«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): „ნაციონალების“ ყრილობა – ახალი ხელმძღვანელობით და სამომავლო გეგმებით
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „ნაციონალური მოძრაობა“ პომპეზურობის პოდიუმზე: ფაქტი და კომენტარი
«КоммерсантЪ» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილი ქართული ოპოზიციის ლიდერად რჩება // მისი გამოსვლა საკუთარი პარტიის ყრილობაზე ენერგიული იყო, მაგრამ ხშირად წყდებოდა
«Deutsche Welle» (გერმანია): დონალდ ტრამპი – ახალი რიჩარდ ნიქსონი? // რას ელოდებიან ერთმანეთისაგან აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები
———————-
«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა – თავისუფლება» (აშშ), 21 იანვარი, 2017 წელი
http://www.radiotavisupleba.ge/a/nacionaluri-modzraobis-yriloba/28246656.html
„ნაციონალების“ ყრილობა – ახალი ხელმძღვანელობით და სამომავლო გეგმებით
ეკა ქევანიშვილი
20 იანვარს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სპორტის სასახლეში რიგით მეშვიდე ყრილობა მოიწვია. ყრილობას 7 000-მდე დელეგატი დაესწრო. ყრილობაზე დაამტკიცეს პარტიის ახალი წესდება, აირჩიეს პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარე და სამომავლო გეგმებიც დასახეს. დელეგატებს ვაშინგტონიდან სიტყვით მიმართა პარტიის დამფუძნებელმა და ლიდერმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც.
ახალი წესდება, განახლებული შემადგენლობა, პოლიტსაბჭოს ახალი ხელმძღვანელობა და გეგმები – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მეშვიდე ყრილობა 20 იანვარს სპორტის სასახლეში საქართველოს ჰიმნით გაიხსნა და პოლიტიკური ლიდერების გამოსვლებით გაგრძელდა. პარტია, მისივე ლიდერების განცხადებით, ახალ ცხოვრებას იწყებს და მისი კარი ღიაა ყველა ახალი ადამიანისათვის, ვინც მათ იდეებს იზიარებს.
„მე მაქვს პირადი ამბიცია, რომ საქართველო იყოს ყველაზე გამორჩეული ქვეყანა“, „როგორც იდეალები არ იყოფა, ისევე არ იყოფა ნაციონალური მოძრაობა“, „’ნაციონალური მოძრაობის’ ‘გაქოცების’ ივანიშვილისეული გეგმა ჩაიფუშა“, „ის სახელმწიფო, რომლის აშენებაშიც ამდენი ოფლი ჩავდეთ, აღარ არსებობს“ – ეს ციტატებია მიხეილ სააკაშვილის მისასალმებელი სიტყვიდან, რომლითაც მან ყრილობის დელეგატებს მიმართა. დელეგატებმა სააკაშვილს პასუხი ტაშით და „მიშა-მიშას“ სკანდირებით დაუბრუნეს.
მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, ვინც სწორედ მაშინ აიღო პასუხისმგებლობა ქვეყანაზე, როცა ყველას ხელი ჰქონდა ჩაქნეული საქართველოზე უშუქობის, უბედურების, კრიმინალის თარეშის პირობებში. ჩვენ ვართ სწორედ ის პარტია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნისას გაატარა არაერთი რეფორმა. ჩვენ გვიკავშირდება ლარის კურსის სიმყარე, ხალხს დაავიწყა უშუქობა, უგზოობა და უპენსიობა. ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, ვიყავით ოპოზიცია და ახლა ისევ მზად ვართ დავიბრუნოთ ხელისუფლება და ასეთი რამ საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს“.
„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის პოლიტიკურ გუნდს დიდი ამბიციები აქვს, როგორც გიორგი ბარამიძემაც განაცხადა სიტყვით გამოსვლისას, და სწორედ ამ ძალას დაუკავშირდება ქვეყნის წარმატება.
გიორგი ბარამიძემ დაასახელა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარე – ნიკა მელია. დელეგატებს მანვე ამცნო, რომ მელიას მოადგილეების პოსტებს დაიკავებენ ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე.
ყრილობაზე მიწვეულ საზოგადოებას თავად ნიკა მელიამაც მიმართა: „მეამაყება, რომ ვარ ყველაზე მაგარი, ყველაზე გულწრფელი, თვდადებული და ქედმოუხრელი გუნდის წევრი. ჩემთვის და თქვენთვის პოლიტიკა არ არის ინტრიგები და ვაჭრობა. ჩვენთვის პოლიტიკა არის და იქნება ვემსახუროთ მთავარ იდეას – ქართულ სახელმწიფოებრივ იდეას“.
„როდესაც დაისვა მთავარი შეკითხვა – ვინ არის ან რა არის „ნაციონალური მოძრაობა“, თქვენ გაეცით ამას მკაფიო პასუხი: „ნაციონალური მოძრაობა“ ეს მე ვარ“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა, პარტიის ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებს სიტყვით გამოსვლისას და თქვა, რომ პარტია ახალ სიცოცხლეს დაიწყებს ცვლილებებით – მათ შორის იქნება სამდივნოს გაუქმება, პარტიაში კი, მისივე სიტყვებით, მუდმივად შეიცვლებიან პასუხისმგებელი პირები.
„ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათო“ – ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა „ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ: „სიმართლე თქვენს მხარეზეა, რადგან თქვენ, მიშასთან ერთად, გადააქციეთ კორუფცია-კრიმინალით განადგურებული ქვეყანა თანამედრვე სახელმწიფოდ“.
თინათინ ბოკუჩავამ თავის გამოსვლისას პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ პარტიულ სიაში რაც შეიძლება მეტი ქალი უნდა იყოს და ეს იქნება კიდეც, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის ნაწილი, ამის დასტური კი „ნაცმოძრაობის“ ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებაა.
ახლა საინტერესოა, რამდენად შეძლებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენილი პოლიტიკოსები თავიანთი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ლიდერის, რეაბილიტაციას, გვითხრა პოლიტოლოგმა გიორგი გობრონიძემ: „თუ მიშა სააკაშვილი შეძლებს და ახალი სიცოცხლით დაბრუნდება პოლიტიკურ ასპარეზზე, მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდება შანსი გააქტიურდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ხელახლა შეძლოს მნიშვნელოვანი პოზიციების დაკავება. მაგრამ ეს საკმაოდ რთული იქნება იმ პირობებში, რომ მას ოპონირება მოუწევს ახლა არა მხოლოდ მთავრობასთან, არამედ თავიანთივე ყოფილ თანაგუნდელებთან“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ყრილობის დელეგატებმა მხარი დაუჭირეს პარტიის განახლებულ შემადგენლობასაც. პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტური დარჩა.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 21 იანვარი, 2017 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/unm—-congress/3685337.html
„ნაციონალური მოძრაობა“ პომპეზურობის პოდიუმზე: ფაქტი და კომენტარი
ნინო დალაქიშვილი
„ნაციონალური მოძრაობა“, განხეთქილების პირობებშიც ახერხებს დღის მთავარი თემა შექმნას და მთავარ ახალ ამბად იქცეს, ხოლო ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში ძებნილად გამოცხადდა და რომელისთვისაც 2012 წლის შემდგომ საკუთარ სამშობლოში ჩამოსვლა შეუძლებელია, კვლავ რჩება ხელისუფლების მთავარ კონკურენტად. მან განდევნილის, კანონდამრღვევის და მარგინალიზებულის როლის მორგება კი შეძლო საკუთარი თავის სასარგებლოდ. იგი ისევ ახერხებს იმას, რომ მისი ციტირება ყველა მედია საშუალებამ უზრუნველყოს და ახერხებს იმასაც, რომ არ დაიკარგოს მოლოდინი მისი, როგორ პოლიტიკური ლიდერის დაბრუნების შესახებ საქართველოში.
გუშინ, 20 იანვარს, სპორტის სასახლეში „ნაციონალური“ მოძრაობის ყრილობა გაიმართა. ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საინტერსო არავერბალური მესიჯი გამოგზავნა: იგი არა უკრაინიდან, არამედ ვაშინგტონიდან ჩაერთო შეკრებილ საზოგადოებას ცოცხალი ეთერით და ტრადიციულად ემოციური ტექსტით მიმართა: „ივანიშვილისეული გეგმა „ნაციონალური მოძრაობის“ გაქოცების და „ნაციონალური მოძრაობის“ ჯიბეში ჩადების, ჩაიფუშა. ნურავინ ნუ ცდილობს გაგვაბანძოს (ტექსტი ავთენტურია – ნ.დ.) და ფსევდოლიბერალიზმის საბაბით ხელი აგვაღებინოს ჩვენს განსაკუთრებულობაზე იმიტომ, რომ ჩვენი განსაკუთრებულობა მითებში და ზღაპრებში კი არ არის, ჩვენ ეს დავამტკიცეთ მსოფლიოში განსაკუთრებული, ექსკლუზიური და ისეთი რეფორმებით, რომელიც ყველას აღტაცებას იწვევდა და იწვევს დღესაც“.
დღევანდელ პარტიულ თავყრილობას სპორტის სასახლეში არაფერი ემჩნეოდა, რომ სინამდვილეში პარტია მნიშვნელოვნად დაზარალებულია, რომ იგი, ფაქტობრივად, შუაზე გაიხლიჩა და მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და ადამიანური რესურსი დაკარგა. ასეთ პირობებშიც კი „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს მოახდინოს დემონსტრირება, რომ ის კვლავაც პირველი, მთავარი ოპოზიციური ძალაა და დანაკარგის პირობებშიც კი ახერხებს სპორტის სასახლის დელეგატებით ავსებას. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამაყად აცხადებენ, რომ მათი მხარდამჭერი საქართველოში ნახევარი მილიონი ადამიანია.
„ამერიკის ხმა“ „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს კორნელი კაკაჩიას ესაუბრა და სთხოვა მოსაზრების გამოთქმა ოპოზიციის კრიზისისა და ოპოზიციის კონკურენციის შესახებ.
„თუ გავიაზრებთ ბოლოდროინდელ მოვლენებს, რაც დაკავშირებულია „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფასთან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყოდასასრული პროცესისა, რაც დიდი ხანია დაიწყო ქართულ პარტიულ პოლიტიკაში. ჩვენ დავკარგეთ ძირითადი ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის, ეგრეთ წოდებული ლიბერალური ცენტრი. ფაქტობრივად, „ნაციონალები“ „უკანასკნელი მოჰიკანები“ აღმოჩნდნენ. ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნის პარტიებისგან განსხვავებით, მათ მეტ-ნაკლებად შეძლეს გადარჩენა, თუმცა ისინიც ვერ გაექცნენ ბედს. ამით დამთავრდა პროცესი, რასაც ეწოდება საქართველოს პარტიული პოლიტიკის ფრაგმენტაცია. ეს გარკვეული გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყანას და მათ შორის ხელისუფლებას იმ თვალსაზრისით, რომ იმ მოვლენების შემდგომ, რაც განვითარდა ოპოზიციურ სპექტრში, ჩვენ არ გვყავს ძლიერი ოპოზიციური პარტია, რომელიც კონკურენციას გაუწევდა მმართველ პარტიას და ოთხი წლის შემდგომ, ახალი არჩევნების პირობებში, ხელში აიღებდა მართვის სადავეებს. ეს გარკვეული გამოწვევების წინაშე აყენებს როგორც საზოგადოებას, ასევე პოლიტიკურ სპექტრს და ეს ხელს ვერ შეუწყობს საქართველოს დემოკრატიული განვითარების ტენდენციებს“, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.
რაც შეეხება თავად „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის შედეგებს მისი ამჟამინდელი და ყოფილი შემადენლებისთვის, კორნელი კაკაჩია მათ შემდეგნაირად აფასებს: „ერთი შეხედვით ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობის გაუყოფლობა უფრო მომგებიანი იქნებოდა მისი წევრებისთვის, მაგრამ სწორედ ეს გახდა მათი გაყოფის მიზეზი. არჩევნების შემდგომ, პარტიის ნაწილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ მათი დაბრუნება ხელისუფლებაში ისეთი კონფიგურაციით, როგორითაც არსებობდნენ, შეუძლებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პარტიიდან გამოყოფილმა ნაწილმა ყველაფერი გააკეთა არჩევნებში გამარჯვებისთვის, მიიჩნიეს, რომ სააკაშვილთან ერთად შეუძლებელია პარტიის მომხრეების ზრდა. მათ უბრალოდ, არ სჯეროდათ სააკაშვილთან ერთად გამარჯვების. მეორე ჯგუფს, პირიქით, მიაჩნდა, რომ სააკაშვილის ფაქტორის გამო მიიღო პარტიამ ამდენი ხმა და სწორედ მის გარშემო უნდა მომხდარიყო კონსოლიდაცია. მათი მთავარი შეუთანხმებლობა და განხეთქილების ვაშლი სწორედ მომავალთან, სტრატეგიულ ხედვასთან დაკავშირებული, აბსოლუტურად განსხვავებულიშეხედულებები აღმოჩნდა“.
მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს:
„პოლიტიკური სპექტრი ყოველთვის ლიდერების ირგვლივ იყო კონსოლიდირებული და ხშირ მიგრაციებს ჰქონდა ადგილი, მაგრამ ყველაზე სტაბილურ პარტიებშიც კი ასეთი ცვლილებები ალბათ, არასახარბიელოდ აისახება, ზოგადად დემოკრატიის განვითარების პროცესზე. ოპოზიცია ხელისუფლების მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ის საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს და გარკვეულ რისკებს ატარებს. თუ ამას დაემატება „რუსთავი-2“-ის სასამართლო პროცესის არასახარბიელო განვითარება, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლების შემაკავებელი და გამაწონასწორებელი ბოლო ინსტიტუტიც მოირღვევა, რაც საბოლოოდ პლურალიზმს აზარალებს“.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი პოლიტ საბჭო ჰყავს. ყოფილი პრემიერი და ამჟამად პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი პარტიის გენერალურ მდივანის თანამდებობაზე რჩება – ასეთი გადაწყვეტილება ყრილობაზე იქნა მიღებული, თუმცა მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თავად ვანო მერაბიშვილთან ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული არ ყოფილა. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, ის ვაკანტური რჩება.
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 21 იანვარი, 2017 წელი
http://www.kommersant.ru/doc/3199059
მიხეილ სააკაშვილი ქართული ოპოზიციის ლიდერად რჩება
მისი გამოსვლა საკუთარი პარტიის ყრილობაზე ენერგიული იყო, მაგრამ ხშირად წყდებოდა
თბილისში 20 იანვარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ – საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის მეშვიდე ყრილობა გაიმართა. ყრილობას „საგანგებო“ უწოდეს, რადგან ცოტა ხნის წინათ პარტია დატოვეს პოლიტიკური საბჭოს წევრთა ნახევარმა და პარლამენტის „ნაციონალ“ დეპუტატთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ – ე.წ. „უკლონისტებმა“, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილისაგან და მისი „კონფრონტაციული პოლიტიკისაგან“ გამიჯვნა გადაწყვიტეს. თუმცა, პარტიაში დარჩენილებმა ახალი ლიდერის არჩევა არ მოისურვეს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – გიორგი დვალი).
„შვიდი ათასზე მეტმა დელეგატმა, რომელბიც ყრილობაში მონაწილეობდნენ, უარყვეს ახალი თავმჯდომარის არჩევის იდეა. ამრიგად, მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის გამო, უფლება არ აქვს „ნაცმოძრაობის“ ოფიციალური ხელმძღვანელი იყოს, ფორმალურად ლიდერობა მაინც შეინარჩუნა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში, რომელშიც ვრცლადაა გადმოცემული ყრილობის მიმდინარეობა და, საერთოდ, ის ძირითადი საკითხები, რაზედაც ყრილობაზე გაამახვილეს ყურადღება.
სტატიაში ძირითადად ციტირებულია მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამები (მან ყრილობას ვაშინგტონიდან პირდაპირი ვიდეოჩართვით მიმართა, იგი აშშ-ში დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე იმყოფებოდა). მართალია, ცუდი ინტერნეტის გამო მისი სიტყვა ხშირად წყდებოდა, ყრილობის მონაწილეებმა შეძლეს ექს-პრეზიდენტის რეკომენდაციების მოსმენა. მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერები დაარწმუნა, რომ იგი მზადაა განაგრძოს ბრძოლა „საქართველოს გათავისუფლებლად, ხელისუფლებისაგან რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორების მიზნით“. „ბიძინა ივანიშვილის გეგმა „ნაცმოძრაობის“ მოთვინიერების სესახებ ჩაიფუშა“, – ხალისიანი ტონით ამბობდა მიხეილ სააკაშვილი, – „ოლიგარქებმა საერთოდ არ იციან, რა არის პოლიტიკური პარტია. ისინი ყველაფრის მანიპულირებას ცდილობენ, მაგრამ შეცდომებს უშვებენ“. ამასთან, ექს-პრეზიდენტმა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ მის მიერ 2001 წელს შექმნილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს „ერთადერთი ნეოოლიგარქული პარტიაა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში“.
მიხეილ სააკაშვილმა ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ საჯაროდ გაელანძღა ბიძინა ივანიშვილი და მას „ბოროტი, უცოდინარი სოფლელი“ უწოდა, რომელმაც, ექს-პრეზიდენტის აზრით, „საქართველო დაანგრია“. ყრილობის მონაწილე თანამოაზრეები ლიდერის გამოსვლას ოვაციით შეხვდნენ.
ნიშანდობლივია, რომ თავის გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილს უკრაინა თიტქმის არ უხსენებია, სამაგიეროდ „უკბინა“ მოსკოვს. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელი დემოკრატების მხარე დაიკავა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება ხმის მიცემის დროს რუსეთის ჩარევამ უზრუნველყო. „რუსეთმა 2012 წელსაც, საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროსაც იგივე გააკეთა – საინფორმაციო „ჩაყრა“ განახორციელაო“, – აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა.
„დღეს ჩვენს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ივანიშვილის შპს „საქართველო“. ამიტომ ჩვენი მიზანი არის ძალიან მკაფიო და ნათელი – გავაუქმოთ ივანიშვილის შპს „საქართველო“ და აღვადგინოთ ქართული სახელმწიფოებრიობა“, – შესძახა ექს-პრეზიდენტმა და გამოსვლის იგივე ტონით გაგრძელება სურდა, მაგრამ მოულოდნელად ვაშინგტონიდან ტრანსლაცია „ტექნიკური მიზეზების გამო“ შეწყდა.
სტატიის ავტორი ყურადღებას უთმობს მიხეილ სააკაშვილის ცოლის, ჰოლანდიის მოქალაქის სანდრა რულოვსის გამოსვლასაც, რომელიც ყრილობაზე დედამთილთან ერთად იმყოფებოდა.
თბილისის ექს-მერის გიგი უგულავას აზრით (იგი „უკლონისტთა“ იმ ლიდერთაგანია, რომელსაც პარტიის განახლება სურდა), „მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების დაკარგვის გამო ფანტომურ ტკივილებს განიცდის. იგი ის ადამიანია, რომელიც ფეხის მოკვეთის შემდეგ მაინც იმ ფეხით სიარულს ცდილობს“. გიგი უგულავამ „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნა, რომ „მიხეილ სააკაშვილი ძნელად ეგუება დანაკარგს. იგი ოდესაში იმიტომ ჩავიდა, რომ წარსულში დაბრუნება სურდა. მან პრეზიდენტის ხელისუფლების იმიტაცია უკრაინის ერთ ცალკე აღებულ ოლქში მოახდინა“. თუმცა, როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, რეჟისორმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, „წარსულის მოგონებებით მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი კი არ ცხოვრობს, არამედ ყველა მისი მხარდამჭერიო“ და ყრილობა „გუშინდელთა შეკრებად“ მონათლა.
«Deutsche Welle» (გერმანია), 21 იანვარი, 2016 წელი
http://www.dw.com/ru/комментарий-станет-ли-трамп-новым-никсоном/a-37193248
დონალდ ტრამპი – ახალი რიჩარდ ნიქსონი?
რას ელოდებიან ერთმანეთისაგან აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები
კონსტანტინ ეგერტი
(შემოკლებით)
იდეალში კრემლს სურს აშშ-სთან რაღაც ისეთი ხელშეკრულება გააფორმოს, რომელშიც „ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა“ აისახება. ეს იდეა ბევრმა უკვე შემოკლებით „იალტა-2“ მონათლა. რას ნიშნავს, რუსეთის გაგებით, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა“? ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ უნდა დაეთანხმოს კრემლის სურვილს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენის გავრცელებაზე, ეს ნიშნავს უკრაინისა და საქართველოს უარს ნატოში გაწევრიანებაზე. გარდა ამისა, იდეა გულისხმობს ახალი რუსულ-ამერიკული „ერთობლივი“ ანტირაკეტული თავდაცვის სისტემის შექმნას, რომლის მიხედვით კრემლს არაფორმალური გავლენის საშუალება ექნებოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებებზე, პლუს ამას რუსეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობა და უარი ვლადიმირ პუტინის რეჟიმის კრიტიკაზე. აი, ეს არის კრემლის „ოცნებათა სია“.
რუსეთის პრეზიდენტს წინ რთული პროცესები ელოდება:
ჯერ ერთი, რომ დონალდ ტრამპი საკმაოდ იმპულსური პიროვნებაა და თუ მას ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობა, მისი პოლიტიკური სტილი არ მოეწონება, იგი არანაირ მოლაპარაკებაზე არ დათანხმდება;
მეორე – ამერიკასა და რუსეთს შორის ამჟამინდელი „გაყინული“ ურთიერთობების „გალღობის“ მომხრე დღეს ვაშინგტონში თითქმის არავინ არ არის. თვით დონალდ ტრამპის განცხადება რუსეთთან დამოკიდებულების გაუმჯობესებაზე გულწრფელიც რომ იყოს, თითქმის მთელი გარემოცვა, მისი გუნდის წევრები, კონგრესი და სახელმწიფო ბიუროკრატია რუსეთის ხელმძღვანელობის მიმართ აშკარად ნეგატიურ განწყობას ამჟღვანებს: ღია სკეფსისიდან დაუფარავ მტრობამდე. ალბათ, ჯერ-ჯერობით კრემლთან დიალოგის გამართვას მხოლოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თუ შეეცდება, თუმცა იგი სენატს ამ თანამდებობაზე ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია.
და ბოლოს მესამე – ბოლომდე ჯერ გარკვეული არ არის, რის შეთავაზება შეუძლია კრემლს, ვთქვათ, ამერიკისთვის სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. ბირთვული განიარაღება? კი, მაგრამ ეს მიმართულება აშშ-რუსეთის ურთიერთობაში ყოველთვის განსაკუთრებული იყო და სხვებისაგან ცალკე იდგა, თანაც დონალდ ტრამპმა ბირთვული შეიარაღების მოდერნიზება უკვე გამოაცხადა და თუ იგი უკან დაიხევს, თავისივე სამხედროები ამას შეახსენებენ. დახმარება ისლამური ექსტრემიზმთან ბრძოლაში? შესაძლებელია, მაგრამ ამ სფეროში აშშ-ის პოტენციალი რუსეთზე ბევრად მეტია. კრემლს მხოლოდ ის შეუძლია, რომ თეთრ სახლს ხელი არ შეუშალოს და სადაზვერვო მონაცემები გაუზიაროს. სირიის სიტუაციის დარეგულირება? აი, ეს სრულიად რეალურია. ალბათ, დონალდ ტრამპი დათანხმდება სირიის ხელისუფლებაში ბაშარ ასადის შენარჩუნებას, თუმცა შემდეგ არაა გამორიცხული, რომ მან ახლო აღმოსავლეთის სიტუაციაში გარკვევა მოისურვოს – აქ კი მოსკოვისა და ვაშინგტონის ინტერესები ერთმანეთს არ დაემთხვევა. ვლადიმირ პუტინმს ფსონი ირანთან ალიანსზე აქვს დადებული, რესპუბლიკელები კი ირანს რეგიონში აშშ-ისა და მის მოკავშირეთა ინტერესების მთვარ საფრთხედ თვლიან.
იგივე ისტორიაა ჩინეთთან დაკავშირებითაც: დონალდ ტრამპი და მისი გუნდი ჩინეთ აშშ-ის საფრთხედ მიიჩნევენ და განზრახული აქვთ პეკინის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა უფრო გაამკაცრონ, კრემლს კი ჩინელ კომუნისტებთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდა – ჩინეთს ხომ რუსეთს აშშ-ის საპირწონედ თვლის. თუმცა არის თეორიული მოსაზრება, რომ დონალდ ტრამპი ახალი რიჩარდ ნიქსონია, რომელმაც თავის დროზე მსოფლიო პოლიტიკას დინება შეუცვალა, რომელმაც საბჭოთა ლიდერი ლეონიდ ბრეჟნევი ჩინეთის ბელადთან – მაო ძედუნთან ვიზიტით გააოგნა. იქნებ აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც ვლადიმირ პუტინს მოქმედების იგივე სტილი შესთავაზოს – მოდით, ჩვენ ვიმეგობროთ და სტრატეგიული თანამშრომლობა განვავითაროთ, ჩინეთს წინააღმდეგ კი ერთად გამოვიდეთო. შესაძლოა, კრემლს ასეთი სავარაუდო შეთავაზება მოეწონოს, თეთრი სახლის უმცროსი პარტნიორი გახდეს და პეკინ-თეირანთან ურთიერთობა გაწყვიტოს, მაგრამ ამ პოლიტიკას მოსკოვში და ვაშინგტონშიც ბევრი ოპონენტი გამოუჩნდება. არადა, შეიძლება ვინმეს უცნაურადაც კი მოეჩვენოს, მაგრამ სწორედ ასეთი რევოლუციური მიდგომა უზრუნველყოფს შედარებით უსაფრთხო და სტაბილურ პერსპექტივას ვლადიმირ პუტინის რეჟიმისათვის“.