globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 20 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 20th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): გაუცხოების ეროზია // რუსეთთან არამეგობრული დამოკიდებულება უფრო მეტად საქართველოსთვისაა საზიანო, მეზობლებს ვერ შეიცვლი“

«Новая газета - СПБ» (რუსეთი): საქართველო – სიყვარულის ტერიტორია (მესამე ნაწილი)

«КоммерсентЪ» (რუსეთი): სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს რუსეთთან შეერთების აზრი მოუვიდა

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ამერიკელი ექსპერტები: „საქართველომ ირანის მიმართ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს – არ იფიქროს, რომ ირანი მეგობარია, მაგრამ ამასთან, საკუთარი მდებარეობა რეალისტურად შეაფასოს“

————

«Независимая газета» (რუსეთი), 20 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.ng.ru/ng_politics/2015-10-20/15_gruzia.html

გაუცხოების ეროზია

რუსეთთან არამეგობრული დამოკიდებულება უფრო მეტად საქართველოსთვისაა საზიანო. მეზობლებს ვერ შეიცვლი“

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ამჟამად არასახარბიელო დონეზეა. რასაკვირველია, სისულელეა იმის თქმა, რომ პრობლემები მხოლოდ ქართული მხარის მიზეზებით არსებობს, ხოლო რუსული მხარე კეთილი ანგელოზია. თუმცა აშკარაა, რომ ქართველებსა და რუსებს შორის არსებული ყველაზე მტკივნეული მოვლენები მეტ-ნაკლებად გაყუჩებულია, „ფურცლები გადაშლილია“ და მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობა ფორმალურად ჯერაც არ არის აღდგენილი, კონტაქტები უკვე კონტრუქციულ ფორმებში გადადის. ამ ყველაფერს ბიძგს ისიც აძლევს, რომ საქართველოში დღეს პრორუსული განწყობა ძლიერდება. აშკარაა, რომ ის გაუცხოება, რომელიც მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ძირს უთხრიდა ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, უკვე ეროზიას განიცდის და ეს ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ამას წინათ ჩვენს მასმედიაში იჩქარეს და გამოაცხადეს, რომ საქართველო მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს შეუერთდაო, მაგრამ თბილისმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ პირიქით, საქართველო ორმხრივი კავშირების განვითარებით არის დაინტერესებულიო“, – ასეთი შესავალით იწყება ვრცელი სტატია, რომელიც საქართველოში ჩამოსული და ნამოგზაურევი ტურისტი-ჟურნალისტის შთაბეჭდილებებია გადმოცემული (ავტორი – რაშიტ მუჰამედიანოვი).

პუბლიკაციაში აღწერილია აჭარა, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურის მქონე საკურორტო რეგიონი (ავტორი ესაუბრება ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც მანდარინის ბიზნესითაა დაკავებული), წყალტუბო, რომელიც ადრე, კომუნისტურ ეპოქაში, საბჭოთა მაღალჩინოსნების ჯანმრთელობის გაკაჟებას ემსახურებოდა, შემდეგ კი, 1990-იან წლებში აფხაზეთიდან ლტოლვილები და იძულებით გადადგილებული პირები შესახლდნენ. იქვე ავტორი ხაზს უსვამს, რომ საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ყველაზე მეტადაა დაზარალებული კონფლიქტებითა და ომებით.

„საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით მატულობს. მიზეზები ბანალურია: უვიზო რეჟიმი, იაფი ტრანსპორტი, იაფი სასმელ-საჭმელი, ზღაპრული ბუნება, კეთილგანწყობილი ქართველები. და ეს იმ დროს, როცა რუსეთის ხელისუფლებას ქართველებისთვის ჯერ კიდევ სავიზო რეჟიმი აქვს დაწესებული. თბილისსა და სხვა მსხვილ ქალაქებში ოფიციალური წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზეა, მაგრამ კერძო განცხადებების უმეტესობა უკვე რუსულ ენაზეც კეთდება, ანუ რაც გინდა ის თქვი, მაგრამ ფაქტია, რომ რუსული ენა ხალხთა შორის ურთიერთობის საშუალებად რჩება. საქართველომ ტურისტული სახელმწიფოს სტატუსი, შეიძლება ითქვას, დაიბრუნა. გასულ წელს აქ ექვს მილიონამდე ტურისტმა იმოგზაურა და დაისვენა – აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ირანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან… ბევრია სუპერთანამედროვე სასტუმროები – „ჰილტონი“, „რედისონი“, „შერატონი“… ბათუმი საქართველოს ტურისტული ვიტრინაა, მაგრამ საწყენია, რომ ფასადს მიღმა კვლავ ბევრი მოუვლელ შენობებს და ქუჩებს ნახავთ. თბილისში რამდენიმე წლის წინათ დავით აღმაშენებლის გამზირის საფუძვლიანი რესტავრირება გაუკეთეს და ახლა აქ უამრავი ტურისტი დადის“, – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი ესაუბრება ბათუმელ ზურაბს, რომელიც საქართველო-თურქეთის ურთიერთობის შუქ-ჩრდილებზე ლაპარაკობს: „1991 წელს თურქები ჩვენზე ღარიბები იყვნენ. საზღვარი რომ გაიხსნა, ისინი ჩვენგან ყველაფერს ყიდულობდნენ, ახლა კი ისინი ჩვენზე უფრო მდიდრულად ცხოვრობენ. აქაური მაღაზიები სულ თურქული საქონლითაა გამოტენილი. მე ავღანელი ვეტერანი ვარ, აქ ავტობაზაში ვმუშაობდი. ადრე აქ ჩაის ფაბრიკები იყო, ქართველები მთელ საბჭოთა კავშირში ყველაზე შეძლებულ ხალხად ვითვლებოდით, ახლა კი სხვას შევყურებთ სამოწყალოდ“.

სულ რაღაც ოთხიოდე წლის წინათ ტალანტიური „ფიარშიკი“ მიხეილ სააკაშვილი მთელი მსოფლიოს გასაგონად აცხადებდა, რომ საქართველო წინ ყველაზე სწრაფი ტემპით მიდიოდა, რომ ბიზნეს-საქმიანობის დაწყებისათვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობდა და ყველა საკითხი ოპერატიულად  წყდებოდა. ასეთი რამ რუსი მეწარმე-ბიზნესმენისათვის წარმოუდგენელი მიღწევა იყო. პატარა საქართველოში გატარებული რეფორმები დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. თავის მხრივ, ამ წარმატებებს პროპგანდას უწევდნენ საერთაშორისო სტრუქტურებიც…

მაგრამ ყველაფერი შედარებითია: რუსი ბიზნესმენის კახა ბენდუქიძის ძალისხმევით განხორციელებული რეფორმები ნაჩქარევი აღმოჩნდა. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია და მოსახლეობის ცხოვრების დონე თანდათან უარესდებოდა. საქართველო რეგიონში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებლებით ყველაზე ბოლო ადგილს იკავებდა. როცა საქართველოს თვით სომხეთიც კი 10%-ით უსწრებდა, უკვე აზერბაიჯანთან და თურქეთთან შედარება ზედმეტი ხდება – მათ ორჯერ მეტი მშპ ჰქონდათ. ეს ციფრები აშკარად აჩვენებს იმას, თუ როგორ ყალბ მაჩვენებლებს აფიარებდა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

დიახ, მაშინდელმა ხელისუფლებამ ხალხის დაპურება ყალბი მონაცემებით დააპირა, მაგრამ განა მოსახლეობა ცარიელი ციფრებით იქნება მაძღარი? სიტუაცია არც ახლაა შესაშური: ბიზნესის დაწყების თავისუფლება კარგია, მაგრამ ის მაინც ვირტუალურია, ფასების ზრდა და ინფლაცია – რეალური.  ადამიანი პირველ რიგში კვებაზე და თავშესაფარზე ფიქრობს, შემდეგ კი დემოკრატიულ თავისუფლებებზე, ევროპულ ფასეულობებსა და ცხოვრების ცივილიზებულ წესებზე. ჯერ-ჯერობით კი საქართველოს აბორტებით მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი პოზიციები უკავია, შობადობის დონის მიხედვით კი – ერთ-ერთი უკანასკნელი. ეს ყველაფერი მოსახლეობის სოციალურ ოპტიმიზმს ყველაზე კარგად ასახავს“, – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი წერს, რომ რეფორმები თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში მტკივნეულად ხორციელდებოდა, ასე იყო თვით ბალტიისპირა ქვეყნებშიც, რომლებიც ახლა ევროკავშირის წევრები არიან. ამასთან, ფაქტია, რომ ჯერ-ჯერობით ვერცერთმა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამ, რუსეთის ჩათვლით, საბჭოთა კავშირის დროინდელ მაჩვენებლებს ვერ მიაღწია. ვერავინ უარყოფს იმას, რომ საბჭოთა პერიოდში მოკავშირე რესპუბლიკებისათვის სასათბურო პირობები იყო შექმნილი. ყველა მათგანს ეგონა, რომ საკუტარი პროდუქციითთ მსოფლიო ბაზარზე გავლენ და უზრუნველად იცხოვრებდნენ, მაგრამ სულ მალე გაირკვა, რომ არავის ჭირდება უცხოეთში არც ლატვიური „რაფ“-ის მიკროავტობუსები, არც ქართული ჩაი, არც ბელორუსული ტრიკოტაჟი და არც სომხური „მასის“-ის ფეხსაცმელი… ერთადერთი, რაც მსოფლიო ბაზარზე იყიდება, ეს ბუნებრივი წიაღისეულია – ქართული მარგანეცი, ყაზახური სპილენძი, რუსული ნავთობი…

ქართველების გაწყობა უკეთ რომ გაიგო, მოსახლეობას სოფლებში უნდა გაესაუბრო. თითქმის იგივეა, როგორც რუსეთის პროვინციებში. აი, იქ უკვე დედაქალაქისაგან სრულიად განსხვავებული თვალსაზრისებია. ქართულ სოფელს უამრავი პრობლემა აქვს, რომელიც, ქალაქისაგან განსხვავებით, შენიღბული არაა. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნიდან სამუშაოდ უცხოეთშია წასული. ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი საქართველოსთვის პანაცეა ვერ გახდა. ევროკავშირი საქართველოს მეგობრობას პირდება, მხარდამჭერი რეზოლუციები ბევრია, მაგრამ მხარზე მეგობრული ხელგადახვევით შიმშილს ვერ დაიკმაყოფილებ. დღეს საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მას მოსდევს აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი… ჩინეთი და შემდეგ გერმანია. იმპორტი ექსპორტზე ორჯერ უფრო მეტია. დასავლეთთან პოლიტიკურ ორიენტაციას ნელ-ნელა ცვლის იმის გაცნობიერება, რომ რუსეთთან არამეგობრული დამოკიდებულება ორივე მხარისათვის საზიანოა, მაგრამ უფრო მეტად საქართველოსთვის. მეზობლებს ვერ შეიცვლი“.

სტატიას ავტორი ოპტიმისტურად ამთავრებს: „ქუთაისში გავისეირნე. ოპერის თეატრთან ძეგლი შევნიშნე. ქართული წარწერა ვერ წავიკითხე, მაგრამ სახე მეცნო. გამვლელს შევეკითხე და ამიხსნა, რომ ეს ვლადიმირ მაიაკოვსკის ძეგლია. პოეტი ამბობდა, რომ იგი დაბადებით ქართველია, ეროვნებით კი რუსი. მაიაკოვსკიმ სუფთად იცოდა ქართული ენა და ლიტერატურა, თუმცა იგი დიდი რუსი პოეტადაც შეიძლება ჩაითვალოს. რასაკვირველია, ასეც უნდა იყოს. საქართველო ხომ ჩვენთვის ძალიან ახლობელია“.

«Новая газета - СПБ» (რუსეთი), 20 ოქტომბერი, 2015 წელი

http://novayagazeta.spb.ru/articles/9990/

საქართველო – სიყვარულის ტერიტორია (მესამე ნაწილი)

„ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული სტატიით მთავრდება რუსი ჟურნალისტისა და ტურისტის ტატიანა ლიხანოვას ქართული შთაბეჭდილებები, რომელიც გაზეთი წინა ორ ნომერში დაიწყო. ამჯერად ავტორი ცლად ეხება საქართველოს დედაქალაქის პრობლემებს – ძველი და ახალი თბილისის განვითარებასტან დაკავშირებულ ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო მომენტებს.

„თბილისში საუკუნეების განმავლობაში ადამიანები კოლექტიურად, ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობდნენ – „იტალიურ ეზოებში“. ბევრი რამ დღემდეა შემონახული, რომელიც თავისი განუმეორებელი კოლორიტით გვატყვევებს, მაგრამ ასევე ბევრი რამ იცვლება და ქრება. ექსკურსიის დროს ზოგჯერ გაიგონებთ: „იჩქარეთ, ნახეთ, თორემ შეიძლება შემდეგ ვეღარ ნახოთ

ძველი თბილისის ზოგიერთ უბანს ცვლილებების ქარმა დამანგრეველი შედეგები მოუტანა. მიხეილ სააკაშვილის ამბიციურმა გეგმებმა ისეთი დავა-კამათი გამოიწვია, რომ დღემდე უკმაყოფილება ჩამცხრალი არ არის. უფროსი თაობა ძალიან კრიტიკულია „მიშას სათამაშოების“ (ანუ ულტრათანამედროვე ობიექტებით) მიმართ, მათი აზრით, უფრო უმჯობესი იქნებოდა მილიონები ძველი კვარტლების აღდგენისათვის დახარჯულიყოო, თუმცა ყალბი რესტავრაციისა და ბუტაფორიების წინააღმდეგაც გამოდიან.“. დასამალი არაა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში კატასტროფული ტემპებით ხდებოდა თბილისის ძველი, ისტორიული რაიონების ახლებურად განაშენიანება. თბილისელები ხუმრობენ – „ჩვენი ქალაქი ისე გამოიყურება, თითქოსდა სპარსელები მხოლოდ გუშინ წავიდნენო“.

სხვათა შორის, ასე ფიქრობს ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილიც: ავტორი „თბილისის ჰამქრის“ ლიდერს ალექსანდრე ელისაშვილს ესაუბრება, რომელიც ძველი თბილისის უბნების არასწორ რესტავრირებაზე ლაპარაკობს.

„თბილისი თბილი ქალაქია, ხალხი კეთილგანწყობილი, გულღია და სტუმართმოყვარე. ის თბილი მოგონებები, რომელსაც რუსი ტურისტი საქართველოდან წაიღებს, ჩვენებურ ხანგრძლივ ცივ ზამთარში მას სულსა და გულს გაუთბობს“, – ნატქვამია სტატიის დასასრულს.

«КоммерсентЪ» (რუსეთი), 20 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2835999

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს რუსეთთან შეერთების აზრი მოუვიდა

ილია ბარაბანოვი

(შემოკლებით)

სამხრეთ ოსეთის პრეზიდეტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ მას განზრახული აქვს რეფერენდუმის ჩატარება რუსეთთან მიერთების (რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის) საკითხზე. პრეზიდენტის ეს განცხადება ბევრისთვის მოულოდელი იყო როგორც ცხინვალში, ასევე მოსკოვში, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყაროების თქმით, კრემლში რუსეთ-სამხრეთის ოსეთის ინტეგრაციას „ისე სწორხაზობრივად არ მიიჩნევენ, როგორც ამას ბატონი თიბილოვი ფიქრობს“.

ცხინვალში ბევრი გაკვირვებულია. პრეზიდენტის წარმომადგენლმა მურატ ჯიოევმა უარი განაცხადა კომენტირებაზე, რადგანაც იგი საქმის კურსში არაა. პარლამენტის სპიკერს ანატოლი ბიბილოვის ტელეფონი გამორთული ჰქონდა. როგორც ირკვევა, იგი გუშინ ვლადისლავ სურკოვთან გამართულ თათბირს დაესწრო.

როგორც რუსმა პოლიტოლოგმა ალექსეი ჩესნოკოვმა განუცხადა „კომერსანტს“, ლეონიდ თიბილოვი ყოველთვის იყო მომხრე იმისა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთს შეერთებოდა, ამიტომაც რეფერენდუმის ჩატარების თემა ახალი არ არის. სხვა საკითხია ის, რომ მოსკოვში ინტეგრირების ფორმას ასე სწორხაზობრივად არ განიხილავენ. გარდა ამისა, „კომერსანტს“ ერთ-ერთმა წყარომ აცნობა, რომ ამ ეტაპზე კრემლს რეფერენდუმის ჩატარება საჭიროდ არ მიაჩნია. „პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, უფრო მეტად მოსახლეობის სურვილი გააჟღერა, ვიდრე საკუთარი გადაწყვეტილება. ამჟამად დღის წესრიგში უფრო მეტად დგას მარტში ხელმოწერილი მოკავშირეობისა და ინტეგრირების ხელშეკრულების პირობების შესრულება, ვიდრე რეფერენდუმი“.

სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეტა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკის თქმით, „ჩვენ, პრინციპში, გვესმის ლეონიდ თიბილოვის მოტივაცია, მაგრამ რეფერენდუმთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზს ვერ გავაკეთებ. რუსეთის შემადგენლობაში შემოსვლა ეს ისეთი ნაბიჯია, რომელსაც ღრმა განხილვა ჭირდება. ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საერთაშორისო რეაქციას აფეთქების სახე ექნება და ამით საკუთარ თავს ზიანს მივაყენებთ. რუსეთის წინააღმდეგ ისედაც მწვავე საინფორმაციო ომი მიმდინარეობს“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 20 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/georgia-iran-relationship/3011846.html

ამერიკელი ექსპერტები: „საქართველომ ირანის მიმართ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოსარ იფიქროს, რომ ირანი მეგობარია, მაგრამ ამასთან, საკუთარი მდებარეობა რეალისტურად შეაფასოს

ია მეურმიშვილი

ირანთან დაახლოებას საქართველოსთვის დადებითი ეკონომიკური შედეგების მოტანა შეუძლია. თუმცა ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველომ გეოპოლიტიკური ფაქტორები უნდა გაითვალისწინოს და თეირანთან სიფრთხილე გამოიჩინოს. ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში და მაკეინის ინსტიტურის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი ამბობს, რომ საქართველოს ძალიან რთულ რეგიოინში უწევს პოლიტიკური ნავიგაცია:

„არა მგონია, რომ ირანის მთავრობას უნდა ვენდოთ. ირანმა ცოტა ხნის წინ სირიაში ჯარი გაგზავნა. დასავლეთთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკების შემდეგ თეირანი კვლავ აცხადებს, რომ ამერიკა დიდი სატანაა და ისრაელი რუკიდან უნდა გაქრეს. ჩვენ ირანის რეჟიმთან პრობლემა გვაქვს, მაგრამ ირანელი ხალხი პრო-დასავლურია და ჩვენთან ჩართულობა სურს. ამის გამო იქმნება ერთგვარი გაურკვევლობა – როგორ უნდა დავუახლოვდეთ ირანელ ხალხს ისე, რომ არ დავუახლოვდეთ მთავრობას?“.

​კურტ ვოლკერი საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილეს და სწორი გათვლების გაკეთებას ურჩევს. ამერიკის მთავრობა პარტნიორებთან შერეულ გზავნილებს ავრცელებს. ერთი მხრივ, ირანის წინააღმდეგ არსებული სანქციების მოხსნა და თეირანთან სავარაუდო ეკონომიკური კავშირების დამყარება, ხოლო მეორეს მხრივ, პარტნიორებისთვის იმის თქმა, რომ ირანთან ურთიერთობისგან თავი შეიკავონ, გაურკვევლობას ქმნის: „ქართველები ნახავენ, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნისთანავე, დასავლეთ ევროპელი ბიზნესმენები თეირანში ძალიან გააქტიურდებიან. საქართველოსთვის ლოგიკური იქნება, რომ იგივე გააკეთოს, მითუმეტეს, რომ ირანი მეზობელი ქვეყანაა და საქართველოს უკვე აქვს მასთან სავაჭრო ურთიერთობები. ერთი რაზეც საქართველო უნდა წუხდეს ის არის, რომ ირანისთვის ნაკლებად საინტერესო არ გახდეს.

ამერიკაში უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, იქნება ეს პრეზიდენტი ობამა თუ სახელმწიფო მდივანი კერი, ირანის მიმართ მხარდაჭერა ჩანს, ხოლო მეორეს მხრივ კი ისმის პარტნიორებისთვის სიფრთხილის მოწოდებები. ეს შერეული გზავნილებია. ვფიქრობ, საქართველომ ირანის რეჟიმის მიმართ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს – არ იფიქროს, რომ ირანი მეგობარია, მაგრამ ამასთან, საკუთარი მდებარეობა რეალისტურად შეაფასოს“.

ჯეიმსტაუნის ფონდის პრეზიდენტი გლენ ჰოვარდი ამბობს, რომ ირანს საქართველოს გამოყენება საკუთარი ინტერესების დასაცავად სურს, თუმცა არ ფიქრობს, რომ ეს გეგმა განხორციელდება. ის ამბობს, რომ საქართველო-ირანის ახლო ურთიერთობებს რუსეთი ხელს შეუშლის ისევე როგორც ეს სომხეთთან გააკეთა. „ჩემი აზრით, ირანი გააგრძელებს საქართველოსთვის ჩრდილოეთ-სამხრეთ სატრანსპორტო დერეფნის განვითარების იდეის შეთავაზებას, მაგრამ არ მგონია ეს გეგმა ადგილიდან დაიძრას. სომხეთს სურდა ირანთან სატრანსპორტო ურთიერთობის განვითარება, მაგრამ ის გეგმაც განუხორციელებელი დარჩა. რუსებმა სომხეთს ირანთან გაზის მილსადენის აშენებასა და რკინიგზის გაყვანაში ხელი შეუშალეს.“

გლენ ჰოვარდი ფიქრობს, რომ საქართველომ ირანთან ურთიერთობის წარმოების დროს ამერიკის პოლიტიკა უნდა გაითვალისწინოს. კონკრეტულად კი ის, რომ ამერიკა მზადაა ირანთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები განაახლოს, თუმცა პოლიტიკურად ირანთან ჯერ ისევ დიდი უთანხმოება აქვს:

„საქართველომ პარალელური დიპლომატია უნდა გააგრძელოს. ირანთან ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით კი ამერიკის იმიტაცია უნდა გააკეთოს. არ მგონია ამით რამე დაშავდეს. საქართველოს ირანთან უკვე აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და მცირე მასშტაბის ვაჭრობა. ამერიკა ირანისთვის “ბოინგის” თვითმფრინავების მიყიდვას ფიქრობს. ირანთან ვაჭრობის გააქტიურება საქართველოს არ დააზარალებს. თუმცა, თბილისმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ ამერიკის ზედმეტი გაღიზიანება არ გამოიწვიოს.“

ექსპერტების აზრით, რუსეთსა და ირანს შორის მდებარე ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი საქართველო უკიდურესად რთულ მდგომარეობაშია. ეკონომიკური პრაგმატულობის გამოჩენა სასურველია, მაგრამ პოლიტიკური საღი აზრის ქონა აუცილებელი. ამიტომ, ირანთან ურთიერთობის წარმოებისას, საქართველომ ეკონომიკურთან ერთად გეოპოლიტიკური ფაქტორებიც უნდა გაითვალისწინოს.

Comments are closed