globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 21 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 21st, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Deutsche Welle» (გერმანია): რუსეთი და ნატო მთავარი კრიზისის მოლოდინში: რა ბედი ეწევა საქართველოს?

«Die Zeit» (გერმანია): ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: „ვლადიმერ პუტინმა მოთმინება დაკარგა“

«Эхо» (აზერბაიჯანი): ინტერვიუ უკრაინელ პოლიტოლოგთან: „უკრაინა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს არ გადასცემს“

«Радио КоммерсантЪ FM» (რუსეთი): „ქართველი პოლიტიკოსების ძალისხმევა კიევში მხოლოდ კოსმეტიკურ შედეგს გამოიღებს“

———————-

«Deutsche Welle» (გერმანია), 20 თებერვალი, 2015 წელი

http://www.dw.de/комментарий-россия-и-нато-в-преддверии-главного-кризиса/a-18268761

რუსეთი და ნატო მთავარი კრიზისის მოლოდინში: რა ბედი ეწევა საქართველოს?

სტატიაში, რომლის ავტორია რუსი სამხედრო ჟურნალისტი კონსტანტინ ეგერტი, გადმოცემულია ნატოსა და რუსეთის სამომავლო ურთიერთობის სავარაუდო პროგნოზი. მასში ხაზგასმულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და რუსეთის კავშირებს ხანგრძლივი „გამყინვარება“ ემუქრება, ხოლო უახლოეს ხუთ წელიწადში ნატო საქართველოს თავის წევრად მიიღებს.

„სტრატეგიული თვალსაზრისით, პერსპექტივაში ნატოს მოუწევს პასუხი გასცეს კითხვას: როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს რუსეთთან? და უნდა ჰქონდეს კი საერთოდ? მაგრამ ამისათვის საჭიროა პასუხი გაეცეს უფრო რთულ კითხვას: რა უყოს საქართველოს და უკრაინას? უკრაინაში ამჟამად ომი მიდის, ნატოში გაწევრიანებისათვის აუცილებელ პოლიტიკურ და სამხედრო რეფორმების გატარებას კი წლები დასჭირდება. ასეთი სიტუაცია დისკუსიის გადადების საშუალებას იძლევა, ანუ ჯერ-ჯერობით უკრაინის საკითხი უკანა პლანზე რჩება.

მაგრამ საქართველო?

საქართველოში ხომ სამხედრო რეფორმა წარმატებით განხორციელდა, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს კი, როგორც რეგულარული გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, ნატოში გაწევრიანება სურს; ქართველები ელოდებიან, რომ ალიანსი მათ „მაპ“-ს („გაწევრიანების სამოქმედო გეგმას“) მისცემს, თანაც თბილისში იციან: ის, რომ საქართველოს მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტები აქვს, ყოველთვის არ არის დამაბრკოლებელი ფაქტორი ალიანსში გაწევრიანებისათვის. საბოლოო ჯამში, ნატოს წევრად მიღება-არმიღების გადაწყვეტილებას უაღრესად პოლიტიკური ხასიათი აქვს.

საქართველოს შემთხვევაში ალიანსის თანხმობა მის მიღებაზე ნიშნავს, რომ ნატო პირდაპირ კონფლიქტში შედის რუსეთთან, მისგან გამომდინარე გათვლილ თუ გაუთვლელი შედეგებით. უარის თქმა კი იმის მანიშნებელი იქნება, რომ ალიანსი აღიარებს რუსეთის ექსკლუზიურ უფლებას პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რაც, ნატოს წევრთა უმრავლესობის აზრით, დაუშვებელი და შეუძლებელია.

ბევრი რამ შეიძელბა შეიცვალოს 2017 წლისათვის, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ. ვაშინგტონი, რასაკვირველია, ნატოს ყველა წევრს ვერ მოახვევს თავზე საკუთარ აზრს, როგორც ამას საბჭოთა კავშირი აკეთებდა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციაში, მაგრამ ამერიკელებს შეუძლიათ სერიოზული გავლენა მოახდინონ ალიანსის დღის წესრიგზე. გარდა ამისა, საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღების სასარგებლოდ ბოლო ხანებში საკმაოდ ბევრი დამატებითი არგუმენტი გაჩნდა.

ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვის პოლიტიკა სერიოზულად არ შეიცვლება (თუმცა ეს ნაკლებსავარაუდოა უახლოეს წლებში), საქართველოს მიღების თემა ალიანსის სამიტებზე სულ უფრო შესამჩნევად გააქტიურდება, დაწყებული უახლოესიდან, რომელიც ამ შემოდგომაზე ვარშავაში უნდა გაიმართოს. უფრო მეტიც – დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში თბილისი „გაწევრიანების სამოქმედო გეგმას“ აუცილებლად მიიღებს… და ეს გახდება ყველაზე დრამატული და სარისკო მომენტი ნატო-რუსეთის ურთიერთობაში.

«Die Zeit» (გერმანია): ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: „ვლადიმერ პუტინმა მოთმინება დაკარგა“

http://www.zeit.de/politik/ausland/2015-02/putin-ukraine-krieg-poroschenko-saakaschwili-waffen-interview

ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: „ვლადიმერ პუტინმა მოთმინება დაკარგა“

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა და საქართველოს პრეზიდენტყოფილმა მიხეილ სააკაშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა გერმანიის გამოცემა «Die Zeit»-ის („დრო“) კორესპონდენტ შტეფან დობერტს, რომელთანაც სხვადასხვა ტრადიციულ თემაზე ისაუბრა – რუსეთთან დამოკიდებულებაზე, აშშ-ის როლზე, უკრაინის კრიზისზე, თავის უკრაინელ მეგობრებზე, კიეველ ოლიგარქებზე და, რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლების ბრალდებებზე…

გთავაზობთ ინტერვიუს ძირითად მომენტებს:

ა) ექს-პრეზიდენტი როგორც პრეზიდენტის მრჩეველი

„პეტრო პოროშენკომ თვითონ მთხოვა, რეფორმების გატარებაში დამეხმარეო, მანამდე კი სხვადასხვა პოსტი შემომთავაზა, მაგრამ ამისთვის საქართველოს მოქალაქეობა უნდა დამეტოვებინა. მე არ მოვისურვე.

ჩვენ არ გვაქვს იმის იმედი, რომ უკრაინის ომში სხვა ქვეყნები ჩაერევიან. უკრაინელებს არ აქვთ იმის იმედი, რომ გერმანია მათ იარაღს გაუგზავნის, ბერლინი ამ გზას არ დაადგება, მაგრამ გერმანიას აქვს უდიდესი გამოცდილება იმისა, თუ როგორ განხორციელდა მისი აღმოსავლეთი ნაწილის ტრანსფორმაცია და რეფორმირება. აი, ამით უნდა დაეხმაროს უკრაინას. გარდა ამისა, უკრაინისადმი დახმარების გაწევა შეუძლიათ გერმანულ საკრედიტო ორგანიზაციებს, რომლებიც თავის დროზე ჩვენც დაგვეხმარნენ ბათუმის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში. ეს იყო ძალიან წარმატებული პროექტი. ასევე შეიძლება დახმარება სახელმწიფო სამსახურების რეფორმაში, ბიუროკრატიული აპარატის შემცირებაში. მართალია, დღეს უკრაინაში ომია, მაგრამ მაინც უნდა გატარდეს რეფორმები.  ეკონომიკის ზრდისა და საზოგადოების კეთილდღეობისათვის ბრძოლა აუცილებელია. უკრაინა ახალ დასავლეთ გერმანიად უნდა გადაიქცეს. იქაც ომის შემდეგ რეფორმები განხორციელდა, უკრაინაშიც იგივე უნდა მოხდეს. თუ კორუფცია დამარცხდება, მაშინ დასავლეთი უკრაინა და კიევი მომძლავრდება და აღმოსავლეთსაც დაეხმარება. საქართველოშიც ჩვენ იმ დროს დავიწყეთ რეფორმები, როცა რუსეთი გვბომბავდა და მრავალ სავაჭრო ბარიერს გვიქმნიდა, თუმცა ამ ყველაფერმა უფრო მოტივირებულები გაგვხადა“.

ბ) უკრაინა, საქართველო და რუსეთი: დეჟა ვიუ?

„2008 წელს ჩვენც ხელი მოვაწერეთ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ რუსეთმა ზავის პირობები დაარღვია. მსგავსი ფაქტი მოხდა ახლახან დებალცევოშიც. 2008 წელს, როცა რუსები მარშით მოდიოდნენ თბილისისაკენ, შეერთებულმა შტატებმა თავისი სამხედრო ხომალდები საქართველოს ნაპირებტან მოიყვანა: ეს იყო იმის სიგნალი, რომ ამერიკა მზად იყო რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო აქცია განეხორციელებინა. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ: საზავო მოლაპარაკება მნიშვნელოვანი ელემენტია მშვიდობის მისაღწევად, მაგრამ იმავდროულად ძალისა და სიმკაცრის  დემონტრირებაც აუცილებელია. სხვაგვარად ვლადიმერ პუტინს ვერ შეაჩერებ.

საქართველოში ომი რამდენიმე დღეში დასრულდა, უკრაინის არმია კი მტერს უკვე თვეების განმავლობაში ებრძვის და მისი წინსვლის შეჩერებას ცდილობს. ვლადიმერ პუტინს მიზნად აქვს მთელი დონბასის ხელში ჩაგდება ხარკოვთან ერთად, სამხრეთით კი დერეფნის გაჭრა და დნესტრისპირეთთან შეერთება, რითაც უკრაინა ზღვაზე გასასვლელს დაკარგავს. მე ჯერ კიდევ 2008-ში ვამბობდი, რომ რუსეთის შემდეგი სამიზნე უკრაინა იქნება-მეთქი, უპირველესად კი ყირიმი. თუ ნიანგს თავის ნებაზე მიუშვებ, ის სულ უფრო მეტს შესანსლავს“.

გ) პუტინი, პოროშენკო და სააკაშვილი

„სხვათა შორის, მე რამდენჯერმე შევხვდი ვლადიმერ პუტინს. ერთ-ერთი შეხვედრა 2004 წლის თებერვალში გვქონდა, იმ დროს ჩვენ ერთმანეთთან კარგი დამოკიდებეულება გვქონდა, მაგრამ მან მაინც ასე მითხრა: თუ საქართველო ევროკავშირისაკენ სწრაფვას არ შეაჩერებს, იგი სამხედრო ძალას გამოიყენებდა; მეორე – უკრაინა ნამდვილი და დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არისო და მესამე – ბალტიის სახელმწიფოებს ტყუილად აქვთ ნატოს იმედი, ალიანსი მათ ვერ დაიცავსო. იგი პირდაპირ შემეკითხა: განა შენ გჯერა, რომ დასავლეთი ბალტიის პატარა ქვეყნების დასაცავად ნატოს ჯარს გამოგზავნის? ფაქტი ერთია, რომ ვლადიმერ პუტინს ნათელი გეგმა აქვს, იგი მას ახორციელებს, სხვები კი მხოლოდ უყურებენ.

პეტრო პოროშენკო მომიყვა, რომ იგი პუტინს ყოველთვის გვიან საღამოს ურეკავს ხოლმე. ჩემი პრეზიდენტობის დროს პუტინს საღამოობით ვერ ვუკავშირდებოდი, მაშინ იგი ადრე იძინებდა და ადრე იღვიძებდა. შესაძლებელია, რომ მან სამუშაო რიტმი შეცვალა. ეს პირველი. მეორე მომენტი ისაა, რომ პუტინი ძალიან მოუთმენელია. საქართველოსთან ომის დროს იგი გარკვეულ დროს თავს იკავებდა ხოლმე და სამშვიდობო შეთანხმებას ასე თუ ისე იცავდა. მინსკის მოლაპარაკების შემდეგ კი შეთანხმება წამდაუწუმ ირღვევა. მან მოთმინება დაკარგა“.

დ) პოროშენკო და კოლომოისკი

პეტრო პოროშენკო ძალიან რეალისტი ადამიანია, მე მას 1986 წლიდან ვიცნობ, კიევში ერთად ვსწავლობდით – ის ეკონომიკას, მე კიდევ სამართალს. მოგვიანებით იგი ბიზნესმენი გახდა, მე – პრეზიდენტი, მაგრამ მე ამით ფული არ მომმატებია. პეტრო კარგი ბიზნესმენი გამოდგა, შოკოლადის ფაბრიკა ააშენა. შეიძლება ითქვას, რომ იგი კარგი ოლიგარქია, არ აკონტროლებდა სახელმწიფო საწარმოებს ან მრეწველობის რომელიმე დარგს. მას კონფლიქტის პირველ თვეებში გულწრფელად სჯეროდა, რომ პუტინთან მორიგებას მიაღწევდა, შეიძლებოდა კომპრომისებზე წასვლა, ფიქრობდა, რომ ამის შესაძლებლობები ნამდვილად იყო. რაც შეეხება კოლომოისკის, რაც კიევში ვარ, მას მხოლოდ ერთჯერ შევხვდი. იგი ახლა ერთადერთი ოლიგარქია დარჩენილი, სხვები საკმაოდ დასუსტებულნი არიან. კოლომოისკი მთავრობასთან დაპირისპირებულია. ის ტელეკომპანიები, რომლებსაც იგი აკონტროლებს, პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოდიან.

ე) მიხეილ სააკაშვილი – აშშ-ის მარიონეტი?

შეკითხვაზე, „კრიტიკოსები ამბობენ, რომ თქვენ 9-წლიანი მმართველობის პერიოდში ამერიკის მარიონეტივით მოქმედებდითო“, მიხეილ სააკაშვილი პასუხობს: „ყველას თავისი აზრი აქვს. საბედნიეროდ, იმ ცხრა წლის განმავლობაში საქართველოში რუსული პროპაგანდის გავლენა ძალიან შემცირდა. მე რამდენიმე კვირა აშშ-ში ვიმყოფებოდი, ლექციებს ვკითხულობდი, მაგრამ არასდროს არ ვიყავი ბედნიერი იქაური ცხოვრებით. ახლა უკრაინაში ვიმყოფები, სადაც ამერიკას არ გამოვუგზანივარ, ეს მე თვითონ მსურდა. მე აშშ-ში სამუშაო ვიზა მაქვს. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრა, გამეხარდა კიდეც. მე ვიცნობ რამდენიმე სენატორს ვაშინგტონში, შევხვდი ჰილარი კლინტონს და ბარაკ ობამას (პოლონეთში). აი, ასეთი კონტაქტები მქონდა, ხანდახან ამერიკის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოვდივარ ხოლმე.

რაც შეეხება უკრაინისათვის ამერიკული იარაღის მიწოდების საკითხს: ყველაფერი დამოკიდებულია ბარაკ ობამაზე. იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს ჰილარი კლინტონი, ჯონ მაკკეინი, სიუზან რაისი, მაგრამ საბოლოოდ მაინც პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. არადა, თუ პეტრო პოროშენკო თავდაცვით იარაღს არ მიიღებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, რუსული ტანკები უფრო შორს წავლენ“.

ვ) მიხეილ სააკაშვილი როგორც დამნაშავე

საქართველოს ხელისუფლებამ ფულის ხარჯვაში დამადანაშაულა. ჯერ ლაპარაკი იყო ცხრამეტ მილიონ დოლარზე, მერე შვიდამდე ჩამოვიდნენ… ეს აბსურდული ბრალდებებია, ცრუ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც არცერთ სახელმწიფოს, რუსეთის გარდა, არ უღიარებია. ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა ქვეყნებმა ინტერპოლს აცნობეს, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რომ დამნაშავედ შემრაცხეს, მე სამშობლოში დაბრუნება არ შემიძლია. მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ჩემი პრეზიდენტობის  დროს საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწია, ეკონომიკურად სამჯერ ძლიერი გახდა. საბოლოოდ, ხალხი ყველაფერს გაიგებს, პოლიტიკური პროცესს კი ჩიხში მივყავართ.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 21 თებერვალი, 2015 წელი

http://www.echo.az/article.php?aid=79081

ინტერვიუ უკრაინელ პოლიტოლოგთან: „უკრაინა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს არ გადასცემს“

ჟურნალისტმა ჯამილია ალეკპეროვამ ინტერვიუ ჩამოართვა ინტერვიუში უკრაინელი პოლიტიკური ექსპერტი ალექსეი ბლიუმინოვი კომენტარს უკეთებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, მინსკის სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგებს, ქვეყნის საშინაო მდგომარეობას და ეხება აგრეთვე უკრაინის მთავრობაში ყოფილი ქართველი ჩინოვნიკების სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნის ფაქტსაც. ამავე დროს, ბუნებრივია, არ ივიწყებს ესქ-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც (ესაუბრება ჟურნალისტი ჯამილია ალეკპეროვა).

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის შტატგარეშე მრჩევლად დანიშნა. გარდა ამისა, საკმაოდ ბევრმა ყოფილმა ქართველი ჩინოვნიკმა დაიკავა პოსტი უკრაინის მთავრობაში. ყველასათვის ცნობილია, რომ დღეს უკრაინას და საქართველო რუსეთთან კონფლიქტი აქვთ. რას მოუტანს ეს ყველაფერი ორივე ქვეყანას და საერთოდ, ჩვენს რეგიონს?

- მე ვერ ვიტყვი, რომ დღეს საქართველოს რუსეთთან კონფლიქტი აქვს. პირიქით, ამჟამინდელი ქართული ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს რუსეთთან [ნორმალური] ურთიერთობის აღსადგენად. მაგალითად, ცდილობს და წარმატებით ახორციელებს ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას. ახლახან, როგორც ვიცი, წარმატებით დასრულა მოლაპარაკება ქართული ბოსტნეულის ექსპორტზე რუსეთში. გარდა ამისა, ოფიციალურმა თბილისმა შეწყვიტა აგრესიული რიტორიკა რუსეთის მიმართულებით.

რა შეეხება მიხეილ სააკაშვილს და მის თანამოაზრეებს, შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ უკრაინის ხელისუფლების მიერ ექს-პრეზიდენტისა და მისი გუნდისადმი გამოხატული მფარველობა არის ის ძლიერი გამაღიზიანებელი ფაქტორი, რომელიც აუარესებს საქართველო-უკრაინის ურთიერთობას. ქართულმა მხარემ არაერთხელ გამოხატა თავისი აღშფოთება უკრაინის ხელისუფლებაში იმ პირების შრომითი მოწყობის თაობაზე, რომელთა მიმართ სამშობლოში გარკვეული პრეტენზიები არსებობს სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან. თვით ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, გაცემულია ორდერი მისი დაპატიმრების თაობაზე, თბილისს არაერთხელ მიუმართავს კიევისათვის თხოვნით დახმარებოდნენ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და მის ექტრადირებაში, მაგრამ ამგვარ მიმართვებს უკრაინის ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს. სულ ახლახანაც კიევმა საქართველოს პროკურატურის თხოვნას უარით უპასუხა. ჩემი აზრით, უკრაინა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს არ გადასცემს და, რასაკვირველია, პერსპექტივაში ეს ფაქტი ორი ქვეყნის ურთიერთობის გაუმჯობესებას ნამდვილად არ წაადგება.

«Радио КоммерсантЪ FM» (რუსეთი), 21 თებერვალი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2671305?isSearch=True

„ქართველი პოლიტიკოსების ძალისხმევა კიევში მხოლოდ კოსმეტიკურ შედეგს გამოიღებს“

უკრაინის მთავრობაში თანამდებობებზე დანიშნული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა მატულობს. შეუძლიათ თუ არა ამ ადამიანებს უკრაინისათვის დახმარების გაწევა, ან რა სიგნალს იძლევა მათი დანიშვნა კიევში, ამის შესახებ ჟურნალისტი ვიქტორ ლოშაკი რადიომსმენელებს თავის აზრს უზიარებს:

„თუ გახსოვთ, საქართველოსა და უკრაინის მეგობრობამ თავის პიკს ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტობის დროს მიაღწია. ორი პრეზიდენტი ყოფილი მეტროპოლიისაგან რაც შეიძლება სწრაფად ჩამოშორების სურვილმა გააერთიანა, თავისი როლი შეასრულა სამხრეთ ოსეთის მოვლენებმაც. მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იუშენკო პირად მეგობრობასაც არ მალავდნენ: ცხინვალის ამბების შემდეგ მიხეილის ოჯახი ვიქტორმა თავის ყირიმულ რეზიდენციაში  მიიწვია. თუმცა ამჟამინდელი უკრაინულ-ქართულ რომანს წინანდელი ურთიერთობის მეორე სერიას მაინც ვერ ვუწოდებთ: ახლა კიევი საქართველოს ხელისუფლებასთან კი არ მეგობრობს, არამედ ქვეყნიდან გაქცეულ პოლიტიკოსებთან. უფრო მეტიც – ამ დღეებში თბილისმა კიევის ელცს ახსნა-განმარტება მოსთხოვა, თუ რატომ დაინიშნა გაქცეული ქართველი ექს-პრეზიდენტი უკრაინის მეთაურის მრჩევლად და რეფორმების საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარედ. თბილის-კიევის ურთიერთობის ტემპერატურა განუხრელად დაბლა იწევს და მას „გამყინვარება“ ემუქრება, თუ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს რომელიმე თანამდებობაზე დანიშნავს. იგი ხომ ოდიოზური პიროვნებაა და ინტერპოლის მიერ მასზე ძებნაა გამოცხადებული.

უკრაინაში ქართული ჩინოვნიკების დანიშვნას არაერთგვაროვნად უყურებენ. ზოგიერთები ამ ნაბიჯს სწორად მიიჩნევს, ზოგიერთი კი უკმაყოფილოა: რა, ჩვენთან ნორმალური პროფესიონალების დეფიციტია?

ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ის, რომ გავიგოთ, თუ რა სიგნალს აძლევს ქვეყანას და მსოფლიოს პეტრო პოროშენკოს მიერ განხორციელებული არატრივიალური საკადრო სვლები. რა არის ეს, ანტირუსული სულისკვეთებით გაერთიანებულ პოლიტიკოსთა ჯგუფის წინ წამოწევა? აშშ-სთვის სიმპათიური ადამიანების და ვაშინგტონთან მოლაპარაკების უნარის მქონე პირების, უპირველესად კი მიხეილ სააკაშვილის წარმოჩენა? უკრაინელ ჩინოვნიკებთან დისტანცირება და მათდამი უნდობლობის გამოხატულება?

აშკარაა ისიც, რომ პეტრო პოროშენკოს თავისი ნდობის კრედიტის განმტკიცებაც სურს შიდაუკრაინულ ფრონტზე. ეს ფრონტი კორუფციასთან ბრძოლაშია, ჯერ-ჯერობით დაბალი დონის კორუფციასთან. ეს სწორედ ისაა, რაშიც საქართველოს ხელისუფლებამ ნამდვილად გამარჯვებას მიაღწია. ქართველი „ვარიაგების“ დიდი ნაწილი სწორედ ანტიკორუფციულ ვერტიკალში იკვეთება: დავით საყვარელიძე გენპროკურატურაში ამ მიმართულებას უხელმძღვანელებს, გია გეწაძე – იუსტიციის სამინისტროში, ეკა ზღულაძე – შინაგან საქმეთა სამინისტროში. აი, ერთ-ერთი ქართველი სპეციალისტის აზრი იმის თაობაზე, თუ რომელ ფრონტზე იბრძვიან ისინი: „უკრაინელი ჩინოვნიკების მენტალიტეტში მხოლოდ ორი ფუნქციაა ჩადებული: აღურიცხავი თანხის ჯიბეში ჩადება და უფროსობისადმი ლაქუცი კლიენტთა მომსახურება და მოთხოვნების დაკმაყოფილება მათ საერთოდ არ გაუგონიათ“.

ამ კვირაში უკრაინელებმა ქართული გამოცდილება ყოველგვარი ცვლილების გარეშე გადაიღეს: ავტოინსპექცია გააუქმეს, მის ნაცვლად კი საპატრულო სამსახურს ქმნიან უფრო ფართო ფუნქციებით. საქართველოს მსგავსად, პატრულთა შრომის ანაზღაურებაც მაღალი იქნება, ასაკიც ახალგაზრდულია – 20-35 წლის, მაგრამ მილიციაში მუშაობის გამოცდილების გარეშე. რა ბედი ელოდებათ მათ, ვინც ავტოინსპექციაში მუშაობდა და გაატავისუფლეს, ჯერ უცნობია. საერთოდ, მიხეილ სააკაშვილს სამსახურიდან დათხოვნილი ადამიანების ბედი არასდროს არ აღელვებდა.

არის რამდენიმე საბაზო მიზეზი, რომლის საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ ქართველი პოლიტიკოსების ძალისხმევა კიევში მხოლოდ კოსმეტიკურ შედეგს გამოიღებს: უკრაინაში, ისევე როგორც რუსეთში, ხელშეუხებელტა კასტა ძალიან მრავალრიცხოვანია და როგორც კი კორუფციასთან ბრძოლა მაღალი ეშელონებისაკენ იქნება მიმართული, კოლაფსი გარდაუვალი იქნება. უკრაინაში იზრდება „დაუმორჩილებელ კანონიერ რევოლუციონერთა“ რიგები და მათთან ბრძოლა მესამე „მაიდნის“ გამოწვევი ტოლფასი იქნება. და ბოლოს, ყველაზე მთავარი: საქართველოს ხელისუფლება  ქვეყნისა და ხალხის შეცვლას ცდილობდა, უკრაინაში კი ხალხს როგორც შეუძლია, ისე ცვლის ხელისუფლებას.

Comments are closed