globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 20 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 20th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«День» (უკრაინა): ტერიტორიების რეალური დაბრუნება? // პეტრო პოროშენკო: „ჩვენ მავთულხლართის ლიკვიდირებისთვის ვიბრძოლებთ“

«BBC Україна» (დიდი ბრიტანეთი): რატომ მიდიან უკრაინის ხელმძღვანელები ქართველ ბაბუასთან ხურვალეთში

«Associated Press» (აშშ): „უკრაინა და საქართველო პრორუსულ სეპარატისტებს გმობენ“

«Аргументы и факты» (რუსეთი): ქართველებო, Укараїна თქვენთანაა! // პეტრო პოროშენკომ საქართველოდან რუსული ФСБ-ის ბაზა დაინახა

«Московский комсомолец» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიცია მხოლოდ დროის საკითხია // თბილისმა კიევში ორჯერ გაგზავნა თხოვნა ექს-პრეზიდენტისდ გადაცემის მიზნით

«Эхо» (აზერბაიჯანი): „სომხური კარტი“ საქართველოს წინააღმდეგ // „ქართულ მარშის“ უკან სომხების ყურები ჩანს?

—————-

«День» (უკრაინა), 20 ივლისი, 2017 წელი

https://day.kyiv.ua/ru/article/den-planety/o-realnom-vozvrashchenii-territoriy

ტერიტორიების რეალური დაბრუნება?

პეტრო პოროშენკო: „ჩვენ მავთულხლართის ლიკვიდირებისთვის ვიბრძოლებთ“

ნატალია იშენკო

უკვე საუკუნის მეოთხედი გავიდა იმ დროიდან, როცა საქართველომ თავის ავტონომიურ ტერიტორიებზე – აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე კონტროლი დაკარგა. ვერც 2008 წლის აგვისტოში მომხდარი სამხედრო შტურმით და ვერც მშვიდობიანი რეინტეგრაციის გეგმით, რომელიც ომში დამარცხების შემდგომ წლებში ხორციელდება, თბილისმა ოკუპირებული ტერიტორიების ერთი სანტიმეტრის დაბრუნებაც კი ვერ შეძლო. წლობით გრძელდება მშვიდობიანი ქართულ-აფხაზურ-ოსური მოლაპარაკებები ჟენევაში, მაგრამ აბსოლუტურად უნაყოფოდ და უშედეგოდ.

ვიღაც-ვიღაცეებს ბრიუსელში თუ ვაშინგტონში, ან შეიძლება მოსკოვშიც, მოეჩვენათ, რომ მოვლენმების ასეთი განვითარება – უკრაინის ჩაბმა იგივე პროცესში „პროცესის გულისთვის“ – სიტუაციიდან კარგი გამოსავალია, ანუ სიტუაციის დეესკალაცია (მშვიდობის დამყარება) ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის ბრძოლაზე უარის თქმის სანაცვლოდ. განა ეს სცენარი ჭირდება პეტრო პოროშენკოს? ან შესაძლოა იგი საქართველოში მიხვდება იმას, რაც არ უნდა გააკეთოს?

«BBC Україна» (დიდი ბრიტანეთი), 19 ივლისი, 2017 წელი

http://www.bbc.com/ukrainian/features-russian-40657029

რატომ მიდიან უკრაინის ხელმძღვანელები ქართველ ბაბუასთან ხურვალეთში

ვიტალი ჩერვონენკო, „ბი-ბი-სი“, უკრაინა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოში ვიზიტისას არაღიარებულ სამხრეთ ოსეთთან გამმიჯვნელი ხაზი მოინახულა. მან იქ „რიტუალი“ ჩაატარა, რომელიც უკვე ტრადიციული გახდა უკრაინის უმაღლესი ხელმძღვანელობისათვის.

——-

უკრაინელი ჩინოვნიკები – პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი რამდენიმე თვის განმავლობაში რიგ-რიგობით ჩადიან სოფელ ხურვალეთში, რომელიც თბილისიდან 80 კილომეტრში მდებარეობს. 2011 წელს, უკვე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ეს სოფელი რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართით გაჰყვეს, შესაბამისად, მოსახლეობის ნაწილი მავთულხლართს მიღმა აღმოჩნდა.

საქართველოში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხურვალეთელმა დავით ვანიშვილმა გამმიჯნავი ხაზი გადაკვეთა და [საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ ნაწილში] ხმა მისცა. სახლში დაბრუნებისას იგი მესაზღვრეებმა დააკავეს და ცხინვალის საპყრობილეში ჩასვეს. მოგვიანებით დავით ვანიშვილი იძულებული გახდა ჯარიმის სახით 2000 რუსული რუბლი გადაეხადა. ხურვალეთის მოსახლეობის ნაწილს პრობლემები აქვთ სასაფლაოსთან დაკავშირებით, რომელიც გამმიჯნავი ხაზის მიღმა აღმოჩნდა.

დავით ვანიშვილი თავისი ისტორიის გამო იმდენად პოპულარული ადამიანი გახდა, რომ  ბევრი უცხოელი პოლიტიკოსი ხურვალეთში სწორედ მის სანახავად და სასაუბროდ ჩადის. ისინი დავით ვანიშვილთან სურათებს იღებენ და მავთულხლართთან ხელის ჩამორთმევის ფაქტს აფიქსირებენ, რაც უკრაინელი პოლიტიკოსებისთვის უკვე კლასიკურ „რიტუალად“ იქცა.

2017 წლის აპრილში დავით ვანიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლე კლიმკინმა მოინახულა, მაისი ბოლოს კი იგივე გააკეთა ვერხოვნა რადას სპიკერმა ანდრეი პარუბიმ. უფრო ადრე, 2017 წლის იანვარში დავით ვანიშვილს გაესაუბრა ცნობილი ამერიკელი სენატორი, გავლენიანი რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი. ასე რომ, ქართველი ბაბუის კოლექცია უცხოელებთან ხელის ჩამორთმევის ფოტოებით სულ უფრო მდიდრდება!

——

ინფორმაცია პეტრო პოროშენკოს ხურვალეთში ყოფნის თაობაზე გაავრცელეს სხვა უცხოურმა მასობრივი მედიის საშუალებებმაც, განსაკუთრებით კი უკრაინულმა და რუსულმა მასმედიამ (ტელევიზია, რადიო, საინფორმაციო სააგენტოები).

რაც შეეხება აშშ-ის მედიას, «Associated Press»-მა გამოაქვეყნა მასალა სათაურით უკრაინა და საქართველო პრორუსულ სეპარატისტებს გმობენ“, რომლის შინაარსი ასეთია:

„უკრაინის ლიდერის თქმით, პრორუსული სეპარატისტების მიერ კონტროლირებული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით, უკრაინა და საქართველო თავიანთი ძალისხმევის კოორდინირებას მოახდენენ. ეს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოთხშაბათს საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა. როგორც ცნობილია, საქართველოს რუსეთთან 2008 წელს ხანმოკლე ომი ჰქონდა, შემდეგ კი მისმა ორმა რეგიონმა – აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ორივე რუსეთის ფართო ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობს.

პეტრო პოროშენკომ, თავის ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილთან ერთად, ის სოფელი მოინახულა, რომელიც საქართველოსაგან მავთულხლართით არის გამიჯნული და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მიერ კონტროლდება. პეტრო პოროშენკომ რუსეთს „უკრაინის და საქართველოს საერთო აგრესორი“ უწოდა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა სოლიდარობა გამოხატონ უკრაინისა და საქართველოს მიმართ, რომლებმაც  სეპარატისტების მფარველ-მხარდამჭერი რუსეთის გამო ტერიტორიები დაკარგეს“ (წყარო: http://hosted.ap.org/dynamic/stories/e/eu_ukraine_georgia?site=ap&section=home&template=default).

«Аргументы и факты» (რუსეთი), 20 ივლისი, 2017 წელი

http://www.aif.ru/politics/world/ukaraina_s_vami_poroshenko_iz_gruzii_posmotrel_na_bazu_fsb

ქართველებო, Укараїна თქვენთანაა!

პეტრო პოროშენკომ საქართველოდან რუსული ФСБ-ის ბაზა დაინახა

ანდრეი სიდორჩიკი

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ბინოკლით „რუსულ საფრთხეს“ შეხედა. ეს მოხდა მისი საქართველოში ვიზიტის დროს. კიეველმა ლიდერმა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვართან მისვლა ისურვა, რომელსაც თბილისი არ აღიარებს, ტერიტორიას კი რუსეთის მიერ ოკუპირებულად თვლის. სოფელ ხურვალეთში უკრაინელ ლიდერს მისი ქართველი კოლეგა გიორგი მარგველაშვილი ახლდა. იქ სპეციალურად მათთვის დადგეს მაგიდა, დაალაგეს დურბინდები, რომლებითაც პეტრო პოროშენკომ და გიორგი მარგველაშვილმა საზღვრისიქითა ტერიტორიას უმზირეს.

უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა სვიატოსლავ ცაგოლკომ ფეისბუქში დაწერა, რომ მათ დურბინდით „რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ბაზა“ დაათვალიერეს. მისი ჩანაწერი ისე ჟღერს, რომ შეიძლება კაცმა იფიქროს – კიეველმა ლიდერმა პირდაპირ საქართველოდან დაინახა „ლუბიანკის“ სარდაფებიო, მაგრამ სინამდვილეში საქმე ეხება რუსი მესაზღვრეების ბაზას, რომლებიც, ხელშეკრულების თანახმად, სამხრეთ ოსეთის საზღვრის დაცვას უზრუნველყოფენ.

შემდეგ პეტრო პოროშენკომ, ტრადიციისამებრ, გაუტია: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით. ეს ხაზი შეტაკებისა და ოკუპაციის ხაზი კი არ არის, არამედ უფსკრულია – უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის. შეხედეთ ამ ადამიანებს თვალებში, რომლებიც მავთულხლართის მიღმა აღმოჩნდნენ. ეს რუსეთის პოლიტიკის შედეგია. აქეთ მხარეს ჩვენ ვხედავთ აყვავებულ თბილისს, ბათუმის ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს, სამთო-სათხილამურო კურორტებს, ბედნიერ ხალხს, ინვესტორებს, ეკონომიკურ ზრდას, ევროპასტან უვიზო რეჟიმს, ასოცირების შეთანხმებას… იქით მხარეს კი ადამიანებს ელემენტარული უფლებებიც კი არ აქვთ, აკლიათ სამედიცინო მომსახურება, განათლება, სოციალური დაცვა…“.

კიეველმა ლიდერმა პარალელები გაატარა სამხრეთ ოსეთსა და დონბასში არსებულ სიტუაციასთან მიმართებით. სამწუხაროდ, არცერთმა იქ მყოფმა კორესპონდენტმა, რომელიც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს „ცრემლნარევ“ სიტყვებს უსმენდა სამხრეთ ოსეთში „მომხდარ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე“, არ გაახსენა მას 2014 წლის გამოსვლა, როცა პეტრო პოროშენკო დონბასის მოსახლეობის გასაგონად აცხადებდა: „ჩვენ სამუშაო გვექნება, მათ კი არა. ჩვენთან პენსიები იქნება, მათთან კი არა. ჩვენი ბავშვები სკოლაში წავლენ, მათი კი უსწავლელები დარჩებიან და სარდაფებში ისხდებიან. აი, ასე იქნება. ჩვენ ამ ომს მოვიგებთ!“.

2008 წელს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, ახლა კი უკრაინელი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი სწორედ ასე მოქმედებდა სამხრეთ ოსეთში – ქართული არმიის „გრადებმა“ ცხინვალის მოსახლეობა აიძულა სარდაფებისთვის შეეფარებინათ თავი, მაგრამ ომი მაინც ვერ მოიგეს: რუსეთის არმია სიტუაციაში ჩაერია და საქართველომაც უკან დაიხია – დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტაზე. რასაკვირველია, ამ ყველაფერზე პეტრო პოროშენკომ დუმილი არჩია.

უკრაინის პრეზიდენტმა თბილისში კონფუზიც ვერ აიცილა, თუმცა ამაში იგი დამნაშავე ნამდვილად არ არის: კიეველი ლიდერი საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, მის ზურგსუკან კი ორენოვანი წარწერა ჩანდა, ოღონდ შეცდომით: ქართულად ყველაფერი სწორად იყო, სტუმრების ენაზე კი… Україна-ს ნაცვლად Укараїна.

სოციალურ ქსელებში დიდი დისკუსია დაიწყო – შეურაცხმყოფელია თუ არა ეს კაზუსი უკრაინისათვის? ქართველებს, ალბათ, უნდა გავუგოთ – მათთვის რუსული ენა უკვე რთულია, ბიზნესინტერესები კი სწავლას აიძულებს… და ახლა კიდევ უკრაინული ენაც დაემატა, თავისი ეშმაკური განსხვავებებით… მოკლედ, მოხდა ის, რაც მოხდა, არაფერი აღარ ეშველება.

პეტრო პოროშენკოს ცეცხლოვანი „რეჩის“ (სიტყვის) მიუხედავად, ქართულ უკრაინული ურთიერთობის საკითხი არა იმდენად მოსკოვს, არამედ მიხეილ სააკაშვილს აღელვებს. სამშობლოში მიშიკოს გამომძიებლები მოუთმენლად ელოდებიან, უკრაინაში კი მისი თავიდან მოშორება ძალიან ბევრ სურს, შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაქოვის ჩათვლით. ასე რომ, ყოფილ ქართველ ლიდერს სამომავლოდ წყნარი ცხოვრება არ ელოდება.

«Московский комсомолец» (რუსეთი), 20 ივლისი, 2017 წელი

http://www.mk.ru/politics/2017/07/19/ekspert-ekstradiciya-saakashvili-v-gruziyu-vopros-vremeni.html

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიცია მხოლოდ დროის საკითხია

თბილისმა კიევში ორჯერ გაგზავნა თხოვნა ექს-პრეზიდენტისდ გადაცემის მიზნით

პაველ ივანოვი

საქართველოში ვიზიტის დროს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თავის მართლება მოუწია უკრაინის გენერალური პროკურატურის მოქმედების გამო: როგორც ცნობილია, „ნეზალეჟნის“ სამართალდამცველებმა ორჯერ უთხრეს უარი ქართველ კოლეგებს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე, პეტრო პოროშენკომ კი განაცხადა, რომ საქართველოს პროკურატურას არაფერი უთხოვიაო. ოთხშაბათს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უარყო პეტრო პოროშენკოს ნათქვამი და აღნიშნა, რომ კიევში თბილისიდან ყველა დოკუმენტი გაგზავნილი იყო მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებისათვისო, რომლებითაც მის მიერ ჩადენილი დანაშაულებანი დასტურდებოდაო.

სისიხლის სამართლის საქმეებით „დამძიმებულმა“ მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა და სასამართლო თავიდან აიცილა. იგი სწრაფად გამოჩნდა უკრაინის პოლიტიკურ არენაზე, თუმცა ასევე სწრაფად შეავიწროვეს და გზის ნაპირზე გაირიყა. რატომ? იმიტომ, რომ მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერიდან და პრეზიდენტის მეგობრიდან იგი ხელისუფლების კრიტიკოსად, ოპოზიციონერად გადაიქცა, რომელმაც პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ცატარება მოითხოვა. მაგრამ მისი ყველაზე სულელური გადაწყვეტილება ის იყო, როცა მან 2016 წლის იანვარში დონბასში ყოფნისას უკრაინის არმიის პოზიციები გაამჟღავნა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ ამოშალა იგი პეტრო პოროშენკომ ახლობლების წრიდან. აშკარაა, რომ პრეზიდენტის სახელს და რეიტინგს დიდ ზიანს აყენებდა ოდიოზურ პიროვნებებთან მეგობრობა, მაგრამ რატომღაც პეტრო პოროშენკო ყოფილი მეგობრის ქართული თემიდისადმი გადაცემა არ სურს.

თვითონ მიხეილ სააკაშვილმა კი პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტი საკმაოდ ირონიულად მოიხსენია და სოციალურ ქსელში დაწერა – თბილისში უკრაინის პრეზიდენტი დაამცირეს, მას აეროპორტში  მხოლოდ განათლების მინისტრი დახვდაო…

ემუქრება თუ არა მიხეილ სააკაშვილს, საბოლოო ჯამში, სამშობლოში ექსრადაცია? ამის შესახებ ექსპერტებს ვკითხეთ.

დენის დენისოვი, კონფლიქტოლოგიისა და სამშვიდობო ინიციატივების ინსტიტუტის დირექტორი:

„მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას თეორიულად არ გამოვრიცხავ, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება თავისი ხალხის წინაშე ამ ფაქტის გამართლება. პეტრო პოროშენკოსა და მიხეილ სააკაშვილს შორის დღეს სერიოზული კონფლიქტი არსებობს. საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინელმა ლიდერმა თანამდებობაზე დასავლეთის რჩევით დანიშნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მართვის ნიჭი არ ჰქონია. ყოფილმა პრეზიდენტმა ტრადიციულად დაიწყო თავის მართლება და საკუთარი წარუმატებლობა სხვებს გადააბრალა – ოდესაში იმიტომ ვერ ვაკეთებდი საქმეს, რომ კიევში მექრთამე ჩინოვნიკები სხედანო. საინტერესოა, რომ ბოლო დროს საუბარი დაიწყეს მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოდესური გარემოცვის მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებზე. რა თქმა უნდა, საქართველოს ექს-პრეზიდენტს აშშ-ში გავლენიანი კავშირები აქვს, ერთგვარი იმუნიტეტიც, მაგრამ თუ მას ქართულ თემიდას მაინც გადასცემენ, პასუხისმგებლობას თავს ვეღარ აარიდებს“.

ვლადიმერ ნოვიკოვი, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სოციალ-პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი: ალბათ, ჯერ საკითხის იურიდიული მხარე უნდა დაზუსტდეს. მიხეილ სააკასვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის, მან 2015 წლის მაისში უკრაინული პასპორტი მიიღო და, როგორც ცნობილია, კიევი თავის მოქალაქეებს სხვებს არ გადასცემს. ანუ ექსტრადირებისთვის უკვე სამართლებრივი ბარიერი არსებობს. სხვა საქმეა, თუ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთმევა, მაგრამ ეს კიევის პრეროგატივაა. თუ იგი ხელისუფლებისთვის რეალურ საფრთხის წყაროდ გადაიქცევა, მაშინ ექსტრადირების საკითხიც რეალურად დადგება. თუმცა დღეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური აქტიურობა უკრაინის ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მისი პოლიტიკური კარიერაც ბუნდოვანია“.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 20 ივლისი, 2017 წელი

http://ru.echo.az/?p=61036

„სომხური კარტი“ საქართველოს წინააღმდეგ

„ქართულ მარშის“ უკან სომხების ყურები ჩანს?

ევროპის ულტრამემარჯვენე მოძრაობის „აღმაფრენამ“, როგორც ჩანს,  საქართველომდეც მოაღწია, სადაც რამდენიმე დღის წინათ ათეულ ათასობით ადამიანმა თბილისის ცენტრში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მარშით გაიარა: ისინი საქართველოში მყოფი უცხოელი მოქალაქეების უკანონო მოქმედებას აპროტესტებდნენ ლოზუნგით „დაიცავი საქართველო“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – ნურანი//ტოფიგა კასიმოვა).

გთავაზობთ შემოკლებულ ვერსიას:

ფორმალურად აქციის მონაწილეები არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ: მათ ადგილიც სპეციალურად შეარჩიეს: მარშის მონაწილეებმა შეძახილებით „გაუმარჯოს საქართველოს!“ აღმაშენებლის გამზირზე გაიარეს, თამარ მეფის ხიდიდან მარჯანიშვილის მოედნამდე. დავით აღმაშენებლის გამზირის ეს ნაწილი ცნობილია როგორც თურქული და არაბული მაღაზია-კაფეების თავმოყრის ადგილად. აქციის ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძემ მოთხოვნები წამოაყენა: მიგრაციის შესახებ კანონის რაც შეიძლება მალე მიღება, მოქალაქეობისა მინიჭებისა და ბინადრობის უფლების გამკაცრება, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა არალეგალი კრიმინალის დაუყონებლივი დეპორტაცია… მან ასევე მოითხოვა ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსების შეწყვეტა. აქციის დროს გაიხსენეს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები, რომლებითაც საქართველო დღეს თუ არა, ხვალ მაინც გაივსება.

როგორც ქართველმა ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ აღნიშნა „ეხო კავკაზას“ ეთერში („ეხო კავკაზა“ აშშ-ის რადიოსადგურ „სვობოდას“ პროექტი გახლავთ), „ის ადამიანები, რომლებიც ასეთ აქციებში მონაწილეობენ, უბრალო მოქალაქეები არიან. მათი პროტესტი საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკითაა განპირობებული. ძირითადი შემოსავლები ქვეყნის ბიუჯეტში ტურიზმის მეშვეობით შედის. საქართველოში უამრავი მოგზაური ჩამოდის, გახსნილია ათობით საროსკიპო და კაზინო თბილისსა და ბათუმში, სადაც ადამიანები თავიანთ ქონებას კარგავენ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო დიდ ბორდელად გადაიქცა. ეს არის ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი“.

გასაგებია გიორგი მაისურაძის პოზიცია, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, სიტუაციის ამგვარად ახსნა დამარწმუნებელი არ არის. რატომ? იმიტომ, რომ „ქართული მარშის“ უკან „ქართული ყურები“ კი არა, სულ სხვა ყურები ჩანს… საქართველო იტალია არაა, არც გერმანია და საფრანგეთი, რომ მიგრაციის პრობლემა ძალიან მწვავედ იდგეს. სხვა საქმეა, რომ საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის ღრმა თანამშრომლობა ვიღაც-ვიღაცეებს არ მოსწონთ… თანაც არა იმდენად საქართველოში, რამდენადაც მის ფარგლებს გარეთ. ბუნებრივია, იოლია აქციის მონაწილეების „დავერბოვკება“-გადაბირება ნაციონალისტური ლოზუნგებით – როგორც ამბობენ ხოლმე, „ყველაფერი ტექნიკის საქმეა“. გულწრფელად რომ ვთქვათ, მხოლოდ ის, რომ სანდრო ბრეგაძემ „ნაციონალების“ და უცხოური ფულით დაფინანსებული „ენჯეოების“ აკრძალვა მოითხოვა, უკვე გვაფიქრებინებს იმას, რომ აქ „რუსული კვალი“ შეიმჩნევა, მით უმეტეს, რომ მოსკოვში ძალიან არ მოსწონთ აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის მიერ რეალიზებული პროექტები. მთავარი ისაა, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს წინააღმდეგ თავისი „კავკასიური ფორპოსტის“ ხელით მოქმედებს, სომხეთის სახით.

ყოველ შემთხვევაში, „ქართული მარშის“ შემდეგ სომხურ მედიაში („გოლოს არმენიი“) გამოქვეყნდა სტატია პრეტენზიული სახელწოდებით „დებლოკადა“, რომელშიც ე.წ. „მეცენატი“, „საზოგადო მოღვაწე“ და „რუსეთის დამსახურებული მშენებელი“ ვარდგეს არწრუნი პირდაპირ აცხადებს, რომ ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის ამუშავებით საქართველო „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებით გაივსება, დაიწყება ტერორისტული აქტები და ა.შ. ძნელი შესამჩნევი არაა, რომ ვარდგეს არწრუნის ნათქვამი „ქართული მარშის“ ლოზუნგებს ეხმიანება. სომეხი „მეცენატი“ „რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით“ ჯავახკელი სომხების შეირაღების წინადადებასაც კი აყენებს. იგი მიიჩნევს, რომ რკინიგზის ამუშავების შემდეგ ერთ-ერთ ეშელონს თურქები ან აზერბაიჯანელები ააფეთქებენ, დააბრალებენ ჯავახკელ სომხებს, გამოაცხადებენ მათ ტერორისტებად და ამ საბაბით ყველა სომეხს გაასახლებენ. რკინიგზის გასწრივ კი თურქებს და აზერბაიჯანელებს დაასახლებენ“.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად აქტიურდება საქართველოში მოქმედი სომხური თემი, რომელიც, ქართული მედიის თანახმად, გაჰყვირის, რომ ბათუმში სომხების რაოდენობა ორჯერ შემცირდაო და ყველა უბედურება მაშინ დაიწყო, როცა რეგიონიდან რუსული ბაზა გავიდაო…

სომხეთში კარგად ესმით, თუ რით დამთავრდება საქართველოს სომხური თემის აქტიურობა და ამიტომაც წინასწარ „სიფრთხილის ზომებს“ იღებენ: წერენ, რომ თბილისთან ურთიერთობის გაუარესება ერევნისათვის თვითმკვლელობის ტოლფასია. მაგრამ რა ქნას „ფორპოსტმა“, თუ მოსკოვი უბრძანებს? მას ხომ „არას“ თქმა თეორიულადაც კი არ შეუძლია.

Comments are closed