«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საცდუნებელი რუსული ვიზები საქართველოსთვის
«Region Plus» (აზერბაიჯანი): ტრანზიტული უტოპია // ევროპაში ირანული გაზის გატანის არცერთ პროექტში სომხეთის როლი არ ჩანს
———————–
«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 21 ნოემბერი, 2015 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/eu-georgia-visa/3066804.html
საცდუნებელი რუსული ვიზები საქართველოსთვის
ნინო დალაქიშვილი
რუსეთი საქართველოსთან მოლაპარაკებებში რბილის ძალის ახალი აღჭურვილობით ერთვება და დღეს უკვე აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიზების გამარტივებული წესით მიღებას შესთავაზებს. ამის შესახებ ცნობილი აბაშიძე-კარასინის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გახდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად რუსული მხარე მზადაა იმუშაოს რუსეთის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე საქართველოს მოქალაქეებისთვის.
„რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რათა უახლოეს მომავალში ამოქმედდეს გამარტივებული სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის,“- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე აცხადებს: „დღეს-დღეობით არ განიხილება უვიზო მიმოსვლის საკითხი რუსეთთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, განიხილება სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი. როგორც ბატონმა ზურაბ აბაშიძემ კარასინთან შეხვედრის წინ განაცხადა, ესაა საკითხი, რომელსაც ქართული მხარე არ აყენებს რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების ან ერთ, ან მეორე ფორმატში.“
პარალელურად, საქართველოში დეკემბრის შუა რიცხვებისთვის უკვე ელოდებიან ცალსახად დადებით პასუხს ევროკავშირის მხრიდან ვიზების ლიბერალიზაციის თაობაზე. ამ საკითხზე, რაც საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია მხოლოდ პოზიტიურ მოლოდინს აფიქსირებს საქართველოს მთავრობა. „ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ევროკომისია, რასაკვირველია, 15 დეკემბერს გაგვაცნობს, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ კარგი და პოზიტიური მოლოდინის საფუძველი არსებობს,- ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა,”- ეს წინადადება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოში საზოგადოება არჩევანის წინაშე დგას მიიღოს ევროკავშირისა თუ რუსული ვიზები. რუსეთი სწორედ ახლა, იმ დროს, როდესაც საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზების ლიბერალიზაციაზე დადებითი გადაწყვეტილების უდიდესი მოლოდინი ფიქსირდება, აცხადებს საკუთარ მზადყოფნას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შერბილების შესახებ. რამდენად წარმოადგენს რუსული ვიზები ევროკავშირის ვიზების ალტერნატივას ქვეყანაში, რომლის სოციალურად უმძიმეს ვითარებაში მყოფი მოსახლეობა ჯერ კიდევ იკვებება რუსეთში ხილისა და ბოსტნეული გაყიდვის ხიბლით, ამის შესახებ, ამერიკის ხმასთან პოლიტიკურმა მიმომხილველმა, ჟურნალისტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა ისაუბრა: „უნდა ვივარაუდოთ, რამდენადაც ვასრულებთ ყველა მოთხოვნას, რაც წაყენებული იყო ევროკავშირის მხრიდან, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილება. არის თუ არა რუსეთის ვიზები ევროკავშირის ქვეყნების ვიზების ალტერნატივა, გიპასუხებთ, რომ არ არის, არც ერთ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის რბილი ძალის პოლიტიკაში შედის ვიზების ლიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის. მე მესმის, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს ამით იოლი შესაძლებლობა მიეცემა იმოგზაუროს რუსეთში, მაგრამ ამის მიუხედავად, ალტერნატივის სახით ამ პერსპექტივის წარმოდგენა, მე ვფიქრობ, მაინც არამართებულია. რუსეთი ამითშეეცდება ჩვენი კეთილგანწყობის მოპოვებას, მით უმეტეს იმ ფონზე, თუ ევროპა გაწელავს ჩვენთვის ლიბერალიზაციის პროცესს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში, ჩემი შეფასებით, ეს არ იმოქმედებს საქართველოს მოქალაქეების ეგზისტენციალურ არჩევანზე, რასაც ევროატლანტიკური არჩევანი ჰქვია.“
ოპოზიცია საქართველოში აცხადებს, რომ რუსეთი ვიზების თემას პოლიტიკურ ბერკეტად იყენებს. 2006 წელს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია სატვირთო თვითმფრინავით განახორციელა. ამ პროცესმა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დეპორტაციის თაობაზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო, თუმცა საქმეზესაბოლოო შრტიხი, რაც სანქციებს უკავშირდება, ჯერ არაა დასმული.
«Region Plus» (აზერბაიჯანი), 20 ნოემბერი, 2015 წელი
http://www.regionplus.az/ru/articles/view/5677
ტრანზიტული უტოპია
ევროპაში ირანული გაზის გატანის არცერთ პროექტში სომხეთის როლი არ ჩანს
ირანს გაზის რეზერვების მიხედვით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია, მაგრამ სანქციების გამო ბუნებრივი საწვავის ექსპორტს ვერ ახერხებს. თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეულმა შეთანხმებებმა სანქციების მოხსნის შესაძლებლობა გააჩინა. არაა გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში, როცა ირანს საგარეო ვაჭრობაში შეზღუდვები აღარ ექნება, „მსოფლიო ირანულმა გაზმა წალეკოს“. ცხადია, ეს საკითხი ევროპას ძალიან აინტერესებს – გაზით მომარაგების დივერსიფიცირების თვალსაზრისით. ამ სიტუაციაში სომხეთმა და საქართველომ ღვეზლიდან ნაჭრის მიღება გადაწყვიტეს, – წერს აზერბაიჯანის ყოველკვირეული საზოგადოებრივ–პოლიტიკური ჟურნალი „რიჯენ პლუსი“ (ავტორი – ფასიმ ალიზადე).
დღეს საქართველოს ბუნებრივი გაზის მიღების მხოლოდ ერთი წყარო აქვს – აზერბაიჯანი. ამიტომაც საქართველომაც დივერსიფიცირების პოლიტიკა აირჩია და მოლაპარაკება დაიწყო რუსეთთან და ირანთან, დამატებითი მოცულობის კომერციული გაზის მიღების მიზნით. ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ასეთი ნაბიჯი იმით ახსნა, რომ აზერბაიჯანი გაზის უკმარისობას განიცდისო. მხედველობაშია მისარები ის გარემოება, რომ ამ ეტაპზე სახმრეთ კავკასიის გაზით მომარაგება მხოლოდ რუსეთს შეუძლია, საქართველოს კი მასთან მიმამრთებით, გაზის საკითხში ძალიან ცუდი მოგონებები აქვს: 2006 წლის ზამთარში ჩრდილოეთ ოსეთში [გაურკვეველი მიზეზით] მომხდარი გაზსადენის აფეთქების გამო საქართველო გაზის გარეშე დარჩა. „გაზპრომ“–თან მოლაპარაკების ფაქტმა ქართული ოპოზიციის მწვავე რეაქცია გამოიწვია, თბილისში ვიზიტის დროს კი პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უარყო თეზისი, თითქოსდა აზერბაიჯანს გაზის დეფიციტი აქვსო და განაცხადა, რომ ბაქოს შეუძლია 100 წლის განმავლობაში მოამარაგოს ბუნებრივი საწვავით როგორც მეზობელი ქვეყნები, ასევე ევროპაო.
ასეა თუ ისე, კახა კალაძე მაინც ფიქრობს, რომ საქართველოსთვის დამატებითი მოცულობის „ცისფერი საწვავის“ მიღება აუცილებელია, ბიძინა ივანიშვილმა კი მას კვერი დაუკრა და განაცხადა, რომ ირანის გაზი საქართველოში ნამდვილად უნდა შემოვიდესო. ამ დროს კი ორივეს ავიწყდება, რომ ამ გეგმების რეალიზებისათვის აზერბაიჯანის ნებართვაა საწირო, რადგან ირანიდან საქართველოში გაზის ექსპორტი მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურით იქნება შესაძლებელი.
შორეულ 1970–იან წლებში საბჭოთა კავშირ–ირანის შეთანხმებით აიგო გაზსადენი ირანი–ასტარა–ყაზახი, რომელიც გარდაბანთან საქართველოს სსრ–ის გაზგამანაწილებელ სისტემას შეუერთდა და წელიწადში 10 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ატარებდა. 1990–იანი წლებიდ დასაწყისში გაზსადენის ექსპლოატაცია შეჩერდა. 2006 წელს საქართველომ წამოაყენა მისი რეაბილიტაციის საკითხი, მაგრამ რადგანაც ირანზე უკვე სანქციები იყო დაწესებული და ტანაც გაზი საკმაოდ ძვირი გამოდიოდა, საკითხის რეალიზება გადაიდო.
რასაკვირველია, საქართველოს შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ ირანულ გაზს სომხეთის ტერიტორიის გავლით მიიღებს. სხვათა შორის ოფიციალურმა ერევანმა უკვე დაიწყო იმის პროპაგანდა, რომ თეირან–ერევან–თბილისის ახალი ენერგეტიკული ღერძი ყალიბდებაო. საქმე ეხება ამჟამად მოქმედ 140 კილომეტრიან გაზსადენს – ირანის ქალაქ ტავრიზიდან სომხეთის ქალაქ მეგრამდე, მაგრამ მისი გამტარუნარიანობა წელიწადში მხოლოდ 1,1 მილიარდი კუბმეტრია. კი, რა თქმა უნდა, არსებობს იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ თავრიზ–მეგრის მილსადენის გამტარობა ორჯერ გაიზარდოს, მაგრამ აქ სულ სხვა პრობლემაა: სომხეთის გაზგამანაწილებელი სისტემა და თვით გაზსადენი (სომხეთის მონაკვეთზე) რუსულ „გაზპრომს“ ეკუთვნის. თუ ამ გაზსადენით ირანი საქართველოს გაზს მიაწვდის, გამოდის, რომ ირანულ გაზს სომხეთიც გამოიყენებს. მაგრამ დათანხმდება „გაზპრომი“ თავისი მილი კონკურენტს – ირანს დაუთმოს დამატებითი გაზისთვის?
ასევე მნიშვნელოვანია გაზის ღირებულების საკითხი: რა ფასად შეუძლია საქართველოს ირანისაგან გაზის ყიდვა? მაგალითად, თურქეთი გაზს იღებს აზერბაიჯანისაგან, რუსეთისაგან და ირანისაგან და სწორედ ირანული გაზის ყველაზე ძვირი.
გარდა ამისა, თუ თბილისი და თეირანი ევროპაში ირანული გაზის ექსპორტის საკითხზე მოილაპარაკებენ (საქართველოს ტერიტორიის გავლით), როგორ ჩაეწერება ამ მარშრუტში სომხეთი? ერევანში, ალბათ, ფიქრობენ, რომ თუ ირანული გაზის სომხეთის ტერიტორიის გავლით საქართველოში შევა, შემდეგ ეს გაზი TANAP–ის (ტრანსანატოლიის გაზსადენის) მილებში მოხვდება, მაგრამ ეს უტოპიაა – ამაზე აზერბაიჯანი, რომელსაც TANAP–ში 50%–იანი წლი აქვს, არანაირად არ დათანხმდება მანამ, სანამ სომხეთი ოკუპირებულ მიწებს არ გაათავისუფლებს.
თეორიულად შესაძლებელია, რომ ირანული გაზის სომხეთის ტერიტორიის გავლით საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურებამდე მივიდეს, იქ მისი გათხევადება მოხდეს და ევროპაში გადაიტვირთოს, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ რთული ინფრასტრუქტურის შექმნას მოითხოვს? და თუ ინფრასტრუქტურა შეიქმნება, ანუ გაზგამათხევადებელი ქარხანა აშენდება, მაშინ ირანული გაზი ისე გაძვირდება, რომ მართლაც ოქროს ფასი ექნება…
კიდევ ერთი უარყოფითი მომენტი: ამ ეტაპზე ზოგადად ირანი დაინტერესებული არ არის მილსადენებით გაზის ექსპორტით, რადგან მისი გაზის საბადოები უმეტესად ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, სპარსეთის ყურის ახლოს. აბა, წარმოვიდგინოთ: რაში ჭირდება ირანს სამხრეთ კავკასიის – სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით გაზის ევროპაში გატანა, როცა მას თურქეთთან აქვს საზღვარი? ეს პირველი და მეორე – თეირანისთვის უფრო მომგებიანია თვითონ ააგოს გაზგამათხევადებელი ქარხანა სპარსეთის ყურის ნაპირზე და იქიდან ტანკერებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას მიაწოდოს.
სომხური მარშრუტის უტოპიურობაზე მეტყველებს აგრეთვე ის ფაქტი, რომ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრ ნოვაკის თეირანში ამასწინანდელი ვიზიტის დროს განიხილეს ირანისათვის სომხეთიდან რუსული გაზის „სვაპური პრინციპით“ მიწოდების საკითხი, რაც იმას ნიშნავს, რომ „გაზპრომი“ სომხეთიდან რუსული გაზს ირანის ჩრდილოეთ ნაწილს მოამარაგებს, სამაგიეროდ კი ირანისაგან იმავე რაოდენობის გაზს მიიღებს სპარსეთის ყურეში, რომელსაც შემდეგ პაკისტანსა და ინდოეთში გაყიდის.
საბოლოო ჯამში, „გაზპრომი“, ირანის ჩრდილოეთ რეგიონში სვაპური პრინციპით გაზის მიწოდების საკითხში უფრო მეტად უპირატესობას მაინც აზერბაიჯანს მიანიჭებს, ვიდრე „ჩრდილოეთ–სამხრეთის“ (ვლადიკავკაზ–თბილის–ერევნის გაზსადენს) მარშრუტს, ან მეგრი–თავრიზის გაზსადენს. საქმე იმაშია, რომ აზერბაიჯანში დიდი მიწისქვესა გაზსაცავებია, 6 მილიარდი კუბმეტრის მოცულობით და მოსკოვიც მას გამოიყენებს.
მოკლედ, ყველა ვარიანტსა და ვერსიაში სომხეთის როლი გამოირიცხება. საკვირველია, რა გეგმებს აწყობს ერევენი და რისი იმედი აქვს, რეგიონულ პროექტებში შემოძვრომას რომ ცდილობს?