«Новое время» (აზერბაიჯანი): აშშ-მა საქართველო და უკრაინა ნატოს ბორტს მიღმა დატოვა
«Каспiй» (აზერბაიჯანი): „მე სამშობლო კი მიყვარს, მაგრამ უცნაური სიყვარულით“ // პრორუსული „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ყოველკვირეულ საპროტესტო აქციებს მოაწყობს
«Каспiй» (აზერბაიჯანი): მიხეილ სააკაშვილის სრულიად უკრაინული ტურნე // ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს ახალი რევოლუცია არ სურს, მაგრამ ბრძოლას გააგრძელებს
«BBC – українська служба» (დიდი ბრიტანეთი): მიხეილ სააკაშვილის პირველი წარმატება სასამართლოში // „პრო“: „მხოლოდ მას შეუძლია პოროშენკოს დამხობა, რომელმაც მუხლებზე დაგვაჩოქა“ // „კონტრა“: „წავიდეს თავის საქართველოში, ჩვენთან იგი უცხოპლანეტელივითაა“
—————-
«Новое время» (აზერბაიჯანი), 19 სექტემბერი, 2017 წელი
http://www.novoye-vremya.com/w105741/…/#.WcE18oprzs0
აშშ-მა საქართველო და უკრაინა ნატოს ბორტს მიღმა დატოვა
რ. ველიევი
ბოლო დროს დასავლურ მასმედიაში ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდა მასალები ახლო პერსპექტივაში საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შეუძლებლობისა და თვით იდეის უაზრობის შესახებ. ამ თვალსაზრისს იზიარებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერიც, რომელმაც ქართულ გაზეთ „კვირის პალიტრა“-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „უკრაინასთან შედარებით საქართველოს უკეთესი პროგრესი აქვს. ვგულისხმობ გამჭვირვალობას და იმ დიდ წვლილს, რომელიც საქართველომ შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში, რეფორმებს თავდაცვის სფეროში, კორუფციასთან ბრძოლას და ა.შ. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ნატოში დღეს ვინმე იტყვის, მზად ვართ, საქართველო წევრად მივიღოთო. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ნატოში დღეს ვინმე იტყვის, მზად ვართ, საქართველო წევრად მივიღოთო. საქართველოში უნდა იყოს წარმატებული, გამჭვირვალე, უსაფრთხო დემოკრატია, როგორიც ნატოს სხვა ქვეყნებშია და მოემზადოს იმისთვის, როდესაც ნატო გადაწყვეტილებას მიიღებს შემდგომ გაფართოებაზე, პირველ რიგებში იყოს», – აღნიშნა კურტ ვოლკერმა და ხაზი გაუსვა: „შეგახსენებთ ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითს – 1999 წელს მათ განუცხადეს, რომ შეუძლებელი იყო ნატოში გაწევრება, თუმცა, 2002 წელს ისინი ალიანსში მოიწვიეს. ნატოში ვინმეს მისაღებად საჭიროა ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსი. ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ იმ ფაქტს, რომ რუსეთი დიდი მეზობელია“.
ფაქტია, რომ საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ტანმიმდევრულ პროდასავლურ ქვეყნად მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პირველი სამი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ტაქტიკა ერთმანეთისაგან საკმაოდ მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსზე დამყარებული ქვეყნის დასავლური სტრატეგიული კურსი მაინც უცვლელი რჩებოდა. მაგრამ აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებულმა ბოლო გამოკითხვამ ძალზე საკვირველი შედეგი აჩვენა: მოსახლეობის თვალსაზრისი თანდათან იცვლება – უკვე გამოკითხული მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა. ასეთი რამ საქართვლოში ბოლო დრომდე წარმოუდგენელი იყო.
საქართველოს ხელისუფლების დაუსრულებელ თხოვნაზე – „ნატო, რა მოგივიდა, „მაპი“ მაინც მოგვეციო“, აშშ-ის წარმომადგენლები პასუხობენ, რომ „საქართველო და მასთან ერთად უკრაინაც ჯერ-ჯერობით ნატოსაკენ მიმავალ გზაზე არ დგანან“. მანამდე კი ნატოს გენერალური მდივნები, დაწყებული ჰავიერ სოლანათი, ამ სახის ფორმულირებებით სარგებლობდნენ: „ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა, მაგრამ ღია კარამდე მისასვლელად დიდი გზის გავლა გჭირდებათ“. მაგრამ როცა უკვე იმ ქვეყნის წარმომადგენელი აცახდებს, რომელიც ნატოში დომინირებს (ანუ აშშ) – საქართველო ნატოსაკენ მიმავალ გზაზე საერთოდ არ დგასო, მაშინ რისთვის დაიღუპა 29 ქართველი ოფიცერი და ჯარისკაცი ავღანეთში, ალიანსის სამშვიდობო ოპერაციის მსვლელობის დროს? ყოველ შემთხვევაში, ეს კითხვა თბილისში სულ უფრო ხშირად ისმის.
რაც შეეხება უკრაინას, რასაკვირველია, არავინ ამბობს იმას, რომ ამ ქვეყნისთვის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება სამუდამოდ განუხორციელებელია, მაგრამ ის, რომ ეს საკითხი ახლო ათწლეულებში ვერ გადაწყდება, ამას არავინ მალავს. იმავდროულად პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გულუბრყვილოდ აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ნატოში მიღება მხოლოდ უკრაინის ხალხის სურვილზეა დამოკიდებული და ამ მიზნისათვის მხოლოდ რეფერენდუმის ჩატარებაა საჭირო. რასაკვირველია, ბოლოსდაბოლოს, რეფერენდუმის მოწყობა, მნიშვნელოვან თანხებზე რომ არაფერი ვთქვათ, არცისე ძნელია, მაგრამ განა ვინმეს ჭირდება დასავლეთში ეს რეფერენდუმი? მთელმა უკრაინამ, დიდ-პატარიანად, თანხმობა რომ განაცხადოს ნატოში გაწევრიანებაზე, მათ ალიანსში მაინც არავინ ელოდება. მაქსიმუმი იქნება მსახურის როლში ყოფნა და არა ნატოს სრულუფლებიანი წევრობა. ჰოდა, საერთოდ, რამდენად აუცილებელი იყო ამდენი რევოლუციების მოწყობა და ქვეყნის ქაოსში ჩაძირვა? არსებითად, სწორედ დასავლეთის გეოპოლიტიკურმა ამბიციებმა განაპირობა ის, რომ უკრაინას დაუსრულებელი პრობლემები აქვს. საბოლოო ჯამში კიევი ნატოსა და ევროკავშირის გარეშე რჩება.
«Каспiй» (აზერბაიჯანი), 19 სექტემბერი, 2017 წელი
http://www.kaspiy.az/news.php?id=67487#.WcEuZIprzs0
„სამშობლო კი მიყვარს, მაგრამ ცოტა უცნაური სიყვარულით“
პრორუსული „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ყოველკვირეულ საპროტესტო აქციებს მოაწყობს
სტატიაში გადმოცემულია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საქმიანობის ამსახველი მოვლენები, კერძოდ, პარტიის აქტივისტების მიერ მოწყობილი საპროტესტო მსვლელობა და შიმშილობის გამოცხადება პარლამენტის შენობასთან, „მატყუარა ხელისუფლების“ მიერ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობის გამო (ავტორი – რაუფ ორუჯევი).
რას მოითხოვენ „პატრიოტები“?
„როგორც მათი ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი ამბობს, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს რამდენიმე პრინციპი, მათ შორის – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მომავალი თაობის ეროვნული თვითშეგნებით აღზრდა, სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარება. კიდევ ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური ფორმატი „საქართველო-ნატო-რუსეთი“, – აღნიშნულია სტატიაში. იქვე ავტორი იხსენებს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების – გიორგი ლომიას, ადა მარშანიას და ნატო ჩხეიძის ვიზიტს რუსეთში (ივლისის შუახანებში), რომელმაც პარლამენტის სხვა წევრებში – როგორც მმართველ „მეოცნებეებში“, ისე ოპოზიციურ „ნაციონალებში“ ნეგატიური რეზონანსი გამოიწვია. რაც შეეხება თვით საპროტესტო აქციებს, მიტინგები და დემონსტრაციები საქართველოს მასშტაბით ყოველკვირეულად ჩატარდება.
რა თქმა უნდა, საინტერესოა ამგვარი პრორუსული პოლიტიკური ძალის არსებობა ისეთ ქვეყანაში, რომელიც აგრესიისა და ოკუპაციის ობიექტი გახდა სწორედ რუსეთისაგან, ანუ იმ სახელმწიფოსაგან, რომელთანაც დიალოგს „პატრიოტები მოითხოვენ. რა არის ეს – ქვეყნის ინტერესების ბანალური ღალატი კრემლიდან მიღებული გრანტის გამო? თუ ისისნი მართლაც იდეურად პროიმპერიული ადამიანები არიან, რომლებსაც საბჭოთა ეპოქის დროინდელი „უფროსი ძმის“ დაბრუნება სურთ?
ჩვენმა გაზეთმა კომენტარისთვის ცნობილ ქართველო პოლიტოლოგს თენგიზ აბლოთიას მიმართა. მისი თქმით, „პატრიოტები“ საბჭოურად მოაზროვნე ჩვეულებრივი დამიანები არიან, რომლებსაც დასავლური სისტემის ფასეულობებში თავიანთ ადგილს ვერ პოულობენ. ისინი მიჩვეულები არიან საბჭოური ცხოვრების წესს, რომელიც ძირითადად რუსეთშია შემორჩენილი: „ქართველი ნაციონალისტების დიდი უმეტესობა პრორუსულია, მათი რელიგიური მრწამსიდან და ვითომდა საფრთხიდან გამომდინარე, რომ დასავლეთი „ქართულ ეროვნულ იდენტობაზე“ უარყოფით გავლენას მოახდენსო. ისინი ძირითადად უსაქმურები და უიღბლო ადამიანები არიან. რასაკვირველია, ამას უნდა დავუმატოთ კრემლის დაკვეთაც. ზოგადად, ეს ის შემთხვევაა, როცა „სასიამოვნო სასარგებლოსთანაა შეთავსებული“.
«Каспiй» (აზერბაიჯანი), 19 სექტემბერი, 2017 წელი
http://www.kaspiy.az/news.php?id=67482#.WcExOIprzs0
მიხეილ სააკაშვილის სრულიად უკრაინული ტურნე
ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს ახალი რევოლუცია არ სურს, მაგრამ ბრძოლას გააგრძელებს
„ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გასულ კვირას წარმატებით გაარღვია უკრაინის საზღვარი და ქვეყანაში დაბრუნდა, ასევე წარმატებით განაგრძობს გამარჯვების ტურნეს უკრაინაში. საინტერესოა, რომ იგი პრაქტიკულად პასპორტის გარეშე მოგზაურობს, ადგილობრივი მასმედია კიევის „სირცხვილზე საუბრობს“, – წერს სტატიის ავტორი ალი საიდოვი, რომელიც პოზიტიურად აშუქებს საქართველოს ექს-პრეზიდენტის დამსახურებას უკრაინელი ხალხის წინაშე.
მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ოპოზიციონერები შეიკრიბნენ. ისმება კითხვა: რა მოხდა, რატომ მივიდნენ მასთან ის პოლიტიკოსები, რომლებსაც ადრე მიხოსკენ გახედვაც არ სურდათ? ხომ ყველას ახსოვს, რომ არც იულია ტიმოშენკოს და არც ლვოვის მერს ანდრეი სადოვოის მიხეილ სააკაშვილი არ მოსწონდათ… როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპისა და ჰილარი კლინტონის ვარიანტია, როცა ამომრჩევლებმა არაიმდენად დონალდ ტრამპს მიცეს ხმა, არამედ ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ გამოვიდნენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკრაინულ ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილი ლოკომოტივას ჭირდებათ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ.
მიხეილ სააკაშვილის მხარეზე მთელი ოლქები გადადიან. დასავლეთ უკრაინის ოლქები პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებენ. ექს-გუბერნატორს მხარს უჭერენ პარტიები „ბატკივშინა“, „უკროპი“ და „სამოობორონა“. პროსამთავრობო პარტიების რეიტინგი კლებულობს. თუ ასე გაგრძელდება, თუ მიხეილ სააკაშვილის მხარეზე უკრაინის სხვა საოლქო საბჭოებიც გადავლენ, მაშინ შეიძლება 2014 წლის დროინდელი სიტუაცია განმეორდეს, როცა ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება დაემხო. თვითონ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას რევოლუციის მოწყობა სულაც არ უნდა, მაგრამ აქ მთავარი ისაა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მისი კიევში ჩასვლის შემდეგ.
მიხეილ სააკაშვილი აცნობიერებს, რომ ხელისუფლებას ვერც მისი დაპატიმრება და ვერც საქართველოსატვის გადაცემა არ შეუძლია – ამის შანსი მთავრობამ უკვე ხელიდან გაუშვა და თუ ოფიციალური კიევი „ჩავლილი მატარებლის“ უკან დაბრუნებას შეეცდება, მას ასეთი ქმედება ძალიან ძვირი დაუჯდება. მიხეილ სააკაშვილს, ალბათ, პრეზიდენტობაზე პრეტენზია არ აქვს, რადგან უკრაინაში ცხოვრების ცენზი ამის უფლებას არ აძლევს, მაგრამ პრემიერ-მინისტრობა სავსებით შესაძლებელია, ან პარლამენტის დეპუტატის სავარძელი“.
«BBC – українська служба» (დიდი ბრიტანეთი), 19 სექტემბერი, 2017 წელი
http://www.bbc.com/ukrainian/features-russian-41317842
მიხეილ სააკაშვილის პირველი წარმატება სასამართლოში
„პრო“: „მხოლოდ მას შეუძლია პეტრო პოროშენკოს დამხობა, რომელმაც მუხლებზე დაგვაჩოქა“ // „კონტრა“: „წავიდეს თავის საქართველოში, ჩვენთან იგი უცხოპლანეტელივითაა“
პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა „საზღვრის გარღვევის“ შესახებ უკრაინის ლვოვის ოლქის მოსტისკის რაიონულ სასამართლოში. სწორედ მის ტერიტორიულ იურისდიქციაში შედის „შეგინის“ საკონტროლო-გამსვლელი პუნქტი, სადაც „გარღვევა“ მოხდა (ავტორი – ვიტალი ჩერვონენკო, „ბი-ბი-სი“ კორესპონდენტი).
„მართალია, ვერდიქტის გამოტანა 22 სექტემბრისათვის გადაიდო, მაგრამ თუ სასამართლოს მიმდინარეობის მიხედვით ვიმსჯელებთ, მიხეილ სააკაშვილმა პირველი სხდომა თავის აქტივში უნდა ჩაიწეროს: მოსამართლე იური ბელოუსი საკმაოდ ლოიალურად მიუდგა საქართველოს ექს-პრეზიდენტის ადვოკატების შუამდგომლობებს, ყველა დააკმაყოფილა და შენიშვნაც კი არ მიუცია. თემიდის მსახურის ასეთი ლიბერალური მიდგომა საკმაოდ მოულოდნელი იყო მიხეილ სააკაშვილის მომხრეებისათვის, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტს ხელისუფლების უზურპაციაში ადანაშაულებენ.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის მიერ წარდგენილი სარჩელის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ჯარიმა (3400 გრივნა) ან 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.
მოსტისკის რაიონული სასამართლოს შენობასთან, რომელიც ძველია და კაპიტალური რემონტი ესაჭიროება, წესრიგის დამცველ პოლიციელებთან და მომჩივან მესაზღვრეებთან, უკრაინელ და დასავლელ ჟურნალისტებთან ერთად, ექს-პრეზიდენტის მომხრეები და მოწინააღმდეგეებიც არიან შეკრებილნი, რომელთა შორის შეხლა-შემოხლაც ხდება: მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები გაიძახიან: „წავიდეს თავის საქართველოში, ჩვენთან იგი უცხოპლანეტელივითაა“. მომხრეები პასუხობენ: „მხოლოდ მას შეუძლია პეტრო პოროშენკოს დამხობა, რომელმაც ჩვენ მუხლებზე დაგვაჩოქა“. მოკლედ, ამდენი ხალხი და ასეთი ჭრელი საზოგადოება მოსტისკის სასამართლოს კედლებს არასოდეს უნახავს.
სასამართლოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი ლირიკული გადახვევებით ჰყვება, თუ როგორ გადალახა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი და როგორ დაბრუნდა მშობლიურ უკრაინაში. თავის გამოსვლაში იგი საუბრობს ვლადიმერ პუტინზე, პეტრო პოროშენკოსა და მათ დამქაშებზე… იხსენებს პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმასაც, რომელიც ქართველი ჟურნალისტის დავით ღონღაძის უკრაინიდან გაძევებას მოითხოვდა: „დღეს იგივეს აკეთებს პეტრო პოროშენკო“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი და სულ ბოლოს აცხადებს, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა უკრაინაში მის წინააღმდეგ თითქოსდა საქმე იყო აღძრული „უკრაინული ნაციონალიზმის მხარდაჭერის გამო“. მოკლედ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, მას საზღვარი არც დაურღვევია და არც გაურღვევია, იგი ხალხმა „ხელში აყვანილი“ დააბრუნა უკრაინაში.
მიხეილ სააკაშვილისადმი მოსამართლისა და თვით მესაზღვრეების მიერ გამოხატულ გადაჭარბებულ ლოიალობიად მოწმობს ერთი მცირე, მაგრამ საკმაოდ მიმანიშნებელი დეტალი: ხუთწუთიანი შესვენების შემდეგ სხდომათა დარბაზში დაბრუნებისას მოსამართლე იური ბელოუსმა სიტყვა მისცა სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს, მიხეილ სააკაშვილი კი ამ დროს ფრანგულად ინტერვიუს აძლევდა უცხოელ ჟურნალისტს. არც მოსამართლეს და არც მომჩივანს არანაირი შენიშვნა არ გამოუთქვამს, არადა, ასეთი რამ სასამართლოში იშვიათად თუ ხდება.
მოსამართლის დადგენილება სხდომის გადადებაზე მიხეილ სააკაშვილმა პოზიტიურად შეაფასა: „ჯარიმა მცირეა, მისი გადახდა არ გამიჭირდება, მაგრამ ეს საქმე პრინციპის საკითხია. ვაცხადებ, რომ საზღვარი არ დაგვირღვევია და ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – ეუბნება ექს-პრეზიდენტი ჟურნალისტებს. ერთი ერთი ჟურნალისტის ნათქვამზე, რომ „მოსამართლე ძალიან ლოიალური იყო მიხეილ სააკაშვილის მიმართო“, ადვოკატი პასუხობს, რომ „იური ბელოუსი კანონის მიხედვით მოქმედებდა, რაც ბევრისთვის დავიწყებული და უჩვეულოა“.