globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 21 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 21st, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ორმაგი ვეტო „ფარული მოსმენების კანონის მიმართ“

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): წერილი რედაქტორს: „აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიად განიხილება“

«Süddeutsche Zeitung» (გერმანია): ყირიმი რუსეთის იმპერიაში დიდი ხნით შევიდა, დონბასის ბედი კი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთისას ემსგავსება

«Boston Herald» (აშშ): რუსეთი აშშ-სთან ურთიერთობას არ გააუმჯობესებს // მოსკოვი ვაშინგტონის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში საბრძოლო პოზას ღებულობს // „ბევრი ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ თითქმის ათი წლის წინათ მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის არმია ჯერ ისევ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რჩება“

«Печат» (სერბეთი): ვლადიმირ პუტინი და მიხეილ კუტუზოვის სტრატეგია // რუსეთის ახალმა გეოპოლიტიკურმა პოზიციამ პირველი სერიოზული შემოწმება 2008 წლის აგვისტოში გაიარა, როცა ქართულ არმიის მოქმედებას სწრაფად და გადამწყვეტად უპასუხა

«Известия» (რუსეთი): თურქეთი ნატოს კონსენსუსს ურღვევს // ანკარის უთანხმოებამ ნატოს ზოგიერთ წევრთან შეიძლება ნატო-საქართველოს თანამშრომლობა შეზღუდოს

—————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 20 მარტი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgian-president-veto/3774090.html

ორმაგი ვეტო „ფარული მოსმენების კანონის მიმართ“

ნინო დალაქიშვილი

ე.წ. „ფარული მოსმენების შესახებ“ კანონი კვლავ სადავოდ რჩება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტმა მიმდინარე წლის 31 მარტამდე კანონის მიღება უნდა უზრუნველყოს, თუმცა არსებულ რედაქციას ყველა კანონმდებელი არ ეთანხმება. პრეზიდენტი კი კვლავ ვეტოს უფლებას იყენებს, რადგან მიაჩნია, რომ ახალი ვარიანტი ძველზე, რომელსაც ვეტო ერთხელ უკვე დაადო, ბევრად უკეთესი არაა. ამ კანონისთვის ეს უკვე მეორე ვეტოა. პირველი ვეტო პარლამენტმა 2014 წელს დაიძლია, მაგრამ შემდგომში საკონსტიტუტციო სასამართლომ კანონის მოქმედება შეაჩერა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სამწლიანი მუშაობის შემდგომაც კანონი არ აკმაყოფილებს სტანდარტებს.

სპეციალურ ბრიგინგზე დღეს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მართალია, ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში ვეტო დაძლევადია და ეს ფაქტორი ყველასთვის ცნობილია, მაგრამ მაინც ხედავს ვეტოს მნიშვნელობას ამ კონტექსტში. მისი გამოყენება ესაა მოწოდების ფორმა შეიქმნას უკეთესი კანონები. „მე დღეს მოტივირებული შენიშვნებით ვუბრუნებ საქართველოს პარლამენტს ე.წ. მოსმენების შესახებ კანონთა პაკეტს. მასში არის რიგი საკამათო საკითხებისა, თუმცა კონსულტაციებისა და ჩვენი მუშაობის შედეგად ძირითადად გამოიკვეთა ორი ხარვეზი: პირველი – სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე. მეორე – ესაა კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომელსაც ეს კანონპროექტი აკისრებს საკომუნიკაციო კომპანიებს““

მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი აცხადებს: „მოვახერხეთ და შევძელით, საბოლოო ჯამში, მაღალი ლეგიტიმაციის ორგანო, მაღალი ლეგიტიმაციის ხელმძღვანელით, ათასგვარი გადაზღვევის მექანიზმით, რომელსაც აღარ მოვყვები ახლა, რადგან საზოგადოებამ ეს ისედაც კარგად იცის, რადგან ბევრი მოისმინა ამის შესახებ, რომელიც ჩაატარებდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს და ეს ლეგიტიმაციის ხარისხი უზრუნველყოფდა, თანაბრად, უსაფრთხოების გამოწვევებზე სწორ და ადექვატურ პასუხებს. ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ უფლებას, ეს საკითხი ეჭვის ქვეშ დააყენოს და ჩვენი მოსახლეობის ამგვარი ინტერესი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ეჭვის ქვეშ დადგეს, არანაირი რისკი აქ არ არის დასაშვები და ვერ დავუშვებთ. სხვათა შორის ბევრ განვითარებულ ქვეყანაშიც კი არ არის ისეთი მექანიზმი, რომელიც ამგვარად დაიცავს ადამიანის უფლებებს. ამას პლუს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმენით მყარი ბერკეტები ამ კანონ–პროქტის მიხედვით, რომელიც ადამიანის უფლებებს დაიცავს“.

პრეზიდენტმა, რომელიც 2012 წელს მმართველმა გუნდმა საკუთარი წიაღიდან წარადგინა და რომელზეც ქართული ოცნება მოკავშირეობის იმედს ამყარებდა, განსხვავებული მიდგომები გამოავლინა მთელი რიგი საკითხების მიმართ. პრეზიდენტი, რომელიც შეზღუდული უფლებამოსილებების ფარგლებში „ფიგურა“ არ უნდა ყოფილიყო, იქცა ფიგურად, იქცა მოთამაშედ. ეს ფაქტორი კი იმდენად გამაღიზიანებელია მმართველი გუნდისთვის, რომ ისედაც შეზღუდული უფლებამოსილებების პრეზიდენტისთვის უფლებების კიდევ უფრო შეკვეცაზე ფიქრობს.

პრეზიდენტის აქტიურობითა და ხასიათის გამოვლენით მივიღეთ თუ არა ბალანსის ახლებური ფორმა სახელისუფლებო შტოებს შორის, ამის შესახებ ჩვენთან ვახუშტი მენაბდემ, კონსიტიტუციური სამართლის სპეციალისტმა ისაუბრა: „ის მომენტი, რომ პრეზიდენტი თავს არ უქნევს ყველაფერზე და არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობას, ცხადია პოზიტიურია. თუმცა ზოგიერთი მისი ნაბიჯი ჩემთვის არის მიუღებელი და მე არ ვფიქრობ, რომ ის სწორად მოქმედებს. თუმცა თუ შევადარებთ პრეზიდენტისა და უმრავლესობის ნაბიჯების არასწორობას, ცხადია, „აქეთ“ უფრო მეტი დარჩება“.

საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს მხარდაჭერას აპირებს. უფრო მეტიც, შესაძლოა კანონი კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოში დააბრუნონ ან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში წაიღონ.

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი), 21 მარტი, 2017 წელი

https://www.ft.com/content/9e26db0a-0b2a-11e7-97d1-5e720a26771b

წერილი რედაქტორს: აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიად განიხილება

გიორგი კანდელაკისგან (თბილისი, საქართველო)

სერ, სოფი როილის სტატიაში სათაურით „ღვინის მრეწველობა – იმედი აფხაზეთისათვის“ («Financial Times», 10 მარტი, https://www.ft.com/content/b1f1cfec-f9bd-11e6-bd4e-68d53499ed71) გამოტოვებულია მნიშვნელოვანი ფაქტი: დღეისათვის აფხაზეთი საერთაშორისო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ საქართველოს ტერიტორიად განიხილება, რომელიც რუსეთის მიერ უკანონოდაა ოკუპირებული. გარდა ამისა, აფხაზეთის მოსახლეობის 80%  მშობლიური ადგილებიდან არის გამოდევნილი, რუსეთის ფედერაციისა და ადგილობრივი მარიონეტული ხელისუფლების მიერ ორჯერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად.

გიორგი კანდელაკი, თბილისი

(საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრი)

«Süddeutsche Zeitung» (გერმანია), 20 მარტი, 2017 წელი

http://www.sueddeutsche.de/politik/2.220/ukraine-auf-dauer-eingemeindet-ins-russische-reich-1.3426350

ყირიმი რუსეთის იმპერიაში დიდი ხნით შევიდა, დონბასის ბედი კი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთისას ემსგავსება

სტატიაში განხილულია ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის პოლიტიკური შედეგები ბოლო სამი წლის განმავლობაში, ნაჩვენებია უკრაინის, რუსეთისა და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ამ პრობლემასთან მიმართებით, აგრეთვე სავარაუდო პერსპექტივა, რომელიც ყირიმის პრობლემის მოგვარებას ითვალისწინებს (ავტორი – ქეთრინ კალვაითი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

„რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის სამი წლისთავზე ტრადიციულად კიევი და მოსკოვი ერთმანეთს მწვავე განცხადებებით უმასპინძლდებიან, მაგრამ როგორი იქნება ოთხი წლისთავი, როცა რუსეთში, ანექსიის მორიგი იუბილეს ფონზე, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება? როგორც მოსკოვიდან იტყობინებიან, არჩევნების თარიღი შეიძლება სპეციალურად გადაიტანონ: ალბათ, ვლადიმირ პუტინი მეოთხედ იგრძნობს საყოველთაო სიყვარულს „ყირიმის დედა-სამშობლოში დაბრუნების გამო“, რაც მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის „ფეხებზე დაკიდებას“ და უკრაინის მორიგ დამცირებას ნიშნავს.

არადა, კიევსა და დასავლეთის რიგ დედაქალაქებში მშვენივრად აცნობიერებენ იმას, რომ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დიდი ხნით შევიდა. ნახევარკუნძულის უკრაინისთვის დაბრუნებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამას ყველაზე ცხადად ის ფაქტი ადასტურებს, რომ არცერთი  მოლაპარაკება უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნების საკითხზე დღემდე არ გამართულა.

რაც შეეხება დონბასის საკითხს, ამის შესახებ მინსკის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გამორიცხული არაა, რომ შეხვედრები კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება – ისე, როგორც, ვთქვათ, წარუმატებელი მოლაპარაკება რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი სტატუსის თაობაზე. მკითხველს შევახსენებთ, რომ ეს მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს ეგიდით. მოსკოვმა საქართველოს ორივე სეპარატისტული რეგიონი „დამოუკიდებელო სახელმწიფოებად“ აღიარა 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შემდეგ. ამჟამად ისინი რუსეთის გავლენის სფეროში იმყოფებიან, დიპლომატიურად კი ამ სიტუაციას „გაყინულ კონფლიქტს“ უწოდებენ.

თავის მხრივ, „დონეცკ-ლუგანსკის რესპუბლიკებიც“ თანდათან ექცევიან რუსეთის გავლენის სფეროში. ბოლო პერიოდამდე დონბასში ჯერ კიდევ იყო დარჩენილი უკრაინის სახელმწიფოებრიობის ნიშნები, უკრაინული ცნობიერების ნაშთები, იყო კომუნიკაციების შესაძლებლობა, რომლებიც ნელ-ნელა ქრება, ზოგჯერ თვითონ კიევის [არასწორი] ნაბიჯების გამო, თუმცა უკრაინა იმედს არ კარგავს სიტუაციის პოლიტიკური გზებით მოგვარებაზე

ასევე შესამჩნევია ერთი მომენტიც: კიევში უკვე ბევრი ფიქრობს, რომ უმჯობესია შეეგუონ ტერიტორიულ დანაკარგებს, ვიდრე კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლონ ომში. თუმცა, რასაკვირველია, კარგი იქნება, თუ მინსკის მოლაპარაკების ალტერნატივა გაჩნდება. ამბობენ, რომ ასეთი ალტერნატივა თურმე მართლაც არსებობს, მაგრამ მის შესახებ ეუთოს შეხვედრებზე კი არ საუბრობენ, არამედ მოსკოვსა და კიევში, დახურულ კარს მიღმა.

«Boston Herald» (აშშ), 20 მარტი, 2017 წელი

http://www.bostonherald.com/opinion/op_ed/2017/03/brookes_russia_not_out_to_improve_relations

რუსეთი აშშ-სთან ურთიერთობას არ გააუმჯობესებს

მოსკოვი ვაშინგტონის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში საბრძოლო პოზას ღებულობს // „ბევრი ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ თითქმის ათი წლის წინათ მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის არმია ჯერ ისევ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რჩება“

„რუსეთიდან ისეთი ცუდი ამბები მოდის, რომ როგორც ჩანს, სავარაუდო საგაზაფხულო დათბობა აშშ-სა და რუსეთს შორის მოსალოდნელი არ არის, ტემპერატურა ნულისაკენ ეცემა. ყოველივე ამის მიზეზი რუსეთის მიერ ჩადენილი დარღვევებია, მათ შორის თანამშრომლობა „თალიბანთან“ და სამხრეთ ოსეთის არმიის ინტეგრირება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში“, – ნათქვამია Boston Herald-ში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – პიტერ ბრუკი).

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

„საქართველოს ოკუპირება“: ბევრი ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ თითქმის ათი წლის წინათ მომხდარი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის არმია ჯერ ისევ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რჩება. ამ კვირაში ცნობილი გახდა რუსეთის განზრახვა სამხრეთ ოსეთის არმიის ინტეგრირების შესახებ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში – იმ სამხრეთ ოსეთისა,  რომელიც რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. იმის გარდა, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი აშშ-ის მეგობარი სახელმწიფოს – საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული და მის საერთაშორისოდ აღიარებულ სუვერენიტეტს არღვევს, ასეთი მოქმედება მოსკოვის კავკასიაზე – ახლო აღმოსავლეთის მეზობელ რეგიონზე გავლენასაც უზრუნველყოფს“.

«Печат» (სერბეთი), 20 მარტი, 2017 წელი

http://www.pecat.co.rs/2017/03/putin-i-strategija-kutuzova/

ვლადიმირ პუტინი და მიხეილ კუტუზოვის სტრატეგია

რუსეთის ახალმა გეოპოლიტიკურმა პოზიციამ პირველი სერიოზული შემოწმება 2008 წლის აგვისტოში გაიარა, როცა ქართულ არმიის მოქმედებას სწრაფად და გადამწყვეტად უპასუხა

ბორის ნადი (შემოკლებით)

„ცივ ომში“ დამარცხებისა და იმ პერიოდის შემდეგ, როცა მას „თიხის ფეხებზე მდგარ გიგანტს“ ეძახდნენ, რუსეთმა შეძლო ზესახელმწიფოდ ტრანსფორმირება და დღეს, საკმაოდ მოხერხებული მანევრირების წყალობით, არის იმის საფრთხე, რომ მსოფლიო ჰეგემონად გადაიქცეს. უფრო მეტიც – არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვმა ეს სტატუსი ათეული წლების განმავლობაში შეინარჩუნოს და მსოფლიო წესრიგი შეცვალოს.

ვლადიმირ პუტინმა ჯერ კიდევ 2005 წელს მიუნჰენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყოო. ისტორიული პერიოდი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო, თავისი არსით რუსეთის ისტორიაში მხოლოდ ე.წ. „დიდი არეულობის“ პერიოდს (მე-17 საუკუნის დასაწყისს) შევადაროთ. 1990-იან წლებში რუსეთში ეროვნული კონფლიქტების, საყოველთაო სიღარიბის, გაჭირვების, პოლიტიკური არასტაბილურობის, საზოგადოების კრიმინალიზაციის ხანა დადგა. ქაოსი თითქმის მთელ აღმოსავლეთ ევროპაზე გავრცელდა… იუგოსლავიაც ხომ სწორედ იმ დროს ჩაიძირა სისხლიან სამოქალაქო ომში.

დასავლეთმა, აშშ-ის მეთაურობით, შვებით ამოისუნთქა და ტრიუმფი გამოაცხადა. უკვე 1992 წელს მაასტრიხტის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა ევროკავშირი, რომლის სედეგად ევროპის ქვეყნები უკვე გაერთიანებული გერმანიის ირგვლივ გაერთიანდნენ. სულ მალე დასავლეთმა დაარღვია თავისი დაპირება („მტკიცე გარანტიები“, რომელიც საბჭოთა კავშირს მისცა) მასზედ, რომ ნატო „ერთი დუიმითაც არ წაიწევს აღმოსავლეთის მიმართულებითო“.

დასუსტებული რუსეთი მოექცა დასავლეთის მიერ თავსმოხვეულ საზღვრებში (რუსეთის ფედერაციის ფარგლებში), მოსკოვმა უდიდესი ტერიტორიები დაკარგა და უცხოეთში, სამშობლოს გარეთ მრავალი მილიონი რუსი დატოვა. ახლადგამომცხვარი სახელმწიფოები თითქმის ყველა არაფუნქცირებადნი იყვნენ, ვაშინგტონზე ან მოსკოვზე დამოკიდებულნი.

1990-იანი წლების შუახანებში რუსეთი მუხლებზე იყო დაჩოქებული და დასავლეთის გეგმებს ვერაფერ უპირისპირებდა. ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთი ფსკერზე იძირებოდა – პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ფინანსურად და კულტურულად. საერთაშორისო პოლიტიკაში მოსკოვი უკვე რაიმე მნიშვნელოვან თუ კონსტრუქციულ როლს აღარ ასრულებდა. რუსეთის იმპერიული ისტორია ფაქტიურად დასრულებული ჩანდა… ელცინისეული რუსეთი დაბეჩავებულ ქვეყანას წარმოადგენდა, დასავლეთის ნახევარკოლონიას,  გახრწნისათვის განწირულს. იქ მხოლოდ კორუფცია და უკიდურესი სიღარიბე მეფობდა. დასავლეთში უკვე იმაზე დაიწყეს ფიქრი – რუსეთის რესურსები მთელ კაცობრიობას ხომ არ გადავცეთო, ანუ თვითონ დასავლეთს.

გარდატეხა მოულოდნელად მოხდა: 1999 წლის 31 დეკემბერს, პრეზიდენტმა  ბორის ელცინმა ხელისუფლება ვლადიმირ პუტინს გადასცა, რაც არატრადიციულად და დღემდე არნახული წესით განხორციელდა, ძალზე იდუმალ გარემოებებში. არსებობს ორი ვერსია: პირველი – ვლადიმირ პუტინი თვითონ ბორის ელცინმა შეარჩიაო, მეორე – ვლადიმირ პუტინი ბორის ელცინს სამხედრო და სადაზვერვო სტრუქტურებმა „შეარჩევინესო“.

ის გზა, რომლითაც ბორის ელცინს რუსეთი მიჰყავდა, ჩიხში შემყვანი იყო. თავდაპირველ ეიფორიას („დემოკრატია! თავისუფლება!“) მწარე გამოფხიზლება მოჰყვა. შემდეგ გააქტიურდნენ საბჭოთა იმპერიის სტრუქტურები, რომლებმაც გორბაჩოვისეული „პერესტროიკა“ და 1990-იანი წლების „ლიბერალური ტერორი“ გადაიტანეს. რუსეთმა რევანში აიღო ჩეჩნეთის პირველ ომში დამარცხებისთვის და სისხლში ჩაახრჩო სეპარატისტული მოძრაობა.

ვლადიმირ პუტინი და მიხეილ კუტუზოვის სტრატეგია

ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის დასაწყისიდანვე რუსეთი წლითიწლობით ძლიერდებოდა, მტკიცდებოდა ცენტრალური ხელისუფლების ვერტიკალი. მოსკოვმა საკუთარ ძალებზე დაყდნობის ტაქტიკა და სტრატეგია აირჩია. „ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა გეოპოლიტიკური სისტემის რეორგანიზაცია დაიწყო, ხოლო უშიშროების ძალები და არმია წესრიგის ბურჯად გადააქცია“, – ამბობს რუსი ანალიტიკოსი ლეონიდ სავინი. 2001-2005 წლებში რუსეთმა არმიის ხარჯები ოთხჯერ გაზარდა. ეკონომიკური განვითარება ბევრად განაპირობა იმან, რომ რუსეთმა საბჭოური მემკვიდრეობა მოიშორა – „ცივი ომის“ დროს ხომ მოსკოვის კისერზე იყვნენ ჩამოკიდებულნი ბევრი საბჭოთა რესპუბლიკა და აღმოსავლეთ ევროპის ე.წ. „სახალხო დემოკრატიის“ ქვეყნები, აგრეთვე „მოკავშირეები“ მსოფლიოს მრავალ კუთხეში.

ბევრი ვლადიმირ პუტინის მმართველობას მიხეილ კუტუზოვის სტრატეგიას ადარებს: იგი, როგორც მიხეილ კუტუზოვი და მიხეილ ბარკლაი-დეტოლი, უარს ამბობს რომელიმე პოზიციაზე გაჩერდეს, რომელიც დასავლეთისთვის კარგი სამიზნე იქნება გადამწყვეტი დარტყმის მისაყენებლად ხანმოკლე გენერალურ ბრძოლაში. სწორედ ამ სტრატეგიაში იმალება ვლადიმირ პუტინის „უმართავ-დაუგეგმავი მოქმედება“, ანუ იგი ყოველთვის ისე არ იქცევა და ისე არ მოქმედებს, როგორსაც მისგან ელოდებიან“. სწორედ ამგვარ სტრატეგიას იყენებდა მიხეილ კუტუზოვი ნაპოლეონ ბონაპარტეს წინააღმდეგ: მოწინააღმდეგის ჭარბი ძალების დაქანცვა, რომლის დროსაც გადამწყვეტი ბრძოლის გამართვა იმ დრომდე ჭიანურდება, როცა მტერს უკვე შეტევის თავი აღარ აქვს.

„რუბიკონის გადალახვა“

ვლადიმირ პუტინის მმართველობის საწყის ეტაპზე მიღწეული წარმატებები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ რუსეთი აქტიურ საერთაშორისო არენაზე დაბრუნებულიყო და ფრიად საპატივსაცემო გეოპოლიტიკური მოთამაშეების გვერდით დამდგარიყო, თუმცა რუსეთი მაინც ვერ გახდა დასავლური სამყაროს ნაწილი – საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისა და მარქსისტულ იდეოლოგიაზე უარის თქმის მიუხედავად. რუსეთს ძველებურად შურით, ხშირად კი შენიღბული თუ ღია სიძულვილით უყურებდნენ. დასავლეთის როგორც გეოპოლიტიკური პოლუსის მიდგომა რუსეთისადმი აქსიომატური იყო: ამ ქვეყანას უკვე არ მისცემდნენ ნებას  მსოფლიოში წარმოსაჩენად და მით უმეტეს, დამოუკიდებელი პოლიტიკური პოლუსის სახით. რუსეთის გავლენა მაქსიმუმ რეგიონულ დონეზე განისაზღვრა. ამ ხნის განმავლობაში აშშ მთელი თავისი სტრუქტურებით აქტიურად მუშაობდა პოსტსაბჭოთა სივრცის დეზინტეგრაციისთვის, ხოლო ნატო ახალ პირობებში უკრაინასა და საქართველოში განმტკიცებას ცდილობდა. ისტორიული ანალოგები რუსეთის მოსახლეობის ცნობიერებაში ბუნებრივად ჩნდებოდა: „ნატო აღმოსავლეთისკენ მოძვრება? რაო, ნაპოლეონისა და ჰიტლერის ბედი დაავიწყდათ?“ (…)

რუსეთის ახალმა გეოპოლიტიკურმა პოზიციამ და მისმა ძალებმა პირველი სერიოზული შემოწმება 2008 წლის აგვისტოში გაიარეს, სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსულ სამშვიდობო ძალებზე საქართველოს არმიის ქვედანაყოფების თავდასხმის დროს. სხვათა შორის, ქართული კრიზისის არცთუ ისე რთული სცენარი ჯერ კიდევ ყოფილ იუგოსლავიაში გამოიცადა, როცა ხორვატეთის არმიამ ადგილობრივი კრაინელი სერბების წინააღმდეგ ოპერაცია „ქარიშხალი“ ელვისებურად განახორციელა. მოსკოვის პასუხი ქართველი სამხედროების მოქმედებაზეც სწრაფი, გადამწყვეტი და გაანგარიშებული იყო. პირველად 1991 წლიდან, რუსეთის არმია გასცდა იმ საზღვრებს, რომელიც ქვეყანას სსრკ-ის დაშლის შემდეგ თავს მოახვიეს. აღნიშნული ინტერვენცია იყო რუსეთის არმიის ძალის დამარწმუნებელი დემონსტრაცია. საქართველოსთან ხანმოკლე ომის შემდეგ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება ორი გეოპოლიტიკური პოლუსის კონფრონტაციის ახალ ფაზაში შესვლას ნიშნავდა. ასე გადალახა თავისი რუბიკონი რუსეთმა დასავლეთთან მიმართებით. კონფლიქტის შემდგომი ეტაპი იყო უკრაინა, სადაც დასავლეთმა ფერადი რევოლუციები განახორციელა. (…)

ძალა, რომელმაც ჰიტლერი შეაჩერა

იმ გეოპოლიტიკურ სიტუაციას, რომელშიც დღეს განახლებული რუსეთი იმყოფება, რუსი ანალიტიკოსი ლეონიდ სავინი მხოლოდ რამდენიმე წინადადებით გადმოსცემს: „ჩვენს წინაშე მიმდინარე მოვლენები ახალი არაა. დასავლეთი მართვად ქაოსს ქმნის და რუსეთს გარს ერტყმის, რათა მსოფლიოში საკუთარი დომინირების დაკარგვის პროცესი გააჭიანუროს და ხელი შეუშალოს მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბებას. დასავლეთმა კარგად იცის, რუსეთს პირდაპირ შეტაკებაში ვერ დაამარცხებს. კავკასიის დამშვიდებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიმართული ქართული აგრესიის მოგერიებით, მოსკოვში ფერადი რევოლუციის მოწყობის მცდელობის ძირშივე აღკვეთით, ყირიმის დაბრუნებით, სირიის კონფლიქტში ჩართვით, რუსეთმა დაამტკიცა, რომ ჩვენს წინაშე ისევ ის ძალა დგას, რომელმაც ნაპოლეონი და ჰიტლერი შეაჩერა.

«Известия» (რუსეთი), 21 მარტი, 2017 წელი

http://izvestia.ru/news/671557

თურქეთი ნატოს კონსენსუსს ურღვევს

ანკარის უთანხმოებამ ნატოს ზოგიერთ წევრთან შეიძლება ნატო-საქართველოს თანამშრომლობა შეზღუდოს

დიმიტრი ლარუ

(შემოკლებით)

თურქეთმა ნატოსა და ავსტრიის თანამშრომლობის პროგრამა დაბლოკა. როგორც „იზვესტიის“ კორესპონდენტს ჩრდილოატალანტიკური ალიანსის პრესმდივანმა განუცხადა, ანკარის ნაბიჯმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს მის ურთიერთობაზე ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოებთან. ცნობილია, რომ ნატოს გადაწყვეტილებები იმ სახელმწიფოებთან მიმართებით, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან, საერთო თანხმობით მიიღება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთს ნატოს სხვა წევრებთან პოლიტიკური უთანხმოება აქვს, არაა გამორიცხული, რომ ანკარამ სხვა გადაწყვეტილებებიც დაბლოკოს, ან უფრო მკაცრი ზომები განახორციელოს. თურქეთის მოქმედებით ნატო რისკავს ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, როცა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობა შეიძლება გაიყინოს.

ანკარამ ავსტრიასთან თანამშრომლობის პროგრამა ვენის არაერთი განცხადების გამო დაბლოკა: ავსტრია მიიჩნევს, რომ ბრიუსელმა ანკარასთან მოლაპარაკება უნდა შეწყვიტოს, თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების ღირსი არ არის. გარდა ამისა, ოფიციალურმა ვენამ ავსტრიის ტერიტორიაზე მცხოვრებ თურქთა მიტინგებიც აკრძალა.

როგორც ავსტრიის მთავრობა აცხადებს, თურქეთის ნაბიჯი არანაირ გავლენას არ მოახდენს ამჟამად მოქმედ ნატოს პროგრამებზე, მაგრამ სამომავლოდ შეიძლება ალიანსთან თანამშრომლობა გართულდეს.

„თურქეთი პრეზიდენტის ხელისუფლების განმტკიცებას ცდილობს, რაც ევროპელების კრიტიკას იწვევს. გარდა ამისა, ანკარას გადასაწყვეტი აქვს ქურთების და „დაიშ“-ის („ისლამური სახელმწიფოს“) პრობლემა. არაა გამორიცხული, რომ საკუთარი მიზნების მისაღწევად თურქეთი ნატოს წევრებს შანტაჟს დაუწყებს, ან ალიანსის გარეთ მოკავშირეების ძებნას შეეცდება“, – უთხრა „იზვესტიის“ კორესპონდენტს სლოვაკელმა ანალიტიკოსმა მიხეილ ანდრეიჩიკმა.

თურქეთის პოზიცია შეიძლება ყველაზე უარყოფითად ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე აისახოს, რადგანაც ცნობილია, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ბლოკში გაწევრიანება სურს. გავიხსენოთ, რომ საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ამას წინათ განაცხადა, რომ თბილისმა ნატოს შავ ზღვაზე სანაპირო დაცვის ბაზის შექმნა შესთავაზა.

„თურქეთს შეუძლია ასევე დაბლოკოს ნატო-საქართველოს თანამშრომლობაც, – ამბობს „იზვესტიის“ კორესპონდენტთან საუბარში პოლიტოლოგი აჯარ ქურთოვი, – ჯერ-ჯერობით თბილისი ნატოს წევრი არ არის, მაგრამ ანკარას საკმარისი ბერკეტები აქვს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მოსახდენად, ორმხრივი ურთიერთობის კონტექტსში. თურქებმა კარგად იციან, რომ ნატოს სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორი იქნება, ანკარა კი ბოლო დროს მოსკოვთან დამოკიდებულებას აუმჯობესებს“.

თურქეთს ამჟამად „ნაწყენის ქვეყნის“ პოზა უკავია და ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს ნატოს სხვა წევრებზე, თუმცა ამ თვალსაზრისით ანკარის შესაძლებლობები შეზღუდულია – მას მხოლოდ შეუძლია უარი თქვას ცალკეულ პროექტებში მონაწილეობაზე. სამაგიეროდ, თურქეთს შეუძლია დაბლოკოს ალიანსის თანამშრომლობა სხვა სახელმწიფოებთან.

„თურქეთმა შეიძლება ნატოს სხვა წევრების „შანტაჟი“ დაიწყოს, მაგრამ, სავარაუდოდ, ანკარის კონფლიქტი ევროპის ქვეყნებთან, ალბათ, დროებითია, რომელიც პრინციპულ ხასიათს არ ატარებს“, – თვლის რუსი სამხედრო ექსპერტი ვიქტორ ლიტოვკინი.

თურქეთის ურთიერთობა გერმანიასთან და ნიდერლანდებთან სერიოზულად გამწვავდა ბოლო დროს, როცა ამ ქვეყნების მთავრობებმა თავიანთ ტერიტორიაზე თურქების მიტინგები აკრძალეს, რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. რეფერენდუმი 16 აპრილს უნდა ჩატარდეს, თურქეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით, რომელიც საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას ითვალისწინებს.

გამორიცხული არაა, რომ თურქეთის დაპირისპირება ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასთან ანკარის საგარეოპოლიტიკური კურსის ცვლილების დასაწყისი გახდეს. თურქი პოლიტიკოსები მწვავედ აღიქვამენ დასავლეთევროპული ქვეყნების არამეგობრულ ჟესტებს. დასავლეთი რისკავს დაკარგოს ისეთი მოკავშირე თურქეთის სახით, რომელსაც შემდგომ შეუძლია ხელი შეუშალოს ნატოს დაახლოებას სხვა ქვეყნებთან. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: თურქეთის ამასწინანდელი განცხადება რუსული უახლესი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ს-400“-ის შეძენის სურვილის თაობაზე იმის დემონსტრირებაა, რომ ანკარა მზადაა სამხედრო პარტნიორები ალიანსის გარეთაც ეძებოს.

Comments are closed