globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 20 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 20th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«BBC News» (დიდი ბრიტანეთი): არჩევნები საქართველოში: ბრიტანელი, რომელიც თბილისში აგიტაციას ველოსიპედით ატარებს

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): არჩევნები საქართველოში: პირველი ჰომოსექსუალი პოლიტიკოსი ქალი კავკასიაში

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო არჩევნებამდე ორი დღით ადრე // საინტერესო ტენდენცია, რაც მმართველ გუნდთან განდგომაში გამოიხატება: „ქართული ოცნების“ სიით გასული და თანამდებობაზე მყოფი პირები „ოცნების“ წინააღმდეგ გამოდიან

——————–

«BBC News» (დიდი ბრიტანეთი), 20 ოქტომბერი, 2017 წელი
http://www.bbc.com/news/world-europe-41664840

არჩევნები საქართველოში: ბრიტანელი, რომელიც თბილისში აგიტაციას ველოსიპედით ატარებს

რეიჰან დემიტრი

(შემოკლებით)

„საქართველოში შაბათს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. მიმდინარე წელს მათ საკმაოდ არაჩვეულებრივი კანდიდატი ჰყავთ – იგი წარმოშობით დიდი ბრიტანეთიდანაა, ჯოზეფ ალექსანდრ სმიტი, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობს. დღეს იგი, ველოსიპედზე მჯდარი, აგიტაციას ეწევა და ამომრჩევლებს ცვლილებებს პირდება.

ჯოზეფ სმიტი 32 წლისაა, იგი პირველი ბრიტანელია, რომელიც კენჭს ქალაქ თბილისის საკრებულოში იყრის. ეს საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა ყოფილი ლონდონელი ბიბლიოთეკარის კარიერაში, რომელიც დღეს საქართველოს მუნიციპალურ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობს.

ჯოზეფ სმიტი საქარტველოში მას შემდეგ ჩავიდა, როცა „შემთხვევით აღმოაჩინა ეს უცნაური ქვეყანა, უცნაური დამწერლობით და უჩვეულო საჭმელებით – მაგალითად, ისეთით, როგორიცა პური შიგ ჩადებული ყველით“. როგორც ყველა პირველი ჩამსვლელი, მისტერ სმიტიც საქართველოთი მოხიბლული დარჩა. იგი დღეს თბილისის საბურთალოს რაიონის საარჩევნო ოლქში ველოსიპედით დადის და პირადად ეცნობა თავის პოტენციურ მხარდამჭერ ამომრჩევლებს. მათი პირველი რეაქცია: ისინი გაკვირვებულნი არიან, თუ როგორ სრულყოფილად ფლობს ინგლისელი ქართულ ენას, რომელიც, მისივე აღიარებით, „ყველაზე რთული ენაა იმ ენებს შორის, რომლის შესწავლა მოუწია“.

„მოდი, შვილო, მოგეხვიო“, – ამბობს 82 წლის ნანა ყავლაშვილი, როცა მან გაიგო, რომ მისი ბინის ზღურბლზე მდგარი მისტერ ჯოზეფ სმიტი ბრიტანელია, – მართალი გითხრა, ჩემთვის მოულოდნელია, რომ ქართულად ასე კარგად ლაპარაკობ. ძალიან გამაკვირვე“.

მომდევნო ბინის მცხოვრები ჩივის, რომ მას სარკმელი ვერ გაუღია, რადგან ქუჩიდან ავტომობილის გამონაბოლქვი გაზი შედის და სუნთქვა უძნელდება.

მართლაცდა, ჰაერის გაჭუჭყიანება საქარტველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. თბილისში ოფიციალურად ქვეყნის მოსახლეობის (3,7 მილიონი) ერთი მესამედი – 30% ცხოვრობს და მუშაობს, მაგრამ არაოფიციალურად – მათი რაოდენობა 40%-ზე მეტია. „ერთ-ერთი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ჩემს წინასაარჩევნო კაპმპანიას ვატარებ, სუფთა ჰაერით სუნთქვის უფლებაა. გარდა ამისა, მე წინააღმდეგი ვარ იმისაც, რომ სარკმლის გაღებისას თბილისელები მხოლოდ ახლადაშენებული შენობის ბეტონის კედლებს ხედავენ“, – ამბობს მისტერ ჯოზეფ სმიტი. მას კავშირი აქვს ადგილობრივ აქტივისტებთან, რომლებიც ებრძვიან სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების პროექტებს. „ჩვენ დავინტერესდით თბილისი საკრებულოს მუშაობით ამ მიმართულებით და საშინელი სურათი დავინახეთ“, – ამბობს დეპუტატობის კანდიდატი, – ამგვარ კომპანიებს არაფრად უღირთ ქალაქის სახის დამახინჯება, ისტორიული ადგილების თანამედროვე შენობებით განაშენიანება, ქალაქის ცენტრში მიწის პრივატიზება“.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციამ ერთ-ერთი ამგვარი პროექტი გააპროტესტა. საქმე ეხება თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას დედაქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთის გაყიდვის თაობაზე იმ კომპანიისათვის, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ოპოზიციის მტკიცებით, ეს გარიგება კორუფციის დამადასტურებელი ფაქტია (მიწა გაიყიდა 1 ლარად (ანუ 31 პენსად, 40 კაპიკად), მაგრამ ხელისუფლებამ მაინც თავისი გაიტანა. უფრო მეტიც – სიტუაცია ისე წარმოაჩინა, რომ თურმე ეს პროექტი თბილისისთვის „ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინვესტიციას წარმოადგენს“. ქალაქში, სადაც მშენებლობის ბუმი მიმდინარეობს, სადაც ახალი სახლები სოკოსავით მრავლდება, მისტერ ჯოზეფ სმიტის პროგრამას მიესალმებიან.

მაგრამ როგორც თბილისის პოლიტიკის ინსტიტუტის პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, ეს ყველაფერი დეპუტატად ასარჩევად შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს: „მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირისკენ ისწრაფვის და ჩვენში უკვე ევროპიზაციის პროცესი დაწყებულია, მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება ჯერ მზად არ არის ასეთი კანდიდატის არჩევისათვის. თბილისელებისათვის ეს ახალი და უჩვეულო მოვლენაა“. და მართლაც იმდენად უჩვეულო, რომ ზოგიერთებმა საკრებულოს კანდიდატში, ბრიტანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეში უცხოელი ჯაშუში დაინახეს: ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარში ჯოზეფ სმიტის მისამართით ნათქვამია: „თქვენ ან რუსები გაფინანსებენ დიდი ბრიტანეთიდან, ან სომხების მხარეზე ხართ“.

ამასთან, კორნელი კაკაჩიას თქმით, ქართული საზოგადოება დაიღალა ძველი სახეებით, მუდმივი მოთამაშეებით, ქართველ ამომრჩეველს ახალი სახეები სურთ. შესაბამისად, მისტერ ჯოზეფ სმიტს შეიძლება გარკვეული შანსიც კი ჰქონდეს.

21 ოქტომბრის არჩევნებში მთავარი კონკურსი ქალაქის მერის პოსტის დასაკავებლად გაიმართება, რომელზეც პრეტენზია 13 კანდიდატს აქვს, მათ შორის ყოფილ პროფესიონალ ფეხბურთელს კახა კალაძეს, რომელსაც მხარს მმართველი პარტია და ბიძინა ივანიშვილი უჭერს. როგორც ჯოზეფ სმიტი ამბობს, იგი არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს და ეს გარემოება მას ძალასა და რწმენას მატებს. კანდიდატს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ უბრალო ადამიანების ხმა ხელისუფლებამ გაიგონოს: „მოსახლეობისათვის საინტერესოა უცხოელის (ბრიტანელის) და იმავდროულად საქართველოს მოქალაქის, ქართულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანის მონაწილეობა არჩევნებში. ისინი ჩემს უცხოელობას სწრაფად ხვდებიან, როგორც კი გვარს გაიგებენ. ამასთან, ვცდილობ, ყურადღება არ გავამახვილო ჩემს ეთნიკურ წარმომავლობაზე, რადგან მე აქ მოხეტიალე-მოგზაური ცირკის წარმომადგენელი კი არ ვარ, არამედ კანდიდატი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელსაც ნამდვილად სურს ქალაქში ცვლილებების განხორციელება“.

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი), 20 ოქტომბერი, 2017 წელი

https://in.reuters.com/article/georgia-lgbt-vote/georgias-first-openly-gay-politician-tests-homophobia-in-caucasus-idINKBN1CO20T

არჩევნები საქართველოში: პირველი ჰომოსექსუალი პოლიტიკოსი ქალი კავკასიაში

სტატიაში საუბარია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთ უჩვეულო კანდიდატზე – ნინო ბოლქვაძეზე, რომელიც ლესბოსელი, ანუ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე მოქალაქე გახლავთ (ავტორი – უმბერტო ბაკი).

ნინო ბოლქვაძე ერთ-ერთი პირველი ლესბოსელია, რომელიც თავის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას არ მალავს და ამას სატელევიზიო გამოსვლებშიც აცხადებს. ეს ფაქტი უჩვეულოა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკისათვის, სადაც ჰომოსექსუალიზმი აკრძალული იყო და სისხლის სამართლის წესით ისჯებოდა.

სატელეფონო ინტერვიუში ნინო ბოლქვაძე ლაპარაკობს თავის შთაბეჭდილებებზე, როცა იგი ამომრჩევლებს ხვდება: „მეგონა, რომ ისინი კარებს დამიხურავდნენ, მაგრამ ძალიან გაეხარდათ, როცა დამინახეს და მითხრეს, რომ ტელევიზიით გიყურეთო“, – ამბობს დეპუტატობის კანდიდატი. ასეთი შეხვედრა 40 წლის ადვოკატისათვის სასიამოვნო იყო – იგი მიხვდა, რომ მის მიერ წარმოებულმა საარჩევნო კამპანიამ თბილისის საკრებულოში ადგილის მოსაპოვებლად  ნაყოფი გამოიღო.

საქართველო, რომელიც კავკასიის მთებში, აღმოსავლური და დასავლური სამყაროების ერთმანეთთან შეხვედრის ადგილზე მდებარეობს, ბოლო ათი წლის მანძილზე, რადიკალური რეფორმების გატარებისა და სწრაფი მოდერნიზაების პერიოდში, კულტურათა შეჯახების არენად იქცა – ლიბერალურ ძალებსა და რელიგიურ კონსერვატორებს შორის.

როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, მართალია, საქართველოს ლიდერები აქტიურად მუშაობენ ქვეყნის დასავლური იმიჯის გასამტკიცებლად, მაგრამ ჰომოფობია მაინც ფართოდაა გავრცელებული.

ქართული საზოგადოება წინააღმდეგობრივადაა განწყობილი: ერთი მხრივ, უკვე მიღებულია ანტიდისკრიმინაციული კანონი (ევროკავშირთან ინტეგრირების მიზნით), მეორე მხრივ კი, ქვეყნის კონსტიტუცია, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ინიციატივით, კრძალავს ერთსქესიანთა ქორწინებას.

ნინო ბოლქვაძეს, რომელიც დეპუტატობის კანდიდატად მცირერიცხოვანმა  პოლიტიკურმა ორგანიზაციამ – რესპუბლიკურმა პარტიამ წამოაყენა, იმედი ჰქონდა, რომ იგი საზოგადოების ყურადღებას ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვაზე მიაპყრობდა და ქართველებში „ლგბტ“ ადამიანების მიმართ მოძველებულ წარმოდგენებს შეცვლიდა.

მას რთული ამოცანა აქვს მიზნად დასახული. 2011 წლის მონაცემების მიხედვით, ყოველ ცხრა ქართველს ათიდან მიაჩნია, რომ ჰომოსექსუალიზმს გამართლება არ აქვს. „ლგბტ“ პირებს თავს ესხმიან, კლავენ კიდეც, როგორც ეს 2016 წელს მოხდა. ამ ფონზე ნინო ბოლქვაძეს ეშინოდა, ვაითუ უარყოფითი რეაქცია გამოეწვია მის სექსუალურ ორიენტაციას. „მეგონა, რომ ავტობუსითაც კი ვერ ვიმგზავრებდი“, – ამბობს იგი სატელეფონო ინტერვიუში.

ნინო ბოლქვაძე თავის საარჩევნო კამპანიაში აცხადებს, რომ შეეცდება ხელის შეუწყოს სპეციალური საპოლიციო ქვედანაყოფის ჩამოყალიბებას, რომელიც სიძულვილისა და სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულობებს აღკვეთს. იგი ასევე შექმნის სპეციალურ თავშესაფრებს  იმ „ლგბტ“ პირებისათვის, რომლებიც თავიანთი ორიენტაციის გამო ოაჯახიდან არიან გარიყულნი.

ნინო ბოლქვაძემ საკუთარ თავზე გამოსცადა ის მძიმე და გაუსაძლისი სიტუაცია, რომელშიც ჰომოსექსუალისტებს არიან ჩავარდნილნი. ბავშვობაში მშობლები არ იწონებდნენ მისი როგორც გოგონას ჩხუბისთავობას და აიძულებდნენ კაბა ეტარებინა. 14 წლის ასაკში, სკოლაში სწავლის დროს, ნინო ბოლქვაძე თანაკლასელ გოგონასთან რომანში ამხილეს და დასცინოდნენ. ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ ნინო მშობლებმა, მისი სურვილის წინააღმდეგ, ათი წლით უფროს მამაკაცზე გაათხოვეს. „თუმცა იმ დროს მეგონა, რომ ჩემი სექსუალური ორიენტაცია ავადმყოფობა იყო და ვფიქრობდი, გათხოვება მიშველიდა… ჩემი მიზანი იყო როგორმე ყველაფრისთვის გამეძლო“. ცოლ-ქმარს ორი შვილი შეეძინათ, რომლებიც ახლა მოზარდები არიან. მეუღლეები ერთმანეთს ათი წლის დაშორდნენ. „ჩემთვის ეს ძნელი იყო, თუმცა შვილებთან ურთიერთობა მაქვს“.

ნინო ბოლქვაძემ თავისი ლესბოსელობა იურისტ თანამშრომლებთან 2012 წელს გაამხილა, მშობლების გარდაცვალების შემდეგ. სამი წლის წინ კი ტელევიზიითაც გამოვიდა, ჰომოსექსუალიზმის პრობლემებზე მიძღვნილ თოქ-შოუში.

ნინო ბოლქვაძეს საკუთარი ღვიძლი ძმა დღემდე არ ელაპარაკება.

ბოლო წლებში იგი „ლგბტ“ საზოგადოების არაფორმალური ხელმძღვანელი გახდა, რომელიც დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძვის და სასამართლოებში ჰომოსექსუალისტებს უფლებების დაცვაში ეხმარება. ნინო ბოლქვაძის წვლილია იმ მიტინგის ორგანიზებაში, რომელიც 2013 წელს სამღვდელოების წარმომადგენლებმა დაარბიეს.

რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთ წარმომადგენელს არ სურდა, რომ დედაქალაქის მინიციპალური საკრებულოს წევრობის კანდიდატად ლესბოსელი ქალი ჰყოლოდათ, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ზოგადად მათმა ნაბიჯმა გაამართლა, თუმცა გამარჯვების შანსი მცირეა.

რესპუბლიკურ პარტიას მხოლოდ 3%-იანი რეიტინგი აქვს. არჩევნებში, როგორც ჩანს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. სავარაუდოდ, ასევე ამ პარტიის კანდიდატი იქნება თბილისი მერიც – ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე.

მაგრამ ყველაფერი ხომ გამარჯვებით არ იზომება.

„მე ბედნიერი ვარ, რომ დიდი მხარდაჭერა დავინახე. თავს ისეთ ადამიანად ვგრძნობ, რომელიც საკუთარ უფლებებშია დარწმუნებული. ვფიქრობ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გავაკეთეთ“, – ამბობს ნინო ბოლქვაძე ინტერვიუში.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 20 ოქტომბერი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/upcoming-local-elex-georgia/4078015.html

საქართველო არჩევნებამდე ორი დღით ადრე: საინტერესო ტენდენცია, რაც მმართველ გუნდთან განდგომით გამოიხატება. „ქართული ოცნების“ სიით გასული და თანამდებობაზე მყოფი პირები „ოცნებას“ უპირისპირდებიან

ნინო დალაქიშვილი

221 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ხელისუფლების პასუხიმგებლობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და მინისტრებს ძალადობის პრევენციის შესახებ მითითება მისცა: „ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ძალადობრივი არჩევნები და საერთოდ დავიწყებული იქნას სიტყვა, რასაც ერქვა წარსულში გაყალბებული ძალადობრივი არჩევნები. მინდა, მოვუწოდო ძალოვანებს, რომ არ მისცეთ საბაბი არავის, თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენების თაობაზე. განსაკუთრებით მოვუწოდებ პოლიციას, რომ ნებისმიერი ძალადობა იქნას პრევენციულად აღკვეთილი, იმისთვის,რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის არ მიეცეს, საბაბი თქვას, რომ რაიმე ჩრდილი მიადგა ამ არჩევნებს. თანდათან უნდა განმტკიცდეს კავშირი ამომრჩევლის ნებასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობას შორის. ეს კავშირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს ისაა, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ შექმნა. მე დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები ამის ნათელი მაგალითი იქნება“.

ზოგადად, წინასაარჩევნო გარემო მშვიდია, თვითმმართველობისწინა არჩევნებთან შეადარებით, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები სიძულვილის ენის ჭარბად გამოყენების თაობაზე ყურადღებას მაინც ამახვილებენ.

„ამერიკის ხმა“ წინასაარჩევნო კამპანიის შეფასებისთვის „სამართლიან არჩევნებს“ დაუკავშირდა, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე უფრო გამოცდილი არასამთავრობო როგანიზაციაა საქართველოში ამ მიმართულებით. მისი ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს:

„არჩევნების დღის მოახლოვებასთან ერთად, განსაკუთრებით გაზრდილია ზეწოლა–მუქარის ფაქტები, შეიძლება არ გვაქვს ღია და შესამჩნევი ძალადობის ფაქტები, მაგრა მუქარის წესით მოქალაქეების თუ ოპოზიციური პარტიების და მათ მხარდამჭერების დაშინება, იძულება მაინც სახეზეა და შესამჩნევია. განსაკუთრებით პრობლემურია, რომ 6 საარჩევნო ოლქში კანდიდატურები მოხსნეს ოპოზიციურმა, დამოუკიდებელმა კანდიდატებმა და ამ კონკტერულ შემთხვევაში იკვეთება გარემოებები, რაც ზეწოლაზე სავარაუდო მიუთითებს. ასევე არსებობენ პირები, ვინც საუბრობს მათ მიმართ განხორციელებულ მუქარაზე კანდიდატურის მოხსნის მიზნით. გარდა ამისა, ზეწოლა–მუქარის ფაქტები გვაქვს საჯარო მოხელეების, პედაგოგების იძულება მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩაერთონ წინასაარჩევნო კამპანიაში, ან მითითებებს იღებენ, რომ მმართველ პარტიაზე უნდა იმუშაონ“.

მიმდინარე არჩევნებისთვის საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა, რაც მმართველ გუნდთან განდგომით გამოიხატება. „ქართული ოცნების“ სიით გასული და თანამდებობაზე მყოფი პირები „ოცნებას“ უპირისპირდებიან და ოპოზიციურ კანდიდატებად გვევლინებიან. მაგალითად, ასეთია ასპინძის გამგებელი ლევან ცაბაძე, რომელიც ახლა 41 კი არა, 42 ნომრით პოზიციონირებს საარჩევნო კამპანიაში. მისი არჩევანის გამო იგი ზეწოლაზე საუბრობს ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, რომლებმაც მის მხარდამჭერ შვიდ თანამშრომელს თანამდებობის დატოვება აიძულეს: „არანაირი სასწრაფო საჭიროება არ იყო იმისთვის, რომ შვებულებაში მყოფ ადამიანებს დაეწერათ განცხადება სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე. თვითონ აცხადებენ, რომ სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდებოდა ზეწოლა მათზე. ამის თაობაზე მითხრეს თვითონ, პირად საუბრებში. აშეინებდნენ შვილებით, მომავლით, დაჭერით“…

პარტიის მიტოვების ანალოგიური მდგომარეობა ფიქსირდება გორში, სადაც „ოცნების“ სიით გასული გამგებელი დავით ონიაშვილი ახლა „შენების“ მოძრაობაში გადავიდა. ზეწოლა მის თანამშრომლებზეც ხორციელდებოდა, როგორც გამგებელი გვეუბნება, „ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის გელა კაპანაძის მხრიდან, რომელსაც დავით ონიაშვილის მოადგილის პოსტი ეკავა. მხოლოდ ამჯერად სწორედ ეს უკანასკნელია განთავისუფლებული თანამდებობიდან ონიაშვილის ბრძანებით. აი, რას ამბობს მოქმედი ოპოზიციონერი გამგებელი ჩვენთან საუბრისას:

„ჩემს თანამშრომლებთან ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები რომ აქტიურობდნენ მუქარით, დაშინებით, ამას ვერ დავადასტურებ. მაგრამ, როგორც ჩანს და სიგნალები მოდის მოსახლეობიდანაც ამის თაობაზე, რომ თვითონ ოცნების ხალხი აქტიურობს. დადიან, სოციალურს მოგიხსნით, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, აშინებენ, ოცნების ვიღაცეები, არა ძალოვანები. ეს ზოგადად და კონკრეტულად, მე რაც ვიცი, ზეწოლის შემთხვევა თანამშრომლებზე დადასტურდა გელა კაპანაძის მხრიდან, ოცნების მდივანისგან გორში. ის ეუბნებოდა, რომ გაათავისუფლებდა სამსახურიდან, თუ ოცნებას არ დაუჭერდნენ მხარს. ის ჩემი მოადგილე იყო და ეს როდესაც გავიგე, სანამ ეგ ვინმეს გაათავისუფლებდა, მე გავუშვი.“

კიდევ ერთი ნოუჰაუ, რაც მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდისთვისაა თვალშისაცემი, კონკურენტების დისკრედიტაციისთვის სოციალური მედიის გამოყენებას უკავშირდება. მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ყალბი გვერდები და ანგარიშები სპეციალურად იქმნება იმ მიზნით, რომ სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის საზიანოდ იმუშაოს. ამისთვის კამპანიებში თანხებიც გამოიყოფა, მაგრამ ამ ეტაპზე, მეთოდიკისა და პრაქტიკის არარსებობის გამო, რთულია კონკრეტული „დამნაშავეების“ აღმოჩენა.

თუმცა საქმე ისაა, რომ დამრღვევებისა და „დამნაშავეების“ მხოლოდ იდენტიფიცირება წინასაარჩევნო პერიოდში საკმარისი სულაც არ გახლავთ. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, საარჩევნო დარღვევების გამოძიებისა და პასუხისმგებლობის საკითხი ბოლომდე ისეთ შემთხვევებშიც არ მიდის, სადაც კითხვის ნიშნები აღარ დგას. მაგალითად, კორცხელის ინციდენტიც საკმარისია, რომელთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი დღემდე არ დასრულებულა.

Comments are closed