globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 20 ოქტომბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Oct 20th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): IRI-ის პრეზიდენტის მარკ გრინის  აზრით, „ღიად პრორუსული ძალის“ პარლამენტში მოხვედრა საქართველოს დემოკრატიის მხარდამჭერებისთვის განგაშის ზარია“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): დონეცკი-სოხუმი: აფეთქებული „მოტოროლა“ და აფხაზები

«Sverige Radio» (შვედეთი): რეპორტაჟი შიდა ქართლიდან: დაპირისპირება „საზღვრისპირა“ ზონაში – „თუ ვინმე „საზღვარს“ დაარღვევს, მას რუსი მესაზღვრეები იჭერენ“

«Радио ООН» (გაერო, ნიუ-იორკი): რეპორტაჟი აჭარიდან: როგორ ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობას გაეროს განვითარების პროგრამა?

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 20 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/mark-green-on-georgian-elections/3558208.html

IRI-ის პრეზიდენტის მარკ გრინის აზრით, „ღიად პრორუსული ძალის პარლამენტში მოხვედრა საქართველოს დემოკრატიის მხარდამჭერებისთვის განგაშის ზარია

ნანა საჯაია

„რვა ოქტომბრის არჩევნები მთლიანობაში ქართული დემოკრატიისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც „მშვიდი და უსაფრთხო არჩევნები“, თუმცა პრორუსული ძალის წარმატება განგაშის ზარია“ – ასეთია 8 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნების შეფასება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტის მარკ გრინის მიერ.

ყოფილი კონგრესმენი და ამჟამად საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტი მარკ გრინი მიიჩნევს, რომ „ღიად პრორუსული ძალის“ პარლამენტში მოხვედრა საქართველოს დემოკრატიის მხარდამჭერებისთვის განგაშის ზარია: „პრორუსული პარტიის პარლამენტში მოსვლას ვხედავ, როგორც გამოწვევას დემოკრატიის მხარდამჭერებისთვის. ახლა პროტესტის და ერთმანეთისკენ თითის გაშვერის დრო არ არის. ახლა, დემოკრატიულმა ძალებმა უფრო ძლიერი იდეების წარმოჩენა და ამომრჩევლებამდე მიტანა უნდა შეძლონ».

მარკ გრინის თქმით, დროა იმ პოლიტიკოსებმა, ვინც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მსგავსად, ქვეყნის დასავლურ სწრაფვას ემხრობა, „ამომრჩევლებს შეახსენონ, თუ რატომ აირჩია საქართველომ ეს გზა. აუხსნან, თუ რატომაა მნიშნელოვანი ქვეყანამ შეინარჩუნოს კურსი ევროპის კავშირისკენ და ნატოსკენ. ჩემთვის ამ არჩევნების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ეს არის – ეს განგაშის ზარია, რომ უბრძოლველად არაფერი მოდის“.

ამომრჩეველთა ისტორიულად დაბალ აქტივობას კი მარკ გრინი უნდობლობის კულტურით ხსნის: „ჩვენ ვფიქრობთ, ამას ხელი შეუწყო უნდობლობამ. პოლიტიკური პარტიები დიდ დროს ატარებენ თავიანთი თავის და პოლიტიკის მოწინააღმდეგეების მიხედვით განსაზღვრაში. დებატების დიდი ნაწილი პერსონების წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევებმა გვაჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა პარტიებით უკმაყოფილო იყო, რამაც ასევე განაპირობა ამომრჩევლების დაბალი აქტივობა“.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მისია არჩევნების მსვლელობას თბილისსა და რეგიონებში აკვირდებოდა. მარკ გრინის შეფასებით, ყველაზე მნიშნელოვანი არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება იყო: „ჩვენთვის, ვინც არჩევნებს ვაკვირდებოდით, ისევე როგორც ქართველი ხალხისთვის, მნიშნელოვანი იყო არჩევნების მშვიდობიანად და ძალადობის გარეშე ჩატარება, რომ ადამიანებს მისცემოდათ არჩევანის უსაფრთხოდ გაკეთების საშუალება, კანდიდატებს კი არჩევნებში მონაწილეობა შეძლებოდათ. მთლიანობაში ასეც მოხდა. მანქანის აფეთქების გარდა, რაც ცალსახად დაგმობას იმსახურებს. მთლიანობაში არჩევნები მშვიდად, უსაფრთხოდ და მეტწილად, ძალადობის გარეშე ჩატარდა“.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში რჩებიან და შუალედურ არჩევნებს დააკვირდებიან, მანამდე კი დამკვირვებლები საარჩევნო გარემოს ამსახველ ანგარიშს გამოაქვეყნებენ.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 19 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/abkhazia-and-donetsk-ukraine-acts-of-terrorism/3557610.html

დონეცკი-სოხუმი: აფეთქებულიმოტოროლადა აფხაზები

ზაზა წულაძე

რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში, დღეს, სამხედრო პატივით დაკრძალეს, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტერორისტი და სეპარატისტი, უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახვრეტაში ბრალდებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ძებნილი, არსენ პავლოვი, მეტსახელად „მოტოროლა“. 33 წლის პავლოვი, რომელიც რუსი მოხალისეების ბატალიონ „სპარტას“ მეთაურობდა, 16 ოქტომბერს, დონეცკში, საკუტარი საცხოვრებელი სახლის ლიფტში ააფეთქეს. წინასწარი მონაცემებით, ხელნაკეთი ბომბი, ლიფტის ბაგირზე იყო დამონტაჟებული.

„მოტოროლასთან“ ერთად, ადგილზე დაიღუპა, მისი პირადი მცველი, ეთნიკური აფხაზი, 35 წლის ევგენი გადლია, მეტსახელად “გოგა”, რომელიც წარმოშობით, ოკუპირებული ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშიდან იყო.

„ნორმანდიული ოთხეულის“ ბერლინის შეხვედრის წინ, რუსეთის ფედერაციამ დონეცკში სიტუაციის დაძაბვის გამო, მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ხელისუფლებას დააკისრა. თავის მხრივ, კიევი „მოტოროლას“ აფეთქებასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს და ტერაქტს „დონეცკელ სეპარატისტებს შორის მიმდინარე შიდა გარჩევების შედეგს“ უწოდებს.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შეიძლება კავშირი იყოს, 16 ოქტომბერს, დონეცკში, „მოტოროლას“ აფეთქებასა და მეორე დღეს, 17 ოქტომბერს, ოკუპირებულ სოხუმში, თვითმკვლელი ტერორისტის დაუგეგმავ აფეთქებას შორის.

წინასწარი ინფორმაციით, სოხუმში, „აფხაზეთის ტელევიზიასთან“, ვინმე სერგეი ტარასენკო აფეთქდა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი, რუსი სეპარატისტების ბატალიონ „სომალის“ (მეთაური მიხეილ ტოლსტიხი იგივე “გივი”) წევრი და „მოტოროლასთან“ დაახლოებული პირი იყო. გამოძიების ვერსიით, ტერორისტის მიზანი ერთ-ერთი აფხაზი პოლიტიკოსი ყოფილა, თუმცა ასაფეთქებელი მოწყობლობა დროზე ადრე ამოქმედდა.

მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს, „შინაგან საქმეთა” ყოფილმა “მინისტრმა“ რაულ ლოლუამ არ გამორიცხა, რომ ამ ორ აფეთქებას შორის კავშირი რეალურად იყოს: „თუ დადასტურდება, რომ ადამიანი, რომელმაც სოხუმში თავი აიფეთქა, უკრაინის იმ მხარიდან არის ჩამოსული, მაშინ, ეს შესაძლოა, ერთი ჯაჭვი იყოს. ჩვენ ვიცით, რომ დონეცკის გარშემო ბრძოლებში მონაწილეობენ აფხაზებიც და როგორც ცნობილია, “მოტოროლასთან” ერთად, დაღუპული ბიჭიც აფხაზეთიდან არის. არ არის გამოცხული რომ რაღაც ძალებს სურთ დაგვანახონ, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერს მიწვდნენ, როგორც აფხაზეთის, ისე დონეცკის ტერიტორიაზე“.

საინტერესოა, რომ ბოლო შვებულება, არსენ პავლოვმა სწორედ ოკუპირებულ აფხაზეთში გაატარა. 2016 წლის ივლისს-აგვისტოში. ე.წ “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” რამდენიმე „საველე მეთაური“ სოხუმში სამკურნალოდ იმყოფებოდა. მათ შორის იყო, „მოტოროლაც“, რომელმაც მეუღლესთან ერთად მოინახულა გაგრა, ბიჭვინთა და რიწის ტბა. ეს მოგზაურობა სკანდალურად დასრულდა. „მოტოროლას“ მეუღლემ სოციალურ ქსელში, დანგრეული აფხაზეთი – ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების გამო, მიტოვებულ უკრაინულ ქალაქ პრიპიატს შეადარა, ხოლო აფხაზებს „უქნარა“ და „არადამიანები“ უწოდა. რუსული პრესის ცნობით, ამის გამო დაპირისპირება „მოტოროლასა“ და მასპინძელ აფხაზებს შორის კინაღამ სროლამდე მივიდა.

უკრაინული წყაროების ცნობით კი, „მოტოროლას“ ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, აფხაზური წარმოშობის რამდენიმე საველე მეთაურთან. მათ შორის, სტავროს ბაგათელიასთან, რომელიც ოკუპირებული ოჩამჩირის რაიონის სოფელ არასაძიხიდან არის.

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებამდე ბაგათელია ტაქსის მძღოლი იყო, თუმცა ბოლო ორ წელიწადში, როგორც „დონეცკის რესპუბლიკური გვარდიის მეთაურის მოადგილე” დიდი ქონების პატრონი გახდა. მას დონეცკში მიტაცებული АТБ-ს სუპერმარკეტების ქსელი ჩააბარეს.

ოკუპირებულ დონეცკში, გავლენის სფეროების გადანაწილებაში, „მოტოროლას“ უშუალო კონკურენტი იყო, სოჭში დაბადებული აფხაზი – ახრა ავიძბაც. იგი, დაქირავებული ბოევიკების ბატალიონ „პიატნაშკას“ მეთაურია და ისევე, როგორც „მოტოროლა“, „დონეცკის რესპუბლიკის გმირის“ წოდებას ატარებს. ის, რომ „მოტოროლა“, ყოველმხრივ დაცულ საცხოვრებელ სახლში, ახრა ავიძბასთან დაახლოებულ – აფხაზ ევგენი გადლიასთან ერთად აფეთქდა, დონეცკში ბევრ კითხვას ბადებს. თავად ახრა ავიძბა ამ ხმებს “კიევის „პროვოკაციას” უწოდებს და ამბობს, რომ „მოტოროლას“ განსაკუთრებით ერთ რამეზე წყდებოდა გული: „მოტოროლას აფეთქებით ნოვორასიას ერთ-ერთი საყრდენი გამოეცალა. მას სინანულის მომენტი მხოლოდ ერთ რამეზე ჰქონდა, რომ ვერ შეძლო რუსეთის დახმარება, საქართველოსთან ხუთდღიანი ომის დროს, როცა სამხრეთ ოსეთში ომი იყო. მას გული წყდებოდა, რომ ვერ მოახერხა იქ ჩამოსვლა, სურდა, რომ ყველგან ყოფილიყო“.

უკრაინის უშიშროების სამსახურისა და „საერთაშორისო ამნისტიის“ (Amnesty International) მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს (2014-16), რუსეთის მოქალაქემ, კომის რესპუბლიკის ქალაქ უხტაში დაბადებულმა არსენ პავლოვმა, იგივე „მოტოროლამ“, ოცზე მეტი უკრაინელი სამხედრო პირადად დახვრიტა. მათ შორის, 2015 წლის იანვარში, დონეცკის აეროპორტში ტყვედ ჩავარდნილი, უკრაინის გმირი, მძიმედ დაჭრილი იგორ ბრანოვიცკი. უკრაინის ხელისუფლება არსენ პავლოვს 2015 წლის თებერვლიდან ეძებდა. „ომის კანონებისა და ჩვეულებების“ უხეში დარღვევის გამო, „მოტოროლას“ უვადო პატიმრობა ელოდა.

«Sverige Radio» (შვედეთი), 19 ოქტომბერი, 2016 წელი

http://sverigesradio.se/sida/artikel.aspx?programid=1650&artikel=6543397

რეპორტაჟი შიდა ქართლიდან: დაპირისპირება „საზღვრისპირა“ ზონაში – „თუ ვინმე „საზღვარს“ დაარღვევს, მას რუსი მესაზღვრეები იჭერენ“

შვედეთის რადიოს რეპორტაჟში გადმოცემულია შიდა ქართლში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაცია, ადგილობრივი მოსახლეობის ჭირ-ვარამი, მათი საყოფაცხოვრებო პრობლემეი. ყურადღება გამახვილებულია ე.წ. „მცოცავ საზღვარზე“, რომელიც რუსი მესაზღვრეების წყალობით თანდათან საქართველოს შიგნით მოიწევს. აღნიშნულია, რომ საქართველოს ერთი მეხუთედი ნაწილი ოკუპირებულია, რუსეთი ხელს უწყობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებს, რომლებიც მოსკოვმა საქართველო-რუსეთის 2008 წლის  აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებლად აღიარა და დღემდე მხარს უჭერს.

რეპორტაჟის ავტორია შვედეთის რადიოს კორესპონდენტი მარია პერსონს-ლოვგრენი. იგი თვითონ ჩავიდა „სასაზღვრო“ სოფელ ერგნეთში და ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა.

„სოფელი სანახევროდ ცარიელია. მოასფალტებული გზა, რომელიც სოფელზე გადის, მოულოდნელად ნაგვის გროვით წყდება. აქ არაოფიციალური საზღვარია. ირგვლივ თითქოსდა მშვიდი პეიზაჟია – გზის გასწვრივ ვენახებია, ჰაერი ყურძნის არომატითაა გაჟღენთილი, მზესუმზირა, კაკლები ჩამწკრივებულან… მოკლედ, იდილია გეგონება, მაგრამ ასე არ არის…

ვესაუბრები 68 წლის ქალბატონ ლილის, რომელიც წარმოშობით ცხინვალიდანაა: „მე ცხინვალში დავიბადე და გავიზარდე, ჩემი მშობლიური ქალაქი ძალიან მიყვარს, მაგრამ იქ ვერარ ვბრუნდები. ბევრი ჩემი ნათესავი ცხინვალში ცხოვრობს, თუმცა არავითარი კონტაქტები ერთმანეთთან არ გვაქვს. ჩემი ძამა რომ გარდაიცვალა, დაკრძალვაზეც ვერ წავედი“, – ამბობს ლილი, რომელიც ოსურ ოჯახშია დაბადებული, მაგრამ ცოლად ქართველს გაჰყვა და ხუთი შვილი აღზარდა.

დღეს ცხინვალის რეგიონში (სამხრეთ ოსეთში) ადრინდელი მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი, თუმცა რეგიონი საკუთარ თავს დამოუკიდებლად მიიჩნევს. სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი, რუსეთის გარდა, კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა.

ლილის ქმარი ნახევარი წლის წინ გარდაიცვალა, იგი 74 წლის იყო: „როცა აქ რუსები შემოვიდნენ, ოსები მომადგნენ და ჩემს მეუღლეს ცემა დაუწყეს, მე კი გამლანძღეს – რატომ გაჰყევი ცოლად ქართველსო… ვუყურებდი, როგორ აწამებდნენ და აბუჩად ექცეოდნენ ტყვედ აყვანილ ქართველ ბიჭებს“, – ჰყვება ლილი.

შვედეთის რადიოს ჟურნალისტი ესაუბრება აგრეთვე სოფელში განლაგებული ქართული პოლიციის პუნქტის ოფიცერს, რომელიც მას ადგილობრივ სიტუაციას უხსნის და იხსენებს რუსების მიერ ადგილობრივი მცხოვრებლების დაკავების ფაქტებს, რომლებიც ე.წ. „საზღვარზე“ გადავიდნენ. საქართველომ მიმდინარე წელს რამდენჯერმე განაცხადა პროტესტი ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის“ გამო, რომელიც რუს მესაზღვრეებს გაჰყავთ, მავთულხლართების სახით. ისინი სულ უფრო და უფრო მეტ მიწებს იკავებენ საქართველოს შიგნით. ადამიანები ღამით საქართველოში იძინებენ, დილით კი უკვე სხვა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში“ იღვიძებენ, საზღვარი უკვე დაფიქსირებულია, რომლის უნებართვო გადალახვა ისჯება.

საქართველოს მთავარ საავტომობილო ავტომაგისტრალიდან, რომელიც თბილისს და შავიზღვისპირა ბათუმს ერთმანეთთან აკავშირებს, კარგად მოჩანს ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები და ბოძები. ხშირად ერგნეთელებს სროლის ხმაც ესმით და ამბობენ, რომ რუსეთის ჯარის ნაწილები წრთვნებს აგრძელებენო. საფრთხე აშკარაა.

საქართველოს მთავრობა ცდილობს ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმაროს, ღებულობს ზომებს, რომ მცხოვრებლებს მძიმე ყოფა-ცხოვრება შეუმსუბუქდეთ და მიგრაციული პროცესები შეწყდეს. მაგალითად, ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოქალაქეებისათვის  ბუნებრივი გაზისა და ელექტროდენის ფასები შეამცირა, ახალგაზრდა ოჯახებს კი მატერიალურ დახმარებას სთავაზობს. აქაური კლიმატი და მიწა მდიდარ მოსავალს იძლევა და მათ შეუძლიათ მატერიალური დახმარება პირადი მეურნების მოწყობისათვის გამოიყენონ… მაგრამ სიძნელეები მაინც არსებობს: მანანა წერეთლის ეზოში ვაშლითა და ატმით სავსე ყუთები შევნიშნე, თუმცა როგორც იგი ამბობს, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვით შემოსავალი მცირეა, დანახარჯებს ვერ ანაზღაურებს, ხშირად არც იყიდება, ზოგჯერ კი მოსავალიც არ არის. მიმდინარე წელს, მაგალიტად, წვიმების გამო ცუდი მოსავალი იყო… მაგრამ რა ვქნათ, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, აქ ვრჩებით და ვცდილობთ წვალებით თავი ვირჩინოთ“, – ამბობს მანანა.

ასე მთავრდება შვედეთის რადიოს კორესპონდენტის მარია პერსონს-ლოვგრენის რეპორტაჟი შიდა ქართლიდან, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან.

«Радио ООН» (გაერო, ნიუ-იორკი), 20 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.unmultimedia.org/radio/russian/archives/229485/#.WAg1N-b_odU

რეპორტაჟი აჭარიდან: როგორ ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობას გაეროს განვითარების პროგრამა?

„საქართველო სოფლის მეურნეობის დარგში ტრადიციულ ლიდერს წარმოადგენს. საბჭოთა პერიოდში უზარმაზარი კომუნისტურ ქვეყნის ტერიტორიაზე კარგად იცნობდნენ ქართულ ღვინოს, ციტრუსებს, ჩაის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. დღეს კი საქართველოს ძალიან ბევრი პროდუქტით საკუთარი თავის უზრუნველყოფა იმპორტის მეშვეობით უხდება. არადა, ამჟამად ქვეყნის მოსახლეობის 40% კვლავ სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, შემოსავლები კი მცირეა. სწორედ ამიტომ გაერომ და ევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნების დარგის აღორძინება განიზრახეს, რომელიც ქართველი ფერმერების დახმარებაში გამოიხატება“, – ნათქვამია გაეროს რადიოსადგურის (ნიუ-იორკი) მიერ გადაცემულ ვრცელ რეპორტაჟში (ავტორი – ნარგის შეკინსკი).

„რაც უფრო მაღლა, მთებისკენ მიდიხარ, ჰაერი მით უფრო სუფთაა, ირგვლივ უღრანი ტყეები და ყინულივით ცივი და ბროლივით გამჭვირვალე წყაროებია: საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის – აჭარის ბუნება თავისი სილამაზით გამაოცებელია. მაგრამ მხოლოდ ბუნების სილამაზე სიტუაციას ვერ ცვლის: აქაური სოფლებიდან ახალგაზრდობა მიდის, რადგან არ არსებობს ინფრასტრუქტურა, ხშირად ითიშება გაზი და ელექტრონერგია, არ არის ინტერნეტი,  მობილური კავშირი კი ძვირადღირებულია“, – ხაზგასმულია მასალაში.

გაეროს რადიოს კორესპონდენტი ესაუბრება ადგილობრივ მცხოვრებს ნაზი ბერიძეს, რომლის ოჯახი კალმახის მოშენებით არის დაკავებული. თავის დროზე ოჯახის უფროსი რუსეთში იყო წასული სამუშაოდ, თანხა დააგროვა, ჩამოვიდა და მცირე მეურნეობას მიჰყო ხელი. კალმახის მოშენებამ თანდათანობით მოგება მოიტანა. შემდეგ მამის საქმე შვილმა გააგრძელა: „ჩვენს მხარეში ბუნება ხელს უწყობს კალმახის მოშენებას. თევზი სწრაფად იზრდება. ყველაფერი ნატურალურია, არანაირ ქიმიურ დანამატებს არ ვიყენებთ“, – ამბობს გენო ბერიძე, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამაშია ჩართული. მიღებული თანხით მან სატვირთო ავტომანქანა და დიდი სამაცივრო აგრეგატი შეიძინა. თუ ადრე მას პროდუქციის 255 მომხმარებლამდე ვერ მიჰქონდა, ახლა დანაკარგები თითქმის ნულამდეა შემცირებული.

„დილით ადრე ვიღვიძებთ, ვასუფთავებთ საკალმახე აუზს ფოთლებისაგან, შემდეგ თევზს ვკვებავთ, ვიჭერთ და ვახარისხებთ“, – ჰყვება გენო თავის ყოველდღიურ საქმიანობაზე.

საქართველოში გაეროსა და ევროკავშირის განვითარების პროგრამის წყალობით სამი წლის განმავლობაში 77 აგრარული კოოპერატივი ჩამოყალიბდა, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის წარმოებამ 50%-ით მოიმატა, ფერმერთა მოგება კი 60%-ით გაიზარდა. „ზოგი წარმატებას სწრაფად აღწევს, ზოგს კი მეტი შრომა ჭირდება. უხერხულია, როცა ჩვენ საქმე გამოგვდის, ირგვლივ ადამიანები წარმატებას ვერ აღწევენ. რითაც შეგვიძლია, მათ ვეხმარებით ხოლმე. როცა მეზობელი კარგად არის, ჩვენთვისაც სასიამოვნოა“, – ამბობს ნაზი ბერიძე.

ბერიძეების თევზსაშენი ისეთ ადგილზე მდებარეობს, რომელსაც სტიქია არ ემუქრება. მეზობელ სოფელში, მაგალითად, ერთ-ერთი ფერმერის მეურნეობა ღვარცოფმა გაანადგურა. „თუ ჩვენ ისე წაგვივა საქმე, როგორიც ჩაფიქრებული გვაქვს, ჩემს შვილს საქმე გაუადვილდება, მეტ ტექნიკას შევიძენთ და ხელით მძიმე შრომა არარ მოგვიხდება“, – ოპტიმისტურად საუბრობს ნაზი ბერიძე..

რეპორტაჟის დასასრულს ავტორი იმედს გამოხატავას, რომ გაეროსა და ევროკავშირის პროგრამა ქართველ გლეხებსა და ფერმერებს წარმოების გაფართოებასა და მეტი პროდუქციის მიღებაში დაეხმარება.

Comments are closed