globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 21 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 21st, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Каспiй» (აზერბაიჯანი): წყალწაღებული ლარის გადასარჩენად // საქართველოში ეროვნული ვალუტის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს

«The National interest» (აშშ): შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი სამხრეთ კავკასიური სიტუაციის შეცვლას? // აზერბაიჯანს, საქართველოს და სომხეთს ვაშინგტონისაგან სხვადასხვანაირი მოლოდინი აქვთ

———————-

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 14 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

წყალწაღებული ლარის გადასარჩენად

საქართველოში ეროვნული ვალუტის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს

სტატიაში გადმოცემულია საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის გაუფასურების, ანუ დოლართან მიმართებით ლარის კურსის სწრაფი დაცემით გამოწვეული სიტუაცია (ავტორი – რაუფ ორუჯევი).

„მეზობელ საქართველოში შექმნილი რთული ეკონომიკური სიტუაცია და მთავრობის მიერ ასეთი სიტუაციის გამოსწორების მიზნით გადადგმული არაპოპულარული ნაბიჯები მოქალაქეებს პროტესტებისაკენ უბიძგებს“, – აღნიშნული პუბლიკაციაში. ავტორი ყურადღებას ამახვილებს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე, რომლის დროსაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებას ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შეჩერება მოსთხოვა. მართლაცდა, ბოლო თვეებში ლარი კურსის დაცემის ისტორიულ ანტირეკორდებს ამყარებს“. მართალია, ხელისუფლება გარკვეულ ზომებს ღებულობს ვალუტის კურსის გამყარების მიმართულებით, მაგრამ დღემდე რაიმე მნიშვნელოვან შედეგს ვერ აღწევს. ექსპერტები თვლიან, რომ ლარის გაუფასურება გაგრძელდება, რაც ყველაზე მეტად პირველი მოხმარების საგნებისა და კვების პროდუქტების ფასებზე აისახება, მოიმატებს ტრანსპორტით მგზავრობაც, კომუნალური გადასახადების მოცულობაც და ა.შ.

პუბლიკაციის ავტორი წერს აგრეთვე ავტომობილების იმპორტიორებისა და დილერების მიერ გამართულ საპროტესტო აქციებზეც, რომელთა მონაწილეები უკმაყოფილონი არიან პირველი იანვრიდან იმპორტირებულ, განსაკუთრებით კი „მარცხენასაჭიან“ ავტომანაქანებზე აქციზის მომატების გამო. „იაპონიიდან იმპორტირებულ ამგვარ ახალ ავტომობილებზე აქციზის მომატებით  მთავრობა ორი ამოცანის გადაწყვეტას ცდილობს: ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას და ძველი „მარცხენასაჭიანი“ ავტომობილების რაოდენობის შემცირებას. ქართველ იმპორტიორებს „ამომავალი მზის ქვეყნიდან“ ახალი „მარჯვენასაჭიანი“ ავტომანქანები ძალზე იაფად შემოაქვთ, რის შედეგადაც საქართველოს ქალაქებში იმდენად მომრავლდა ტრანსპორტი, რომ ქუჩების გადატვირთვა და „საცობები“ გამოიწვია. მთავრობამ ძველი „დასავლური“ ავტომობილების მოძრაობის აკრძალვა ვერ გაბედა, რადგანაც „მარცხენასაჭიანი“ ავტომანქანების პარკი, ზოგიერთი მონაცემით, დღეისათვის 30-40%-ს შეადგენს, მაგრამ ისინი ეკოლოგიურად მავნე შედეგს იწვევენ. სწორედ ამიტომ რიგმა არასამთავრობო ეკოლოგიურმა ორგანიზაციებმა ახალ იაპონურ მანქანებზე აქციზის მომატების მოწინააღმდეგეებს მხარი დაუჭირეს.

როგორც პუბლიკაციაში აღნიშნული, მოსახლეობის უკმაყოფილების ფონზე მთავრობა აშკარა შეცდომას უშვებს. ამის დამადასტურებლად ავტორი იხსენებს ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის სკანდალურ განცხადებას, რომლის თანახმად, როცა იგი სვანეთში იყო დასასვენებლად წასული და როცა სუვენირის საყიდლად მოხუც ქალბატონს 100-ლარიანი კუპიურა გაუწოდა, მან  „ჯიბიდან სულ ბღუჯა-ბღუჯა ფული“ ამოიღოო. მინისტრის ასეთმა ფრაზამ მოსახლეობაში დიდი აღშფოთება გამოიწვია, თუმცა, პრინციპში, იგი მართალი იყო, რადგან სვანეთში ტურიზმის განვითარებით იქაურ მოსახლეობას შემოსავლები მართლაც რეალურად გაეზარდა. ამის მიუხედავად, ზოგიერთმა მიმომხილველმა არ გამორიცხა, რომ მოსახლეობის უკმაყოფილების ფონზე შესაძლოა მთავრობა უახლოეს ხანში გადადგესო, თუმცა სულ რაღაც ორიოდე თვე არის გასული მას შემდეგ, რაც მმართველმა “ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა.

ოპონენტთა კრიტიკის საპასუხოდ, მთავრობის „ეკონომიკური ბლოკის“ ხელმძღვანელები იმოწმებენ მეზობელ ქვეყნებში არსებულ სიტუაციას – თურქეთში, რუსეთში და აზერბაიჯანში ადგილობრივი ვალუტაც გაუფასურებულიაო. ცხადია, იმ პირობებში, როცა საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორები სწორედ ჩამოთვლილი სახელმწიფოები არიან, ლირის, რუბლის და მანათის დასუსტებას არ შეეძლო ქართულ ლარზეც გავლენა არ მოეხდინა, მაგრამ ასეთი განმარტება მოსახლეობას არ აკმაყოფილებს. მოქალაქეები შიშით ელოდებიან, რომ ფასები აპოკალიპტურად მოიმატებს.

„კასპიის“ კორესპონდენტმა საქართველოში შექმნილი ვითარების კომენტარისათვის „ცნობილ ქართველ პოლიტოლოგს“ გელა ვასაძეს მიმართა:

„პროტესტები აბსოლუტურად გამართლებულია, მაგრამ უკვე საკმაოდ დაგვიანებული. პროტესტები არჩევნების დროს ხმის მიცემით უნდა გამოხატულიყო, ახლა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს და ისეთ პოლიტიკას ატარებს, როგორსაც საჭიროდ მიიჩნევს. ცხადია, თითქმის ყველა აქციზის გაზრდა ცხოვრების მკვეთრ გაძვირებას გამოიწვევს და ქვეყანაში სოციალურ დონეს დასცემს. მე უკვე არაფერს ვამბობ იმაზე, ვისაც ბანკებიდან კრედიტები დოლარებით აქვს გამოტანილი – მათთვის ლარის კურსის დაცემა საერთოდ კატასტროფაა…. მაგრამ ეს ხელისუფლებას ნაკლებად აინტერესებს, რადგან მორიგ არჩევნებამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი“.

«The National interest» (აშშ), 18-20 დეკემბერი, 2016 წელი

http://nationalinterest.org/feature/can-trump-shake-the-south-caucasus-18774

შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი სამხრეთ კავკასიური სიტუაციის შეცვლას?

აზერბაიჯანს, საქართველოს და სომხეთს ვაშინგტონისაგან სხვადასხვანაირი მოლოდინი აქვთ

ჯავიდ ველიევი, სტრატეგიული კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი (ბაქო)

(შემოკლებით)

სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არცევნებს ყურადღებით აკვირდებოდნენ. 1991 წლის შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, სამხრეთ კავკასიისაკენ აშშ-ის ყურადღების მიპყრობას ყველა აქაური ქვეყანა თავისებურად ცდილობდა – სომხები ძლიერ სომხურ ლობს იყენებდნენ, საქართველო და აზერბაიჯანი კი სატრანზიტო გზების პოტენციალისა და ნავთობ-გაზის რესურსების რეკლამირებას ახდენდნენ. ამასტანავე, სამხრეთ კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრელვარე და კონფლიქტური რეგიონია – შედარებით მცირე ტერიტორიაზე სამი ეთნიკური კონფლიქტი არსებობს – აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის.

2016 წელს სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფომ დამოუკიდებლობის 25 წლისთავი აღნიშნა. ამ ხნის განმავლობაში ხშირად წამოიჭრებოდა ხოლმე საკითხები, რომლებიც აშშ-ის მიერ გატარებულ სამხრეთკავკასიურ პოლიტიკაზე მეტ-ნაკლებს გავლენას ახდენდნენ ხოლმე: ირანის ინტერესები, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფრონტაცია, სომხეთ-თურქეთის პრობლემატიკა და სხვა.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, მეოთხედი საუკუნის მანძილზე სამხრეთ კავკასიის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკაზე გავლენას ძირითადად სამი პრობლემა ახდენდა: პირველი – დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა, მეორე – ენერგეტიკა და მესამე – უსაფრთხოება. ამ პრობლემების პრიორიტეტულობა იმის კვალობაზე იცვლებოდა, თუ რომელი ადმინისტრაცია იყო თეთრ სახლში: ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს უპირატესობა ენერგეტიკას ჰქონდა (კასპიის ზღვის ენერგეტიკული რესურსების დასავლეთში მილსადენებით  გატანის უზრუნველყოფას), ჯორჯ  ბუშ-უმცროსის მმართველობის პერიოდში მეტი ყურადღება ექცეოდა უსაფრთხოებას (2011 წლის ტერაქტების გამო), ხოლო ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს აშშ რეგიონში ლიბერალურ-ინტერვენციანალისტურ პოლიტიკას ატარებდა (ადამიანის უფლებებისა და საერთოდ, დემოკრატიის დაცვის კუთხით).

საერთოდ კი, უნდა ითქვას, რომ აშშ-ის მონაწილეობა რეგიონის საქმეების გადაწყვეტაში ბილ კლინტონის და ჯორჯ ბუშის მმართველობის დროს უფრო აქტიური იყო, ვიდრე ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში.

ბიულ კლინტონის პრეზიდენტობის პირველ ვადაში თეთრი სახლი ყურადღებას აქცევდა ირანის შეკავებას და მეტ-ნაკლებად მხარს უჭერდა რუსეთის დონირებას რეგიონში. ამ პოლიტიკის არქიტექტორი ტროუბ ტელბოტი თვლიდა, რომ თუ რუსეთი შეიცვლებოდა, მაშინ ეს ცვლილება დადებით გავლენას მოახდენდა ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაზე. ასეთი პოლიტიკა 1996 წლამდე ტარდებოდა, შემდეგ კი ვაშინგტონმა კურსი ეცვალა – ბილ კლინტონმა აქტიურად დაუჭირა მხარი რეგიონულ ენერგეტიკულ პროექტებს ქვეყნების ერთმანეთთან ინტეგრაციისა და მათი სუვერენეტიტეტის განმტკიცების მიზნით. 1994 წლიდან სამივე რესპუბლიკა ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე გახდა.

რაც შეეხება ირანს: საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში ვაშინგტონსა და თეირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობდა – უფრო მეტიც, ამერიკას ირანისათვის ეკონომიკური სანქციები ჰქონდა გამოცხადებული. თავის მხრივ, ირანი შეერთებულ შტატების სამხრეთკავკასიურ პოლიტიკას წინააღმდეგობას უწევდა და სომხეთთან, საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობის განვითარებას ცდილობდა. თუმცა, რადგანაც გეოპოლიტიკური კონფრონტაცია საკმაოდ სუსტი იყო, ბუნებრივია, ის ცხელ დაპირისპირებაში არ გადასულა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არც სომხეთი, არც საქართველო და არც აზერბაიჯანი მაინცდამაინც არ ემხრობოდნენ ირანისადმი გამოცხადებულ ამერიკულ სანქციებს.

ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს სამხრეთ კავკასიაში რუსეთ-აშშ-ის კონკურენციის დონე აშკარად გაიზარდა – ამის მიზეზი საქართველოსა და უკრაინაში „ფერადი რევოლუციები“ გახდა (ეს ორი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა ყველაზე მეტად ისწრაფოდა ევროკავშირისა და ნატოსაკენ, რუსეთი კი ძალზე უარყოფითად იყო განწყობილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთისაკენ გაფართოების მიმართ).

ნატოს ბუქარესტის სამიტის დროს, 2008 წლის აპრილში, შეერთებულმა შტატებმა და პოლონეთმა ალიანსის წევრებს მოუწოდეს, რომ საქართველოსთვის „მაპ“-ი მიეცათ, თუმცა ამ წინადადებამ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია იმავე ნატოს ზოგიერთ წევრში, კერძოდ, გერმანიამ და საფრანგეთმა უარი თქვეს იმ მოტივით, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პრობლემები გააჩნდა ტერიტორიულ საკითხში – სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებით. ამის გამო თბილისი „მაპ“-ის გარეშე დარჩა (სხვათა შორის, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ნატოს გაფართოების წინააღმდეგ გამოდის).

ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს აშშ-ირანის კონფრონტაციამ სამხრეთ კავკასია საკმაოდ დააზარალა. ვაშინგტონი შეეცადა რეგიონში თავისი ბაზები განელაგებინა, მაგრამ ადგილობრივმა ქვეყნებმა, საქართველომაც კი, ამ მცდელობას მხარი არ დაუჭირა. ბარაკ ობამას მმართველობის პერიოდში სიტუაცია შეიცვალა – ირანი დათანხმდა ბირთვული სამუშაოების შეჩერებას, სანაცვლოდ კი დასავლეთმა თეირანს ზოგიერთი სანქცია მოუხსნა. ამ ახალმა სიტუაციამ პოზიტიური გავლენა მოახდინა რეგიონულ უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებასა და ირანის ურთიერთობაზე სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან (სხვათა შორის, დონალდ ტრამპმა ამ „ბირთვულ შეთანხმებას“ „კატასტროფა“ უწოდა და თქვა, რომ გარიგებას გააუქმებდა).

ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის „გადატვირთვამ“ სამხრეთ კავკასიის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკაზე დიდი გავლენა მოახდინა, რაც რეგიონიდან „ამერიკის წასვლად“ იქნა განხილული, მაგრამ მოგვიანებით „გადატვირთის“ პოლიტიკა შეიცვალა – აშშ-რუსეთის ურთიერთობა, უკრაინისა და სირიის მოვლენების გამო, კვლავ გაუარესდა. შესაბამისად, მოხდა რეგიონის ქვეყნების გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია: სომხეთმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე (2013 წელს) და ევრაზიულ კავშირის წევრი გახდა. აზერბაიჯანი მიუმხრობლობის მოძრაობის ორგანიზაციიაში გაწევრიანდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ ბაქო უარს ამბობდა რაიმე სამხედრო ბლოკში გაერთიანებაზე.

ამჟამად საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისაგან მნიშვნელოვანი იმედები და მოლოდინები აქვთ, თუმცა აშკარაა, რომ დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ არ აქვს ნათლად გარკვეული თავისი დამოკიდებულება სამხრეთ კავკასიის, ახლო აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართ. გამორიცხული არაა, რომ ახალი პრეზიდენტის გუნდმა კიდევ უფრო შეამციროს აშშ-ის როლი და მონაწილეობა სამხრეთკავკასიურ პროცესებში, რაც, ზოგიერთი პოლიტოლოგის თვალსაზრისით, რეგიონულ დისბალანსს გამოიწვევს.

Comments are closed