globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 21 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 21st, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«РИА Новости – Украина» (უკრაინა//რუსეთი): „ადრე თუ გვიან საქართველოც და უკრაინაც უვიზო რეჟიმს ნამდვილად მიიღებენ“

«ТВ 5 перший» (უკრაინა): უკრაინაში დავით საყვარელიძისათვის ათმილიონიანი ქრთამის შეთავაზების საქმე: „გამოძიება დაწყებულია“

———————-

«РИА Новости – Украина» (უკრაინა//რუსეთი), 21 აპრილი, 2015 წელი

http://rian.com.ua/world_news/20150420/366469442.html

„ადრე თუ გვიან საქართველოც და უკრაინაც უვიზო რეჟიმს ნამდვილად მიიღებენ“

ვლადიმირ დობროვოლსკი, ლუქსემბურგიდან

გუშინ ლუქსემბურგში ევროკავშირისა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც რიგის სამიტის (21-22 მაისი) საკითხები განიხილეს, მათ შორის – საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში შესასვლელად უვიზო რეჟიმის სავარაუდო დაწესებაც.

როგორც შეხვედრის შემდეგ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიელ მიტოვმა განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ უკრაინამ და საქართველომ უვიზო რეჟიმი მიიღონ:

„ბევრი ქვეყანა ამ წინადადებას მხარს უჭერს. ბევრ ქვეყანას სურს, რომ ეს საკითხი ართუ განხილულ იქნეს, არამედ რეალური გადაწყვეტილებებიც იყოს მიღებული. რიგის სამიტზე ვიმსჯელებთ, რა და როგორ გავაკეთოთ, მოხდება თუ არ მოხდება უვიზო რეჟიმის დაწესება. ზოგადად ეს მართლაც რეალური პერსპექტივაა – ადრე თუ გვიან საქართველოც და უკრაინაც უვიზო რეჟიმს ნამდვილად მიიღებენ“.

კითხვაზე, გამორიცხულია თუ არა ის, რომ რიგის სამიტზე საქართველომ და უკრაინამ უვიზო რეჟიმი დაუწესდეთ, დანიელ მიტოვმა განაცხადა: „ამ მომენტისათვის გამორიცხული არაფერი არ არის. ორივეს აქვს ამის შანსი, რასაკვირველია“.

«ТВ 5 перший» (უკრაინა), 20 აპრილი, 2015 წელი

http://www.5.ua/polityka/Sakvarelidze-pro-propozytsiiu-10-milioniv-khabara-Ya-navit-ne-spryiniav-tse-seriozno-dumav-perevirka-77548.html

უკრაინაში დავით საყვარელიძისათვის ათმილიონიანი ქრთამის შეთავაზების საქმე: „გამოძიება დაწყებულია“

როგორც უკვე ცნობილია, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ, რომელიც საქართველოდან კიევში სამუშაოდაა მოწვეული, ორი დღის წინ ერთ-ერთი ინტერვიუში განაცხადა, რომ მას, არალეგალური ბიზნეს-სქემების მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის („სტიპენდიის“) სახით ყოველთვიურად ათი მილიონი დოლარის გადახდა შესთავაზეს.

გუშინ დავით საყვარელიძემ უკრაინის ტელეკომპანია „მე-5 კანალის“ სტუდიაში საუბრისას აღნიშნა, რომ ქრთამის შეთავაზების ფაქტზე უკვე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

„გამიკვირდა, რომ ჩემმა განცხადებამ მასმედიაში ასეთი ხმაური გამოიწვია… დეტალებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. დაე, ამ საქმეში გამომძიებლები გაერკვნენ… საერთოდ, მე ამდენი თანხის შემოთავაზება თავდაპირველად სერიოზულად არ მიმიღია, ვიფიქრე, რომ მამოწმებდნენ, გამომძიებლები კი ამას ნორმალურად მიუდგნენ. რასაკვირველია, ყველაფერი გამოძიებული უნდა იყოს, სერიოზული ფაქტებიც და სასაცილოც. უკრაინაში, ისევე როგორც საქართველოში, კორუფციული სქემების შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, ვერავინ ვერაფერს დამალავს. არ ვფიქრობ, რომ თუ ვინმეს რაღაც დაუმალავს, ან ფული აუღია და საზღვარგარეთ გაუტანია, ეს უკეთესი იყოს“, – განაცხადა დავით საყვარელიძემ და დასძინა, რომ პროკურატურის სისტემის წმენდა გაგრძელდება და ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს.

Comments are closed