globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 21 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 21st, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Tehran Times» (ირანი): მოჰამად ზარიფმა საქართველოს ირანელი ტურისტებისადმი პატივისცემისაკენ მოუწოდა

«Каспiй» (აზერბაიჯანი): ტრანზიტული საქართველო // ირანის მიზანი – სატრასპორტო დერეფანი // ირანი ფრთხილად ეძებს გზებს ძველი გავლენის სფეროში დასაბრუნებლად

«Каспiй» (აზერბაიჯანი): სუვერენიტეტის ხელყოფა // მოსკოვი და „სოხუმი“ არარეალურ გეგმებს აწყობენ

«Iran Russian Radio – Pars Today» (ირანი): აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით

—————–

«Tehran Times» (ირანი), 20 აპრილი, 2017 წელი

http://www.tehrantimes.com/news/412752/Zarif-urges-Georgia-to-recommit-respect-for-Iranian-tourists

მოჰამად ზარიფმა საქართველოს ირანელი ტურისტებისადმი პატივისცემისაკენ მოუწოდა

სტატია ეხება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამედ ჯავედ ზარიფის განცხადებას, რომელიც მან საქართველოში ვიზიტის დროს გააკეთა თბილისის აეროპორტში მომხდარი ერთ-ერთი ინციდენტის შესახებ. გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავედ ზარიფმა სამშაბათს, თბილისში ვიზიტით ყოფნისას, განაცხადა, რომ საქართველომ პატივი უნდა სცეს ირანელ ტურისტებს. მან ეს შენიშვნა გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის აეროპორტში, უსაფრთხოების მიზნით, ირანელი ტურისტი ქალი იძულებული გახადეს ჰიჯაბი მოეხსნა.

ირანელი ტურისტებისადმი და მათ შორის მუსულმანი ტურისტი ქალების მიმართ პატივისცემა და მათ მიმართ ღირსეული დამოკიდებულება აბსოლუტური აუცილებლობას წარმოადგენს საქართველოში ტურიზმის განვითარებისათვის, – განაცხადა მოჰამად ჯავედ ზარიფმა.

გიორგი კვირიკაშვილმა გაკვირვება გამოხატა და თქვა, რომ ინციდენტის თაობაზე მან არაფერი იცის. პრემიერმა აღნიშნა, რომ დაუყონებლივ დაიწყებენ აეროპორტში მომხდარი ფაქტის გამოძიებას. „ვერანაირად ვერ წარმოვიდგენ იმას, რომ საქართველოში მუსულმან ქალბატონს შეურაცხყოფა მიაყენეს’, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეხვედრის დროს ირანელმა მინისტრმა და ქართველმა პრემიერ-მინისტრმა განიხილეს აგრეთვე ორმხრივი კავშირების მდგომარეობა სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის საბანკო საქმეში, სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკასა და მშენებლობაში.

საქართველომ და ირანმა უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას ხელი 2011 წლის იანვარში მოაწერეს. დოკუმენტი ძალაში შევიდა 2011 წლის იანვარში და ითვალისწინებს ორივე ქვეყნის მოქალაქეების უვიზოდ გადაადგილებას და ყოფნას 45 დღის განმავლობაში საქართველოსა და ირანის ტერიტორიაზე.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 20 აპრილი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

ტრანზიტული საქართველო: ირანის მიზანი – სატრანსპორტო დერეფანი

ირანი ფრთხილად ეძებს გზებს ძველი გავლენის სფეროში დასაბრუნებლად

სალეჰ ბაიათი

(შემოკლებით)

ამ დღეებში ირანის საგარეო საქმეტა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც იგი შეხვდა არამარტო თავის კოლეგა მიხეილ ჯანელიძეს, არამედ საქართველოს ორ სხვადასხვა ვექტორის მქონე ნომინალურ ხელმძღვანელს: პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს (პოლიტიკის პროდასავლური განშტოება) და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს (პირობითად პრორუსული განშტოება). სწორედ ბოლო ფაქტორი იძლევა ორმხრივი კავშირების აღდგენის საფუძველს, რომლებიც მას შემდეგ შესუსტდა და თითქმის გაწყდა, როცა მიხეილ სააკაშვილმა, აშშ-ის პრინციპული პოზიციის გამო, ირანელი მრეწველების ანგარიშებზე ერთი მილარდი დოლარი გაყინა. მხარეებმა ბოლო წლებში ერთმანეთისადმი ეჭვიანი დამოკიდებულება შედარებით განმუხტეს, რომელიც, სხვა ფაქტორებთან ერთად, საქართველოს პროდასავლური კურსით იყო გამოწვეული. თუმცა ყველაზე მეტად ირანს საქართველო-ისრაელის მტკიცე კავშირები აწუხებდა.

მაგრამ, ბოდიში და ვისი ბრალია ეს ყველაფერი? აზერბაიჯანიც ხომ იგივე სქემით მოქმედებს, თანაც მხოლოდ ირანის თეოკრატიული რეჟიმის გამო, რომელიც ქვეყანას მართავს პრინციპით „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია“. ეს რეჟიმი ისლამური ტროცკიზმის განსახიერებაა და ცდილობს აგრესიული შიიზმი მეზობელ ქვეყნებზეც გაავრცელოს. რადგანაც რეგიონში საკმაოდ ბევრი ადამიანია ამ რელიგიური დინების მიმდევარი, ჩვენს ნერვიულ მეზობელთან ყურადღებით უნდა ვიყოთ. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მომენტი: საქართველოს მჭიდრო კავშირები აშშ-სთან, რომელთანაც 2009 წლის იანვარში გაფორმდა ქარტია სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ და რომელიც ირანისათვის გადაულახავ გამღიზიანებელ ფაქტორად არ გამხდარა. პირიქით, საქართველოს პროდასავლური პოლიტიკა ირანის მულოკრატიის მიერ პრაგმატულად განიხილებოდა – შავიზღვისპირა სახელმწიფო შეიძლებოდა თეირანისთვის  შუამავლად ქცეულიყო, უპირველესად ეკონომიკის სფეროში. გარდა ამისა, საქართველოს კურსს ევროკავშირთან დაახლოების მიზნით (პირველი მერცხალი – ვიზალიბერალიზება!) შეიძლებოდა მეზობლებისთვისაც სარგებლობა მოეტანა. ამასთან, საქართველოს პოლიტიკა კლერიკალური რეჟიმისთვის ერთგვარ საფრთხესაც შეიცავს: იბერიელები აქტიურად ცდილობენ ნატოში ინტეგრირებას, ასეთი პერსპექტივა კი სამხრეთელისათვის (ირანისათვის) სასიამოვნო არაა, მით უმეტეს, რომ მას უკვე ჰყავს ნატოელი მეზობელი – თურქეთი.

ასეთი გეოპოლიტიკური შეუთავსებლობის გამო შეიძლება დასკვნა გავაკეთოთ, რომლის თანახმად, ირანის დელეგაციის ქართული ვოიაჟის ძირითად მიზანს, უპირველესად, ირანული ექსპორტის გაფართოებისათვის წინაპირობების შექმნას ითვალისწინებდა – ცენტრალური აზიასა და კავკასიაში, ხოლო გარემოებათა დამთხვევის გათვალისწინებით კი უფრო შორს, ევროპის ბაზრისაკენ.

ირანის დელეგაციის ვიზიტის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია საკმაოდ მწირია, მაგრამ იმის საფუძველზე, რაც გამოქვეყნდა (თანამშრომლობა საბანკო სფეროში, სატრანზირო გადაზიდვებში, სამრეწველო წარმოებაში…), შეიძლება რეზიუმე გაკეთდეს: ყოფილი იმპერია ფრთხილად ეძებს გზებს ძველი გავლენის სფეროში დასაბრუნებლად. რაღაც პუნქტებში გეგმის რეალიზება ძნელი იქნება (სოფლის მეურნება, ენერგეტიკა, ტურიზმი), რაღაცეებში კი საერთოდ შეუძლებელი (მეცნიერება, ჰუმანიტარული სფერო, ერთიანი პოლიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციებში რეგიონული საკითხების გადაჭრის დროს). თეირანში სცდებიან, თუ ჰგონიათ, რომ მხოლოდ ტერიტრიული მთლიანობის შესახებ განცხადებებით შეიძლება ყოველი ქვეყანა მოხიბლონ და თავის მიმართ მეგობრულად განაწყონ. უფრო მეტიც – საქართველო და ირანი მჭიდრო პარტნიორებად არ ითვლებიან: ვაჭრობის არც მოცულობას და არც დინამიკას ორმხრივ ურთიერთობებში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა თბილის-თეირანის დაინტერესება ნამდვილად არსებობს (საქართველოში მოქმედებს ქართველი და ირანელი ბიზნესმენების ასოციაცია). მთავარი მიზანი მაინც სატრანზიტო შესაძლებლობებით სარგებლობაა – მოჰამედ ზარიფი ტყუილად კი არ იყო საქართველოში ჩასვლამდე თურქმენეთსა და ყირგიზეთში. ანუ საკითხი ეხება სატრასპორტო დერეფნის შექმნას სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის, ირანის ექსპორტის გასაფართოებლად. თანაც ირანს სურს ერთგვარ „ეკონომიკურ მშვიდობისმყოფელად“ იქცეს – დერეფანში აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთისა და რუსეთის ჩართვით. მაგრამ როგორ გააკეთებს ამას თეირანი, როცა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ირანელ მინისტრს თავიდანვე აცნობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ და აღშფოთება გამოხატა აფხაზეთში სერგეი ლავროვის ვიზიტის გამო?

კავკასიური მიმართულებით ირანის გააქტიურებას უბრალო ახსნაც შეიძლება ჰქონდეს – ჯერ კიდევ შენარჩუნებული დასავლური სანქციების ფონზე თეირანი ახალი ბაზრების ძიებაშია, საქართველო კი სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე მდებარეობს. განა არ შეიძლება საქართველოს გამოყენება ენერგეტიკის სფეროში, რუსეთთან ერთად? გამალებული ტემპით მიმდინარეობს რუსეთიდან საქართველოსკენ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რასაც სამომავლოდ, სომხეთის მეშვეობით, ენერგოხიდის როლის შესრულება შეუძლია. გარდა ამისა, პერსპექტივაში ევროტრანზიტიც შესაძლებელია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით, მით უმეტეს, რომ ირანს აქვს ევროპისათვის შესათავაზებელი საქონელი.

ირანი და საქართველო, თავიანთი რეგიონული სიახლოვისა და მრავალსაუკუნოვანი თანაარსებობის ისტორიული ტრადიციების გათვალისწინებით, შეიძლება ბუნებრივ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორებად ჩაითვალონ, რომლებსაც ნამდვილად აქვთ რეალური რესურსები პირდაპირი პოლიტიკური დიალოგის დაწყებისათვის. მაგრამ… პირველი მხარს უჭერს იმ პრინციპს, რომლის მიხედვით სახელმწიფოთაშორისო უთახმოება მხოლოდ რეგიონის ქვეყნების ძალებით უნდა მოგვარდეს, შორეული „პატრონების“ ჩარევის გარეშეო, მეორესთვის კი ამგვარი მიდგომა მიუღებელია, რადგან თბილისი აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია და ისრაელთან მჭიდრო კავშირები აქვს. საქართველო კარგ და კეთილმეზობლურ ურთიერთობას ავითარებს ბაქოსთან და ანკარასთან, ერევანთან, მაგრამ მოსკოვთან და თეირანთან საქმე ცოტა რთულადაა. მართალია, „სინათლე გვირაბის ბოლოს“ აშკარად ჩანს, თუმცა ყველაფერი მაინც სამხრეთის ქვეყნის ცვლილებებზეა დამოკიდებული, როცა სახელმწიფო უარს იტყვის კლერიკალობაზე და ცივილური განვითარების გზას დაადგება.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 20 აპრილი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

სუვერენიტეტის ხელყოფა

მოსკოვი და „სოხუმი“ არარეალურ გეგმებს აწყობენ

სტატია ეხება აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტს: მასში გადმოცემულია როგორც უშუალოდ მოლაპარაკების დროს განხილული საკითხები, ასევე საქართველოს ხელისუფლების ნეგატიური რეაქცია ამ ვიზიტის მიმართ: „პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა და მოუწოდა მკაცრად დაგმოს და აღკვეთოს რუსეთის ე.წ. „პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა“, რომელიც ხელჰყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – რაუფ ტოფიკოღლუ).

„აფხაზეთში ყოველი ვიზიტი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების თანხმობით უნდა მოხდეს. მომხდარი ფაქტი არის საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. ამგვარი მოქმედებით მოსკოვი კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას“, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. რასაკვირველია, პრეზიდენტი მართალია, ვერ შეედავები, მაგრამ… როგორც ჩანს, რუსეთის ოფიციალურ პირებს ყოველგვარი კანონი და სამართალი სულ ფეხებზე ჰკიდიათ, როცა საქმე გინდაც უშუალო მეზობლებს ეხება“, – წერს ავტორი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსი მინისტრის ვიზიტმა აფხაზეთში დიდი აღტაცება და სიხარული გამოიწვია: „სტუმარს თვითმფრინავის ტრაპთან ღვინით სავსე ყანწით, ღვეზელითა და ცეკვა-თამაშით შეხვდნენ“. პუბლიკაციაში გადმოცემულია აგრეთვე სერგეი ლავროვის მოლაპარაკების შედეგები აფხაზ სეპარატისტთა პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან.

საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით რუსეთი გეგმავს აფხაზეთთან ოპერატიულად გააფორმოს შეთანხმება „ორმაგი მოქალაქეობის“ თაობაზე, რაც, სერგეი ლავროვის თქმით, რესპუბლიკის მოსახლეობითვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულ მიღებას უზრუნველყოფს. „პრინციპში, აფხაზეთის მცხოვრებლების უმეტესობას დღეს უკვე ისედაც აქვთ რუსული პასპორტები და თუ ასეთი ტემპი გაგრძელდება, აფხაზები სწრაფად მიუახლოვდებიან რუსეთის ფედერაციასთან „სრული მიერთების“ მომენტს – ისე როგორც ეს ყირიმის შემთხვევაში მოხდა“, – აღნიშნავს ავტორი.

სხვათა შორის, სერგეი ლავროვს რკინიგზის ამოქმედების სშსახებაც დაუსვეს კითხვა – დაინტერესებულია თუ არა რუსეთი სომხეთიდან აფხაზეთის გავლით ტვირთების გადატანით? ამაზა მინისტრმა უპასუხა, რომ „რუსეთის მხარეს სომხეთიდან აფხაზეთის გავლით ტვირთების ტრანზიტის განახლებაზე პრობლემები არ აქვს“, შემდეგ კი რაულ ხაჯიმბამ „ღრმააზროვნად“ შენიშნა, რომ მარშრუტის გახსნა აფხაზეთის ეკონომიკისთვისაც კარგი იქნებაო. ცხადია, პრობლემა შეიძლება დარეგულირდეს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა რუსეთი საქართველოს ორი რეგიონიდან ჯარებს თავის ჯარებს გაიყვანს და ეს ტერიტორიები თბილისის იურისდიქციას დაუბრუნდებიან. ეს თვალსაზრისი საქართველოს უკვე 25 წელზე მეტია არ შეუცვლია. გარდა ამისა, თბილისი მხედველობაში ღებულობს თავისი უახლოესი სტრატეგიული პარტნიორის აზერბაიჯანის პოზიციასაც. ოფიციალური ბაქო ყოველთვის ნეგატიური დამოკიდებულება ექნება რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენის მიმართ მანამდე, სანამ სომხეთი მთიანი ყარაბაღიდან გუდა-ნაბადს არ აიკრეფს.

«Iran Russian RadioPars Today // ირანის რუსული რადიო» (ირანი), 21 აპრილი, 2017 წელი

http://parstoday.com/ru/news/russia-i64386

აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით

ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო რადიოსადგურმა კომენტარი გააკეთა აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით.

გთავაზობთ მცირე შემოკლებით:

საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული პროტესტის მიუხედავად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აფხაზეთში ვიზიტით მაინც ჩავიდა.

იმის გათვალისწინებით, რომ 2008 წელს რუსეთმა ოფიციალურად აღიარა აფხაზეთის [და მასთან ერთად სამხრეთ ოსეთის] დამოუკიდებლობა, რუსეთის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი ამ რესპუბლიკაში შეიძლება ორი მხრით განვიხილოთ.

პირველი – რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თვალსაზრისით: ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ინტეგრაციული პოლიტიკა დასავლეთთან და კერძოდ, ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსთან რუსეთისათვის ერთობ გამაღიზიანებელ ფაქტორს წარმოადგენს. ცხადია, მოსკოვი ითვალისწინებს თბილისის [პროდასავლურ] პოზიციას. შესაბამისად, რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობაში არსებული პრობლემების მოგვარება არ სურს. ამიტომაც რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები ხშირად ჩადიან საქართველოსაგან გამოყოფილ [სეპარატისტულ] რესპუბლიკაში იმ მიზნით, რომ თბილისზე ზეწოლა მოახდინონ. რუსეთის აზრით, ამგვარი პოლიტიკის წყალობით თბილისი საბოლოო ჯამში იძულებული გახდება უარი თქვას თავის პროდასავლურ ორიენტაციაზე.

მეორე – რუსეთის რეაქცია და მისი პოლიტიკა სეპარატისტული რესპუბლიკებისადმი დიდწილად განპირობებულია ე.წ. ყოფილი აღმოსავლური ბლოკის ქვეყნების მოქმედებით. მართლაცდა, ასეთი ნაბიჯით რუსეთს სურს აჩვენოს სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს, რომ მოსკოვი სერიოზულად ეკიდება და მხარს უჭერს თავის მოკავშირეებს. თავის მხრივ, საქართველოც აცნობიერებს, რომ რუსეთი მზად არ არის რაიმე დათმოს თავის მოკავშირეებთან დამოკიდებულებაში. საქართველო და უკრაინა, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ დასავლეთთან და სურთ, რომ ნატოს რეგიონში უფრო ძლიერად იყოს წარმოდგენილი, ამის გამო სხვადასხვა პრობლემებს აწყდებიან: ორივე ქვეყანას აწუხებს სეპარატიზმი, განდგომილი ტერიტორიები და საერთოდ, ორივე დაშლის წინაშე დგას.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა განსაკუთრებით გაუარესდა 2008 წლიდან, ქართული არმიის სამხედრო მოქმედების შედეგად. საქართველოს სამხედრო ამბიციები რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომით დასრულდა. ამ ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის (მათ საქართველოსაგან დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისიდან გამოაცხადეს) სუვერენიტეტი აღიარა. მოგვიანებით საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ეს ორი რესპუბლიკა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს წარმოადგენენ.

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობას დღემდე ნეგატიური ხასიათი აქვს. იმავდროულად ამერიკის შეერთებული შტატები იმ მიზნით, რომ ვაშინგტონმა დასავლეთის ქვეყნებზე თავისი გავლენა შეინარჩუნოს, მუდმივად აქეზებს ამ ქვეყნებს ანტირუსული განცხადებებისაკენ.

Comments are closed