globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 21 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 21st, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 21 იანვარი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2650424

კიევი აქცენტს ქართულ რეფორმებზე აკეთებს

უკრაინის მთავრობაში მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლების თანამდებობებზე დანიშვნა გრძელდება

გიორგი დვალი

(შემოკლებით)

უკრაინის ხელისუფლებაში კვლავ გრძელდება თანამდებობებზე საქართველოს ყოფილი მთავრობის ექს-ჩინოვნიკების დანიშვნის პროცესი – კიევი იმედოვნებს, რომ მათი დახმარებით იმ რეფორმებს გაატარებს, რომლებიც საქართველომ უკვე განახორციელა. თბილისში ეს ყველაფერი წინააღმდეგობრივ განწყობებს იწვევს: ერთი მხრივ, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აღფრთოვანებას არ მალავენ, მეორე მხრივ კი, კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების აზრით, ამგვარი ქმედებით, შესაძლებელია საქართველო-უკრაინის ურთიერთობები გაუარესდეს და თვით უკრაინაც დაზარალდეს.

საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ეროვნული მოძრაობიდან“ დავით საყვარელიძე, რომელიც ადრე გენერალური პროკურორის მოადგილედ მუშაობდა და მიხეილ სააკაშვილის „ახალგაზრდა რეფორმატორთა“ გუნდის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი იყო, არ ადასტურებს, მაგრამ არც უარყოფს მასმედიაში გავრცელებულ ამბავს, რომ მან უკრაინის მთავრობისაგან სამართალდამცველ სტრუქტურებში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო და რომ იგი მზადაა უარი თქვას საქართველოს პარლამენტის წევრობაზე.

„კომერსანტის“ მონაცემებით, დავით საყვარელიძით უკრაინის მთავრობა იმიტომ დაინტერესდა, რომ იგი ნარკომანიის წინააღმდეგ  წარმატებული ბრძოლის ორგანიზატორი იყო. სხვათა შორის, იგი პირველი არაა, რომელმაც ასეთი შეთავაზება მიიღო, ან რომელმაც უკვე დაიკავა მნიშვნელოვანი პოსტი კიევში. ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ფიგურად ითვლება საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე, რომელმაც სწრაფად თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მისი დამსახურებაა საქართველოში პოლიციის რეფორმის წარმატებული განხორციელება. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად მუშაობს ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელსაც იმედი აქვს უკრაინის სამკურნალო დაწესებულებებს კორუფციონერებისაგან გაწმენდს.

თბილისში დიდი ხმაური გამოიწვია მოარულმა ხმებმა უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორისა და იუსტიციის ექს-მინისტრის ზურაბ ადეიშვილის შესაძლო მიწვევის თაობაზე, რომლის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ [უკრაინის ხელისუფლების გასაგონად] განაცხადა, რომ მისი დანიშვნა „არასასურველ შედეგებს გამოიწვევს“.

უკრაინის იუსტიციის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას უპირებდნენ პარლამენტის ამჟამინდელ წევრს გიორგი ვაშაძეს, რომელიც ადრე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა (მისი დამსახურებაა „იუსტიციის სახლების“ შექმნა), თუმცა მან კიევურ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ამასთან, ანალოგიურ წინადადებას დაეთანხმა „ნაციონალური“ ხელისუფლების შს მინისტრის ექს-მოადგილე და თბილისის ილიას უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ამჟამინდელი დეკანი გიორგი გეწაძე…

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აშშ-ში 2013 წლის ნოემბრიდან ცხოვრობს და კიევში ხშირად ჩადის ხოლმე, აღფრთოვანებით მიესალმა ყველა ამ დანიშვნებს და განაცხადა, რომ „ეს არის იმ უნიკალური წარმატებული რეფორმების აღიარება, რომლებიც საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განხორციელდა“. ექს-პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ახალი ხელისუფლება არ გამორიცხავდა მის დანიშვნასაც ვიცე-პრემიერის პოსტზე, თუმცა მან უარი თქვა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა არ სურს. ამით მიხეილ სააკაშვილმა მიანიშნა, რომ იგი თავის პოლიტიკურ კარიერას საქართველოში დასრულებულად არ მიიჩნევს.

საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერებში ექს-პრეზიდენტის თანაგუნდელების უკრაინის მთავრობაში დანიშვნა არაერთგვაროვანი რეაქციას იწვევს: პოლიტოლოგმა გიორგი ხუხაშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა, რომ „ეკა ზღულაძის პროფესიონალიზმი სადაო არაა, საქმე ეხება მის მორალურ თვისებებს… იგი დიდი ხნის განმავლობაში იყო შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილე, მერაბიშვილი კი ადამიანის უფლებების დარღვევისა და სხვა მძიმე დანაშაულის გამო სასჯელს საპყრობილეში იხდის“.

მიხეილ სააკაშვილის ოპონენტები კიევის ხელისუფლებას აფრთხილებენ იმ დიდი საფრთხის თაობაზე, რომელიც უკრაინას ემუქრება: „ნუთუ უკრაინელებს სურთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა დამქაშებმა ისევე დაღუპონ უკრაინა, როგორც საქართველო დაღუპეს?“, – განაცხადა „კომერსანტთან“ საუბარში ცნობილმა კინორეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ, – თუ ასეა, მაშინ ყველა წაიყვანონ, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით“.

«Aftonbladet» (შვედეთი), 20 იანვარი, 2015 წელი

http://www.aftonbladet.se/nyheter/article20145109.ab

http://www.aftonbladet.se/nyheter/article20163995.ab

http://www.aftonbladet.se/nyheter/article20187727.ab

შვედეთის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფული, რომელიც სიღარიბესთან ბრძოლას უნდა მოხმარებოდა, ტელეპროგრამების მომზადებაში დაიხარჯა

გაზეთ „აფტონბლადეტის“ მიერ გამოქვეყნებული მასალების თანახმად, შვედეთის მთავრობის მიერ საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოსათვის (SIDA) გამოყოფილი თანხები, რომელიც საქართველოში სიღარიბესთან ბრძოლასა და დემოკრატიის განვითარებას უნდა მოხმარებოდა, საქართველოს ტელევიზიაში თოქ-შოუების მოწყობასა და საგარეოპოლიტიკური პროექტების  განხორციელებაში -ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პროპაგანდაში გამოიყენეს (ავტორები – იოჰანეს ვალსტრემი და ლიზა როსტლუნდი).

როგორც გაზეთისათვის გახდა ცნობილი, ქართველი ხალხის დასახმარებლად განკუთვნილი 95 მილიონი შვედური კრონი საქართველოში არსებული ამერიკული ორგანიზაციების („ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“, ევრაზიის ფონდი“ და მისი შვილობილი ორგანიზაცია „ევრაზიის საპარტნიერო ფონდი“) ხელში აღმოჩნდა. „სიდას“ თანხები დაიხარჯა აგრეთვე ჩამოთვლილი ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მივლინებებსა და ვაშინგტონ-თბილისს შორის ავიამგზავრობაში.

2007 წლიდან შვედურ „სიდას“ ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ხსენებულ ამერიკულ ორგანიზაციებთან, რომლებიც, თავის მხრივ, საქართველოში სხვადასხვა პროექტებს აფინანსებენ. მათ საერთო ჯამში „სიდა“-საგან 95 მილიონი კრონი მიიღეს. იქვე გაზეთი განმარტავს, რომ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“, ევრაზიის ფონდი“ და „ევრაზიის საპარტნიერო ფონდი“ ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო „იუესაიდ“-ის მიერ, აგრეთვე კერძო კაპიტალის მიერ გაღებული შეწირულებით, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნავთობკომპანია „შევრონს“.

შვედეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხის საეჭვო მიზნებით დახარჯვის ფაქტად „აფტონბლადეტი“ ასახელებს ამერიკული „ენ-დე-აი“-ს მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ პროექტს, როცა 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა. გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ნატოში გაწევრიანების იდეა, აშშ-ისადმი მხარდაჭერა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობა მოსახლეობაში უდიდესი მხარდაჭერითა და პოპულარობით სარგებლობს. სინამდვილეში კი, როგორც არჩევნების შემდეგ გახდა ცნობილი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა რაოდენობა, გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, ორჯერ და მეტად ნაკლები იყო.

„აფტონბლადეტის“ გამოკვლევის თანახმად, 2011-2013 წლებში „სიდას“ ფულით დაფინანსებული იქნა აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის 49 ტელეპროგრამა (თოქ-შოუ) საგარეოპოლიტიკურ თემებზე, მათ შორის საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხზე.

პუბლიკაციაში ჩამოთვლილია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დასახელება და ის თანხები, რომლებიც მათ დახარჯეს: „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ – 420 ათასი კრონი (ჩატარდა 29 გამოკითხვა); „სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანია“ – 383 ათასი კრონი (მომზადდა 49 ტელეგადაცემა ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის თემაზე) „სტუდია რე“ – 337 ათასი კრონი (მომზადდა 10 ტელეპროგრამა, ჩაუტარდა ტრენინგი 19 რეგიონული ტელეკომპანიის ჟურნალისტებს, ევროკავშირის გაცნობის მიზნით); რადიო მწვანე ტალღა“ – 230 ათასი კრონი (მომზადდა გადაცემების სერია „ევროპა და საქართველო, „ნატო და საქართველო“) და სხვა.

როგორც გაზეთის პუბლიკაციის ავტორებს საქართველოს მთავრობიდან ერთ-ერთმა ანონიმურმა მოსაუბრემ განუცხადა, იგი ანალიზის შედეგებმა ძალიან გააკვირვა: „თქვენ, ალბათ, რაღაც არასწორად გაიგეთ. დარწმუნებულნი ხართ, რომ თანხები საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიამ მიიღო? ეს ჩვენს კანონებს ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა სამთავრობო წყარომ „აფტონბლადეტთან“ საუბრისას.

გაზეთთან ინტერვიუში „სიდას“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა ლენა ინგელსტამმა, ანალიზის შედეგების კომენტირებისას, ელეფოსტით გამოგზავნილ პასუხში აღნიშნა, რომ „გაწეული დახმარება დაიხარჯა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიზნით და ძალზე აქტუალურად“ შეფასდაო.

გეტებორგის უნივერსიტეტის პროფესორი ლენარტ ვილიჰემუტი შვედეთის მიერ აფრიკის ქვეყნებისათვის გაწეულ დახმარებას იკვლევს. როცა იგი „სიდას” საქმიანობის შესახებ „აფტონბლადეტის“ ანალიზს გაეცნო, განაცხადა: „მე სიღარიბესთან ბრძოლის სფეროში მიმუშავია, მაგრამ ამგვარი საქმიანობა სიღარიბესთან ბრძოლისაგან შორს დგას. მე ვერ შევძლებ საქართველოსთვის გაწეული კონკრეტული დახმარების კომენტირებას, მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომ ასეთი მოქმედება სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა ნამდვილად არ არის. ასეთი მოქმედება იმ შემთხვევაშიც კი არასწორია, როცა ეს დახმარება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას ხმარდება“.

შვედეთის პარლამენტის წევრმა მემარცხენე პარტიიდან ჰანს ლინდემ კრიტიკულად შეაფასა სიღარიბესთან ბრძოლისათვის განკუთვნილი თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტი და განაცხადა: „სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორი პრიორიტეტები ჰქონდა წინა მემარჯვენე ცენტრისტულ მთავრობას. აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებისათვის განკუთვნილ დახმარებას თავისი ევროპული პოლიტიკისათვის იყენებდა. შვედეთის ხელისუფლებაში მყოფი მემარჯვენე ცენტრისტები საქართველოში სიღარიბესთან ბრძოლისაგან განსხვავებულ საკმაოდ საეჭვო პროექტებს ახორციელებდნენ. იმედი მაქვს, რომ ახალი მინისტრი ყურადღებას სწორედ ღარიბთა დახმარებაზე გაამახვილებს. შესაძლოა სამომავლოდ ამ ტიპის პროექტებს მხარი აღარ დავუჭიროთ“.

შვედეთის მთავრობაში გაზეთის მონაცემების კომენტირებისას განაცხადეს, რომ უახლოეს ხანში დაგეგმილია „სიდას“ წარმომადგენელთან შეხვედრა და საკითხის განხილვა.

«Взгляд» (რუსეთი), 21 იანვარი, 2015 წელი

http://vz.ru/news/2015/1/20/725332.html

http://www.globalfirepower.com/country-military-strength-detail.asp?country_id=Georgia

აშშ-ის არმიას თავისი ძლიერებით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია, რუსეთის არმიას – მეორე, საქართველოს – 64-ე

ორგანიზაცია Global Firepower-ის მონაცემების თანახმად, რუსეთის არმია თავისი ძლიერებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებში ბირთვული შეიარაღება გათვალისწინებული არ არის, აქცენტი გაკეთებულია მხოლოდ არმიის ჩვეულებრივ შეიარაღებაზე, სამხედრო მოსამსახურეთა მომზადებაზე, მანევრირებაზე ხმელეთზე, წყალსა და ჰაერში. მონაცემთა სემდგენლები მხედველობაში ღებულობენ აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკურ რესურსებს და მათ გეოგრაფიულ მდებარეობას. რეიტინგი დაახლოებით 50 ფაქტორით განისაზღვრება.

მესამე ადგილი უკავია ჩინეთის შეიარაღებულ ძალებს, შემდეგ მოდის ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, სამხრეთ კორეა.. ძლიერი არმიების ათეულს აბოლოებს იაპონიის არმია. უკრაინას 21-ე ადგილი აქვს დაკავებული, აზერბაიჯანს – 50-ე, ბელარუსს – 52-ე, საქართველოს – 64-ე, ყაზახეთს – 80-ე. სულ 106 ქვეყნის არმიის რეიტინგია მოცემული.

Global Firepower-ის მონაცემებში აღნიშნულია, რომ „საქართველოს არმიის ძლიერება მნიშვნელოვნად შესუსტდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან მომხდარი ომის შედეგად“.

Comments are closed