globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 20 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 20th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Die Presse» (ავსტრია): მიშა და მისი „დრაივი“: უკრაინა ქართულად?

«КоммерсантЪ» (რუსეთი): მარია გაიდარი მიხეილ სააკაშვილის მოადგილედ დაინიშნა: ისტორია „საქართველოს საზიზღარი პრეზიდენტის“ შესახებ

«КоммерсантЪ» (რუსეთი): თბილისი გულუხვობით წაილეკა: მოსკოვში, ზურაბ წერეთლის გალერეაში წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართა

————————

«Die Presse» (ავსტრია), 19 ივლისი, 2015 წელი

http://diepresse.com/home/spectrum/zeichenderzeit/4779527/Mischa-und-der-Drive

მიშა და მისი „დრაივი“: „ექსპედიცია ევროპაში“ და უკრაინა ქართულად?

(შემოკლებით)

„როცა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, მართალი გითხრათ, დავიბენი. კი, მიხეილ სააკაშვილი ცნობილია იმით, რომ მან თითქოსდა მიუკერძოებელი პოლიცია  და სამოქალაქო მომსახურების ცენტრები შექმნა, ახლა ამ ყველაფრის რეალიზებას უკრაინაშიც მოახდენს, მაგრამ… ისიც ცნობილია, რომ მან უამრავი თანხა გაატანა ქარს ბათუმში უაზრო და უსარგებლო ცათამბჯერების ასაშენებლად, რომ მას სამშობლოში პატიმრობის ორდერი ელოდება და რომ მას ომის დამწყების დაღი აზის. დღეს იმ პოლიტიკოსმა, რომელმაც 2008 წელს პრორუსული წარმონაქმნი სამხრეთ ოსეთი დაბომბა, შეიძლება იგივე გაიმეოროს პრორუსული წარმონაქმნის – დნესტრისპირეთის მიმართაც“, – წერს სტატიის ავტორი მარტინ ლაიდენფროსტი. იგი უკრაინაში დასაქმებულ რამდენიმე ათეულ ყოფილ ქართველ ჩინოვნიკს ირონიულად „ქართულ ელიტას“ უწოდებს და აფიქსირებს, რომ ეს ადამიანები „მიხეილ სააკაშვილის გუნდის“ წევრები არიან.

„ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში ახალი თანამშრომლებიდან ჯერ-ჯერობით ექვსი ქართველი და ათამდე უკრაინელი „მოხალისე“ მუშაობს. ძველი თანამშრომლები ყოველ წუთს სამსახურიდან გათავისუფლებას ელოდებიან მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, „800-დან მხოლოდ 50 თანამშრომელი უნდა დავტოვო, რომლებიც დღედაღამ იმუშავებენო“, – აღნიშნავს პუბლიკაციის ავტორი, რომელიც ერთ-ერთ ქართველ [ყოფილ] დიპლომატს, სახელად თემურს ესაუბრება (მას თურმე 3 ინსტიტუტი აქვს დამთავრებული და 16 წელია უკრაინაში იმყოფება). „მიშა შემოდგომაზე, ოქტომბერში უკრაინის პრემიერ-მინისტრი გახდება. იგი გენიალური ლიდერია. მიხეილ სააკაშვილს  მხოლოდ ოთხი საათი სძინავს, იგი ამერიკული სტილით მუშაობს. მართალია, ქართველები ტრადიციების მოყვარული ხალხია, მათთვის ამერიკული და ევროკავშირის სტანდარტები უცხოა, მაგრამ მიშამ ქართველები ამ სტანდარტებს მიაჩვია“. თემურმა თავისი პროგნოზით გამაკვირვა: უკრაინელები უფრო ღია ხალხია, უფრო ევროპელები არიან, უფრო კანონმორჩილნი და ამიტომაც აქ რეფორმების გატარება შედარებით ადვილია“.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 18 ივლისი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2771429

მარია გაიდარი მიხეილ სააკაშვილის მოადგილედ დაინიშნა: ისტორია „საქართველოს საზიზღარი პრეზიდენტის“ შესახებ

როგორც ცნობილია, ცნობილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, 32 წლის მარია გაიდარი ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თავის მოადგილედ დანიშნა. მარია გაიდარი ინტერვიუში „კომერსანტის“ კორესპონდენტის ილია ბალაბანოვის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს. გთავაზობთ ამონარიდებს:

- როგორ დაიბადა იდეა თქვენი დანიშვნის თაობაზე?

- ალბთ, არიან ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ, თუ ვინ არიან მაშა და მიშა… მათ ჩვენ ერთმანეთთან დაგვაკავშირეს. მე ოდესაში პირველად სამი კვირის წინ ვიყავი, ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილს და მისი გუნდის წევრებს. იმ პროცესებმა, რომლებიც აქ, ოდესაში მიმდინარეობს, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შემდეგ მიხეილმა თანამდებობა შემომთავაზა და მეც დავთანხმდი.

- მანამდე თუ შეხვედრიხართ მიხეილ სააკაშვილს და პეტრო პოროშენკოს?

- არა, მე მათთან კონტაქტი არასდროს აქ მქონია, თუმცა რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რასაკვირველია, მე თვალს ვადევნებდი მის საქმიანობას და დადებით რეფორმებს საქართველოში.

- უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენ, ალბათ, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინის მოქალაქეობას მოგანიჭებთ, მაგრამ მოისმინეთ რუსი დეპუტატების განცხადებები? ისინი ამბობენ, რომ თქვენ რუსეთის მოქალაქობა უნდა ჩამოგართვან…

- ეს ჩემთვის ძალიან საწყენი და ტრაგიკული მომენტი იქნება. მაგრამ რა უნდა გავაკეთო? სამწუხაროა, რომ ბნელეთის მოციქულები ყველანაირად ცდილობენ თავიანთი განზრახვის შესრულებას, შეიძლება ჩემი დაპატიმრებაც მოითხოვონ. იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება. ამასთან, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ საქმის კეთება, რომლისაც მჯერა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყო მიხეილ სააკაშვილის გუნდში, რომლებთაც ქვეყანაში რაღაცის სასიკეთოდ შეცვლა სურთ“.

————–

უკრაინის მასმედიაში გამოქვეყნდა ზოგიერთი კომპრომატული ხასიათის მასალა, რომელიც მარია გაიდარის მიერ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გაკეთებულ შეფასებებს ასახავს. მაგალითად, [რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში], 2008 წლის 12 აგვისტოთი დათარიღებულ ბლოგში მას ასე ჩაუწერია: „საქართველო მსოფლიოში ყველაზე ცუდი სახელმწიფო ნამდვილად არ არის. გეთანხმებით, იქ არის საზიზღარი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ზოგადად ქართველები საკმაოდ კარგად გამოიყურებიან დანარჩენი კავკასიელთა ფონზე… ბოლოსდაბოლოს, ისინი ქრისტიანები არიან“.

სხვათა შორის, რუსეთის კიროვის ოლქის გუბერნატორმა, ოპოზიციონერმა ნიკიტა ბელიხმა, რომლის მოადგილედ 2009-2011 წლებში მარია გაიდარი მუშაობდა, ნეგატიურად შეაფასა მისი გადაწყვეტილება დათანხმებულიყო ოდესის ოლქის ვიცე-გუბერნატორად დანიშვნაზე. ნიკიტა ბელიხის თქმით, „რუსეთისადმი მკვეთრად ნეგატიურად განწყობილი ისეთი პიროვნების გუნდში მისვლა, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, ნიშნავს, რომ შენ უპირისპირდები არა მარტო რუსეთის ხელისუფლებას, არამედ რუსეთის მოსახლეობასაც“.

(წყაროები:  http://obozrevatel.com/politics/68231-est-otvratnyij-saakashvili–gajdar-pripomnili-nelestnyie-slova-o-bosse.htm; http://www.kommersant.ru/doc/2771779

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 20 ივლისი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2771868

თბილისი გულუხვობით წაილეკა: მოსკოვში, ზურაბ წერეთლის გალერეაში წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართა

„ზურაბ წერეთლის ხელოვნების გალერეაში საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. ინიციატივა მომღერალ მირანდა მირიანაშვილს ეკუთვნის. საქველმოქმედო საღამოზე საქართველოს დედაქალაქისათვის დაახლოებით ნახევარი მილიონი ევრო შეგროვდა“, – აღნიშნულია გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – ევგენია მილოვა).

ქართული ეროვნული კოლორიტით გაფორმებულ გალერეაში ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, როგორც ძველი თბილისის ქუჩებს შეჰფერის. მოეწყო ხილის გაყიდვა, ჩატარდა კონცერტიც… ხილს და მურაბებს ჟურნალისტი სოფიკო შევარდნაძე ყიდდა, კარგად ივაჭრეს რადიოსადგურ „ეხო მოსკოვის“ მთავარმა რედაქტორმა ალესეი ბენედიქტოვმა, ცნობილმა ბიზნესმენებმა დავით იაკობაშვილმა, ანზორ ავქსენტიევ-კიკალიშვილმა… თბილისელების მხარდასაჭრერად საღამოზე მოვიდნენ ბიზნესმენები ლეონარდ ბლავატნიკი, სერგეი სარქისოვი და თამაზ მანაშეროვი, „ნეზავისიმია გაზეტას“ მფლობელები კონტანტინ და ელენა რემჩუკოვები, რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში მიხეილ შვიდკოი და სხვები.

გალერეაში მოწყობილ აუქციონზე გაიყიდა ლოტი თბილისში გამოსასვლელ დღეებში ექსკურსიის თაობაზე, რომელიც ვახტანგ კიკაბიძესთან და ნანი ბრეგვაძესთან ერთად ვახშმსაც ითვალისწინებს (შეიძინა ბიზნესმენმა მარინა ლებედევამ 15 ათას ევროდ), აგრეთვე ნინო ქათამაძის, მირანდა მირიანიშვილისა და თეონა კონტრიძის კონცერტის ლოტი (შეიძინა დავით იაკობაშვილმა 50 ათას ევროდ)…

საქველმოქმედო საღამოზე საკმაო ინტრიგაც იყო: გაიყიდა საიველირო სააღდგომო კვერცხიც, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს ნათლობის დროს აჩუქა. ლოტი, რასაკვირველია, ქალბატონმა შევარდნაძემ წარადგინა (კვერცხი 80 ათას ევროდ შეიძინა რუსმა ბიზნესმენმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა). საინტერესოა, რომ მან კვერცხი ოჯახს უკანვე დაუბრუნა. გარდა ამისა, სარამოს ზოგიერთ მონაწილეს შორის პირდაპირ შეჯიბრი გაიმართა, თუ ვის დახატავდა ზურაბ წერეთელი თავისი ფუნჯით. ლოტსაც ასე ერქვა – „პორტრეტი ზურაბ წერეთლის ფუნჯით“. თამაზ მანაშეროვს თავისი მეუღლის – ივეტას პორტრეტის დახატვა სურდა, ამ დროს კი ალექსეი ბენედიქტოვმა ვლადიმირ პუტინის პორტრეტის დახატვა მოისურვა და ჯიბეზე ხელი გაიკრა. „რაზეა ლაპარაკი, პუტინს უცებ დაგიხატავ“, – უთხრა მხატვარმა დამკვეთს. როგორც ცნობილია, ზურაბ წერეთელს ვლადიმირ პუტინის პორტრეტების ხატვა მართლაც კარგად ეხერხება. მათი დავა მოულოდნელად შეწყდა: ერთ-ერთი სტუმრის მომხიბლავი ახალგაზრდა მეუღლე წამოდგა და განაცხადა: „მე ჩემმა ქმარმა განუსაზღვრელი ბიუჯეტის ხარჯვის ნება მოცა, რომ ჩემი პორტრეტი დახატოთ“. „ახლავე მონახაზს გავაკეთებ, ვფიქრობ, დილისთვის უკვე მზად იქნება“, – თვალები გაკვესა ზურაბ წერეტელმა. ფინალი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, საბოლოოდ მასპინძლებმაც და სტუმრებმაც, ვაჭრობისა და აუქციონის დასრულების შემდეგ, მაგიდები მისწი-მოსწიეს და ქართულ-თბილისური დროსტარება გამართეს, რომელიც დილის სამ საათამდე გაგრძელდა.

Comments are closed