურქების მიერ ისლამური მედრესეების მშენებლობის წინააღმდეგ იყო მიმართული (მაგალითად, ქობულეთში) ავტორი იმოწმებს უფლებადამცველ მერაბ ბლადაძის პოზიციას, რომელიც ქართულ პრესაში გამოქვეყნებული: „აჭარაში იგრძნობა თურქული ელემენტის გავლენა, ახალგაზრდები თურქეთში სასწავლებლად მიდიან, იქიდან კი ქრისტიან-მართლმადიდებლების მიმართ აგრესიულად განწყობილნი ბრუნდებიან… თუ ასეთი ტენდენცია შენარჩუნდება, აჭარაში ვაჰაბიზმი გაძლიერდება“). ჯერ-ჯერობით ადგილობრივი ისლამისტები სირიასა და ერაყში მიდიან საბრძოლველად, მაგრამ რა იქნება, როცა ისინი საბრძოლო გამოცდილებით უკან დაბრუნდებიან?

საქართველოში რელიგიურ დაპირიპირებას ხელს უწყობს პოლიტიკური სიტუაციაც: ბოლო ხანებში მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაცმოძრაობა“ მმართველი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ აქტიურად გამოდის. აღსანიშნავია ერთი გარემოებაც: მართალია, „ნაციონალებმა“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ზოგადად წააგეს, მაგრამ ხმების უმრავლესობა მიიღეს ქვემო ქართლსა და აჭარის მთიან რაიონებში, სადაც ძირითადად მუსულმანი ქართველები ცხოვრობენ (აჭარის დაბლობ რაიონებში მცხოვრებმა ქრისტიან-მართლმადიდებლებმა თავიანთი ხმები ძირითადად „ქართულ ოცნებას“ მისცეს). როგორც პოლიტოლოგმა გიორგი მამულიამ განაცხადა ჯერ კიდევ 2013 წელს, არჩევნებში „ნაციონალების“ დამარცხების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მხარი ტოტალურად „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა. მართალია, მოგვიანებით ქართული ეკლესიისა და გამარჯვებული „ოცნების“ გზები გაიყარა (რადგან „მეოცნებეებმა“ პროდასავლურ ვექტორზე უარი არ თქვეს), მაგრამ ეკლესია ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ არენაზე კვლავ ძლიერ მოთამაშედ რჩება. ამასთან, ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ქართულ ეკლესიაში ძირითადად ულტრაკონსერვატორული და პრორუსული ძალებია წარმოდგენილი.

«Tehran Times» (ირანი), 20 მაისი, 2015 წელი

http://www.tehrantimes.com/Index_view.asp?code=246815

ირანმა და საქართველომ ეკონომიკური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ირანმა და საქართველომ სამშბათს ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც ორმხრივი ეკონომიკურ თანამშრომლობას ითვალისწინებს, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს: ირანის მხრიდან – შრომისა და სოციალურეი უზრუნველყოფის მინისტრმა ალი რებიამ და საქართველოს მხრიდან – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ერთობლივი ქართულ-ირანული ეკონომიკური კომისიის მე-5 სხდომის დროს, რომელიც თეირანში 18-19 მაისს ჩატარდა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყო მინისტრი თავისი მოადგილეებით, აგრეთვე საგარეო საქმეთა, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების და სხვა სამინისტროების წარმომადგენლები, თბილისის მერი.

ირანში ყოფნისას გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ეშაკ ჯაჰანგირის, საგარეო საქმეთა მინისტრს მოჰამად ჯავად-ზარიფს და ნავთობის მრეწველობის მინისტრს ბიჯან ნამდან-ზანგანეს.

ირანის საბაჟო სამსახურის მიერ შედგენილი გასული კალენდარული წლის მონაცემებით (20 მარტის ჩათვლით), საქართველოს ირანული წარმოების პროდუქციის იმპორტში 30-ე ადგილი უკავია (ნავთობპროდუქტების გარეშე). ირანმა საქართველოში გაიტანა 97 მილიონი დოლარის საქონელი, ხოლო საქართველოდან შემოიტანა 50 მილიონის პროდუქცია.

Comments are closed