globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 20 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 20th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): ინტერვიუ დიმიტრი ქუმსიშვილთან: „საქართველოს იმედი აქვს, რომ საგადასახადო რეფორმის ფონზე პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 2017 წელს 7-8%-მდე გაიზრდება“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): სირია-აფხაზეთი: ჭიდაობა შორს მიმავალი მიზნით // მართალია, 2010 წელს ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ აღიარებდა, მაგრამ 2016 წლისათვის სიტუაცია უკვე შეცვლილია…

«Aargauer Zeitung» (შვეიცარია): ინტერვიუ ექსპერტ თომას დე ვაალთან: „პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი გარდატეხაა მოსალოდნელი, მათ შორის რუსეთშიც…“

———————-

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი), 20 დეკემბერი, 2016 წელი

http://uk.reuters.com/article/georgia-economy-idUKL5N1EE1RD

ინტერვიუ დიმიტრი ქუმსიშვილთან: „საქართველოს იმედი აქვს, რომ საგადასახადო რეფორმის ფონზე პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 2017 წელს 7-8%-მდე გაიზრდება“

მარგარიტა ანთიძე

საქართველოს იმედი აქვს, რომ საგადასახადო რეფორმა 2017 წლისათვის ხელს შეუწყობს და 7-8%-ით გაზრდის პირდაპირ ინვესტიციებს ეკონომიკაში. შესაბამისად, განზრახულია ორი მსხვილი სახელმწიფო კომპანიის გაყიდვა საზღვარგარეთის ბირჟებზე, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „როიტერ“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში.

როგორც ფინანსური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ დაგეგმილი ნაბიჯები მიმართულია ეკონომიკის განვითარების დაჩქარებისა და ზრდისაკენ. მან დაამატა, რომ ჯერ-ჯერობით განზრახული არაა ევრობონდების მორიგი გამოშვება.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის – საქართველოს ეკონომიკა, რომელიც ექსპორტისა და ფულადი გადმორიცხვების შემცირების, რუსული რუბლის გაუფასურების გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა, 2016 წლის ათი თვის მონაცემების თანახმად, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდში მიღწეულ ზრდასთან – 2,8%-თან შედარებით, მხოლოდ 2,5%-ით გაიზარდა.

საქართველოს მთავრობამ გასულ კვირაში შეამცირა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,7%-მდე, ადრინდელი 3%-ის ნაცვლად, თუმცა შენარჩუნდა 46-იანი ზრდის პროგნოზი 2017 წლისათვის. „ჩვენ ვგეგმავთ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე 1,64 მილიარდ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოვიზიდოთ და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ 2017 წელს ეკონომიკის ზრდის 7-8%-ან მაჩვენებლს მივაღწევთ“, – თქვა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც ფინანსთა მინისტრის გარდა, ვიცე-პრემიერის ფუქნციებიც აქვს დაკისრებული.

მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში დაბანდებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 5%-ით გაიზარდა და 1 298 000 000 დოლარს მიაღწია.

მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უცხოელ ინვესტორებს [კაპიტალის დასაბანდებლად] მნიშვნელოვან სტიმულს შესძენს როგორც ლიბერალური ქართული კანონმდებლობა, ასევე სამომავლოდ დაგეგმილი საგადასახადო რეფორმაც: „ინვესტორებს როცა ვესაუბრებით, ისინი გვეუბნებიან, რომ დაგეგმილი რეფორმა მათთვისაც მომგებიანი იქნება და საქართველოც დიდი უპირატესობით ისარგებლებს“, – თქვა მინისტრმა ინტერვიუში.

2017 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში კომპანიების მიერ გაუნაწილებელი თუ რეინვესტირებული მოგებისათვის 15%-იანი გადასახადის ამოღება უნდა შეწყდეს. გადასახადი გადახდილი იქნება მხოლოდ განაწილებული მოგებისა და დივიდენდების მიხედვით.

მთავრობის წინასწარი გაანგარიშებით, საგადასახადო რეფორმის რეალიზების შედეგად, რომელიც ესტონურ მოდელს ეფუძნება, 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტს 500 მილიონი ლარი დააკლდება, მაგრამ ამ დანაკარგების კომპენსირება მოხდება აქციზის მომატებით თამბაქოს ნაწარმზე, ავტომობილებზე, ნავთობპროდუქტებზე და გადასახადით აზარტული თამაშების ბიზნესზე.

აღსანიშნავია, რომ რეფორმას საერთაშორისო სავალუტო ფონდი სკეპტიკურად აფასებს და მიიჩნევს, რომ მისი რეალიზებით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 1,5%-ით შემცირდება, ბიუჯეტის დეფიციტი კი მოიმატებს. „ჩვენ ასე არ ვთვლით. აქციზების მომატებით დანაკარგების კომპენსაცია მოხდება და დაახლოებით 500 მილიონი ლარი ისევ ქვეყნის ეკონომიკაში დარჩება“, – ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი, – რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებლი მომავალ წელს, ამჟამინდელი 4,4%-ის ნაცვლად, 4,1%-მდე შემცირდება“. მინისტრის თქმით, ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვა დაგეგმილია საგარეო და საშინაო სესხების აღებით, პრივატიზებით და ა.შ.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობას დაგეგმილი აქვს საერტაშორისო ბირჟებზე გასაყიდად გაიტანოს როგორც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, ასევე საქართველოს სახელმწიფო რკინიგზის აქციების 25%-იანი პაკეტი: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნავთობგაზის კორპორაციის აქციებს ლონდონის ბირჟაზე გავიტანთ, ხოლო რკინიგზის აქციებს შანხაის ბირჟაზე განვათავსებთ. ამას მაშინ გავაკეთებთ, როცა მომგებიანი საბაზრო სიტუაცია იქნება… ვთქვათ, ერთი წლის, ან წლინახევრის შემდეგ“, – აღნიშნა მინისტრმა „როიტერ“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 20 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-syria-and-occupied-abkhazia-relations/3641748.html

სირია-აფხაზეთი: ჭიდაობა შორს მიმავალი მიზნით

მართალია, 2010 წელს ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ აღიარებდა, მაგრამ 2016 წლისათვის სიტუაცია უკვე შეცვლილია…

ზაზა წულაძე

მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება სირიის ქალაქ ალეპოში მომხდარი მეგა კატასტროფისკენ არის მიმართული, ოკუპირებულ აფხაზეთში ტურნეს თავისუფალ ჭიდაობაში სირიის ეროვნული ნაკრები მართავს. ყველა მოჭიდავე სირიის არაბული არმიის სპორტულ კლუბს წარმოადგენს – იმ არმიისა, რომელიც სირიელი დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის ძირითადი დასაყრდენია.

დამასკო-ბეირუთი-სტამბოლი-სოჭი-სოხუმი – ასეთი მარშრუტით ჩავიდა სირიის მოჭიდავეთა დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში. მათ სირიის ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მუჰაჯირების შთამომავალი ახმედ ჯუმაა ხელმძღვანელობს.

ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი სირიელი მოჭიდავე, ბოლო წლებში ან უცხოეთშია გადახვეწილი, ან ბაშარ ასადის რეჟიმის მხარეს იარაღით ხელში იბრძვის. შესაბამისად, სოხუმში სირიის ნაკრები შესუსტებული შემადგენლობით გამოვიდა, რაც ანგარიშზეც აისახა – აფხაზთა გუნდმა 17 დეკემბერს ყველა წონით კატეგორიაში 8:0 გაიმარჯვა.

მარცხის შემდეგ ახმედ ჯუმაა აფხაზთა „ვიცე-პრეზიდენტმა“ ვიტალი გაბნიამ მიიღო და უთხრა, რომ “აფხაზეთი და სირია ბარიკადების ერთ მხარეს არიან“: „ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, იმიტომ, რომ ორპოლუსიანი მსოფლიო უკვე შედგა და ჩვენ თქვენთან, სირიასთან ერთად, ბარიკადების ერთ მხარეზე ვართ“.

ამხანაგური შეხვედრა ჭიდაობაში, სოხუმში, წითელ ხიდთან მდებარე „სპარტაკის“ სპორტდარბაზში გაიმართა. რეკონსტრუქციის შემდეგ ეს ნაგებობა აფხაზთა „მეორე პრეზიდენტის“ სერგეი ბაღაფშის სახელს ატარებს. სპორტდარბაზში გამოფენილი იყო რუსეთის და სირიის სახელმწიფო დროშები. ასევე, აფხაზ სეპარატისტთა დროშა – გაშლილი ხელითა და ხუთქიმიანი ვარსკვლავით, მსაჯები კი ჩრდილოეთ ოსეთიდან იყვნენ მოწვეულნი.

მაყურებელთა დიდ ნაწილს იმ მუჰაჯირების შთამომავლები შეადგენდნენ, რომლებიც 1821-1877 წლებში რუსეთის ჯარებმა მშობლიური კერიდან აყარეს და მასობრივად გაასახლეს. მათი მცირე ნაწილი აფხაზეთში გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ქართველებთან საბრძოლველად ჩამოვიდა და დარჩა, დაახლოებით 500-მდე ადამიანმა კი “სულის ქვეყანა” საცხოვრებლად, სირიაში სამოქალაქო ომის (2012-2013) გამწვავების შემდეგ აირჩია. მათ შორის არიან სირიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, 33 წლის ფერას ისმაილი, რომელიც ამჟამად სოხუმის „ნართში“ თამაშობს და სირიის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, კომუნისტი, 77 წლის შარაფ აბაზა (მარშანი).

ყოფილი სირიელი პარლამენტარი ამბობს, რომ რუსეთის ჩარევამ სირიის კონფლიქტში სიტუაცია საბოლოოდ გარდატეხა: „რუსეთის ჩარევამ სიტუაცია ჩვენს სასიკეთოდ საბოლოოდ გარდატეხა. ალეპოს აღება უდიდესი გამარჯვების დასაწყისია, როგორც ბაშარ ალ-ასადის სირიისთვის, ისე რუსეთისთვის“.

სოხუმში არ მალავენ, რომ რუსეთის, ირანისა და ბაშარ ასადის რეჟიმის  ერთობლივი ბოლოდროინდელი სამხედრო წარმატების შემდეგ, ოფიციალური დამასკოსგან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მოელიან.

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა 2010 წელს, დამასკოში, საქართველოს საგარეო საქმეთა მაშინდელ მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ იგი არ აპირებს აფხაზეთისა და ცხივნალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას, თუმცა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. დამასკო აღარ ერიდება ღია კონტაქტებს სეპარატისტების ლიდერებთან: 2016 წლის ნოემბერში სირიის ელჩმა რუსეთში რიად ხადადიმ, მოსკოვში, სირიის საელჩოში მიიღო აფხაზთა „საგარეო მინისტრი“ დაურ კოვე, ხოლო სირიის სახელმწიფო ტელეკომპანიით გადაიცა 25-წუთიანი ფილმი „დამოუკიდებელი  აფხაზეთზე”. http://www.youtube.com/watch?v=k4S66mWeaUI

მიმდინარე წლის ოქტომბერში სოხუმში მეორედ იმყოფებოდა შარაფ აბაზას ძმა, სირიის არმიის გენერალი უალიდ აბაზა (მარშანი), რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ერთგული თანამებრძოლია და დღეს სირია-ისრაელის საზღვრის დაცვაზეა პასუხისმგებელი. 2016 წლის ოქტომბერშივე ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო „მრგვალი მაგიდა“ გაიმართა თემაზე „სირია-შორეული და ახლობელი“, რომელსაც სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA-ს მოსკოვის ბიუროს რედაქტორი ფაჰედ კანმაკეშიც დაესწრო.

«Aargauer Zeitung» (შვეიცარია), 20 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.aargauerzeitung.ch/leben/leben/russland-experte-ueber-putins-russland-wir-koennen-grosse-umbrueche-erwarten-130804132

ინტერვიუ ექსპერტ თომას დე ვაალთან: „პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი გარდატეხაა მოსალოდნელი, მათ შორის რუსეთშიც…“

შვეიცარული გაზეთის კორესპონდენტ ანდრე ვიდმერისათვის მიცემულ ინტერვიუში აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ექსპერტი თომას დე ვაალი აანალიზებს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში ბოლო 25 წლის მანძილზე მომხდარ მოვლენებს, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და საუბრობს მათ პერსპექტივებზეც საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიიუდან:

- უკრაინამ, საქართველომ და ყირგიზეთმა სამოქალაქო რევოლუციები საკუთარ თავზე გამოსცადეს, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა არც აზერბაიჯანში, არც რუსეთში და არც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. რით ახსნიდით ასეთ სიტუაციას?

- ჩემი აზრით, შეცდომა იქნება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დაყოფა აქტიურ და პასიურ ქვეყნებად. ბუნებრივია, შედარებით დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოებაში ოპოზიციას უფრო მეტი უფლებები აქვს და ის აქტიურია – მაგალითად, საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში. რაც შეეხება თურქმენეთს და უზბეკეთს, მართალია, იქ ბოლო 25 წლის მანძილზე მსგავსი რამ არაფერი მომხდარა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებში მომავალში არაფერი არ მოხდება. აზერბაიჯანში მიმდინარე წელს ქუჩის აქციები ნამდვილად იყო. რუსეთში კარგად გვახსოვს 1989-1993 წლებში მომხდარი მასობრივი მღელვარებები, რაც იმას ნიშნავს, რომ რუს ხალხს შეუძლია დემონტრაციების, გაფიცვებისა და ძლიერი ოპოზიციური გამოსვლების მოწყობა მთავრობის წინააღმდეგ. მსგავსი ანტისამთავრობო აქციები მოსკოვში ამ სამი-ოთხი წლის წინათაც გაიმართა. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ იგივე განმეორდეს. მთავარია, როგორი იქნება ეს კონფრონტაცია – მშვიდობიანი თუ ძალადობრივი…

- მოლდოვას და საქართველოს ძლიერი პროევროპული ოპტიმიზმი ჰქონდათ, თუმცა ახლა ამ ქვეყნებში პრომოსკოვური განწყობების ზრდა შეიმჩნევა. თქვენი აზრით, ევროპამ რაიმე შეცდომა დაუშვა?

- არა, მე შეცდომას ვერ ვხედავ. მოლდოველებს და ქართველებს ისეთი მთავრობები ჰყავთ, რომლებიც ევროპისაკენ ისწრაფვიან, ევროკავშირთან ინტეგრირება სურთ. ორივე ქვეყანასთან გაფორმებულია შეთანხმება ასოცირებისა და ვიზალიბერალიზების თაობაზე, რაც შესაძლებლობას იძლევა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი განხორციელდეს. მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვაში პრორუსული განწყობის მქონე პრეზიდენტი აირჩიეს, კიშინიოვის მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნება არ მოხდება. მოლდოვას პრეზიდენტს ერთობ შეზღუდული უფლებები აქვს, მთავრობას კი ქვეყანა პროევროპული კურსით მიჰყავს. ამასთან, ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის მოსახლეობა ევროკავშირს და ევროინტეგრირებას უკვე შედარებით ნაკლები ენთუზიაზმით უყურებს. ეს ყველაფერი ხელისუფლებისადმი მათ დამოკიდებულებაშიც ჩანს.

- რას შეიძლება ველოდოთ სამომავლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში?

- ვლადიმირ ლენინმა ერთი რამ საკმაოდ მოსწრებულად თქვა: „შეიძლება ათწლეულები ისე გავიდეს, რომ არაფერი მნიშვნელოვანი არ მოხდეს, მაგრამ შეიძლება ერთ კვირაში იმდენი მოხდეს, რამდენიც ათწლეულებში“. ჩვენ მართლაც ბევრი რამის მომსწრენი შეიძლება გავხდეთ – მაგალითად, ისეთ ავტორიატარული მმართველობის მქონე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აზერბაიჯანი, უზბეკეთი და რუსეთი…

- და ამ ქვეყნებთან ერთად რუსეთშიც?

- ცენტრალური აზია დღეს ნაწილობრივ ჩინეთის, ძირითადად კი რუსეთის გავლენის ქვეშაა. რუსეთის გავლენა იგრძნობა ბელარუსში და მოლდოვაში. კავკასიის რეგიონშიც რუსეთის გავლენა არსებობს – თურქეთის, ირანის, ევროკავშირისა და ჩინეთის გავლენებთან ერთად. სამომავლოდ ჩვენ შეიძლება 12 პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში განვითარებული 12 ისტორიის მოწმენი გავხდეთ, განსაკუთრებით რუსეთის გავლენით. ვფიქრობ, დადგება დრო და რუსეთიც პოსტპუტინურ პერიოდში იცხოვრებს, გაიხსენებს იმ ტრადიციებს, რომლებიც ვლადიმირ პუტინის დროს დავიწყებული იყო. მხედველობაში მაქვს ევროპული ღირებულებები, პლურალიზმი. მართალია, რუსებს აქვს ისეთი „ჩვევა“, როცა ათწლეულობით არაფერი არ ხდება, მოსახლეობა ითმენს, მაგრამ შემდეგ ცვლილებების ეპოქა დგება…

Comments are closed