globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 20 ივნისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jun 20th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო – წლის საუკეთესო მოკავშირე // „ყველა ნამდვილი ამერიკელი გულით ქართველია“

«Собеседник» (რუსეთი): რატომ აქვთ რუსებს ამჟამად შედარებით კარგი დამოკიდებულება საქართველოსა და უკრაინისადმი?

«Dzennik Opini» (პოლონეთი): რა თამაშშია ჩაბმული რუსეთი? // ნიკოლა სარკოზი რუსეთისა და საქართველოს შესახებ

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 19 ივნისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-freedom-ally-2016/3382504.html

საქართველოწლის საუკეთესო მოკავშირე

ყველა ნამდვილი ამერიკელი გულით ქართველია

ია მეურმიშვილი

„თავისუფლების მოკავშირე – 2016“ – ეს ტიტული საქართველოს სამხრეთ კაროლინის შტატის დედაქალაქ კოლუმბიაში 18 ივნისს მიანიჭეს. საქართველო პირველი ნატოს არაწევრი ქვეყანაა, რომელიც ამ სტატუსს ფლობს. ღონისძიება ამერიკის კონგრესმენის ჯო უილსონის მხარდაჭერით, ორგანიზაცია „თავისუფლების ფონდმა“ განახორციელა. საზეიმო ცერემონიას ყოფილი მაღალი რანგის სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ.

გადამდგარმა ადმირალმა და დღეს საქართველოს საპატიო კონსულმა სამხრეთ კაროლინაში დევიდ შიმპმა ცერემონიის გახსნისას სულხან საბას ორბელიანის იგავი „ძალა ერთობაშია” მოუყვა და თქვა, რომ თუ საქართველო და ამერიკა ერთად გააგრძელებენ განვითარებას, მათ, ისრების კონის მსგავსად, ვერაფერი გატეხს.

სიტყვით გამოსვლისას, მან ასევე დასძინა, “ყველა ნამდვილი ამერიკელი სამშობლოს სიყვარულს საკუთარ თავზე წინ აყენებს. ყველა ნამდვილი ამერიკელი გულით ქართველია – მე ამას გულახდილად ვამბობ.”

თავისუფლების მოკავშირე 2016 ჯილდო საქართველოს ელჩს არჩილ გეგეშიძეს კონგრესმენმა ჯო უილსონმა გადასცა. სამახსოვრო დაფაზე წერია: გადაეცემა ქართველ ხალხს და საქართველოს ლიდერებს სამაგალითო და მამაცური ბრძოლისთივს თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვაში. დაფის ასლი სქართველოს ჯარის დაფასების მიზნით კონგრესმენმა სამხედრო ატაშეს ვეფხვია ჩალაბაშვილსაც გადასცა.

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა და საქართველოს და ქართველი ხალხის დაფასება. ამის მიზეზი ნათელია. გასულ წელს ავღანეთში ყოფნის დროს, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ქართველ ჯარისკაცებს შევხვდი. მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ ქვეყანა, რომელსაც ჩვენს შემდეგ სისიდით მეორე უმსხვილესი კონტინგენტი ჰყავს ავღანეთში საქართველოა“, – განაცხადა „ამერიკის ხმასთან” ექკლუზიურ ინტერვიუში კონგრესმენმა ჯო უილსონმა. მან ასევე დასძინა, “ბევრს მიაჩნია, რომ საქართველო შავ ზღვაზე მდებარე პატარა ქვეყანაა. არა! საქართველო შავ ზღვაზე მდებარე ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, სადაც არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს.”

საქართველოს მომავალზე საუბრისას კონგრესმენმა თქვა, რომ ის ქვეყნის ნატოსთან დაახლოებაზე დიდ იმედებს ამყარებს. “შარშან თბილისში ვიყავი. შევხვდი მოსახლეობას, სამხედრო მაღალჩინოსნებს, მთავრობის წარმომადგენლებს. სამწუხაროდ, ასევე ვეწვიე ადმინისტრაციულ საზღვარს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიაზე ყოველ დღე გვახსენებს. ვფიქრობ, ნატოსთან დაახლოება წინ მიიწევს და ისე როგორც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები, საქართველოც მალე გახდება ნატოს წევრი.”

კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველო ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო მოკავშირეა და მან ეს პირადად გამოსცადა. “ჩემი ოთხი ვაჟიდან სამი ჯარისკაცია და ისინი ავღანეთში და ერაყში ქართველების გვერდით იბრძოდნენ. მე მათგან ვიცი, რომ ქართველი ჯარისკაცები საუკეთესოები არიან. ისინი ნამდვილი პატრიოტები არინ.”

გადამდგარი ადმირალი დევიდ შიმპი (რომელსაც მანქანაზე ქართულ ენაზე „მე მიყვარს ღვინო“ წარწერა აქვს მიკრული, ხოლო მანანის წინა მხარეს, მრგვალ სამარკო ნიშანზე საქართველოს დროშა აქვს დაკრული) ამბობს, რომ საქართველოში ჩასვლისას ისეთი შეგრძნება აქვს, რომ სახლში დაბრუნდა. მისი თქმით, ქართველები არა მხოლოდ სამაგალითო მეგობრობის გამო უნდა დააფასოს ყველამ, არამედ იმისთვისაც, რომ ქვეყანამ ბევრი რამ გააკეთა მსოფლიო არენაზეც. “ქართველებმა საკუთარი სისხლი ამერიკელებთან ერთად ბრძოლის ველზე დაღვარეს. ეს ჩვენს შორის ძმობას კიდევ უფრო აღრმავებს. ეს ჯილდო საქართველოსთვის დიდი ხნის წინ უნდა მიგვეცა. კონგრესმენი უილსონის დახმარებით, ჩვენ დღეს ეს შევძელით,” თქვა ადმირალმა.

„თავისუფლების ფონდის“ პრეზიდენტი ჯონ ლავლედი საქართველოს ყველა სხვა მოკავშირე ქვეყნისგან განასხვავებს. ის ამბობს, რომ საქართველო ნატოს არა-წევრი პირველი ქვეყანაა, რომელსაც ფონდმა ეს ჯილდო გადასცა. „თავისუფლების ფონდი“ ამ პრესტიჟული ჯილდოს მიმღებ ქვეყანას კონგრესთან კონსულტაციებით არჩევს: „საქართველო იმის გამო შევარჩიეთ, რომ ის დემოკრატიისა და თავისუფლების იმ ღირებულებებს იცავს, რომლებისაც ჩვენ ასე გვჯერა. ამასთან, საქართველო ჩვენს გვერდით ტერორიზმთან ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტინგენტით იბრძვის, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ნატოს წევრი არ არის“.

ამერიკის არმიის გადამდგარი გენერალი ჯონ ლენტი, რომელიც ამჟამად “თავისუფლების ფონდის” უფროსი აღმასრულებელი ოფიცერია, ამბობს, რომ საქართველოს ძალიან დიდ პატივს სცემს. “მეამაყებას ის, რომ ისეთ ქვეყანასთან მაქვს ურთიერთობა, რომელმაც თავისუფლების ფასი იცის. თქვენ საუკუნეების მანძილზე ებრძოდით მტრებს. ხართ პატარა ქვეყანა და გიწევთ თავი გაართვათ რუსეთს, ქვეყანას, რომელიც ცდილობს რაც დაკარგა ძალით დაიბრუნოს.”

ამერიკის რამდენიმე სამხედრო ჯილდოს, მათ შორის, ვერცხლის ვარსკვლავის და იასამნისფერი გულის (ბრძოლის ველზე გამოჩენილი სიმამაცისთვის უმაღლესი სამხედრო ჯილდო) მფლობელი, გადამდგარი გენერალი ლენტი ამბობს, რომ საქართველო უდავოდ იმსახურებს საუკეთესო მოკავშირის ტიტულს: „თქვენ ავღანეთში 50-მდე ჯარისკაცი დაკარგეთ, 500-ზე მეტი დაიჭრა, ზოგიერთს კიდურების ამპუტირება დასჭირდა. თქვენ კარგად იცით თავისუფლების ფასი. ამიტომაც, ჩემთვის, საქართველო უდავოდ საუკეთესო მოკავშირეა“.

«Собеседник» (რუსეთი), 20 ივნისი, 2016 წელი

http://sobesednik.ru/obshchestvo/20160619-pochemu-rossiyane-stali-luchshe-otnositsya-k-ukraine-i-gruzi

რატომ აქვთ რუსებს ამჟამად შედარებით კარგი დამოკიდებულება საქართველოსა და უკრაინისადმი?

მარია კარპუხინა

(შემოკლებით)

რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტმა „ლევადა-ცენტრმა“ გამოაქვეყნა გამოკვლევა საქართველოსა და უკრაინისადმი რუსეთის მოქალაქეების დამოკიდებულების თაობაზე. დოკუმენტის მიხედვით, რუსები უკრაინას ნადეჟდა სავჩენკოს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ შედარებით უფრო კარგად უყურებენ, ხოლო საქართველოსთან მიმართებით რუსების ნეგატიურმა დამოკიდებულებამ ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაიკლო, 2005 წლიდან.

კვლევის ავტორმა, „ლევადა-ცენტრის“ სოციოლოგმა სტეპან გონჩაროვმა „სობესედნიკის“ კორესპონდენტთან საუბრისას უკრაინასა და საქართველოსთან რუსების დამოკიდებულების გაუმჯობესების მიზეზებზე ისაუბრა.

- რატომ იკლო რუსების მხრიდან საქართველოსადმი ნეგატიურმა განწყობამ?

- ქართველებს და რუსებს ერთმანეთისადმი ყველაზე ცუდი განწყობა 2008 წელს ჰქონდათ. გაუმჯობესების მიზეზი ისაა, რომ ორივე მხარე კონფლიქტს თანდათან ივიწყებს. გარდა ამისა, დადებითი როლი შეასრულა იმ ფაქტმაც, რომ შეიცვალა საქართველოს პრეზიდენტი: მიხეილ სააკაშვილი რუსების უმეტესობას ძალიან აღიზიანებდა. საერთოდ, ამ პიროვნების [არაადექვატურ მოქმედებაზე] იმდენი რამ იწერებოდა მასმედიაში, რომ მის მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულება არც იქნებოდა – არათუ დადებითი, ნეიტრალურიც კი. მიხეილ სააკაშვილისადმი ირონიული, დამცინავი განწყობა იყო. საქართველოს დღევანდელ ლიდერს კი ბევრი რუსი არც იცნობს, რადგან რუსეთ-საქართველოს თემა მასმედიაში ძველებურად აქტუალური აღარაა, შედარებით ნაკლები იწერება.

საერთოდ კი, რუსების საბაზო ურთიერთობა  დღეს ყველა ქვეყანასთან მეტ-ნაკლებად ნეიტრალურია, ზოგჯერ კი კეთილგანწყობილიც. ასე ხდება ხოლმე, როცა კონფლიქტის მწვავე ფაზა გადის – ურთიერთობა თანაბრდება. საქართველოს შემთხვევაში ამას ემატება გარკვეული ერთობლივი ისტორიული წარსული, საერთო პოზიტიური მოგონებები, უპირველესად უფროსი თაობისაგან, რომელმაც [რუსებისა და ქართველების თანაცხოვრებაზე] ბევრი რამ იცის და ახსოვს. არის ინტერესი საქართველოს მიმართ რუსი ახალგაზრდობის მხრიდანაც, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით ქართველ ახალგაზრდებზე.

რუსეთი საქართველოსთვის დიდ და მნიშვნელოვან მეზობლად ითვლება როგორც ეკონომიკის თვალსაზრისით, ასევე ოჯახური კავშირების მხრივაც: თავის დროზე რუსეთისაკენ ბევრი ქართველი წამოვიდა, ისინი აქ დაოჯახდნენ, ინარჩუნებენ სამშობლოსთანაც კავშირებს და ეს ყველაფერი პოზიტიურ გავლენას ახდენს ქართველების დამოკიდებულებაზე რუსების მიმართ. ასევე პოზიტიური ფაქტორია რუსეთში ჩამოსვლა დასაქმების მიზნით. დავუბრუნდები ისევ რუსი ახალგაზრდების განწყობას: ისინი საქართველოს არ განიხილავენ ისეთ ქვეყნად, სადაც მათ ცხოვრება, სწავლა ან მუშაობა სურთ, თუმცა აშკარაა, რომ ამ ქვეყნისადმი დამოკიდებულება ნეიტრალურიდან პოზიტიურობისაკენ იხრება.

- როგორ გგონიათ, რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია თუ არა გამოიყენოს მასმედია ან სოციოლოგიური სამსახურები რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით და ამ მეთოდით იმ ქვეყნის მოსახლეობაზე რაიმე გავლენა მოახდინოს?

- ჩემი აზრით, ეს სავსებით შესაძლებელია, თუ ამაში რაიმე აზრი იქნება ჩადებული. თუ [რუსეთის ხელისუფლება] დაინახავს, რომ საქართველოსთან [ან უკრაინასთან] ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესება აუცილებელია, მაშინ მოკოვი შეეცდება, რომ რუსულ მასმედიაში ამ ქვეყნების სახე პოზიტიურად წარმოჩნდეს. თუმცა, როგორც ჩანს, დღეს ამგვარი ამოცანა ხელისუფლების წინაშე არ დგას, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანი არ არის. აშკარაა, რომ მოსკოვისათვის უმჯობესია მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის შენარჩუნება, ამიტომაც ვერ ვხედავთ ამ ქვეყნებან ურთიერთობის გაუმჯობესების ვერანაირ სახელმწიფო პროგრამას.

ამავე დროს მიმაჩნია, რომ პერსპექტივაში საქართველოსა და რუსეთს შორის, ასევე რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები მაინც დარეგულირდება. მოსახლეობის განწყობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. პრობლემები არის, მაგრამ იმედი უნდა გვქონდეს, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება“.

«Dzennik Opini» (პოლონეთი), 19 ივნისი, 2016 წელი

http://www.krytykapolityczna.pl/artykuly/rosja/20160615/van-herpen-w-co-gra-rosja

რა თამაშშია ჩაბმული რუსეთი?

პოლონურ გაზეთში გამოქვეყნებულია ინტერვიუ მარსელ ვან-ჰერპენთან, რომელიც ჰოლანდიის ანალიტიკური ცენტრის Cicero Foundation-ის ხელმძღვანელი გახლავთ. იგი იკვლევს თანამედროვე რუსეთის პრობლემებს და ევროპული ინტეგრაციის საკითხებს. პოლიტოლოგს ჟურნალისტი მიხეილ სუტოვსკი ესაუბრება. მარსელ ვან-ჰერპენი ინტერვიუში ეხება რუს და დასავლელ პოლიტიკოსებს, მათ როლს ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაში.

შეკითხვაზე, მართლაც არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, როგორც მასზე ამბობენ, რუსული „მართვადი დემოკრატიის“ ავტორ-იდეოლოგი და მისი გამტარებელი, მარსელ ვან-ჰერპენი პასუხობს:

„პირადულად იგი აბსოლუტური ცინიკოსია, მან ვლადიმირ პუტინს „ციდან მოვლენილი ადამიანი და რუსეთის გადამრჩენელი“ უწოდა, რომლის მისია რუსეთის დიდების აღდგენაა, ანუ გამოდის, რომ მოსკოვმა კვლავ ხელში უნდა ჩაიგდოს ბელორუსია, უკრაინა, საქართველო და სომხეთი. აზერბაიჯანზე შეიძლება უარი ითქვას, რადგან ეს ქვეყანა მუსულმანური სახელმწიფოა, სამაგიეროდ არის ქრისტიანული მოლდოვა და ბალტიის ქვეყნები, რომლებიც რუსეთისაგან კალინინგრადის ოლქს „ჭრიან“. სხვათა შორის, სანამ თურქეთის რუსეთის თვითმფრინავს ჩამოაგდებდა, გაზეთ „იზვესტიაში“ დაიბეჭდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის სტატია, რომელშიც იგი წერდა, რომ თუ თურქეთი რუსეთთან კონფლიქტში ჩაებმებოდა, მაშინ მოსკოვი შურს იძიებდა და ლიტვა-ლატვა-ესტონეთს წაიღებდა: „ბალტიისპირეთი კვლავ ჩვენი გახდებაო“. ყურადღება მივაქციოთ, რომ ნიკოლაი პატრუშევმა  საბჭოური ტერმინი – „ბალტიისპირეთი“ გამოიყენა. მართალია, დასავლეთში მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქციეს, მაგრამ ნიკოლაი პატრუშევის ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ რუსები, უბრალოდ, ეძებენ casus belli-ს („ომის მიზეზს“) და თუ მოისურვებენ, კიდეც იპოვიან.

- სამწუხაროდ, როგორც ჩანს, გერმანელები და ფრანგები კლაიპედას ნავსადგურისათვის (ლიტვის პორტი ბალტიის ზღვაზე) მაინცდამაინც თავს არ მოიკლავენ…

- ფრანსუა ოლანდი საკმაოდ რბილი პოლიტიკოსია, ამიტომ მე მისგან არ მოველოდი რუსეთთან იმ კრიტიკულ დამოკიდებულებას, რომელიც მან „მისტრალთან“ დაკავშირებით გამოავლინა (მართალია, აშშ-ის ზეწოლით, მაგრამ მაინც), თუმცა საბოლოო ჯამში მან მზერა მაინც რუსეთისაკენ მიმართა და თავის მრჩევლად რუსეთის საკითხებში ფრანსუა მიტერანის მთავრობის ექს-მინისტრი ჟან-პიერ შევენმანი დანიშნა, რომელიც ძალიან პროპუტინურადაა განწყობილი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სირიისა და საერთოდ, ახლო აღმოსავლეთის კონტექსტი: ფრანგებიი თვლიან, რომ რუსეთთან მოლაპარაკებაა საჭირო.

- ვთქვათ და ფრანსუა ოლანდმა საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, მერე რა იქნება?

- გააჩნია, ვისთან წააგებს. თუ ნიკოლა სარკოზისთან, რომელიც ფრანსუა ოლანდის პოტენციურ მემკვიდრედ ითვლება, მაშინ ეს სერიოზული პრობლემა გახდება. ნიკოლა დიდი ხანია პროპუტინურ პოზიციაზე დგას. ჯერ ვფიქრობდი, რომ იგი ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან ომის დროს მოხიბლა (2008 წლის აგვისტოში), როცა მას „მომლაპარაკებლის“ როლის შესრულების უფლება მისცა (რა თქმა უნდა, რუსეთის პირობებით), თუმცა ბოლო დროს გამოსული კვლევების თანახმად ირკვევა, რომ ნიკოლა სარკოზის ცდუნება უფო ადრე მომხდარა. დავაკვირდეთ მის ტრანსფორმაციას: ჯერ კიდევ მანამდე, სანამ საფრანგეთის პრეზიდენტი გახდებოდა, მას რუსეთში წასვლა სურდა, რათა პუტინისათვის პირდაპირ ეთქვა ჩეჩნეთისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. მოგვიანებით, უკვე პრეზიდენტობის დროს, მისი მრჩეველი ანტიპუტინელი ანდრე გლუკსმანი გახდა. მაგრამ როცა 2007 წლის ივნისში დიდი რვიანის“ სამიტი ჩატარდა და სარკოზიმ ვიწრო წრეში პუტინს „ჭკუის სწავლება“ დაუწყო, რუსმა პრეზიდენტმა უთხრა, რომ ჯობდა გაჩუმებულიყო: „რუსეთი საფრანგეთზე დიდია და თუ პარიზს მოსკოვთან საქმის დაჭერა სურს, ასეთი ტონით არ უნდა ისაუბროსო“. შემდეგ იყო უცნაური პრეს-კონფერენცია, სადაც ნიკოლა სარკოზი მთვრალივით იჯდა… ალბათ, სწორედ იმ დროიდან დაიკავა მან პროპუტინური პოზიცია, რაც დღემდე გრძელდება. ხომ გვახსოვს მისი განცხადება ყირიმის თაობაზე, რომ ეს ნახევარკუნძული ყოველთვის რუსეთს ეკუთვნოდაო… თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნიკოლა სარკოზი, როგორც ჩანს, კვლავ გახდება საფრანგეთის პრეზიდენტი, მისი ეს განცხადება სკანდალურად გამოიყურება.

————

აღსანიშნავია, რომ 16 ივნისს ნიკოლა სარკოზი სიტყვით გამოვიდა სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე, მაღალ დონეზე შეაფასა რუსეთს როლი ევროპული და საერთაშორისო პრობლემების მოგვარებაში, რუსეთისათვის სანქციების მოხსნის სურვილი გამოხატა და, სხვათა შორის, საქართველოს შესახებაც ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ნიკოლა სარკოზის გამოსვლიდან:

„საქართველოს კრიზისი 4 დღეში ისე გადავწყვიტეთ, სიტუაცია ისე მოვაგვარეთ, რომ არცერთს თავისი სახე და ღირსება არ დაუკარგავს.. ვის შეუძლია ცუდის თქმა? არავის… (…) 2008 წელს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე, მე წინააღმდეგობა გავუწიე, სხვათა შორის, მადამ ანგელა მერკელთან ერთად, საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას. ჩვენ რომ ჯორჯ ბუშის დაბეჯითებული მოთხოვნისათვის დაგვეჯერებინა და საქართველო ნატოს წევრად მიგვეღო, 2008 წლის კონფლიქტს უფრო მეტად სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა. მე მინდა, რომ საფრანგეთს ნატოს სარდლობაში თავისი ღირსეული ადგილი ჰქონდეს, მაგრამ მე ამასთან ერთად ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში აღარ ვცხოვრობთ, ვარშავის პაქტის დრო უკვე ჩავლილია, ცივი ომი დასრულდა და ამიტომ ნატოს რუსეთთან კონფრონტაცია აღარ უნდა ჰქონდეს“ (იხ. წყარო: http://riafan.ru/530114-samyi-silnyi-eto-rossiya-eto-prezident-putin-11-tezisov-sarkozi-s-pmef – ვიდეოჩანაწერი).

Comments are closed