globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 21 ივნისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jun 21st, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета»» (რუსეთი): ქართველები შვებულების გეგმებს ცვლიან // თბილისი ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ელოდება

«Carnegie Europe» (ბელგია): საქართველო ნატო-ევროკავშირისკენ და რუსული გამოწვევა

«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): ქართული ბანდები და ქურდული სამყარო // ქართული ბანდები გერმანიაში მაღაზიებსა და ბინებს ძარცვავენ. ბევრი მათგანი ბოროტად სარგებლობს თავშესაფრის მიღების გერმანული სისტემით. ამ მიზეზით კავკასიური ქვეყნისათვის უვიზო რეჟიმის მიცემა სადაო ხდება

———————-

«Независимая газета»» (რუსეთი), 21 ივნისი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-06-21/6_gruzia.html

ქართველები შვებულების გეგმებს ცვლიან

თბილისი ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ელოდება

იური როქსი, პოლიტიკური მიმომხილველი

(შემოკლებით)

ლუქსემბურგში ევროკავშირის საბჭო, საგარეო საქმეთა მინისტრების შემადგენლობით, საქართველოსთვის უვიზო რეჯიმის მიცემის საკითხზე მსჯელობს. როგორც უკვე ცნობილია, რამდენიმე კვირის წინათ ელჩების დონეზე ჩატარებულმა სხდომამ თბილისს ვიზა-ლიბერალიზებაზე უარი განუცხადა – უვიზო რეჟიმის მიცემის წინააღმდეგ ოთხი ქვეყანა – გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ბელგია გამოვიდა. ახლა საქართველო კვლავ მოლოდინშია, თუმცა იმის შანსი, რომ ქართველებს შენგენის ზონაში ვიზის გარეშე გადაადგილების უფლება ამ ზაფხულს მიეცემათ, პრაქტიკულად არ არის.

საქართველოს ინტერესებს ვიზა-ლიბერალიზების საკითხში აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები ლობირებენ: ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარინა კალიურანდის ინიციატივით, მისმა ლატვიელმა, ლიტველმა, ბულგარელმა და რუმინელმა კოლეგებმა, ევროკავშირს ერთობლივი წერილით მიმართეს და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მიცემა მოითხოვეს.

თბილისი ვიზალიბერალიზების საკითხთან დაკავშირებით, თავდაპირველად თავს მშვიდად გრძნობდა – დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი დადებითად გადაწყდებოდა. როცა ელჩების დონეზე უარი ითქვა, საქართვლო აფორიაქდა და ზალისხმევა გააქტიურა. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიაში გაემგზავრა, კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა და თითქოსდა მისი თანხმობაც მიიღო. და თუ გერმანია, მთავარი მოწინააღმდეგე, თანახმაა, მაში საქართველოში ვერ გარკვეულან, ვინ ურევს სიტუაციას და ვის ინტერესებშია ის, რომ ქართველები ამ ზაფხულს უვიზოდ შენგენის ქვეყნებს ვერ დაათვალიერებენ.

დასავლურ პრესაში ფართოდ გავრცელდა ვერსია, რომ ამ ყველაფრის თავი და თავი ქართველი კრიმინალები არიანო. მართლაცდა, ქართული წარმოშობის მქონე პირები ევროკავშირის სახელმწიფოების კრიმინალურ მონაცემებში საკმაოდ ხშირად ფიგურირებენ, ესპანეთში კი „ქართული მაფიოზური ბანდების“ წინააღმდეგ სპეცოპერაციებსაც კი ატარებენ, თუმცა, ისისც უნდა ითქვას, რომ ევროპაში ჩადენილი დანაშაულების ცხრილში ქართველები ბოლოსწინა ადგილს იკავებენ, ანუ მათ უფრო ნაკლები დანასაული აქვთ ჩადენილი, ვიდრე სხვა ქვეყნის იმიგრანტებს.

ვიზალიბერალიზებაზე უარის მეორე ვერსია, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, უკრაინას უკავშირდება, ანუ ევროპელებს, რომლებმაც ახლო აღმოსავლეთიდან ამდენი ლტოლვილი მიიღეს, აღარ სურთ მიგრაციული კრიზისის გაღრმავება და 50-მილიონიანი უკრაინიდან კიდევ დამატებითი რაოდენობის მიგრანტების მიღება, მაგრამ ამ შემთხვევაში უხერხული სიტუაცია იქმნება: თუ საქართველოს მისცემენ უვიზო რეჟიმს, უკრაინას კი არა, მაშინ ეს ფაქტი კიევის ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება და ხელს შეუწყობს რუსეთის გავლენის გაძლიერებას.

ქართველი პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი არ გამორიცხავს ასეთი ვერსიის უსაფუძვლობას და ამბობს, რომ მსგავსი სცენარის უკან შესაძლოა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დგას. მისი აზრით, „ნაციონალები“ „ქართულ ოცნების“ წინააღმდეგ გამოდიან, რადგან არ სურთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი დადებითად ხელისუფლებაში „ოცნების“ ყოფნის დროს გადაწყდეს. სხვათა შორის, ამგვარ თვალსაზრისს ადასტურებს ის, რომ ტელეკომპანია „რუსთავის-2“-ის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესს „ნაციონალები“ საერთაშორისო არენაზე სკანდალურად ბერავენ და აცხადებენ, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება ირღვევა. იგივე მიზანს ემსახურება წინასაარჩევნოდ მომხდარი კორცხალის ინციდენტიც: როგორც უმრავლესობის დეპუტატი გიორგი ვოსკი ამბობსსაქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხშიც კი „ნაციონალები“ საკუტარი ამბიციების ტყვეობაში არიან“.

ვიზალიბერალიზებაზე უარის კიდევ ერთ მიზეზად დასავლურ პრესაში რუსეთთან ევროპის დამოკიდებულებას ასახელებენ – ბრიუსელს არ სურს მოსკოვთან ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავოს. რუსეთი ხომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე დასავლეთის გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული არ არის… ჰოდა, თბილისში ამასტან დაკავშირებით ანტიდასავლური რიტორიკა გაძლიერდა: თუ საქართველოს ნატოში მიღება არ გინდათ, არც ევროკავშირში სამოგზაუროდ უვიზო რეჟიმსაც არ გვაძლევთ, მაშინ ეს პირდაპირ გვითხარით და დაპირებებით ნუ გვატყუებთ, რათა სამომავლო გეგმებში გავითვალისწინოთო.

«Carnegie Europe» (ბელგია), 20 ივნისი, 2016 წელი

http://carnegieeurope.eu/strategiceurope/?fa=63845

საქართველო ნატო-ევროკავშირისკენ და რუსული გამოწვევა

„გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან ექვსი თვის შემდეგ, საკმაოდ არასახარბიელო ამოცანაა აქვს შესასრულებელი – დაუბრუნოს თავის პარტია „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მხარდაჭერა, რადგან 2012 წლის არჩევნებიდან დღემდე პარტიის რეიტინგი მნიშვნელოვნად არის დაცემული. მან ეს რვა ოქტომბრამდე, ანუ პარლამენტის არჩევნებამდე უნდა მოახერხოს. გარდა ამისა, მმართველ კოალიციაში უთანხმოებაა, მინისტრებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხში სხვადასხვა პოზიცია აქვთ“, – წერს კარნეგის ფონდის ევროპული ფილიალის მკვლევარი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ჯუდი დემპსი, რომელიც გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა და ესაუბრა.

„როცა ბერლინში ვიზიტის დროს გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს საგარეო და საშინაოპოლიტიკურ პრიორიტეტებზე ვესაუბრებოდი, პრემიერ-მინისტრმა ერთ საკითხთან მიმართებით მტკიცე რწმენა გამოხატა: ევროატლანტიკური კურსისადმი ერთგულება  რუსეთთან ურთიერთობას არ გამორიცხავს. „ჩვენ საქართველოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, ევროატლანტიკურ ქვეყნებთან ინტეგრირების გარდა, სხვა ვერანაირ ალტერნატივას ვერ ვხედავთ. ევროპისაკენ ჩვენი სწრაფვა არამარტო სამხედრო ასპექტით გამოიხატება, არამედ დემოკრატიისა და თავისუფლების ერთიანი ღირებულებებით, რომლებიც რეფორმების გაღრმავების სტიმულს გვაძლევს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ ქვეყნად გადაქცევის მიზნით. ამ გზიდან ვერავინ გადაგვახვევინებს“, – ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოსათვის „მაპ“-ის მიცემა დაგეგმილი არ არის (რომელიც ქვეყანას სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შეუქცევად გზაზე დააყენებს), გიორგი კვირიკაშვილი მაინც ამბობს, რომ საქართველოს უსაფრთხოების ვაკუუმი არ ემუქრება. შეიძლება ითქვას, რომ გიორგი კვირიკაშვილი ნატოსთან მიმართებით შედარებით  უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი, ვიდრე თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

„ჩერნოგორიის ნატოში მიღება ჩვენთვის კარგი ნიშანია. ეს იმას გვაჩვენებს, რომ „ღია კარის“ პოლიტიკა მოქმედებს. ჩემი აზრით, მთავარი ახლა ისაა, რომ ჩვენ ამ გზით სიარულის დროს თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ და ნატოსთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ. ვიმედოვნებთ, რომ ალიანსის ვარშავის სამიტი საქართველოს ბევრ სიკეთეს მოუტანს, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების თანამშრომლობის თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ  დადგება დრო და ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა საქართველოსაც მიეცემა“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ამასთან ერთად, გიორგი კვირიკაშვილი ხაზს უსვამს, რომ რუსეთთან დიალოგიც უნდა გაგრძელდეს: „2008 წლის ომმა საქართველოს დიდი ტრამვა მიაყენა, ამ ომის შედეგად ქართულ მიწაზე რუსეთის ბაზები გაჩნდა, ოკუპირებულია ორი ჩვენი ისტორიული რეგიონიც.. ეს ფაქტი, რასაკვირველია, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას ძირს უთხრის. და მაინც, ვფიქრობ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებითა და ხელშეწყობით შევძლებთ სამართლიანობა მშვიდობიანად აღვადგინოთ, რადგანაც კონფლიქტის სხვაგვარად, სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია. ეს ეხება აგრეთვე ნდობისა და ურთიერთობის აღდგენას რუსეთთანაც. ჩვენ სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავთ… რასაკვირველია, რუსეთთან ურთიერთობა ძალიან რთული საკითხია, რაც ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან გაჩნდა. ეს უკავშირდება აგრეთვე საქართველოს სწრაფვას ნატოსა და ევროკავშირისაკენ, მაგრამ აშკარაა, შეცდომები ყველამ დაუშვა. ის ფაქტი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები ირღვევა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე“.

გიორგი კვირიკაშვილი ჯუდი დემპსთან საუბარში ნეგატიურად აფასებს „ნაციონალების“ მიერ გატარებულ პოლიტიკას რუსეთთან, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და ამბობს, რომ საქართველომ თავი უნდა აარიდოს მტრულ რიტორიკას და რუს პოლიტიკოსებს მიანიშნოს, რომ საქართველო რუსეთის მტერი არ არის, იმავდროულად კი საკუთარი [დასავლური] გზიდან არ გადაუხვიოს.

პრემიერ-მინისტრი საუბრობს აგრეთვე ევროკავშირთან დადებულ ასოცირების შეთანხმებაზე, საუბრობს ამ დოკუმენტის დადებით მხარეებზე, ეხება უვიზო მიმოსვლის საკითხს… „გვესმის, რომ დღეს ევროკავშირს თავისი ბევრი პრობლემა აქვს, განსაკუთრებით ლტოლვილთა სფეროში, არსებობს ტერორიზმის დიდი საფრთხე, ევროკავშირის მთლიანობის შენარჩუნების პრობლემა… შესაბამისად, ჩვენ ევროპელ მეგობრებს უნდა გავუგოთ, უნდა შევიდეთ მათ მდგომარეობაში, უნდა გავაცნობიეროთ მათი შიდა პრობლემები. ძალიან ბევრი დელიკატური საკითხია, რომლებიც გასათვალისწინებელია, მაგალითად, საფრანგეთისა და გერმანიის ინიციატივა უვიზო რეჟიმის „შეჩერების მექანიზმის“ შემუშავებაის მიზნით. ეს ევროკავშირის შიდა პრობლემაა და საქართველოს არ უკავშირდება, რადგანაც ჩვენ ყველა ტექნიკური მოთხოვნა შევასრულეთ“.

გიორგი კვირიკაშვილს მიაჩნია, რომ უვიზო რეჟიმის შემოღება მხოლოდ დროის საკითხია: „შესაძლოა, კიდევ ორიოდე თვით ლოდინი მოგვიწიოს, სანამ „შეჩერების მექანიზმს“ შეიმუშავებენ და მაშინ, ვფიქრობ, უკვე სექტემბერში ევროპარლამენტი [ვიზალიბერალიზების შესახებ] საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს“.

მაგრამ განა ეს საკმარისი იქნება „ქართული ოცნებისათვის“, რათა მან ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს? – ასეთ კითხვაა დასმული ავტორის მიერ პუბლიკაციის დასასრულს.

«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია), 21 ივნისი, 2016 წელი

http://www.faz.net/aktuell/politik/fluechtlingskrise/der-kampf-gegen-georgische-diebesbanden-14296509.html

ქართული ბანდები და ქურდული სამყარო

ქართული ბანდები გერმანიაში მაღაზიებსა და ბინებს ძარცვავენ. ბევრი მათგანი ბოროტად სარგებლობს თავშესაფრის მიღების გერმანული სისტემით. ამ მიზეზით კავკასიური ქვეყნისათვის უვიზო რეჟიმის მიცემა სადაო ხდება

გერმანულ გაზეთში ავტორთა კოლექტივის (რეინჰარდ ვეზერი, მარკუს ვენერი, მატიას ვუზუვა) მიერ გამოქვეყნებული ვრცელი გამოკვლევა გერმანიაში ქართველი კრიმინალების დანაშაულებრივ საქმიანობას ასახავს.

პუბლიკაციაში დეტალურადაა გადმოცემული იმ მრავალი ძარცვისა და ქურდობის დამადასტურებელი ფაქტები, რომლებიც ქართველმა იმიგრანტებმა გერმანიის სხვადასხვა მხარეში ჩაიდინეს, მაგალითად, რურში და ბავარიაში, სადაც ქართული ბანდის წევრებს აფთიაქების გაქურდვის გეგმა ჰქონდათ შემუშავებული. მათი ლიდერი ლევან კახაბერიძე 2014 წლის ნოემბერში დააკავეს ქალაქ ბამბერგში, ძარცვის ადგილზე, „იგი გაქცევას შეეცადა და ყინულიან მდინარეში გადახტა, მაგრამ უშედეგოდ“.

სტატიაში ვრცლადაა საუბარი გერმანიის ფედერალური პოლიციის მიერ შეგროვებულ სტატისტიკურ მონაცემებზე. მაგალტად, 2014 წელს რეგისტრირებულია 3697 ქარული წარმოშობის დამნაშავე, 2015 წელს კი 4985, ანუ დანაშაულის რაოდენობამ 35%-ით მოიმატა. მხოლოდ მაღაზიების ძარცვით მათ გერმანელებს 2014 წელს 370 მილიონი ევროს ზარალი მიაყენეს, 2015 წელს კი ზარალმა უკვე 500 მილიონს მიაღწია. „ქართველები დანაშაულებრივი საქმიანობისათვის აქტიურად იყენებენ თავშესაფრის მიღების გერმანულ სისტემას. ამ ფონზე საქართველოდან იმიგრანტთა რაოდენობამ ბოლო წლებში კატასტროფულად („შვიდმილიანი ნაბიჯებით“) იმატა. თუ 2011 წელს თავშესაფრის მიღებას მხოლოდ 527 ქართველი ცდილობდა, 2012-ში მათი რაოდენობა 2486-მდე გაიზარდა, გასულ წელს კი 3196-ს მიაღწია. მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე კი თავშესაფრის მიღების 1141 კანდიდატი დაფიქსირდა.

რასაკვირველია, მათ მიღების არანაირი შანსი არ აქვთ, მაგრამ ბოროტად სარგებლობენ მდგომარეობით: საქმე იმაშია, რომ თავშესაფრის მიღების პროცესი საშუალოდ ცხრა თვემდე გრძელდება, არის 12-თვიანი შემთხვევებიც. ცხადია, თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის შემდეგ მათ სამშობლოში აბრუნებენ ხოლმე. ამ მხრივ რეკორდი დამყარდა გასულ 2015 წელს, როცა 292 ადამიანი დააბრუნეს. ლოდინის პერიოდს ბევრი დანაშაულის ჩასადენად იყენებს.

ბავარიის პოლიციის მონაცემებით, ქართველი კრიმინალები გერმანიაში ე.წ. „კანონიერი ქურდების“ დავალებით არიან შეგზავნილი (პუბლიკაციაში მოცემულია „კანონიერი ქურდების“ წარმოშობის ისტორია საბჭოთა კავშირში, მათი ცხოვრების წესი, ტრადიციები და ა.შ. მასში აღნიშნულია, რომ ასეთი ქურდები განსაკუთრებით ბევრი იყო საქართველოში. პარადოქსული კურიოზია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში ქვეყანას „კანონიერი ქურდი“ ჯაბა იოსელიანი ხელმძღვანელობდა. ბევრი ქართველი „კანონიერი ქურდი“ დაიღუპა რუსეთში, 1990-იანი წლების შუახანებში).

2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ „კანონიერ ქურდებს“ (ანუ ორგანიზებულ დამნაშავეობას) ბრძოლა გამოუცხადა, 2003 წლიდან 2010 წლამდე ამგვარ პატიმართა რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა. საპყრობილეები ისე მოეწყო, რომ მასში გამომწყვდეულ კრიმინალურ ავტორიტეტებს სხვებზე გავლენის მოხდენა აღარ შეეძლოთ. 2005 წლის მარტში ულმობლად იქნა ჩახშობილი კრიმინალების ბუნტიც. ცნობილი ქურდების კუთვნილი სახლები და ქონება ზოგი გაიყიდა, ზოგი კი პოლიციის შენობად გადაკეთდა, ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდები“ კი ევროპაში გაიქცნენ (საფრანგეთში, საბერძნეთში, ესპანეთში).

გამოკვლევაში საუბარია ქართველ „კანონიერ ქურდებზე“, მაგალითად, კახაბერ შუშანაშვილზე, რომელიც გერმანიაში მოქმედ ქურდებში „ობშიაკს“ აგროვებდა. კახაბერი ძმაა ლაშა შუშანაშვილისა, რომელიც „ქურდულ სამყაროში“ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას წარმოადგენს (2008 წლამდე მოსკოვში ცხოვრობდა, შემდეგ გააძევეს და საბერძნეთში იყო, 2015-ში კი იგი ისევ მოსკოვში დაბრუნდა).

როგორც ვრცელ პუბლიკაციაშია აღნიშნული, ქართველი კრიმინალების მოქმედება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია. ავტორები იმოწმებენ გერმანიის ფედერალური პოლიციის წარმომადგენლებს, ბუნდესტაგის დეპუტატთა განცხადებებს. ზოგიერთი გერმანელი პოლიტიკოსი (ჩამოთვლილია ვინაობა) გახარებულია, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზების საკითხის განხილვა გადაიდო. მასალაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს კრიმინალებთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრას – გერმანიაში ვიზიტით იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი…

პუბლიკაციის დასასრულს ავტორების მიერ გადმოცემულია გერმანიის რურის მხარეში მომხდარი ინცინდენტი: ქალაქ ბოხუმის სასამართლომ თითქმის ერთწლიანი განხილვის შემდეგ ქართული ბანდის ექვს წევრს თავისუფლების აღკვეთა სამიდან ექვს წლამდე მიუსაჯა. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული იყო, ბანდის მეთაურმა კახაბერიძემ, (მას 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს), სანამ საპყრობილეში გადაიყვანდნენ, სასამართლოდან გაქცევა სცადა…

Comments are closed