globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 20 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 20th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Голос Армении» (სომხეთი): სომხეთ-საქართველოს დიალოგი დაბრკოლებებით // ბაქო-თბილის-ანკარის სამხედრო თანამშრომლობა სომხეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს // რატომ ჭიანურდება საქართველო-სომხეთის საზღვრების დელიმიტაციის პროცესი // დავით გარეჯის პრობლემის სომხური ხედვა

«BuzzFeed News» (აშშ): რუსეთიდან სისხლით // სკოტ იანგი, ბორის ბერეზოვსკი, ბადრი პატარკაციშვილი, იური გოლუბევი… მათი სიკვდილი საიდუმლოებითაა მოცული

«The Associated Press» (აშშ): რუსული საჭმელი? არა, მოსკოველები ქართულ კერძებს ამჯობინებენ

—————–

«Голос Армении» (სომხეთი), 19 ივნისი, 2017 წელი

http://golosarmenii.am/article/54756/dialogi-s-prepyatstviyami

სომხეთ-საქართველოს დიალოგი დაბრკოლებებით

ბაქო-თბილის-ანკარის სამხედრო თანამშრომლობა სომხეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს // რატომ ჭიანურდება საქართველო-სომხეთის საზღვრების დელიმიტაციის პროცესი // დავით გარეჯის პრობლემის სომხური ხედვა

ერევნის რუსულენოვან გაზეთის «Голос Армении»-ს კორესპონდენტმა ზარა გევორქიანმა ინტერვიუ ჩამოართვა სომეხ ექსპერტებს, რომლებიც საუბრობენ როგორც თურქეთ-აზერბაიჯან- საქართველოს თანამშრომლობაზე, ასევე სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც.

სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსიტუტის დირექტორი რუბენ საფრასტიანი კომენტარს უკეთებს საქართველოში გამართულ სამხედრო სწავლებებს სქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეცქვედანაყოფების მონაწილეობით (კოდური სახელწოდება – „კავკასიური არწივი – 2017“) და აცხადებს, რომ მსგავსი სამხედრო მანევრების ჩატარება საფრთხესთანაა დაკავშირებული: „შეხედეთ რუკას და მიხვდებით – „კავკასიური არწივი – 2017“ სომხეთის წინააღმდეგაა მიმართული“, – ამბობს ექსპერტი.

მსგავსი თვალსაზრისი აქვს საქართველოს საკითხების ექსპერტს, პოლიტოლოგ ჯონი მელიქიანს, თუმცა იგი მოვლენებს ობიექტური გარემოებებით ხსნის:

„საქართველოს ნატოში გაწევრიანება სურს და თურქეთთან, ნატოს წევრთან, თბილისი აქტიურად თანამშრომლობს – მიუხედავად იმისა, რომ ანკარას დღეს თავის ნატოელ კოლეგებთან პრობლემები აქვს. აზერბაიჯანისთვის საქართველოს ერთგვარი ხიდის როლს ასრულებს თურქეთთან ურთიერთობაში. რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში სომხეთმა? ვფიქრობ, ჩვენც უნდა გავააქტიუროთ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა, რათა შევამციროთ ანკარა-ბაქოს სამხედრო თანამშრომლობის რისკები. ქართული მხარე აცხადებს, რომ მისი თანამშრომლობა რომელიმე სახელმწიფოსთან არავის წინააღმდეგ არ არისო მიმართული, მაგრამ რა ვუყოთ თურქეთსა და აზერბაიჯანს? ჩვენ ძალიან კარგად ვხვდებით, რომ ბაქოსა და ანკარას საკუთარი მიდგომები აქვთ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესების მიმართ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის  მიდგომები სომხეთის მიმართ მეგობრული არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში შეეცდება არ გადადგას სომხეთის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები, მაგრამ გასაგებია, რომ ყველაფერი საქართველოზეც არ არის დამოკიდებული. აშკარაა, რომ თბილისი, ბაქოსა და ანკარასთან თანამშრომლობის დროს, ცდილობს ბალანსის დაცვას, თანამშრომლობს სომხეთთან და ამ დროს სომხეთმაც უფრო აქტიურად უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯი. ჩვენი აქტიურობა ამ შემთხვევაში აუკიდურესად აუცილებელია“.

ჯონი მელიქიანი ეხება აგრეთვე საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაში მომხდარ სკანდალურ ფაქტს ოპოზიციური ჟურნალისტის გატაცების თაობაზე: „ეს, რასაკვირველია, ისეთი ინციდენტია, რომელიც ბაქოსა და თბილისის ურთიერთობაზე ნეგატიურად მოქმედებს. რომელი კუთხიდანაც არ უნდა შევხედოთ აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს, ყველა მიმართულებით ნონსენსს ვაწყდებით: თუ საქართველო ჟურნალისტის გატაცებაში მართლაც მონაწილეობდა – ეს ერთი ისტორიაა და ძალიან ნეგატიური. თუ არ მონაწილეობდა – მაინც არასასიამოვნო ხასიათი აქვს: ისე გამოდის, რომ აზერბაიჯანმა სპეცოპერაცია საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა, თბილისს კი ეძინა. ეს სილის გაწვნას ჰგავს… ახლა საქართველოს ხელისუფლება ცდილობს როგორმე თავი გაიმართლოს, მაგრამ ამას ისე მოუხერხებლად აკეთებს, რომ პირიქით საკუთარ თავს ზიანს აყენებს. ოპოზიცია ხელისუფლებას აზერბაიჯანის ანტიდემოკრატიულ რეჟიმთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. ბუნებრივია, ამ ფაქტმა ბაქო-თბილისის ურთიერთობებში ნეგატიური ფონი შექმნა, რომელიც გარკვეულ გავლენას მოახდენს თანამშრომლობის პერსპექტივაზეც“, – ასეთ პროგნოზს აკეთებს სომეხი ექსპერტი.

ჯონი მელიქიანი ინტერვიუში ეხება აგრეთვე სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს. სხვათა შორის, სასაზღვრო თემაზე ამას წინათ საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმაც იმსჯელეს ერევანში გამართულ შეხვედრაზე.

„რამდენადაც ვიცი, სომხური მხარე მზადაა დელიმიტაციის პროცესის გასაგრძელებლად, მაგრამ მას ქართული მხარე აბრკოლებს. აქ ერთი საინტერესო ნიუანსია, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოს პოზიციაზე. საქმე იმაშია, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარიც არ არის დელიმიტირებული, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს, პრობლემები თბილისს ბაქოსთან მეტი აქვს, ვიდრე ერევანთან. ამ კომპლექსის 80% საქართველოს ტერიტრორიაზეა, 20% კი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რაც ძალზე პრინციპული მომენტია ორივე მხარისათვის. აბა, წარმოვიდგინოთ: თუ საქართველო სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციას დაასრულებს, კაზუსი გამოვა – თბილისს თავის სტრატეგიულ მოკავშირესთან და პარტნიორ აზერბაიჯანთან სასაზღვრო პრობლემები აქვს იმ დროს, როცა [არამოკავშირე, მაგრამ] კეთილ მეზობელ სომხეთთან დელიმიტაცია უკვე დასრულებულია! ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენს ქვეყნებს შორის და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში მოგვარდება. ყოველ შემთხვევაში, მხარეებმა განაცხადეს, რომ დელიმიტაციას შემოდგომაზე დაუბრუნდებიან“, – ამბობს ინტერვიუში სომეხი ექსპერტი.

«BuzzFeed News» (აშშ), 15-20 ივნისი, 2017 წელი

https://www.buzzfeed.com/heidiblake/from-russia-with-blood-14-suspected-hits-on-british-soil?utm_term=.yl5D4r1l2R#.ikvERlJAzp

რუსეთიდან სისხლით

სკოტ იანგი, ბორის ბერეზოვსკი, ბადრი პატარკაციშვილი, იური გოლუბევი… მათი სიკვდილი საიდუმლოებითაა მოცული

პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემამ BuzzFeed News-მა გამოქვეყნა ჟურნალისტური გამოკვლევა, რომლის ავტორები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ცნობილი ადამიანების გარდაცვალება-დაღუპვის გარემოებებს ეხებიან. გამოკვლევის თანახმად, აშშ-ის სადაზვერვო ორგანოები 14 პიროვნების სიკვდილში რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მონაწილეობას ადასტურებენ.

გამოკვლევაში ნათქვამია, რომ მულტიმილიონერ სკოტ იანგისა და მისი პარტნიორების მკვლელობები ბრიტანულმა პოლიციამ ბოლომდე არ გამოიძია და ისე დახურა. მაგალითად, ბორის ბერეზოვსკის საქმე, ბადრი პატარკაციშვილის საქმე და ა.შ. „ბრიტანულმა პოლიციამ დაასკვნა, რომ ბორის ბერეზოვსკიმ თავი მოიკლა და იგი არავის მოუკლავს. ასევე არ იქნა ბოლომდე გამოძიებული ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილი, რომელიც, ოფიციალური ცნობის მიხედვით, 2008 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა, მათი ახლობელი იური გოლუბევი („იუკოს“-ის დამფუძნებელი) და სხვები.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ბორის ბერეზოვსკი ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებდა – არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც კრემლის წინააღმდეგ გამოდიოდა. კერძოდ, მან უკრაინაში 30 მილიონი დოლარი ჩადო „ნარინჯოვანი რევოლუციის“ მოსამზადებლად. ინგლისის ანტიტერორისტული უწყების თანამშრომლებმა კარგად იცოდნენ, რომ ბორის ბერეზოვსკი  არა მარტო უკრაინის, არამედ საქართველოსა და ბელორუსიის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერეოდა.

2006 წელს ლონდონში რუსეთიდან გაქცეული ალექსანდრე ლიტვინენკო მოწმალეს. მას დიდ ბრიტანეთში ბორის ბერეზოვსკი და ბადრი პატარკაციშვილი მფარველობდნენ.

მილიონერი სკოტ იანგი შეძრწუნებული იყო ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობით. მას განსაკუთრებით აშინებდა და აეჭვებდა ის, რომ ოლიგარქთა წრეებში იყო პიროვნება, რომელიც, სავარაუდოდ, მკვლელის როლს შეასრულებდა. მოგვიანებით გაირკვა, ეს პიროვნება ანდრეი ლუგოვი იყო, რომელიც ადრე ბორის ბერეზოვსკისა და ბადრი პატარკაციშვილის კომპანიების უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა. იგი შეგზავნილი პიროვნება აღმოჩნდა.

2007 წლის იანვარში ლონდონში იური გოლუბევი, „იუკოს“-ის თანადამფუძნებელი, თავის ბინაში მკვდარი იპოვეს – მოსკოვიდან მისი წამოსვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. სკოტლანდ-იარდმა გამოაცხადა, რომ მისი სიკვდილი ბუნებრივია და საეჭვო არაფერი არ არისო. მაგრამ უცნაურია, რატომ თქვა პირიქით მაშინ რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ – „არსებობს ეჭვები, რომ იგი მოკლესო“? აშშ-ის დაზვერვის ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ამგვარი განცხადებები ერთ რამეს მიანიშნებს: მოსკოვი რუსეთიდან გაქცეულებს და დაუმორჩილებელ ოლიგარქებს აფრთხილებს – თუ კრემლს არ გაუგონებთ, სიცოცხლეს გამოესალმებითო.

2007 წლის დეკემბერში ბადრი პატარკაციშვილმა სკოტლანდ-იარდს აცნობა, რომ დაგეგმილია მისი მკვლელობა, საქართველოში პოლიტიკური საქმიანობასთან დაკავშირებით. 2008 წლის 12 თებერვალს ბადრი პატარკაციშვილმა თავი ცუდად იგრძნო, წამოწვა საწოლზე, შემდეგ კი ნათესავებმა გარდაცვლილი ნახეს. როგორც აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლები ამბობენ, ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა საიდუმლოდ სთხოვეს ამერიკელ კოლეგებს ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა რუსეთთან რაიმე კავშირი იური გოლუბევისა და ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებას. „თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათ აქვთ დოსიეები, სადაც დიდ ბრიტანეთში მომხდარი მკვლელობების შესახებ ინფორმაცია ინახება. ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილთან დაკავშირებით ეჭვები ძალიან ძლიერია, – უთხრეს BuzzFeed News-ის ავტორებს აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანმა თანამშრომლებმა“, – აღნიშნულია სტატიაში.

«The Associated Press» (აშშ), 19 ივნისი, 2017 წელი

http://hosted.ap.org/dynamic/stories/s/soc_confed_cup_russian_steps?site=ap&section=home&template=default

რუსული საჭმელი? არა, მოსკოველები ქართულ კერძებს ამჯობინებენ

სტატია ეხება რუსეთში ფიფას ეგიდით დაწყებულ პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირს, რომელიც „კონფედერაციის თასის“ სახელითაა ცნობილი. ტურნირი 2 ივლისამდე გასტანს და მასში 7 ქვეყნის ეროვნული ნაკრები გუნდები მონაწილეობს (ავტორი – ჯეიმს ოლიგვორტი).

რა შუაშია საქართველო? საქმე იმაშია, რომ ტურნირის დროს ფეხბურთელები და მათი გულშემატკივრები ქართული სამზარეულოს კერძებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

„საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, კავკასიის რეგიონში მდებარეობს, ოთხი მილიონი მცხოვრებით. საქართველო ცნობილია ტრადიციულად უხვი და გემრიელი კერძებით, ღვინით, რითაც რუსების გული მოინადირეს. ქართული ტრადიციული ხაჭაპური და ხინკალი რუსეთში დიდი ხანია ფავორიტია. იგივე შეიძლება ითქვას ქართულ ღვინოზეც“, აღნიშნავს სტატიის ავტორი, რომელიც ესაუბრება მირზა ორმოცაძეს, მოსკოვის ცენტრალურ გამზირზე ახლახანს გახსნილი რესტორნის შეფ-მზარეულს. „კერძების მოსამზადებლად ჩვენ ყველაფერი  საქართველოდან მოგვაქვს“, – ამბობს იგი.

ქართული რესტორნები რუსეთში ყველგანაა და, რასაკვირველია, იმ ოთხ ქალაქშიც, სადაც „კონფედერაციის თასის“ ტურნირი ჩატარდება: მოსკოვთან ერთად სანკტ-პეტერბურგში, ყაზანში და სოჭში, მაგრამ იქ ვერ ნახავთ რუსულ ტრადიციულ საჭმელებს – სუპებს და რაგუს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იანი წლებიდან, რუსული სამზარეულო მოულოდნელად დიდი პრობლემის წინაშე დადგა – მას უცხოელი კონკურენტები გამოუჩნდნენ. თავიდანვე ჩანდა, რომ, რომ ეს წაგებული ბრძოლა იყო. რუსულ ბაზარზე სწრაფად ვრცელდებოდა პიცა, შაურმა, სუში და სხვა ეგზოტიკური კერძები.

დღეს რუსულ კერძებს ძირითადად სასადილოებში და კაფეებში თუ შეხვდებით, სადაც ფასდაკლებით მოგემსახურებიან. საზოგადოებრივი კვების ასეთი ობიექტები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არსებობდნენ, სურსათის დეფიტის პირობებში მოსახლეობა იქ იკვებებოდა. რაც შეეხება მაღალი კლასის რესტორნებს, რუსული ეროვნული კერძები იქ მხოლოდ ექსპერიმენტის სახით აქვთ.

ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის რთული, წინააღმდეგობრივი ისტორია ეროვნულ საჭმელებზეც აისახა. ბევრს ჰგონია, რომ „ბორშჩი“ რუსული კერძია, მაგრამ ის უკრაინული წარმოშობისაა. რუსებს ძალიან უყვართ ბრინჯის ფლავი ქიშმიშით, მაგრამ ეს საჭმელი შუა აზიიდან შევიდა რუსეთში.

რაც შეეხება ქართვფელ მზარეულებს, ისინი დახელოვნებულნი არიან, მათ მიერ შედგენილი მენიუ მსოფლიოს ყველანაირ კერძებს მოიცავს. როგორც მირზა ორმოცაძე ამბობს, მისი ახლობლები რესტორნებს პოლონეთში ხსნიან, ნიუ-იორკელებს კი გემრიელი ხაჭაპურით იზიდავენ.

Comments are closed