globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 20 ივლისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jul 20th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): საქართველო ევროკავშირს მოუწოდებს, რომ „ბრექსითის“ შემდეგ ბრიუსელმა რუსეთთან მიმართებით თავისი პოზიციები არ შეარბილოს

«RFE//RL – რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპა» (აშშ): საქართველოს პრემიერი თურქეთში – დაძაბულობის ნიშნების ფონზე

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რეჯეპ ერდოღანისა და ფეთულა გულენის დუელი საქართველოში

«Независимая газета» (რუსეთი): რეჯეპ ერდოღანს ხალიფატის ჩამოყალიბებისაკენ მოუწოდებენ // ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ისლამისტებს მფარველობს

———————-

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი), 19 ივლისი, 2016 წელი

http://www.ft.com/cms/s/0/2f0048b0-49bf-11e6-8d68-72e9211e86ab.html#axzz4EqSte2mb

საქართველო ევროკავშირს მოუწოდებს, რომ „ბრექსითის“ შემდეგ ბრიუსელმა რუსეთთან მიმართებით თავისი პოზიციები არ შეარბილოს

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირს მოუწოდა არ დაუშვას, რომ დიდი ბრიტანეთის გასვლამ გავლენა მოახდინოს ევროკავშირის აღმოსავლურ [რუსეთის მიმართ გატარებულ] პოლიტიკაზე. გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მოსკოვის მიმართ შერბილებული პოზიცია რუსეთის მხრიდან საქართველოს საზღვრების ახალ დარღვევას გამოიწვევს, – აღნიშნავს გაზეთის კორესპონდენტი ჰენრი ფოი, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს ბათუმში ყოფნის დროს ინტერვიუ ჩამოართვა.

„ბრექსითს“ პრობლემა არ გადაუწყვეტია, „ბრექსითმა“ პრობლემას კიდევ ახალი პრობლემა დაუმატა. ეს ნიშნავს, რომ უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ. ევროპამ ეს უნდა გაითვალისწინოს“, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი ინტერვიუში, – რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები ისევ ძველებური რჩება. ამიტომაც, თუ ჩვენ პირდაპირ არ განვუცხადებთ რუსეთს, რომ არ ვღებულობთ თამაშის ასეთ წესებს, მაშინ ადვილად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენ სხვა საქართველოსა და სხვა უკრაინის მოწმენი გავხდებით“.

„ნატო [ვარშავის სამიტზე] საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებას დაპირდა, ვალდებულება აიღო, რომ შავიზღვისპირეთის რეგიონს მეტ რესურებს მოახმარს, მაგრამ საქართველოსთვის გაწევრიანება არ შეუთავაზებია. არადა, ეს ქვეყანა  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლაზე ოცნებობს“, – წერს ჰენრი ფოი.

„იმ საკითხის იგნორირება – საჭიროა თუ არა საქართველოს და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რეალობის უარყოფას ნიშნავს. ჩვენ უფრო მეტი სიმტკიცის გამოჩენა გვმართებს. ეს აშკარად უნდა ვაღიაროთ“, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

ქართველი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ „ბრექსითის“ შემდეგ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების იმედები გაუცრუვდება. ევროკავშირთან შეთანხმება, რომელიც ამას წინათ შევიდა ძალაში, საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას აძლევს (და შეიძლება ითქვას, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების მანიშნებელიც არის), თუმცა საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზებაზე მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება. „საქართველომ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შეასრულა და ახლა გადაწყვეტილებას ველოდებით. გვინდა, რომ ეს სწრაფად მოხდეს… რასაკვირველია, პროცესის გაჭიანურება არ მოგვწონს, მაგრამ გვესმის, თუ რატომ ხდება ასე – ეს „ბრექსითთან“ არის დაკავშირებული, რომელიხც ახალი პოლიტიკური გამოწვევაა“.

როგორც „ფაინენშელ თაიმსის“ კორესპონდენტი აღნიშნავს, საქართველო ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ყველაზე აქტიური წევრია. საქართველო, მოლდოვასა და უკრაინისაგან განსხვავებით, მტკიცე პროდასავლურ კურსს ახორციელებს. ამასთან, გიორგი მარგველაშვილი გარკვეულ შეშფოთებას გამოახატავს: იმის გამო, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაში პროგრესი ნაკლებად შესამჩნევია და, შესაბამისად, ქართველი ელექტორატი იმედგაცრუებულია, არაა გამორიცხული, რომ ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს პროდასავლური პარტიები ხმებს დაკარგავენ; „სხვაგვარად რომ ვთქვათ, პრორუსული პარტიები ანუ „ევროსკეპტიკოსები“ და „ნატოსკეპტიკოსები“ პარლამენტში აღმოჩნდებიან“, – ამბობს ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი.

«RFE//RL – რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპა» (აშშ), 20 ივლისი, 2016 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/saqartvelos-premieri-turketshi/27867060.html

საქართველოს პრემიერი თურქეთშიდაძაბულობის ნიშნების ფონზე

ლელა კუნჭულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველ ოფიციალურ ვიზიტს თურქეთში წინ უსწრებდა არასასურველი სიგნალები ორი ქვეყნის ურთიერთობებში, რაც 16 ივლისის წარუმატებელ სამხედრო გადატრიალებას უკავშირდება. უფრო კონკრეტულად კი, თურქეთს არ მოსწონს, რომ საქართველოში მუშაობს სასწავლო დაწესებულებები, რომლებსაც ანკარის მიერ პუტჩის მთავარ ორგანიზატორად შერაცხილი და პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოანის უმთავრეს მტრად მიჩნეული ფეტულა გიულენი აფინანსებს. ანკარა მიიჩნევს, რომ გიულენის სკოლები და დაწესებულებები კარგ ნიადაგს წარმოადგენს ტერორიზმის ხელშეწყობისთვის. რამდენად შესაძლებელია, რომ ამ ფაქტორმა დაძაბოს ორი მეზობელი ქვეყნის – საქართველოსა და თურქეთის – კეთილმეზობლური ურთიერთობები?

საქართველოს სამთავრობო დელეგაციას, რომელსაც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს, 19 ივლისს ანკარის საერთაშორისო აეროპორტშითურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აჰმეთ არსლანი დახვდა. ოფიციალური წყაროს ცნობით, „თურქეთის ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს და მას რეგიონის სტაბილურობის კუთხით განიხილავს“. ვიდრე საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართებოდა და ხელი მოეწერებოდა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს და, ასევე, ვიდრე გაიმართებოდა შეხვედრები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმსა და პარლამენტის თავმჯდომარე ისმაილ ქაჰრამანთან, გიორგი კვირიკაშვილი ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და ხსოვნის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერში ათათურქს „მეოცე საუკუნის ერთ-ერთიუდიდესი მოღვაწე“ უწოდა, რომელმაც გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა კაცობრიობის ისტორიაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში მრავალგზის აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა სულ უფრო ვითარდება პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების თუ კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში. თურქეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდამტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხოლო გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სახელით გამოხატა მწუხარება თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს გარდაცვლილთა გამო. საქართველოს პრემიერმა თურქეთის სახელმწიფოსა და თურქ ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა.

ყველაფერი, რაც 19 ივლისს, პუტჩის მცდელობამდე კარგა ხნით ადრე დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, მოხდა, სავსებით შეეფერებოდა ორი ქვეყნის მეგობრობას, პარტნიორობასა და კეთილმეზობლობას. ოფიციალურად არ თქმულა, რომ საუბარი შეეხო ანკარისთვის პრობლემურ თემას, რაც თურქი სასულიერო პირის, ამჟამად აშშ–ში მცხოვრები გავლენიანი ფეტულა გიულენის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკავშირდება. კერძოდ, ორიოდე დღის წინ აჭარის ტელევიზიის ეთერში თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა გააკეთა განცხადება, რომ ბათუმში მოქმედი შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი, რომელსაც გიულენი აფინანსებს, ტერორიზმს უწყობს ხელს. მას შემდეგ, რაც ამ ბრალდებას პროტესტი მოჰყვა საქართველოში, გენერალური კონსულის განცხადებას არასწორად ინტერპრეტირებული გაუგებრობა უწოდა თურქეთის ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ, თუმცა მისი განმარტების შინაარსიც ტერორიზმის თემას უკავშირდება:

„არც ის (გენერალური კონსული) და არც ჩვენ ვამბობთ, რომ კონკრეტული სკოლების მოსწავლეები ანდა ამ სკოლების კურსდამთავრებულები საქართველოში ტერორისტები არიან. ეს სრული გაუგებრობაა. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვუზიარებთ ქართველ პარტნიორებს შეშფოთებას, რომ ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობა მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის დაკავშირებულია გარკვეული სასწავლო დაწესებულებების მართვასთან. სხვა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მსგავსად, ჩვენ განვაგრძობთ საკითხის განხილვას საქართველოს ხელისუფლებასთან, ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული შესანიშნავი ურთიერთობის ფარგლებში“.

ფეტულა გიულენის სახელი საქართველოში არაერთ საგანმანათლებლო დაწესებულებას უკავშირდება და მათ შორის არის, მაგალითად, შავი ზღვის უნივერსიტეტი თბილისში, დემირელის სახელობის სკოლა თბილისში, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი ბათუმში თუ დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა ქუთაისში. ამ დაწესებულებების მესვეურები კატეგორიულად არ იზიარებენ ანკარის მიერ წამოყენებულ ბრალდებებს ტერორიზმთან დაკავშირებით და მათ შორის არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძეც. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, არაფერი მეტყველებს გიულენის კავშირზე ტერორისტულ იდეებთან:

„თუ ის ტერორისტია, მაშინ როგორ ცხოვრობს ის 1999 წლიდან შშ–ში და ამ დემოკრატიულ ქვეყანაში როგორ მისცეს მას თავშესაფარი? ფეტულა გიულენი სასარგებლო საქმიანობას ახორციელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც ფუნქციონირებს მისი მხარდაჭერით რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულება და მისი მოძრაობა ქადაგებს ცივილიზაციებს შორის დიალოგს, მშვიდობასა და რელიგიურ შემწყნარებლობას“.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, ანალიტიკოსებს ეჭვიც არ შეჰპარვიათ, რომ ამ საკითხზე საუბარი აუცილებლად მოუწევდა პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ანკარაში მისი ვიზიტის ფარგლებში. თუმცა ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ალეკო კვახაძე თითქმის დარწმუნებულია, რომ ანკარა პირდაპირ ვერ მოსთხოვს თბილისს ფეტულა გიულენის სახელთან დაკავშირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვას და პრობლემა ბზარს ვერ გააჩენს ორი ქვეყნის ურთიერთობებში:

„ჩვენთან მოქმედი სასწავლებლების თემა უფრო ლოკალური ხასიათისაა და იმდენად აქტუალური არ არის თურქეთის საზოგადოებაში, როგორც აშშ-ის მიერ ფეტულა გიულენის თურქეთისთვის გადაცემის საკითხი… კავკასიის რეგიონში თურქეთის ყველაზე მთავარ მოკავშირე ქვეყანაში – აზერბაიჯანშიც – არ არის დახურული გიულენის სახელთან დაკავშირებული ყველა სკოლა, თუმცა ალიევის ხელისუფლებამ დახურა რამდენიმე სკოლა. ანუ არ არის ასე ცალსახად, რომ ერთი ხელის მოსმით მოითხოვონ ყველა სკოლის დახურვა და ყველა სკოლა დაიხუროს“.

თუმცა ანალიტიკოსთა რიგებში ერთი ნაწილი მაინც არ მოელის ასეთ იოლ გამოსავალს – საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების მიუხედავად, ფაქტია, რომ 16 ივლისის წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ანკარა არ აპირებს ყურადღების მოდუნებას ფეტულა გიულენისა და მისი საქმიანობის მისამართით. იმის გამო, რომ პუტჩის ორგანიზებაში დადანაშაულებული პირის მყისიერი ექსტრადირება არ მოახდინა, ანკარა ვაშინგტონსაც გაუნაწყენდა და თურქეთის პრემიერმა აშშ-ს ტერორიზმთან ბრძოლის ორმაგ სტანდარტებში დასდო ბრალი. სამშაბათს პრემიერმა ილდირიმმა თურქეთის პარლამენტს განუცხადა, რომ ანკარამ აშშ-ში ოთხი დოსიე გაგზავნა გიულენის ექსტრადიციის მოთხოვნით. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მანამდე განაცხადა, რომ აშშ უარს არ ამბობს ექსტრადიციაზე, თუმცა მას შესაბამისი მტკიცებულებები ესაჭიროება და არ არის საკმარისი მხოლოდ ბრალდებების არსებობა.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 20 ივლისი, 2016 წელი

www.amerikiskhma.com/a/turkey-pushes-to-close-fethullah-gulen-schools-in-georgia/3424248.html

რეჯეპ ერდოღანისა და ფეთულა გულენის დუელი საქართველოში

ზაზა წულაძე

თურქეთი აძლიერებს საგარეო-პოლიტიკურ ზეწოლას იმ ქვეყნებზე, სადაც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავარი მოწინააღმდეგის, ოფიციალური ანკარის მიერ სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორად შერაცხული – ფეთულა გულენის პოზიციები ძლიერია. მათ რიცხვში აღმოჩნდა საქართველოც, სადაც ფეთულა გულენის მოძრაობა „ჰიზმეთი“ ანუ „მსახურება“ რამდენიმე კერძო სკოლასა და უნივერსიტეტს ფლობს.

15-16 ივლისის სისხლიანი ღამის შემდეგ, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში იასინ თემიზქანმა პირდაპირ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას დახუროს ფეთულა გულენის საგანმანათლებლო ქსელი, სადაც მისივე თქმით, „ტერორისტებს ზრდიან“. ამგვარი ხისტი, არადიპლომატიური განცხადების გასწორება, მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვეულმა თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ სცადა. მან ყველაფერი თარჯიმანს დააბრალა, თუმცა ელჩმაც გამოხატა შეშფოთება ფეთულა გულენის მოძრაობის მიერ სკოლების მართვის გამო.

ასეთ სკანდალურ ფონზე განხორციელდა 19 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ანკარაში, სადაც ის თურქეთის პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი, თურქოლოგი ემზარ მაკარაძე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ თურქეთმა, შესაძლოა, კიდევ უფრო გააძლიეროს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე და შეეცადოს, გულენის ქსელს სერიოზული პრობლემები შეუქმნას: „ამგვარი პოლიტიკით უნდა დღეს, პრეზიდენტ ერდოღანს თავისი პოზიციების განმტკიცება, იმ შელახული მდგომარეობიდან გამოსვლა, რომელიც ქვეყანაში აქვს. ამიტომ გამორიცხული არაფერია, ზეწოლა იქნება. სკოლები დახურო, გარეკო, გააუქმო, ეს ადვილი გასაკეთებელია, მაგრამ თუ დახურვას ითხოვ, ამის მიზეზი უნდა გქონდეს, ეს მოთხოვნა ფაქტობრივ, დოკუმენტურ მასალაზე უნდა იყოს დაყრდნობილი, ე.წ „ტერორიზმის“ ერთი ფაქტი ხომ მაინც უნდა დაფიქსირდეს?“

ფეთულა გულენის მოძრაობა „ჰიზმეთი“ საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე გამოჩნდა და 1994 წლიდან, „ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის“ ქოლგის ქვეშ, ეტაპობრივად, რამდენიმე, კერძო სკოლა და უნივერსიტეტი გახსნა. გულენის ოფიციალური გვერდი ინტერნეტში 32 ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც მუშაობს – http://fgulen.com/ge/, მის სკოლებსა და უნივერსიტეტში კი 95 პროცენტი, საქართველოს მოქალაქე ასწავლის და სწავლობს.

დღეისათვის ფეთულა გულენის სწავლების მიმდევარი თურქი ბიზნესმენები საქართველოში მართავენ: თურქეთის ყოფილი პრემიერისა და პრეზიდენტის სულეიმან დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს, სკოლა-ლიცეუმ „სხივს“ და ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლას თბილისში; შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს რუსთავში; დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლას მარნეულში; ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ქუთაისში და თურქეთის ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრის, ქართული წარმოშობის, რაფაედინ შაჰინის-ლორთქიფანიძის სახელობის სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობას“ ბათუმში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელსაც, Webometrics-ის რეიტინგით, საქართველოში მეოთხე ადგილი უკავია (რექტორი – ილიას ჩილოღლუ), ასევე „ჰიზმეთის“ ქსელთან არის დაკავშირებული. საინტერესოა, რომ ამ უნივერსიტეტის ფონდ „აღორძინების“ დამფუძნებელი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა – გიული ალასანია გახლავთ.

ყველა ზემოთჩამოთვლილ სასწავლებელს აქვს საქართველოს განათლების სამინისტროს ოფიციალური აკრედიტაცია და სწავლებაც, სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამით, ქართულ ენაზე მიმდინარეობს. მოსწავლეებს გაძლიერებულად ასწავლიან დასავლურ ევროპულ ენებს, ხოლო თურქული ენის შესწავლა არჩევითია.

ემზარ მაკარაძე წლების მანძილზე, ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლაში საქართველოს ისტორიას ასწავლიდა, ეს სკოლა დაამთავრა მისმა შვილმაც. პროფესორი ამბობს, რომ დაუშვებელია თურქეთის შიდა პოლიტიკურ გარჩევებს საქართველოში ეს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ქსელი შეეწიროს.

„ფეთულა გულენის სწავლება, მოძღვრება არ არის დაკავშირებული რაიმე ფუნდამენტალისტურ იდეებთან, მისი იდეოლოგია არის უფრო პროდასავლური, ევროპულ ღირებულებებზე რბილ, ევროისლამზე ანუ ისლამის გათანამედროვეობაზე აგებული. ეს საგანმანათლებლო ქსელი მსოფლიოს 160 ქვეყანაში 1600-მდე სკოლას მოიცავს. მთავარი დედააზრი ამ მოძრაობისა არის მშვიდობა, ახალი თურქეთი, ახალი ისლამი, განათლება, მეცნიერება, პაციფიზმი და კონფესიებს შორის მუდმივი დიალოგი… როცა თურქეთის საელჩო და საკონსულო გულენის ქსელს ახსენებს, მე ვსვამ კითხვას, რატომ არ ინტერესდებიან ისინი საქართველოში მოდებული მედრესეებით და რელიგიური სკოლებით? რომლებსაც აკრედიტაციაც კი არ აქვთ? ვფიქრობ, პრობლემას იმ ჭრილიდან უნდა შევხედოთ, საიდანაც საშიშროება უფრო მეტია“, – ამბობს ემზარ მაკარაძე.

75 წლის ფეთულა გულენი, მწერალი, თეოლოგი და მქადაგებელი, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან მუსლიმ ლიდერად მიიჩნევა მსოფლიოში. იგი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს სამშობლოში, მიუხედავად იმისა, რომ 1999 წლიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და თურქეთში მასზე ძებნაა გამოცხადებული. დღეს ერდოღანის მთავრობამ მისი ექსტრადირება ოფიციალურად მოითხოვა.

2002 წელს, საპარლამენტო არჩევნების მოსაგებად, ფეთულა გულენმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინა სამართლიანობისა და განვითარების პარტიას, რამაც დასაბამი მისცა რეჯეპ ერდოღანის 14 წლიან მმართველობას თურქეთის ისტორიაში, თუმცა ურთიერთობა მოკავშირეებს შორის მალევე გაცივდა. რეჯეპ ერდოღანმა ფეთულა გულენისა და „ჰიზმეთის“ გავლენა თურქული საზოგადოებაზე, განათლების სისტემაზე, ჯარზე, სასამართლოზე, პროკურატურასა და მედიაზე მისი ძალაუფლებისთვის უაღრესად სახიფათოდ მიიჩნია.

2013-14 წლების შემდეგ, როცა ფეთულა გულენის მიმდევარმა მოსამართლეებმა და პროკურორებმა რეჯეპ ერდოღანისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, უპრეცედენტო კორუფციული საქმე წამოიწყეს, თურქეთის პრეზიდენტი შანსს არ უშვებს ხელიდან გულენისტები უმკაცრესად დასაჯოს. ანკარამ 2014-15 წლებში მიაღწია ფეთულა გულენის სკოლების დახურვას: აზერბაიჯანში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, რუსეთის, გერმანიისა და ერაყის რამდენიმე ქალაქში. ოფიციალური ბაქო კიდევ უფრო შორს წავიდა და გულენთან კავშირის გამო რამდენიმე აზერბაიჯანელი ჩინოვნიკი და თურქეთის მოქალაქეც კი დააპატიმრა.

ექსპერტების აზრით, 15-16 ივლისის მოვლენები თურქეთის ლიდერისთვის კიდევ უფრო იდეალური ფონია. თურქეთის ზეწოლით, ორი დღის წინ, სომალის ხელისუფლებამ ერთი კვირა მისცა გულენისტებს დაკეტონ მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა სკოლა და სომალი დატოვონ. გუშინ კი აზერბაიჯანში, კერძო ტელეარხი გათიშეს მხოლოდ იმის გამო, რომ იქ გულენის ინტერვიუ უნდა გასულიყო. თავად თურქეთში განათლების სამინისტრომ უკვე 15 000 თანამშრომელს შეუჩერა კონტრაქტი, 21 000 პედაგოგს ლიცენზია გაუუქმა, ხოლო უნივერისტეტებში 1500-ზე მეტ დეკანს მკაცრად უბრძანეს, გადადგომის თაობაზე განცხადება თავად დაეწერათ.

მოკლედ, ფეთულა  გიულენის მომხრეებზე ნამდვილი ნადირობის სეზონია გახსნილი.

რა გზავნილები მიიღო პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთში და რა ელოდება ფეთულა გულენის საგანმანათლებლო ქსელს საქართველოში, ეს, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

«Независимая газета» (რუსეთი), 20 ივლისი, 2016 წელი

http://www.ng.ru/ng_religii/2016-07-20/1_halifat.html

რეჯეპ ერდოღანს ხალიფატის ჩამოყალიბებისაკენ მოუწოდებენ

ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ისლამისტებს მფარველობს

(შემოკლებით)

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ერდოღანის მოქმედება ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰიზბ-უთ-თაჰრირ-ალ-ისლამ“-მა („ჰთი“ – „ისლამური თავისუფლების პარტია“) მოიწონა და იმედი გამოხატა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება, შესაბამისად, ისლამიზაციის პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება. „მოვუწოდებთ თურქ ხალხს, რომელიც გაბედულად წინ აღუდგა პუტჩისტებს, რომ ასევე ენერგიულად მოითხოვონ წმინდა ხალიფატის შექმნა. მოვუწოდებთ, რომ უარყოს ყველა სხვა იდეა და პროექტი ისევე, როგორც გადატრიალება უარყვეს“, – ნათქვამია „ჰთი“-ს განცხადებაში. მკითხველს შევახსენებთ, რომ ხალიფატის შექმნა რეჯებ ერდოღანის პოლიტიკურ იდეალს წარმოადგენს იმ დროიდან, როგორც კი მან ფეხი პოლიტიკაში შედგა, – წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“.

საინტერესოა, რომ ზემოაღნიშნულ ტერორისტულ ორგანიზაციას რეჯეპ ერდოღანის მიმართ ადრე ორმაგი დამოკიდებულება ჰქონდა; ერთი მხრივ, პრეზიდენტს ქვეყნის ნატოს წევრობის გამო აკრიტიკებდნენ, არ სურდათ თურქეთის ევროინტეგრირება და საერთოდ, „ურწმუნო და ურჯულო“ დასავლეთთან დაახლოების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, მეორე მხრივ კი მიესალმებოდნენ ქვეყნის ლიდერის იდეას, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის ახალ ოსმალეთად – ხალიფატად გადაქცევას გულისხმობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისლამისტების აზრით, რეჯეპ ერდოღანის ბრალი იმაშია, იგი არასაკმარისად ისლამურ პოლიტიკას ატარებს.

ჩრდილოკავკასიელი და ვოლგისპირელი, აგრეთვე შუააზიელი ისლამისტები თურქეთის პრეზიდენტს „ძმა რეჯეპს, მსოფლიოს მუსულმანთა მეგობარს“ უწოდებენ. როგორც ცნობილია, „ძმა რეჯეპიც“ თავის საზღვარგარეთელ ძმობილებს გულისხმიერებით პასუხობს: თურქეთის სტრატეგიულ ინტერესებში უკვე ორი ათეული წელია შედის შუა აზია (ირანულენოვან ტაჯიკეთის ჩათვლით), ვოლგისპირეთი, ჩრდილოეთი კავკასია, აზერბაიჯანი… 2014 წლიდან კი თურქეთის „დობილ-ძმობილთა“ სიაში უკრაინაც ჩაეწერა: კიეველი სტრატეგების ანტირუსულ გეგმებში, სხვა მიზნებთან ერთად, შედის ალიანსი რადიკალ-ისლამისტებთან, მათი მეშვეობით კი თურქეთთან, რომელიც უკრაინაში დაბუდებულ „წვეროსან ინტერნაციონალს“ მფარველობს.

სხვათა შორის, უკრაინაში მიიჩნევენ, რომ თურქეთთან საკმაოდ მტკიცე კავშირები აქვს ოდესის ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც, საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის დროს, სამხრეთ კავკასიაში თურქეთის ინტერესების ძალიან აქტიური ლობისტი იყო. მიხეილ სააკაშვილი იმითიცაა ცნობილი, რომ თავისი ქართული მოღვაწეობის პერიოდში იგი „ისლამისტ წვეროსნებს“ მფარველობდა, „ჰთი“-ს წევრების ჩათვლით. ქართველი პოლიტოლოგი არჩილ ჭყოიძე „ნეზავისიმაია გაზეტას“ კორესპონდენტთან საუბარში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს, თურქეთის გავლით, ოდესის პორტში „ისლამური სახელმწიფოს“ ნავთობი შეაქვს:  „ოდესის ნავსადგური 2015 წლიდან „ისლამური სახელმწიფოს“ ნავთობის ტრანზიტს ეწევა, რომელიც დასავლეთში მიდის და ეს თურქეთის აქტიური დახმარებით ხორციელდება“.

Comments are closed