globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 20 სექტემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Sep 20th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): საქართველო კვლავ მესიანიზმითაა შეპყრობილი // მოსახლეობის ნახევარმა არ იცის, პარლამენტში ვინ აირჩიოს

«Новое время» (უკრაინა): ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: „ჩემი ცოლი საქართველოში მეგაპოპულარულია, მე მშურს მისი…“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): დეპუტატები ცხრა მთას იქით: რუსული საარჩევნო კლოუნადა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

———————-

«Независимая газета» (რუსეთი), 20 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-09-20/6_gruzia.html

საქართველო კვლავ მესიანიზმითაა შეპყრობილი

მოსახლეობის ნახევარმა არ იცის, ვინ აირჩიოს პარლამენტში

იური როქსი, პოლიტიკური მიმომხილველი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დღე – რვა ოქტომბერი ახლოვდება, მაგრამ მოსახლეობის 50%-ს ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, რომელ პარტიას თუ ბლოკს მისცეს თავისი ხმა. გამოკითხვის შედეგი, რომელიც ამერიკულმა „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა, მეტყველებს მოსახლეობის პოლიტიკურ აპათიაზე, მიმზიდველი იდეებისა და ახალი ქარიზმატული ლიდერების არარსებობაზე.

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, წინასაარჩევნო სიტუაციის გაანალიზებისას, აღნიშნა, რომ ასეთი ვითარება პოლიტიკური ელიტის სისუსტითაა განპირობებული. ის, რომ ჯერ კიდევ დიდია „პრიორიტეტებში გაურკვეველი“ ამომრჩევლის რაოდენობა, იმას ნიშნავს, მოსახლეობას არც ხელისუფლება არ მოსწონს და არც ოპოზიცია. ასეთი სიტუაცია ხელს აძლევს „მესამე“ პოლიტიკურ ბანაკს, რომლის ჭრელ წარმომადგენლებს თავი აქვთ შეფარებული როგორც მმართველ „ქართულ ოცნებაში“, ასევე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ (ყოფილ მმართველ პარტიაში). ისინი მაშინ წარმოჩნდებიან და „გაისვრიან“, თუ ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფი ამომრჩევლის ხმებს მიიღებენ.

კიდევ ერთი პოლიტოილოგი გია ნოდია გაურკვევლობაში მყოფი ამომრჩევლის ასეთ რაოდენოის მიზეზად საზოგადოების მოუმწიფებლობას მიიჩნევს – საზოგადოებისა, რომელიც დიდი ხანია მესიანიზმითაა შეპყრობილი და ავადმყოფობს. მთელ პოსტსაბჭოთა პერიოდში რიგითი ქართველი ამომრჩეველი ხელისუფლებაში სულ რომელიღაც „ზეადამიანის“ მოსვლის იმედით ცხოვრობს, რომელიც უცებ, ჯადოსნური ჯოხის აქნევით გადაწყვეტს ყველა პრობლემას და ნათელ მომავალს უზრუნველყოფს. ასე იყო ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ასეა ბიძინა ივანიშვილის მიმართაც. საზოგადოება მძიმედ ეჩვევა იმ აზრს, რომ არცერთ პოლიტიკოსს, არცერთ ლიდერს სასწაულის მოხდენა არ შეუძლია და, შესაბამისად, მოქალაქეებს ყოველი არჩევნების შემდეგ იმედგაცრუების გრძნობა ეუფლებათ. „დღევანდელი სიტუაცია იმას მოწმობს, რომ საზოგადოებამ თვითონაც არ იცის, რა უნდა“, – ამბობს გია ნოდია. ალბათ, ექსპერტი მართალს ამბობს, თუმცა მისი შეფასებები რადიკალურია.

კიდევ ერთი ექსპრეს-გამოკითხვის შედეგები, რომელიც სააგენტო JAM-news-მა ჩაატარა: „რას ელოდება მოსახლეობა საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი მთავრობისაგან“. გამოკითხულთა მთავარი სადარდებელი სოციალური სიდუხჭირე, უმუშევრობის მაღალი დონე, მცირე შემოსავლები, მძიმე კომუნალური გადასახადები და ა.შ. დღევანდელი ხელისუფლების მიმართ გამოთქმული პრეტენზიები უმეტესად შეუსრულებელ დაპირებებს ეხება: „მთავრობა შესაცვლელია, რადგან ოთხი წლის განმავლობაში მას არაფერი შეუცვლია“. მაგრამ შეკითხვაზე, ვინ უნდა იყოს ქვეყნის მეთაური, რომ სიტუაცია გაუმჯობესდეს, პასუხი არ ჩანს.

მართლაცდა, „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე დაპირებები ბლომად დაახვავა. თუ გავაანალიზებთ მმართველი პარტიის მიერ ოთხი წლის წინათ გაჟღერებულ გეგმა-დაპირებებს და დღევანდელ სიტუაციას შევადარებთ, გაკეთებული საკმაოდ ცოტაა. მაგრამ, მეორე მხრივ, აშკარაა, რომ გლობალური კრიზისის პირობებში ხელისუფლებამ მეტ-ნაკლებად ტურისტული ნაკადის მიზიდვა შეძლო, მუშაობენ ადრე გახსნილი საწარმოებიც. განხორციელდა სამედიცინო სფეროს რეფორმა, დაინერგა თითოეული მოქალაქის დაზღვევის სისტემა, გაიზარდა პენსიები და სოციალური შეღავათები. მართალია, პენსიების მატებამ ინფლაცია-დევალვაციის შედეგების კომპენსირება ვერ მოახდინა, მაგრამ არც კომუნალური მომსახურების ტარიფები არ გაზრდილა. ბიზნესი თავისუფალია, გადასახადები კი – ყველაზე ლიბერალური რეგიონში. ხელისუფლება აგრძელებდა ევროატლანტიკური ინტეგრირების პროცესს, ამის პარალელურად კი ჩრდილოელ მეზობელ რუსეთთანაც გარკვეული ურთიერთობები დაამყარა.

რას ვიზამთ, შეიძლება „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველი წლები ისეთი „ნათელი“ არ იყო, როგორც „ნაცმოძრაობის“ დროს, მაგრამ ცუდსაც ვერ უწოდებ, მით უმეტეს, თუ გლობალურ ნეგატიურ პროცესებს გავითვალისწინებთ, რომლებმაც არასასურველი გავლენა მოახდინეს როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების ეკონომიკურ სიტუაციაზე.

თუ ყურადღებით დავაკვირდებით პარტიების წინასაარჩევნო დაპირებებს, შევამჩნევთ, რომ ისინი თითქმის ზუსტად იმეორებენ ერთი და იგივეს. განსხვავება იმაშია, რომ ზოგი ბევრს პირდება ამომრჩეველს, ზოგი შედარებით მორიდებულია და ნაკლებს აღუთქვამს. მაგალითად, „ნაცმოძრაობა“ მოსახლეობას პენსიების მხოლოდ 50 ლარით გაზრდას პირდება („მეტს ბიუჯეტი ვერ გასწვდება“), სხვები კი ისეთ თანხებს ასახელებენ, რომ პენსიონრები „ჭკუიდან გადაჰყავთ“. ყველა პარტია ცდილობს ერთმანეთი რაღაცაში გამოიჭირონ, საკუთარი სიმართლე დაამტკიცონ და მოწინააღმდეგე „ჰაერის გაყიდვაში“ ამხილონ.

ამასთან, ამჟამინდელი წინასაარჩევნო კამპანია წარსულისაგან მაინც განსხვავდება: ჯერ-ჯერობით ძალიან სენსაციური სკანდალები არ ხდება. ალბათ იმიტომ, რომ კარადიდან უკვე ყველა „ჩონჩხი“ უკვე გამოტანილია, ახლები კი ჯერ არ აღმოუჩენიათ. თუმცა საგულისხმოა, რომ ტელეარხ „იმედის“ ეთერში, რომელიც ხელისუფლებისადმი ზოგადად სიმპათიას ამჟღავნებს, გადის რეჟისორ გიორგი ხაინდრავას (ყოფილი სახელმწიფო მინისტრის) მიერ გადაღებული მრავალსერიანი მხატვრული ფილმი „ჰეროკრატია“, რომელშიც „ნაციონალების“ ულმობელი რეჟიმის საშინელებებია ნაჩვენები.

მკითხველს გავახსენებთ, რომ საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები განსაზღვრა იმ კადრების ჩვენებამ, რომლებშიც ქართულ საპყრობილეებში მომხდარი წამებისა და ცემის ფაქტები იყო ასახული. სწორედ ამ რეალობამ განაპირობა „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება. როგორც ჩანს, ფილმის მიზანი იმაშია, რომ მოსახლეობას გაახსენოს იმ პერიოდის საშინელება და ‘ნაცმოძრაობის“ წინაარმდეგ მიმართული განწყობა გაუღვიძოს, მით უმეტეს, რომ კინოსურათი ბიძინა ივანიშვილის მიერ არის დაფინანსებული. სხვათა შორის, იყო დრო, როცა ოლიგარქი იფიცებოდა – „ნაციონალებს“ მოუსავლეთში გავგზავნი, მათი ადგილი უკვე ისტორიაშიაო, მაგრამ ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ოთხწლიანი მმართველობის პერიოდში ოპოზიციურმა „ნაცმოძრაობამ“ საკვირველი სიცოცხლისუნარიანობა გამოამჟღავნა. ექსპერტების აზრით, თუ ეს არჩევნები „ნაცებისთვის“ წარუმატებელი იქნება (საქმე ეხება არა მათ დაბრუნებას ხელისუფლებაში, არამედ პარლამენტში პოზიციების შენარჩუნებას), მაშინ ბიძინა ივანიშვილი თავის დაპირებას, ალბათ, მართლაც შეასრულებს.

არცევნების სხვა სუბიექტები იმ ნიშას ეჭიდებიან, რომლის საშუალებით შეიძლება პარლამენტში „შესვლის“ საშვი მიიღონ: ზოგი იძახის, „მტკიცე მედასავლეთე“ ვარ და ნატო-ევროკავშირის სიყვარულით ხმა მე მომეცითო, ზოგმა მოქმედების რისკიანი ვარიანტი აირჩია და აცხადებს – ვისაც რუსეთთან შერიგება უნდა, მე დამიჭიროს მხარი, სურვილს შევუსრულებო. საერთოდ, რუსეთთან დაკავშირებული იდეა საქართველოში მაინცდამაინც პოპულარული არაა, მაგრამ მხარდამჭერები ჰყავს. არიან პოლიტიკოსები, რომლებთაც იმ 50 პროცენტის იმედი აქვთ, რომლებიც ჯერაც ვერ გაურკვეულან, ვის მისცენ ხმა.

«Новое время» (უკრაინა), 20 სექტემბერი, 2016 წელი

http://nv.ua/publications/kakaja-partija-net-moej-partii-saakashvili-o-dosrochnyh-vyborah-i-svoem-uchastii-v-nih-223713.html

ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: „ჩემი ცოლი საქართველოში მეგაპოპულარულია, მე მშურს მისი…“

ინტერვიუში საქართველოს ექს-პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ჟურნალის კორესპონდენტ ალექსანდრა გორჩინსკაიასთან  ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს  – ხელისუფლების კრიზისზე („უკრაინა დღევანდელი პარლამენტითა და მთავრობით სამი წელი ვერ გაძლებს“), სავარაუდო ვადამდელ არჩევნებზე, პარტიების რეიტინგზე, მისი მხარდამჭერების დამოკიდებულებაზე და სხვა საკითხებზე, მათ შორის, მეუღლის – სანდრა რულოვსის პოლიტიკურ საქმიანობაზეც…

გთავაზობთ ამონარიდს:

- უკრაინელი პოლიტოლოგებისა და სოციოლოგების გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რომ თქვენი სავარაუდო პარტია, ახლა რომ არჩევნები ჩატარდეს, მხოლოდ 10% მიიღებდა, თქვენი პირადი რეიტინგი კი 18%-ს აღწევს…

- რომელ პარტიაზე ლაპარაკობთ? მე პარტია არ მყავს.

- ჰოდა საქმეც მაგაშია, მაგრამ რომც გყოლოდათ, მისი რეიტინგი „პეტრო პოროშენკოს ბლოკზე“ მეტი უნდა ყოფილიყო. რატომაა ასე?

- ჩემი აზრით, ახლა რეიტინგების გაზომვის დრო არ არის. რეიტინგები ყოველ წუთს სეიძლება შეიცვალოს, მით უმეტეს, არჩევნების მოახლოების დროს. მოსახლეობა ძველ სახეებს ინსტიქტურად ხმას არარ მისცემს. უკრაინელები ხედავენ, რომ ქვეყანაში სასიკეთოდ არაფერი იცვლება, პირიქით – საქმე უკან და უკან მიდის. პოლიტიკურ არენაზე კვლავ ძველი ფიგურები ჩანან. საჭიროა ახალი სახეები, ახალი პოლიტიკოსები… მჯერა, რომ უკრაინელებში თვითგადარჩენის ინსტინქტი გაიღვიძებს. ახალი სახეები ყველა ქვეყანაში გამოჩნდებიან ხოლმე, ასე მოხდება უკრაინაშიც…

- თქვენი ცოლიც პოლიტიკაში მიდის, მაგრამ საქართველოში, სადაც იგი 8 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს. მისი რეიტინგი მაღალია…

- დიახ, იგი ძალიან პოპულარულია. უფრო ზუსტად, მეგაპოპულარულია. ჩემმა ცოლმა დამჩრდილა. იგი ახლა უფრო უკეთეს სიტუაციაშია, ვიდრე მე ვიყავი „ვარდების რევოლუციის“ დროს… თითქმის მშურს მისი. მაგრამ მე უკრაინას და საქართველოს ერთმანეთისაგან არ ვყოფ. იგი აქ რამდენიმე დღის წინ იყო ჩამოსული და ძალიან არის დაინტერესებული იმით, რომ ჩვენ უკრაინაში წარმატებულნი ვიყოთ. ამიტომაც ორ ფრონტზე ვიბრძოლებთ – აქაც და იქაც.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 20 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-russias-eleqtion-in-occupied-territories-abkhazia-and–tskhinvali-region/3514981.html

დეპუტატები ცხრა მთას იქ: რუსული საარჩევნო კლოუნადა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ზაზა წულაძე

რუსეთის დუმის გუშინდელ არჩევნებზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებულმა 133 000 ამომრჩეველმა, რომლებსაც რუსეთის პასპორტები აქვთ, საკუთარი ხმა ჩიტას, დაურის, ვორონეჟის, ლენინგრადის და სამარის საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ პარტიებსა და კანდიდატებს მისცა. ასეთი უცნაური გადაწყვეტილება, რომლის დედაზრს ბოლომდე ვერც რუსეთში და ვერც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაწვდნენ, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღნიშნულ ოლქებში „ამომრჩევლის ნაკლებობის“ მოტივით მიიღო.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ცესკომ 12 საარჩევნო უბანი გახსნა. მათ შორის ხუთი – ქალაქ ცხინვალში, ორი – რუსეთის მეორე საოკუპაციო სამხედრო ბაზაზე, თითო კი დაბა კვაისაში, ახალგორში, ჯავაში, ცხინვალისა და ყორნისის რაიონებში. ​სულ ცხინვალის რეგიონში 25 363-მდე ბიულეტები გაიგზავნა, რომელიც რუსეთ-ჩინეთ-მონღოლეთის მოსაზღვრე იმერბაიკალეთის – ჩიტას საარჩევნო ოლქში დაიბეჭდა. შესაბამისად, ცხინვალის რეგიონის ხმებიც ციმბირში წავიდა. ინფორმაციისთვის – ქალაქ ჩიტადან ცხინვალამდე 7038 კილომეტრია, სასაათო სარტყელს შორის განსხვავება კი 3 საათია.

რუსული კვლევითი ცენტრის RAMCOM-ის ხელმძღვანელი დენის სოკოლოვი ამბობს:

​„შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ ოსეთის ამომრჩეველი შეძვრა ისტორიაში, რომლის შესახებაც მათ არაფერი იციან. ხმები მისცეს ვიღაცას ადმინისტრაციული რესურსის ხათრით. თუმცა, ეს მათ ბუნებრივია არ ადარდებთ. რა მნიშვნელობა აქვს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანებისთვის ვინ შევა რუსეთის დუმაში ჩიტას ოლქიდან?“

კიდევ უფრო კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში – აქ რუსეთის დუმის არჩევნებისთვის ცხრა საარჩევნო უბანი მუშაობდა. ყველაზე მეტი 41 000 ამომრჩეველი – სოხუმის მე-10 საშუალო სკოლაში გახსნილ უბანში იყო რეგისტრირებული, რომელიც იმერბაიკალეთის – დაურის საარჩევნო ოლქზე იყო მიწერილი. შესაბამისად, ამ უბნის ამომრჩეველმა დეპუტატები 7500 კილომეტრის მოშორებით აირჩიეს. შედარებით გაუმართლათ, სოხუმის 5-ე საშუალო სკოლაში გახსნილ უბანში აღრიცხულებს. მათი ხმები სულ რაღაც 1250 კილომეტრით მოშორებულ ვორონეჟის ოლქში წავიდა. ამ უბანში ხმა მისცეს – აფხაზთა ლიდერმა ხაჯინბამ და ახალმა პრემიერმა ბარციცმა.

გაგრასა და ბიჭვინთაში რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა – დუმაში დეპუტატები 1900 კილომეტრით დაშორებულ სამარაში აირჩია. ბომბორას სამხედრო აეროდრომზე დისლოცირებულმა ოკუპანტებმა, ასევე გუდაუთაში, ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა და გალში რეგისტრირებულმა რუსეთის მოქალაქეებმა კი ხმა 2540 კმ დაშორებულ ლენინგრადის ვსევოლჟკის ოლქში მისცეს.

რუსეთის ოპოზიციური პარტია „იაბლოკოს” წევრი იგორ ლინიკი, რომელიც გუშინ დაურის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში დამაცხდა, ამბობს: „ჩვენ ხომ რეალურად არ ვიცით რამდენი ბიულეტენი გამოაგზავნეს აფხაზეთიდან – 44 ათასი თუ 100 ათასი?! ეს ყველაფერი აბსოლუტურად გაუმჭირვალე პროცესია. ჩვენ, პრინციპში, წინასწარ ვიცოდით არჩევნების შედეგები იმერბაიკალეთში, თუმცა თუ რაღაც პრობლემები შეიქმნება ციფრებთან დაკავშირებით, ეს ციფრები მარტივად შეუძლიათ დააკორექტირონ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოწყლობილი “არჩევნების” ხარჯზე“.

რუსეთში იმედი ჰქონდათ რომ დუმის არჩევნების გამართვა, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, საქართველოშიც მოხერხდებოდა. ამაზე მეტყველებს 2015 წლის ნოემბერში მიღებული ფედერალური კანონი, “ერთმანდატიანი ოლქების ფორმირების შესახებ”, სადაც საქართველოში რეგისტრირებული – 8174 ამომრჩეველი ივანოვის ოლქზე იყო მიწერილი.

საბოლოოდ, შეთანხმება ვერ შედგა და მოსკოვმა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ, ხმის უფლების მქონე რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, საარჩევნო უფლების გასაყენებლად სომხეთში, ქალაქ გიუმრიში ჩასულიყვნენ. რამდენმა ისარგებლა ამ უფლებით, ამ დროისთვის უცნობია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებით დაგმო რუსეთის ფედერაციის დუმის არჩევნების ჩატარება ოკუპირებულ რეგიონებში და მას „მოსკოვის ანექსიური პოლიტიკის მორიგ გამოვლინება“ უწოდა, რომელიც „საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს უხეშად არღვევს“.

Comments are closed