globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 21 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 21st, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): რამდენად პოპულარულია მიხეილ სააკაშვილი საქართველოში? ამას დღევანდელი არჩევნების შედეგები გვაჩვენებს

«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): ნაციონალიზმი და თხილი // საქართველო და აფხაზეთი Nutella-ს წარმოებას სირთულეებს უქმნიან // კონფლიქტის გამო შეიძლება ევროპელებმა გემრიელად ვეღარ ისაუზმონ

«Эхо» (აზერბაიჯანი): „ნუ იჩქარებთ ბაქოს ძაგებას და თბილისის ქებას“ // საქართველოს დედაქალაქის შუქ-ჩრდილები

——————–

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 21 ოქტომბერი, 2017 წელი
https://www.kommersant.ru/doc/3446765
რამდენად პოპულარულია მიხეილ სააკაშვილი საქართველოში?
ამას დღევანდელი არჩევნების შედეგები გვაჩვენებს

საქართველოში დღეს მუნიციპალური არჩევნები ტარდება, რომლის მთვარი ინტრიგა შემდეგში გამოიხატება: შეძლებს თუ არა ქვეყნის ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რეალური კონკურენცია გაუწიოს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მმართველ პარტიას – „ქართულ ოცნებას“? არჩევნებში პრორუსული პოლიტიკური ორგანიზაცია – „პატრიოტთა ალიანსიც“ მონაწილეობს, რომელიც „მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგის“ მხარდამჭერად გამოდის, თუმცა „პატრიოტებს“ რაიმე სერიოზული შედეგის მიღების იმედი არ აქვთ“, – ნათქვამია სტატიაში, რომელშიც განხილულია არჩევნების წინ შექმნილი პოლიტიკურ ძალთა განლაგება (ავტორი – გიორგი დვალი).

ორივე მხარემ – ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც მნიშვნელოვანი სამობილიზაციო ძალისხმევა გასწია. გამოკითხვები გამარჯვებას მმართველ პარტიას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ოპოზიცია წარმატების იმედს არ კარგავს, განსაკუთრებით აქტიურობს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მაგრამ სანამ „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებენ, „ნაციონალებმა“ თავიანთ განაყოფზე, ანუ პარტია „ევროპულ საქართველოზე“ უნდა მოიპოვონ გამარჯვება.

„ევროპული საქართველო“ შარშან იმ „ნაციონალმა“ ლიდერებმა შექმნეს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებამ გაანაწყენა – როცა ექს-პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა უკრაინის მოქალაქეობაზე გაცვალა. „მას ძალიან უნდოდა ოდესის ოლქის გუბერნატორობა, მოწყენილი იყო ხელისუფლების გარეშე და თანამდებობას საქართველოს მოქალაქეობა შესწირა“, – ამბობს „კომერსანტთან“ საუბარში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი უგულავა. მისი თქმით, ოდესაში მიშას ფაქტიურად მხოლოდ მეხანძრეებს ხელმძღვანელობდა, თავის თავს კი პრეზიდენტობის აურას უქმნიდა“.

თვითონ მიხეილ სააკაშვილისათვის კი ფსონი ძალიან მნიშვნელოვანია: თუ იგი წააგებს „ქართულ ოცნებასთან“, მაშინ იგი წააგებს თავის პარტიას და საკუთარ თავსაც, იგი საბოლოოდ დაკარგავს პოლიტიკურ წონას საქართველოში. თუმცა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ აქვს რესურსი: „იგი თავის მომხრეებისათვის თითქმის რელიგიურ ფიგურად იქცა. ასე რომ, „ევროპელი ქართველები“ „ნაციონალებზე“ წარმატებულად ვერ გამოვლენ“, – ამბობს გია ხუხაშვილი „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში.

არჩევნებში შესამჩნევ მოთამაშედ რჩება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“,  ჟურნალისტის და პარლამენტის დეპუტატის ირმა ინაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც თავის დროზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ხელისუფლების შეცვლაში (2012 წელს). ამ პარტიის დეპუტატები ხშირად დადიან მოსკოვში და სახელმწიფო სათათბიროელ კოლეგებს ხვდებიან. ირმა ინაშვილი ამომრჩევლებში ამ სლოგანით მოუწოდებს – „დავიწყოთ დიალოგი მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან“. თუ გავითვალისწინებთ, რომ „პატრიოტებმა“ გასულ არჩევნებში მხოლოდ ხმების 5% მიიღეს, დღევანდელი შედეგებიც დიდი არ იქნება.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თბილისი მერის არჩევნებია. „ქართულმა ოცნებამ“ ქალაქის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ასარჩევად თავისი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი – ენერგეტიკის ექს-მინისტრი და „მილანის“ საფეხბურთო კლუბის ყოფილი მოთამაშე კახაბერ კალაძე წარადგინა. მისი ოპონენტი კი „ნაციონალებიდან“ – პოპულარული ტელეწამყვანი ზაალ უდუმაშვილი. ოპოზიცია აცხადებს, რომ მეორე ტურის შემთხვევაში ისინი „ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანდებიან… თუმცა გამოკითხვების შედეგები მოწმობენ, რომ კახა კალაძე დღევანდელ არჩევნებში გაიმარჯვებს, ანუ მეორე ტური საჭირო არ იქნება.

«The Economist» (დიდი ბრიტანეთი), 20 ოქტომბერი, 2017 წელი

https://www.economist.com/news/europe/21730456-decades-old-war-may-keep-hazelnuts-reaching-europes-breakfast-tables-georgia-and-abkhazia

ნაციონალიზმი და თხილი

საქართველო და აფხაზეთი Nutella-ს წარმოებას სირთულეებს უქმნიან

კონფლიქტის გამო შეიძლება ევროპელებმა გემრიელად ვეღარ ისაუზმონ

(მცირე შემოკლებით)

რუსეთით და შავი ზღვით იზოლირებულ-გარემოცული საქართველო ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროპასთან დაახლოებას ცდილობს და ამ ძალისხმევაში მნიშვნელოვან როლს ფუნდუკი (ტყის თხილი) ასრულებს. 2007 წელს იტალიურმა კომპანიამ Ferrero საქართველოში თავისი წარმომადგენლობა გახსნა, რომლის მიზანს ამ კომპანიის მთავარი პროდუქტის – შოკოლად-თხილის პასტის – Nutella-ს ძირითადი ინგრედიენტის მიწოდება შეადგენდა (Nutella ევროპელებისათვის საყვარელი საჭმელია, რომელსაც საუზმის დროს პურზე წასმული სახით მიირთმევენ). იმ დროიდან საქართველო, თხილის დამზადების მხრივ, მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა (თურქეთ-იტალიის შემდეგ). ფუნდუკი საქართველოსთვის ყველაზე დიდ საექსპორტო პროდუქტად იქცა, მხოლოდ სპილენძს თუ ჩამოუვარდებოდა.

2014 წელს საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე, მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ Nutella-ს წარმოებისათვის ფუნდუკის მიწოდება გაიოლებულიყო, შეთანხმებას, პირიქით, პროცესის დამუხრუჭება და გართულება შეუძლია. ფუნდუკის ექსპორტის დაახლოებით 10%-ს საქართველო რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან ახორციელებს. თბილისს არანაირი სავაჭრო შეთანხმება არ აქვს  აფხაზეთის საოკუპაციო ხელისუფლებასთან, ფუნდუკი კი ერთადერთი პროდუქტია, რომლის გაყიდვის უფლებას აფხაზ სეპარატისტთა ლიდერები ადგილობრივ ფერმერებს აძლევენ (ფუნდუკის კულტურით ძირითადად გალის რაიონის მოსახლეობაა დაკავებული, რომლებთაც მოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე გადააქვთ და იქ ყიდიან).

2018 წლიდან, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების თანახმად, საქართველოდან ექსპორტირებული ყველა პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს, ოფიციალური სერტიფიცირების ჩათვლით (ანუ უნდა იყოს მითითებული პროდუქტის წარმომავლობაც). აფხაზმა ფერმერებმა ქართული სერტიფიკატები რომ მიიღონ, აფხაზეთის ხელისუფლება მათ ეროვნულ ღალატად ჩაუთვლით. შესაბამისად, ფუნდუკი Nutella-ს დასამზადებლად ვერ გაიგზავნება. მაგრამ არც აფხაზეთის სრული იზოლირება არ შეიძლება ევროპისაგან, რადგან ამ შემთხვევაში ის რუსეთზე კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება. „რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ფუნდუკზე მოთხოვნილება იქ ძალიან დაბალია“, – ამბობს აფხაზეთის ე.წ. „ეკონომიკის მინისტრი“ ადღურ არძინბა, – ამიტომ იძულებული ვართ პრიორიტეტი მივანიჭოთა ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ღვინო და ცისტრუსები, რომლებიც რუსეთში მოთხოვნილებაა“.

ერთადერთი პროცესი, რომელსაც თბილისისა და სეპარატისტული რეგიონის ურთიერთობის ნორმალიზება მოახდინოს, ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესია, თუმცა, გულახდილად რომ ვთქვათ, რომ ვთქვათ, ჯერ-ჯერობით არანაირი შედეგი არ ჩანს და საერთოდ, იმ მოლაპარაკებების დღის წესრიგში ვაჭრობის საკითხი საერთოდ არ არის შეტანილი.

მართალია, ფუნდუკს მტრები გაუჩნდა – აზიური ფაროსანა მოსავალს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ანადგურებს – აფხაზეთშიც და საქართველოშიც, მაგრამ ტკბილეულის მოყვარულ ევროპელებს ჯერ-ჯერობით საგანგაშო არაფერი აქვთ, Nutella-ს გამოშვება არ შეწყდება, სამყოფი თხილი მოიძებნება. ცუდი ისაა, რომ სეპარატისტული კონფლიქტი ქართველებს და აფხაზებს ეფექტურად თანამშრომლობის საშუალებას არ აძლევს, რათა მცენარე მავნებლისაგან იყოს დაცული და თხილის ექსპორტიც ნორმალურად განვითარდეს. კაკაო და ფუნდუკი ერთმანეთს კარგად უთავსდება, ვაჭრობა და ნაციონალიზმი კი პირიქით.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 21 ოქტომბერი, 2017 წელი

http://ru.echo.az/?p=63786

„ნუ იჩქარებთ ბაქოს ძაგებას და თბილისის ქებას“

საქართველოს დედაქალაქის შუქ-ჩრდილები

„ბოლო დროს აზერბაიჯანელები, როცა საკუთარ ქვეყანას მეზობელ საქართველოს ადარებენ, პირდაპირ კრიტიკაზე გადადიან და ნეგატიურ შეფასებებს არ იშურებენ – ჩვენთან, ბაქოში, ყველაფერი ცუდი და ულამაზოა, თბილისი კი ბრწყინავსო. თავდაპირველად იწყებენ საზღვრით – ჩვენი მესაზღვრეები უხეშები არიან, პატივს არ გცემენ, ქართველები კი პირდაპირ თვალებში შემოგციციცნებენ, საზღვარზე ხუთ წუთში გადადიხარო. გზები ხომ  უმაღლესი დონისაა, პოლიციელები ქრთამს არ იღებენ, ყველგან სისუფთავეა, თბილისში ყველა გიღიმის, ხელისუფლება ზრუნავს ქალაქის ისტორიული სახის შენარჩუნებაზო… მოკლედ, სამოთხეაო, რა… ჰოდა, მე თვითონ გადავწყვიტე ამ ყველაფრის შემოწმება“, – წერს სტატიის ავტორი ოლღა ბულანოვა, რომელიც საქართველოს ეწვია და თბილისი მოინახულა.

„თბილისში უკანასკნელად ათი წლის წინ ვიყავი, 2007 წელს. იმ დროს ქალაქმა ჩემზე მეტ-ნაკლებად სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. ნეტავ ახლა როგორია სამოთხედ აღიარებული საქართველოს დედაქალაქი? ჰოდა, მეც გადავწყვიტე მისი მონახულება.

ჩვენი მატარებელი „ბაქო-თბილისი“ აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე გაჩერდა. შინაგანად ვიძაბები – აი, ახლა ჩვენი მშობლიური მესაზღვრეები შეგვამოწმებენ, დიდხანს მოგვაცდევინებენ, მაგრამ არა უშავს, მოვითმენ, სამაგიეროდ ქართველი მესაზღვრეები უცებ გაგვიშვებენ. თუმცა არა, პასპორტები ვაჩვენეთ, კომპიუტერებში შეამოწმეს, მებაჟეებიც სწრაფად მორჩნენ თავიანთ საქმეს და მატარებელი მკაცრად გრაფიკის მიხედვით – 45 წუთში დაიძრა საზღვრის ქართული საკონტროლო პუნქტისაკენ. ქართულ საზღვარზე კი ორი საათი გვალოდინეს. არანაირი კომპიუტერები იქ არ აქვთ, ყველაფერი ისეა, როგორც ათი წლის იყო. საბაჟოზეც მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ გამოუჩენიათ, უკანონოდ რაიმე რომ გადამეტანა, ვერავინ შეამჩნევდა…. (…)

თბილისის რკინიგზის სადგური. ერიჰაა… როგორიც იყო ათი (ან 20-30) წლის წინათ, იგივე დარჩენილა – ჭუჭყიანი, არეულ-დარეული… ვაგზლის წინ – მათხოვრები და ბომჟები. სისუფთავე მხოლოდ ბილეთების დარბაზში და პერონზე შეინიშნება. და უცებ – ჰოი, საკვირველებავ! – თანამედროვე სუპერმარკეტებს ხედავთ – თითქოსდა 90-იანი წლებიდან დროის მანქანით მოგზაურობ! სამწუხაროდ, დროის მანქანის შეგრძნებას განსაკუთრებით მიწისქვეშა გადასასვლელბით სარგებლობისას ამჩნევ – სუპერმოუწყობელი, სპეციფიკური „არომატით“, სიბინძურით, კედლებზე „სასიამოვნო“ წარწერებით, ბუზებით…

და ისევ დროის მანქანით მეტროში: სხვათა შორის ეს ერთადერთი ადგილია, სადაც დასახელება ლათინური ასოებითაა მოცემული, თორემ ისე ქალაქში ვერ მიხვდები – კაფეში შედიხარ თუ ფოტოატელიეში, ან ოფისში. როგორც ჩანს, თბილისის მეტრო გახსნის დღიდან – 1966 წლიდან არ გარემონტებულა. ცუდი განათება, ჭუჭყიანი კედლები, გაშავებული ჭერი და ნათურები გუნება-განწყობას გაგიფუჭებთ. არადა, ასეთ არაკომფორტულ პირობებში მგზავრობაც რომ ძვირია? 50 თეთრი!

რაც შეეხება ძველი თბილისის უბნებს: ცენტრი და ის ადგილები, რომლებსაც ხელისუფლება უცხოელი ტურისტებისთვის ინახავს, მოვლილი და ლამაზია, ვერაფერს იტყვი. ჰოდა, ტურისტებიც ფოტოაპარატებს აჩხაკუნებენ და ნასიამოვნები დადიან. ფაქტია, რომ თბილისში ბევრი ძველი შენობა და ევროპული არქიტექტურის ნიმუშებია შემონახული, ბაქოს ვერ შეადარებ. თბილისში ევროპული შენობების აგება ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში გადაწყვიტეს. მიდიხარ რუსთაველის გამზირზე და გგონია, რომ სანკტ-პეტერბურგში ხარ – ფართოდ გაშლილი ქუჩა და ორივე მხარეს ერმიტაჟის მსგავსი შენობები! ძალიან ლამაზია! მაგრამ ცოტა გვერდზე რომ გაუხვიო, ტურისტული მარშრუტებს გასცდე, მაგალითად, სოლოლაკის რაიონში, ისეთ საშინელებათა ფილმების სცენებში მოხვდები, რომ ჰიჩკოკი მიმიქარავს! ვაიმე, ეს რა ვნახე… დანგრეული და ნახევრად დანგრეული ფასადები, ბათქაშაცვენილი კედლები, სადაც „შიგნეული“ ჩანს – ძველი აგური. მიღრეცილ-დაბრეცილი კარები, სარკმელები და რაც ყველაზე საშინელია – ბოძებშეყენებული აივნები, სახლის კედლები, რომლებიც წასაქცევად არიან განწირული“, – წერს ავტორი.

„რასაკვირველია, მხედველობაშია მისაღები, რომ თბილისს ცოტა ფული აქვს, ბაქოს კი შედარებით მეტი. მაგრამ რაც გაქვს, ის ხომ გააზრებულად უნდა გამოიყენო? რატომ რეალიზდება გაუგებარი და უცნაური პროექტები? რას წარმოადგენს ის ორი გიგანტური  მილი, რომელიც რიყეზე გაწოლილი? ვერ გაიგებ, მუზეუმია თუ თეატრი… ფული თუ ხიდისთვის გამოინახა, ძველმა უბნებმა რა დააშავა? სხვათა შორის, ის მინის ხიდიც საკმაოდ ნეგატიურად მოჩანს თბილისის პეიზაჟში – ისევე როგორც სხვა „თანამედროვე“, მაგრამ უშნო მინა-ბეტონის ცათამბჯენები. თბილისელები ხიდის გამო ხუმრობენ – მიხეილ სააკაშვილმა ფრთიანი „ოლვეისი“ დაგვიტოვაო…  მერწმუნეთ, მსგავსება მართლაც საოცარია.

თბილისში, ბაქოსთან შედარებით, ხალხი უფრო თავისუფლად, უფრო გაღიმებული დადის. მაგრამ ეს თავისუფლება ზოგჯერ შოკში გაგდებს, როცა უყურებ, როგორ კოცნაობენ საჯაროდ ახალგაზრდები, როგორ გამომწვევად არიან ჩაცმულნი… ქალები კი უსაშველოდ ეწევიან, თანაც ყველგან – ქუჩაში, შენობებში, შეხვედრებზე… ვის როგორ, მაგრამ ჩემი აზრით, ქართველ ქალებს თამბაქო ძალიან შეჰყვარებიათ“.

მოკლედ, ვრცელ სტატიაში ავტორი კიდევ ბევრ პოზიტიურ თუ ნეგატიურ მომენტზე ამახვილებს ყურადღებას, მაგალითად, მომსახურების დაბალ დონეზე, უხამსობაზე და ა.შ.

„ყველაფრის მიუხედავად, თბილისი მაინც ლამაზი ქალაქია. აუცილებლად უნდა წახვიდე და დაათვალიერო. იქაური ნანგრევიც კი ათასწლეულების მომსწრეა. თუმცა საწყენია, რომ ბაქოელები საკუთარს არ აფასებენ და სხვისას აქებენ. ჩვენ პატრიოტობას ვივიწყებთ, რომლითაც ქართველებს ვერ შევედრებით“, – წერს ავტორი სტატიის დასასრულს.

Comments are closed