globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 21 მაისი 2015 წელი

Posted by nanamaoglobal on May 21st, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Wiener Zeitung» (ავსტრია): „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ უპირატესობანი: უვიზო რეჟიმი როგორც სიგნალი ქართველებისათვის

«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): რუსული გაფართოება: „დავიძინე საქართველოში, გავიღვიძე სამხრეთ ოსეთში“

«The Associated Press» (აშშ): „ქართული რეგიონი – ნოყიერი ნიადაგი „ისლამური სახელმწიფოსათვის“

———————-

«Wiener Zeitung» (ავსტრია), 21 მაისი, 2015 წელი

http://www.wienerzeitung.at/meinungen/gastkommentare/752900_Die-Vorteile-der-Oestlichen-Partnerschaft-aufzeigen.html

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ უპირატესობანი: უვიზო რეჟიმი როგორც სიგნალი ქართველებისათვის

ავსტრიის გაზეთ «Wiener Zeitung»-ში, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტის წინ, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ უპირატესობანი: ქართველებისათვის უვიზო რეჟიმი იმის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა, რომ რეფორმებს შედეგი მოაქვს“, რომლის ავტორი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილია. გთავაზობთ მის შინაარსს.

რუსეთის აგრესიული პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეს უმზადებს საქართველოს და მასთან ერთად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. შესაბამისად, ეს სამიტი მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირისათვის, ასევე მისი პარტნიორი ქვეყნებისთვისაც. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირმა მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნოს ჩვენს რეგიონს მისი ევროპული მომავლის განმტკიცებისათვის… საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები უვიზო რეჟიმის უზრუნველყოფის სფეროში ამ მხრივ ძალიან დადებით ფონს ქმნის. ის, ვისაც ეჭვი შეაქვს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წარმატებებში, საკმარისია მზერა მოაპყროს საქართველოს: ჩვენ დემოკრატიულ რეფორმებს ვახორციელებთ ევროინტეგრაციისათვის და ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირთან 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შეთანხმება, რომელიც თავისუფალ ვაჭრობასაც გულისხმობს. გასულ ორნახევარ წელიწადში საქართველოს [ხელისუფლებამ] თავისი ევროკავშირელი პარტნიორების მხარდაჭერით დიდ წარმატებებს მიაღწია და ქვეყანა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვა.

ყოვლისმომცველი გარდაქმნები სასარგებლოა როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვისაც. ჩვენს რეგიონს მშვიდობის, სტაბილურონის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის მისაღწევად ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. ჩვენ ვაცნობიერებთ საშინაო და საგარეოპოლიტიკურ გამოწვევებს. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი რეფორმების დინამიური რეალიზება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ არჩევანს და დაჩქარებულ ინტეგრაციას.

გადამწყვეტი მნიშვნელობა ეძლევა იმას, თუ როგორ დამოკიდებულებას გამოავლენს ევროკავშირი საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხისადმი. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ იმ მოთხოვნების შესასრულებლად, რომლებიც უვიზო რეჟიმის რეალიზებას უკავშირდება. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ ჩვენს ხალხს, რომ რეფორმებისადმი ერთგულებას საგრძნობი შედეგები და უპირატესობები მოაქვს. უვიზო რეჟიმი ხომ ტურიზმის განვითარებას ნიშნავს, ის ხელს შეუწყობს კულტურის მიღწევების გაზიარებას, სტუდენტური ჯგუფების გაცვლა-გამოცვლას, საზოგადოების წევრთა ურთიერთობის განმტკიცებას, სამოქალაქო პარტნიორობას. უვიზო რეჟიმი დაეხმარება საქართველოს სხვა ევროპულ ხალხებთან ურთიერთობაში და სასარგებლო იქნებოდა ჩვენი მოსახლეობისათვის, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად. ჩვენი ხალხი დაინახავდა, რომ ევროკავშირი თავის სიტყვასა და დაპირებებს ასრულებს. ოკუპირებული რეგიონებისათვის ეს იქნებოდა სტიმული საქართველოს სახელმწიფოში რეინტეგრაციისათვის, ხოლო „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სხვა ქვეყნებისთვის – წახალისება რეფორმებისთვის.

რიგაში უნდა დადასტურდეს, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ფასეულობებს და ხედვებს რეგიონის მოსახლეობისათვის საგრძნობი სარგებლობისა და უპირატესობების მოტანა შეუძლია.

«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი), 20 მაიის, 2015 წელი

http://www.theguardian.com/world/2015/may/20/russian-expansion-georgia-south-ossetia

რუსული გაფართოება: „დავიძინე საქართველოში, გავიღვიძე სამხრეთ ოსეთში“

ენდრიუ ნორტი («The Guardian», დიდი ბრიტანეთი)

„ხურვალეთელი დათო ვანიშვილი შოკში ჩავარდა, როცა ერთხელ დილით სახლიდან გამოვიდა და ეზოში რუსი მესაზღვრეები დაინახა მავთულხლართებით ხელში. მათ ვანიშვილის სახლი სოფლის დანარჩენი ნაწილიდან გამოაცალკევეს, შეიძლება ითქვას, საკუთარი ქვეყნიდანაც. როცა დავიძინე, საქართველოში ვიყავი, როცა გავიღვიძე – უკვე სამხრეთ ოსეთში აღმოვჩნდი“, – ამბობს ჭარმაგი 81 წლის ფერმერი, რომელიც მავთულხლართის გადაღმა იმყოფება.

ოფიციალურად, ეს მთიანი მხარე საქართველოს ნაწილია, მაგრამ დე-ფაქტოდ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი თბილისს 2008 წლიდან აღარ ექვემდებარება, რუსეთის ჯარების ოკუპირების შემდეგ. დავით ვანიშვილი რუსეთის გეგმის ნაწილია, რომელიც რეგიონის ნელ-ნელა შთანთქმას ითვალისწინებს. რუსმა მესაზღვრეებმა გამყოფი ბარიერის – მავთულხლართების გაბმა ორი წლის წინ დაიწყეს და დავით ვანიშვილი ამით საკუთარი ოჯახის წევრებსაც მოწყვიტეს, რომლებიც საქართველოს სხვა ქალქქებში ცხოვრობენ: „ახლა მე ჩემს გოგონებსაც კი ვეღარ ვნახულობ“, – ამბობს იგი.

სტატიაში ავტორი იხსენებს ამ ორიოდე თვის წინათ გაფორმებულ რუსეთ-სამხრრეთ ოსეთის მოპკავშირეობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც, ქართველი ჩინოვნიკების თქმით, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის ფაქტიურ ანექსიას წარმოადგენს, ყირიმის მსგავსად. ასე რომ, რეგიონული დამკვირვებლები 2008 წლის რუსეთის თავდასხმას საქართველოზე უკრაინის 2014 წლის მოვლენების ერთგვარ პროლოგად თვლიან. უკრაინის ტრაგედია არ იქნებოდა, დასავლეთს რომ 2008 წელს რუსეთის მიმართ მკაცრი რეაქცია ჰქონოდა.

პუბლიკაციაში ავტორი აღწერს სამხრეთ ოსეთიდან გამოქცეული ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მძიმე მდგომარეობას („ისინი სახელმწიფოსაგან მცირე დახმარებას ღებულობენ, მათგან ცოტა თუ ვინმეა დასაქმებული, ალკოჰოლიზმი ჰყვავის…“), აგრეთვე იმ დასახლებებს, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ.

„საქართველო ნაწილობრივ თვითონაცაა დამნაშავე შექმნილ მძიმე ვითარებაში. თბილისს გარკვეული ბრალი მიუძღვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 1990-იან წლების დასაწყისში, ეთნიკური კონფლიქტის გამოწვევაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

„დავით ვანიშვილის სახლის ახლოს ხშირად [სროლისა] და აფეთქებების ხმა ისმის“, – აღნიშნავს ბრიტანელი ჟურნალისტი და ამბობს, რომ თვითონ გახდა რამდენიმე აფეთქების მხილველი.

ქართველი პროდასავლური პოლიტიკოსები შიშობენ, რომ საქართველო პოზიციებს კარგავს რუსეთის „რბილი ძალის“ წინააღმდეგ, რომელიც პრორუსული პროპაგანდითაა წარმოდგენილი უფრო მეტად, ვიდრე ეს ადრე იყო. ძლიერ და მაღალი რეიტინგის მქონე ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასაც მჭიდრო კავშირები აქვს რუსულ ეკლესიასთან. კრიტიკოსები ქართველ მღვდლებს ხშირად „მოსკოვის მეხუთე კოლონას“ უწოდებენ.

ბევრ ქართველს არ მოსწონს ყოფილი იმპერიული მეტროპოლიის პოლიტიკა და თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნების ერთადერთ საშუალებად ნატოსა და ევროკავშირის წევრობაში ხედავს. საქართველოს ხელისუფლება მთელი ძალისხმევით ცდილობდა ნატოსათვის თავისი ერთგულება დაემტკიცებინა და ქართველ ჯარისკაცებს ასობით აგზავნიდა ჰილმენდის პროვინციაში (ავღანეთი) საბრძოლველად, ბრიტანელი და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეების გვერდით. საქართველო, თავისი ჯარისკაცების რაოდენობის მიხედვით, ავღანეთში აშშ-ის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის მეორე მონაწილეა.

მაგრამ რადგანაც საქართველოს მმართველმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის მიმართ ლიბერალური პოზიცია დაიკავა, მოსკოვთან ურთიერთობის ატმოსფერო და დამოკიდებულება გარკვეულწილად შეიცვალა. რუსებმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მორიგი წლისთავის ზეიმის დროს იოსებ სტალინის პორტრეტები გამოიტანეს, შესაბამისად, საქართველოშიც, გორში – მის მშობლიურ ქალაქშიც საკმაოდ არაჩვეულებრივი დემონსტრაცია გაიმართა: სეკრებილებმა პროტესტი გამოხატეს საქართველოს ევროპული კურსის გამო და განაცხადეს, რომ ევროკავშირის ფასეულობები ქართულ კულტურასა და ტრადიციებს ეწინააღმდეგებაო.

შეიცვალა NATO-სთან დამოკიდებულების ენა და ხასიათიც: ოფიციალურად, ხელისუფლება ჯერ კიდევ აცხადებს, რომ მას ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება სურს, მაგრამ ძველებურად აქტიური აღარ არის: „ჩვენ არ გვაქვს აკვიატებული გაწევრიანების იდეა ისე, როგორც ეს წინა ხელისუფლებას ჰქონდა“, – ამბობს საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებისაგან“ თედო ჯაფარიძე.

„არის იმის რეალური საფრთხე, რომ დასავლეთმა საქართველო დაკარგოს“, – გვაფრთხილებს საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკი, რომელიც წინა პროდასავლური ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელია.

საქართველოში აშშ-ის მხარდაჭერის ჟესტად განიხილავენ ერთობლივ ქართულ-ამერიკულ სამხედრო მანევრებს, რომლის მიზანია ალიანსთან ინტეგრაციის განმტკიცება, მასში რამდენიმე ასეული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი ორიოდე სიტყვით ეხება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას და წერს, რომ „ოდესღაც ძლიერი ეკონომიკა დღეს უკრაინის კრიზისის ნეგატიური გავლენის გამო ზარალდება“.

„დავით ვანიშვილის მძიმე მდგომარეობა საქართველოს სიმბოლურ მდგომარეობას ასახავს: უცხოელ პოლიტიკოსთა დელეგაციები მასტან ხშირად დადიან, უყურებენ მისი სახლის ეზოში არსებულ გამმიჯნავ მავთულხლართს, საუბრობენ, მაგრამ ამით არაფერი იცვლება: იგი გაურკვევლობაშია ჩარჩენილი.

რუსებმა დავით ვანიშვილს რუსეთის მოქალაქეობა შესთავაზეს. „მაგრამ მე არ მინდა რუსული პასპორტი. მე საქართველოში დავიბადე და საქართველოში მინდა მოვკვდე“, – ამბობს ხურვალეთის მკვიდრი.

«The Associated Press» (აშშ), 19 მაისი, 2015 წელი

http://hosted.ap.org/dynamic/stories/E/EU_JIHADS_LEGIONNAIRES_THE_GEORGIANS?SITE=AP&SECTION=HOME&TEMPLATE=DEFAULT

http://www.washingtonpost.com/national/religion/legion-of-foreign-fighters-battles-for-islamic-state/2015/05/20/b87f8c4a-fef7-11e4-8c77-bf274685e1df_story.html

„ქართული რეგიონი – ნოყიერი ნიადაგი „ისლამური სახელმწიფოსათვის“

ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტო «Associated Press»-მა გამოაქვეყნა ორი ვრცელი სტატია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა შესახებ, რომელშიც განხილულია მათი მიზნები, ხასიათი, იარაღით უზრუნველყოფის საკითხები… მასალაში მოხსენიებულია აგრეთვე საქართველოს პანკისის ხეობაც (ავტორები – ჯონ დალბურგი და მიხეილ ჯინჯიხაშვილი).

პუბლიკაციაში სათაურით „ქართული რეგიონი – ნოყიერი ნიადაგი „ისლამური სახელმწიფოსათვის“ საუბარია ქართული არმიის კაპრალ თარხან ბათირაშვილზე, რომელმაც 2012 წლის ზაფხულში, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ (იგი ციხეში იარაღის უკანონოდ შენახვისათვის იჯდა), „ცეცხლში დაწვა თავისი ფოტოალბომი და საქართველოს მთიან რეგიონში მდებარე მშობლიური სოფელი დატოვა“.

პანკისში 1986 წელს დაბადებულ თარხანს პოლიციელობა სურდა, მაგრამ მუშაობის დაწყება ვერ შეძლო. დღეს იგი, ქრისტიანი მამისა და მუსულმანი დედის შთამომავალი, თავის სამხედრო კარიერაში ახალ წარმატებებს აღწევს: მის სახელთანაა დაკავშირებული საოცარ გამარჯვებები „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ წარმოებულ ბრძოლებში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასული წლის სექტემბერში თარხან ბათირაშვილი, ანუ როგორც იგი თავის თავს უწოდებს – ომარ ალ-შიშანი „გლობალურად საშიშ ტერორისტთა სპეციალურ სიაში“ შეიყვანა, თუმცა, ამის მიუხედავად, მას, „ისლამური სახელმწიფოს“ ჯარების ჟღალწვერიან სარდალს,  პანკისელთა ნაწილი ტერორისტად კი არა, გმირად და მისაბაძ ადამიანად მიიჩნევენ. ამიტომაც მის გზას ხეობის 200 ახალგაზრდა გაჰყვა.

თარხან ბათირაშვილის მამა შეშფოთებულია: „საშინელებაა, რაც ხეობაში გრძელდება. ისინი ჩვენს ახალგაზრდებს ატყუებენ და უცხო სახელმწიფოში საომრად გზავნიან“, – ამბობს 72 წლის მოხუცი სოფელ ბირკიანიდან, – „ჩემი შვილი სირიაში არ უნდა იბრძოდეს“.

პანკისი ხეობას დაახლოებით 7 ათასამდე მუსულმანი ჩეჩენი თავის სამშობლოდ მიიჩნევს, ისინი აქ მე-19 საუკუნეში ჩამოსახლდნენ. როგორც ომალოს ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, ვაჰაბიტები ჯიჰადისათვის ახალგაზრდების გადაბირებას ახდენენ, თანხას აძლევენ, მიჰყავთ თბილისის აეროპორტში და თურქეთში გზავნიან, ავიაბილეთების ფასი წინასწარა არის გადახდილი. „ისინი ჩვენს ბავშვებს ჰყიდიან“, – ამბობს შარიათ ცინცალაშვილი, – ისინი დოლარებს იჯიბავენ მათი გადაბირება-გადაყვანისათვის. ისინი მაფიოზები არიან“.

სტატიაში მოყვანილია ორი მოზარდის – 16 წლის კუშტანაშვილისა და 18 წლის ბაგაკაშვილის ისტორია, რომლებიც ომალოს სკოლიდან ისე, რომ სახლშიც არ მისულან, პირდაპირ სირიაში გაემგზავრნენ. მშობლებს უკვირთ, როგორ გადაკვეთა საზღვარი 16 წლის მოზარდმა, რომელსაც პასპორტი არ ჰქონდა? რატომ აძლევენ ამის ნებას ქართველი მესაზღვრეები? შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ აუციელბლად იქნებოდა გამოძიებული ეს ფაქტი და დამნაშავენი დაისჯებოდნენ, მაგრამ მუსულმანი დამქირავებელ-გადამბირებლები ჯერ-ჯერობით გამოვლენილნი არ არიან.

————-

მეორე სტატიაში სათაურით „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა უცხოური ლეგიონი“, აღნიშნულია, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად მოხალისე ახალგაზრდები სხვადასხვა გზებითა და მეთოდების გამოყენებით მიდიან: მაგალითად, საქართველოში, პანკისის ხეობაში, ორმა მოზარდმა სკოლა მიატოვა და შორეულ მხარეში მიმდინარე ომში წავიდნენ. იგივე მიზანი ჰქონდა მინეაპოლისელ 20 წლის ახალგაზრდას, რომელმაც მეგობრის პასპორტით ისარგებლა და სახიფათო გზას დაადგა. სირიაში ახალი ზელანდიიდან ჩავიდა დაცვის სააგენტოს ყოფილი მუშაკი, კანადიდან – ჰოკეის დიდი მოყვარული, მეთევძე და მონადირე… ისინი საკმაოდ ბევრნი არიან – 16-17 ათასი მებრძოლი, მსოფლიოს თითქმის 90 ქვეყნიდან ჩასული მამაკაცები და შედარებით მცირე რაოდენობით – ქალებიც.

აბუ-ბექრ ალ-ბარხადმა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერია. მსოფლიოს მუსულმანებს მიმართა, რომ მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შეიკრიბნონ: არა მხოლოდ საბრძოლველად, არამედ სამუშაოდაც – ადმინისტრატორებად, ექიმებად, მოსამართლეებად… იგი იწვევს მეცნიერებს და ინჟინრებს, რათა იქ დაოჯახდნენ და ფესვები გაიდგან, დაფუძნდნენ. „ყოველ ადამიანს ისლამური სახელმწიფოსათვის სარგებლობის მოტანა შეუძლია“, – ასეა ნათქვამი კანადელ ანდრე პულენის მიერ აგიტაციისათვის გავრცელებულ ვიდეორგოლში, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოში“ მსახურობს.

ამჟამად უცხოელ მოხალისეთა რაოდენობა ორჯერ აღემატება ფრანგულ უცხოურ ლეგიონს. სირიასა და ერაყში მიმდინარე კონფლიქტმა ბევრი ვოლონტერი მიიზიდა – უფრო მეტი, ვიდრე ავღანეთში ან ყოფილ იუგოსლავიაში. ისინი ზოგჯერ მარცხდებიან, მაგრამ კიდეც იმარჯვებენ. მათ დანაკარგები განიცადეს ამ რამდენიმე თვის წინ, მაგრამ ბოლო დროს წარმატებებსაც მიაღწიეს: დაიკავეს ქალაქი ერ-რამადი – ერაყის ყველაზე დიდი სუნიტური პროვინციის ცენტრი და უძველესი ქალაქი პალმირა, რომელიც თავისი არქიტექტურული ნანგრევებიტაა ცნობილი, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში გადმოცემულია აგრეთვე აშშ-ის ადმინისტრაციისა და სხვა ქვეყნების მიერ განხორციელებული ძალისხმევა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოსა“ და მისი დამცველ-მოხალისეების წინააღმდეგაა მიმართული, დიდი ადგილი აქვს დათმობილი იმ მიზეზების კვლევას, თუ რატომ მიდიან ახალგაზრდები სირიასა და ერაყში საბრძოლველად.

Comments are closed