globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 21 სექტემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Sep 21st, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრები გაეროში

«TV TRT» (თურქეთი): ბათუმში თურქული სკოლა გაიხსნა (ფაქტი და კომენტარი)

«Новое время» (სომხეთი): სომხეთი: თავისუფლების მძიმე ტვირთი // ურთიერთობა საქართველოსთან 1918-1919 წლებში

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 21 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/unga-day-2/3517987.html

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი და შეხვედრები გაეროში

თეა თუაშვილი

გაეროს შტაბ-ბინაში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროს მხარეებმა მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებზე და ამერიკა-საქართველოს შორის სამხედრო და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ისაუბრეს. როგორც შეხვედრის დროს აღინიშნა, აშშ-ის მთავრობა დაინტერესებულია, რომ საქართველოში არჩევნები მშვიდ გარემოში, თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარდეს.

„საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, უზრუნველყოს დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი არჩევნები და მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით, საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი მოიწვიოს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. საუბრის მთავარი თემები იყო აგრეთვე აშშ-საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარება, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, საქართველოს დასავლური კურსი და ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-ის მხარდაჭერას განსაკუთრებულად აფასებს.

არჩევნების თემას გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან შეხვედრაზეც შეეხო. მისი თქმით, არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო დემოკრატიულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში იქნება.

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეფასებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რომელმაც ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი წარმატებით შეასრულა. ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრი ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდა, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ჯეკობ ზუმას თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ პარტნიორობის დაარსებიდან დღემდე გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. “ჩვენ წამოვიწყეთ ინფორმაციის თავისუფლების რეფორმა, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ღია მონაცემებზე და ეროვნული არქივების ხელმისაწვდომობაზე“,- აღნიშნა ქართველმა ლიდერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრო პრეზიდენტ ბარაკ ობამას და მიშელ ობამას სახელით გამართულ ყოველწლიურ მიღებას, რომელიც სახელმწიფოთა მეთაურების საპატივცემულოდ იმართება.

გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის გენერალური დებატები დილის 9 საათიდან გაიხსნა. თუმცა პრეზიდენტ ბარაქ ობამას დაგვიანების გამო ცვლილებები შევიდა დელეგაციათა დღის წესრიგში. გადაიდო საქართველოს პრემიერ-მინისტრის და გაეროს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის შეხვედრაც. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე კი დღეს, 21 სექტემბერს, ნიუ-იორკის დროით 19 საათსა და 30 წუთზე შედგება.

«TV TRT» (თურქეთი), 20 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.trt.net.tr/georgian/regioni-da-sak-art-velo/2016/09/19/bat-umshi-t-urk-uli-skola-gaixsna-573172

ბათუმში თურქული სკოლა გაიხსნა

ბათუმში მცხოვრები თურქი მოქალაქეების ბავშვებისათვის თურქული საჯარო სკოლა გაიხსნა. სკოლის დირექტორის მეჰმედ კაბაქჩის განცხადებით, 4-სართულიანი სკოლა განთავსებულია 5200 კვ. მეტრზე და მას გააჩნია 24 საკლასო ოთახი, 3 ლაბორატორია, სამხატვრო და მუსიკის კლასები, სპორტული დარბაზი და მრავალფუნქციური სალონი.

სკოლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში იასინ თემიზქანმა ყურადღება გაამახვილა 15 ივლისის პუტჩის მცდელობაზე და მისი მხრიდან გამოწვეულ ნეგატიურ მოვლენებზე. მან აღნიშნა, რომ [ფეთჰულა გიულენის სკოლებში] ტერორისტული ორგანიზაცია „ფეტო“ ბავშვების ტვინის გამორეცხვით სამშობლოს წინააღმდეგ ამხედრებდნენ, ამიტომაც ისეთ სახელმწიფო სკოლებს, რომელიც დღეს გაიხსნა, დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მშობლების მიმართ ერთი თხოვნა მაქვს: მიხედეთ თქვენს ბავშვებს, ნუ დაუშვებთ მათ ჩაგდებას ბოროტი ადამიანების ხელში. ჩვენი პრინციპები ნათელია: ჩვენ მივუყვებით თურქი ხალხის მთავარი მასწავლებლის, ათათურქის პრინციპებს და მის ეროვნულ ფასეულობებს, სხვა არავის აზროვნება არ გვჭირდება. ჩვენ ჩვენი თანამდებობები და დროშები უნდა გადავცეთ ჩვენს ბავშვებს, რათა მათ უფრო წინ წაიყვანონ ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა იასინ თემიზქანმა.

გენერალური კონსულის თქმით, თურქეთი მსოფლიოს წამყვან ქვეყანას წარმოადგენს და სომალიდან დაწყებული ავღანეთით დამთავრებული, ყველანაირ დახმარებებს უწევს გაჭირვებულ ქვეყნებს და ხალხებს. აქედან გამომდინარე, თურქეთს განათლებული ახალგაზრდები სჭირდება.

————-

შენიშვნა:

ბათუმის მერია ახალი თურქული სკოლისგან, რომელიც ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ გაიხსნა, მშენებლობის ნებართვას ითხოვს. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სამშენებლო ნებართვის უქონლობის გამო სკოლა რამდენჯერმე დააჯარიმა, მათ შორის სამმაგი ჯარიმის ოდენობით – 9 000 ლარით.

როგორც ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა ირაკლი მოქიამ განაცხადა, უნებართვო მშენებლობის გამო ორგანიზაცია რამდენჯერმე დაჯარიმდა და თავის დროზე სააღსრულებლო ბიუროს მშენებლობის შეჩერების მოთხოვნაც გაეგზავნა.

„უნებართვოდ განხორციელებულ მშენებლობაზე დაიწერა მითითება და მიეცათ გარკვეული ვადა გამოსასწორებლად. ვადის გასვლის შემდეგ შედგა ობიექტის შემოწმება და დადგინდა, რომ მშენებლობის ნებართვა არ ჰქონდათ. უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის გამო სკოლა დაჯარიმდა 3 000 ლარით და იძულებით შეჩერების მოთხოვნა გაეგზავნა სააღსრულებო ბიუროს. ერთი თვის შემდეგ დაერიცხათ საურავი 3 000 ლარის ოდენობით. სამი თვის შემდეგ ისევ ვერ წარმოადგინეს ნებართვა და უკვე სამმაგად დაჯარიმდა – 9 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნა ირაკლი მოქიამ. მისივე განმარტებით, ბოლო დაჯარიმებიდან თითქმის სამი თვეა გასული და იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველობის სამსახურს სამშენებლო ნებართვას ვერ წარუდგენენ, მერია სკოლის დემონტაჟს მოითხოვს. „ბოლო დაჯარიმებიდან თითქმის სამი თვეა გასული და ამ ვადის გასვლის შემდეგ კიდევ 9 000 ათასი ლარით დაჯარიმდება. კიდევ ერთი თვის შემდეგ მესამე სამმაგი დაიწერება და სააღსრულებლო ბიუროს გადაეცემა საქმე. თუ კიდევ ვერ წარმოადგენს ნებართვას, ავტომატურად ნიშნავს, რომ შენობა დემონტაჟს ექვემდებარება“, – აღნიშნა ირაკლი მოქიამ.

წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/397984

«Новое время» (სომხეთი), 20 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.nv.am/lica/53228-2016-09-20-06-09-45

სომხეთი: თავისუფლების მძიმე ტვირთი

ურთიერთობა საქართველოსთან 1918-1919 წლებში

21 სექტემბერს სომხეთი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს – 25 წლის წინათ, 1991 წელს ჩატარდა რეფერენდუმი საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან სომხეთის გამოსვლისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენის თაობაზე. ამ თარიღთან დაკავშირებით გაზეთმა „ნოვოე ვრემიამ“ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, რომელშიც სომხეთის უახლესი ისტორიის – მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედის მოვლენებია განხილული, განსაკუთრებით კი პირველი რესპუბლიკის არსებობის პერიოდი – 1918-1920 წლები. სტატიაში გამოყენებულია ფრაგმენტები იტალიელი მწერლის ჯოვანი გუაიტის წიგნიდან „1700-წლიანი ერთგულება. სომხეთისა და მისი ეკლესიის ისტორია“. ბუნებრივია, მასში საქართველოცაა მოხსენიებული.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

„1918 წლის 9/22 აპრილს ამიერკავკასიის სეიმმა (საკანონმდებლო ორგანომ), რომელმაც ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების აღიარებაზე უარი განაცხადა, მიიღო გადაწყვეტილება საბჭოთა რუსეთის შემადგენლობიდან გამოსვლისა და ამიერკავკასიის ფედერაციულ-დემოკრატიული რესპუბლიკის (აფდრ) შექმნის შესახებ. თურქეთმა (ოსმალეთის იმპერიამ) ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბება დაუყონებლივ აღიარა. ამიერკავკასიის რესპუბლიკის პირველი ნაბიჯი იყო თურქეთთან ურთიერთობის მოგვარება: აფდრ-ის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის, ეროვნებით ქართველი აკაკი ჩხენკელის „კეთილი ნებისა და დიალოგის მზაობის“ გამომხატველი გადაწყვეტილების თანახმად, კავკასიის ფრონტის სომხური კორპუსის მეთაური, გენერალი თოვმას ნაზარბეკიანი იძულებული იყო თურქებისათვის ყარსი დაეთმო და უკან დაეხია. თუმცა თურქები ამ დათმობამ ვერ შეაჩერა და მათ ალექსანდროპოლიც (გიუმრი) დაიკავეს.

ამიერკავკასიის ხალხებში განხეთქილებაა: ქართველები თვლიან, რომ უკეთესი იქნება თურქებთან კომპრომისზე წასვლა და მოლაპარაკება, აზერბაიჯანელები მხარს თურქებს უჭერენ. მეზობლებისაგან მიტოვებული სომხები მტრის პირისპირ რჩებიან. უდიდესი ენერგიისა და ძალების მობილიზების ფასად, 24 მაისს სარდარაპატთან გამართულ ბრძოლაში სომხებმა გაიმარჯვეს და თავიანთი დედაქალაქი ერევანი თურქებისაგან დაპყრობას გადაარჩინეს.

ამასობაში, ამიერკავკასიში შემოსული გერმანელები ქართველებს სთავაზობენ, რომ სეიმი დატოვონ და ცალკე დამოუკიდებელი რესპუბლიკა გამოაცხადონ, გერმანიის მფარველობით, რასაც ქართველები აკეთებენ და 26 მაისს დამოუკიდებლობას აცხადებენ. 27 მაისს სეიმიდან აზერბაიჯანელებიც გავიდნენ. სომხები კვლავ მარტო რჩებიან და იძულებულნი ხდებიან მათაც დამოუკიდებლობა გამოაცხადონ. 4 ივნისს ბათუმში მიმდინარე მოლაპარაკების დროს ხელი მოეწერა თურქეთთან ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, სომხეთმა მიიღო 12000 კვ.კმ. ერევნისა და სევანის ტბის რაიონში მდებარე ყველაზე უდაბური ადგილები, დანარჩენი კი თურქეთმა და აზერბაიჯანმა დაინაწილეს. რა თქმა უნდა, ზავის პირობები ძალიან ცუდი იყო: სომხეთს არანაირი რესურსები არ გააჩნდა, ერევანი და სხვა ქალაქები სავსე იყო ოსმალეთიდან გენოციდის გამო გამოქცეული ლტოლვილებით, სომხური კულტურის და ვაჭრობის ცენტრები ძირითადად საზღვარგარეთ აღმოჩნდა, მაგალითად, თბილისი და ბათუმი. ერევანი იმ დროს მხოლოდ პროვინციულ ქალაქს წარმოადგენდა. ახალგაზრდა რესპუბლიკას არ ჰქონდა ზღვაზე გასასვლელი, ხოლო ქართველები – სხვათა შორის, ერთადერთი ქრისტიანი მეზობლები, ხელს უშლიან და აჩერებენ ამერიკიდან გამომგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების სომხეთში ჩატანას („ერევნისკენ მიმავალი რკინიგზის რემონტი დავიწყეთო“). საქართველო რკინიგზას ბლოკავს, პარალელურად აზერბაიჯანი სომხეთზე ზეწოლას ახდენს (ყარაბაღისა და ზანგეზურის გამო) და ნავთობის მიწოდებას წყვეტს. სომხეთმა კარგად იცის, რომ თუ [პროტესტის ნიშნად] საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობას გაწყვეტს, ეს სიტუაცია დაუყონებლივ აისახება ნეგატიურად მეზობელ რესპუბლიკებში მცხოვრები სომხების მიმართ.

პირველ მსოფლიო ომში თურქეთის დამარცხების შემდეგ, მუდროსის ხელშეკრულებით (1918 წლის 31 ოქტომბერს), სომხეთს 10 ათასი კვ.კმ. ტერიტორია უბრუნდება, მაგრამ ამ დროს ქართველებმა ახალქალაქი დაიკავეს. 1918 წლის დეკემბერში ქართული და სომხური არმიები ერთმანეთთან ბრძოლას იწყებენ და მათი დაზავება მხოლოდ ინგლისელების ჩარევით ხდება. იმავე ხანებში საქართველოში მცხოვრები სომხების მიმართ მკაცრი რეპრესიები იწყება: ხდება დაპატიმრებები, დევნა, ჩხრეკა, გაზეთების დახურვა… საქართველოს ხელისუფლება იმ მიზნით, რომ თბილისში სომხებისა და რუსების რაოდენობა შეამცირონ (ისინი ქართველებზე აშკარად მეტნი იყვნენ), 1919 წლის დასაწყისში ღებულობს გადაწყვეტილებას მათი გასახლების თაობაზე – 4000 სომეხი ქუთაისში გადადის, უფრო მეტი კი საქართველოს ტოვებს და სომხეთში მიდის“.

————

სტატიაში საუბარია აგრეთვე სომხეთის დამოუკიდებლობის დაკარგვაზე 1920 წელს, ყარსის ხელშეკრულებაზე, საბჭოთა სომხეთის მდგომარეობაზე სსრ კავშირის შემადგენლობაში და ა.შ.

Comments are closed