globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 21 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 21st, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Каспiй» (აზერბაიჯანი): დემოკრატია მოქმედებაში // საქართველოში ინტერესთა ღია პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველოს ამბები: აფხაზეთის კონფლიქტის მორიგი წლისთავი // თბილის-მოსკოვის ურთიერთობის პრობლემები // დავით ბერძენიშვილი კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): ქართული სკოლების ბედი სამხრეთ ოსეთში: რუსულ ენაზე სწავლების საფრთხე

—————-

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 19 აგვისტო, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=65941#.WZpP3oqQzs0

დემოკრატია მოქმედებაში

საქართველოში ინტერესთა ღია პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება

სტატიაში განხილულია რამდენიმე საკითხი: საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარე სკანდალური აჟიოტაჟი, თბილისის მერის არჩევნების შესახებ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთდამოკიდებულება ქვეყნის კონსტიტუციის ცვლილებების ფონზე (ავტორი – რაუფ ტოფიკოღლუ).

სრული უნდობლობა მიხეილ სააკაშვილს

ყველას ახსოვს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნისას, მოსახლეობის წინაშე იფიცებოდა, რომ რომ წესრიგის დამყარება ერთ ცალკე აღებულ ოლქშიც შეიძლებაო: ოპტიმისტურად აცხადებდა, რომ მაფიას მიტაცებულ ქონებას ჩამოართმევდა, ოლიგარქების მიერ მითვისებულ პლაჟებს პიონერთა ბანაკებს დაუბრუნებდა და საერთოდ, უკრაინულ კაპიტალიზმს ადამიანურ სახეს მისცემდა… ახლა კი მიხეილ სააკაშვილი, მოქალაქეობაჩამორთმეული ექს-პრეზიდენტი და ექს-გუბერნატორი,  ხან ამერიკაში „ბომჟაობს“, ხანაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. სხვათა შორის, იგი საკმაოდ კომფორტულად მოგზაურობს „ძალადაკარგული“ უკრაინის პასპორტით, თუმცა შიშობს, ვაითუ საქართველოს გადამცენო. როგორც ირკვევა, მის შიშს მაინცდამაინც მტკიცე საფუძველი არ აქვს – გიორგი მღებრიშვილის რუს პრანკერებთან სატელეფონო საუბრით ირკვევა, რომ თბილისი არც ისე ძალიანაა დაინტერესებული ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირებით. ვნახოთ, რა მოხდება ათი სექტემბრის შემდეგ – ეს თარიღი მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვრის გარღვევის დღედ გამოაცხადა.

„ბაგირის გადათრევა“: ვინ იქნება თბილისი მერი

მიხო პოლონეთიდან მუშტებს იქნევს, ამასობაში კი მეზობელ კოლხიდაში დედაქალაქის მერის სავარძლის დაუფლების ირგვლივ ვნებათაღელვა ძლიერდება. თბილისის მერობა სურს როგორც „ქართული ოცნების“ „ყინულმჭრელ“ კახა კალაძეს, ასევე „ერთიანი ნაცმოძრაობის“ კანდიდატსაც. ფაქტია, რომ ოპოზიციას არ ჰყავს კახა კალაძის მსგავსი ცნობილი ფეხბურთელი, ანდა ვინმე ცნობილი მომღერალი, მაგრამ როგორც გამოკითხვები მოწმობს, „მილანის“ ყოფილ ვარსკვლავსაც კი მხარს თბილისის მოსახლეობის მხოლოდ ერთი მესამედი უჭერს. ანუ როგორც ჩანს, მეორე ტური გარდაუვალია. ალბათ, კახა კალაძე, თუ რაიმე ფორს-მაჟორი არ იქნება, მეორე ტურში მოწინააღმდეგეს გოლს გაუტანს.

მწვანე შუქი კონსტიტუციურ ცვლილებებზე მსჯელობას

საქართველოს ხელისუფლება ცდილობს არ გაიფუჭოს ურთიერთობა ევროპასთან და დემოკრატიასთან დაკავშირებით მის რჩევა-დარიგებებს ყურს უგდებს. ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცა, მოერიდოს ოპოზიციასთან დაპირისპირებას და მასთან მოლაპარაკება გამართოს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც დავას იწვევს. თუმცა საერთო ენის გამონახვა საკმაოდ რთულია. ვენეციის კომისიამ ზოგადად დადებითად შეაფასა ქვეყნის ძირითად კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, ოპოზიციაც გაჩუმდა, მაგრამ შემდეგ მოულოდნელი რამ მოხდა: მმართველმა პარტიამ საზოგადო განხილვის დროს უკვე სრულიად სხვა პროექტი გამოიტანა. კერძოდ, ადრინდელისაგან განსხვავებით, ამჯერად უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება (არადა, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმებულიყო). კითხვები გაჩნდა პრეზიდენტის არჩევის წესთან მიმართებითაც. მოკლედ, გაყუჩებული ოპოზიცია გამოცოცხლდა და ხმა აიმაღლა, განსაკუთრებით მაჟორიტარული არჩევნების წინააღმდეგ და რევოლუციით დაიმუქრა. თავის მხრივ, ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცა, რომ  საერთო ენა გამონახოს ოპოზიციასთან, სანამ ცვლილებები პარლამენტში საბოლოოდ არ დამტკიცებულა.

მართლაც, ქართულ პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას კომპრომისები შესთავაზა, რომელთაგან მთავარი პარლამენტის არჩევნებში საარჩევნო ბარიერის (ზღურბლის) დაწევა გახლავთ, თუმცა ამგვარი წინადადებით ოპოზიცია მაინცდამაინც არ მოხიბლულა. „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი ანასხლეტის – „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დიალოგზე უარს ამბობენ, მაგრამ თავიანთ პოზიციებს არ დათმობენ, განსაკუთრებით მაჟორიტარულის სისტემის გაუქმების საკითხში. თავის მხრივ, მმართველი პარტია მოკავშირეებს ეძებს წვრილი პარტიების სახით და მათ პარლამენტში მოხვედრას პირდება ბარიერის დაწევის მეშვეობით.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სხვადასხვა პარტიებს შორის რეალური პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება. შიგნით არსებული სიძნელეებისა და გარედან ზეწოლების მიუხედავად, ქვეყანა დემოკრატიის წარმატებული მოქმედების დემონსტრირებას ახდენს.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 20 აგვისტო, 2017 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20170819-v-gruzii-otmetili-25-letie-s-nachala-gruzino-abkhazskogo-konflikta

საქართველოს ამბები: აფხაზეთის კონფლიქტის მორიგი წლისთავი // თბილის-მოსკოვის ურთიერთობის პრობლემები // დავით ბერძენიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ

ფრანგული რადიოსადგურ Radio France Internationale-ს („საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“) ეთერში 19 აგვისტოს გადაიცა საქართველოს მოვლენების მიმოხილვა, რომელშიც ყურადღება რამდენიმე საკითხს დაეთმო: ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების 25-ე წლისთავს; რუსი ტურისტების ზრდას საქართველოში; იმ რუსული კომპანიების საქმიანობას, რომლებიც „ოკუპაციის შესახებ“ კანონს არღვევენ; რელიგიურ სიტუაციას (აშშ-ის სახდეპარტამენტის მოხსენების მიხედვით) და იმ მიზეზებს, თუ რატომ აძლევენ უპირატესობას მეზობელი აზერბაიჯანის ახალგაზრდები საქართველოს უმაღლეს სასწავლებელებში ცოდნის დაუფლებას (ავტორი – გიორგი ლებანიძე).

——

რადიორეპორტაჟში საუბარია აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების მიზეზებზე, მასში რუსეთის საჯარისო ფორმირებებისა და ჩრდილოკავკასიელი მოხალისეების მონაწილეობაზე, კონფლიქტის შედეგებზე როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისათვის. რეპორტაჟში ხაზგასმულია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება 2008 წელს რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით მოახდინა.

დღეს მთავარი კითხვაა – გახდება თუ არა საქართველო აფხაზებისთვის მიმზიდველი?

კორესპონდენტი ესაუბრება რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ლევან ბერძენიშვილს: „ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარმატებებს მიაღწევს საქართველო. ჯერ-ჯერობით, კონფლიქტიდან 25 წლის შემდეგ, მე ვერ ვიტყვი, რომ საქართველო წინ ისე წავიდა, რომ ჩვენმა ძმებმა აფხაზებმა ინატრონ – რა განვითარებული და მეგობრული საქართველო დავტოვეთო. თუ შეიქნება უკეთესი სიტუაცია რუსეთთან შედარებით არა მხოლოდ დემოკრატიის, არამედ ცხოვრების დონის მიხედვითაც, მაშინ ეს ფაქტორი აფხაზების განწყობაზე გავლენას მოახდენს“, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

——-

რუსეთის მხრიდან ტურისტებისა და ტვირთების მოზღვავებამ საქართველოს სამხედრო გზაზე მრავალკილომეტრიანი საავტომობილო „საცობები“ გამოიწვია. რადგანაც საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი სხვა სატრანსპორტო კომუნიკაციები, კონფლიქტების გამო, არ ფუნქციობენ,  ერთადერთი ავტომაგისტრალი ძალიან არის გადატვირთული – ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან უსასრულო რიგია შექმნილი. საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, მგზავრების დასახმარებლად, გზაზე საველე ჰოსპიტალი გაეხსნა, სასწრაფო დახმარების გაწევის მიზნით. ასევე მოქმედებს რუსეთის (ჩრდილო ოსეთის) ხელისუფლებაც, რომელიც ექსტრემალურ ვითარებაში მოხვედრილ ადამიანებს ჰუმანიტარული დახმარებას უწევს. მართალია, საკონტროლო-გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით მუშაობს, მაგრამ მისი გამტარუნარიანობა არასაკმარისი აღმოჩნდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს სამხედრო გზა კარდინალურად არასაკმარისია რუსეთთან გაფართოებული ეკონომიკური ურთიერთობების უზრუნველსაყოფად, ხელისუფლებამ სხვა კომუნიკაციები უნდა ეძებოს, მაგრამ პრობლემის სისტემური მოგვარება, გასაგები მიზეზების გამო, ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

——-

ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ გამოქვეყნა იმ რუსული კომპანიების სია, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ და იმავდროულად საქართველოს კანონს „ოკუპაციის შესახებ“ არღვევენ, ანუ უკანონოდ დებენ ინვესტიციებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. დამრღვევთა შორისაა დიდი კომპანიები „როსნეფტი“, საავტომობილო კომპანია „გაზ“, „ინტერ-რაო“, „იანდექს-ტაქსი“ და სხვები. ისინი საქართველოშიც წარმატებით საქმიანობენ და ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. მთავარი კითხვა კვლავ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პასუხის გარეშე რჩება: რატომ ვერ ბედავს მთავრობა ამ კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, როცა კანონის დარღვევის ყველა ფაქტი სახეზეა? დამკვირვებლების აზრით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ძალიან უფრთხილდება რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს (ვაჭრობას, ტურიზმის განვითარებას), საიდანაც ბოლო დროს ქვეყანა მნიშვნელოვან ფინანსურ შემოსავლებს იღებს. რასაკვირველია, ეს ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის კურსის განმტკიცებას და ეკონომიკურ წინსვლას.

——-

გასულ კვირას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური მოხსენება მსოფლიოს ქვეყნებში რელიგიური სიტუაციის შესახებ, მათ შორის საქართველოშიც. დოკუმენტში აღნიშნულია: მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია მოქალაქეების რწმენის თავისუფლებას უზრუნველყოფს და ყველა რელიგია საქართველოში თანასწორია, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, სხვებთან შედარებით, მნიშვნელოვანი პრივილეგიებით სარგებლობს. ბოლო დროს ქართული ეკლესია ოპოზიციონერთა კრიტიკის ცენტრში მოექცა არამარტო ფინანსური პრივილეგიების, არამედ რუსეთთან კონტაქტების გამო – ქართულ ეკლესიას რუსეთუმედ მიიჩნევენ. ამასთან დაკავშირებით „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტს ესაუბრება რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი:

„მე ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში მწვავედ ვაკრიტიკებდი საქართველოს ეკლესიის მაშინდელ და დღევანდელ პატრიარქს, რომელმაც 1994 წელს რუსეთის თავდაცვის მინისტრი პავლე გრაჩოვი მონათლა. შეგახსენებთ, რომ ეს ის გრაჩოვია, რომელიც აფხაზეთში რუსების ჯარების სამხედრო მოქმედებებს ხელმძღვანელობდა საქართველოს წინააღმდეგ… გარდა ამისა, პატრიარქი ხშირად მოიხსენიებს მეგობრად ვლადიმერ პუტინს, ხოლო რუსულ ეკლესიას ქართული ეკლესიის პარტნიორად მიიჩნევს. ანუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულ უფრო მეტად ხდება რუსეთის ხელისუფლების დასაყრდენი საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა სასულიერო მოღვაწე კრემლის აგენტია, უფრო სწორად, კრემლის გავლენის გამტარებელი აგენტები. ქართულ ეკლესიაში საკმაოდ ბევრი წესიერი ადამიანია, მაგრამ სინოდის წევრთა დიდი ნაწილი, მაღალ იერარქთა დიდი ნაწილი, კათოლიკოს-პატრიარქის მეთაურობით, პრაქტიკულად გამოდის საქართველოს დასავლური კურსის წინააღმდეგ. ქართული ეკლესია ანტიდასავლურობას აჟღავნებს, რაც პრორუსულ ორიენტაციას ნიშნავს“, – აცხადებს დავით ბერძენიშვილი ინტერვიუში.

სხვათა შორის, ასეთი მკვეთრი კრიტიკული გამონათქვამები პატრიარქის წინააღმდეგ, რომელიც საზოგადოებაში ურყევი ავტორიტეტით სარგებლობს, ადრე არცერთ პოლიტიკოსს არ გაუჟღერებია. როგორც ჩანს, ქართული ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა იმ სკანდალის შედეგია, რომელიც უმაღლესი იერარქიის ერთ-ერთი წარმომადგენლის – მამა გიორგი მამალაძის დაპატიმრებამ გამოიწვია, პატრიარქის მოწამვლის მცდელობის ბრალდებით.

——

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ გამოაქვეყნა აზერბაიჯანელი სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ცოდნა-განათლებას ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ეუფლებიან – მათი რაოდენობა დღეს 2650-ს აღწევს. სწორედ მეზობელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდა მოქალაქეებს უკავიათ პირველი ადგილი საქართველოში ცოდნის მისაღებად ჩამოსულ უცხოელებს შორის. როგორც თსუ-ს პროფესორი კახა გაბუნია ამბობს „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ ჟურნალისტთან საუბარში, აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ინტერესი ქართული უმაღლესი სასწავლებლების მიმართ ობიექტური ფაქტორებით აიხსნება: „პირველი – ამ შემთხვევაში გავლენას ახდენს ძველი ტრადიცია, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში ჩამოყალიბდა – თბილისის უმაღლესი სასწავლებლები რეგიონში ყველაზე პრესტიჟულად ითვლებოდნენ; მეორე – ბაქო საკმაოდ ძვირი ქალაქია ყველა თვალსაზრისით“. გარდა ამისა, საქართველომ სამხრეტ კავკასიაში ერთერთმა სახელმწიფომ, ხელი მოაწერა შეთანხმებას ევროკავშირთან ასოცირების თაობაზე, შეუერთდა ბოლონიის პროცესსაც, აქედან გამომდინარე, საქართველოში ბაკალავრის წოდებამიღებულ ახალგაზრდას თავისუფლად შეუძლია სწავლის გაგრძელება ევროპის უმაღლეს სასწავლებელების მაგისტრატურაში.

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 20 აგვისტო, 2017 წელი

http://www.bbc.com/russian/features-40987171

ქართული სკოლების ბედი სამხრეთ ოსეთში: რუსულ ენაზე სწავლების საფრთხე

სტატიაში განხილულია საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში – ე.წ. სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარება ქართულ სკოლებთან დაკავშირებით: „ახალი სასწავლო წლის დაწყებისას სამხრეთ ოსეთში არსებული ქართული სკოლები რუსულ ენაზე და რუსულენოვანი სწავლების პროგრამაზე გადადიან. მშობლიურ ქართულ ენას ქართული სკოლების მოსწავლეები ცალკე საგნის სახით შეისწავლიან“, – ნათქვამია მასალაში (ავტორი – ნინა ახმეტელი).

„საკითხი ეხება იმ ქართულ სკოლებს, რომლებიც ახალგორის [რომელსაც ოსი სეარატისტები კვლავ ლენინგორს უწოდებენ] რაიონში მდებარეობენ. ამ რაიონს 2008 წლის აგვისტოს ომამდე თბილისი აკონტროლებდა. საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის გეგმებს დისკრიმინაციულად მიიჩნევს და შიშობს, რომ მშობლიურ ენაზე სწავლის შეზღუდვა იქ დარჩენილ ქართულ მოსახლეობას მშობლიურ ადგილების დატოვებას აიძულებს“, – აღნიშნავს ავტორი.

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ განათლების სისტემის წარმომადგენელთა თვალსაზრისი: „ერთიან სასწავლო პროგრამაზე გადასვლა ეტაპობრივად განხორციელდება. თავდაპირველად ეს შეეხება დაწყებით კლასებს. ეთღნიკურ ქართველებს ექნებათ თავიანთი მშობლიური ენა ისწავლონ. ჩვენ არანაირად არ ვზღუდავთ ქართული ენის სწავლებას. უბრალოდ, გადავდივართ რუსულ სისტემაზე“, – ამბობს „სამხრეთ ოსეთის“ განათლების მინისტრი ნატალია გასიევა. „დღემდე ქართულ სკოლებში საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო წიგნებით სარგებლობდნენ, ახლა კი დაწყებითი კლასები რუსულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გადავლენ“, – განმარტავს ლენინგორის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი ფილიპე ხაჩიროვი. რაც შეეხება ქართული სკოლების პედაგოგების ბედს, მისი თქმით, მასწავლებლები გაივლიან გადამზადებას, ატესტაციას. ყველაფერი დამოკიდებული იქნება მათ პროფესიონალიზმზე.

სტატიის ავტორი ესაუბრება „სამხრეთ ოსეთის“ პროქართული ადმინისტრაციის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელს სოსო ცოტნიაშვილს, რომლის თქმით, ცხინვალის ხელისუფლებამ 12-წლიანი საშუალო განათლება აკრძალა და შემოიღო 11-წლიანი სწავლება – ანუ ისეთი, როგორიც ამჟამად რუსეთშია. დაუშვებელია აგრეთვე ისტორიის სწავლება ქართული სახელმძღვანელოებით“.

პუბლიკაციაში ციტირებულია აგრეთვე სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებები: იგი ახალგორის ქართული სკოლების მდგომარეობას აფხაზეთის გალის რაიონის სკოლების მდგომარეობას ადარებს, სადაც ასეთივე დისკრიმინაცია ხდება. მისის ტქმით, საქართველო ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს საერთაშორისო მასშტაბით და პარტნიორების დახმარებით, რათა სიტუაცია გაუმჯობესდეს.

პაატა ზაქარეიშვილი (ყოფილი სახელმწიფო მინისტრი) „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში ამბობს, რომ ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვა ახალგორიდან იქ მყოფი ეთნიკური ქართველების მიგრაციას გამოიწვევს. იგი თვლის, რომ „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო ხელისუფალთა გადაწყვეტილება არაშორსმჭვრეტელურია. „მათ ქართველებს რუსულ ენა კი არ უნდა ასწავლონ, არამედ თავიანთ ხალხად უნდა მიიჩნიონ. ეს მათი დიდი შეცდომაა – ისინი არ ენდობიან იმ ქართველებს, რომლებიც ომის შემდეგ იქ დარჩნენ და ლოიალურად არიან [სეპარატისტული] ხელისუფლებისადმი განწყობილი.

2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ახალგორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 855 ქართველები იყვნენ (6520 ადამიანი). 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რაიონი დატოვა. Crisis Group-ის 2010 წლის მოხსენების თანახმად, სამხრეთ ოსეთში დაახლოებით 2500 ეთნიკური ქართველია დარჩენილი. მათი უმრავლესობა ახალგორში ცხოვრობს და დღესაც მთელი მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული აღწერის მიხედვით, ახალგორში [ლენინგორში] ამჟამად 2337 ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, რაც რაიონის მოსახლეობის 55%-ს შეადგენს.

Comments are closed