globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 21 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 21st, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ვინ და რატომ არ ხედავს მიჯნას ფაშიზმსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის

«Новое время» (აზერბაიჯანი): აშშ კავკასიაში თავის თამაშებს აგრძელებს:

აზერბაიჯანი და საქართველო ვაშინგტონის პოლიტიკაში

«Lragir» (სომხეთი): რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა: აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის მნიშვნელობა „სავაჭრო დერეფნების“ რეალიზებაში

«Lragir» (სომხეთი): ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სომხური პრობლემის წინაშე

—————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 21 ივლისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/womens-march-and-georgian-march/3952725.html

ვინ და რატომ არ ხედავს მიჯნას ფაშიზმსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის

ნინო დალაქიშვილი

იმ დღეს, როდესაც შიდა ქართლში, სოფელ ბერშუეთთან ოკუპაციის გასაპროტესტებლად ორი აქცია გაიმართა, ადამიანები თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან ახლად დამონტაჟებულ ბანერებსა და „მცოცავ ოკუპაციაზე“ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიპყრობას ცდილობდნენ, თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე საზოგადოების ნაწილმა, რომლის წარმომადგენლებს ხელისუფლებაში მოსვლის ინტერესი და ამბიცია აქვს, ეგრეთ წოდებული „ქართველთა მარში“ გამართეს. მისი ძირითადი მოთხოვნა საქართველოს ტერიტორიიდან უცხოელი მოქალაქეების დეპორტირება იყო.

2017 წლის 14 ივლისის „ქართველთა მარშმა“ სოციალურ ქსელებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მას უწოდეს „ყველაზე სამარცხვინო დღე“ უახლეს ისტორიაში – 2013 წლის 17 მაისთან ერთად, როდესაც საქართველოს ეკლესიასთან აფილირებულმა ჯგუფმა ჰომოფობიის გასაპროტესტებლად გამოსული ადამიანები დაარბია. სხვებთან ერთად, „ქართველთა მარშს“ სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა და გააკრიტიკა თათია დოლიძე, გაეროში საქართველოს ახალგაზრდების წარმომადგენელი. სწორედ მის მიმართ აგორდა აგრესიის მორიგი ტალღა „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორების მხრიდან. თათია დოლიძემ განცხადებით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, რადგან მუქარის შემცველ ტექსტებში მის მიმართ სექსუალური ძალადობის გამომხატველი მესიჯები არაერთგზის გაისმა.

ქვეყნის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ „ქართველთა მარში“ გამოხატვის თავისუფლების უფლების ფარგლებს არ სცილდება. გუშინდელ დღემდე ერთადერთი მაღალჩინოსანი, ვინც ამ შემთხვევის შესახებ პოზიცია გამოხატა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გახლდათ. მან მას შემდეგ გააჟღერა საკუთარი პოზიცია ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციისა და ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ, რაც სოციალურ ქსელებში აგორებულ კამპანიას თათია დოლიძის წინააღმდეგ, ეგრეთ წოდებული „მაკომპრომეტირებელი“ მასალის გამოქვეყნება მოჰყვა.

სამართალდამცავების მიერ გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე დაბარებულმა „მარშის“ ერთ–ერთმა ორგანიზატორმა გიორგი კორკოტაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ თათია დოლიძე სეპარატისტებთან მეგობრობს, რომ ეს კომპრომატია და მათთან ფოტოებსაც იღებს.

მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მისთვის, როგორც სამოქალაქო თანასწორობის მინისტრისთვის, რომლის სტრუქტურაც მოქალაქეების თანასწორობისა და კონსოლიდაციისთვის მუშაობს, ეთნიკური ნიშნით დევნის ფაქტები მიუღებელია. ქართული საზოგადოება დღეს უკვე აღარ ფიქრობს, რომ ოს ან აფხაზ მოქალაქეებთან ფოტოების გადაღება ან მათთან მეგობრობა რაიმე სახის კომპრომატია.

ჩვენთან საუბრისას ხელისუფლების მხარდაჭერას არასაკმარისად მიიჩნევს „ქალთა სოლიდარობის მარშის“ ერთ–ერთი ორგანიზატორი ბაია პატარაია: „საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არ არის სწორი იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ბოლო დროს ვითარდება. იგივე „ქართველთა მარშის“ პრობლემაც იყო ის, რომ მიუხედავად გამოხატვის თავისუფლების უფლებისა, ჩვენ ხელი არ უნდა შევუწყოთ ქსენოფობიას. დანაშაულს ეროვნება არ გააჩნია, მაშინ რატომ ვსაუბრობთ ქსენოფობიაზე? ხშირად ზღვარი მიგრაციის კანონის გამკაცრებასა და ქსენოფობიას შორის არის წაშლილი და ხშირად ეს განცხადებები სცდება ჩვეულებრივ რეგულირებას და გადადის ფაშიზმში. სასურველია, ხელისუფლება მიჯნავდეს ამ ყველაფერს, რასაც სამწუხაროდ არ აკეთებს. ყველანაირი საუბარი, მათ შორის სიძულვილის ენა არ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცული სიკეთე. ეს დადგენილია საერთაშორისო კონვენციებითა და საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკით. სამუხაროდ, ქალთა სოლიდარობის მარშისადმი მხარდამჭერი დამოკიდებულება ხელისუფლების წარმომადგენლებს არ დაუფიქსირებიათ“.

ეს აქცია მას შემდეგ დაიგეგმა იგივე აღმაშენებლის გამზირსა და მარჯანიშვილის მოედანზე, რაც „ქართველთა მარშის“ იდეის ავტორების მხრიდან არა მხოლოდ ქსენოფობიური, არამედ ქალთა მიმართ ძალადობის გამომხატველი რიტორიკა დაფიქსირდა.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას „ჯიპას“ წარმომადგენელი თიკო ცომაია ამბობს, რომ ქსენოფობიის წინააღმდეგ საპროტესტო მუხტის გაჩენა საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია და მას მხარდაჭერა სჭირდება ხელისუფლების მხრიდან: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი გაჩნდა საზოგადოების იმ წევრებს შორის, ვისთვისაც მულტიკულტურალიზმი ღირებულებაა და გენდერული თვალსაზრისით, ეთნიკურობით, რასით და სხვა, ჩაგვრა არის პრობლემა. პრაქტიკულად, ეს იყო პასუხი: მარშის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს იმ ქალებს, რომელთა მიმართ ადგილი აქვს ძალადობას ჩვენს ქვეყანაში. გასაგებია, რომ საზოგადოებაში პროტესტი არის, რაღაც ჯგუფებისთვის ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფოს მხრიდან ერთ–ერთი მყარი მტკიცებულება, რაც პრაქტიკულად მუშაობს ძალადობისა და მისი ექსტრემალური ფორმების საწინააღმდეგოდ, რაც ამცირებს ფემიციდისა და ძალადობის შემთხვევებს, ესაა ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვა ავტორიტეტული წევრების მხრიდან ძალიან მკაფიო გზავნილები, რომ ყველა მოქალაქე დაცულია დისკრიმინაციისგან და ყოველგვარი ძალადობისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არაა ბოლომდე ამოქმედებული. ხელისუფლების მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელმა გააკეთა შეფასებები ამ შემთხვევის შესახებ.“

იმისთვის, რომ ძალადობის მაჩვენებელი ქვეყანაში შემცირდეს, რამდენიმე კრიტერიუმზე საზოგადოება და ხელისუფლება უნდა თანხმდებოდეს.

თიკო ცომაია აღნიშნავს, რომ ღია და მკაფიო მესიჯები და მათი სიხშირე ამის ერთ–ერთი ინდიკატორია: „სოციალურ ქსელებში, რასაც თვალს ვადევნებდით, ჩანდა, რომ საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება იყო „ქართველთა მარშის“ გამო, მაგრამ გამოხატული მხარდაჭერა „ქალთა სოლიდარობის მარშის“ მიმართ, ან გამოხატული უარყოფა, ძლიერი მესიჯები, არ ისმოდა. მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცით – ესაა ძალიან მნიშნვნელოვანი და ძალადობის ერთ–ერთი შემაკავებელი ფაქტორი. საზოგადოებამ რომ იგრძნოს თავი უსაფრთხოდ, მან უნდა იცოდეს, რომ ავტორიტეტული პირები, ხელისუფლება გმობენ დისკრიმინაციის შემთხვევებს და ყოველმხრივ ადასტურებენ, რომ ადამიანები უნდა იყვნენ დაცულები დისკრიმინაციისგან. ჩვენ ეს მოძრაობა ჯერ–ჯერობით არ შეგვხვდა. ეს გახლავთ გამოწვევა ჩვენი ხელისუფლებისთვის.“

„ქართველთა მარშის“ თაობაზე საკუთარი დამოკიდებულება საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემაც გამოხატა, რომელიც ამბობს, რომ საზოგადოება უკიდურესად გაღიზიანებულია ამ იდეისა და მისი შედეგების გამო, რომ დაპირისპირება და ქსენოფობია მიუღებელია, ეს ყველაფერი ერთად კი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.

თათია დოლიძის საქმის თაობაზე კი გამოძიება დაწყებულია. მის შედეგებს „ამერიკის ხმა“ დაუბრუნდება.

«Новое время» (აზერბაიჯანი), 20 ივლისი, 2017 წელი

http://novoye-vremya.com/w99166/…/#.WXGAB4qQzs0

აშშ კავკასიაში თავის თამაშებს აგრძელებს:

აზერბაიჯანი და საქართველო ვაშინგტონის პოლიტიკაში

სტატიაში განხილული და კომენტირებულია კარნეგის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მოხსენება „სამხრეთ კავკასიაში ამერიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ“. გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს (ავტორი – რ.ველიევი):

„მოხსენების მიზანია რეკომენდაციების მომზადება ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსებისათვის. როგორც კარნეგის ცენტრის ექსპერტები აღნიშნავენ, ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოლიტიკამ რეგიონის მიმართ რამდენიმე ეტაპი გაიარა, რომელთაგან თითოეული ეტაპი „გარკვეული ამბიციური მიზნით“ იყო გამოხატული, მათგან კი ყველაზე მთავარი იყო: რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნება, „გაყინული“ კონფლიქტების განახლების თავიდან აცილება, დემოკრატიული გარდაქმნებისადმი მხარდაჭერა და მართვის სრულყოფა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში – აზერბაიჯანში, საქართველოში და სომხეთში, რომლებისთვისაც ასევე აუცილებელი იყო დახმარება საერთაშორისო ინტეგრირების სფეროშიც.

მაგრამ ჰქონდათ თუ არა დასახული მიზნები მიღწევის შესაძლებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს? მოხსენების ავტორები ამ კითხვას დუმილით გვერდს უვლიან, თუმცა აღიარებენ ისტორიული დროის ფაქტორს, როცა „მოვლენების განვითარების კვალობაზე რეგიონი სულ უფრო რთული ხდება“. ასეთ მოვლენებად ისინი თვლიან „ევროპული უსაფრთხოების სისტემის ნგრევას „ცივი ომის“ შემდგომ პერიოდში, ენერგორესურსების ბაზრების ცვლილებებს, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდას, აშშ-ის ხელისუფლებაში ახალი ადმინისტრაციის მოსვლას და ევროკავშირის შიგნით გაჩენილ პრობლემებს“. საბოლოო ჯამში, კარნეგის ცენტრის ექსპერტები თვლიან, რომ ვაშინგტონმა და ბრიუსელმა ვერ შეძლეს სამხრეთ კავკასიაში „ეთნიკური კონფლიქტების და სახელმწიფოთაშორისო წინააღმდეგობების მოგვარება“.

მაგრამ, როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიაში მაინც აგრძელებს თავისი გეგმების წარმოჩენას.

ამას წინათ ქალაქ განჯას აშშ-ის დელეგაცია ეწვია ბრიგადის გენერლის ჰოფერ სმიტის მეთაურობით (იგი ოკლაჰომის შტატის სამხედრო დეპარტამენტსა და ეროვნულ გვარდიას ხელმძღვანელობს), რომლის მიზანს აზერბაიჯანისა და აღნიშნულ შტატს შორის თანამშრომლობის გაფართოება წარმოადგენს.

საქართველოს ხელისუფლება კი მზადაა თავის თავზე ისეთივე პასუხისმგებლობა აიღოს, როგორსაც ნატოს წევრი ქვეყნები იღებენ. ეს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაა, რომელიც მან თბილისში გამართულ ქართველი დიპლომატების ყოველწლიურ შეხვედრაზე გააკეთა. „საქართველო აღიარებულია ევროპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც სრულად იზიარებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებს და მზადაა მისი წევრობისათვის პასუხიმგებლობისა და ვალდებულებების ასაღებად“, – აღნიშნა პრემიერმა და ხაზი გაუსვა თბილისში 29 მაისს გამართული ნატოს ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელობას, ალიანსში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, თბილისი აქტიურად მონაწილეობს ნატოს ეგიდით გამართულ სამხედრო წრთვნებში, რომლებიც საკუთრივ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს ხოლმე. ახლაც მალე, 30 ივლისს იწყება და 12 აგვისტომდე გაგრძელდება მანევრები კოდური სახელწოდებით Noble Partner 2017 („ღირსეული პარტნიორი-2017“), რომელშიც 2800 სამხედრო მოსამსახურე იქნება ჩართული საქართველოდან, აშშ-დან, ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, სლოვენიიდან, უკრაინიდან… ასეთ სამხედრო წრთვნებში მონაწილეობის მიზანია ქართველი ჯარისკაცების ჩვევა-უნარების გაუმჯობესება სტაბილურობის უზრუნველყოფად მიმართულ ოპერაციებში მონაწილეობისათვის, თანამშრომლობის განვითარება ქართულ არმიისა და ნატოს წევრების შეიარაღებულ ძალებს შორის. სხვათა შორის, სამხედრო მანევრებს დაესწრება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც: თბილისში ვიზიტის დროს იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს.

მოკლედ, ჩვენ მომწრენი ვართ იმისა, თუ როგორ აქტიურდება ვაშინგტონი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. რასაკვირველია, ეს მიუთითებს აშშ-ის დაინტერესებას აზერბაიჯანითაც. დასავლელი ანალიტიკოსების ვერსიით, ამერიკა კასპიის ზღვის არემარეში ერთ-ერთი ძირითადი მიზნის განხორციელებას ცდილობს, კერძოდ – აშშ-ის ყოფნა გულისხმობს რეგიონის გადაქცევას ენერგიის სტაბილურ და უსაფრთხო მომპოვებელ-სატრანზიტო კვანძად, რაც გააიოლებდა ირანისა და რუსეთის მოქმედებაზე დაკვირვებას.

ამასთან, ამალიტიკოსები იმასაც აღიარებენ, რომ კასპიის ზღვის ენერგოპოტენციალით სარგებლობა ევროპასაც დაეხმარება, რუსეთზე და აშშ-ზე მათი დამოკიდებულების შემცირების საკითხში. ამერიკული საექსპერტო საზოგადოების ამჟამინდელი პროგნოზით, აზერბაიჯანისა და აშშ-ის თანამშრომლობა სამომავლოდ სტაბილურად განვითარდება.

«Lragir» (სომხეთი), 21 ივლისი, 2017 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/57088

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა:

აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის მნიშვნელობა „სავაჭრო დერეფნების“ რეალიზებაში

იგორ მურადიანი, ანალიტიკოსი

(შემოკლებით)

2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჩვენ ვფიქრობდით, რომ მოსახდენი მოხდა, კვანძი უკვე გაიხსნა და სულ მალე საქართველო და რუსეთი მოისურვებენ ერთმანეთთან ურთიერთობის დარეგულირებას. მაგრამ, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ერთმნიშვნელოვანი განცხადებების მიუხედავად, რომ „ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან არანაირი ურთიერთობა არ გვინდაო“, ირკვევა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო კრემლისთვის ყველაზე მოსახერხებელი პარტნიორი, რადგან მას არ ჰქონდა „საფუძველი“ მოეთხოვა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნება რეალურ პოლიტიკურ დიალოგში. უფრო ტოლერანტ პოლიტიკოსს კი შეეძლო რუსეთი არასახარბიელო სიტუაციაში ჩაეყენებინა…

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთმა კავკასიაში საკუთარი თავისთვის „საიმედო“ გეოპოლიტიკური ჩიხი და იმავდროულად, აშშ-სათვისაც კომფორტული პირობები შექმნა. საქართველო ვაშინგტონისთვის სატრანზიტო დერეფნად გადაიქცა და ეს ამერიკელებს და რუსებს სრულიად აწყობთ. საქართველო გაყოფილია აშშ-სა და რუსეთის მიერ, თუმცა, თუ გავაანალიზებთ, მოსკოვის უპირატესობა ამ გაყოფაში საეჭვოა. რუსეთმა ვერანაირი სტრატეგიული მოგება ვერ მიიღო და ხვდება, რომ საქართველოში უფრო ღრმად ჩანერგვაა აუცილებელი, „სატრანზიტო დერეფანზე“ პრეტენზიებით.

აზერბაიჯანისაგან განსხვავებით, სადაც ნატოში გაწევრიანების საკითხი აქტუალური არ არის, საქართველოსთან მიმართებით რუსეთი ცდილობს გარანტიები მიიღოს, რომ ეს ქვეყანა ნატოში არ გაწევრიანდება..

საეჭვოა, რომ მოსკოვში წარმოდგენა ჰქონდეთ იმაზე, რა მოხდება იმის შემდეგ, თუ სამხრეთ ოსეთზე „დერეფანი“ მართლაც გაიხსნება და რას გააკეთებს საქართველო მომავალში. აფხაზეთს შედარებით უფრო სხვა ბედი აქვს. სოხუმთან მიმართებით საქართველოს არავითარი იმედი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ამ რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველი (მეგრელი) მოსახლეობის ინტერესები დაიცვას.

საქართველოსთვის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დაკარგვა ეროვნული კატასტროფის ტოლფასია. სავარაუდოდ, თბილისმა მის შესანარჩუნებლად შეიძლება თავის პრინციპებს გადახედოს. რუსეთი ბოლო დროს მართლაც შესამჩნევად გააქტიურდა და, მართალია, მთლად რეალური იმედები არ აქვს, მაგრამ მაინც ბევრს შეიძლება მიაღწიოს, თუ დაიწყებს არა იმდენად ეკონომიკურ, არამედ გეოპოლიტიკური მიზნების შესრულებას.

«Lragir» (სომხეთი), 21 ივლისი, 2017 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/57104

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სომხური პრობლემის წინაშე

ნაირა აირუმინაი, მიმომხილველი

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის თურქეთის მონაკვეთის მშენებლობის დასრულების ვადები კვლავ გადაიდო – ამჯერად მიმდინარე წლის ბოლოსთვისო, – ასე განაცხადა თურქეთის საბაჟოებისა და ვაჭრობის მინისტრმა ბიულენთ თიუფენგჯიმ ყარსში გამართულ თათბირზე, რომელშიც საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მინისტრის თქმით, იყო გარკვეული პრობლემებიპროექტის რელიზების პროცესში, თუმცა ამჟამად მუშაობა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. რკინიგზა მზად არის უკვე 85%-ით.

თუმცა, ყარსის თათბირზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით , რომ კიდევ ახალი ჯგუფი იქმნება არსებული პრობლემების მოსაგვარებლადო, გვაფიქრებინებს, რომ ამ რკინიგზას კიდევ ბევრი პრობლემა აქვს, მათ შორის საბაჟო მოსაკრებლების სფეროში.

საინტერესოა, რატომ აწყდება ამდენ დაბრკოლებებს რკინიგზის პროექტი, როცა ფული არის, მასში მონაწილე ქვეყნები კი, ამდენი გაჭიანურების შემდეგაც კი მასზე უარს ამბობენ?

არის აზრი, რომ ასეთ „დაბრკოლებას“ სომხეთი წარმოადგენს.

საქმე იმაშია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობა განსაზღვრული მიზნით დაიწყო – სომხეტი რეგიონული კომუნიკაციების მიღმა უნდა დარჩენილიყო. ერთი შეხედვით, თითქოსდა მართლაც ასეა, მაგრამ, როგორც აზერბაიჯანელი ექსპერტებმა ბოლო დროს დაიწყეს ლაპარაკი, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც სომხეთს ამ რკინიგზით სარგებლობას აუკრძალავდა, ანუ სომხური ტვირთების გადაზიდვას.

გამოდის, რომ ან საქართველომ უნდა აუკრძალოს სომხეთს ტვირთების ტრანზიტი თავის ტერიტორიაზე, ან „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზაზე სპეციალური „საბაჟო“ უნდა დაწესდეს სომხური ტვირთების გამოსავლენად.

აზერბაიჯანი, თუ ექსპერტების მინიშნებების მიხედვით ვიმსჯელებთ, კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ სომხეთმა ამ რკინიგზით ისარგებლოს. საქართველოს კი, როგორც ჩანს, არ სურს სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტა. სწორედ ამიტომ, ყოველწლიურად იღებენ გადაწყვეტილებას „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლის თაობაზე.

თუ სომხური ტვირთებიც ამ რკინიგზით იქნება გადაზიდული, მაშინ თურქეთისა და აზერბაიჯანისათვის რკინიგზის არსებობა აზრს კარგავს, რადგან ამით სომხეთის მრავალწლიანი ბლოკადის პოლიტიკა დაირღვევა. ჯერი საქართველოზეა: გაბედავს თბილისი და უარს ეტყვის სომხეთს ტვირთების გადაზიდვაზე?

Comments are closed