globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 21 ივლისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jul 21st, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Эхо» (აზერბაიჯანი): რეჯეპ ერდოღანი ბაქოში ჩადის // თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის საკითხზეც იმსჯელებენ

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): აჭარული პატი: სამთვიანი კომპრომისული მთავრობა

«Обозреватель» (უკრაინა): ინტერვიუ ლინკოლნ მიტჩელთან: „უკრაინა მსოფლიოში ერთადერთი და ბოლო ქვეყანაა, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისა ჯერ კიდევ სჯერათ“

———————-

«Эхо» (აზერბაიჯანი), 21 ივლისი, 2016 წელი

http://www.echo.az/article.php?aid=103129

რეჯეპ ერდოღანი ბაქოში ჩადის

თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის საკითხზეც იმსჯელებენ

ბაქოში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრაა დაგეგმილი, რომლის დროსაც ლიდერებმა რიგ საკითხებზე უნდა იმსჯელონ, „კერძოდ, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის რეალიზების, მაგისტრალის ექსპლოატაციის, მისი მართვის ერთიანი ლოჯისტიკური ცენტრის შექმნასა და სატარიფო პოლიტიკის თაობაზე“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – ე.რუსტამოვა).

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ სამი მეზობელი სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრის თაობაზე განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა გააკეთა ანკარაში ვიზიტით მყოფ ქართველ კოლეგასთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე. სტატიაში გადმოცემულია ბინალი ილდირიმის პოზიცია სამი სახელმწიფოს ურთიერთობის შესახებ, რომელიც დადებით გავლენას ახდენს რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე. განსაკუთრებით ხაზგასმულია თურქეთის პრემიერის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ: „თურქეთის პოზიციით, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის პრობლემები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ჩარჩოებში უნდა მოგვარდეს. ანკარა ამ საკითხის გადაწყვეტაში საქართველოს აქტიურად დაეხმარება. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თურქეთმა ვარშავის სამიტზე მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას“.

შეხვდებიან თუ არა ერთმანეთს ბაქოში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებიც?

„ზოგიერთი ექსპერტის თქმით, რეჯეპ ერდოღანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ბაქოში სრულიად შესაძლებელია, თუმცა როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, ბაქოში ერთმანეთს მხოლოდ აზერბაიჯანის, ირანისა და რუსეთის პრეზიდენტები შეხვდებიან“, – აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციაში აზერბაიჯანელი ექსპერტი რუსლან ატაკიშიევი ბაქო-თბილი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთაშორისო მნიშვნელობაზე საუბრობს: „რკინიგზა ერთმანეთთან აახლოვებს აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს, რაცს ნიშნავს ტურიზმის განვითარებას, ეკონომიკური კავშირების გაფართოებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას… გარდა ამისა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ორგანულად ჯდება აბრეშუმის დიდი გზის თანამედროვე პროექტშიც, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი კომუნიკაციის სახით“.

სტატიის დასასრულს გადმოცემულია რკინიგზის მშენებლობის ისტორია 2007 წლიდან. აღნიშნულია, რომ მისი ექსპლოატაცია 2017 წლის ბოლოდან დაიწყება.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 21 ივლისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-zurab-pataradze-new-head-of-adjara-autonomous/3426950.html

აჭარული პატი: სამთვიანი კომპრომისული მთავრობა

ზაზა წულაძე

აჭარას – ერთადერთ ავტონომიურ რესპუბლიკას, სადაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვრცელდება, ახალი მთავრობა და ახალი მეთაური – 43 წლის დიპლომატი ზურაბ პატარაძე ჰყავს. იგი ბოლოს ელჩად ყაზახეთში მუშაობდა და ახალ თანამდებობაზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა. ესოდენ მნიშვნელოვანი ცვლილება, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებამდე სამი თვით ადრე განხორციელდა, რაც შავიზღვისპირა ავტონომიაში ხანგრძლივმა სახელისუფლებო კრიზისმა გამოიწვია.

ახალი არჩევნები აჭარაში, 8 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართება, თუმცა პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი იძულებული გახდა არ დალოდებოდა ამ თარიღს და 2012 წლის ოქტომბერში დაწინაურებული არჩილ ხაბაძე დროზე ადრე შეეცვალა.

2012 წლის გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, როცა მაშინდელმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა არჩილ ხაბაძე ერთპიროვნულად წარადგინა, დღეს, აჭარის სახელისუფლებო ვერტიკალში არსებული რთული კონფიგურაციის გამო, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იძულებული იყო დახმარებისთვის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის მიემართა, რომელმაც თავის მხრივ, დასახმარებლად, ოპოზიციას – ირაკლი ალასანიას უხმო.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებას, რომ ხმა მიეცათ, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ზურაბ პატარაძისთვის და აეღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აჭარის ახალ მთავრობაზე, სახელმწიფოებრივი ნაბიჯი უწოდა: „როგორც ჩანს, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, არ გამოედევნენ იაფფასიან პოლიტიკურ დაპირისპირებას და სახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადადგეს“.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის უმაღლესს საბჭოში – 13, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობა“ – 8 დეპუტატი გაიყვანა.

უმრავლესობის ჩამოშლა 2014 წლის შემოდგომიდან დაიწყო, როცა „ოცნებიდან“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ბათუმელი მაჟორიტარი დეპუტატი, ამბიციური მურმან დუმბაძე გარიცხეს. მურმან დუმბაძე თავიდანვე დაუპირისპირდა არჩილ ხაბაძეს და მის ადგილზე დანიშვნას ითხოვდა. გარიცხულმა და განაწყენებულმა მურმან დუმბაძემ აჭარის უმრავლესობიდან ორი დეპუტატი გაიყოლა. 2014 წლის ნოემბერში კი თავდაცვის მინისტრობიდან ირაკლი ალასანიას გადაყენებამ და „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციაში გადასვლამ „ოცნებას“კიდევ ორი დეპუტატი გამოაკლო. კოალიციამ აჭარაში უმრავლესობა დაკარგა. 2015 წლიდან აჭარის უზენაეს საბჭოში “ახალ უმრავლესობას” დე-ფაქტოდ: „ნაციონალები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ოცნებიდან“ გამოქცეულები წარმოადგენდნენ, თუმცა მათ საერთო ენა ვერ გამონახეს, რამაც კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. 2016 წლის თებერვალში კი ორი დეპუტატი უკვე „ნაციონალებიდან“ წავიდა და შებამისად, „ახალმა უმრავლესობამ“ ვერც დე-იურედ გაფორმება და ივლისში, ორი მცდელობის მიუხედავად, ვერც აჭარის მთავრობის გადაყენება შეძლო.

საბოლოოდ, აჭარული კრიზისიდან გამოსავალი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეაფერხა რეგიონის ეკონომიკური განვითარება, უპრეცედენტო სამმხრივი კონსულტაციებით გადაწყდა. პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მოხსნა წარუმატებელი არჩილ ხაბაძე, პრეზიდენტმა დაითხოვა აჭარის მთავრობა, ზურაბ პატარაძე ჯერ დროებით რწმუნებულად დანიშნა და მალევე აჭარის უმაღლესი საბჭოს – მთავრობის ახალ მეთაურად წარუდგინა. ზურაბ პატარაძის არჩევას 11 ხმა სჭირდებოდა, მან 12 მიიღო, ორივე გადამწყვეტი ხმა „თავისუფალი დემოკრატების“ იყო და დროებითი აჭარული პატიც გაფორმდა.

ირაკლი ალასანიას თანაგუნდელი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი სულხან ღლონტი არაორდინალურ გადაწყვეტილებას – თუ რატომ ითანამშრომლეს ხელისუფლებასთან “კაბელების საქმის” შემდეგ – ასე ხსნის:  „დაიშალა კოალიცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ადამიანები, ვინც გამოვეყავით „ქართულ ოცნებას“ და წავედით ოპოზიციაში, წავედით „ნაციონალურ მოძრაობასთან“. იმ შემთხვევაში, თუ ამას ასე გავაკეთებდით, უკვე 2015 წლის დასაწყისიდან, აჭარის ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდებოდა“.

აჭარის ავტონომიის რიგით მეოთხე მეთაური ზურაბ პატარაძე წარმოშობით ქობულეთიდან არის. ასლან აბაშიძის მმართველობისას იგი ბათუმში, საბანკო და საპოლიციო სტრუქტურებში მუშაობდა. 2000 წელს, თბილისში გადმოსვლის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატის კარიერა დაიწყო. რუსეთში ეთნიკური ქართველების მასობრივი დევნისა და აგვისტოს ომის უმძიმეს პერიოდში მუშაობა მოსკოვში საქართველოს საელჩოში მოუწია. შემდეგ იყო გენერალური კონსული საბერძნეთსა და თურქეთში. 2012 წელს დაინიშნა სრულუფლებიან ელჩად თურქეთში, 2013 წლიდან კი უკვე ელჩად ყაზახეთში.

ჯერ-ჯერობით, ზურაბ პატარაძემ, უკვე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის რანგში, აჭარის ოთხპორტფელიან მთავრობაში მხოლოდ სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა მინისტრები შეცვალა.

ადგილობრივმა პოლიტიკურმა ძალებმა ზურაბ პატარაძის ამ ფორმით დანიშვა აჭარაში, რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებაში ცენტრალური ხელისუფლების მორიგ უხეშ ჩარევად შეაფასეს, რამაც, მათი აზრით, კიდევ ერთხელ დაადასტურა – აჭარის ავტონომიის ფორმალური მდგომარეობა.

აჭარის ავტონომიის მთავრობის მეთაურები 1991-2016 წლებში:

ასლან აბაშიძე – 1991-2004; ლევან ვარშალომიძე – 2004-2012; არჩილ ხაბაძე – 2012-2016; ზურაბ პატარაძე – 2016 ივლისიდან.

«Обозреватель» (უკრაინა), 21 ივლისი, 2016 წელი

http://obozrevatel.com/abroad/61805-amerikanskij-polittehnolog-linkoln-mitchell-hillari-klinton-budet-antiputinskim-yastrebom.htm

ინტერვიუ ლინკოლნ მიტჩელთან: „უკრაინა მსოფლიოში ერთადერთი და ბოლო ქვეყანაა, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისა ჯერ კიდევ სჯერათ“

უკრაინულმა გამოცემა „ობოზრევატელი“ („მიმომხილველი“) აქვეყნებს კიევში, „უკრაინის მომავლის ინსტიტუტში“ ამერიკელი პოლიტტექნოლოგის ლინკოლნ მიტჩელის შეხვედრის ამსახველ მასალას, რომელიც ინტერვიუს სახითაა გადმოცემული. იგი თავის თვალსაზრისს გამოხარტავს აშშ-ში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაზე, პრეზიდენტობის კანდიდატებზე და ა.შ. ლინკოლნ მიტჩელი საქართველოს მოვლენებსაც ეხება, საუბრობს საპარლამენტო არჩევნების ირგვლივ და ამბობს, რომ ძალიან ბევრი უკრაინელი საქართველოში მიმდინარე პროცესებს დამახინჯებულად აღიქვამს, არასწორ ინტერპრეტირებას ახდენს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რას უნდა ველოდოთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა ჩატრდეს?

- მე ახლახანს დავბრუნდი ბათუმიდან, სადაც კონფერენციაში ვმონაწილეობდი და აი, რა შევნიშნე: ქართველები საკუთარ არჩევნებზე უფრო მეტად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებით არიან დაინტერესებულნი და ეს გასაგებიცაა – მათ ამერიკული დემოკრატიის პერსპექტივა აინტერესებთ (…). საქართველოში არჩევნებამდე სამი თვით ადრე საერთო კლიმატი უფრო მშვიდია, ვიდრე ოთხი წლის წინათ. [როგორც ცნობილია], წინა საარჩევნო კამპანიების დროს ძალადობის პრეცედენტები. ამის გათვალისწინებით, ყოველთვის არის იმის საფრთხე, რომ მთავრობა [მის ხელთ არსებული] მნიშვნელოვანი რესურსებით ისარგებლებს, საარჩევნო პროცესს გავლენის მოსახდენად. მე არ ვამბობ, რომ ეს ახლა ხდება, თუმცა საფრთხე ყოველთვის რჩება. ვფიქრობ, საქართველოში დღეს ისეთი საარჩევნო ატმოსფერო არ არის, როგორიც ამჟამად აშშ-შია. საქართველოში არ არიან ამა თუ იმ პარტიის მტკიცე მხარდამჭერები, თავიანთ პოზიციაში დარწმუნებულები, თაყვანისმცემლები, რომლებიც ამბობენ – „ამ არჩევნებზე ქვეყნის მომავალია დამოკიდებულიო“, ანუ ისეთი სიტუაციაა არაა, როგორც, ვთქვათ, 2012 წელს იყო. საქართველოში არჩევნები ჯერ კიდევ პიროვნებების, პარტიების ირგვლივ კონცენტრირდება და არა მისიებისა და იდეოლოგიების ირგვლივ.

დღეს ბევრი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგი მოწმობს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, პრაქტიკულად, თითქმის ერთნაირ დონეზე იმყოფებიან, მაგრამ ამერიკული არჩევნებისაგან განსხვავებით, ქართველების რაოდენობა, რომლებიც მხარს  სამ ძირითად პარტიას უჭერენ, მხოლოდ 30-40% თუ იქნება. დანარცენები ან სხვა უფრო წვრილ პარტიებს ემხრობიან, ან ჯერაც ვერ გაურკვევიათ, ვის მისცენ ხმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში შეიძლება ნამდვილად მრავალპარტიული სისტემა მივიღოთ. „ქართული ოცნებაც“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ პროდასავლური პარტიები არიან, დანარჩენები კი უფრო სოციალურად კონსერვატიულები. სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ თავის პოზიციებს განიმტკიცებს და კომპაქტურ უმრავლესობას ჩამოაყალიბებს. მეორე ვარიანტით – პირველად საქართველოს ისტორიაში, მთავრობა კოალიციური შეიძლება იყოს.

- რა არის იმის მიზეზეი, რომ უკრაინაში საქართველოში მიმდინარე მოვლენები არასწორად აღიქმება? უკრაინელთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართველოში ბოლო ხანს მომხდარი სამთავრობო ცვლილებების შემდეგ ეს ქვეყანა უფრო პრორუსული გახდაო… თქვენ არაერთხელ დაგიწერიათ, რომ ეს ასე არ არის…

- ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ქვეყნის პროდასავლური მოძრაობა დააჩქარა. ფაქტიურად, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს უფრო მეტი მანძილი აქვს გავლილი, ვიდრე უკრაინას. თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკრაინაში ხშირად მართლაც არასწორად აღიქვამენ. რატომ? იმიტომ, რომ უკრაინა მსოფლიოში ერთადერთი და ბოლო ქვეყანაა, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისა ჯერ კიდევ სჯერათ. მე ეს საკითხი ძალიან მაშფოთებს, რადგან მიმაჩნია, რომ კიევი ძალიან ბევრ მოიგებდა უკრაინა-საქართველოს თანამშრომლობით.

Comments are closed