globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 21 თებერვალი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Feb 21st, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ვის დარჩება „რუსთავი-2“: უზენაესი სასამართლოს განაჩენის მოლოდინში

«Голос Армении» (სომხეთი): „წითელი ხაზების“ ფაქტორი ტრანსკავკასიის მაგისტრალის სიახლოვეს: ამოქმედდება თუ არა საქართველო-რუსეთის შეთანხმება „სავაჭრო დერეფნების შესახებ“?

«Time» (აშშ): რა უნდა გააკეთოს ამერიკამ რუსეთის მიმართ? // უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების სწრაფვა უნდა შეყოვნდეს: ნატოს მოთხოვნებს არცერთი არ აკმაყოფილებს

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 21 თებერვალი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-tbilisi-tv-rustavi-2-case/3732091.html

ვის დარჩებარუსთავი-2“: უზენაესი სასამართლოს განაჩენის მოლოდინში

ტელეკომპანია „რუსთავი-2“- მა მაუწყებლობა ისევ აღადგინა. არხი „სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნით“, პროტესტის ნიშნად 17 თებერვალს გაითიშა, 19 თებერვალს კი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „რუსთავი-2“-ის მხარდამჭერთა მრავალრიცხოვანი აქცია შედგა.

„რუსთავი-2“-ისთვის სამი ჯგუფი დავობს: ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობრები – ძმები ლევან და გიორგი ყარამანიშვილები, რომლებიც ტელევიზიას 2012 წლიდან მართავენ. 1994 წელს, „რუსთავი-2“-ის დამფუძნებლები: დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ისინი ტელევიზიას 2004 წლამდე ფლობდნენ და ქიბარ ხალვაში, მას „რუსთავი 2“-ის წილები 2004-06 წლებში ეკუთნოდა. 2015 წლის 2 ნოემბრისა და 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებებით, სასამართლომ „რუსთავი 2“-ის აქციათა 100% სწორედ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა, თუმცა აღსრულების მუხლის შეჩერების გამო, ტელევიზიას ისევ ძმები ყარამანიშვილები განაგებენ. ამ რეზონანსულ საქმეს ამჟამად საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს.

„რუსთავი-2“-ის დირექტორის მოადგილე, ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ტოტალურ ზეწოლას ახორციელებს სასამართლოზე, რათა ტელევიზია ისევ ქიბარ ხალვაშს ჩაუგდოს ხელში და სარედაქციო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალოს: „რუსთავი 2-ის საკითხის გადაწყვეტა ბოლო სტადიაშია და დღეების ამბავია, რომ გამოცხადდეს საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენს საქმეზე. მე მინდა მივმართო ხელისუფლებას – თქვენ თუ გგონიათ რომ “რუსთავი 2″-ს ხონჩაზე მიიღებთ ძალიან ცდებით. „რუსთავი-2“-ში 1000-მდე ადამიანი მუშაობს, რომელიც სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს ამ ტელევიზიისთვის. არცერთი ნაბიჯით უკან არავინ დაიხევს. ეს ტელევიზია იმუშავებს ისე, როგორც აქამდე მუშაობდა”.

ძმებმა ყარამანიშვილებმა უზენაესს სასამართლოს 2016 წლის ივნისში მიმართეს, მას შემდეგ რაც, მათ დავა „რუსთავი-2“-ისთვის, ქიბარ ხალვაშთან სამოქალაქოს მერე, სააპელაციო სასამართლოშიც წააგეს. უზენაესმა სასამართლომ ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარი დასაშვებად 9 სექტემბერს სცნო. სამი მოსამართლის შემადგენლობით, უზენაესი სასამართლოს პალატამ, რუსთავი 2-ის საქმის არსებითად განხილვა 2016 წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო, თუმცა მალევე, ეს საქმე უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა.

უზენაეს სასამართლოს დიდ პალატას საქმის განსახილველად კანონით განსაზღვრული 6-თვიანი ვადა ჰქონდა, რომელიც 2017 წლის 25 იანვარს ამოიწურა. იმ დროისთვის სასამართლოს კოლეგიაც კი არ იყო დაკომპლექტებული. ძმები ყარამანიშვილების დაცვის მხრიდან, ბოლო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების მომენტიდან, ვადა კი უკვე 10 თებერვალს ამოიწურა.

რატომ დაირღვა ეს ვადები და რამდენი ხანი დასჭირდება დიდ პალატას, “რუსთავი-2″-ის კუთვნილებასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად უცნობია. ამ თემაზე დღეს კომენტარი არ გააკეთა უზენაესი სასამართლოს თავჯმდომარე ნინო გვენეტაძემ, რომელიც თავად დიდი პალატის წევრია. მან, კერძოდ, განაცხადა, რომ „სამართალწარმოების მიმდინარე საქმეებზე კომენტარს არ გავაკეთებო“.

გერმანიაში მცხოვრები ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დაცვის მხარე კი მიიჩნევს, რომ ტელევიზიის გათიშვითა და ხმაურიანი აქციების მოწყობით ძმები ყარამანიშვილები და მათ უკან მდგომი პოლიტიკური ძალები, სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ.

„თუ სასამართლო მოექცა ზეგავლენის ქვეშ, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს, ეს არამარტო ამ კონკრეტული საქმისთვის იქნება საზიანო, არამედ საბოლოოდ დაასამარებს სამართლიანობის აღდგენის იდეას. სასამართლომ არ უნდა დაუშვას მის საქმიანობაში უკანონო ჩარევა და არ უნდა იქცეს ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლად“ – აცხადებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია.

«Голос Армении» (სომხეთი), 20 თებერვალი, 2017 წელი

http://golosarmenii.am/article/50125/krasnye-linii-davyat–blizok-li-transkam

„წითელი ხაზების“ ფაქტორი ტრანსკავკასიის მაგისტრალის სიახლოვეს

ამოქმედდება თუ არა საქართველო-რუსეთის შეთანხმება „სავაჭრო დერეფნების შესახებ“?

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგორი კარასინის ბოლო შეხვედრაზე, რომელიც პრაღაში გაიმართა, მხარეებმა 2011 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი  „სავაჭრო დერეფნების შესახებ“ შეთანხმების რეანიმირებაზე მოილაპარაკეს. ამ დოკუმენტის ამოქმედება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კომუნიკაციებით სარგებლობას ითვალისწინებს (საზღვრებზე საბაჟო პუნქტების დაარსებასთან ერთად), მაგრამ მათი პოლიტიკური სტატუსის გარეშე. თუ კომუნიკაციები ამოქმედდება, ეს სომხეთისთვისაც მომგებიანი იქნება. შესაბამისად სომხურმა მასმედიამ, მომხდარი ფაქტი, არც მეტი, არც ნაკლები, უკვე „ბლოკადის გარღვევად“ შეაფასა. რამდენად სწორია საკითხის ასეთი შეფასება, ნამდვილად „გარღვევასთან“ გვაქვს საქმე? ამ კითხვებზე გაზეთის კორესპონდენტს ზარა გევროქიანს ინტერვიუში სომხეთის რეგიონული კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ჯონი მელიქიანი პასუხობს.

ინტერვიუში სომეხი მეცნიერი საკმაოდ ვრცლად მიმოიხილავს „სავაჭრო დერეფნების შესახებ“ შეთანხმების შინაარსს, მისი დადების მიზეზებს და იქვე აღნიშნავს, რომ ჯერ-ჯერობით „ბლოკადის გარღვევაზე“ საუბარი ნაადრევია, რადგან დოკუმენტის ამოქმედებას წინ უამრავი დაბრკოლება, ეწ. „წითელი ხაზები“ ეღობება.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„არსებობს „წყალქვეშა კლდეები“, რომელთა გათვალისწინებით, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის განცხადება აღტაცების საფუძველს არ გვაძლევს. მთავარი აქ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პოზიციები. ბოლო წლებში რუსეთსა და ამ რესპუბლიკებს შორის საკმაოდ ბევრი შეთანხმებაა გაფორმებული, რომლებიც სასაზღვრო და სავაჭრო საკითხებს არეგულირებს. არაა გამორიცხული, რომ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმება მოგვიანებით ხელმოწერილებს ეწინააღმდეგებოდეს, მით უმეტეს, რომ „სავაჭრო დერეფნების“ შეთანხმებაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საერთოდ არაა ნახსენები. ეს სოხუმისა და ცხინვალის უკმაყოფილებას იწვევს. მათი აზრით, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ვაჭრობის საკითხი – რუსეთთან თუ საქართველოსთან, ეს მათი საქმეა და სხვას არავის ეხება…

- პლუს ამას კიდევ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ გაუგებრობაა სამხედრო ტრანზიტის საკითხში… ასეა, ხომ?

გაუგებრობა – ეს რბილადაა ნათქვამი. შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ რეგიონული ვაჭრობის სტატისტიკა და ტვირთების მოძრაობის კონტროლი დამოუკიდებელი აუდიტის – შვეიცარული კომპანია SGS-ის მეშვეობით უნდა განხორციელდეს. თითქოსდა დოკუმენტში სამხედრო ტვირთებზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ ქართული მხარე დაბეჯითებით აცხადებს, რომ შვეიცარულმა კომპანიამ სამხედრო ამუნიციისა და იარაღის სახმელეთო გზით გადატანაც უნდა გააკონტროლოს. რუსეთი კი ამტკიცებს, რომ ასეთი ფუნქცია SGS-ს არ უნდა ჰქონდეს. ასევე გაუგებრობაა მხარეებს შორის ინფორმაციის გამჟღავნების საკითხში: მხარეებმა მხოლოდ ვაჭრობის შეჯამებული, საბოლოო მონაცემები უნდა მიიღონ, ვთქვათ, ვაჭრობამ ამა და ამ მიმართულებით ამდენი და ამდენი მილიონი შეადგინა, მაგრამ დეტალური ციფრების გარეშე. მოკლედ, 2011 წლის შეთანხმებას ორივე სუბიექტი – რუსეთიც და საქართველოც თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევენ.

- და როგორც ჩანს, ჩვენც ჩვენეული მიდგომები გვაქვს?

- ჩვენ კი ყურადღებას არ ვაქცევთ იმას, თუ რამდენად დიდი წყალქვეშა კლდეებია, არ ვუკვირდებით, როგორია მხარეთა განწყობები და ნაადრევ ოპტიმიზმს ვამჟღავნებთ. რასაკვირველია, სავაჭრო დერეფნების ამოქმედება, იდეალში სომხეთისათვის  მომგებიანია. აქ ორი დონე უნდა ავღნიშნოთ: საქართველო, ცხადია, უფრო მშვიდად იქნებოდა, თბილისს რომ რუსეთ-აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდეს. პოლიტიკურად ყველაფერი რომ მოგვარებული იყოს (მაგალითად, სტატუსის საკითხი), სომხეთის ტვირთები თავისუფლად წავიდოდა რუსეთში, ამ რესპუბლიკების ტერიტორიის გავლით, განსაკუთრებით, გორი-ცხინვალის მიმართულებით, ტრანსკავკასიის მაგისტრალის („ტრანსკამ“) გამოყენებით. და ეს იქნებოდა უკვე ძირითადი მიმართულება, ხოლო ზემო ლარსი – სათადარიგო. მაგრამ სანამ ყველა საკითხი არ მოგვარდება და სანამ „ტრანსკამ“-ით სარგებლობის უფლება არ გვაქვს, მანამ საუბრები „ბლოკადის გარღვევაზე“ უადგილოა….

- ისევე როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის კარენ კარაპეტიანის განცხადება, რომ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების საფუძველზე ზემო ლარსის ალტერნატივა უნდა ვეძებოთო…

- დიახ, აქაც გარკვეულ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. ბევრმა შეიძლება ისე იფიქროს: „აი, კარენ კარაპეტიანმა ალტერნატიული გზა მოისურვა, ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი კი დასხდნენ, მოილაპარაკეს და სომხეთს საჩუქარი მიართვეს… ვიმეორებ: „სავაჭრო დერეფნების შესახებ“ შეთანხმების რეალიზაცია იმდენად პრობლემატურია, რომ მე საკითხის გადაწყვეტა მოკლევადიანში კი არა, საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი წარმოუდგენლად მეჩვენება. აი, მაგალითად, როგორ დაიწყება ტვირთების ტრანზიტი, თუ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წინააღმდეგი იქნება? გასაგებია, რომ რუსეთს თავისი ბერკეტები აქვს სოხუმსა და ცხინვალზე ზეწოლისათვის, მაგრამ ამის გათვალისწინებითაც კი სერიოზული პრობლემები გაჩნდება. გარდა ამისა, ვთქვათ და მხარეებმა მოილაპარაკეს, მაგრამ რას ვუშვრებით საქართველოს კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომელიც სარკინიგზო-საავტომობილო ტვირთების გადაზიდვას კრძალავს? ესე იგი, გამოდის, რომ კანონის შეცვლა იქნება აუცილებელი. ეს ყველაფერი კომპლექსში ხელს შეუშლის 2011 წლის შეთანხმების ამოქმედებას.

«Time» (აშშ), 20 თებერვალი, 2017 წელი

http://time.com/4675581/haass-russia-trump/

რა უნდა გააკეთოს ამერიკამ რუსეთის მიმართ?

უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების სწრაფვა უნდა შეყოვნდეს: ნატოს მოთხოვნებს არცერთი არ აკმაყოფილებს

სტატიაში, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ყოველკვირეულ ჟურნალშია გამოქვეყნებული, გაანალიზებულია რუსეთის ფედერაციის საგარეოპოლიტიკური მიზნები და აშშ-ის სავარაუდო ნაბიჯები. „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სურს, რომ მოსკოვს გავლენის სფეროები ჰქონდეს, ანუ გააკონტროლოს თავის საზღვრებთან მდებარე ქვეყნები. პრეზიდენტს სურს, რომ დასავლეთი პატივისცემით მოეპყრას მის მზადყოფნას – მოსკოვი მიზნის მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენებაზეც უკან არ დაიხევს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში, რომლის ავტორია რიჩარდ ჰაასი, აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაცია „საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“ ხელმძღვანელი.

„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოსკოვს მტკიცედ უნდა მიანიშნოს, რომ ამერიკა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას წინააღმდეგობას გაუწევს“, – წერს რიჩარდ ჰაასი და აღნიშნავს, რომ ამ მიზნით ვაშინგტონმა კიევს იარაღი უნდა მიაწოდოს. გარდა ამისა, ამერიკამ დამატებითი სამხედრო კონტინგენტი უნდა გაგზავნოს იმ ქვეყნებში, რომლებიც ნატოს წევრები არიან და რუსეთის აგრესიის თავიდან აცილებაში დახმარებას ითხოვენ.

„სანქციები აშშ-ისა და დასავლეთის პოლიტიკის ინტრუმენტებად უნდა დარჩეს, მაგრამ რუსეთის „დამამშვიდებლად“ ეს მეთოდი ხშირად არ უნდა იქნეს გამოყენებული. სანქციების გამოცხადების მექანიზმი ისეთი უნდა იყოს, რომ მისი გაუქმება-შეცვლა იოლად შეიძლებოდეს, თუ, რასაკვირველია, მოსკოვის პოლიტიკა გაუმჯობესდება“, – აღნიშნავს ავტორი. მისი აზრით, „ამერიკა უფრო მეტად ფოკუსირებული უნდა იყოს რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე და ნაკლებად ჩაერიოს მის საშინაო საქმეებში“. თუ ვაშინგტონი მოსკოვს იმას მიანიშნებს, რომ მას ვლადიმირ პუტინის დამხობა არ სურს, ასეთი მიდგომა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაში კარგი საშუალება იქნება.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტრადიციული საგარეოპოლიტიკური თავშეკავება უნდა გამოავლინოს“, – ნათქვამია სტატიაში. უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების სწრაფვა უნდა შეყოვნდეს: „არც უკრაინა და არც საქართველო ნატოს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია: პირველი, რომ მათი ალიანსში შესვლის ინიციატივებისადმი მხარდაჭერა რუსეთის პროვოცირებას მოახდენს, მეორე კი – აშშ-ისთვის ეს ისეთი სამხედრო ვალდებულების აღებას ნიშნავს, რომლის რეალიზების ძალა ვაშინგტონს არ ექნება“, – ხაზს უსვამს ავტორი.

Comments are closed