globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 22 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 22nd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი), 22 იანვარი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-01-22/6_gruzia.html

სიცილიური დეტექტივი ქართული აქცენტით

თბილისში შესაძლოა ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყოს

„საქართველოში, კასპის რაიონში, შვილის საფლავზე ააფეთქეს არასამტავრობო ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლეს“ დამაარსებელი იური ვაზაგაშვილი. იმავე დღეს თბილისში საზოგადოების წარმომადგენელთა აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა ხელისუფლებას მომხდარი ტრაგიკული ფაქტის ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება მოსთხოვეს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია იური ვაზაგაშვილის ვაჟის – ზურაბ ვაზაგაშვილის და კიდევ ორი ახალგაზრდის დაღუპვის ამბავი, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა ე.წ.„სპეცოპერაციის“ დროს დახვრიტეს იმ მოტივით, რომ მათ თურმე „შეიარაღებული ძარცვის ჩადენა ჰქონდათ განზრახული“. ამ საქმეში ბევრი ბნელი ლაქაა: არიან მოწმეები, რომლებიც აცხადებენ, რომ „სპეცოპერაციის’ დროს კანონი დაირრავა: პოლიციელებმა ცეცხლი ავტომანქანას, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, წინასწარ გაფრთხილების გარეშე გაუხსნეს, ხოლო მათი დახოცვის შემდეგ საკონტროლო გასროლები განახორციელეს და, კომპრომატის მიზნით, იარაღი შეუგდეს.

ეს საშინელი შემთხვევა 2006 წლის მაისში მოხდა, ანუ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის პერიოდში. იმ წლებში მსგავსი შემთხვევები ერთეული არ იყო: მიხეილ სააკაშვილმა კრიმინალურ ჯგუფებს ულმობელი ომი გამოუცხადა ლოზუნგით „ნული ტოლერანტობა“, შესაბამისად, ქვეყანაში  ხოცვა-ჟლეტა დაიწყო: პოლიციელთა ტყვიის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ როგორც რეალური დამნაშავეები, ასევე ეჭვმიტანილებიც და საერთოდ უდანაშაულო პირები. განსაკუთრებით გახმაურდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ მოკლული ბანკის მოსამსახურის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე.

საქართველოს ხელისუფლებაში ახალი მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ საზოგადოებამ შემაძრწუნებელი სიმართლე გაიგო: მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის წლებში სამართალდამცველი ორგანოების მიერ ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე დახვრეტილი იქნა 100-ზე მეტი მოქალაქე. ჯერ კიდევ „ნაციონალთა“ მმართველობის ჟამს მოკლულთა ახლობლებმა და ნათესავებმა ჩამოაყალიბეს  არასამთავრობო ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლე“, რომელსაც სათავეში იური ვაზაგაშვილი ჩაუდგა – მას შვილი მხოლოდ იმისთვის მოუკლეს, რომ იგი „ეჭვმიტანილი“ იყო არჩადენილ „დანაშაულში“. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები კანონის დამრღვევი პოლიციელების დასჯას ითხოვდნენ. მართალია, მათ გარკვეულ შედეგს მიაღწიეს, მაგრამ ხელისუფლების მიერ გამოტანილმა ერთეულმა გადაწყვეტილებებმა ორგანიზაციის წევრები არ დააკმაყოფილა.

„ქართულმა ოცნებამ“ ნუგეში და იმედი ჩაუნერგა დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ხელისუფლება მათ სისხლის სამართლის ძველი საქმეების ხელახლა გამოძიებას დაპირდა, მაგრამ დრო მიდიოდა, სამართლიანობის აღდგენა კი აგვიანებდა. ამის შედეგად „გადაარჩინე სიცოცხლე“ ახალ ხელისუფლებას გაუნაწყენდა და „ქართული ოცნება“ „ნაციონალებთან“ გარიგებაში დაადანაშაულა: იური ვაზაგაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ გამოძიება მისი შვილის მკვლელებს არ დაიჭერს, თვითონ დაასახელებს მკვლელთა მფარველებს. შედეგმაც არ დააყოვნა: ასეთი მკვეთრი განცხადების შემდეგ იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ყვავილების გამოცვლის დროს, ქვის ვაზაში ჩადებული  ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

ადამიანის უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იური ვაზაგაშვილის დაღუპვაში თავიანთი წვლილი მიუძღვით როგორც წინა, ასევე დღევანდელ ხელისუფლებას: „ჩადენილია ტერორისტული აქტი. საზოგადოებამ ხელისუფლებას უნდა მოსთხოვოს, თუ რატომ არ არიან დასჯილნი ის პირები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ადამიანებს ხოცავდნენ“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ. „ეს სიცილიური დეტექტივია… იური ვაზაგაშვილმა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ გამოძიებას პოლიციის მაღალჩინოსნები აჭიანურებენ. გამოვიდნენ ახლა კაბინეტებიდან და გვითხრან – რატომ ხდება ეს ყველაფერი“, – მოითხოვა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს ხელმძღვანელებმა დაგვიანებით, მაგრამ მაინც გამოხატეს სამძიმარი მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და საზოგადოებას აღუთქვეს, რომ სასაფლაოზე მომხდარი აფეთქების საქმეს განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანენ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „წინასწარგანზრახული მკვლელობის“ მუხლით. სიტუაცია ისეთია, რომ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა მოუწევს და თანაც ძალიან მკაცრად – მოსახლეობაში „ქართული ოცნებისადმი“ უკმაყოფილების დონე კატასტროფული სისწრაფით მატულობს, – ხაზგასმულია სტატიაში.

«Верховна Рада Украiни» (უკრაინა), 21 იანვარი, 2015 წელი

http://rada.gov.ua/ru/news/Novosty/Soobshchenyya/102373.html

თედო ჯაფარიძისა და ოქსანა სიროედის შეხვედრა უკრაინის პარლამენტში

გუშინ უკრაინაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები თავიანთ უკრაინელ კოლეგებს შეხვდნენ.

უკრაინის პარლამენტის (ვერხოვნა რადას) თავმჯდომარის მოადგილემ ოქსანა სიროედმა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან თედო ჯაფარიძესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „უკრაინა  წინადადებას შეიტანს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უახლოეს სხდომაზე, რათა რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილების შეზღუდვის ვადები გაუგრძელდეს“. ოქსანა სიროედმა თხოვნით მიმართა თედო ჯაფარიძეს, რომ საქართველომ მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას. თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საქართველო ეთანხმება უკრაინის ინიციატივას და მას მხარს დაუჭერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, რომელიც 29-30 იანვარს უნდა გაიმართოს.

მხარეებმა დაადასტურეს პოზიციათა ერთიანობა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევის დაუშვებლობის თაობაზე.

შეხვედრის დროს ოქსანა სიროედმა იმედი გამოხატა, რომ უკრაინა-საქართველოს პოლიტიკური დიალოგი მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება პარლამენტთაშორისო ალიანსის მუშაობის ჩარჩოებში, ეს ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. უკრაინის პარლამენტის სპიკერის მოადგილემ ქართველ სტუმარს აცნობა, რომ „ვერხოვნა რადაში ყალიბდება უკრაინა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი, მასში უკვე 28 დეპუტატმა გაწევრიანების სურვილიო“. ოქსანა სიროედმა მადლობა გადაუხადა თედო ჯაფარიძეს საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების გამო, რომელიც გამოიხატა წამლებისა და მედიკამენტების მიწოდებაში, უკრაინელი ბავშვების დასვენებაში და უკრაინელი დაჭრილი ჯარისკაცების გამოჯანმრთელება-რეაბილიტაციაში.

უკრაინის შიდაპოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით ოქსანა სიროედმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა კონსოლიდირებულია ქვეყნის რეფორმირების თაობაზე. მისი თქმით, უკრაინა დღეს მძიმე სიტუაციაში იმყოფება: ერთი მხრივ, იცავს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, ებრზვის ტერორისტულ დაჯგუფებებს, წინააღმდეგობას უწევს რუსულ აგრესიას და მეორე მხრივ, აუცილებელია ეკონომიკის განვითარება, ახალი სახელმწიფოს მშენებლობა, რათა უკრაინამ საერთაშორისო ურთიერტობებში ღირსეული ადგილი შეინარჩუნოს.

თედო ჯაფარიძემ შეშფოთება გამოხატა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კონფლიქტისა და ყირიმის ანექსიის გამო. მან ხაზი გაუსვა ოფიციალური თბილისის დაინტერესებას უკრაინა-საქართველოს სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის გაღრმავების თაობაზე, კერძოდ, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში და ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების რეალიზებაში. მხარეებმა აღნიშნეს პარლამენტებს შორის მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის აქტუალურობა და მისი შემდგომი განვითარება, განიხილეს საპარლამენტო დელეგაციების გაცვლის საკითხი.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აგრეთვე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამ.

«Свободная пресса» (რუსეთი), 22 იანვარი, 2015 წელი

http://www.svpressa.ru/politic/article/110552/

საქართველო და უკრაინა: ომი, სამხედრო ხარჯები და დასავლური დახმარება

რუსულ საზოგადოებას დიდი ხანია აინტერესებს და აღელვებს საკითხი – როგორი სქემით შეიძლება დაეხმაროს ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ხელისუფლებას, რომ კიევმა დონბასში საბრძოლო მოქმედებები გააგრძელოს. ამასთან დაკავშირებით  გამოცემა „სვობოდნაია პრესას“ კორესპონდენტი ანტონ მარდასოვი რუს სამხედრო ექსპერტს საზოგადოებრივ-პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ ვლადიმირ ევსეევს ესაუბრება.

„სვობოდნაია პრესა“: „თუ ანალოგებს მოვძებნით საქართველოსთან მიმართებით… 2006-2008 წლებში მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ბიუჯეტს სწრაფად ზრდიდა, რის სედეგადაც ქართულ არმიაში გაჩნდა საბჭოური წარმოების მოდერნიზებული ტანკები Т-72-SIM-1, რომლებიც თავიანთი მონაცემებით ბევრად უფრო ძლიერები იყვნენ, ვიდრე 2008 წელს რუსეთის არმიის ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის შეიარაღებაში არსებული ტანკები. რასაკვირველია, სუფთა ქართული სახსრების გარდა, არმია დასავლეთისაგანაც იღებდა დაფინანსებას და, ალბათ, ყოველთვის პირდაპირ კი არა, არამედ სხვადასხვა „რუხი“ სქემების მეშვეობით…

ვლადიმირ ევსეევი: საქართველოსა და უკრაინის სიტუაციები ერთმანეთისაგან პრინციპულად განსხვავდება. იმ წლებში საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით არ იბრძოდა, ფულსაც ქართველებს ძირითადად კრედიტების სახით აძლევდნენ: ნაწილი იარაღის შესყიდვებზე იხარჯებოდა, ნაწილი კი ისევ საზღვარგარეთ რჩებოდა (მაგალითად, ისრაელში – უპილოტო საფრენი აპარატების შესაძენად). კი, ვაშინგტონი საქართველოს უანგაროდ ეხმარებოდა, მაგრამ ეს დახმარება „ცოცხალი“ ფულით არ გამოიხატებოდა, არამედ იარაღში… პლუს – კრედიტები არმიის მოდერნიზებისათვის.

რაც შეეხება უკრაინას: აქ ჩვენ ვხედავთ შიდა არასტაბილურობას, რომლის დროსაც ქვეყანას არავინ კრედიტს არ მისცემს იარაღის საყიდლად. ამას წინათ პეტრო პოროშენკო ბერლინში იმყოფებოდა და გერმანიისაგან მილიარდნახევარი ევრო მიიღო, მაგრამ ეს „ცოცხალი“ ფული კი არაა, მხოლოდ გარანტიებია უკრაინის ვალდებულებებით. კიევს არავინ დააფინანსებს. ყველა ხედავს, რომ ქვეყანა კატასტროფულ ეკონომიკურ კრიზისშია და თანაც ომს აწარმოებს. სხვა საქმეა, რომ უკრაინის ხელისუფლება მშვიდობიანი მიზნებისათვის განკუთვნილ კრედიტებს იარაღის საყიდლად ხარჯავს. დასავლეთი ამაზე ჯერ-ჯერობით თვალს ხუჭავს, მაგრამ დადგება დრო, როცა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები მოსახოეობის პროტესტს გამოიწვევს და დასავლეთი, ცხადია, ფულის ასეთ ხარჯვაზე რეაგირებას მოახდენს.

«Московский комсомолец» (რუსეთი), 22 იანვარი, 2015 წელი

http://kuban.mk.ru/articles/2015/01/21/kan-taniya-smotrim-na-budushhee-rossiyskoabkhazskikh-otnosheniy-s-obosnovannym-optimizmom.html

ინტერვიუ კან ტანიასთან: „ჩვენ რუსეთ-აფახზეთის ურთიერთობების პერსპექტივას ოპტიმისტურად ვუყურებთ“

ინტერვიუში „აფხაზეთის რესპუბლიკის“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანია საუბრობს აფხაზეთ-რუსეთის მოკავშირეობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების შესახებ, კომენტარს უკეთებს სოხუმ-თბილისის ურთიერთობებს და სხვა საკითხებს (ესაუბრება ჟურნალისტი დიანა ზანთარია).

გთავაზობთ ინტერვიუს ტექსტს შემოკლებული სახით:

- აფხაზეთ-რუსეთის ხელშეკრულება საქართველომ და რიგმა სახელმწიფოებმა გააკრიტიკეს. სანამ ხელმოწერა მოხდებოდა, თბილისმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ მას „აფხაზეთის ანექსიად შეაფასებდა მისგან გამომდინარე შედეგებით“. როგორ კომენტარს გაუკეთებდით ასეთ განცხადებას?

- რასაკვირველია, საქმე არავითარ ანექსიასთან არ გვაქვს. ამაზე საუბარი აბსურდია. მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება დადებულია საერთაშორისო სამართლის ორი თანასწორუფლებიანი სუბიექტის მიერ და მიმართულია აფხაზეთის სუვერენიტეტის განმტკიცებისაკენ უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში.

- დოკუმენტზე ხელმოწერის გამო საქართველოს მიერ გამოხატული ნერვიული რეაქციის გათვალისწინებით, ითვლება თუ არა აფხაზეთის აღმოსავლეთი საზღვარი (საქართველოსთან) საფრთხის რისკის ზონად?

- დიახ, ასეა. სანამ საქართველოს დაუსაბუთებელი ტერიტორიული პრეტენზიები ექნება აფხაზეთთან, მანამ კონფლიქტის განახლების რისკი რჩება. თუმცა აქვე უნდა შევნიშნო, რომ ამჟამად კონფლიქტის განახლების შანსი ძალიან მცირეა, რადგან მდინარე ენგურთან, საქართველოსთან საზღვარზე, ჩვენთან ერთად რუსი მესაზღვრეები დგანან, იქვეა რუსეთის სამხედრო ბაზაც… გარდა ამისა, ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი ურთიერთდახმარების შეთანხმებაზე რუსეთის ფედერაციასთან… ახალი ხელშეკრულება კიდევ უფრო განამტკიცებს როგორც აფხაზეთის, ასევე ჩვენი პარტნიორის – რუსეთის უსაფრთხოებას სამხრეთის ფლანგზე.

- ნატომ და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ ეს ხელშეკრულება უკანონოა და მას არ აღიარებენ. შეუძლია თუ არა ამ გარემოებამ ხელი შეუშალოს აფხაზეთის მონაწილეობას ჟენევის დისკუსიაში?

- არავითარი დაბრკოლება ამ მხრივ არ იქნება, ახალი ხელშეკრულების დადების ფაქტი ჟენევის დისკუსიებს ხელს ვერ შეუშლის – დეკემბერში შეხვედრის მორიგი რაუნდი უკვე  გაიმართა. დისკუსიის დროს ვისაუბრეთ ხელშეკრულების შესახებაც, ყველამ თავისი პოზცია გამოხატა.. ჩვენ ჟენევის დისკუსიებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და განზრახული გვაქვს მასში მონაწილეობა გავაგრძელოთ. ჟენევის პროცესი ერთადერთი საერთაშორისო ფორმატია, სადაც აფხაზეთს შესაძლებლობა აქვს თვითონვე, პირდაპირ დააფიქსიროს თავისი პოზიცია რეგიონის უსაფრთხოებაზე ევროკავშირის, ეუთოს, გაეროსა და აშშ-ის წარმომადგენლების თანდასწრებით.

- იანვრის ბოლოს რუსეთი და სამხრეთ ოსეთი გეგმავენ, რომ ხელი მოაწერონ ხელშეკრულებას მოკავშირეობასა და ინტეგრაციის შესახებ. რუსეთის რადიოსადგურის „ეხო მოსკვის“ მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ბენედიქტოვმა განაცხადა, რომ საქმე ეხება სამხრეთ ოსეთის შესვლას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. რა იცით რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ხელშეკრულების პროექტზე და რით განსხვავდება ეს დოკუმენტი რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებისაგან?

- დიახ, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს და სამხრეთ ოსეტს დაგეგმილი აქვთ ხელშეკრულების გაფორმება. სამხრეთ ოსეთი სუვერენული სახელმწიფოა და მისი უფლებაა თავისი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საკითხები თვითონვე გადაწყვიტოს. ჩვენ პატივისცემით მოვეკიდებით სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ყოველ გადაწყვეტილებას.

- დავუბრუნდეთ აფხაზეთ-რუსეთის ხელშეკრულებას. გასაგებია, რომ აფხაზეთის უსაფრთხოება დაცული იქნება, მაგრამ უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ: როგორი იქნება აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის სტატუსი? შერბილდება თუ არა რეჟიმი? მართალია თუ არა ის, რომ საზღვარზე გადასვლის რეჟიმი შენგენის ტიპის მსგავსი იქნება?

- ნამდვილად, საზღვარზე გადასვლის რეჟიმი უნდა შეიცვალოს, დღევანდელი სიტუაცია არცერთ მხარეს არ აწყობს. ჩვენთან რუსი ტურისტების ძალიან დიდი ნაკადია და გვსურს, რომ საზღვარზე გადმოსვლა და გადასვლა კომფორტული იყოს როგორც აფხაზეთის, ასევე რუსეთის მოქალაქეებისათვის.. ეს საკითხი ჩვენს ერთობლივ გეგმებში დევს.

- როგორი დადებითი ტენდენციები იქნება აფხაზეთისა და რუსეთის რეგიონების ურთიერთობებში ამ ხელშეკრულების რეალიზების პროცესში? მაგალითად, კრასნოდარის მხარესთან?

- ჩვენ რუსეთის რეგიონებთან დიდი ხნის ურთიერთობები გვაკავშირებს, განსაკუთრებით მეზობელ რეგიონებთან – კრასნოდარის მხარესთან, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან… რასაკვირველია, განზრახული გვაქვს არა მარტო ამ ურთიერთიერთობის განმტკიცება, არამედ მათი კიდევ უფრო გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით – ეკოპნომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის დარგებში. მთლიანობაში ჩვენ რუსეთ-აფახზეთის ურთიერთობების პერსპექტივას ოპტიმისტურად ვუყურებთ.

«SalamNews» (აზერბაიჯანი), 21 იანვარი, 2015 წელი

www.salamnews.org/ru/news/read/159840/psvyazannaya-s-armeniey-politika-gruzii-privela-k-

მუბარიზ აჰმედოღლუ: „საქართველოს პოლიტიკამ, რომელიც სომხეთთან იყო დაკავშირებული, თბილისი სეპარატიზმის ფაქტის წინაშე დააყენა“

ბაქოში პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა მუბარიზ აჰმედოღლუმ 21 იანვარს ტრადიციული პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომელზეც იგი შეეხო აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის საკითხებს, სამხრეთ კავკასიის რეგიონის პრობლემებს და კომენტარი გაუკეთა საქართველოს საგარეოპოლიტიკურ კურსს.

„საქართველოს დამოკიდებულება მის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მიმართ გარკვეულწილად იდეალიზებული და რომანტიკულია, მაგრამ ასეთი მიდგომები აზერბაიჯანს ზიანს აყენებს“, – განაცხადა მუბარიზ აჰმედოღლუმ. მან აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველოს მხრიდან პრიორიტეტი ჰქონდა მინიჭებული სომხეთთან ურთიერთობას, თუმცა თბილისის მიერ მოპოვებული წარმატებების დინამიკა აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზე იყო დამოკიდებული. „საქართველოს პოლიტიკამ, რომელიც სომხეთთან იყო დაკავშირებული, თბილისი სეპარატიზმის ფაქტის წინაშე დააყენა. ამჟამად საქართველოში ამას უკვე აცნობიერებენ“, – ხაზი გაუსვა პოლიტოლოგმა.

Comments are closed