globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 20 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 20th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Poland» (პოლონეთი): ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის სპიკერთან: ირაკლი კობახიძე ვარშავაში ურთიერთობებს აღრმავებს

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო: თვითმმართველობა უნდა გაუქმდეს? // „ქართული ოცნება“ თვით-მმართველობის გაუქმებით ადგილობრივო ორგანოების არჩევნებში საკუთარი გამარჯვების პრევენციას ცდილობს

«Khazanah//Republika» (ინდონეზია): თურქეთისა და ირანის რელიგიური გავლენა საქართველოში

—————–

«Radio Poland» (პოლონეთი), 19 მაისი, 2017 წელი

http://www.thenews.pl/1/6/Artykul/307776

ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის სპიკერთან: ირაკლი კობახიძე ვარშავაში ყოფნის დროს ურთიერთობებს აღრმავებს

საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ ვარშავაში ყოფნის დროს მონაწილეობა მიიღო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში.

პოლონეთის რადიოს კორესპონდენტი რობერტო გალეა ირაკლი კობახიძეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე – ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრირებაზე ესაუბრა.

„ჩვენი მთავარი მიზანია თანამშრომლობის გაფართოება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მათ შორის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან. ეს სამიტი მშვენიერი შესაძლებლობას გვაძლევს თანამშრომლობის გასაღრმავებლად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ინტერვიუში, – „ჩვენ საგარეო პოლიტიკაში ძალიან მკაფიო პრიორიტეტები გვაქვს, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ გასული წლის დეკემბერში მიღებულ რეზოლუციაში არის ასახული… ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავარ მიზანს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ სწრაფვა წარმოადგენს. ამ მხრივ ჩვენი ურთიერთობა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“.

——–

ინტერვიუს სრული (ოთხწუთიანი) აუდიოჩანაწერი ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულია „პოლონეთის რადიოს“ ვებ-გვერდზე.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 20 მაისი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/local-government-cancellation/3861733.html

საქართველო: თვითმმართველობა უნდა გაუქმდეს

„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის გაუქმებით ადგილობრივო ორგანოების არჩევნებში საკუთარი გამარჯვების პრევენციას ცდილობს

ნინო დალაქიშვილი

19 მაისს საქართველოს სხვადასხვა თვითმმართველ ქალაქში საკრებულოების ხმაურიანი სხდომები გაიმართა, სადაც გამოტანილი გახლდათ მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხი. აღსანიშნავია, რომ საკრებულოთა უმეტესობა თვითმმართველობების შეზღუდვას საკუთარივე ინიციატივით უჭერს მხარს. აღნიშნული ინიციატივა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროს ბრძანებას ეყრდნობა. არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების ფართო ნაწილი თვითმმართველობების შეზღუდვის იდეას არ იზიარებს. ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებაც გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია: „სამწუხაროა, რომ სამინისტრომ აღნიშნული კანონპროექტის შემუშავების პროცესი წარმართა საზოგადოების წარმომადგენლებისა და ექსპერტების ყოველგვარი ჩართულობის გარეშე. ეს მით უფრო გასაკვირია, როცა 29 მარტს 130-მდე არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციამ მივმართეთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს და მზად ვიყავით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად გვემსჯელა აღნიშნულ საკითხზე. სამწუხაროდ, დღემდე ამ მიმართვას ხელისუფლების მხრიდან არანაირი დიალოგის სურვილი ან კონსულტაციის მცდელობა არ მოჰყოლია“.

მუნიციპალიტეტების გაუქმება თვითმმართველობების შეზღუდვას ნიშნავს, ხოლო კონკრეტულად შვიდი თვითმმართველი ერთეულისთვის ეს ქალაქის სტატუსის საკითხს ეხება. საკონსტიტუციო განხილვებისას, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობდა, თვითმმართველობებზე კითხვები ყოველთვის ჩნდებოდა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები მათ სრულყოფილ პასუხს არ სცემდნენ. მაგალითად, გორში კონსტიტუციის პროექტის განხილვისას 11 მაისს, ეს საკითხი „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა სოსო ბორცვაძემ დააყენა: „ორი დღის წინ ბატონმა ზვიად ძიძიგურმა ახსენა, რომ არ მიმდინარეობს მუნიციპალიტეტების გაუქმებასთან დაკავშირებით საუბარი. პირადად მე, თქვენგან, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მოვისმინე, რომ ესაა სისულელე და ცუდი კანონპროექტი. მე მინდა, გორელებს უთხრათ, ან გორს რას ერჩით, ან გორის რაიონს, რომელიც კონფლიქტის ზონას წარმოადგენს“. ამ კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პასუხი შემდეგი გახლდათ: „თვითმმართველი ერთეულის სტატუსთან არაა დაკავშირებული ქალაქის სტატუსი. გორი ყოველთვის იყო ქალაქი და  ნებისმიერ შემთხვევაში ქალაქად დარჩება. რაც შეეხება ახლა ამ გადაწყვეტილების შესაძლო გადასინჯვას, მე გამიჭირდება მასთან დაკავშირებით პასუხის გაცემა. ჯერ მთავრობა მუშაობს და მთავრობას ექნება შესაბამისი წინადადებები და მთავარია, ისეთი ნაჩქარევი სახით არ იქნას მიღებული გადაწყვეტილება, როგორც თავის დროზე მოხდა. კიდევ ერთხელ ვამბობ: ჩვენ გვქონდა კონკრეტული არგუმენტები, რითაც ვასაბუთებდით, რომ თავის დროზე ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება“.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება საკითხის მიჩუმათებას ცდილობს. „სამწუხაროდ, საკონსტიტუციო განხილვებზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას დაუმალეს სიმართლე და არ უთხრეს, რომ ცვლილებათა პაკეტი, პრაქტიკულად, უკვე მზადაა და სათემო მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების გაერთიანების საკითხი დღის წესრიგში სულ მალე დადგება“, – ნათქვამია წერილში, რომელიც 18 მაისს 21–მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა.

მინდია გოდერძიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გორის საკრებულოში „ამერიკის ხმა“-სთან საუბრისას ამბობს: „თვითმმართველობის განვითარება, მეტი დამოუკიდებლობის მიცემა ადგილობრივ თემებზე გაცილებით უფრო პროდუქტიულია,მეტი სიკეთის მომტანია და ქვეყნის განვითარებისთვის ერთ–ერთი აუცილებელი წინაპირობაა. აქედან გამომდინარე, ჩვენც გვინდოდა, რომ თუ რაღაც ვერ მუშაობდა დღევანდელ რეალობაში, ამის გამოსწორებაზე გვეზრუნა და არა ზოგადად თვითმმართველობის გაუქმებაზე, რასაც დღეს ქართულმა ოცნებამ მიმართა“.

დავით რაზმაძე, რომელიც გორის საკრებულოში რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენდა, ხოლო პარტიის დატოვების შემდგომ თავისუფალი დეპუტატის სტატუსით აგრძელებს მოღვაწეობას, დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტების გაერთიანების მომხრეთა შორისაა. მან საკითხის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, დეცენტრალიზაციის მომხრეთა ბანაკიდან მოწინააღმდეგეთა მხარეს გადავიდა. „ამერიკის ხმა“-სთან საუბრისას საკუთარ პოზიციას დავით რაზმაძე შემდეგნაირად ამართლებს: „თავიდან მომხრე ვიყავი დაყოფის, მაგრამ არ გაამართლა აბსოლუტურად. ჯერ თვითონ კანონშიც იყო კოლიზია. ამასაც თავი დავანებოთ, ფინანსების საკითხს შევხედოთ“.

კიდევ ერთი დეპუტატი გორის საკრებულოდან, თამარ თედლიაშვილი, რომელიც წარსულში „თავისუფალ დემოკრატებს“ წარმოადგენდა, ახლა კი თავისუფალ დეპუტატს წარმოადგენს, მუნიციპალიტეტების გაერთიანების წინააღმდეგია. „ამერიკის ხმა“-სთან  საუბრისას ხელისუფლების მოტივაციას თვითმმართველობის ერთეულთა გაერთიანების თაობაზე იგი ერთი წინადადებით ხსნის: „ქართული ოცნება“ [არჩევნებში] ქალაქს ვერ მოიგებს, ამიტომ მეტი მანდატის მიღება რაიონების ხარჯზე სურს“.

საკრებულოს სხდომა 19 მაისს თელავშიც გაიმართა, სადაც დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს გაერთიანებას. „ამერიკის ხმა“ თელავში ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენელს ნიკა შარვაშიძეს ესაუბრა: „ჩვენ დღევანდელ სხდომაზე მოვუწოდეთ საკრებულოს, როგორც იმ 130–მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მხარი არ დაეჭირათ გაერთიანებისთვის. შემდგომ ანალოგიური მოსაზრებები გამოთქვეს მოქალაქეებმა სხდომაზე. ხმაური იყო იმდენად, რომ საკრებულოს თავმჯდომარე სხდომის დახურვას აპირებდა. საბოლოოდ ერთ–ერთმა ოპოზიციურმა დეპუტატმა დააყენა კენჭისყრაზე გასვლის საკითხი. ჩვიდმა მხარი დაუჭირა გაერთიანებას. 5 იყო წინააღმდეგი. აშკარაა, რომ ესაა თვითმმართველობის შეზღუდვა. ესაა სამინისტროს რაღაც კონკრეტული ჯგუფის მიერ ინიცირებული ცვლილება, რასაც წინ არ უძღვოდა არანაირი საჯარო განხილვა და ხალხის გამოკითხვა. ეს არის პროცედურული დარღვევა. ხდება პირდაპირი ზეწოლა საკრებულოებზე, ხალხის და ქალაქების ნების უგულვებელყოფა“.

თვითმმართველობათა გაერთიანების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯით თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი გამარჯვების პრევენციას ცდილობს. მათი აზრით, ქალაქის მოასახლეობა ოპოზიციას დაუჭერენ მხარს, თვითმმართველობების გაერთიანებების შემდგომ კი სოფლად მაცხოვრებელი ადამიანების ხმა ამ მაჩვენებელს ხელისუფლების სასარგებლოდ დააბალანსებს.

«Khazanah//Republika» (ინდონეზია), 19 მაისი, 2017 წელი

http://www.republika.co.id/berita/dunia-islam/islam-digest/17/05/16/oq0uhx313-iran-dan-turki-aktif-berdakwah-di-georgia

თურქეთისა და ირანის რელიგიური გავლენა საქართველოში

აგუნგ სასონგკო

(შემოკლებით)

აჭარა საქართველოს რეგიონია, რომელიც დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და რომელიც საქართველოს რუსეთის წყალობით 1878 წელს შეუერთდა. მართალია, აჭარის მცხოვრებლები ქართველები არიან, მაგრამ რადგანაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში თურქეთთან იყვნენ ინტეგრირებული და ისლამის სარწმუნოება მიიღეს, მუსულმან აჭარლებს წარსულში რუს და ქართველ ქრისტიან-მართლმადიდებლებთან დაპირისპირება მოსდიოდათ.

1921 წელს ყარსში, აჭარელი მუსულმანების დაცვის მიზნით, რუსეთსა და თურქეთს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ძალით საბჭოთა პერიოდში აჭარამ ავტონომიური სტატუსი მიიღო – არა ეთნიკური, არამედ რელიგიური ნიშნით.

როგორც ცნობილია, საბჭოური ათეიზმისთვის აგრესიულობა იყო დამახასიათებელი, იმდროინდელი ათეისტები ცდილობდნენ რელიგია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან განედევნათ, არადა, ეთნიკურად ქართველი აჭარლებისთვის მუსულმანობა მათი რელიგიური იდენტობისათვის მთავარი ფაქტორი იყო.

1990 წელს, როცა საქართველოში რელიგიამ სწრაფი აღორძინება დაიწყო, [ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოური იყო], ისლამს გაფართოების საშუალებას არ აძლევდა: შესაბამისად, აჭარა თანდათან ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის ქვეშ მოექცა.

სსრ კავშირის დაშლის შემდეგ თურქეთმა და ირანმა ერთობლივად დაიწყეს ძალისხმევა ისლამური რელიგიის ქადაგების გააქტიურებისათვის საქართველოს მუსულმან მოსახლეობაში. ირანმა როგორც თბილისში, ასევე მარნეულში მედრესეები და კულტურული ცენტრები გახსნა, მათ შორის al-Beitdi (თბილისში). თავის მხრივ, ირანს არც თურქეთი არ ჩამორჩა – საქარტველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც უმეტესად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს, სოფელ მეორე ქესალოში მედრესეს მშენებლობის დაფინანსება დაიწყო.

———

ინდონეზიის გამოცემაში კიდევ ერთ მასალაა გამოქვეყნებული საქართველოში არსებული რელიგიური სიტუაციის შესახებ, სათაურით „საქართველოში ისლამი ოფიციალურად არის აღიარებული“. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ქრისტიან მართლმადიდებელია, 9% კი მუსულმანი. „2002 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებით, ქვეყანაში ისლამის მიმდევართა რიცხვმა 433 ათასს გადააჭარბა. თუმცა, როგორც ადგილობრივი მუსულმანური თემი ვარაუდობს, დღეისათვის მუსულმანთა რაოდენობამ მოიმატა და, ალბათ, უკვე 800 ათასს აღწევს. 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, იმ რელიგიურ უმცირესობებს, რომლებთაც საქართველოში ისტორიული ფესვები აქვთ, ოფიციალური რეგისტრირების ნება მიეცათ. შესაბამისად, ისლამი ერთ-ერთი რელიგიაა საქართველოში ოფიციალურად აღიარებული ოთხ რელიგიას შორის“, – აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოში მუსულმანთა საცხოვრებელი არეალი (აჭარა, ქვემო ქართლი, კახეთი) და მათი რაოდენობა რეგიონების მიხედვით. საუბარია აგრეთვე „თურქ-მესხებზე“, რომლებიც ი.სტალინის ბრძანებით საქართველოდან იქნენ გასახლებულნი (1990-იან წლებში მათი მცირე ნაწილი საქართველოში დაბრუნდა).

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში მოქმედებს „მუსლიმთა სამმართველო“, თუმცა  მითითებულია, რომ ქართველი მუსულმანები კავკასიის მუსულმანთა საბჭოს ექვემდებარებიან, რომლის ხელმძღვანელია შეიხ-ულ-ისლამ ალაშუქრი ფაშაზადე. თბილისელ მუსულმანებს ალი ალიევი ხელმძღვანელობს, აჭარლებს კი – ჯემალ პაქსაძე.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძირითადად ქრისტიანული ქვეყანაა, მისი ყოველი ათი მოქალაქიდან ერთი მუსულმანია. ბოლო დროს ისლამი ქვეყნის რიგ რაიონებში აქტუალური ხდება, მაგალითად, ეთნიკური ჩეჩნებით (იგივე ქისტებით) დასახლებულ პანკისის ხეობაში. აზერბაიჯანელებისაგან განსხვავებით, აჭარლებისა და ქისტებისათვის საქართველო მშობლიური ქვეყანაა, მაგრამ მათ ცხოვრება ისეთ გარემოში უხდებათ, სადაც ხშირად ისლამს მტრულ რელიგიად მიიჩნევენ. შესაბამისად, საქართველოს მუსულმანურმა თემმა სახელმწიფოს თავისი ლოიალობა უნდა დაუმტკიცოს“ (წყარო: http://www.republika.co.id/berita/dunia-islam/islam-digest/17/05/16/oq0u9r313-georgia-akui-islam-sebagai-agama-resmi).

Comments are closed