«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას არ აპირებს
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): ინტერვიუ გიორგი გახარიასთან: „საქართველო დარწმუნებულია, რომ სსფ-საგან ახალ პროგრამას მიიღებს, თუმცა კრედიტის აღება არ გვჭირდება“
«Diena» (ლატვია): ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: „განწყობილი ვართ დასავლური კურსის გაგრძელებისთვის“
«RFE//RL – Эхо Кавказа» (აშშ): მინი-აპოკალიფსისი ქართულ ეკლესიაში
—————–
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 22 თებერვალი, 2017 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/russia-wont-cancel-the-visa-to-georgia/3733819.html
რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას არ აპირებს
ზაზა წულაძე
რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის აღდგენას ახლო მომავალში არ აპირებს და ამ პოლიტიკას, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის არქონის გარდა, სამხრეთ კავკასიაშია „უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით“ ხსნის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ჯერ რუსულ გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუს დროს ისაუბრა, შემდეგ კი იგივე მოსაზრება მიუნხენის 53-ე უსაფრთხოების კონფერენციაზეც გაიმეორა.
რუსეთის პირველმა დიპლომატმა ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ შეელახა ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტი და ბრძანა, რომ საქართველოს და ამიერკავკასიას „ტერორისტები, ექსტრემისტები და ნარკომოვაჭრეები საკუთარ მარშრუტებში ხშირად იყენებენ და ასეთ ფონზე სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი ძნელია“. ეს განცხადება გაკეთდა საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) ყველა მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
სერგეი ლავროვის მორიგ თავდასხმას საქართველოზე, დღეს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან მოლაპარაკების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ უპასუხა: „სერგეი ლავროვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება ბოევიკების, ტერორისტების, ექსტრემისტების მარშრუტად, საქართველოსთან მიმართებაში, არანაირად არ არის მართებული. ამას ჩვენ ვერანაირად ვერ მივიღებთ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თვით რუსეთიდან სირიასა და ერაყში გასულია რუსეთის 2000 მოქალაქე. რუსეთის მხარის გადასაწყვეტია, თუ რანაირ სავიზო რეჟიმს აირჩევს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს მათი პრეროგატივაა, ჩვენ თავს ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მოვახვევთ“.
რუსეთმა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან 2000 წლის დეკემბერში, ცალმხრივად, სწორედ „ტერორიზმის საფრთხის“ თავიდან აცილების მოტივით შემოიღო. მაშინ მიზეზად მეორე ჩეჩნური ომის (1999-2000) დროს, ჩეჩნეთიდან პანკისის ხეობაში გამოქცეული ათი ათასობით ლტოლვილი და მებრძოლი დასახელდა. თბილისმა პანკისის ხეობაზე კონტროლი ეტაპობრივად 2003 წლამდე აღადგინა, მაგრამ მოსკოვს ვიზების საკითხში გადაწყვეტილება აღარ შეუცვლია (თუმცა კრემლს ჰქონდა მცდელობა, რომ ვიზები გამარტივებული სახით გაეცა არა მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, არამედ აჭარის ავტონომიის მაცხოვრებლებისთვის).
რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა 2006 წელს „ჯაშუშური სკანდალის“ დროს, რასაც სავაჭრო ემბარგოს შემოღება და რუსეთიდან ეთნიკური ქართველების მასობრივი დეპორტაცია მოყვა. ამ დამამცირებელ პოლიტიკას სამი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.
2008 წლის აგვისტოში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. 2010 წლის ოქტომბრიდან თბილისმა რუსეთის ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების – ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეს მაცხოვრებელთათვის უვიზო რეჟიმი შემოიღო, რამაც მოსკოვის უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია. 2012 წლის 1 მარტიდან საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმი რუსეთის ყველა მოქალაქეზე გაავრცელა.
ბოლო ხუთი წლის მანძილზე, საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლისა და „დათბობის პოლიტიკის“ დაწყების შემდეგ, მოსკოვიდან პერიოდულად მოდის სიგნალები საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების „ლიბერალიზაციის“ ან გაუქმების შესახებ, თუმცა ყველა ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა.
შვეიცარიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო განცხადების ხასიათი ოფიციალური თბილისის „მუდმივი დათმობის პოლიტიკით“ არის განპირობებული: „მთავრობის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი არის მუდმივი დათმობის პოლიტიკა რუსეთისადმი, რომელმაც გამოიწვია ის, რომ საქართველო აღარ არის საერთაშორისო დღის წესრიგში. ამავე დროს ასეთმა პოლიტიკამ წაახალისა რუსეთის უფრო მეტი თავხედობა, როგორც ადგილზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე საერთაშორისო დონეზე განცხადებებით. სერგეი ლავროვის განცხადება სწორედ ამ კონტექსტში ჯდება. სერგეი ლავროვი იმის ნაცვლად, რომ თავი იმართლოს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე იმის გამო, რასაც რუსეთი საქართველოში აკეთებს, პირიქით, ცინიკურად იქცევა და შეტევაზე აქეთ გადმოდის“.
მერვე წელია თბილისი და მოსკოვი ურთიერობას მხოლოდ შვეიცარიის საელჩოს შუამდგომლობით ახერხებენ, სადაც 2009 წლის 5 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ინტერესების სექციები მოქმედებს. ორივე მხარე ათ-ათი დიპლომატით არის წარმოდგენელი, თბილისში რუსულ სექციას ვალერი ვასილიევი ხოლო, მოსკოვში ქართულ სექციას გიორგი ჩხეიძე ხელძღვანელობს. საქართველოს მოქალაქეს რუსეთში ვიზის მისაღებად სჭირდება ოფიციალური მოწვევა, რომელსაც მომწვევი მხარე რუსეთის ფედერალურ მიგრაციულ სამსახურში ათანხმებს. მინიმუმ 20-დღიანი პროცედურის შემდეგ, თანხმობის შემთხვევაში, მომწვევი მხარე და ქართველი ვიზიტორი ავსებენ ოთხ დოკუმენტს, რომლებიც მოიცავს პირად მონაცემებს, ინფორმაციას რუსეთში გამგზავრების მიზნების შესახებ და ორ საგარანტიო წერილს.
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი), 21 თებერვალი, 2017 წელი
http://uk.reuters.com/article/uk-georgia-economy-idUKKBN16013A
ინტერვიუ გიორგი გახარიასთან: „საქართველო დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან ახალ პროგრამას მიიღებს, თუმცა კრედიტის აღება არ გვჭირდება“
ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ეხება ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობას, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობას (ახალი ფინანსურ პროგრამასთან დაკავშირებით) და სხვა საკითხებს. მინისტრს „როიტერის“ კორესპონდენტი მარგარიტა ანთიძე ესაუბრება.
„თბილისს საქართველოს ხელისუფლების თხოვნით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ეწვია. ვიზიტის მიზანს ახალი პროგრამის შემუშავება წარმოადგენს. გასული სამწლიანი პროგრამა, 136 მილიონი დოლარის მოცულობით, რომელიც 2014 წლის ივლისში დამტკიცდა, მხოლოდ 80%-ით შესრულდა: გაჩნდა უთანხმოება სსფ-სა და ქვეყნის მთავრობას შორის, ფისკალური პოლიტიკის ზოგიერთი საკითხისა და საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს მოქმედების გამო.
როგორც გიორგი გახარია აღნიშნავს, საქართველოს იმედი აქვს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (სსფ) ახალი პროგრამის თაობაზე მოილაპარაკებს, რომელიც სტიმულს მისცემს რეფორმების განხორციელებასა და ინვესტორების მოზიდვას. „მე დარწმუნებული ვარ, რომ სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის ტაობაზე მოვილაპარაკებთ“, – ამბობს ინტერვიუში გიორგი გახარია, – ეს პროგრამა კარგი სიგნალი იქნება როგორც ინვესტორებისათვის, ასევე სხვა უცხოური ფინანსური ინსტიტუტებისათვის…. ამ ეტაპზე ჩვენ სესხის აღება არ გვჭირდება“.
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საქართველო, რომლის ტერიტორიაზე აზერბაიჯანიდან ევროპისაკენ კასპიის ნავთობ-გაზის გადასატუმბად მრავალრიცხოვანი მილსადენები გადის, ეკონომიკური სიძნელეების წინაშე დადგა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მეზობელ ქვეყნებში (სავაჭრო პარტნიორებთან) ეკონომიკური ვითარება გაუარესდა. საქართველოში 2015 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპები 2,8%-მდე შემცირდა, ხოლო 2016 წელს – 2,2%-ით.
ამის მიუხედავად, გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს კარგი პერსპერქტივები აქვს, რომ 2017 წელს ეკონომიკური ზრდის დონე 4%-ით გააუმჯობესოს: „ჩვენ გვაქვს 4%-მდე ზრდის ობიექტური წინამძღვრები… მეტსაც ვიტყვი – ვეცდებით, რომ 5,2%-ის მაჩვენებელს მივაღწიოთ, რაც მსოფლიო ბანკის პროგნოზითაც დასტურდება“, – ამბობს ქვეყნის ეკონომიკური უწყების ხელმძღვანელი. მინისტრის თქმით, საქართველოს ძირითადი ეკონომიკური ამოცანებია სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება და დოლარიზაციის 70%-მდე შემცირება.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტი 2016 წელს 40,2%-ით გაიზარდა და 7,7 მილიარდ დოლარს მიაღწია. ექსპორტი 4%-ით შემცირდა (2,2 მილიარდ დოლარამდე), ხოლო იმპორტმა 27%-ით მოიმატა (ანუ 9,85 მილიარდი დოლარით). სიტუაცია გაუმჯობესდა იანვარში – ექსპორტი გაიზარდა 45%-ით (177 მილიონი დოლარით), იმპორტი კი 15%-ით (475 მილიონი დოლარით). „ჩვენმა ძირითადმა სავაჭრო პარტნიორებმა შექმნილ სიტუაციასთან ადაპტირება ასე თუ ისე უკვე მოახერხეს, შესაბამისად, ექსპორტის ადრინდელი ტემპების აღდგენის პროცესი დაიწყო… პერსპექტივაში ზრდის დინამიკა ნეგატიური არ უნდა იყოს“, – ამბობს ინტერვიუში გიორგი გახარია.
მინისტრი ინვესტიციების ზრდის საკითხსაც შეეხო: მისი მტკიცებით, მიმდინარე წელს საქართველო პირდაპირი ინვესტიციების სახით, 1,5 მილიარდ დოლარის მიღებას ელოდება. მინისტრი ასევე დარწმუნებულია, რომ ინფლაციის დონე, რომელმაც მიზნობრივ მაჩვენებელს შეიძლება 4%-ით გადააჭარბოს, ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს: „ჩემი აზრით, ინფლაცია ისეთ დონეს არ მიაღწევს, რომ ნეგატიური გავლენა მოახდინოს მოთხოვნაზე და როგორც შედეგი, ეკონომიკურ ზრდაზე“, – აღნიშნავს გიორგი გახარია ინტერვიუში.
«Diena» (ლატვია), 21 თებერვალი, 2017 წელი
http://www.diena.lv/raksts/latvija/viedokli/noskanoti-virzities-rietumu-virziena-14166416
ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: „განწყობილი ვართ დასავლური კურსის გაგრძელებისთვის“
ლატვიის გაზეთ „დიაენა“-ში გამოქვეყნებულია ინტერვიუ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრთან ვიქტორ დოლიძესთან, რომელსაც ჟურნალისტი ანდის სედლენიეკსი ესაუბრება. გთავაზობთ მასალას მცირე შემოკლებით:
- როგორია თქვენი ვიზიტის ძირითადი მიზნები ლიტვაში?
- ვფიქრობ, რომ 2017 წელი ძალზე მნიშვნელოვანი იქნება როგორც საქართველოს, ასევე მთელი ევროპის უსაფრთხოებისათვის. საერთაშორისო სიტუაციაში დიდი ცვლილებები მოხდა, დასავლეთის ქვეყნებს შორის აზრთა ურთიერთგაზიარება აქტიუირად მიმდინარეობს და რასაკვირველია, ამ პროცესში საქართველოც არის ჩაბმული. უახლოეს თვეებში საქართველოს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში დიდი როლი უკავია ნატოსთან ურთიერთობას: ჯერ კიდევ იანვარში ბრიუსელში ალიანსთან თანამშრომლობის ეროვნული გეგმა წარვადგინეთ, ხოლო მარტში თბილისში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის წევრები უნდა ჩამოვიდნენ. აპრილში დაგეგმილია ნატოს საჯარო დიპლომატიის ფორუმი, შემდეგ კი ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაც უნდა გაიმართოს. პარალელურად ჩვენ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტისთვისაც ვემზადებით, რომელიც ნოემბერშია დაგეგმილი, ბრიუსელში… ეს ძალზე მასშტაბური სამუშაო გახლავთ, რომელსაც ჩვენი პარტნიორების – ბალტიის ქვეყნების მხარდაჭერით ვახორციელებთ. ესტონეთი, ლატვია და ლიტვა საქართველოს ასპროცენტიანი მომხრეები არიან. (…)
ჩვენი პოზიცია ასეთია: გვჭირდება რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობის პროგრამები, მეტი შესაძლებლობები ინტეგრაციისათვის… ჩვენ რეგულარულად ვათანხმებთ ჩვენს გეგმებს ბალტიის სახელმწიფოებთან. საერთო სურათი საკმაოდ ოპტიმისტური ჩანს.
- შეუძლებელია არ დაგისვათ კითხვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ. როგორ გავლენას ახდენენ ეს კონფლიქტები საქართველოს ურთიერთობაზე ნატოსთან და ევროკავშირთან და საერთოდ, დასავლეთთან ინტეგრაციაზე?
- ეს ძალიან სამწუხარო ისტორიაა და ეხება არაიმდენად აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რამდენადაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, ამ ურთიერთობის განვიტარებას. დღეს საქართველო ცდილობს რუსეთთან თანაარსებობისა და ურთიერთობის ნორმალიზების გზები იპოვოს – მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ვაჭრობის, ეკონომიკის სფეროსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე, რომლებიც „აბაშიძე-კარასინის ფორმატით“ გამართულ შეხვედრებზე წყდება. გარდა ამისა, ჟენევაში მიმდინარეობს შეხვედრები უსაფრთხოების სფეროში.
ბუნებრივია, არსებობს ისეთი საკითხები, რომლებზეც რაიმე კომპრომისები, პრინციპში, შეუძლებელია, თუმცა იმავდროულად ყველაფერს ვაკეთებთ ისეთი საერთო მნიშვნელის მოსაძებნად, რათა მომავალი უფრო უკეთესი და უფრო უსაფრთხო გახდეს, რათა საქართველოსა და რუსეთს შორის მისაღები სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობა არსებობდეს. სამწუხაროდ, ამ გზაზე ჩვენ მუდმივად ვაწყდებით ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა ე.წ. პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის გეგმა „სამხრეთ ოსეთისათვის“ „ალანეთის“ დარქმევის თაობაზე. ფართო გაგებით ეს გულისხმობს ამ რეგიონის ჩამოშორებას საქართველოსაგან და ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას… მიუხედავად ამისა, ჩვენ ასეთ სიტუაციაშიც კი მზად ვართ მოლაპარაკებებისათვის სხვადასხვა სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია, თუმცა საგრძნობი პროგრესი არ არის.
იმავდროულად, მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სახელმწიფოს რეფორმირების პროცესს. ვაგრძელებს ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმების პირობების რეალიზებას. ევროკავშირის ქვეყნები საქართველოსთვის ვაჭრობაში მთავარი პარტნიორები არიან (საერთო ჯამში – 30%-ით). ევროკავშირთან ვაჭრობის მოცულობა, ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის დღიდან, თითქმის 50%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ღრმავდება ევროკავშირთან ეკონომიკურ ინტეგრაცია, პარალელურად გრძელდება პოლიტიკური ინტეგრაციაც, მათ შორის ნატოსთანაც. ჩვენ ახლა აღარ ვლაპარაკობთ რაიმე კონკრეტულ ვადებზე, აღარ ვაკეთებთ ხმამაღალ განცხადებებს, ჩვენ ახლა ვმუშაობთ.
«RFE//RL – Эхо Кавказа» (აშშ), 22 თებერვალი, 2017 წელი
http://www.ekhokavkaza.com/a/28323327.html
მინი-აპოკალიფსისი ქართულ ეკლესიაში
გია ნოდია
(ამონარიდი სტატიიდან)
საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებით მომხდარი მოვლენები „ტროცკისტულ-ზინოვიევურ შეთქმულებას“ ჰგავს, თან შუასაუკუნებრივი ელფერით. იმის გარკვევა, თუ რა მოხდა სინამდვილეში, რეალური იყო თუ არა მოწამვლის განზრახვა და კონკრეტულად ვისი მოწამვლა ჰქონდათ განზრახული, ამ ეტაპზე შეუძლებელია. საზოგადოება პროკურატურას როგორც სახელმწიფო სტრუქტურას, ვერ ენდობა, რადგან ამ საქმით ხელისუფლებაც არის დაინტერესებული. ამასთან, აშკარაა, მომხდარი ამბები ლოგიკურად უკავშირდება კანდიდატთა ბრძოლას კათოლიკოს-პატრიარქის ტახტისათვის, რომელიც ბოლო წლებში მიმდინარეობს. ილია მეორე უკვე 84 წლისაა და ხშირად ავადმყოფობს. ამ ასაკში ყოველი კრიზისი შეიძლება ფატალური აღმჩნდეს და ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბერლინში დაგეგმილი ქირურგიული ოპერაციის წინ იერარქებს შორის ბრძოლა გამწვავდა.
შიდასაეკლესიო საქმის ექსპერტების თქმით, მამა გიორგი (მამალაძე) აჭარის გავლენიანი საეკლესიო მოღვაწის, მიტროპოლიტ დიმიტრის მიერ დაყენებული კაცია, დიმიტრი კი ილია მეორის ძმისშვილია და ბუნებრივია, პატრიარქის მფარველობით სარგებლობს. ეს ფაქტორი აჭარის მიტროპოლიტისათვის, ანუ პატრიარქობის ერთ-ერთი კანდიდატისათვის, მომგებიანია, მაგრამ მეორე მხრივ, მას ძალიან ბევრ მტერს უჩენს. მამა გიორგის მიმართ წაყენებული ყოველი ბრალდება ავტომატურად აღიქმება მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმად.
სიტუაციას განსაკუთრებულ პიკანტურობას მატებს ის, რომ ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებნენ ილია მეორის ორი ფავორიტი – პატრიარქის ძმისშვილი დიმიტრი და პატრიარქისავე უცველელი პირადი მდივანი შორენა თეთრუაშვილი. კონფლიქტის მოგვარება ბერლინიდან დაბრუნებულ ეკლესიის მეთაურს მოუწევს.
ინტრიგა ისეთია, რომ კრიმინალური სერიალის სცენარადაც შეიძლება გამოდგეს. მაგრამ მთავარი მაინც ის კი არ არის, თუ როგორ დამთავრდება ეს კონკრეტული ეპიზოდი და ვინ გახდება ეკლესიის საჭეთმპყრობელი, არამედ უფრო სხვა საკითხები: იქნება თუ არა ახალი პატრიარქი ისეთივე ავტორიტეტული და გავლენიანი ფიგურა, როგორიც დღეს ილია მეორეა? დარჩება თუ არა ქართული ეკლესია ისეთივე მძლავრ და დამოუკიდებელ ორგანიზაციად?
ამ თვალსაზრისით ეს სკანდალი ეკლესიისთვის კატასტროფულად გამოიყურება. ზოგიერთმა დამოუკიდებელმა თეოლოგმა მომხდარი ამბები „აპოკალიფსისად“ მიიჩნია. ეკლესიის გავლენა, უპირველეს ყოვლისა, მის მორალურ ავტორიტეტს ემყარება, ამ დღეებში ყველაზე გავრცელებული შედარება კი იყო ეკლესიის შედარება მაფიასთან. ეკლესიის მხილებით დაკავებულები იყვნენ არამარტო სეკულარული ლიბერალები, არამედ გავლენიანი სასულიერო წარმომადგენლებიც.
ეკლესიაში ფართოდ გავრცელებულ კორუფციაზე დიდი ხანია ლაპარაკობენ. მაგრამ იმასაც გააჩნია, ვინ ლაპარაკობს: ცამეტი წლის წინათ, 2004 წელს, თბილისის სასულიერო აკადემიის 23 სტუდენტი ცდილობდა კორუმპირებული იერარქები ჯერ ეკლესიის შიგნით გამოემჟღავნებინათ, შემდეგ კი, როცა არაფერი გამოვიდათ, უკვე საჯაროდ, თუმცა იმ პერიოდში სკანდალი მიაყუჩეს. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ეკლესია მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა: ხელისუფლება მასთან კონფლიქტს გაურბოდა, ოპოზიცია კი მოკავშირედ მიიჩნევდა. ეკლესიას შეეძლო პოლიტიკურ დაპირისპირებაზე ეტამაშა, თვითონ კი უცოდველ არბიტრად დარჩენილიყო. ეკლესიისა და პირადად პატრიარქის მიმართ საჯარო კრიტიკა ტაბუირებული იყო.
მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ეკლესიის გავლენის პიკმა გაიარა. ეკლესია სულ უფრო მეტად აღიქმება ისეთ ადგილოად, სადაც ხელისუფლებისთვის და ქონების განაწილებისთვის იბრძვიან. ძალიან ძნელია პიეტეტის შეინარჩუნება იმ ორგანიზაციის მიმართ, სადაც უმაღლესი იერარქები ერთმანეთს ყველანიარ დანაშაულსა და ცოდვაში ადანაშაულებენ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესია გავლენიან მოთამაშე აღარ არის, მაგრამ უცოდველობის იმიჯის დაბრუნება უკვე ვეღარ მოხერხდება.