globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 21 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 21st, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): საქართველო ილჰამ ალიევს მეფურად მიიღებს // ბაქოსა და თბილისის სტრატეგიულ პარტნიორობას შეუქცევადი ხასიათი აქვს

«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2017 წლამდე არ გაიხსნება // შიდაპოლიტიკური დაძაბულობა თურქეთში „ახალი აბრეშუმის რკინიგზის“ მშენებლობის ტემპზე უარყოფით გავლენას ახდენს

«КоммерсантЪ» (რუსეთი): „რუსეთის ქართველთა კავშირს“ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს // ყველაზე მსხვილი ეროვნული გაერთიანება ყრილობის დაგვიანების გამო უქმდება

«The Independent» (დიდი ბრიტანეთი): სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი რუსეთთან „მიერთების“ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს

«Il Giornale» (იტალია): რუსები მეტად ძლიერები არიან, ამერიკა შოკშია // ანალიტიკოსები აღნიშნავენ რუსული არმიის პროგრესს 2008 წლის აგვისტოსთან შედარებით, როცა მოსკოვმა საქართველოში სამხედრო ოპერაცია განახორციელა

————

«Независимая газета» (რუსეთი), 21 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-10-21/7_aliev.html

საქართველო ილჰამ ალიევს მეფურად მიიღებს

ბაქოსა და თბილისის სტრატეგიულ პარტნიორობას შეუქცევადი ხასიათი აქვს

სტატია ეხება საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც „დინამიურად და მაღალი ტემპებით ვითარდება“. მასში გადმოცემულია საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის შედეგები. სტატიაში აღნიშნულია, რომ იგი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თბილისში დაგეგმილი ვიზიტის მოსამზადებელი საკითხების მოსაგვარებლად იმყოფებოდა (ავტორი – სოხბეთ მამედოვი).

ილჰამ ალიევმა გიორგი კვირიკაშვილთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, ეს ვიზიტი ქართველი მინისტრისათვის პირველი ვიზიტია უცხოეთში საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში და ბუნებრივია, აზერბაიჯანი შეხვედრას მაღალ შეფასებას აძლევს.

გიორგი კვირიკაშვილი ბაქოში ყოფნისას ასევე შეხვდა პრემიერ-მინისტრს არტურ რასი-ზადეს და თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ელმარ მამედიაროვს.

მოლაპარაკების ყურადღება დაეთმო ორმხრივი ურთიერთობების წარმატებით განვითარების საკიტხებს, ისაუბრეს ცალკეულ პროექტებზე, განსაკუთრებით კი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის შესახებ. როგორც ელმარ მამედიაროვმა აღნიშნა ჟურნალისტებთან გამართული ერთობლივი პრეს-კონფერენციის დროს, „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერიაა. ჩვენ შევათანხმეთ მისი მშენებლობის დაჩქარებასთან დაკავშირებული საკითხები“. თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ თავისი მონაკვეთის მშენებლობა უკვე დაასრულა და იმედი გამოხატა, რომ თურქული მხარე თავის ტერიტორიაზე მშენებლობის დამთავრებას მიმდინარე წლის ბოლომდე თუ არა, 2016 წლის დასაწყისში მაინც მოახერხებს.

პრეს-კონფერენციაზე გამოცხადდა, რომ ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტის დროს განხილული იქნება აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი. „სადელიმიტაციო კომისიებმა მუშაობა უნდა გააგრძელონ. საქართველოს დელეგაია ბაქოში ამა წლის მარტში იმყოფებოდა, ხოლო წლის ბოლომდე ან 2016 წლის დასაწყისში ახალი შეხვედრა უნდა გაიმართოს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, მაშინ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო პრობლემები არ უნდა იყოს“, – განაცხადა ელმარ მამედიაროვმა.

პრეს-კონფერენციაზე მხარეები შეეხნენ აზერბაიჯანული გაზით საქართველოს მომარაგების საკითხს. ეს თემა აქტუალური გახდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის რუსული „გაზპრომის“ ხელმძღვანელთან ალექსეი მილერთან შეხვედრის შემდეგ. ორივე ქვეყნის პრესაში აღინიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სასწრაფო ვიზიტი ბაქოში 10 ოქტომბერს სწორედ ამ საკითხის გამო განხორციელდა, თუმცა პრემიერმა მოგვიანებით ეს მოტივი უარყო და განაცხადა, რომ გაზის სკანდალი ვიზიტთან დაკავშირებული არ იყოო.

პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე საქართველო-აზერბაიჯან-რუსეთ-სომხეთის ინტერესებზე გაზით უზრუნველყოფის სფეროში, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ გაზსადენის მნიშვნელობაზე და ა.შ.

«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 21 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/baku-tbilisi-kars-railway-project/3014956.html

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2017 წლამდე არ გაიხსნება

შიდაპოლიტიკური დაძაბულობა თურქეთში, „ახალი აბრეშუმის რკინიგზისმშენებლობის ტემპზე უარყოფით გავლენას ახდენს

ზაზა წულაძე

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომლის მშენებლობაც 2007 წელს დაიწყო და სამ წელიწადში უნდა დასრულებულიყო, სავარაუდოდ, 2017 წლამდე არ გაიხსნება. აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, პრობლემებია, როგორც მეგაპროექტის დაფინანსების საკითხში, ისე სერიოზული ჩამორჩენაა მშენებლობის გრაფიკში.

განსაკუთრებით რთული სიტუაციაა თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც პროექტის მიხედვით, რკინიგზის 76 კილომეტრიანი მონაკვეთი შენდება. აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა ჯავიდ გურბანოვმა, რომელიც ახლახანს, თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ იმყოფებოდა აღნიშნა, რომ თურქულ მხარეს რკინიგზის ლაინდაგის მოწყობა ანუ მიწისზედა სამუშაოები საერთოდ არ დაუწყია.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ საუკუნის პროექტად წოდებული, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი, „ახალი აბრეშუმის რკინის გზა“ ერთბაშად რამდენიმე სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა: „თავიდანვე, ეს რკინიგზის პროექტი, განსაკუთრებით, თურქეთის მონაკვეთი ბევრ კითხვას აჩენდა. მოგეხსენებათ, იქ სულ 76 კილომეტრია და ისეთ ქვეყანას, როგორიც თურქეთია, თითქოს არ უნდა გასჭირვებოდა ამის გაკეთება. თუმცა, აღმოჩნდა რომ დიდ ფულს იპარავდნენ ამ შენებელობაზე, როგორც ჩანს, ამის შესახებ, სხვათა შორის პირდაპირ თქვა, ყარსის გუბერნატორმა. სერიოზული პრობლემები შეიქმნა კონტრაქტორებთან საპარლამენტო არჩევნების გამოც, თუმცა ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა, მეორე მხარე ის, არის, რომ აღმოსავლეთ თურქეთში უაღრესად რთული ვითარებაა, ასე რომ რკინიგზის მშენებლობაში შეფერხება, შეიძლება გაგრძელდეს.“

თურქეთში განვიტარებულმა მწვავე სამთავრობო კრიზისმა, ბოლო ორი წლის განმავლობაში სამმა (მუნიციპალური, საპრეზიდენტო, საპარლამენტო) არჩევნებმა და ქურთი სეპარატისტების გააქტიურებამ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის ტემპს სერიოზული დაღი დაასვა.

კონტრაქტორ სამშენებლო კომპანიებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ჯერ კიდევ სექტემბერში ღიად ისაუბრა თურქეთის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა ბინალი ილდირიმმა. მან თქვა, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა პირად კონტროლზე აიყვანა, მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტი. 18 ოქტომბერს კი, საქართველო-თურქეთის საზღვაზე, ახალი საავტომობილო საბაჟო-გამშვები პუნქტის „კარწახის“ გახსნაზე, თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა ჯენაფ აშჯმა, მშენებლობის ნელი ტემპი მძიმე სამშენებლო გარემოთი ახსნა: „ჩვენ შევეჯახეთ იმაზე მძიმე გრუნტს, ვიდრე წარმოგვედგინა. ახლა სრულდება გვირაბების მშენებლობა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას ექსპლუატაციაში წელს თუ არა, მომავალი წლის ბოლოს მაინც მივიღებთ. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ აზერბაიაჯანის, საქართველოსა და თურქეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.“

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სიგრძე, პროექტის მიხედვით, 826 კილომეტრია. აქედან საქართველოს ტერიტორიაზე, 254 კილომეტრი გაივლის. მარაბდა-კარწახის სრულიად ახალი, სარკინიგზო მონაკვეთის სიგრძე კი, თითქმის 159 კილომეტრია. სატესტო მატარებელმა აქ სიმბოლურად, 2015 წლის იანვარში გაირა, მაისში დასრულდა, კარწახთან ახლოს, სარკინიგზო გვირაბის გაჭრა, თუმცა 775 მილიონიან პროექტს ისევ სიძნელეებთან გამკლავება უწევს.

ქართული და აზერბაიჯანული მხარეები ირწმუნებიან, რომ მარაბდა-კარწახის რკინიგზის მონაკვეთი 2015 წლის ბოლოსთვის, ექსპლუატაციისთვის მზად იქნება. თურქული მხარე კი კარწახი-ყარსის სარკინიგზო უბნის დასრულებას მხოლოდ 2016 წლის ნოემბრისთვის გეგმავს. ისიც იმ შემთხვევაში, თუ 1 ნოემბერს დანიშნული, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თურქეთში, მშვიდად ჩაივლის და სამთავრობო კრიზისს ბოლო მოეღება.

«КоммерсантЪ» (რუსეთი),  21 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2836746

„რუსეთის ქართველთა კავშირს“ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს

ყველაზე მსხვილი ეროვნული გაერთიანება ყრილობის დაგვიანების გამო უქმდება

დიმიტრი სიდოროვი

(შემოკლებით)

ქართული დიასპორის მთავარი ორგანიზაცია – „რუსეთის ქართველთა კავშირი“ – 16 ოქტომბრიდან ლიკვიდაციის პროცესში იმყოფება. როგორც ვარაუდობენ, იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით გაუქმებული ორგანიზაცია ხელახლა დარეგისტრირდება ეროვნულ-კულტურული ავტონომიის სახით. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართველთა კავშირის ლიკვიდაციის ფაქტს ორი ქვეყნის ურთიერთობის გართულება შეიძლება მოჰყვეს.

„რუსეთის ქართველთა კავშირის“ გაუქმების თაობაზე რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს სარჩელის საფუძველზე მიიღო. როგორც „კომერსანტს“ აღნიშნული უწყებიდან შეატყობინეს, ერთ-ერთი მოქალაქის, ვინმე ბ.ზ.ბლუაშვილის (სახელი დაზუსტებული არაა) მიმართვის საფუძველზე სამინისტრომ შეამოწმა ორგანიზაციის საქმიანობა და ფედერალური კანონმდებლობის და საკუთარი წესდების უხეში დარღვევები აღმოაჩინა.

„ვიღაც ბლუაშვილის ყალბი საჩივრის საფუძველზე, რომელიც არც კი იყო ჩვენი ორგანიზაციის წევრი, იუსტიციის სამინისტრომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. აშკარაა, ეს საკითხი არაკეთილმსურველების მიერაა ლობირებული, – ამბობს „კომერსანტთან““ საუბარში „რუსეთის ქართველთა კავშირის“ აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ ხუბუტია, – ვინ იყო ლობისტი? ეს ყველაზე უცნაური ფაქტია. იგი შეიძლება ყოფილიყო როგორც ანტიქართული, ასევე ქართული ძალებიდან“.

მიხეილ ხუბუტიამ ფეისბუქში გამოაქვეყნა ბ.ზ.ბლუაშვილის წერილის ასლი იუსტიციის სამინისტროსადმი, სადაც ნათქვამია, რომ ორაგანიზაციაში საანგარიშო მკრებებეი არ ტარდება და აქედან გამომდინარე, გასაუქმებელიაო. წერილში გაკრიტიკებულია აგრეთვე მიხეილ ხუბუტია, რომელიც კრიმინალიტეტთან და საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებთანაა დაკავშირებული“.

„რუსეთის ქართველთა კავშირი“ (რქკ) 2007 წლის 21 აპრილს დაარსდა. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს კავშირმა მხარი დაუჭირა რუსეთის ხელისუფლების მოქმედებას და მიხეილ სააკაშვილის ვადამდელი გადადგომის მოთხოვნას. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კავშირის ხელმძღვანელი მიხეილ ხუბუტია თითქოსდა ავიამიმოსვლის აღსადგენად მიმართულ ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებშიც მონაწილეობდა, თუმცა თბილისმა და მოსკოვმა ეს ინფორმაცია უარყვეს.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რქკ-ის ლიკვიდაციაზე კომენტარისაგან თავი შეიკავა. იგივე გააკეთეს ქართული დიასპორის წევრებმაც. „რუსეთის სომეხთა კავშირის“ ვიცე-პრეზიდენტმა ლევონ მანუკიანმა „კომერსანტთან“ საუბარში ფრთხილად განმარტა სიტუაცია, რომელშიც ქართველი კოლეგები აღმოჩნდნენ: მისი თქმით, „ხუთ წელიწადში ერთხელ ყველა ორგანიზაცია ვალდებულია ყრილობები ჩაატაროს. მართალია, „ქართველთა კავშირმა ყრილობა 11 ოქტომბერს ჩაატარა, მაგრამ ვადები ფორმალურად მაინც დაარღვია… პრინციპში, ვადების მკაცრი დაცვა შეუძლებელიც იყო ეკონომიკური კრიზისის გამო, რადგან ყრილობის ჩასატარებლად გარკვეული ხარჯების გაწევაა საჭირო, კავშირი საკუთარ ფინანსებზე არსებობს და არა გრანტებზე“. ლევონ მანუკიანმა აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს შემოწმების მსხვერპლი ყოველი ორგანიზაცია შეიძლება აღმოჩნდეს, თუ საკითხს აბსურდული კრიმინალური და პოლიტიკური ბრალდებების მხრიდან მივუდგებით: მიხეილ ხუბუტიას მრავალი მოწინააღმდეგე და არაკეთილმსურველი ჰყავს. „რქკ“ წამყვანი პრორუსული ორგანიზაცია იყო და რუსეთში მცხოვრები ქართველებისათვის სხვა ასეთი მეორე ორგანიზაცია არ არსებობს“.

„რქკ“-ის დახურვამ შეიძლება რუსეთის ქართველებში უკმაყოფილება გამოიწვიოს, – ასე თვლიან „კომერსანტთან“ მოსაუბრეები, თუმცა მათ არ ეთანხმება სახელმწიფო სათათბიროს ეროვნებათა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილკე მიხეილ სტარშინოვი: „რასაკვირველია, ორგანიზაციის მიმართ კანონიერად გამოტანილი გადაწყვეტილება ქართველებისა და რუსების ურთიერთობაზე არ იმოქმედებს, რადგან ორ ხალხს ურთიერთდამოკიდებულების ათასწლოვანი ისტორია აქვს. ჩვენთან ეროვნული გაერთიანებები ძალიან ბევრია და სამწუხაროდ, მათი ზოგიერთი ხელმძღვანელი მხოლოდ კონიუნქტურული ინტერესებით მოქმედებს, აცხადებენ, რომ „მათი ხმა – ხალხის ხმაა“.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის კავკასიისა და ცენტრალური აზიის ცენტრის ექსპერტის ანდრეი არეშევის თქმით, „რუსეთის ქართველთა კავშირს დიდი წვლილი შეჰქონდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესებაში. ამ ორგანიზაციის არსებობა საჭიროა და მე იმედი მაქვს, ის გარკვეული ფორმით აღდგება, თუმცა გაითვალისწინებს იმ დარღვევებს, რაც იუსტიციის სამინისტრომ გამოავლინა“.

«The Independent» (დიდი ბრიტანეთი), 21 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.independent.co.uk/news/world/europe/south-ossetia-separatist-leader-leonid-tibilov-plans-referendum-on-reunification-with-russia-a6701121.html

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი რუსეთთან „მიერთების“ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს

„საქართველოს სეპარატისტული რეგიონის – სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა, რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლის თაობაზე: „ეს ჩვენი ხალხის ისტორიული ოცნება არისო“, – ხაზი გაუსვა მან. დამკვირვებლები ვარაუდებს გამოთქვამენ, თუ ვინ ან რამ აიძულა ლეონიდ თიბილოვი ასეთი განცხადება გაეკეთებინა- აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – ნადია ბირდი).

„პრინციპში, ჩვენ გვესმის ლეონიდ თიბილოვის მოტივაცია, მაგრამ მე არ ვვარაუდობ, რომ ასეთი რეფერენდუმი გაიმართება“, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატამა ლეონიდ სლუცკიმ, – ჩვენ ახლა ამას განსაკუთრებული ყურადღება არ უნდა დავუთმოთ. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია უკიდურესად ანტირუსული იქნება“.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სამხრეთ ოსეთი (და მასთან ერთად საქართველოს კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონი – აფხაზეთი) დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა, არც ევროპა და არც შეერთებული შტატები სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლად არ ცნობენ.

„პოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ ჩვენ ისტორიული არჩევანი უნდა გავაკეთოთ მოძმე რუსეთთან შეერთების მიზნით, – ხაზი გაუსვა ლეონიდ თიბილოვმა პრეს-კონფერენციის დროს, – ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ქვეყნის ასაყვავებლად“.

რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდა მიმდინარე წლის მარტში, როცა ვლადიმირ პუტინმა და ლეონიდ თიბილოვმა გააფორმეს ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“. ეს დოკუმენტი უფრო მტკიცე და ღრმა ინტეგრირებას იტვალისწიონებს სამხედრო-პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში. სწორედ მაშინ განაცხადა სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი სანაკოევმა, რომ „რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების თაობაზე არანაირი გეგმები არ გვაქვსო“.

ივლისის თვეში, საქართველოს მიერ პრეტენზიის გაცხადების გამო, ევროკავშირმა რუსეთი გააფრთხილა იმასტან დაკავშირებით, რომ რუსმა მესაზღვრეებმა, რომლებიც სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვარს პატრულირებენ 2008 წლის ომის დასრულების შემდეგ, საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები გადასწიეს.

«Il Giornale» (იტალია), 20 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.ilgiornale.it/news/politica/i-russi-sono-troppo-forti-lamerica-sotto-choc-1183420.html?mobile_detect=false

რუსები მეტად ძლიერები არიან, ამერიკა შოკშია

ანალიტიკოსები აღნიშნავენ რუსული არმიის პროგრესს 2008 წლის აგვისტოსთან შედარებით, როცა მოსკოვმა საქართველოში სამხედრო ოპერაცია განახორციელა

პაოლო გუცანტი

შეერთებული შტატები შოკშია ჩავარდნილი მას შემდეგ, რაც სირიაში რუსეთის სამხედრო ავიაციის ძლიერება დაინახეს. საქმე ეხება არა იმდენად ვაშინგტონისთვის მოულოდნელ რეალობას უახლესი შეიარაღების თაობაზე, არამედ სამხედრო ოპერაციის სტილს, სისწრაფეს და კრემლის საინფორმაციო უზრუნველყოფასაც, რომელმაც ამერიკული მასმედია ომში ღიად გამოიწვია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსკოვმა ვაშინგტონი სირიაში დიპლომატიურად ჩამოიცილა და უთხრა: „რაც გააკეთეთ, ვხედავთ, ახლა ჩვენ დავიწყებთ და შედეგი შეადარეთო“. ყოველ შემთხვევაში, ასე შეიძლება მოკლედ ჩამოყალიბდეს აშშ-რუსეთის რეპლიკები ერთმანეთის მიმართ.

„ნიუ-იორკ თაიმსმა“ ამ ერთი კვირის წინათ სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც ტრავმატული ეფექტი ჰქონდა: მასში აღწერილი იყო, თუ რა მორალური ტრავმა მიიღო თეთრმა სახლმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ სირიაში 2015 წლის პირველ ოქტომბერს დაწყებული ოპერაციით. ეს შეიძლება 1957 წლის 4 ოქტომბრის მოვლენას შევადაროთ, როცა რუსეთმა (საბჭოთა კავშირმა) კოსმოსში დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა. ამერიკამ სწორედ იმ ხანებში შენიშნა, რომ ბევრი შეცდომა ჰქონდა დაშვებული, განსაკუთრებით კი საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემაში, რომელიც ნეგატიურად შეფასდა [რუსეთთან შედარებით]. მას შემდეგ ამერიკამ რუსეთის გადასწრების მიზანი დაისახა, რაც მთვარეზე პირველი ადამიანის დაშვებით დაგვირგვინდა. დღეს, ცხადია, შეჯიბრში მთვარეზე გაფრენა არ შედის, მაგრამ აშკარაა, ვაშინგტონს მოსვენებას არ აძლევს ის, თუ როგორ მოახერხა ვლადიმირ პუტინმა თანამედროვე არმიის ჩამოყალიბება მწვავე ეკონომიკური კრიზისის პირობებში.

იმ სიურპრიზის ანალიზმა, რომელიც  რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერაციის სწრაფი განხორციელებით გამოიხატა, დასავლელი ანალიტიკოსები მიიყვანა დასკვნამდე, რომ ოპერაცია თვეების განმავლობაში მზადდებოდა. სხვათა შორის, რუსეთის არმიას პირველად არ განუხორციელებია მსგავსი მოულოდნელი და შთამბეჭდავი ოპერაცია: გავიხსენოთ 1945 წლის აგვისტოში საბჭოთა სარდლობის მიერ მანჯურიაში ჩატარებული ელვისებური ოპერაცია, რომლის შედეგად იაპონიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი კვანტუნის არმია (1,3 მილიონი ჯარისკაცი) სამკვირიან ბრძოლაში სრულიად განადგურდა. ამჟამად, ცხადია, სხვა ვითარებაა, თუმცა ამერიკელი ანალიტიკოსები იძულებულნი არიან აღნიშნონ აშკარა პროგრესი 2008 წლის აგვისტოსთან შედარებით, როცა მოსკოვმა საქართველოში სამხედრო ოპერაცია განახორციელა (რომ არაფერი ვთქვათ ფარულ ომზე უკრაინის მიმართ). ფაქტია, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთისათვის ყველაფერს კარგად არ ჩაუვლია: ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე თვითმფრინავი დაკარგა და სახმელეთო ჯარიც ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. მას შემდეგ შვიდმა წელმა გაიარა და ამ ხნის განმავლობაში წარმოდგენა რუსეთის არმიაზე სრულიად შეიცვალა: „აი, ნახეთ ტელევიზორში რუსი სამხედრო მოსამსახურეები, ისე არიან ეკიპირებულნი, ამერიკელები გეგონებათ. ისინი თავიანთი დაბომბვების შედეგებს აჩვენებენ და ამერიკელები კრეტინებად მიაჩნიათ („მათ თავში ტარაკნები დარბიან“, – ასე თქვა ვლადიმირ პუტინმა). მოხერხებული უნიფორმა, სამხედრო ხომალდები, უახლესი ავიაცია, სამეთაურო პუნქტები, სამხედრო-საჰაერო ბაზა – ყველაფერი ზუსტად, გამოფენასავითაა მოწყობილი და შესაბამისადაც იბრძვიან.

რა იქნება მას შემდეგ, როცა ამერიკელები ტრავმვატული შოკიდან გამოვლენ? პენტაგონს ბრალად წაუყენებნე, რომ მას მხედველობიდან გამორჩა რუსეთის არმიის მოდერნიზების პროცესი. რასაკვირველია, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსაც (ცსს) კარგად შემოულაწუნებენ, თუმცა ამ შემთხვევაში ცსს ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე, რადგან ამერიკის დაზვერვამ განგაში ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ატეხა. ისტორიული გამოცდილება მოწმობს, რომ ამერიკა შეეცდება გადატვირთვა მოახდინოს. ამაში ახალი არაფერია – ასე იყო ყოველთვის, როცა ვაშინგტონი რიცხოვნობით უფრო მეტ მოწინააღმდეგეს უპირისპირდებოდა (გერმანიას, იაპონიას…). ღმერთის წყალობით, ამჟამად საქმე ზესახელმწიფოების შეტაკებას კი არ ეხება, არამედ მხოლოდ იმას, რომ გაიგო და გააცნობიერო – რა ხდება და შეცდომები აღარ დაუშვა.

Comments are closed