globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 21 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 21st, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«EurAsia Daily» (რუსეთი): როგორ შეეცადა ქართველი ელჩი სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში განხეთქილების შეტანას

«Lragir» (სომხეთი): ინტერვიუ ვან ბაიბურდთან: „არავინ არ იოცნებოს საქართველო-სომხეთის ურთიერთობებში განხეთქილების შეტანაზე“

—————-

«EurAsia Daily» (რუსეთი), 21 სექტემბერი, 2017 წელი

https://eadaily.com/ru/news/2017/09/20/gruzinskiy-posol-popytalsya-possorit-armeniyu-s-rossiey

როგორ შეეცადა ქართველი ელჩი სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში განხეთქილების შეტანას

სტატიაში კომენტირებულია ერევანში საქართველოს ელჩის გიორგი საგანელიძის მიერ 20 სექტემბერს გამართული პრეს-კონფერენცია და ქართველი დიპლომატის მიერ გაკეთებული განცხადებები. სტატია სარედაქციოა: მასში გამოხატულია რუსეთის საინფორმაციო სააგენტო  EADaily-ის „ამიერკავკასიის რედაქციის“ თვალსაზრისი.

გთავაზობთ მასალას მცირე შემოკლებით:

„სამხრეთკავკასიურმა შემოდგომამ პოლიტიკური ვნებათაღელვა მოიტანა: ერევანში სრულიად სომხური დიასპორის მე-6 მსოფლიო ფორუმის მიმდინარეობის დროს საინტერესო ფაქტი მოხდა: საქართველოს ელჩმა გიორგი საგანელიძემ პრეს-კონფერენცია გამართა. ეს ღონისძიება სომხეთის მოსახლეობისათვის შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა ქართველი დიპლომატის სომეხ ჟურნალისტებთან  შეხვედრის თემატიკა – „ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში) შექმნილი თანამედროვე სიტუაცია“.

ელჩმა თავისი 20-წუთიანი გამოსვლა ქართველ-სომეხი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის აღნიშვნით დაიწყო, შემდეგ თავარ თემაზე გადავიდა და ჟურნალისტებს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. ოკუპაციის შესახებ ესაუბრა, რომელიც თურმე 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ქართველი ელჩის მიერ გაჟღერებული ფორმულირება იმის თაობაზე, რომ 1990-იან წლებში საქართველოში მცხოვრებ ხალხებთან არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, ხოლო 2008 წლის ამბებში მხოლოდ რუსეთია დამნაშავე, რომელმაც თურმე საქართველოს ტერიტორიების „ოკუპაცია“ მოახდინა. გიორგი საგანელიძის თქმით, არსებობს დოკუმენმტები, რომ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში რეალური ხელისუფლება რუსეთის ხელში იყო და სწორედ ამიტომ მოსკოვმა ხსენებულ რეგიონებში სამხედრო ბაზები დაუბრკოლებლად განალაგა. ამასთან, ელჩის მტკიცებით, „რუსეთი თავის შემადგენლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტეგრირებას ახდენს, ხდება საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია – ადმინისტრაციული საზღვრის გადატანა ქვეყნის სიღრმეში, ანუ ბორდერიზაცია“. მოკლედ, იმის ნაცვლად, რომ პრეს-კონფერენციაზე ელჩს საქართველო-სომხეთის ურთიერთობის პრობლემებზე, საკითხებზე და გამოწვევებზე ელაპარაკა, მან სომეხ ჟურნალისტებს რუსეთის ოკუპაციაზე დაუწყო საუბარი, თუ როგორ ცუდად ცხოვრობენ აფხაზები და ოსები „რუსი ოკუპანტის ჩექმის ქვეშ“.

გამოდის, რომ დამოუკიდებელი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მანდატში, სომხეთთან მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის გაღრმავებასთან ერთად, არის კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი (და შესაძლოა, ფარული) პუნქტიც, რომელიც სომხური საზოგადოებისათვის პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის „ჭეშმარიტი მიზნების“ განმარტებას ითვალისწინებს. როგორც ჩანს, სამხრეთ კავკასიაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ელჩის მანდატში ეს ფარული პუნქტი უფრო მეტ დატვირთვას იძენს. უფრო მეტიც – შეიძლება ვთქვათ, რომ  მსგავსი პროვოკაციული განცხადებები ერევანში საქართველოს ელჩის მუშაობის მთავარი მიმართულებაა, ანუ არა იმდენად მეგობრობისა და ხიდების გადების მცდელობა საქართველო-სომხეთის ურთიერთობაში, რამდენადაც განხეთქილების შეტანა სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ კავშირებში. არადა, სომხეთისათვის უფრო მნიშვნელოვანი სწორედ რუსეთთან ურთიერთობაა, ვიდრე ისეთ არაკეთილსაიმედო მეზობელთან (საქართველოსთან), რომელიც ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, წლითი-წლობით აღრმავებს სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტაქტებს სომხეთის მოსისხლე მტრებთან – აზერბაიჯანთან და თურქეთთან.

ელჩის განცხადებებიდან ჩანს, რომ სომხეთისა და რუსეთის ერთმანეთთან მეგობრობა არ შეიძლება, მაგრამ თბილისის მეგობრობა სომხეთის მოწინააღმდეგეებთან შეიძლება, თანაც იმის განმარტებებით, თუ რა ცუდი სახელმწიფოა რუსეთი. ამ ფონზე არ შეიძლება არ გავიხსენოთ საქართველოს მიერ ამას წინათ გაკეთებული ერთმანეთის გამომრიცხავი [არამეგობრული] განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა სომხეთმა ნატოს სამხედრო წრთვნებში. ჰოდამ საქართველოს ხელისუფლების განცხადებების ფონზე ზოგიერთმა ქართულმა გაზეთმა დაწერა, რომ სომხეთის მთავრობას „კრემლის ხელი მართავსო“, რომელმაც ერევანს დასავლელ პარტნიორებთან სამხედრო წრთვნებში მონაწილეობა აუკრძალა.

ქართული მხარის ამგვარი გააქტიურება გვაფიქრებინებს: მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ბევრადაა რუსეთზე დამოკიდებული სავაჭრო-ეკონომიკურად (და ფინანსურადაც), თბილისი მაინც ვერ ისვენებს, სანამ რუსეთს სამხრეთ კავკასიაში გავლენის ბერკეტები აქვს. რასაკვირველია, ყველამ იცის, რომ მოსკოვის საყრდენს სამხრეთ კავკასიაში სწორედ სომხეთი წარმოადგენს. შესაბამისად, ოფიციალურ ერევანს აქვს უფლება პასუხი მოჰკითხოს ქართველ მაღალჩინოსან დიპლომატს ანტირუსული განწყობების გაღვივების საკითხში.

«Lragir» (სომხეთი), 21 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/interview/view/58202

ინტერვიუ ვან ბაიბურდთან: „არავინ არ იოცნებოს საქართველო-სომხეთის ურთიერთობებში განხეთქილების შეტანაზე“

ინტერვიუში საქართველოს სომხურენოვან გაზეთ „ვრასტან“-ის („საქართველო“) მთავარი რედაქტორი ვან ბაიბურდი „ლრაგირის“ კორესპონდენტ სირანუშ პაპიანთან ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე და მის პერსპექტივებზე საუბრობს.

გთავაზობთ მასალას მცირე შემოკლებით:

- ბატონო ვან, როგორ შეაფასებდით იმ ფაქტს, რომ სომხეთმა უარი თქვა საქართველოში გამართულ ნატოს სამხედრო წრთვნებში მონაწილეობაზე?

- ჯერ ისაა გასარკვევი, წარადგინა თუ არა სომხეთმა განაცხადი სამხედრო წრთვნებში მონაწილეობაზე. რამდენადაც მე ვიცი, სომხეტს განაცხადი არ წარუდგენია. გასარკვევია, რატომ გაჩნდა ეს პრობლემა, ვისთვისაა მომგებიანი იმის ჩვენება, რომ სომხეთი უარს აცხადებს ნატოს მანევრებში მონაწილეობაზე. ვიღაცას შეუძლია იმით ტრაბახი, რომ სომხეთი მის ხელშია და წრთვნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს, ანუ იმ ქვეყანას, რომელმაც ოთხი წლის წინათ სომხეთი აიძულა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე უარი ეთქვა იმ მომენტში, როცა ერევნის დელეგაცია უკვე ბრიუსელში გასამგზავრებლად ემზადებოდა.

- თქვენ მხედველობაში გაქვთ რუსეთი?

- არ ვიცი, ოფიციალურად რუსეთი არ სახელდება, მაგრამ „ვიღაც“ ტრაბახობს, რომ მის ნებას ემორჩილებიან. ახლაც, ალბათ, იმ „ვიღაცას“ დაჭირდა, რომ აჩვენოს – სწორედ მან ათქმევინა უარი სომხეთს წრთვნებში მონაწილეობაზე. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში სომხეთის დადანაშაულება არ ღირს.

- მაგრამ სომხეთი ხომ საქართველოში გამართულ წრთვნებში ადრეც მონაწილეობდა? იმ დროს რუსმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ თუ პროცესები ასე განვითარდება, მაშინ ნატოს  სომხების თურქებთან და აზერბაიჯანელებთან შერიგება მოუწევსო…

- ვფიქრობ, სომხეთის წრთვნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით რეაქცია „მოსკოვ-ბაქო-კავკასიის“ კონფერენციაზე შემუშავდა. როგორც ჩანს, იქ სომხეთისათვის რაღაცის თქმა უნდოდათ, მაგრამ იმპერიის დრო უკვე ჩაიარა. ამ მხრივ თვალსაჩინოა ბრიტანეთის იმპერიის მაგალითი, რომელმაც თავისი არსებობა ავსტრალიის საქმეებში ჩაურევლობით შეწყვიტა. ის იმპერიები, რომლებიც არსებობის შენარჩუნებას სხვადასხვა ფორმით ცდილობენ, განწირულები არიან. შეხედეთ, დსთ-საგან არაფერი გამოვიდა. იგივე ბედი ეწევა ევრაზიულ კავშირსაც.

- როგორ აფასებთ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელ ეტაპს იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია, საქართველოს კი ხელი აქვს მოწერილი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე?

- ისტორიულად ჩვენ ყოველთვის სხვადასხვა ბანაკებში ვიყავით. იყო დრო, როცა საქართველო ბიზანტიის იმპერიის მფარველობა-გავლენის სფეროში შედიოდა, ხოლო სომხეთი – სპარსეთის შემადგენლობაში, თუმცა სომხეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა მტრული არასდროს ყოფილა, რადგან მათ შორის ახლო ნათესაური კავშირები არსებობდა. სომხეთი და საქართველო, ვიღაც ოკუპანტების სახელით, ერთმანეთის წინააღმდეგ არ გამოვლენ. არავინ იოცნებოს სომხებსა და ქართველებს შორის განხეთქილების შეტანაზე. ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობა გენეტიკურ კოდში გვაქვს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ყოველთვის ამბობს, რომ კავკასიაში ორი ქრისტიანული კუნძულია – საქართველო და სომხეთი. როგორც კი ჩვენ ერთმანეთს დაგვაშორებენ, ორივე სახელმწიფო გაქრება. ისლამური სარტყელის მიმართ წინააღმდეგობის გასაწევად, რაზედაც უკვე ლაპარაკობენ, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ.

- თქვენი აზრით, როგორია დღეს სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური კავშირები?

ამ ეტაპზე სომხეთი და საქართველო სხვადასხვა ეკონომიკურ ზონაში იმყოფებიან. ალბათ, ეს კარგია იმისათვის, რომ დავინახოთ, რომელი მოდელი უფრო ეფექტურად მუშაობს. სომხეთმა თავისი გზა აირჩია. გასაგებია, რომ ევრაზიული კავშირის წევრობას მსოფლიოში ცუდ ტონად, არაპრესტიჟულად თვლიან, თუმცა მე ის ცუდ ორგანიზაციად არ მიმაჩნია. ისე კი, მოდით მოვითმინოთ და ვნახოთ, რა დარჩება ევრაზიული ეკონომიკური კავშირისაგან 5 წლის შემდეგ.

- თქვენ იმედოვნებთ, რომ სომხეთი გონს მოეგება და ევრაზიული კავშირიდან გამოვა?

- თუ ეკონომიკა უფსკრულში ვარდნას დაიწყებს, მაშინ, რა თქმა უნდა, სომხეთი თავის ინტერესებს ევრაზიულ კავშირს არ შეწირავს. და თუ ცხოვრება აჩვენებს, რომ ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება, მაშინ  შესაძლოა საქართველომაც მოისურვოს მასში გაწევრიანება. არ ღირს იმ ქვეყნების კრიტიკა, რომლებმაც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ყველამ კარგად იცის დასავლეთის ნეგატიური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, მაგრამ მე სანქციების მოწინააღმდეგე ვარ. გავიხსენოთ, რომ მე-11 – მე-12 საუკუნეებში ბიზანტია სწორედ ამგვარი „სანქციებით“ დაასუსტეს, შემდეგ მის ადგილზე ჯერ ოსმალეთი, შემდეგ კი თანამედროვე თურქეთი გაჩნდა, რომელიც ევროპისათვის დღეს პრობლემადაა გადაქცეული. თუ რუსეთს რამე დაემართება, ყველასთვის ცუდი იქნება – ევროპისთვისაც და მისი მეზობლებისთვისაც. თავის დროზე ევროპა ქრისტიანულ მეზობელს – ბიზანტიას არ დაეხმარა და [მუსულმანმა] თურქ-სელჯუკებმა იმპერია გაანადგურეს. დღეს შეიძლება [რუსეთის მაგალითზე] ისტორია კვლავ განმეორდეს.

Comments are closed