globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 22 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 22nd, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Trend» (აზერბაიჯანი): „ქართული ოცნება“ და გაზი

«Foreign Policy» (აშშ): საქმე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ: მას პირდაპირ სწყურია, რომ პოლიტიკური ოპონენტები დაიჭიროს და ციხეში ჩასვას

——————-

«Trend» (აზერბაიჯანი), 22 იანვარი, 2016 წელი

http://www.trend.az/azerbaijan/politics/2483411.html

„ქართული ოცნება“ და გაზი

ელხან ალესკეროვი, ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელი (ბაქო)

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აღმოაჩინა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი – აზერბაიჯანს თურმე ქართული მხარისათვის დიდი რაოდენობით ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეუძლია, რადგან არსებული მილსადენის გამტარუნარიანობა მცირეა და დიდი მოცულობის გაზის გატარება ტექნიკურად შეუძლებელიაო. მინისტრმა ეს განცხადება გააკეთთა ბუნდოვანი გამონათქვამის სერიის შემდეგ, თითქოსდა აზერბაიჯანული გაზის პირობები საქართველოსთვის წამგებიანია, თითქოსდა აზერბაიჯანს საკმარისი გაზი არ აქვს და ასე შემდეგ.

იბადება კითხვა: თუ სტრატეგიულ პარტნიორთან სერიოზული ტექნიკური პრობლემები არსებობს გაზით უზრუნველყოფის საკითხში, მაშ რატომ ადრე არ გაცხადდა ამ პრობლემების არსებობა? რატომ მაშინ არ ითქვა ამ პრობლემებზე, როცა ქართული მხარის ინიციატივით და აზერბაიჯანისაგან მალულად ბრიუსელში რუსულ „გაზპრომ“-თან“ მოლაპარაკება დაიწყო?

თუ გვერდზე გადავდებთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა მიზეზებს, რომელთა გამოც ქართველი მინისტრი წინააღმდეგობრივი განცხადებების სერიით გამოვიდა, მაშინ ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან გარემოებას შევნიშნავთ: კახა კალაძის გამონათქვამებს რომ მოუსმინო, მაშინ საეჭვო ხდება აზერბაიჯანის წარმომადგენლების დამაჯერებლობა და საერთოდ, ეჭვქვეშ დგება აზერბაიჯანის გაზის პოლიტიკა ევროპისათვის, რომლის განხორციელებაში საქართველოც უნდა იყოს დაინტერესებული. და ეს ხდება იმ დროს, როცა საქართველო უპრობლემოდ იღებს აზერბაიჯანისაგან ცისფერი საწვავის დაპირებულ მოცულობას ძალიან დაბალი ფასით (55 დოლარი ყოველ ათას კუბმეტრზე), კომპანია „სოკარი“ კი ქართული სოფლების გაზიფიცირებას აწარმოებს (2017 წლისათვის გაზიფიცირების დონე 82%-ს მიაღწევს).

განა რუსული „გაზპრომი“ საქართველოსთვის ასეთ [კეთილ] საქმეებს გააკეთებს? პასუხი ნათელზე ნათელია – [არ გააკეთებს]…

რა არის ბრიუსელში გამართული შეხვედრის დროს მინისტრის მიერ გაკეთებულ აბდა-უბდა განცხადებების მიზეზი? ზოგიერთის აზრით, ქართულ მხარეს სურს იმის მოჩვენებითობა შექმნას, რომ საქართველოს ბაზარზე კონკურენცია არსებობს და ამით აზერბაიჯანი აიძულოს, რათა მიწოდებული გაზის ფასი დასწიოს. მაგრამ არსებობს სხვა თვალსაზრისიც, რომლის თანახმად, თბილისის ვაჭრობა რუსულ „გაზპრომ“-თან  – ეს იმ პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი ეტაპია, რომელიც რუსეთთან მიმართებით „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო: მმართველმა ელიტამ კურსი მოსკოვთან დაახლოებისაკენ აიღო და, შესაბამისად, ეძებს შესაძლებლობას სახელმწიფოთაშორისო პოლიტიკურ-ეკონომიკური ურიერთობის აღდგენისათვის, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს გაწყდა.

2016 წლის შემოდგომაზე საქართველოში პარლამენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება ხოლმე. სულ ბოლოს ქართველებმა თავიანთი საკანონმდებლო როგანო 2012 წელს აირჩიეს, როცა არჩევნებში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. მიმდინარე წელს საქართველოში ხელისუფლებისთვის გამართულ ბრძოლაში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ის გავლენიანი ძალები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ინტერესებს გამოხატავენ. სამომავლო ბრძოლა სახუმარო არ იქნება. შესაბამისად, თუ დღეს საქართველოში „გაზპრომის“ პოზიციები განმტკიცდება, მაშინ ეს ფაქტი ჩვენი მოკავშირის გეოპოლიტიკურ ორიენტაციაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ წინ მძიმე პერიოდი ელოდება: მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება მატულობს. ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების მიუხედავად, არაფორმალურად კვლავ განაგრძობს საქართველოს მართვას „კულისებიდან“. აშკარაა, რომ იგი ოფიციალურად კვლავ დაბრუნდება პოლიტიკურ არენაზე, რათა არ დაუშვას ანტირუსულად განწყყობილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ქვეყნის ხელისუფლებაში.

ამჟამად ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ ხელმძღვანელია, რომელიც, ოპოზიციის ბრალდებებს თუ დავუჯერებთ, ანტიდასავლურ ორგანიზაციებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აფინანსებს. რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი „გაზპრომის“ ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერია, იგი იმავდროულად საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის საპარტნიორო ფონდსაც აკონტროლებს. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მმართველ წრეებში არსებული ძლიერი რუსული ლობის ინტერესებს გამოხატავს და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მეშვეობით, რუსული გზის საქართველოში იმპორტის მიზნით, მოლაპარაკებების ინიცირებას ახდენს. ალბათ, ეს ინიციატივა შეიძლება განვიხილოთ გაზის თურქეთში გატანის კონტექსტშიც, ამჯერად უკვე საქართველოს კუთვნილი გაზის სახით, რომელიც შესაძლოა პერსპექტივაში განხორციელდეს. პოლიტიკური თვალსაზრისით, მოსკოვი ბიძინა ივანიშვილს მხარს უჭერს, რათა მისი ხელისუფლება გაძლიერდეს და კრემლისათვის საძულველი მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება არ იქნეს დაშვებული.

კახა კალაძის ბოლო განცხადებები, რომელიც აზერბაიჯანიდან მიღებული გაზის „უკმარისობასა“ და გაჯიგაბულ-გარდაბანის მილსადენის „მცირე“ გამტარუნარიანობას ეხება, ჩვეულებრივი ობივატელის გასაგონად არის ნათქვამი, სინამდვილეში კი პროექტის ავტორების ჭეშმარიტ განზრახვების შენიღბვას ემსახურება. არანაირი სხვა მიზეზი არ არსებობს, რადგან რეალურად არც საქართველოში და არც სომხეთში გაზის მოხმარების ზრდა არ შეინიშნება. გარდა ამისა, არცერთს ცისფერი საწვავის დამატებითი მოცულობის შესაძენი ფული არ აქვს.

გასულ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილმა ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ფული დახარჯა, რომელიც რუსული აქტივების გაყიდვით ჰქონდა მიღებული. მაგრამ ახლა ირგვლივ, მათ შორის რუსეთშიც, კრიზისი მეფობს. 2016 წლის არჩევნებში გამარჯვებისათვის „ქართულ ოცნებას“ ისევ ფული ჭირდება და ამ ოცნების განსახორციელებლად მას გაზის იმედი აქვს.

«Foreign Policy» (აშშ), 21 იანვარი, 2016 წელი

http://foreignpolicy.com/2016/01/20/the-case-against-saakashvili-ukraine/

საქმე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის ყველა პრობლემის გადაწყვეტისათვის ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა, მაგრამ ასეთი მოქმედება მხოლოდ დროებითი ეფექტს მოიტანს. საჭიროა სიფრთხილის დაცვა

ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მოქმედება, რომელიც ხშირად გამოდის უკრაინის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმართული ბრალდებებით – „ყველანი კორუფციონერები ხართო“, ქვეყანას კორუფციასთან ბრძოლაში ვერ დაეხმარება“, – ნათქვამია გავლენიან ამერიკულ ჟურნალ Foreign Policy-ში დაბეჭდილ სტატიაში.

პუბლიკაცია, რომლის ავტორია ამერიკის ატლანტიკური საბჭოს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პოლიტოლოგი ადრიან კარატნიცკი, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის ასახვით იწყება:

„მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა: მან თავისი სამშობლო საქართველო მას შემდეგ დატოვა, როცა ამომრჩევლებმა მის პარტიას უნდობლობა გამოუცხადეს, თვითონ კი პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თავისი პოლიტიკური ბედი სხვა სათამაშო მოედანზე ჰპოვა – უკრაინაში. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და სწრაფად იქცა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ მოღვაწედ… და არცთუ უსაფუძვლოდ: იგი მამაცი და რიხიანია (თუმცა მოჩვენებითად), აქვს ენერგიის ამოუწურავი მარაგი, მაცდუნებელია – მან უკრაინელები სიღარიბისა და კორუფციის პრობლემების იოლად და სწრაფი მოგვარების დაპირებებით მოხიბლა.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინული კარიერა 2015 წლის მაისში დაიწყო, როცა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა – იმ ოლქში, რომელიც ტრადიციულად კორუფციითა და დამნაშავეობის მაღალი დონით იყო განთქმული. საქართველოს ექს-პრეზიდენტი საზოგადოებასთან ურთიერთობის ოსტატია და როცა იგი ოდესის ოლქის მოსახლეობას ხვდებოდა, მათ წინაშე პირობა დადო, რომ ოლქს კორუფციონერებისაგან გაწმენდდა. მართლაც, გუბერნატორმა ბევრი მაღალი და საშუალო რანგის ჩინოვნიკები თანამდებობიდან გადააყენა. თუმცა დიდ დროს არ გაუვლია, რომ მან განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლაში ხელს უკრაინის მთავრობა მიშლისო. „მიხეილ სააკაშვილმაასევე აქეთ-იქით სირბილი დაიწყო და ოდესის ოლქში არ ჩერდებოდა, უფრო მეტ დროს კიევში ატარებდა, სადაც მის ქარიზმატულ ფიგურას ათასნაირი ხმაურიანი თოქ-შოუების მოწყობით, უკრაინულმა ტელეარხებმაც პოპულარობა მიამატეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მაშინაც კი, როცა ამბობდა – არანაირი შორს მიმავალი პოლიტიკური ამბიციები არ მაქვსო – აშკარაა, რომ მაინც უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენ იაცენიუკის სავარძელს უმიზნებდა“, – წერს ადრიან კარატნიცკი.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სწრაფად გახდა ანტიკორუფციონერ აქტივისტთა სულიჩამდგმელი. ექს-პრეზიდენტის მტკიცებით, უკრაინა წელიწადში კორუფციის გამო ხუთ მილიარდ დოლარს კარგავდა, განსაკუთრებით ხაზს უსვამდა, რომ ამ თანხის 20% კომპანია „უკრაინის რკინიგზების“ ხელმძღვანელთა ჯიბეში ილექებაო, თუმცა ეს განცხადება გაკეთდა ზეპირად, ყოველგვარი აუდიტისა და დეტალური ანალიზის გარეშე, – აღნიშნავს ავტორი. გარდა ამისა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მსგავსი განცხადებები გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაქოვის მიმართაც, რაც ლანძღვა-გინებით, შეხლა-შემოხლით და წყლით სავსე ჭიქების ერთმანეთისადმი სროლით დასრულდა.

თავდაპირველად ისე ჩანდა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეტევები უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პოზიციების განმტკიცებისა და მისი ოპონენტის   არსენ იაცენიუკის გავლენების დასუსტების მიზნით ხორციელდებოდა, მაგრამ ახლა ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ოდესის გუბერნატორის მოქმედება მხოლოდ პირადი მიზნებით, პირადი ამბიციებითაა განპირობებული. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის ქარიზმამ და პოპულარულმა განცხადებებმა უკრაინის ბევრი პოლიტიკოსი და  საზოგადოებრივი ლიდერი მოხიბლა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც უკვე უკმაყოფილონი არიან კორუფციასთან ბრძოლის ნელი ტემპების გამო.

ავტორი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტობის ჟამს, კორუფციასთან ბრძოლის დროს გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, პოლიტოლოგი არ ივიწყებს მის მიერ გატარებულ საბაზრო რეფორმებსაც, მაგრამ იმავდროულად მიუთითებს, რომ ექს-პრეზიდენტრს საერთაშორისო არენაზე არაერთგვაროვანი რეპუტაცია აქვს: „კონფიდენციალურ საუბრებში ევროპის მაღალჩინოსანი ლიდერები მიხეილ სააკაშვილს ექსცენტრიულ, გაუწონასწორებელ, არამდგრადი და იმპულსური ხასიათის მქონე პიროვნებად მიიჩნევენ, რომლის გამოც მან თავისი სამშობლოს ბედი საფრთხის წინაშე დააყენა. საბოლოო ჯამში, უკრაინის პოლიტიკაში მის მზარდ როლს ბრიუსელში და სხვა ევროპულ დედაქალაქებში სკეპტიკურად უყურებენ“, – წერს პოლიტოლოგი.

ყველაზე საგანგაშო კი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილს ავტორიტარული სტილით მართვა უყვარს. „მას პირდაპირ სწყურია, რომ პოლიტიკური ოპონენეტები დაიჭიროს და ციხეში ჩასვას. იმის ნაცვლად, რომ იგი თავის ოპონენტებს ნორმალურად, დემოკრატიული წესის დაცვით შეედაოს, პირიქით მოქმედებს – მათ ბრალს სდებს დანაშაულის ჩადენაში და დევნის. კორუფციას ოპონენტებისადმი ზეპირი ბრალდებებით კი არ უნდა ებრძოლო, არამედ აწონილ-დაწონილი, კარგად დოკუმენტირებული კონკრეტული დანაშაულის მამხილებელი მასალებით“, – აღნიშნავს ავტორი და უკრაინელ კორუფციასთან მებრძოლებს აფრთხილებს, რომ მიხეილ სააკაშვილისაგან თავი ცოტა შორს დაიჭირონ და დანაშაულობები დეტალურად გამოიძიონ.

„უკრაინამ რევოლუციის შემდგომი ორი მძიმე წელი, ეკონომიკური კრიზისი და ომი გადაიტანა. ქვეყანა დაიღალა. ხალხს მოთმინების ფიალა აევსო იმის გამო, რომ კორუფციასთან რეალური ბრძოლა ძალიან ნელი ტემპით მიდის. შეიძლება მოსახლეობა ამ ფონზე  მოუთმენელი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა აღმასვლამ და განცხადებებმა აცდუნოს, შეიძლება მან შექმნას ილუზია იმისა, რომ ყველაფერი სწრაფად განხორციელდება. ეს ცდუნება შეიძლება ისე გაძლიერდეს, რომ მას უკვე წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევენ. ყოველივე ეს კი ქვეყანას იქამდე მიიყვანს, რომ უკრაინა კონვულსიაში აღმოჩნდება. აი, სწორედ ასეთ გარემოში გრძნობს თავს მიხეილ სააკაშვილი კომფორტულად“, – ასეთ დასკვნას აკეთებს ავტორი.

Comments are closed