„რადიო ამერიკის ხმა“ (აშშ): ინტერვიუ თინა ხიდაშელთან: ვარშავის სამიტის დეკლარაციის ენა ერთობლივად იქნება შეჯერებული
«Haqqin.az» (აზერბაიჯანი): რატომ წმენდენ რუსი სამხედრო მოსამსახურეები რკინიგზას აფხაზეთში?
«Эхо» (აზერბაიჯანი): აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი: ერევანს მიაჩნია, რომ თბილისი მისი მონა უნდა იყოს
——————-
„რადიო ამერიკის ხმა“ (აშშ), 20 აგვისტო, 2015 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/khidasheli-in-usa/2925078.html
ინტერვიუ თინა ხიდაშელთან: ვარშავის სამიტის დეკლარაციის ენა ერთობლივად იქნება შეჯერებული
ნანა საჯაია
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აშშ-ში პირველ ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. ოთხშაბათს, სამუშაო დღე მინისტრმა რამდენიმე კვლევით ორგანიზაციაში გაატარა, მათ შორის იმყოფებოდა მაკეინის ინსტიტუტში, მოინახულა ჰალიფაქსის ფორუმი, გამართა შეხვედრა გერმანიის მარშალის ფონდში და წაიკითხა საჯარო მოხსენება ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში. მოხსენების თემა ვიზიტის მიზნები და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში მიმდინარე ურთიერთობები იყო.
მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მინისტრმა ხიდაშელმა სამაუწყებლო კომპანია “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის ჟურნალისტ ნანა საჯაიასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა.
მინისტრმა ისაუბრა საქართველოში, ნატოს დაგეგმილი ცენტრის შესახებ და განაცხადა, რომ ცენტრი სასწავლო დანიშნულების იქნება, რომელიც მომავალში რეგიონულ ფუნქციას შეიძენს, და ლოჯისტიკის, ისევე როგორც კვალიფიკაციის მხრივ გაუთანაბრდება ნატოს სასწავლო ცენტრებს, მაგალითად გერმანიაში, სადაც ქართველი მებრძოლები ავღანეთში დისლოცირებამდე ემზადებიან.
ქართველმა ლიდერმა ხაზი გაუსვა რომ აშშ-ში ვიზიტის განმავლობაში მას ფუნდამენტურად არ განუხილავს დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” საფრთხე, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ამასთან დაკავშირებით განცხადებები აშშ-სა და საქართველოს შორის უკვე გაცვლილია და რომ დღეს ოფიციალური თბილისი კოალიციური პარტნიორობის რეჟიმში მოქმედებს ამ საფრთხის წინააღმდეგ, თუმცა ამ საკითხზე კონსულტაციები უფრო საერთაშორისო და ნაკლებად ორმხრივ ფორმატში ხორციელდება.
რაც შეეხება საქართველოსთვის 20 მილიონიანი დახმარების პაკეტის გადაცემას, მინისტრმა თქვა, რომ ეს არის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ გამოცემული “ევროპელი პარტნიორების დარწმუნების ინიციატივის” ნაწილი (დამტკიცდა 2014 წელს – „ამერიკის ხმა“), რომლის პრიორიტეტები, საქართველოს დახმარებასთან მიმართებაში, დამტკიცებულია, თუმცა, თინა ხიდაშელის თქმით, რა მიმართულებებზე დაიხარჯება ფული, ჯერ უცნობია.
კითხვაზე, უნდა იბრძოდნენ თუ არა ქართველები უკრაინაში, მინისტრმა უპასუხა, რომ ყველა იბრძვის იქ ან იცავს იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლისთვისაც ცხოვრობს და რომ მისი გადასაწყვეტი არ არის, თუ ვინ სად უნდა იმსახუროს ან იბრძოლოს, ეს ზრდასრულმა ადამიანებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუმცა მას აქვს მარტივი პასუხი და აცხადებს, რომ ყველა ქართველი სამხედრო, რომელიც უკრაინაში დაიღუპება, დაიკრძალება სამხედრო პატივით საქართველოში, თუ ამაზე თანხმობას გამოაცხადებს გარდაცვლილის ოჯახი.
ვიზიტის ერთერთი მთავარი დანიშნულება ნატოში გაწევრიანების გზაზე მისაღები დახმარება იყო. ამ მიმართულებით მინისტრმა თავისი ვიზიტი ასე შეაჯამა: “ვაშინგტონში ბევრი ადამიანი ფიქრობს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა ვარშავის [სამიტი] იყოს წარმატებული, როგორც ნატოს წევრების, ისე პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისუნარი-ანობისთვის. პოზიტიური დინამიკა სახეზეა, მაგრამ ჩვენ ორმხრივად უნდა შევთანხმდეთ იმ ენაზე, რომელიც გამოყენებული იქნება დეკლარაციისთვის. კიდევ ერთხელ, რა სახელი დაერქმევა, რა ფორმას შეიძენს და რა სათაური ექნება ამ პროცესს, იქნება შეჯერებული დიალოგის და მოლაპარაკების საკითხი”.
«Haqqin.az» (აზერბაიჯანი), 20 აგვისტო, 2015 წელი
რატომ წმენდენ რუსი სამხედრო მოსამსახურეები რკინიგზას აფხაზეთში?
ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია აფხაზეთის რკინიგზის რელსების გაწმენდის თაობაზე, ოჩამჩირიდან ენგურის ხიდამდე, რუსი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით, რაც თითქოსდა იმას ნიშნავს, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მოძრაობის აღდგენისათვის მზადება მიმდინარეობს. ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებს „აფხაზეთის რკინიგზის სამმართველოს უფროსის მოადგილე იგორ მარღანია“, – წერს აზერბაიჯანული გამოცემა „ჰაქინაზი“ და ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:
„ასეთი ყალბი ხმები პირველად არ ვრცელდება. ამაში უპირველესად სომხეთია დაინტერესებული, მაგრამ ვთქვათ და მართლაც რკინიგზის აღდგენაა ცაფიქრებული, მერე რა? როგორც არ უნდა აღადგინონ რკინიგზა აფხაზეთში, მთავარი მაინც საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რადგან რუსეთსა და სომხეთს შორის შემაერთებელი რკინიგზის უდიდესი მონაკვეთი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. თბილისი კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენა გამორიცხულია.
სომხური მხარის ინტერესი გასაგებია: მისი ეკონომიკა სულს ღაფავს ბლოკადით. არაღიარებული აფხაზეთიც, ბუნებრივია, დაინტერესებულია და ფიქრობს, რომ რკინიგზის აღდგენა მის „სახელმწიფოებრივ“ სტატუსს წაადგება.. ალბათ, სწორედ ამიტომაც მოსკოვი ხანდახან რაღაც მოძრაობებს აკეთებს, რათა თავის საეჭვო პარტნიორებს მიანიშნოს – კრემლი მზადაა მათ დასახმარებლად. არადა, ამ თამაშის გაგება ძნელი არ არის.
ვის რაში ჭირდება ნაგვისაგან გაწმენდილი ლიანდაგები? არცერთი თავმოყვარე რკინიგზელი მასზე მატარებელს არ გაუშვებს. და საერთოდ, არსებობენ კი აფხაზეთში მატარებლები კიდევ? ეს ლიანდაგები, უფრო ზუსტად კი, რაც მათგან დარჩა, დიდი ხანია გადასადნობად, ჯართის სახით უნდა წაღებულიყო, ხოლო დახავსებულ რკინიგზას რემონტი და გაწმენდა კი არა, ხელახლა აშენება ჭირდება. მაგრამ ეს მხოლოდ საკითხის ტექნიკური მხარეა, არის პოლიტიკური მხარეც, უფრო მნიშვნელოვანი: საქართველო არასოდეს არ დაეთანხმება იმას, რომ ამ გზაზე სომხეთის სასარგებლოდ მოძრაობა აღდგეს. აი, ამიტომაც რკინიგზის მშენებლობა ყოველგვარ აზრს კარგავს. სანამ მოსკოვ-სოხუმ-ერევნის გეგმები განხორციელდება, აფხაზეთი ჯერ საქართველოს შემადგენლობაში უნდა დაბრუნდეს. თუმცა, მაშინაც კი მთავარი სიტყვა მაინც საქართველოს ეკუთვნის და არა მოსკოვს.
ამრიგად, რუსი ჯარისკაცების მეშვეობით აფხაზეთის დახავსებული რკინიგზის გაწმენდა სულაც არ არის დაკავშირებული სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენასთან. რა იმალება ამ მოქმედების მიღმა, როგორც ჩანს, ეს მოსკოვის დიდ „სამხედრო საიდუმლოებას“ წარმოადგენს, რომლის გახსნა ჯერ-ჯერობით არავის შეუძლია.
«Эхо» (აზერბაიჯანი), 19 აგვისტო, 2015 წელი
http://www.echo.az/article.php?aid=87760
აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი მუბარიზ აჰმედოღლუ: ერევანს მიაჩნია, რომ თბილისი მის წინაშე მონის მდგომარეობაში უნდა იყოს
აზერბაიჯანულ გაზეთ „ეხო“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია ბაქოში არსებული პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელის, პოლიტოლოგ მუბარიზ აჰმედოღლუს მიერ გამართული პრეს-კონფერენციის ანგარიში, რომელიც ტრადიციული „ყარაბაღის საათის“ ფარგლებში ჩატარდა. იგი საუბრობს სამხრეთ კავკასიაში შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაზე, მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების თაობაზე, მოსკოვ-ერევნის პოლიტიკურ კურსზე და აქცენტს აკეთებს სომხეთის დესტრუქციულ მოქმედებაზე საქართველოს მიმართ.
„სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა შეუძლებელია ნორმალურ და მეზობლურ ურთიერთდამოკიდებულებად მიიჩნიო. ფაქტია, რომ საქართველო სომხეთზე არანაირად დამოკიდებული არ არის, სომხეთისთვის კი პირიქითაა: ერევნის ყველა საგარეო კავშირები, დასავლეთისკენ იქნება მიმართული თუ რუსეთისაკენ, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის მეშვეობით ხორციელდება. ამ კონტექსტში საქართველო სომხეთისათვის უალტერნატივოა. ერევანში ეს კარგად იციან, მაგრამ მათ მოახერხეს და [თბილისზე ზეგავლენის განხორციელების მიზნით] სომხებისათვის დამახასიათებელი გეოპოლიტიკური პარამეტრით სარგებლობენ: საქართველოს ტერიტორიაზე ხომ 400-ათასიანი სომხური თემი ცხოვრობს. შესაბამისად, სომხეთს სურვილის შემთხვევაში ამ ფაქტორით სარგებლობა და საქართველოს შიგნით ქაოსური სიტუაციის შექმნა შეუძლია.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სომხეთს შეუძლია საქართველოს ძალიან ცუდი რამ გაუკეთოს, მაგრამ არ აკეთებს. ამით ერევანი მიანიშნებს, რომ თბილისი მის წინაშე მონის მდგომარეობაში უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რაც დაემართება, მისი წარმოდგენა ძნელი არ არის. სწორედ ამ ფილოსოფიის საფუძველზე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს უსაფრთხოებაზე „ზრუნვა დაიწყო“, რასაც მინისტრის მოადგილის განცხადებები ადასტურებს (აზერბაიჯანელ პოლიტოლოგს მხედველობაში აქვს სამი კვირის წინათ სომხურ მასმედიაში გამოქვეყნებული დავით ტონოიანის ინტერვიუ, რომელშიც მან განაცხადა, რომ სტაბილური სომხეთი საქართველოს სტაბილურობას უზრუნველყოფს და პირიქით).
საქართველომ, სამხედრო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მუშაობაში გარკვეული რეგლამენტი დააწესა, სომხები კი აცხადებენ, რომ თბილისმა ბაქოს მოთხოვნა შეასრულაო. სომხეთი პრემიერ-მინისტრი ოვიკ აბრამიანი ამას წინათ თბილისში ვიზიტის დროს იმდენს ეცადა, რომ თავისი ქართველი კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილი, გაგანია საერთაშორისო ოლიმპიური ფესტივალის დროს, ძირითად საქმეებს მოწყვიტა და „ზემო ლარსში“ წაიყვანა. ეს სომხური ხასიათის გამოვლენის კიდევ ერთი დადასტურებაა: ოფიციალური ერევანი თბილისს აიძულებს სომხეთის ინტერესების სასარგებლო პოლიტიკა გაატაროს.
სომხეთი კარგად იყენებს თავისი საზღვარგარეთული – ევროპული და ამერიკული ორგანიზაციების შესაძლებლობებს და ჯავახეთის სომხებში ანტიქართულ ზრახვებს აღვივებს. სომხეთისათვის და სომხებისათვის ჯავახეთი უკვე მთიანი ყარაბაღის ტოლფასია.
ოფიციალური თბილისი ჯავახეთში ორი მიმართულებით მუშაობს: პირველი – ამ რეგიონს სამხედრო თვალსაზრისით ამაგრებს და მეორე – ეკონომიკური განვითარების მიზნით ჯავახეთში დასავლურ ინვესტიციებს იზიდავს. ალბათ, ამის საპასუხოდ, ბოლო ხანებში სომეხი მესაზღვრეები ხშირად აკავებენ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს იმ მოტივით, თითქოსდა ისინი სომხეთ-საქართველოს დაზუსტებულ საზღვარს არღვევენ. ეს სიყალბეა, რადგან საზღვარზე არაფერი შეცვლილა და ამიტომაც პასუხისმგებლობა სომხურ მხარეს ეკისრება.
საქართველოსთან მიმართებით სომხეთი ნეგატიურ მოქმედებებს თანდათანობით ზრდის, შესაბამისად, რაოდენობის შეცვლა თვისობრიობაში გადადის. [რადგანაც ასეთ მოქმედებას უკურეაქციაც აქვს ხოლმე], საქართველოსაც შეუძლია სომხეთის მიმართ ხარსიხობრივად სრულიად ახალი პოლიტიკა გაატაროს. თუ ეს უახლოეს ხანში მოხდება, მაშივ სომხეთი სერიოზულ პრობლემებს უნდა ელოდოს“, – ამბობს პოლიტოლოგი მუბარიზ აჰმედოღლუ.