globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 21 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 21st, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Die Welt» (გერმანია): პოსტსაბჭოური ნაღვლიანი მოგონება ჰიპსტერული კულტურის ფონზე

«Независимая газета» (რუსეთი): აშშ-ის ელჩმა „გაზპრომ“-თან თანამშრომლობა საქართველოსთვის სასარგებლოდ მიიჩნია // თბილისი მზადაა აზერბაიჯანული გაზი ნაწილობრივ რუსულით შეცვალოს

«РБК» (რუსეთი): სააკაშვილის პარტია

«День» (უკრაინა): რატომ ზის ისევ მინისტრის სავარძელში ალექსანდრე კვიტაშვილი? // რა უშლის ხელს მის გათავისუფლებას – რეფორმირების სურვილის არქონა თუ კორუფციული სარგებელი?

——————-

«Die Welt» (გერმანია), 21 იანვარი, 2016 წელი

http://www.welt.de/reise/Fern/article151257217/Postsowjetische-Tristesse-prallt-auf-Hipster-Kultur.html

პოსტსაბჭოური ნაღვლიანი მოგონება ჰიპსტერული კულტურის ფონზე

საქართველო ბავარიაზე პატარა ქვეყანაა, მაგრამ კონტინენტივით ძალიან მრავალფეროვანი: აქ ბევრი პოსტსაბჭოური რელიქვიაა, უძველესი ქრისტიანობა, ოპტიმიზმი და კეთილგანწყობა ერთმანეთის მიმართ

სტატიაში, რომელიც სარეკლამო-სამოგზაურო ხასიათისაა, აღწერილია საქართველოს ღირსშესანიშნაობები და გადმოცემულია ქვეყანაში ტურიზმისა და სასტუმროების ბიზნესში არსებული ვითარება (ავტორი – ადრიანო ზაკა).

„საქართველოს რომ ეწვევით, პასპორტების შემოწმების დროს ახალგაზრდა მომხიბლავი ქალი ღიმილით გაწვდის ბოთლს წითელი ღვინით „საფერავი-2012“ და ინგლისურ ენაზე გეუბნებათ – „ეს თქვენთვისაა ჩამოსხმული“. ძალიან იშვიათად თუ სადმე დამხვედრიან ისე გულთბილად, როგორც თბილისის აეროპორტში შემხვდნენ 27 დეკემბერს. საერთოდ, ქვეყანა 25 დეკემბრიდან იანვრის შუა რიცხვებამდე საახალწლო განწყობით ცხოვრობს…

ზამთარში საქართველოში ჩასვლა შეიძლება არცთუ ისე ორიგინალური იდეა იყოს, მაგრამ მე ამაზე ბერლინში ერთ-ერთ ამერიკელთან საუბარმა მიბიძგა, რომელიც სასტუმროების საერთაშორისო ბიზნესითაა დაკავებული: „დღეს საქართველოში სასტუმროებით მომსახურების დარგში მნიშვნელოვანი ძვრები ხდება“, – განაცხადა მან კატეგორიულად და როგორც გაირკვა, არ აჭარბებდა“, – აღნიშნავს ავტორი და ყურადღებას ამახვილებს Adjara Group-ის მიერ აგებულ პრესტიჟულ სასტუმროებზე, რომლებიც „შეიძლება ხელოვნების ნიმუშებად მივიჩნიოთ“.

როგორც ავტორი აღნიშნავს, „საქართველო ბავარიაზე პატარა ქვეყანაა, მაგრამ კონტინენტივით ძალიან მრავალფეროვანი: აქ ბევრი პოსტსაბჭოური რელიქვიაა, უძველესი ქრისტიანული ეკლესიები, ოპტიმიზმი და კეთილგანწყობა ერთმანეთის მიმართ. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მანდარინების პლანტაციებია, აღმოსავლეთი ვაზითა და ღვინითაა განთქმული. ჩრდილოეთით კავკასიის დიდი ქედია გადაჭიმული… და ყველგან – დედაქალაქსა თუ პროვინციებში კეთილგანწყობისა და აღმშენებლობის სულს იგრძნობთ“.

სტატიაში აღწერილია თბილისის აეროპორტის ახალი და ძველი, 1960-იან წლებში აგებული შენობები, სასტუმრო Tbilisi Hotel Rooms“, აგრეთვე მომავალი „ინტერკონტინენტალი“: „აქ ადრე საბჭოთა პროპაგანდა იქმნებოდა“, – ღიმილით მეუბნებიან მასპინძლები და საბჭოური გამომცემლობის ყოფილ შენობას მათვალიერებენ, სადაც გაგანია მშენებლობა მიმდინარეობს“. ავტორი საუბრობს Adjara Group-ის გენერალურ მენეჯერთან ლევან ბერულავასთან, რომელიც სასტუმროების ბიზნესის საფუძვლებს ნიუ-იორკში დაეუფლა“.

პუბლიკაციაში გადმოცემულია თბილისის დღევანდელი მდგომარეობა: აღწერილია გოგირდის აბანოები, მთის ფერდობებზე და კლდეზე შეფენილი სახლები… „საქართველოს დედაქალაქის მსხვილი სატრანსპორტო კვანძიდან – თავისუფლების მოედნიდან სულ რაღაც რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით, ძველ და ბათქაშმონგრეულ შენობების ეზოებში ქათმები კაკანებენ… დიზაინერი ჯაბა დიასამიძე ნაღვლიანად ამბობს, რომ თბილისში ძალიან ბევრი ძველი, მაგრამ ლამაზი სახლი განადგურდა“.

ავტორი ასევე გადმოსცემს თავის შთაბეჭდილებებს და თბილისელთა რეაქციას პრემიერ-მინისტრის გადადგომის თაობაზე: „დემოკრატია?“, – ამ სიტყვის გაგონებისას ჩემს მასპინძლებს ეცინებათ. ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრი კორუფციის გამო გადადგა, თუმცა მისი სამომავლო ბედი უცნობია. საერთოდ, ქართველები პოლიტიკაზე ბევრს საუბრობენ, ისინი დისკუსიაში ძლიერები არიან და თანაც კარგად ინფორმირებულები. მათ ბოლო წლების სამი ყველაზე დიდი პოლიტიკური ფიგურა ჰყავთ: ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. მოკლედ ვიტყვი: ედუარდ შევარდნაძე დამოუკიდებელი საქართველოს მეორე პრეზიდენტი იყო 1995-2003 წლებში, მისი მმართველობის პერიოდი უიმედოდ კორუმპირებულად ითვლება; მიხეილ სააკაშვილი ქვეყანას 2004-2014 წლებში მართავდა, მან სწრაფი მოდერნიზების პოლიტიკა გაატარა. დღეს იგი უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორია და თუ საქართველოში დაბრუნდება, საზღვარზევე დააკავებენ, რადგან მას ბრალს სდებენ კორუფციაში; ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო 2012-2013 წლებში – იგი მილიარდერია და როგორც ამბობენ, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯეიმს ბონდთან“, – შეიძლება ასე ითქვას იაპონელი შინ ტაკამაცუს მიერ დაპროექტებულ მის სახლზე, რომელიც ბორცვზეა გაშენებული და ქალაქს ზემოდან დაჰყურებს. მას სამი შვილი ჰყავს და აქვს  საკუთარი ზოოპარკი“.

ავტორი „თბილისური პოლიტიკური დისკუსიების“ შემდეგ საქართველოს სამხედრო გზით სტეფანწმიდისაკენ მიემგზავრება, სადაც Adjara Group-ის მიერ აგებული სასტუმრო Rooms Kazbegi მდებარეობს: ათვალიერებს მე-6 საუკუნეში აგებულ ჯვრის მონასტერს, აღწერს გზისპირა ბაზრობებს, საბჭოთა პერიოდში აგებულ ხალხთა მეგობრობის ძეგლს (უკვე საკმაოდ ძველია, მაგრამ უმშვენიერესი ხედი მოჩანს), ბოლოს კი სტეფანწმინდაში – „ტიპიურ მთის სოფელში“ ჩერდება: „აქ ყოველ კუთხეში ძროხებს დაინახავთ, იყიდება ხილი და ბოსტნეული. ადგილობრივ გასტრონომიულ მაღაზიას კი რატომღაც „გუგლიმარკეტი“ ჰქვია. ორასიოდე მეტრის მოშორებით გერგეტის მონასტერი მოჩანს, იმის იქით კი – ყაზბეგის მთა, მყინვარწვერსაც ეძახიან და სიმაღლით მეორეა საქართველოში“, – წერს ავტორი და ფრანგი მწერლის ალექსანდრე დიუმას „კავკასიიდან“ ნაწყვეტს იხსენებს: „ერთ ხანს ვიდექით და ვერ გადაგვეწყვიტა რა იყო ეს, მთები თუ ღრუბლები. მაგრამ მალე მზემ უკანასკნელად მოიკრიბა ძალა, ნარჩენი ნისლი ორთქლის ბოლქვებად იქცა და ჩვენს წინაშე გაიშალა კავკასიონის დიდი ჯაჭვი მყინვარწვერიდან იალბუზამდე. ყაზბეგი, პრომეთეს ეს პოეტური ეშაფოტი თავისი თეთრი მწვერვალით გამოისახა. ჩვენ ერთხანს მდუმარედ ვიდექით ამ ხვთაებრივი პანორამის წინაშე. ეს არ ჰგავდა არც ალპებს, არც პირენეებს, ეს არ ჰგავდა არაფერ იმას, რაც უკვე ნახული გვქონდა, ან რასაც ჩვენი მეხსიერება მოგვაგონებდა, რაზეც ჩვენს წარმოდგენას ოდესმე უოცნებია. ჩვენ თვალწინ იყო კავკასიონი, ესე იგი ის თეატრი, სადაც პირველმა ანტიკურმა დრამატულმა პოეტმა თავისი პირველი დრამა დადგა, რომლის გმირი ტიტანია, ხოლო მსახიობები ღმერთები!“.

სტატიაში ყურადღება ეთმობა სტეფანწმიდაში მდებარე სასტუმრო Rooms Kazbegi-ს, იქ მყოფ ტურისტებს (რუსებს, ქართველებს, პოლონელებს…), აღნიშნულია, რომ თემურ უგულავამ ეს სასტუმრო ძველი სანატორიუმის ბაზაზე ააშენა და სუპერთანამედროვე ობიექტად გადააქცია. „ამრიგად, დაიბადა შენობა, რომლის მსგავსი ქვეყანაში სხვაგან არსად არ არის: რადიკალურად თამამი, მაგრამ სოფლურად მყუდრო, ელიტარული და იმავდროულად მხიარული განწყობის მომტანი. აქ ცხოვრებისათვის საუკეთესო გარემოა შექმნილი და ამისთვის ფული არ უნდა დაგენანოთ. აქაური გარემო დაახლოებით ისეთივეა, როგორიც თომას მანის „ჯადოსნურ მთაშია“ გადმოცემული…

კავკასიის მთების ქარი ტურისტებს პალტოს უფრიალებს და შორეთში იხმობს. გერგეტის ეკლესია ციცაბო კლდეებზე მიკლაკნილ საქართველოს ძველ სამხედრო გზას გადმოჰყურებს. კიდევ რამდენიმე მთას გადაივლი და უდარდელი განწყობა დამთავრდება: იქ უკვე რუსეთის იმპერია იწყება…“, – ასეთი დასასრული აქვს ვრცელ სტატიას.

«Независимая газета» (რუსეთი), 21 იანვარი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-01-21/6_gruzia.html

აშშ-ის ელჩმა „გაზპრომ“-თან თანამშრომლობა საქართველოსთვის სასარგებლოდ მიიჩნია

თბილისი მზადაა აზერბაიჯანული გაზი ნაწილობრივ რუსულით შეცვალოს

იური როქსი, „ნეზავისიმაია გაზეტას“ მიმომხილველი

(შემოკლებით)

ვენაში საქართველოსა და რუსეთის კომპანია „გაზპრომის“ წარმომადგენლებს შორის, როგორც ჩანს, საბოლოო, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე იმსჯელეს. მოლაპარაკება ამ საკითხზე დახურულ კარს მიღმა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და რადგანაც ინფორმაციის დეფიციტი იყო, სხვადასხვა ჭორები და ვარაუდები ვრცელდებოდა. გარდა ამისა, მოლაპარაკებამ გარკვეული დაძაბულობა გამოიწვია აზერბაიჯანთან მიმართებითაც, რომელიც საქართველოსთვის გაზის ძირითადი მიმწოდებელია.

იმის გაგება, თუ რა ხდება დღეს ენერგეტიკის სფეროში, კონკრეტულად კი საქართველოს გაზით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით, იოლი არაა. ცნობილია, რომ ქვეყანა გაზის ძირითად რმოცულობას აზერბაიჯანიდან იღებს, თანაც შეღავათიანი ფასებით. საქართველო მოხმარებული გაზის ნაწილს, დაახლოებით 14%-ს, მის ტერიტორიაზე არსებული იმ სატრანზიტო გაზსადენიდან იღებს, რომლითაც სომხეთს რუსული გაზის მიეწოდება. რისთვის დაჭირდა თბილისს გაზის დამატებითი რაოდენობა, თანაც იმ მოცულობით, რომლის უზრუნველყოფა აზერბაიჯანს არ შეუძლია? როცა აზერბაიჯანისთვის ცნობილი გახდა, რომ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძე „გაზპრომ“-თან მოლაპარაკება დაიწყო, ბაქომ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და განაცხადა, რომ მას ქართული მხარის ყოველი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლია. სიტუაცია ისე გართულდა, რომ ვითარების დასარეგულირებლად თბილისში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარიოს“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი ჩავიდა. სტუმრებმა შეხვედრის დროს მასპინძლებს შეახსენეს, რომ აზერბაიჯანი ქართულ მხარესთან ყოველთვის დათმობებზე მიდიოდა, ახორციელებდა ფართო საინვესტიციო პოლიტიკას, შეეძლო გაზის ყველანაირი მოცულობით უზრუნველყოფა, მზად არიან გაზსაცავის მშენებლობაში დასახმარებლად და ა.შ. შეხვედრის შემდეგ როვნაგ აბდულაევმა მოლაპარაკებას „სასარგებლო“ უწოდა, მაგრამ თუ ინფორმირებულ წყაროებს დავუჯერებთ, აზერბაიჯანის დელეგაცია ბაქოში იმედგაცრუებული დაბრუნდა.

აზერბაიჯანული „სოკარის“ პრეზიდენტის წასვლის შემდეგ თბილისმა კიდევ რამდენიმე მიზეზი დაასახელა, რომლის გამოც „გაზპრომ“-თან ურთიერთობას უპირატესობა მიანიჭა: რუსული კომპანიის მიერ მოწოდებული გაზი უფრო იაფია, „სოკარს“ კი საქართველოს გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეუძლია, რადგან ორი ქვეყნის დამაკავშირებელი გაზსადენის გამტარუნარიანობა ამისთვის საკმარისი არ არის. ადგილობრივი ექსპერტები ეჭვობენ, რომ რუსული გაზის აზერბაიჯანულზე იაფია და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ გამოდის, რომ „გაზპრომ“-ისათვის ეკონომიკური ინტერესები მეორეხარისხოვანია.

რა დასამალია და „გაზპრომს“ მართლაც უპირველესად სხვა ინტერესები აქვს: სომხეთის გაზით მომარაგება. სომხეთსაც მეტი გაზი ჭირდება და „გაზპრომს“, რომელიც ამ ქვეყნის გაზსატრანსპორტო სისტემას ფლობს, ამ საკითხის გადაწყვეტა ორი გზით შეუძლია: პირველი – მეტი რუსული გაზი მიაწოდოს და მეორე – ერევანი უზრუნველყოს ირანიდან მიღებული გაზით, სვოპური პრინციპის საფუძველზე. თუ სვოპური გარიგება განხორციელდება, მაშინ საქართველო იმ სატრანზიტო 14%-იანი მოცულობის მქონე გაზის გარეშე დარჩება. თბილისს საყიდლად მისვლა ისევ ბაქოსთან მოუწევს (რუსეთთან შედარებით ძვირი კომერციული  გაზის შესაძენად), რაც ელექტროენერგიის გაძვირებას გამოიწვევს. ტრანზიტისთვის მიღებულ რუსულ გაზს საქართველო ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იყენებს.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც თბილისი „გაზპრომ“-თან ურთიერთობითაა დაინტერესებული, ისაა, რომ მას სურს ბაქოზე დამოკიდებულობა შეამციროს. სკეპტიკოსებს ეცინებათ: აზერბაიჯანზე დამოკიდებულების შემცირება რუსეთის გავლენის გაფართოებით? ეს მმართველი მკოალიცია „ქართული ოცნების“ ძალიან ორიგინალურ სვლას წარმოადგენს.

ოპოზიცია – ყოფილმა მმართველმა „ერთიანმა ნაცმოძრაობამ“ განგაში ატეხა: „ქართული ოცნება“ საქართველოში რუსულ „გაზპრომს“ აბრუნებს, ამით ბიძინა ივანიშვილი პირად ამბიციებს იკმაყოფილებს, რომელსაც „გაზპრომის“ მსხვილი აქციონერიაო. „ნაციონალებმა“ უკვე მოაწყეს საპროტესტო აქცია „გაზპრომ“-თან თანამშრომლობის წინააღმდეგ და აცხადებენ, რომ არ გაჩერდებიან. უფრო ზომიერი ოპოზიცია კი მოთმინებისაკენ მოუწოდებს: მხედველობაშია მისაღები კომერციული საიდუმლოს პრინციპი, რის გამოც მოლაპარაკება გამჭვირვალე არ არის და შედეგებს დაველოდოთ – შეიძლება შეთანხმება ჩვენთვის სასარგებლო აღმოჩნდესო. ერთნი იმასაც იხსენებენ, რომ „ნაციონალთა“ ერთ-ერთ ლიდერს, აწ განსვენებულ კახა ბენდუქიძეს „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ გაზსადენის გაყიდვაც კი სურდა და ამაში იგი სახიფათოს ვერაფერს ხედავდა. მეორენი ამბობენ, რომ საქართველოს ელექტროენერგეტიკის დიდი ნაწილი ისედაც რუსულ კომპანია „ერთიან ენერგოსისტემას“ ეკუთვნის და ამით კატასტროფა არ მომხდარაო.

ცხარე დავაში ვაშინგტონმაც თავისი სიტყვა თქვა: თავდაპირველად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რამდენიმე წარმომადგენელმა საქართველო გააფრთხილა, რომ „გაზპრომ“-თან მიმართებით დაუფიქრებელეი ნაბიჯი არ გადადგაო, მაგრამ სწორედ ვენის შეხვედრის წინ, აშშ-ის ელჩმა იან კელიმ მოულოდნელი განცხადება გააკეთა: რადგანაც საქართველოს ენერგეტიკას დივერსიფიცირება ჭირდება, ამის გამო „გაზპრომ“-თან მოლაპარაკება სასარგებლოაო. არაა გამორიცხული, რომ ასეთი შეფასება ტაქტიკური მოსაზრებითაა ნაკარნახევი: ბოლო ხანებში აშშ-ისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა შესამჩნევად გაუარესდა. ქართულმა საზოგადოებამ კი ამერიკელი ელჩის განცხადება „გაზპრომის“ დაბრუნებაზე თანხმობის მანიშნებლად მიიჩნია.

«РБК» (რუსეთი), 21 იანვარი, 2016 წელი

http://www.rbcdaily.ru/politics/562949999244257

სააკაშვილის პარტია

როგორც სტატიაში აღნიშნული, „ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ანტიკორუფციულ კამპანიას აგრძელებს. მან უკვე დააარსა „მოძრაობა განწმენდისათვის“, რომლის ბაზაზე, როგორც უკრაინელი პოლიტიკოსები და ექსპერტები ამბობენ, ახალი პარტია შეიქმნება“ (ავტორი – პოლინა ხიმშიაშვილი).

მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული მესამე ანტიკორუფციული ხარკოვში ჩატარდა: „ჩვენი მთავარი მოწოდებაა ისტორიის სანაგვეზე მოვისროლოთ ის ელიტა, რომელიც 25 წლის განმავლობაში საკუთარი ხალხის ძარცვის გარდა არაფერს აკეთებდა“, – ასე მიმართა ოდესის ოლქის გუბერნატორმა ფორუმის მონაწილეებს. ანტიკორუფციული ფორუმები, რომელიც ჯერ ოდესაში, შემდეგ კიევში და ახლა უკვე ხარკოვში გაიმართა, ათასობით მონაწილეს იკრებს.

მათ წინაშე გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა, ტრადიციისამებრ, მთავრობის შეცვლისაკენ მოუწოდა: „ეს მთავრობა უნდა შეიცვალოს. და უნდა შევცვალოთ ყველამ ერთად, ჩემი და თქვენი მონაწილეობით“. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა იმავდროულად განაცხადა, რომ მას უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე არანაირი ამბიციები არ აქვს: „მე აქ სწორედ იმიტომ გამოვდივარ, რომ არაფერი არ მინდა. ჩვენ მხოლოდ ის გვსურს, რომ მომავალ თაობას ქვეყნის მართვისათვის გზა გავუხსნათ. მათ სიტუაციის შეცვლა შეუძლიათ“. გზის გახსნა კი იმ მოძრაობას შეუძლია („მოძრაობა განწმენდისათვის“), რომლის შექმნა კიევში გამართულ ანტიკორუფციულ ფორუმზე გამოცხადდა.

მოძრაობის საკოორდინაციო საბჭოში შედის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის „ბენდუქიძის ცენტრის“ და Reforms Lab-ის წარმომადგენლები, ფორუმის მონაწილეები კი გახდნენ დეპუტატები მუსტაფა ნაიემი და სერგეი ლეშენკო, მომღერალი რუსლანა ლიჟიჩკო. ხარკოვის ფორუმს ესწრებოდა აგრეთვე რუსი ბიზნესმენი ევგენი ჩიჩვარკინი, რომელსაც პოლიტიკური თავშეფარი დიდ ბრიტანეთში აქვს მიღებული.

უკრაინელი პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ მოძრაობა პარტიად გადაიქცევა. ამ საკითხის კომენტირება თვით პეტრო პოროშენკოსაც მოუწია: მან პრეს-კონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე, ხომ არ მიიჩნევთ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ კონკურენტადო, ხუმრობით უპასუხა, რომ მისი სახით იგი უკრაინის სუვერენიტეტისადმი არანაირ საფრთხეს არ ხედავს.

აშკარაა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინაში ძალიან პოპულარული ფიგურა გახდა, განსაკუთრებით უბრალო, ჩვეულებრივ მოქალაქეებს შორის, რომლებსაც პოლიტიკოსთა მოქმედება ყელში ამოვიდათ, განსაკუთრებით კი ევრომაიდნის შემდეგ: დრო მიდის, უკრაინის ხელისუფლება კი კორუფციის დაძლევას ვერ ახერხებს.

„მოძრაობა განწმენდისათვის“ ბრძოლას უცხადებს ისეთ მგრძნობიარე და უნივერსალურ თემას, როგორიც კორუფციაა და უეჭველია, რომ მის მონაწილეებს პარტიის ჩამოყალიბება აქვთ დაგეგმილი, – ამბობს უკრაინელი პოლიტოლოგი ევგენი მაგდა. მიხეილ სააკაშვილი ახალ პოლიტიკურ პროექტში, თუ ის მართლაც განხორციელდება, ალბათ მხოლოდ ლოკომოტივის როლს შეასრულებს, რადგან იგი დეპუტატად არჩევას სამი წლის განმავლობაში, პრეზიდენტად არჩევას კი რვა წლის განმავლობაში ვერ შეძლებს.

ახალი პოლიტიკური ძალის სავარაუდო გამოჩენა კარგი იქნება პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთვისაც: მას შეუძლია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს და ამ არჩევნებში პროსაპრეზიდენტო ძალებს, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით, შეუძლიათ გამარჯვება მოიპოვონ.

«День» (უკრაინა), 20 იანვარი, 2016 წელი

http://www.day.kiev.ua/ru/article/obshchestvo/pochemu-zasidelsya-kvitashvili

რატომ ზის ისევ მინისტრის სავარძელში ალექსანდრე კვიტაშვილი?

რა უშლის ხელს მის გათავისუფლებას – რეფორმირების სურვილის არქონა თუ კორუფციული სარგებელი?

ინა ლიხოვიდი

(შემოკლებით)

როცა ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა ამ დრეებში უკრაინაში გრიპთან დაკავშირებით შექმნილს სიტუაციას კომენტარი გაუკეთა, ბევრს კითხვა დაებადა – რატომ ინარჩუნებს იგი დღემდე თავის თანამდებობას? უკვე ნახევარი წელი გავიდა შარშანდელი ივლისის იმ დღიდან, რაც ქართველმა ჩინოვნიკმა გადადგომაზე განცხადება დაწერა… ზოგი ამბობდა, რომ პარლამენტი მის განცხადებას სექტემბერ-ოქტომბერში დააკმაყოფილებდა, მაგრამ ახლა უკვე იანვარია და ალექსანდრე კვიტაშვილის გათავისუფლებაზე ყველა დუმს.

დაავიწყდათ თუ აწყობთ?

ექსპერტები ჩვენს შეკითხვას ასე პასუხობენ: ალექსანდრე კვიტაშვილი დეკლარატიული მინისტრია და მისი ფსევდორეფორმატორობა ბევრს აწყობს. არადა, ალექსანდრე კვიტაშვილის საქმიანობისაგან არც შედეგები არ ჩანს, არც ანგარიშები არ არის და გეგმებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ობიექტურობა რომ დავიცვათ, უნდა ვთქვათ, რომ უკრაინის ჯანდაცვის სიტემაში შექმნილი მძიმე ვითარება წლობით ყალინდებოდა და მასში ალექსანდრე კვიტაშვილის ბრალი არ არის, მაგრამ იგი ხომ ამდენ ხანს მინისტრია და ფაქტიურად არაფერი გაუკეთებია დაპირებული რეფორმის განხორციელებისათვის.

ვრცელდება აზრი, რომ ალექსანდრე კვიტაშვილს მარტში გაათავისუფლებენ, როცა მინისტრთა კაბინეტის როტაციის საკითხის განხილვა იქნება. ასე იქნება თუ არა, ამჟამად ამის თქმა ძნელია, მით უმეტეს, რომ თუ მინისტრის შენარჩუნება ზოგიერთებს უკვე აწყობთ და მისი შეცვლა არარ სურთ, ლოიალურები არიან. „ალექსანდრე კვიტაშვილი ყველა დოკუმენტს ხელს აწერს, რომლებიც მასთან მიაქვთ. იგი არავის არ უშლის ხელს თავიანთი საქმის კეთებაში“, – ამბობს ფონდ „უკრაინის პაციენტების“ დირექტორი ოლღა სტეფანიშინა, – ანუ იგი ძალიან მისაღები მინისტრია, ინგლისის დედოფალივით. მის მოადგილეს ალექსანდრე პავლენკოს, რომელიც „დარნიცას“ ფარმაცევტული ფირმის მფლობელის გლებ ზაგორის მფარველია, უფრო მეტი უფლებამოსილება აქვს, ვიდრე მინისტრს. რაც შეეხება რეფორმას, სამინისტროს სისტემაში მსგავსი არაფერი ხდება, ისინი მხოლოდ საზღვარგარეთული შესყიდვებითა არიან დაკავებულნი. საავადმყოფოების ოპტიმიზაციის კანონები არ დამტკიცებულა, იგივე სიტუაციია ფარმაცევტული ბაზრის დერეგულიაციის საკითხთან დაკავშირებითაც. სამინისტროში არის ფარმაცევტული ლობი, რომელშიც პრეზიდენტის მომხრეებიც არიან გაერთიანებულნი და უსაზღვრო გავლენა აქვს. შესაძლოა ალექსანდრე კვიტაშვილს რაღაცის გაკეთება მართლაც სურდა, მაგრამ ამ ლობს წინააღმდეგობა ვერ გაუწია, იგი შეეგუა სიტუაციას და იმ ნავში ჩახტა, რომელიც დინების მიმართულებით მიცურავს, ხანდახან რაღაც კომენტარებს აკეთებს საზოგადოების კითხვებზე“.

Comments are closed