globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 21 ოქტომბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Oct 21st, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის ექსკლუზიურად დამხვეწელის ამბიციით // „ნაცმოძრაობა“ მიიჩნევს, რომ 2008 წელსაც და ახლაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პოლიტიკური მოთამაშის ხელში საშიში ცთუნების მატარებელია

«Politico» (აშშ): დონალდ ტრამპი დამრბევთა რიგებში // აშშ-ის პრეზიდენტობის „მოხულიგნო“ კანდიდატს პოსტსაბჭოთა სივრცეში ბევრი ემსგავსება (ვინ აიძულა მიხეილ სააკაშვილი და კახა ბენდუქიძე სამშობლო მიეტოვებინათ)

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 21 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/geo-elex-16/3559561.html

ქართული ოცნებაკონსტიტუციის ექსკლუზიურად დამხვეწელის ამბიციით

„ნაცმოძრაობა“ მიიჩნევს, რომ 2008 წელსაც და ახლაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პოლიტიკური მოთამაშის ხელში საშიში ცთუნების მატარებელია

ნინო დალაქიშვილი

წინ არჩევნების მეორე ტურია. მაჟორიტარების ვინაობა დამატებით 50 ოლქში უნდა გაირკვეს, თუმცა პროგნოზების მიხედვით, „ქართული ოცნება“ შეძლებს ხმების უმრავლესობის აღებას ისე, რომ პარლამენტში საკონსიტუტუციო უმრავლესობა უზრუნველყოს. „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მეორე ტურში ასპროცენტიან წარმატებას უწინასწარმეტყველებენ ასევე „ქართული ოცნების“ მმართველი გუნდის წარმომადგენლები. მაგალითად გიორგი ვოლსკი ამის შესახებ თითქმის ყოველ სატელევიზიო კომენტარში საუბრობს.

საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში საქმიანობის გამოცდილება აქვს. მაშინდელი უმრავლესობის წარმომადგენლები, ახლა კი მთავარი ოპოზიციური ძალა – „ნაცმოძრაობა“ მიიჩნევს, რომ 2008 წელსაც და ახლაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პოლიტიკური მოთამაშის ხელში საშიში ცთუნების მატარებელია.

კონსტიტუციონალისტი, რესპუბლიკური პარტიის წევრი და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ ხმალაძე “ამერიკის ხმასთან” ამბობს: „საფრთხე ზოგადად არსებობს ერთპარტიული უმრავლესობის არსებობის შემთხვევაში. გინდათ ეს იყოს ჩვეულებრივი უმრავლესობა, ანუ ნახევარზე მეტი და გინდათ ეს იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ, როდესაც ერთ პარტიას შეუძლია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. ორივე შემთხვევაში არსებობს საფრთხე და არსებობს საფრთხე იმისა, რომ სხვებთან შეთანხმების გარეშე მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რასაც ჰყოფნის მათი ხმები. ჩვეულებრივი უმრავლესობის შემთხვევაში ესაა ცვლილებები კანონებში და საკონსტიტუციო უმრავლესობის შემთხვევაში – კონსტიტუციაში. ესაა ისეთი ცთუნება, რომელსაც იშვიათად თუ ვინმე უძლებს. ასეთი ცთუნების შედეგია ხოლმე არა მომავალზე გათვლილი, გრძელვადიანი ცვლილებები, რომლებმაც დიდი ხნის განმავლობაში უნდა იმოქმედოს, არამედ ცვლილებები, რომლებიც მიმდინარე, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარეობს. ეს საფრთხე არის და ეს საფრთხე განსაკუთრებით დიდია მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ არის დიდი ხნის დემოკრატიული ტრადიციები. როდესაც ქვეყანა მხოლოდ იწყებს დემოკრატიული წესებით ცხოვრებას. ასეთი რამ როცა არ გვაქვს, მაშინ მომდინარეობს ერთპარტიული უმრავლესობისგან საფრთხე”.

საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეების შესახებ „ამერიკის ხმასთან” ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა გიორგი ტუღუშმა, რომელიც იმ პერიოდში, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა, საქართველოს სახალხო დამცველის პოსტი ეკავა: „საფრთხე არის ის, რომ კონსტიტუცია, შეიძლება ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა მოირგოს საკუთარ თავზე. ჩვენ ვიცით, რომ წინასწარაა გაცხადებული რამდენიმე საკითხი, რომლის დარეგულირებაც უნდათ კონსიტუტციაში ცვლილებების საშუალებით. ესაა პრეზიდენტის, თემა, პარლამენტის ადგილმდებარეობა, სხვადასხვა ჩანაწერის გაკეთება კონსიტუციაში, თუ რას ნიშნავს ოჯახი და ასე შემდეგ.ეს რაც გაცხადებულია, თუმცა კიდევ არ გამოვრიცხავ, რომ გაჩნდეს არაერთი პრობლემა, რომელიც საზიანო იქნება ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული წარსულში, როდესაც ხდებოდა კონსტიტუციის ცვლა, თუმცა სწორედ ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში ყოფნის დროს გაიზარდა ¾– მდე რაოდენობა პარლამენტის წევრების, რომლებსაც უფლება აქვთ გადახედონ კონსტიტუციას. ახლა რეალურად ჩვენ მივიღეთ შედეგი, როდესაც წინასწარ ვიცით, რა ჩანაფიქრები აქვს ხელისუფლებას, რა აწუხებს და რისთვის უნდა სწორედ ამ პროცესის გამოყენება და ესაა აქ მთავარი საფრთხე,“– ამბობს გიორგი ტუღუში.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ოცნების მიზანი მხოლოდ კონსტიტუციის უკეთესობისკენ შეცვლაა, რადგან ამ დოკუმენტს უარესობისკენ შეცვლა უბრალოდ შეუძლებელია: „კონსტიტუცია უნდა გადაიხედოს ფართო კონსენსუსის საფუძველზე საქართველოში და რაც მთავარია, უნდა დაიხვეწოს ეს დოკუმენტი. ძალიან ბევრი ხარვეზია საქართველოს კონსტიტუციაში 2010 წლის საკონსიტიტუციო ცვლილებების შემდეგ. ჩვენი ამოცანა არის დახვეწა საქართველოს კონსიტუტუციის. უნდა გასწორდეს ყველა ის ნორმა, რაც საფრთხეს უქმნის ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. ეს ნორმები არის გასასწორებელი და სწორედ აქეთ იქნება ჩვენი საქმიანობა მიმართული. საქართველოს კონსტიტუცია იმდენად დამახინჯდა 2010 წლის ცვლილებებით, რომ თუ გააკეთილშობილებ, თორემ უარესობისკენ ამ დოკუმენტს ნამდვილად ვერ წაიყვან. ესაა რეალური სურათი. ვერ ასახელებენ ვერც ერთ ნორმას, რომლის ნეგატიური კუთხით შეცვლამ შეიძლება რაიმე მძიმე შედეგი წარმოშვას. ერთადერთი, რაც შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ, ესააა კონსიტუციის დახვეწა“.

იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ შეძლებს საკონსტიტუციო უმრავლესობის უზრუნველყოფას, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იგი ისარგებლებს ექსკლუზიური უფლებით საკუთარი მოსაზრების შესაბამისად, შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება ქვეყნისთვის ყველაზე მთავარ სამართლებრივ დოკუმენტში – საქართველოს კონსტიტუციაში.

«Politico» (აშშ), 18-20 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.politico.com/magazine/story/2016/10/donald-trump-2016-soviet-union-bullies-214366

დონალდ ტრამპი დამრბევთა რიგებში

აშშ-ის პრეზიდენტობის „მოხულიგნო“ კანდიდატს პოსტსაბჭოთა სივრცეში ბევრი ემსგავსება

(ვინ აიძულა მიხეილ სააკაშვილი და კახა ბენდუქიძე სამშობლო მიეტოვებინათ)

„პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატების დროს ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპი ჰოლივუდის ფილმების გმირებს – ჭირვეულ, ჩხუბისთავ და მოხულიგნო ტიპებს შეადარა, მაგრამ ჰილარის უფრო მეტი რეალიზმი უნდა გამოეჩინა, დონალდი ყოფილი საბჭოთა სივრცის ბანდიტებისთვის უნდა შეედარებინა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ანა ნემცოვა).

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

მე ამ ტიპის ადამიანებს კარგად ვიცნობ, რომლებთაც დონალდ ტრამპი მიეკუთვნება. ქედმაღალი, გულზვიადი მამაკაცი, რომელიც მედიდურად დააბიჯებს და თვლის, რომ მთელი ქვეყანა მისით უნდა იყოს მოხიბლული. ერთ-ერთი ასეთი ადამიანია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელსაც საზღვარგარეთ არაერთხელ შეუსრულებია დამრბევის როლი. იგი რამდენიმე წლის წინათ რუსული „კაგებეს“ წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს დაემუქრა, რომ მას „ყვ…ით ჩამოჰკიდებდა“. ეს იყო 2008 წლის აგვისტოში, როცა ჟურნალისტები ინტერვიუებს იღებდნენ რუსი პოლიტიკოსებისაგან, რუსული ტანკები კი საქართველოს დედაქალაქ თბილისთან ახლოს იყვნენ გაჩერებულნი. რუსეთთან 5-დღიანი ომის შედეგად საქართველომ თავისი ტერიტორიის 20% დაკარგა, ხოლო ამ კონფლიქტის შედეგებს კიდევ დიდხანს ექნება ათასობით ადამიანზე ნეგატიური გავლენა.

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი, დღემდე დევნილობაში ცხოვრობს, იგი ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორია, მაგრამ სამშობლოში ჩასვლა არ შეუძლია. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მასზე ძებნაა გამოცხადებული. მართალია, მას ახლა უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტი აღარ ემუქრება, მაგრამ იგივე როლს ასრულებს ვლადიმირ პუტინთან შეთანხმებული ჩრდილოვანი ლიდერი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია. საქართველოში ამ ყველაზე მდიდარმა ადამიანმა [შექმნა კოალიცია „ქართული ოცნება“] და  როგორც კი 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, ქვეყანაში პოლიტიკური ვენდეტის გატარება დაიწყო. მისმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ „დანაშაულებრივი ორგანიზაცია“ უწოდა.

შემდეგ დაიწყო სასამართლოს განაჩენები. დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმეს კორუფციის ბრალდებით იძიებენ. ქვეყანა ნაციონალიზმმა მოიცვა და ისინიც კი, რომლებიც ადრე მიხეილ სააკაშვილის გვერდით იდგნენ და ქვეყნის რეფორმირებას ცდილობდნენ, დღეს მხარს უჭერენ [„ნაცმოძრაობის“] დარბევას. „მიხეილ სააკაშვილის ადგილი საპყრობილეშია. თუ მას პოლიცია საზღვარზე ვერ დააკავებს, ათასობით ჩემი მხარდამჭერი გამოვა და ექს-პრეზიდენტს საზღვრის გადმოკვეთისთანავე დაიჭერენ“, – განაცხადა გასულ კვირას ნინო ბურჯანაძემ, როცა მისგან ინტერვიუს ვიღებდი.

ამერიკელებო, განა თქვენთვის ეს თემა ნაცნობი არაა დღეს, 2016 წელს?

დონალდ ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ საზოგადოებისათვის რეპრესიებზე ლაპარაკი საზიანოა. გასულ კვირას თბილისში ყოფნისას მე ინტერვიუ ჩამოვართვი აგრეთვე 26 წლის ნასტია ბენდუქიძეს. მამამისი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ექს-მინისტრი და ორი თავისუფალი უნივერსიტეტის მფლობელი კახა ბენდუქიძე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე რეფორმატორი იყო, მაგრამ სწორედ მას დაემუქრა 2014 წელს ქვეყნის ჩრდილოვანი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაპატიმრებითა და ციხეში ჩაჯენით. კახა ბენდუქიძე იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა… იგი ისე გარდაიცვალა, რომ დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიღება ვერ მოასწრო. „მე ვთვლი, რომ მამაჩემი პოლიტიკურმა დევნამ იმსხვერპლა, – მითხრა ნასტია ბენდუქიძემ, – მამამ იცოდა, რომ სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და ციხეს ვერ გადაიტანდა. სამწუხაროდ, ემიგრაციაში ყოფნისას გულმა ვერ გაუძლო. როცა მას საყვარელი სამშობლოსა და საყვარელი უნივერსიტეტის დატოვება მოუწია, მისმა გულმა [დარდს ვერ გაუძლო] და ძგერა შეწყვიტა“.

———-

სტატიის ავტორი ანა ნემცოვა რუსული წარმოშობის მქონე აშშ-ის მოქალაქეა, მას რუსეთში ოპოზიციურ ჟურნალისტად მიიჩნევენ, ხშირად გამოდის რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ეთერში, მისი სტატიები იბეჭდება ამერიკის ჟურნალ-გაზეთებში – „ფორინ პოლისში“, „ნიუსვიქში“, „პოლიტიკოში“ და ა.შ.

Comments are closed