globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 20 აგვისტო 2016 წელი

Posted by Globalresearch on Aug 20th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 20 აგვისტო, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-parliamentary-elections/3471813.html

ახალი მოთამაშე ქართულ პოლიტიკაში

გაერთიანება „პაატა ბურჭლაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვისნაციონალური მოძრაობის მოკავშირეს უფრო ჰგავს, ვიდრე მის მოწინააღმდეგეს

ნინო დალაქიშვილი

ორიოდე დღის წინ ქართული საზოგადოებისათვის ახალი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბება გახდა ცნობილი. ის არ იქნება ისეთივე ჭრელი, როგორიც თავის დროზე „ქართული ოცნება“, თუმცა არც იმდენად ერთგვაროვანი, როგორიც ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობა“. მოკლედ, „გირჩმა“, პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფომ ხალხისთვის“ და გიორგი ვაშაძის „ახალმა საქართველომ“ ახალი ალიანსი ჩამოაყალიბეს, მათთან ერთად იმყოფებიან ასევე „ახალი მემარჯვენეები“.

გაერთიანების თაობაზე კონსულტაციები, როგორც ჩანს, იმდენად გასაიდუმლოებულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომ ამის თაობაზე პარტიების შიგნით, მათ შორის მაჟორიტარების კანდიდატებს ინფორმაცია არ ჰქონდათ. ალიანსის პერსპექტივა პარტიის ზოგიერთი წევრისთვის იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ მათ წასვლა გადაწყვიტეს. წამსვლელებს შორის მაჟორიტარობის კანდიდატებიც აღმოჩნდნენ. პაატა ბურჭულაძის მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა ზურა ქადაგიძემ კი საერთოდ განაცხადა, რომ მათი ლიდერი ჟენევაში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთა კონსულტაციების შემდეგ მისთვის მიუღებელ ფიგურად იქცა.

პრეზენტაციაზე ყველაზე მეტად ყოფილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე ღელავდა: „ჩვენ იმედის თვალით შემოგვყურებს მთელი საქართველო. უფრო სწორად, 80 პროცენტზე მეტი საქართველო, ვისაც უჭირს და ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენ მათ ცხოვრებას შევცვლით უკეთესობისკენ, საგრძნობლად უკეთესობისკენ და ისინი ამას იგრძნობენ არა ოთხი წლის მერე, არამედ პირველივე თვეებში“.

გიორგი ვაშაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო, მოასწრო არა მხოლოდ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა, არამედ ბლოკის ჩამოყალიბება ასევე „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფილ ზურაბ ჯაფარიძის „გირჩთან“ და „ახალ მემარჯვენეებთან“. აშკარაა, რომ მათი ბლოკი, პაატა ბურჭულაძის სახით, ყველაზე მაღალი რეიტინგით მოსარგებლე წევრით გაძლიერდა.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ გაერთიანება საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული: „ჩვენი გუნდების გაერთიანებით, ჩვენ ვქმნით რეალურ ძალას, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის 8 ოქტომბერს. ძალას, რომელსაც აქვს პრეტენზია მოვიდეს ხელისუფლებაში არა უბრალოდ იმიტომ, რომ უბრალოდ ხელისუფლებაში იყოს, არამედ იმიტომ, რომ აქვს ღირებულებები და ფასეულობები და იმიტომ, რომ უნდა საქართველო იყოს წარმატებული. თითოეული მოქალაქე. ვინც ახლა გვიყურებს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაჭირვება, რომელიც თქვენ გაწუხებთ, ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდეს“.

“ამერიკის ხმასთან” საუბრისას პოლიტოლოგი, პროფესორი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს: „პარლამენტში გავა რამდენიმე ძალა. დღევანდელი მონაცემებით, ყველაზე მეტს, ალბათ, აიღებს „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ახლანდელი გაერთიანებული ბლოკი, რომელსაც აქვს პაატა ბურჭულაძის ქარიზმა–რეიტინგი, დაფინანსებაც აშკარად და ვერც პრორუსულობას დასწამებს ვერავინ. გარკვეულ სიჭრელეზე წასვლა მათი მხრიდან ღირდა, რადგან ასათვისებელია უზარმაზარი სეგმენტი გაურკვეველი ამომრჩევლებისა. მე მგონი, სხვებსაც შემოიერთებენ“, – ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

პოლიტოლოგის თქმით, ახლა საკითხი დგება ასე: “რას იზამს ქართული ოცნება? გააგრძელებს ისევ იმ „ვაი-ევროპულ კურსს“ – დაბალანსებულ პოლიტიკას, რომელიც ჰქონდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, თუ გახდება პრორუსული? მართალი გითხრათ, მე არ მგონია, რომ გახდეს უცებ პრორუსული. ასე რომ, არა მგონია კითხვის ნიშნები იყოს პრორუსული ძალების პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ღიად პრორუსული ძალები პარლამენტში ვერ შევლენ. ჰიპოტეტურ საფრთხეს ვხედავ, რომ [შესაძლოა] „ქართულმა ოცნებამ“ უცებ შეცვალოს საგარეო პოლიტიკა, თორემ ის, რომ ღიად პრორუსული ძალები გავლენ საქართველოს პარლამენტში, ამის თეორიული შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს”.

თორნიკე შარაშენიძე ყოფილი პრემიერის როლზეც საუბრობს: “ქართული ოცნების წევრებს პოლიტიკის შეცვლას არავინ ეკითხება, ისინი აკეთებენ იმას, რასაც უბრძანებს ბიძინა ივანიშვილი. ამ ერთ კაცშია საქმე და მან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მშვენივრად, მე ვიტყოდი, დაბალანსებული ნაციონალური პოლიტიკა გაატარა რუსეთთან. ეს ნამდვილად უნდა ჩავუთვალოთ მას აქტივში. პრინციპში არ გადაუხვევია, ანუ სერიოზული გადახვევა არ ყოფილა პროდასავლური გზიდან. ერთადერთი, რაც ცუდი მოხდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ესაა ის, რომ საქართველოში დაბრუნდა რუსული აგენტურა და პროპაგანდა, აი, ეს იყო საგარეო პოლიტიკის მთავარი ცუდი შედეგი. დანარჩენი ნორმალურად იყო დალაგებული. თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ გაძლიერდა რუსეთი ბოლო წლების განმავლობაში და რაც ჩაიდინა, ამ ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ამ საფასურის გადახდა ღირდა“

ახალი პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდებაა „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირეს უფრო ჰგავს, ვიდრე მის მოწინააღმდეგეს.

Comments are closed