globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 21 მარტი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Mar 21st, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 21 მარტი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/volker-russia-georgia-karasin/3244739.html

ინტერვიუ კურტ ვოლკერთან: რუსეთი კმაყოფილი არასოდეს იქნება

ია მეურმიშვილი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შეცვლასთან დაკავშირებით ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი ლეგალურობის დამახინჯებულად წარმოდგენად აფასებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მოსკოვი “მოთმინებით აკვირდება” საქართველოში ანტი-რუსული სენტიმენტების მომატებას და “ეს მოთმინება უსაზღვრო არ არის.” ვოლკერი ამბობს, რომ ამ განცხადების დანიშნულება საქართველოზე ზეწოლის გაზრდაა:

“პირველ რიგში, ვიტყვი, რომ რუსები მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველოს უწყვეტად აკრიტიკებდნენ. ახლანდელმა მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთბის ნორმალიზება მომხდარიყო. მაგრამ თუ ისინი საქართველოს ამაზეც საყვედურობენ, მაშინ ვფიქრობ, კრემლი კმაყოფილი არასოდეს იქნება.”

ყოფილი ელჩი მეორე ფაქტორად იმას ასახელებს, რომ რუსეთი იმას არ აქცევს ყურადღებას, თუ რატომ შეიძლება იზრდებოდეს საქართველოში მოსკოვის მიმართ უკმაყოფილება. “ამერიკის ხმასთან” საუბრისას, მან ღიმილით თქვა, “შეიძლება იმიტომ, რომ ისინი საქართველოს ოკუპაციას აგრძელებენ ან შეიძლება იმიტომ, რომ ახლახან განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას ჯერ არ ამტკიცებენ.”

კურტ ვოლკერს მიაჩნია, რომ რუსი პოლიტიკოსები, როგორც წესი, განცხადებებს იმისთვის აკეთებენ, რომ პროცესებზე ან ადამიანებზე გავლენა მოახდინონ და მათ მოქმედების შეცვლა აიძულონ.

“ყოველთვის შეცდომაა რუსი ოპფიციალური პირების და დიპლომატების მოსმენა და იმის ფიქრი, რომ ისინი სიმართლის გადმოცემას ცდილობენ. ამ შემთხვევაში, რუსების მიზანი საქართველოზე ზეგავლენის მოხდენაა – რომ მთავრობა აიძულონ რუსეთთან უფრო მეტად დამთმობი იყოს. ეს საშიში მდგომარეობაა. სამწუხაროდ, რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც მეზობლეზე ასეთ ზეწოლას ახორციელებს“, – აცხადებს კურტ ვოლკერი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ “აბაშიძე-კარასინის” ფორმატში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.” საქართველოს პარლემანტის მიერ მიღებული ეს კანონი, სხვა საკითხებთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკურ საქმიანობას და უძრავი ქონების საკუთრებას ზღუდავს. კანონი ასევე ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე “ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, აგრეთვე განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რაც გულისხმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვებს.” გრიგორი კარასინი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანების – მათ შორის, ტურისტების – თავისუფლად გადაადგილების დაშვებას ითხოვს.

გრიგორი კარასინის ამ მოთხოვნაზე კურტ ვოლკერი ამბობს:

“ეს ლეგალურობის დამახინჯებული წარმოდგენაა. ეს საქართველოს ტერიტორიებია, სადაც ლეგალურად შესვლა მხოლოდ საქართველოს გავლითაა შესაძლებელი. არალეგალურია ის, რომ რუსეთს ეს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და ითხოვს, რომ იქ ადამიანების შესვლა რუსეთმა აკონტროლოს. ლეგალური არგუმენტისგან დამუკიდებლად, რუსეთი პრაქტიკულად აკონტროლებს ამ ტერიტორიებს და იქ ხალხის შესვლას. ამიტომ, ამ განცხადების ერთადერთი რეალური მიზანი საქართველოზე ზეწოლის მოხდენაა“, – აცხადებს ყოფილი ელჩი.

გრიგორი კარასინის განცხადებას საქართველოს ოფიციალური წრეების მხრიდან მყისიერი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. პოლიტიკოსებმა მოსკოვის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა დაგმეს. ვოლკერი ამბობს, რომ ოკუპაციასთან შედარებით რუსეთს მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი უმნიშვნელოა. მისი თქმით, “რუსეთს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მარიონეტული მთავრობები და ათასობით ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. შიდა საქმეებში ჩარევა სწორედ ეს არის!”

გრიგორი კარასინის განცხადებამ “აბაშიძე-კარასინის ფორმატის” მიმართ პოლიტიკურ ოპოზიციაში არსებული სკეპტიციზმი გააძლიერა და დიალოგის ამ ფორმით არსებობა კიდევ ერთხელ აქცია მწვავე განხილვის თემად. ოპოზიცია აცხადებს, რომ დიალოგს რეალური შედეგის მოტანა არ შეუძლია და ის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ერთგვარ ლეგიტიმაციას ემსახურება. გარდა ამისა, დიალოგი საქართველოს რუსეთთან მარტო ტოვებს, რაც თბილისს სართაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ზურგის გამაგრების შესაძლებლობას ართმევს.

ხელისუფლება ოპოზიციის ამ შეხედულებას ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებით, რომ დიალოგის ქონა აუცილებელია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით. გარდა ამისა, “აბაშიძე-კარასინის ფორმატის” მეშვეობით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთოებები გაუმჯობესდა და სავიზო რეჟიმის მოხსნაზე საუბარი დაიწყო. ვოლკერი ამბობს, რომ დიალოგის შენარჩუნება აუცილებელია, ერთი ფაქტორის გათვალისწინებით:

“ჩემი აზრით, ეს დიალოგი გაგრძელდება და უნდა გაგრძელდეს კიდეც. კონტაქტის შენარჩუნების იდეა ყოველთვის კარგია, რადგან ამ მეთოდით სიტუაციის განმუხტვა მანამდეა შესაძლებელი სანამ ვითარების ეკალაცია მოხდება“, – ამბობს კურტ ვოლკერი. მისი თქმით, რუსეთი მიზანმიმართულად აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოცხადების პოლიტიკას და უარს ამბობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებაზე. ეს კი იმის გარანტიაა, რომ ურთიერთობები კიდევ დიდ ხანს იქნება გაყინული. “სწორედ ამიტომ, დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ საქართველოს მხრიდან, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ამ დიალოგის შინაარსს,” დასძენს ის.

რუსეთის ზეწოლისთვის წინაამდგობის გასაწევად საქართველოს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეუძლია. მათგან ერთ-ერთ პარტნიორ ქვეყნებთან აქტიური კავშირების გაგრძელება და საქართველოს თემის საერთაშორისო ფორუმებზე უწყვეტად წამოჭრაა. ვოლკერი ამბობს, რომ საქართველოს კიდევ ერთი, უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია.

“კრიტიკულად მნიშვნელოვანია მთავრობისა და ოპოზიციის მხრიდან ძირითად პრინციპებზე შეთანხმება და ამ თანხმობაზე საუბარი. მათ ერთმანეთის შიდა პოლიტიკა არ მოსწონთ, მაგრამ სინამდვილეში ბევრ რამეზე თანხმდებიან, მაგალითად, საბაზრო ეკონოიმკის შექმნაზე, ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს ის მნიშვნელოვანი თემებია, რომლებზეც პოლიტიკური ძალები თანხმდებიან და ამაში ქართველი ხალხის ფართო მხარდაჭერა აქვთ. საერთო ღირებულებებზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს რუსული ზეწოლისგან დასაცავად“, – ამბობს კურტ ვოლკერი.

«Svenska Dagbladet» (შვედეთი), 21 მარტი, 2016 წელი

http://www.svd.se/europas-stoveltramp-avlagset-pa-europas-balkong

„ევროპულ აივანს“ დაშორებული ევროპა

(თავისუფალი თარგმანი)

სტატიაში გადმოცემულია ქართველებთან ურთიერთობის შთაბეჭდილებები, ქართული მენტალიტეტისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ფაქტები. პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე ქართული კულინარიული ხელოვნების შესახებ (ავტორი – მარჯიტ რიჩერტი).

საქართველოში სტუმრად თუ ხართ რომელიმე ოჯახში, მასპინძელი, დიასახლისი შეიძლება შეგეკითხოთ – მოგწონთ თუ არა მის მიერ მომზადებული კერძები და საერთოდ, რას ვფიქრობთ ჩვენ, უცხოელები, მის სამშობლო საქართველოზე. ჩვენ, რასაკვირველია, ვაქებთ ქართულ სამზარეულოს, საქართველოს ბუნებას, მთებს… მოკლედ, პატივისცემას გამოვხატავთ. ახლა კი მიწვეულები ვართ ერთ-ერთ რესტორანში, ქართულ სუფრაზე, რომელიც უამრავი კერძითაა დატვირთული (თუმცა კიდევ მოაქვთ და მოაქვთ), აქაა ხინკალი, ქაბაბი, სალატებბი, ბადრიჯანი ნიგვზით… ღვინო მდინარესავით იღვრება… და ასე, დაუსრულებლად. ქართული სუფრა – ეს სიუხვის ერთგვარი მაჩვენებელია.

ქართველი ახალგაზრდა უტა სიამაყით გვეუბნება: „ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ტრადიციები შევინარჩუნოთ“. იგი ქართულ ეროვნულ ცეკვას ასრულებს. დასავლეთისათვის, უფრო კი შევედებისათვის, ქართული სამზარეულო და ქართული ღვინო ცოტა უჩვეულოა. „მიირთვით, ხვალ კი ბორჯომი დალიეთ, ჩვენებური მინერალური წყალი ყველაფერს კურნავს“, – გვეუბნება ერთ-ერთი სტუმრის მეუღლე.

შვედები ჯერ კიდევ კარგად არ ვიცნობთ ამ ქვეყანას, რომელსაც დიდი ეროვნული თვითშეგნება აქვს. რასაკვირველია, პოლიტიკოსებს აქ ყველა აკრიტიკებს, სიღარიბეა, მაგრამ იმავდროულად საქართველო სხვებზე მაღლაც დგას: უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, ღვინის სამშობლო. [მცირერიცხოვანი] ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ებრძოდა დამპყრობლებს – მონღოლებს, თურქებს, სპარსელებს, რუსებს… და ხშირად იმარჯვებდნენ კიდეც. საქართველოში ერთა შორის შოვინიზმი გამორიცხულია, თუმცა ქართველებს ეროვნული სიამაყე არ აკლიათ. გამოირჩევიან სტუმართმოყვარეობით. ქართველებს სურთ, რომ ყველა სტუმარი გაეცნოს მათ კულტურას და ტრადიციულ ფასეულობებს.

ქართველები მოგიყვებიან მტკვრის ნაპირის ახლოს მდებარე მცირე ეკლესიაზე, რომელიც წმინდა აბო თბილელის სახელობისაა. იგი თავდაპირველად მუსულმანი იყო, წარმოშობით ბაღდადიდან. როცა არაბებმა საქართველოს ოკუპირება მოახდინეს (700-იან წლებში), აბომ სწორედ მაშინ მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება. არაბებმა იგი სიკვდილით დასაჯეს. დღეს წმინდა აბო თბილელი თბილისის მფარველად ითვლება.

ყოველი ხალხის კულტურასთან ზიარება ადამიანებს ღია ურთიერთობისაკენ უბიძგებს, დღეს კი ევროპა სულ უფრო და უფრო შორეული ხდება. ვინ ვართ ჩვენ? როგორები გავხდებით? როგორია ჩვენი საერთო ფასეულობები? იქნებ ევროპელები შეცდომებს ვუშვებთ ჩვენი კონტინენტის შორეული „ევროპული აივნის“ – [საქართველოს] მიმართ?“, – ნათქვამია სტატიაში.

———

მარჯიტ რიჩერტი შვედი მწერალი და ჟურნალისტია, დაბადებულია 1981 წელს, კუნძულ ოლანდზე. თავდაპირველად იგი მზარეულად მუშაობდა, 2014 წლიდან კი „სვენსკა დაგბრლადეტთან“ თანამშრომლობს, რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს კულტურის თემაზე. 2015 წლის შემოდგომიდან ცხოვრობს საქართველოში თავის მეუღლესთან – თომას ენგსტრომთან ერთად.

Comments are closed