«Lragir» (სომხეთი): რას მოუტანს საქართველოს 21 მარტი?
«Радио Голос Америки» (აშშ): რუსეთი და ნატო: „მოსკოვმა საქართველოსთან ომი დაიწყო და აჩვენა, რომ ამ ქვეყანას ისეთი პრობლემები აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით, რომ ალიანსის წევრად არ გამოდგება“
———————-
«Lragir» (სომხეთი), 21 მარტი, 2015 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/politics/view/41293
რას მოუტანს საქართველოს 21 მარტი?
ნაირა აირუმიანი
საქართველოში დღეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი: მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მასობრივი საპროტესტო აქცია უნდა ჩაატაროს. ხელისუფლება საგულდაგულოდ ემზადება, რომ მიტინგი ხანგრძლივ აქციაში არ გადაიზარდოს, ვთქვათ, „ქართული ოცნების“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ყოველ შემთხვევაში, ასეთი პროგნოზები არის, უფრო მეტიც, ამბობენ, რომ შეიძლება ხელისუფლების შეცვლის საკითხიც დადგეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევასა და რუსეთის თავზე ხელის გადასმაში ადანაშაულებს – რუსეთისა, რომელმაც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ინტეგრაციის ხელშეკრულებები გააფორმა და, ფაქტიურად, ორივეს ტერიტორია მიიერთა. „ნაციონალები“ ხელისუფლებას ბრალს სდებენ აგრეთვე ფინანსურ-ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებაში, კრიმინალიტეტისა და კორუფციის გაცოცხლებაში.
სომხეთისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია მეზობელ საქართველოში: გააგრძელებს თუ არა თბილისი დასავლურ პოლიტიკას, დაიწყებს თუ არა კონფრონტაციას რუსეთთან, გადაწყვეტს თუ არა დღევანდელი რეალიების აღიარებას ახალი ათვლის წერტილით თუ რუსეთის ზეწოლას დაემორჩილება..
ფაქტია, რომ საქართველო მხარს უჭერს სომხეთის მტერ-მოწინააღმდეგე აზერბაიჯანს და თურქეთს და მათთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს. სულ რაღაც ორიოდე დღის წინათ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ერთმანეთს სომხურ ქალაქ ყარსში შეხვდნენ და ახალ ტრანსანატოლიურ გაზსადენს ფუნდამენტი ჩაუყარეს, რომელიც სომხეთზე არ გაივლის.
საქართველომ არ აღიარა სომეხთა გენოციდი და, ალბათ, გენოციდის 100 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებას არ დაესწრება. ქართველი პოლიტიკოსები ამ ფაქტს თბილისის, ანკარისა და ბაქოს ერთმანეთთან მეგობრობით ხსნიან, რომელიც, აშკარაა, ერევანთან მეგობრობის საზიანოდ ხდება. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ არც სომხეთი იკლავს მაინცდამაინც თავს საქართველოსთან მჭიდრო მეგობრობით.
ამ დღეებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხურ ჯავახკში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო გახსნა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს ჯავახკში ისეთი გასამხედროებული ქვედანაყოფია დისლოცირებული, რომელსაც „შინაური მტრების“ წინააღმდეგ ბრძოლა ევალება.
ვის თვლის საქართველო „შინაურ მტრებად“? თბილისს ჯავახკელი სომხების მიმართ უდობლობა არაერთხელ გამოუხატავს და ჰგონია, რომ მათ რუსეთის სასარგებლოდ „მეხუთე კოლონის“ როლის შესრულება შეუძლიათ, საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზების მიზნით. ჰიბრიდული ომის გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველო, როგორც ჩანს, ჯავახკში „თავაზიანი მწვანე კაცუნების“ გამოჩენას ელოდება.
ჯავახკში მცხოვრები ბევრი ადამიანმა, როგორც ცნობილია, თავის დროზე რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, მაგრამ თბილისის მიერ მიღებულმა ახალმა სავიზო რეჟიმმა ეს ხალხი კანონგარეშე დააყენა. სომხეთის თხოვნით საქართველომ ჯავახკელების მიმართ დამოკიდებულება ცოტა შეარბილა, სამაგიეროდ კი მათ ურჩია, რომ უმჯობესი იქნებოდა საქართველოს მოქალაქეობას დაბრუნებოდნენ.
ისტორიის გათვალისწინებით, საქართველოსა და სომხეთის ინტეგრირება საერთაშორისო თანამეგობრობაში ეფექტური შეიძლება მხოლოდ მაშინ იყოს, თუ ეს ინტეგრაცია ორივესთვის ერთდროულად, სინქრონულად განხორციელდება. ორივე ან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები უნდა იყვნენ, ან ერთად უნდა იარონ ევროატლანტიკური კურსით. ეს მშვენივრად ესმით როგორც ევრაზიულ, ასევე ევროპულ კავშირში.
აი, რატომ არ იშურებს მოსკოვი ძალისხმევას, რომ საქართველო ევროატლანტიკური კურსიდან ევრაზიულისაკენ შემოაბრუნოს… არი, რატომაა, რომ ევროპული ბანკები სომხეთს კრედიტებს აძლევენ საქართველოსთან ენერგეტიკული კავშირის დასამყარებლად: ბრიუსელი ამ ორ სახელმწიფოს ერთმანეთთან ურღვევ კავშირში მყოფ ქვეყნებად განიხილავს.
«Радио Голос Америки» (აშშ), 21 მარტი, 2015 წელი
http://www.golos-ameriki.ru/content/konoplyov-russia-crimea/2689082.html
რუსეთი და ნატო: „მოსკოვმა საქართველოსთან ომი დაიწყო და აჩვენა, რომ ამ ქვეყანას ისეთი პრობლემები აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით, რომ ალიანსის წევრად არ გამოდგება“
ალექსეი გრიგორიევი
(შემოკლებით)
ამ დღეებში ნატოსა და რუსეთს შორის სიტყვიერი შეხლა-შემოხლა მიმდინარეობდა: თავდაპირველად ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების სარდალმა ბენ ხოჯესმა განაცხადა, რომ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებითი ამერიკული ჯავშანტექნიკა განლაგდებაო (ტანკების რაოდენობა 60-დან 220-მდე გაიზრდება), მერე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკელი გენერალი დაამუნათა – თუ ამერიკა ამას გააკეთებს, მაშინ ნატო-რუსეთის ურთიერთობის საფუძვლების განმსაზღვრელი ძირითადი აქტის პრინციპები დაირღვევაო, შემდეგ კი უშუალოდ თვითონ ნატოს ოფისის წარმომადგენელი ჩაერია და განაცხადა, თვითონ რუსეთი არღვევს ხსენებულ აქტს და სხვის დადანაშაულებას თავი დაანებოსო.
რომელი მხარეა მართალი? რომელი ტყუის?
ჰარვარდის უნივერსიტეტის შავიზღვისპირეთის უსაფრთხოების პროგრამების დირექტორი სერგეი კონოპლიოვი თვლის, რომ ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის სიტყვიერი ბრალდებები და დაპირისპირება ჩვეულებრივი ამბავია, სტანდარტული რეაქციაა დაძაბულობის მატების კვალობაზე.
„ჩემი აზრით, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ასე ხდებოდა, ხდება და მომავალშიც მოხდება. ყოველმა მხარემ, ამ შემთხვევაში ერთი მხრივ – რუსეთმა და მეორე მხრივ – ნატომ თავიანთი პოზიციები უკვე დაიკავეს და ამ პოზიციების შეცვლას აღარ აპირებენ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავის ინტერესებს იცავს, რუსეთი კი – თავისას. არცერთ მხარეს საკუტარი ინტერესების დათმობა არ შეუძლია. მოკლედ, ეს ნერვების თამაშია და, პრინციპში, სრულიად ტრადიციული სიტუაციაა.
მე მახსოვს ბუქარესტის სამიტი, თვითონვე ვღებულობდი მასში მონაწილეობას და მახსოვს ის სიტყვა, რომლითაც ვლადიმირ პუტინი გამოვიდა. სხვათა შორის, ეს სამიტი ის გამყოფი ხაზი აღმოჩნდა, როცა რუსეთი მიხვდა – ნატო ერთი მთლიანი ორგანიზმი არ არის და მის ცალკეულ წევრებთან მოლაპარაკება შეიძლება და ამ შემთხვევაში სხვები მათ ხელს ვერ შეუშლიან. სწორედ იმ ხანებში რუსეთ-საქართველოს ომი მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობდა, რომ საქართველოს დახმარებოდა, მაგრამ რეალურად ვერაფერი გააკეთა, ნატო კი შენიშვნებით შემოიფარგლა. აი, ამ დროს რუსეთი მიხვდა, რომ შეუძლია თავისი მოქმედება გააგრძელოს. რუსეთმა მიიღო ის ფაქტორი, რომელსაც დღემდე იყენებს: დაუსჯელობა.
რამოხდა ბუქარესტში? რუმინეთის დედაქალაქში გამართულ ნატოს სამიტზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში 17 მილიონი რუსი ცხოვრობს, რომ უკრაინის სამხრეთი თითქმის მთლიანად რუსულია და განა შეიძლება, რომ იქ რუსეთს თავისი ინტერესები არ ჰქონდესო. დასავლეთმა ან კარგად ვერ გაიგო, ან არ სურდა გაეგო, მაგრამ პუტინმა ნატო გააფრთხილა: უკრაინა არასოდეს არ იქნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესების სფეროში. ალბათ, ბევრს ახსოვს ზბიგნევ ბჟეზინსკის ფრაზა, რომ რუსეთი უკრაინის გარეშე იმპერია ვერ იქნება.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ყველაფრის უფლება. რუსეთს შეუძლია ისე დაიცვას თავისი ინტერესები, როგორც საჭიროდ ცათვლის. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი ამერიკას ბაძავს. ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ რუსეთს ამერიკა და მისი პოლიტიკა არ მოსწონსო. პირიქით! რუსეთი ამერიკას აღმერთებს: რუსეთს სურს ისეთივე ქვეყანა იყოს, როგორიც შეერთებული შტატებია. რატომ? იმიტომ, რომ ეს ძალაუფლებაა. როცა აღმოსავლეთის მიმართულებით ნატოს გაფართოება დაიწყო, რუსეთი მაშინ სუსტი იყო, მას არ შეეძლო ალიანსისი წინსვლისათვის ხელი შეეშალა. ახლა ვლადიმერ პუტინი არჩევანის წინაშე დგას: ან იგი დაადასტურებს იმას, რომ რუსეთი ძლიერია, ან წააგებს.
ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ახლახანს რუსეთის ტელევიზიით ნაჩვენები ფილმი „ყირიმი. დაბრუნება სამშობლოში“ კრემლმა საშინაო პროპაგანდისათვის გამოიყენაო. მე სხვაგვარად ვფიქრობ: ეს ფილმი მხოლოდ ერთი ფრაზისთვის გადაიღეს – ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის გასაგონად განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო ბირთვული იარაღი გამოეყენებინა. ეს ძალიან სერიოზული გამოსაფხიზლებელი გაფრთხილებაა, ძირითადად ევროპისათვის, რადგან საქმე, ალბათ, ტაქტიკური ატომური იარაღის გამოყენებას ეხებოდა. ვფიქრობ, რომ ამიერიდან ყირიმს რუსეთი ერთ დიდ სამხედრო ბაზად გადააქცევს, სადაც ბირთვული იარაღიც იქნება.
რუსეთისა და კრემლის ელიტის თვალსაზრისით, ნატო რუსეთის მოწინააღმდეგედ ითვლება. პრაქტიკულად აღმოსავლეთ ევროპის ყველა პოსტსოციალისტური ქვეყანა, რომლებიც ადრე ვარშავის ხელშეკრულების წევრები იყვნენ, დღეს ნატოს წევრები არიან. ათი წლის წინ რუსეთმა დასავლეთის გაფრთხილება დაიწყო, რომ საქართველოს და უკრაინას ნატოს არ დაუთმობს. პუტინმა ამისთვის ნიადაგიც მოამზადა: ჯერ საქართველოსთან ომი დაიწყო და აჩვენა, რომ ამ ქვეყანას ისეთი პრობლემები აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით, რომ ალიანსის წევრად არ გამოდგება. ახლა იგივე ხდება უკრაინასთან მიმართებით. ეს მოსკოვის ხისტი პოზიციაა, ეს ჩაწერილია რუსეთის სამხედრო დოქტრინაშიც, რომ ნატო მისი მტერია.
(…)
ცინიკურად ჟღერს, მაგრამ მაინც ვიტყვი: უკრაინისათვის ყველაზე „ცუდი სცენარი“ ყველას აწყობს, რუსეთსაც და დასავლეთსაც. თუ უკრაინა ამერიკის დახმარებით სამხედრო მოქმედებას დაიწყებს, მოსკოვი იტყვის: კარგით, რა, ხომ გაფრთხილებდით ოცი წელი, რამდენჯერ შეიძლება?“. ახლა რომ სამხედრო წრთვნები მიმდინარეობს, ეს ნატოსთან სრულმასშატაბიანი ომის იმიტაციას წარმოადგენს. რუსეთს შეუძლია ნატოს ნებისყოფა გამოსცადოს და ბალტიისპირეთს რეალურად დაემუქროს; აშშ-სთვისაც ზემოაღნიშნული „ცუდი სცენარი“ მნიშვნელოვანია, რადგან იცის, რომ რუსეთი ომს მაინც არ დაიწყებს, რადგან თუ მოსკოვს აქვს ბირთვული რაკეტები, ვაშინგტონსაც აქვს და ბევრად უფრო მეტი რაოდენობით; უკრაინასაც აწყობს: კიევ შეუძლია ისარგებლოს ფრაზით – „ომი ყველაფერს ჩამოწერს“ – ეკონომიკურ შეცდომებს, პოლიტიკურს და ბევრს სხვას. რასაკვირველია, კიევი ამით ვერაფერს მოიგებს, მაგრამ ზოგიერთის აზრით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის ეს ვარიანტი უფრო შედარებით მისაღები იქნებოდა.
რუსეთი ცდილობს დასავლეთს და ნატოს სუსტი წერტილები მოუძებნოს, გაიგოს მისი რეაქცია: სტრატეგიული ბომდამშენების ნიკარაგუასა და ვენესუელაში ფრენა; სირიაში, კუბასა და ვიეტნამში სამხედრო ბაზების აღდგენის დაწყება ამის დადასტურებაა. გარდა ამისა, რუსეთი საკმაოდ წარმატებულ დიპლომატიას ახორციელებს ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების გადაბირების მიზნით. ეს იმიტომ ხდება, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული ანტირუსული სანქციები თვით დასავლეთსაც სერიოზულად ურტყამს: ამიტომაცაა ლოიალური ესპანეთის, იტალიის, კვიპროსის და სხვა სახელმწიფოების პოზიცია რუსეთის მიმართ. კრემლის მთავარი ამოცანაა გააფართოვოს და განამტკიცოს აზრთა სხვადასხვაობა ნატოს წევრ-ქვეყნებში და იმავდროულად თავისი ძლიერება აჩვენოს.
არ უნდა დავივიწყოთ კიდევ ერთი მომენტი: რუსეთი მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ბირთვული იარაღით ამერიკის სრული განადგურება შეუძლია. მეტად თუ ნაკლებად, მაგრამ მაინც განადგურება. ეს არ შეუძლია არც ჩინეთს, არც დიდ ბრიტანეთს, არც პაკისტანს და არც სხვებს. მათ არ აქვთ შესაბამისი ბირთვული არსენალი“.