«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ): ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „პრაღაში ვიზების გაუქმებაზე საუბარი არ გვქონია“
«Deutsche Welle» (გერმანია): ქართველი ექსპერტების აზრით, საქართველო პოლიტიკურ სტაგნაციაში იმყოფება
«Новая газета» (რუსეთი): „ის-ის იყო, ნიკოლა სარკოზიმ დიმიტრი მედვედევთან მოლაპარაკება დაიწყო, რომ მათთან ოთახში პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი შევიდა“
———————–
«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ), 20 ნოემბერი, 2015 წელი
http://www.ekhokavkaza.com/content/article/27375883.html
ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „პრაღაში ვიზების გაუქმებაზე საუბარი არ გვქონია“
გუშინ პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა. „რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის – „რადიო სვობოდა//ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ნანა პლიევა ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა:
- ბატონო ზურაბ, რა საკითხებზე იმსჯელეთ ტრადიციულ პრაღის სეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის დროს? როგორც გამოცხადდა, მოლაპარაკების ერთ-ერთი ძირითადი საკითხი საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივება იქნებოდა… მიაღწიეთ რაიმე შეთანხმებას?
- რაც შეეხება ვიზებს, როგორც ცნობილია, რუსეთის მოქალაქეებს ვიზები საქართველოში შემოსასვლელად 2011 წლიდან აღარ ჭირდებათ. მიმდინარე წელს ჩვენ მათთვის კიდევ უფრო გავაიოლეთ რეჟიმი: რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში დარჩენა ადრინდელი სამი თვის ნაცვლად, უკვე ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ. ჩვენი მოქალაქეებისთვის კი, პირიქით, რუსეთში გასამგზავრებლად ვიზების გაფორმება ძალიან რთულია. დღეს ჩემმა კოლეგამ შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობენ და უახლოეს ხანში მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეების განსაზღვრულ კატეგორიას რუსეთში გამგზავრება გაუადვილდება.
- ანუ, როგორც ჩანს, სავიზო რეჟიმის გაუქმება არ მოხდება, საუბარია მხოლოდ მის გამარტივებაზე?
- დიახ, ლაპარაკი სავიზო რეჟიმის გაუქმებააზე არ არის, მოსალოდნელია მხოლოდ რეჟიმის გამარტივება საქართველოს მოქალაქეების განსაზღვრული კატეგორიისათვის. მე ამჟამად ზუსტად არ შემიძლია გითხრათ, რომელ კატეგოიაა გათვალისწინებული, მაგრამ როგორც რუსმა კოლეგებმა მიგვანიშნეს, პრინციპში, ახალი სამომავლო რეჟიმი დღევანდელთან შედარებით, უფრო გაიოლებული და ხელსაყრელი იქნებაო.
- ლიბერალიზების ვადები თუ ცნობილია?
- რუსული მმხარის თქმით, ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობენ, რათა ახალი ფორმულის რეალიზება უახლოეს ხანში დაიწყოს. რუსეთში ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს, მათ საქართველოში ნათესავები ჰყავთ, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობისას ძალიან ბევრ პრობლემას აწყდებიან. თუ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება, მოქალაქეებს შორის კომუნიკაციაში არსებული პრობლემებიც მეტწილად მოგვარდება.
- ბატონო ზურაბ, თქვენ პრაღაში ყოფნის დროს თან გახლავთ ხოლმე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროდანაც. არ შემიძლია არ შეგეკითხოთ: ისაუბრეთ „გაზპრომ“-თან მოლაპარაკების თემაზე?
- არა, ჩვენ ამ საკითხზე არ გვიმსჯელია. ეს იმდენად სპეციფიკური საკითხია, რომ მის შესახებ სპეციალისტებმა – ენერგეტიკოსებმა უნდა ილაპარაკონ. საერთოდ, ეს ამბავი ახალი არაა. ქართველი ენერგეტიკოსები ყოველთვის კონტაქტობენ რუს კოლეგებთან, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული და წლის ბოლოსათვის სამომავლო გეგმებს ერთმანეთს უთანხმებენ ხოლმე. ეს ეხება რუსული ნგაზის ტრანზიტს სომხეთისაკენ, საქართველოს ტერიტორიის გავლით. ამ სფეროში საკმაოდ ბევრი ტექნიკური საკითხია – ქვოთები, ტარიფი და ასე შემდეგ. ასე რომ, ჩვენს ფორმატში ამგვარ საკითხებზე ვერ ვიმსჯელებთ, ამისთვის ერთმანეთს ენერგეტიკები ხვდებიან.
- იმსჯელეთ თუ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვარზე არსებულ სიტუაციაზე?
- იცით, ეს თემაც ჩვენს კომპეტენციას სცილდება. ამისათვის არსებობს ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი. რასაკვირველია, მე პირადად, როგორც საქართველოს მოქალაქე, როცა სრულიად მიუღებელი რამ ხდება ხოლმე, არ შემიძლია ასეთ საკითხებს დუმილით გვერდი ავუარო. აი, მაგალითად, გუშინ კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს თუ დააკავეს, რომელიც [კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს]. ასეთი ინციდენტები ყოველდღე ხდება, განსაკუთრებით გორის რაიონში. მსგავს უწესრიგობაზე ჩემი რეაგირებაა ის იყო, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი – ეს არის საერთაშორისო სამართლის ელემენტარული ნორმების უხეში დარღვევა. არ სეიძლება ადამიანების ასე წამება. რუსული მხარე ამას თავისებურად ხსნის, მაგრამ ჩვენთვის ის, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია და მე ვფიქრობ, ეს რუსული მხარის ინტერესებსაც ზიანს აყენებს.
«Deutsche Welle» (გერმანია), 19 ნოემბერი, 2015 წელი
http://www.dw.com/ru/эксперты-грузия-переживает-политическую-стагнацию/a-18854943
ქართველი ექსპერტების აზრით, საქართველო პოლიტიკურ სტაგნაციაში იმყოფება
ამალია ოგაჯანიანი
როცა გიორგი მარგველაშვილი, 2013 წლის 17 ნოემბერს, პრეზიდენტის ანუ სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა, მას ბევრი დამკვირვებელი სერიოზულად არ აღიქვამდა – პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ ლიდერისა და ექს-პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პროტეჟედ თვლიდნენ და ამბობდნენ, რომ სწორედ მისი პოპულარობის შედეგად იქნა არჩეული გიორგი მარგველაშვილიო. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად გიორგი მარგველაშვილს ფუნქციები მნიშვნელოვნად შეეზღუდა. თუმცა, როგორც შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა, პრეზიდენტის „ჩამოწერა“ ნაადრევი გამოდგა.
„ქართული ოცნების“ პროტესტების მიუხედავად, გიორგი მარგველაშვილი პრეზი-დენტის სასახლეში გადავიდა, იგი ყოველთვის არ უჭერს მხარს მმართველ მკოალიციის საკანონმდებლო ინიციატივებს და ცდილობს თავისებურად, დამოუკიდებლად იმოქმედოს. მოკლედ, პრტეზიდენტი მაქსიმალურად იყენებს დარჩენილ შემცირებულ ფუქნციებს და აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის საშინაო და საგარეოპოლიტიკურ ცხოვრებაში.
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფე-სორი ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ პრეზი-დენტი პოლიტიკურ საკითხებში ნაკლებად რადიკალურია და უფრო მეტ კონსტრუქ-ციულობას ამჟღავნებს, ვიდრე, ვთქვათ პრემიერ-მინისტრი. გიორგი მარგველაშვილის დამოუკიდებლობასა და ტრასპარენტუ-ლობაზე მიუთითებს აგრეთვე კიდევ ერთი ქართველი ექსპერტი კახა გოგოლაშვილიც. რომლის თქმით, სახელმწიფოს მეტაური უმაღლესი არბიტრის როლს ასრულებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის.
გიორგი მარგველაშვილი უპარტიო პრეზიდენტია. იგი ცდილობს ირგვლივ ძლიერი გუნდი შემოიკრიბოს. მისი მცდელობა, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ყოფილი თანამოაზრეები გაუნაწყენდნენ: ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ „პრეზიდენტმა ხისტი ხასიათი აჩვენაო“ და დაიმუქრა, რომ გიორგი მარგველაშვილს, უნდა თუ არ უნდა, სასახლიდან გამოსვლა მაინც მოუწევსო. ამაზე პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა – „პრეზიდენტი სასახლეში რჩება და ამ საკითხზე ლაპარაკი მორჩა“.
ამ ფონზე მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ რეიტინგს თანდათან კარგავს. კრიზისის ნიშნები ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გაჩნდა, როცა „თავისუფალი დემოკრატები“, თავდაცვის ექს-მინისტრის ირაკლი ალასანიას მეთაურობით, კოალიციის ხელმძღვანელობას გაემიჯნენ. „ქართული ოცნების“ პოპულარობის დაქვეითებას ადასტურებს ბოლო ხანს ცატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებიც.
როგორც პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ამბობს, მმართველმა კოალიციამ ვერ შეძლო ამომრჩეველთა იმედების გამართლება, განსაკუთრებით სოციალურ სფეროში. სიტუაცია არც ეკონომიკაში არაა კარგად – ეროვნული ვალუტის კურსი ეცემა, იზრდება ფასები, მატულობს უმუშევრობა… მოსახლეობის მწვავე უკმაყოფილებას იწვევს აგრეთვე ის, რომ განუხრელად დიდია საბიუჯეტო სტრუქტურებში დასაქმებულთა პრემიები და ხელფას-დანამატები… გარდა ამისა, როგორც კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, იმის ნაცვლად, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რეალური პოლიტიკური ძალა გამხდარიყო, „მეოცნებეებმა“ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალების“ კრიტიკა გააგრძელეს და გამარჯვების შარავანდედით ტკბებოდნენ.
კახა გოგოლაშვილის აზრით, საქართველოში პოლიტიკური სტაგნაციაა გამეფებული: ახალი პოლიტიკური იდეები არ არის, რეფორმები საკანონმდებლო დონეზე თითქოსდა მიდის, მაგრამ პრაქტიკული შედეგები არ ჩანს. არადა, „მეოცნებეებმა“ უნდა გაითვალისწინონ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წლამდე ცოტა დრო დარჩა. არჩევნების მოახლოება უკვე იგრძნობა – მატულობს დაძაბულობა პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის, ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს პარტიების საქმიანობაში ჩარევას… ეს შემოდგომა სკანდალებით აღინიშნა, განსაკუთრებით კი ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებით დაწყებული ქონებრივი დავა სასამარტლოში, რომელიც ფაქტიურად ოპოზიციის წინააღმდეგაა მიმართული.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ფართო გამოხმაურება მოჰყვა არა მარტო საქართველოში, არამედ დასავლეთშიც და საქართველოს პარტნიორების მწვავე რეაგირება გამოიწვია – ერთობლივი განცხადება გააკეთეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ და დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა, მათ შორის, აშშ-ის საელჩომაც, რომლის მიხედვით, „რუსთავი-2“-ის ირგვლივ მომდინარე მოვლენები ქართული თემიდის დამოუკიდებლობისა და მასმედიის თავისუფლების მიმართ „სერიოზულ კითხვებს იწვევს“.
კახა გოგოლაშვილის თქმით, ყველაფრის მიუხედავად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მაინც ყველაზე მნიშვნელოვან ოპოზიციურ ძალად რჩება, რომელიც მმართველ კოალიციას მოსვენების საშუალებას არ აძლევს. თუმცა, როგორც პოლიტოლკოგი აღნიშნავს, ასეთი სიტუაცია კარგი არ არის, რადგან ამით პოლიტიკური ვაკუუმია შექმნილი: ამომრჩეველს, „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ გარდა, სერიოზული პოლიტიკური ალტერნატივა არ აქვს. ამ ფონზე „მეოცნებეებს“ და „ნაციონალებს“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კარგი შედეგების მიღება შეუძლიათ, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას ვერცერთი ვერ შექმნის. ასე რომ, კახა გოგოლაშვილის პროგნოზით, მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება, რაც ქართული დემოკრატიის განვითარებაში დადებით როლს შეასრულებს.
«Новая газета» (რუსეთი), 20 ნოემბერი, 2015 წელი
http://www.novayagazeta.ru/politics/70797.html
„ის-ის იყო, ნიკოლა სარკოზიმ დიმიტრი მედვედევთან მოლაპარაკება დაიწყო, რომ მათთან ოთახში პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი შევიდა“
რუსეთის ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი მიხეილ ზიგარი „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტს დიანა ხაჩატრიანს თავისი ახალი წიგნის შესახებ ესაუბრება, რომლის სახელწოდებაა „ინტრიგების ისტორია, შუა საუკუნეების მსგავსად“. საქმე იმაშია, რომ მიხეილ ზიგარი წინა წლებში რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ჟურნალისტთა წრეში ტრიალებდა და ხშირად დაჰყვებოდა ხოლმე ვიზიტებში სახელმწიფოს მეთაურს, შესაბამისად, ბევრი მოვლენისა და ფაქტის მომსწრეა, საკუთარი თვალით ხედავდა მოლაპარაკებების მსვლელობას, აკვირდებოდა უცხოელი ლიდერების გუნება-განწყობებს… მოკლედ, მიხეილ ზიგარმა პოლიტიკური სამზარეულოში მომხდარი ამბებიდან ბევრი რამ იცის და გადაწყვიტა ეს ყველაფერი წიგნის სახით წარედგინა მკითხველისათვის.
ნაწარმოების ავტორი არ ივიწყებს 2008 წლის აგვისტოში მომხდარ რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტს, რომელიც წიგნში ასეა დასათაურებული: „ომი, რომელიც არ ყოფილა“. აი, რას წერს მიხეილ ზიგარი:
„იმ დღეებში საფრანგეთის პრეზიდენტი თავის დიპლომატიურ მისიას ახორციელებდა – ნიკოლა სარკოზი 12 აგვისტოს მოსკოვში უნდა ჩამოფრენილიყო, შემდეგ კი თბილისში გაემგზავრებოდა. მოლაპარაკების პირობები უკვე შეთანხმებული იყო, ფრანგი ლიდერის თვითმფრინავი ჰაერში იმყოფებოდა, როცა რუსეთის ტელევიზიების ეკრანზე დიმიტრი მედვედევი გამოჩნდა და განაცხადა, რომ მშვიდობის იძულების მიზნით განხორციელებულმა ოპერაციამ თავის მიზანს მიაღწია და ამიტომაც სამხედრო მოქმედებას დასრულებულად ვაცხადებო. ნიკოლა სარკოზი მოსკოვში რომ ჩამოვიდა, თავს იდიოტად გრძნობდა: მისი მისიის მთავარი მიზანი მის გარეშე იქნა მიღწეული, თუმცა, როგორც გაირკვა, ფრანგ პრეზიდენტს წინ კიდევ უარესი მოვლენები ელოდა.
ის-ის იყო, ნიკოლა სარკოზიმ დიმიტრი მედვედევთან მოლაპარაკება დაიწყო, რომ მათთან ოთახში პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი შევიდა, რომელმაც განაცხადა, „მიხეილ სააკაშვილი ყვ…ბით უნდა ჩამოვკიდოო“. მოგვიანებით ნიკოლა ყვებოდა: „ვლადიმირ პუტინი მოვიდა, ხელი ჰასტუხზე მომკიდა და შემანჯღრია. ამით მაჩვენა, რომ განზრახვა სერიოზულად აქვს ჩაფიქრებული“.
მოსკოვიდან ნიკოლა სარკოზი თბილისში გაემგზავრა და თან მოსკოვთან შეთანხმებული დაზავების ექვსი პუნქტი წაიღო. მიხეილ სააკაშვილი პირველ ხუთს დაეთანხმა, მაგრამ კატეგორიული უარი განაცხადა მეექვსეზე, რომლის თანახმად, ჟენევაში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსზე მოლაპარაკება უნდა დაწყებულიყო, ხოლო რეგიონში რუსი მშვიდობისმყოფლები რჩებოდნენ.. ეს პუნქტი საქართველოს არ აწყობდა. ნიკოლა უკან, მოსკოვში გამოფრინდა. ამჯერად მან მკაცრი მოთხოვნა წამოაყენა და განაცხადა, რომ მხოლოდ დიმიტრი მედვედევს შეხვდებოდა, ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ უნდა მიეღო.
ამ მომენტისათვის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამაც გადაწყვიტა სიტუაციაში ჩარევა და რაღაც ფაცი-ფუცი დაიწყო: „რუსეთი თავს დაესხა თავის მეზობელს, სუვერენულ სახელმწიფოს და დემოკრატიულად არჩეულ მტავრობას ემუქრება. ასეთი მოქმედება 21-ე საუკუნეში დაუშვებელია“, – განუცხადა ამერიკელმა ლიდერმა ჟურნალისტებს. ორი დღის შემდეგ კი, 13 აგვისტოს, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის ჰუმანიტარული აქციის განხორციელება დაიწყო: 16 სატრანსპორტო თვითმფრინავი თბილისისაკენ გაფრინდა, შავ ზღვაში კი აშშ-ის მეექვსე ფლოტის ფლაგმანი გემი შევიდა. როგორც მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, სწორედ ამ მრისხანე განცხადებამ შეაკავა ვლადიმერ პუტინი და მან საბოლოო ჯამში მან ტანკების შეჩერების ბრძანება გასცაო. თუ დავაკვირდებით, ქრონოლოგიურად ეს მოქმედებები ერთმანეთს არ ემთხვევა: დიმიტრი მედვედევმა ხომ ოპერაციის დასრულება ერთი დღე-ღამით ადრე გამოაცხადა.
ყველაზე საკვირველი ხუთდღიან ომში მისი სწრაფად დასრულება იყო. მხარეები ერთმანეთს საშინელ ბრალდებებს უყენებდნენ, ერთი წლის შემდეგ კი თიტქმის ყველაფერი დავიწყებას მიეცა. საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა ომამდე ერთი წლით ადრე მიიღო (იგი 2005 წლამდე მოსკოვში ცხოვრობდა და რუსეთის საგარეო საქმეტა სამინისტროში მუშაობდა), გაგანია სამხედრო მოქმედების ჟამ, ასე აცხადებდა: „რუსეთი უკვე ვეღარ განიწმინდება. რუსეთს ჯერ საბჭოური ცოდვებიც კი არ აქვს მონანიებული… ბუდაპეშტი, პრაღა, ახლა კი თბილისი. ეს კოშმარი რუსულმა საგარეო პოლიტიკამ მოგვიმზადა. რა იქნება შემდეგ? ალბათ, მოსკოვი ამას ათეული წლების შემდეგაც გაგვახსენებს“. მაგრამ არაფერიც არ მომხდარა, ყველაფერი დავიწყების ნისლმა მოიცვა“.