globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 21 ნოემბერი 2016

Posted by Globalresearch on Nov 21st, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილი კიევზე შეტევისთვის ემზადება // ყოფილი გუბერნატორი ახალ პარტიას ქმნის

«Die Zeit» (გერმანია): მიშა კორუფციონერთა წინააღმდეგ // იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო, შემდეგ კი გუბერნატორი უკრაინაში. ახლა პოსტიდან გადამდგარი მიშა თავის ძველ მეგობარ პატრო პოროშენკოს ებრძვის

———————-

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 21 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.kommersant.ru/doc/3148736

მიხეილ სააკაშვილი კიევზე შეტევისთვის ემზადება

ყოფილი გუბერნატორი ახალ პარტიას ქმნის

იანინა სოკოლოვსკაია

ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან სკანდალურად გადამდგარმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაცია -  მოძრაობა „ახალი ძალების“ („რუხ ნოვიხ სილ“) დაარსება გამოაცხადა, რომლის პირველი ყრილობა კიევში 27 ნოემბერს ჩატარდება. აშკარაა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ნაწილობრივ მიითვისა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, პატრიოტული პარტიის „ნაროდნიი რუხ“-ის სახელწოდება. ექსპერტთა აზრით, ამით მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში პირველ როლზე პრეტენზიას აცხადებს.

როგორც ცნობილია, ქართველ „ვარიაგებს“ რამდენიმე თვის წინათ ჩაფიქრებული ჰქონდათ დაეარსებინათ პარტია „ხვილია“ („ტალღა“), მაგრამ როგორც 14 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ტელეკომპანია „24“-ის კორესპონდენტთან, ჟურნალისტ სონია კოშკინასთან საუბარში განაცხადა, „არავითარი „ხვილია“ არ იქნება. ტალღა მოიქცევა, შემდეგ კი უკან მიდის. [ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ]“.

თვითონ ექს-გუბერნატორი ამბიციებს არ მალავს. „დღეს ჩვენს ოფისში საინიციატივო ჯგუფის დაახლოებით ასამდე წარმომადგენელი შეიკრიბა, მთელი უკრაინის მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შეხვედრას უკრაინის უშიშროების სამსახური უთვალთვალებდა, ძველი პოლიტიკურ კლანები მაინც ვერ შეგვაჩერებენ. ჩვენ „ახალი ძალების მოძრაობა“ ვართ. თვით სიტყვა „რუხ“ („მოძრაობა“) იმას აირეკლავს, რასაც გავაკეთებთ. ეს სიტყვა გარდაქმნებისა და ცვლილებების, გამარჯვების სიმბოლოა“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა თავის გვერდზე სოციალურ ქსელში.

ახალი მოძრაობის საბჭოს პირველი სხდომა კიევში მდებარე იმ შენობაში ჩატარდება, სადაც ადრე უკრაინის ექს-პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის საარჩევნო შტაბის მუშაობდა და მისი ადმინისტრაციის უფროსის – ანდრეი კლიუევის ოფისი იყო. ამ არაერთმნიშვნელოვანი ასოციაციების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი ყველა დემოკრატიულ ძალას მოუწოდებს შეუერთდნენ მის მოძრაობას, რომელიც მალე გამოქვეყნებს თავის მოთხოვნებს და დაიწყებს პოლიტიკური ელიტის განახლებას საკადრო რეზერვის მეშვეობით“.

„ახალი ძალების მოძრაობისთვის“ ძირითადი მოწინააღმდეგე, როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იქნება. ამაში დარწმუნებულია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელმაც „კომერსანტთან“ საუბრისას ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა: „მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრენი ავრცელებენ ხმებს, რომ ვითომდა უკრაინის ხელისუფლება მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს და საქართველოსათვის გადაცემას გეგმავსო, სადაც ექს-პრეზიდენტს რამდენიმე მუხლით ბრალი აქვს წაყენებული. მაგრამ ჩვენ მიხეილ სააკაშვილის საქართველოსათვის გადაცემას არ ვაპირებთ, მას ტყუილად ეშინია“, – ამბობს პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის წარმომადგენელი. ამავე დროს „კომერსანტის“ კიდევ ერთი წყარო, რომელიც გენერალურ პროკურატურასთან ახლო კავშირები აქვს, აცხადებს, რომ „მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე დეტალურად იქნება შესწავლილი, განსაკუთრებით კორუფციის მიმართულებით“.

„კომერსანტის მიერ გამოკითხული უკრაინელი ექსპერტები თვლიან, რომ განსაზღვრულ პირობებში მიხეილ სააკაშვილის ახალ მოძრაობას უკრაინის პოლიტიკურ ველზე ადგილის დაკავების შანსები ნამდვილად აქვს. კიეველი პოლიტოლოგის ალექსეი იაკუბინის აზრით, „მიხეილ სააკაშვილის ანტიკორუფციული ლოზუნგები შესაფერ ნიადაგს იპოვის მოსახლეობის საერთო უკმაყოფილების ფონზე და მემარცხენე ელექტორატს მიიზიდავს… კომპარტიის აკრძალვისა და სოციალისტების დასუსტების შემდეგ მემარცხენე ელექტორატმა ორიენტირები დაკარგა და ახლა მზად არის მხარი „მესამე ძალას“ დაუჭიროს, რომელიც პრეზიდენტისა და მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოდის“, – დარწმუნებულია ექსპერტი.

«Die Zeit» (გერმანია), 21 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.zeit.de/2016/48/michail-saakaschwili-ukraine-georgien-korruption

მიშა კორუფციონერთა წინააღმდეგ

იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო, შემდეგ კი გუბერნატორი უკრაინაში. ახლა პოსტიდან გადამდგარი მიშა თავის ძველ მეგობარ პატრო პოროშენკოს ებრძვის

„ნოემბრის ერთ თბილ დღეს, ორშაბათს, მიხეილ სააკაშვილმა თავის ძველ მეგობარს ომი გამოუცხადა. თავისი ნაბიჯის შესახებ წინასწარ არავისთვის უთქვამს. მიხეილ სააკაშვილი შორს მიმავალი გადაწყვეტილებების მიღების დროს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ენდობა“, – ასე იწყება სტატია, რომელშიც ექსპრეზიდენტ-გუბერნატორის ქართულ-უკრაინული პოლიტიკური ოდისეაა მიმოხილული (ავტორი – შტეფან დობერტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით (თავისუფალი თარგმანი):

„ექს-გუბერნატორის  ყოფილ კაბინეტში პეტრო პოროშენკოს სურათი ჰკიდია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ თავის 30-წლიან მეგობარს ზემოდან დაჰყურებდა. დღეს მიხო პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოდის. იგი იმ ბავშვს ჰგავს, რომელიც საყვარელი თამაშითაა გართული და გაჩერება აღარ შეუძლია. ეს თამაში პოლიტიკაზე დიდ გავლენას ახდენს. ყოფილი პრეზიდენტის ნაბიჯები, ერთი მხრივ, მოსახლეობის შთამაგონებელია, მეორე მხრივ კი – დამაშანტაჟებელი. ბევრი მის ქმედებაში სახელისუფლებო ინსტინქტს ხედავს და მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი წერას ატანილი ადამიანის მსგავსად მოქმედებს, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებაო. მეორენი ფიქრობენ, რომ მიხოს საინტერესო გეგმები აქვს.

გაისად მიხეილ სააკაშვილს 50-წლიან იუბილე ექნება. იგი საქართველოში დაიბადა, შავიზღვისპირა პატარა ქვეყანაში. 33 წლის ასაკში იუსტიციის მინისტრი გახდა, 35 წლისამ რევოლუცია მოახდინა, 36 წლის მიხეილ სააკაშვილი კი სახელმწიფოს მეთაურად აირჩიეს. 40 წლის რომ იყო, მან პირველი ომი გადაიხადა: რუსეთი თავს დაესხა ევროპისაკენ მზირალ საქართველოს და საჰაერო დარტყმებთან ერთად, კიბერშეტევაც განახორციელა. სამწუხაროდ, ხუთი დღის ბრძოლების შემდეგ საქართველოს არმიამ უკან დაიხია. დღეს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის კონტროლქვეშ იმყოფება.

მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ორი ვადის პერიოდში ქართული სახელმწიფო საფუძვლიანად შეცვალა. მან ბრძოლა გამოუცხადა იმ ავადმყოფობას, რომლითაც აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანაა დაავადებული – კორუფციას. როცა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად  აირჩიეს, მან საქართველო უგანდაზე დაბალი ინდექსით მიიღო (133-ე ადგილით), ხოლო როცა იგი ცხრა წლის შემდეგ პრეზიდენტობიდან წავიდა, საქართველო მოწინავე ქვეყნების რიგში დატოვა, 55-ე ადგილით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების – საბერძნეთი, ჩეხეთი და იტალიის გვერდით. „მიხეილ სააკაშვილი რადიკალურად მოქმედებდა. მთავარი რეფორმა პოლიციაში განხორციელდა. მან ასევე  შეამცირა ბიუროკრატიული აპარატი და თანამშრომლებს ხელფასები მოუმატა“, – ამბობს თიკა ნინუა, რომელმაც ორგანიზაცია Transparency International-სთვის საქართველოში განხორციელებული რეფორმები გაანალიზა.

ბევრი ქართველი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს დანაშაული აქვს ჩადენილი და მას პასუხისმგებლობა ეკისრება, მაგალითად, საპყრობილეებში მომხდარი წამების ფაქტებისა და კერძო საკუთრების უკანონო ჩამორთმევის გამო, თუმცა თვითონ ექს-პრეზიდენტი თვლის, რომ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.  მართალია თუ არა ეს ყველაფერი, ძნელი სათქმელია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ქართველთა საკმაო ნაწილი მიხეილ სააკაშვილით ამაყობს: მან საქართველოში კორუფციისათვის ნიადაგი მოსპო და ახლა იგივეს გაკეთება უკრაინაშიც სურს. ყოფილი პრეზიდენტი თვლის, რომ საქართველოს მსგავსი რეფორმების გამეორება უკრაინაშიც შესაძლებელია და რომ ქვეყნის ისტორიისთვის ეს აუცილებელია. ამიტომაც მან გასული წლის მაისში უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, იგი დათახმდა ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნაზე… საერთოდ, კორუფციას უკრაინაში ღრმად აქვს გადგმული ფესვები, მაგრამ ოდესა ამ მხრივ განსაკუთრებულია – ეს მაფიოზთა ქალაქია. ქრთამის გარეშე აქ ვერაფერს გააკეთებ, ვერაფერს ააშენებ, რადგან ყველაფერს „ჯიბეში ჩაცურებული“ გრივნა-დოლარი წყვეტს. კორუფცია ხელს უშლის ქვეყნის  ბიუჯეტის შევსებას და, შესაბამისად, სოციალური ხარჯვითი ხვრელების ამოვსებას.

მიხეილ სააკაშვილს ასეთი სიტუაციის შეცვლა სურდა. მან ასობით თანამშრომელი გაათავისუფლა და ახალი კადრები მიიღო საბაჟოში, პოლიციასა და საოლქო ადმინისტრაციის აპარატში, მაგრამ ძველმა მეგობარმა, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას მხარდაჭერა შეუწყვიტა. პრეზიდენტმა უღალატა თავის განცხადებას, რომელიც მან ერთი წლის წინათ ოდესაში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის გახსნის დროს წარმოსთქვა: „უკრაინა 24 წელი ელოდა ამ დღეს, როცა კორუფციასთან ბრძოლა დაიწყებოდაო“.

Comments are closed