globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 22 მარტი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Mar 22nd, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): თბილისი მოსკოვთან მოლაპარაკებაში ტონს გაამკაცრებს // პრეზიდენტმა ქართველ დიპლომატებს უფრო მეტი პრინციპულობა მოსთხოვა

«Radio Liberty//რადიო თავისუფლება» (აშშ): „შემოგდებული“ ინფორმაცია და „აგდებული“ პოლიტიკური სპექტრი // განა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ამდენ ლაპარაკს და ტელეკამერების წინ გულში მჯიღის ცემას არ სჯობია, რომ მან, ქვეყნის მთავარსარდალმა, უბრძანოს თავდაცვის მინისტრს და გენშტაბის უფროსს, რომ დაიწყოს სამხედრო ძალით ქვეყნის დეოკუპაციის პირველი ეტაპი?!

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ რიჩარდ მაილსთან: „საქართველოში ინტერვენციით რუსეთის გავლენა გაიზარდა“

«ТВ Первый канал» (რუსეთი): საქართველოს სპეცსამსახურები ინტერნეტში ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტს იძიებენ

«Die Welt» (გერმანია): რატომ დადის საქართველოში ცოტა ტურისტი? // ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში ამბობდა მარკო პოლო, რომ თბილისი „ბრწყინვალე ქალაქია“

—————–

«Независимая газета» (რუსეთი), 22 მარტი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-03-22/6_tbilisi.html

თბილისი მოსკოვთან მოლაპარაკებაში ტონს გაამკაცრებს

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველ დიპლომატებს უფრო მეტი პრინციპულობა მოსთხოვა

„დღეს ჟენევაში საქართველოს უსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო კონსულტაციების 35-ე რაუნდი იხსნება. თუ იმ განცხადებების მიხედვით ვიმსჯელებთ, როგორიც თბილისში შეხვედრის წინ გაისმა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ქართული მხარე მოლაპარაკებაზე მკვეთრი და ხისტი ტონით გამოვა. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ ქართველი დიპლომატები ზოგჯერ ძალიან „დიპლომატიურად“ მოქმედებენო“, – ნათქვამია სტატიის დასაწყისში (ავტორი – იური როქსი).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული,  ქართულ მხარეს დაგეგმილი აქვს დღის წესრიგში რამდენიმე საკითხი იქნეს განხილული: მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე, ქართული ენის სწავლების საკითხი გალის რაიონის სკოლებში და ა.შ. გარდა ამისა, განზრახულია აგრეთვე ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზეც მსჯელობა. როგორც თანასწორობისა და სამოქალაქო შერიგების სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეტევან ციხელაშვილია ამბობს, ცალკე იქნება განხილული შიდა ქართლში, გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში და საერთოდ, ქართულ-ოსურ „საზღვრისპირეთში“ შექმნილი ვითარება. ამასთან დაკავშირებით სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული ჯარიაშენში ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის მცდელობები, რომლის შედეგად სახნავ-სათესი მიწები მავთულხლართების მიღმა აღმოჩნდა.

„სხვათა შორის, ქართულ მხარეს ადრეც არაერთხელ დაუყენებია გამიჯვნის პროცესთან დაჯკავშირებული საკითხები, რასაც რუსი სამხედრო მოსამსახურეები (მათ თბილისი  ოკუპანტებს უწოდებს) ახორციელებენ, მაგრამ, როგორც ჩანს, პროტესტები არაეფექტური აღმოჩნდა, რადგა ამ პრობლემამ თავი უკვე სხვა ადგილსაც იჩინა“, – წერს ავტორი.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის განმარტებას ჟენევაში ქართული მხარე მოითხოვს, ესაა იატალიაში „სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობის“ გახსნის საკითხი. მართალია, თბილისი აცხადებს, რომ ე.წ. „სამხრეთ ოსეთ-იტალიის მეგობრობის საზოგადოების“ თავმჯდომარის, ვინმე მაურო მურჯას მცდელობა უნაყოფოა, რადგან იტალია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებსო, ქართული მხარე მაინც დააყენებს ამ საკითხს შეხვედრაზე.

ზოგადად, ეს ყველაფერი საქართველო-რუსეთის ურთიერთობასთანაა დაკავშირებული, რომლის ხასიათი ამ ბოლო ხანებში გაუარესდა. საქართველოს დელეგაციის ჟენევის მოლაპარაკებაზე გამგზავრების წინ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეგამოსვლის დროს ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის პრაღის მოლაპარაკების ფორმატს შეეხო და აღნიშნა, რომ ქართული მხარე შეხვედრების დროს ძალიან დიპლომატიურად იქცევა, მაშინ როცა რუსული მხარე აგრესიულობას ამჟღავნებსო. მას მხედველობაში ჰქონდა გრიგორი კარასინის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადება, რომ ოფიციალური თბილისის გამონათქვამებში ანტირუსული ტონი გაძლიერდა. გარდა ამისა, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ რომ „აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების“ ფორმატი უნდა შეიცვალოს. როგორც ცნობილია, თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით, პრაღის მოლაპარაკებაზე მხოლოდ ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული საკითხები განიხილება.

„ის, რომ გრიგორი კარასინმა პოლიტიკური ხასიათის განცხადება გააკეთა, ეს მართალია, მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ მან საქართველოს მოქმედება გააკრიტიკა არა უშუალოდ მოლაპარაკებაზე, არამედ მის ჩარჩოებს გარეთ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი და წერს, რომ დამკვირვებლების აზრით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხისტი გამოსვლა ერთგვარი მითითება იყო ქართული დელეგაციისათვის -ჟენევის მოლაპარაკებაზე პოზიციები უფრო მტკიცედ და პრინციპულად დაიცვან.

«Radio Free Europe // Radio Liberty // რადიო თავისუფლება» (აშშ), 21 მარტი, 2016 წელი

http://www.tavisupleba.mobi/a/blog-koba-liklikadze-shemogdebuli-informacia/27626814.html

შემოგდებულიინფორმაცია დააგდებულიპოლიტიკური სპექტრი

განა პრეზიდენტ მარგველაშვილის ამდენ ლაპარაკს და ტელეკამერების წინ გულში მჯიღის ცემას არ სჯობია, რომ მან, ქვეყნის მთავარსარდალმა, უბრძანოს თავდაცვის მინისტრს და გენშტაბის უფროსს, რომ დაიწყოს სამხედრო ძალით ქვეყნის დეოკუპაციის პირველი ეტაპი?!

კობა ლიკლიკაძე

დაუსრულებელმა აჟიოტაჟმა საქართველოს მედიაშია, პოლიტიკოსების გაკაპასებამ და გაწევ-გამოწევამ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლი კარასინის მიერ პრაღაში 16 მატს გაკეთებულ მუქარანარევ განცხადებას მოჰყვა, – კიდევ ერთხელ ცხადად აჩვენა, თუ რამდენად მყიფეა ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცნობიერება და რამდენად დაუცველია საქართველოს საინფორმაციო სივრცე რუსეთიდან ნასროლი ნებისმიერი პროპაგანდისტული გოროხების ე.წ. „შემოგდებული ინფორმაციის“ (Информационный вброс) წინაშე.

ჯერ თავდაპირველად იმაზე, თუ რა იგულისხმება ასეთ აგრესიულ პროპაგანდისტულ ჩანაფიქრში. საინტერნეტო რესურსების განმარტებით „შემოგდებული ინფორმაცია“ – ესაა სარეკლამო ტექნოლოგია, რომელიც მინიმალური დანახარჯების საშუალებით ახერხებს ჟურნალისტებისა და პოტენციური შემკვეთების ყურადღების მიპყრობას და მათი საშუალებით უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის მოხვედრას წამყვან საინფორმაციო საშუალებებსა და ინტერნეტში.

რუსეთის დიპლომატმა გრიგორი კარასინმა 16 მარტს პრაღაში ეს ამოცანა არათუ კარგად, არამედ გეგმის გადაჭარბებით შეასრულა და სულ რაღაც ნახევარი წუთიც არ დასჭირვებია იმისათვის, რათა ისე აეფორიაქებინა ქართული საინფორმაციო სივრცე, რომ, ბიძგების ჩაცხრობა ვერა და ვერ ხერხდება და სულ ახალ-ახალი პოლიტიკური განცხადებების საფუძველი ხდება.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის, არასაპარლამენტო ოპოზიციისა თუ სხვდასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების დავაში 20 მარტს ბოლოს საქართველოს პრეზიდენტიც ჩაება და კარასინ-აბაშიძის ფორმატის „დაზუსტება“ მოითხოვა. ამ დისკურსში საქართველოს პრეზიდენტს ყველაზე უფრო არ მოეწონა ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ იქვე, პრაღაშივე არ გასცა საკადრისი პასუხი რუსეთის გაკადნიერებულ დიპლომატს. ,,მე ვერ ვიზრუნებ კარასინის შეცვლაზე და აბაშიძე არ არის ჩემი წარმომადგენელი, ჩემი წარმომადგენელი რომ იყოს, სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა კარასინამდე“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

უსმენს ალბათ ამ განცხადებებს კარასინი და, როგორც ერთ არაკშია, „იცინის, იცინის, კვდება სიცილით“. მის მიერ შემოგდებულმა ინფორმაციამ ნოყიერი ნიადაგი ჰპოვა საქართველოში და, ჟარგონულად თუ ვიტყვით, გვარიანად „ააგდო“ ქართული პოლიტიკური სპექტრი. დიდი ალბათობით, მომდევნო დღეები ჩვენში ახლა იმის „დაზუსტებას“ მოხმარდება, თუ რა „ტიპის მესიჯი“ იგულისხმა საქართველოს პრეზიდენტმა: გრიგორი კარასინის უსინდისო ოკუპანტად მონათვლა, სახეში ჩეხური ლუდის შესხმა, თუ სადმე პრაღის ცენტრში, კარასინის დუელში გამოწვევა?

ნუთუ აღარ დადგა დრო, მივხვდეთ, რომ ერთი მოხელის როყიო მუქარაზე თბილისში გაკეთებული ასეთი ამბივალენტური განცხადებები მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების უძლურებას ადასტურებს და ოდენ „ბუზის ნაკბენია“ რუსეთისათვის, რომლის მედია, სხვათა შორის, საერთოდ არ აშუქებს კარასინ-აბაშიძის შეხვედრებს და, საქართველოსგან განსხვავებით, არც პრაღაში გაკეთებული მესიჯების კომენტირებისას იხლეჩს ყელს რუსეთის პოლიტიკური ელიტა.

აბა რა ვქნათ, ხმა არ ამოვიღოთ? შევარჩინოთ კარასინს საქართველოს თავდაცვის მინისტრის კრიტიკა და ასეთი თავგასული მუქარა? – მომიგებს ის, ვინც ამ ბლოგში თავის კრიტიკას ამოიკითხავს.

მეც მანდა ვარ, არ უნდა შევარჩინოთ! მაგრამ რას ნიშნავს „არ შერჩენა“ და რას ნიშნავს „საკადრისი მესიჯი“ – ამაზე მე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან სატელევიზიო კომენტარების მიღმა, როგორც იტყვიან, „ოფ რეკორდ“, სხვა ახსნაც მომისმენია და ამიტომ სერიოზული საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ პროპაგანდისტული ხმაურის და გულის მოფხანის იქით, საქმე არასოდეს მივა.

წინააღმდეგ შემთხვევაში ძვირფას დროს და ჯერ კიდევ შერჩენილ ეროვნულ ენერგიას ფუჭ განცხადებებში არ დავკარგავდით, იმ განცხადებებში, რომელთა გამგონე საზღვარგარეთ არავინაა, შინ კი მხოლოდ ყველაფერზე გაბრაზებულ და ლამის იმედგადაწურულ საქართველოს მოსახლეობას უმღვრევს სიმშვიდეს და გონებას.

განა ამდენ ლაპარაკს და ტელეკამერების წინ გულში მჯიღის ცემას არ სჯობია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთავარსარდალმა, უბრძანოს თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს, რომ სამხედრო უწყებამ, ბოლოს და ბოლოს, აამოქმედოს საომარი ვითარების საგანგებო ოპერატიული გეგმა და დაიწყოს სამხედრო ძალით ქვეყნის დეოკუპაციის პირველი ეტაპი, ვთქვათ ახალგორის რაიონიდან?!

ჰა, როგორი აზრია? ხომ იქნებოდა „საკადრისი მესიჯი“ კარასინისა და ყველა მისი მსგავსი თავგასული რუსი მოხელეებისათვის?

იცოცხლე, იქნებოდა! მაგრამ ამ ნაბიჯის შედეგი რაც იქნება, ესეც ყველამ მშვენივრად იცის! ამიტომ გამოსავალი ერთადერთია: საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ და მედიამაც უნდა ისწავლოს სტრატეგიული მოთმინების გამოჩენა მოსკოვიდან წამოსულ „შემოგდებულ ინფორმაციებზე“, რასაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე შემდგომშიც არაერთხელ ვიხილავთ კარასინების, ლავროვების, პუშკოვებისა და ჟირინოვსკების შესრულებით.

«Radio Voice of Americaრადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 21 მარტი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/interview-richard-miles/3247669.html

ინტერვიუ რიჩარდ მაილსთან: „საქართველოში ინტერვენციით რუსეთის გავლენა გაიზარდა“

რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ ქართული სამსახური კორესპონდენტი ნანა საჯაია ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს საქართველოში რიჩარდ მაილსს ესაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- საქართველოს ყოფილი მთავრობა ამაყობდა ანტი-კორუფციული პოლიტიკით. დღევანდელი გადასახედიდან როგორ აფასებთ ამას?

- ბევრ საკითხზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკაზე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებული მოსაზრება მქონდა, ამის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ კორუფციის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევისთვის და კორუფციის კონტროლზე აყვანისთვის ის აღიარებას იმსახურებს. ამ თვალსაზრისით „ვარდების რევოლუცია“ საქართველოს წინ – 21-ე საუკუნეში, სვლისკენ დაეხმარა.

- ადევნებთ თვალს მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას უკრაინაში?

- გულწრფელად გითხრათ უფრო გართობისთვის. უცნაურად მეჩვენება როცა დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი სხვა ქვეყნის გუბერნატორი ხდება, რაც არ უნდა მნიშნელოვანი მხარე იყოს ის. ოდესა არის მნიშვნელოვანი ადგილი. უბრალოდ მე ეს უცნაურად მეჩვენება. ვიცი რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინულად საუბრობს, განათლება უკრაინაში აქვს მიღებული, არსებობს მიზეზები რატომაც არის ახლა იქ, მაგრამ ჩემთვის ეს უცნაურია.

- თქვენ ახსენეთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან საგარეო პოლიტიკაზე ვერ თანხმდებოდით. კრიტიკოსები მას ხშირად ადანაშაულებდნენ მას2008 წელს რუსეთის პროვოცირებაში. გავიდა 6 წელი და რუსეთი უკრაინაშიც შეიჭრა. ასუსტებს თუ არა ეს არგუმენტს მის წინააღმდეგ?

- 2004 წლის აგვისტოში, პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით, ქართულმა არმიამ სამხრეთ ოსეთის აღება სცადა. ეს ოპერაცია კარგად არ წარიმართა და ჯარმა მალევე უკან დაიხია, ამას ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. 2005 წლის მაისში, თბილისში, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტის მთავარი მიზანი მსგავსი შემთხვევის მომავალში თავიდან აცილება იყო.. ჩემი თანდასწრებით ბუშმა სააკაშვილს ორჯერ უთხრა, რომ იმის გამეორება, რაც 2004 წლის აგვისტოში მოხდა სტრატეგიული და პოლიტიკური შეცდომა იქნებოდა, რომელსაც შესაძლოა რუსეთის საქართველოში შეჭრა მოჰყოლოდა. ამან პრეზიდენტი სააკაშვილი გარკვეული პერიოდით შეაჩერა. მაგრამ მას და მისი მთავრობის წევრებს ყოველთვის სურდათ სამხრეთ ოსეთის შემოერთება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მე სრულად ვეთანხმები ჰაიდი ტალიავინის მიერ მომზადებულ ანგარიშს. ყველამ, ვისაც კიდევ აქვს კითხვები აგვისტოს ომზე, ეს ანგარიში უნდა წაიკითხოს. ის ბრალს დებს როგორც რუსულ, ასევე ქართულ მხარეს, და ნაწილობრივ ოსურ მხარესაც. რაც 2008 წელს ვნახეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის სრული კატასტროფა იყო. ამან კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების შანსები შეამცირა.

- ხელისუფლებაში მოსვლისას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მესიჯი რუსეთთან ურთიერთობების დალაგება იყო. როგორ თავსდება ეს საქართველოს დასავლურ მისწრაფებებთან, როცა საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია?

- დღეს ეს უფრო რთულია, ვიდრე 2008 წლამდე იქნებოდა. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ შეიძლება საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობები ჰქონდეს, განსაკუთრებით ეკონომიკაში. რუსული ბუნებრივი აირი ისევ გადის საქართველოს ტერიტორიას სომხეთში ჩასასვლელად, ქართული პროდუქცია ისევ იყიდება რუსულ ბაზარზე, ეკონომიკური თვალსაზრისით ვითარება ამაზე რთულიც ყოფილა. საქართველოს მთავრობამ ამ მხრივ ძალისხმევა გასწია, საქართველოს უნდა ჰქონდეს კარგი ურთიერთობები რუსეთთან.

- არსებობს მოსაზრება, რომ 2008 წელს დასავლეთის რეაქციამ რუსეთი უფრო გააძლიერა და სამომავლო აგრესიისკენ წაახალისა. ეთანხმებით ამ შეფასებას?

- დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის დიდ ნაწილს და საქართველოს მთავრობას ერჩივნა ჩვენ უფრო მკაცრი ზომები მიგვეღო, მაგრამ ეს არასდროს განიხილებოდა. ჩვენ არ გვითქვამს, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში მკაცრ ნაბიჯებს გადავდგამდით. ეს ასე არ ყოფილა. მე მესმის ქართველების დიდი ნაწილის იმედგაცრუება იმით, რომ შეერთებული შტატები ან საქართველოს სხვა მეგობრები და მოკავშირეები სამხედრო მეთოდებით არ ჩაერთნენ. რუსეთის მიერ საქართველოში ინტერვენციამ რუსეთის ფედერაციის გავლენა გაზარდა. ამან აჩვენა, რომ რუსეთს აქვს პოლიტიკური მზადყოფნა თავისი საზღვრების მახლობლად სამხედრო ძალა გამოიყენოს.

«ТВ Первый канал» (რუსეთი), 21 მარტი, 2016 წელი

http://www.1tv.ru/news/polit/304267

საქართველოს სპეცსამსახურები ინტერნეტში ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტს იძიებენ

რუსეთის ტელეკომპანია „პერვიი კანალმა“ 21 მარტს ეთერში ვრცელი ტელესიუჟეტი გადასცა, რომელშიც საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების უკანონო გავრცელების ფაქტები და ამასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო მიტინგია ასახული (ავტორი – რიმა ბერულავა).

„ათასობით ადამიანმამ მიიღო მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციაში, რათა თავიანთი უარყოფითი პოზიცია დაეფიქსირებინათ უკანონო თვალთვალის მიმართ. დემონტრანტებმა იმ პირების მკკაცრი დასჯა მოითხოვეს, რომლებმაც გაბედეს და ინტერნეტში რამდენიმე ქართველი მაღალჩინოსნის ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელეს“, – ამბობს „პერვიი კანალის“ ჟურნალისტი. იგი ამ საკითხზე ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელს ეკა გიგაურს, რომელიც ხელისუფლებას სთხოვს ყველა ღონე იხმაროს მსგავსი დამაშანტაჟებელი ფაქტების აღსაკვეთად.

ტელესიუჟეტში ვრცლადაა გადმოცემული აღნიშნული ვიდეომასალის ინტერნეტში გავრცელებასთან დაკავშირებული ვითარება, გამოძიების მსვლელობა, აგრეთვე განცხადებები, რომლებიც ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმა და ოფიციოზმა გააკეთა. ყურადღება გამახვილებულია ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამონათქვამებზე, რომ სექსუალური ცხოვრება სამარცხვინო არ არის და რომ ორივეს კარგი, ხშირი და მდიდრული სექსი აქვთ.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. როგორც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს ტელესიუჟეტში, გამოძიების თანახმად, საქმე ეხება „ნაციონალ“ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საიდუმლო თვალთვალის შედეგად გადაღებულ კადრებს, რომელიც, სავარაუდოდ, 2012 წლის ზაფხულში განხორციელდა. არაა გამორიცხული, რომ კიდევ უამრავი მსგავსი ვიდეოჩანაწერები ან მათი ასლები არსებობდეს და ა.შ. რომლებთაც, არაა გამორიცხული, რომ ბოროტგანზმრახველები საპარლამენტო არჩევნების წინ შანტაჟის მიზნით გამოიყენებენ. სპეციალისტების თქმით, ძალიან ძნელი იქნება ბოროტგანმზრახველების მიგნება, რადგან ასეთი პირების იდენტიფიკაცია ბევრ სირთულეებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ქართველმა სამართალდამცველებმა დახმარების მიღებისათვის ამერიკელ კოლეგებს – გამოძიების ფედერალურ ბიუროს მიმართეს“, – ნათქვამია რუსეთის ტელეარხ „პერვიი კანალის“ სიუჟეტში.

«Die Welt» (გერმანია), 22 მარტი, 2016 წელი

http://www.welt.de/reise/nah/article153525969

რატომ დადის საქართველოში ცოტა ტურისტი?

ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში ამბობდა მარკო პოლო, რომ თბილისი „ბრწყინვალე ქალაქია“

გერმანიის პოპულარულ ყოველდღიურ გაზეთ „ველტ“-ში გამოქვეყნებული ვრცელი სტატია ეხება საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, კერძოდ, თბილისს – მის ისტორიას, დღევანდელობას და ტურისტულ ობიექტებს. მასალაში ზოგადად შეფასებულია აგრეთვე 2004-2012 წ.წ. საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური  ვითარებაც (ავტორი – ფილიპ ლაგე).

„აშკარაა, რომ საქართველო ევროკავშირისაკენ მიილტვის, მაგრამ გერმანელი ტურისტები ამას ვერ ამჩნევენ და ამიტომაც  ისინი საქართველოში მაინცდამაინც არ ჩადიან. მათი აზრით, საქართველო ტურისტული ქვეყანა არ არის. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი ეს პოზიცია წარსულის გადმონაშთია – საქართველოს ხომ მაღალი დონის კორუფციისა და დამნაშავეობის ქვეყნის სახელი ჰქონდა გავარდნილი. გარდა ამისა, 2008 წლის ზაფხულში, სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო, კავკასიური ომიც მოხდა – საქართველოს რუსეთთან 5-დღიანი ომი ჰქონდა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ქართველთა პროდასავლური ლტოლვა. დღეს ტურისტეი თბილისის აეროპორტიდან ქალაქში ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩით შედიან – პლაკატიდან აშშ-ის ექს-პრეზიდენტი იღიმება და ხელს გიქნევთ, ტაქსისტი კი ისე სწრაფად მიდის, თითქოსდა მას მომავალში მოხვედრა აგვიანდება“, – წერს ავტორი სტატიის დასაწყისში.

პუბლიკაციაში ვრცლადაა აღწერილი თბილისის ღირსშესანიშნაობები, მისი ისტორია, ქალაქის დამაარსებელ ვახტანგ გორგასალთან დაკავშირებული ლეგენდა: „როცა ვახტანგ გორგასალმა თბილისი დედაქალაქად გადააქცია, მე-5 საუკუნეში, საქართველო რომის იმპერიის ნაწილი იყო. მე-7 საუკუნიდან კი თბილისი არაბების, სპარსელების, თურქ-სელჯუკების და სხვათა მუდმივ თავდასხმებს განიცდიდა. თბილისს ხორეზმელი თემურ-ლენგის შემოსევებიც ახსოვს. მე-13 საუკუნეში თბილისი ვენეციელმა მოგზაურმა მარკო პოლომაც მოინახულა და მას „ბრწინვალე ქალაქი“ უწოდა, რომლის გარშემოც მრავალი ციხე-სიმაგრე იყო აგებული. სხვატა შორის, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეებიდან ზოგიერთი დღესაც შემორჩენილია, მაგალითად, სპარსელების მიერ აშენებული ნარიყალა, რომელიც ქალაქის მაღალ ბორცვზეა განლაგებული და ამჟამად აღდგენილია“, – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი ყურადღებას უთმობს თბილისის ბოტანიკურ ბაღს, რომლის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი გერმანელ მეცნიერს ჰენრიხ შარერს – მან პირველმა აააშენა ორანჟერეა და დაარსა ბოტანიკური მუზეუმი. „იქვეა ქანდაკება „ქართლის დედა“, მტრისთვის მახვილით და მოქყვრისთვის ღვინის თასით ხელში, რომელიც 1958 წელს დაიდგა თბილისის 1500 წლისთავთან დაკავშირებით“, – წერს ფილიპ ლაგე და ხაზს უსვამს, რომ საქართველოს დედაქალაქში ყველა ისტორიულ ეპოქას თავისი კვალი აქვს დატოვებული.

პუბლიკაციაში ავტორი ეხება აგრეთვე თბილისის ეკლესიებს, ტაძრებს (სიონი, მეტეხი, სამება…). განსაკუთრებით ვრცლად აღწერს სომხებით დასახლებულ ავლაბრის უბანში აგებულ საქართველოს მთავარ ტაძარს – სამების ტაძარს, რომელიც უდიდესია ამიერკავკასიაში. ფილიპ ლაგე მიუთითებს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ქვეყნის მოსახლეობაში უდიდესი გავლენა აქვს. იგი საუბრობს აგრეთვე ძველი თბილისის კუთხეებზე, კერძოდ, შარდენის ქუჩის („შარდენშტრასეს“) ღირსშესანიშნაობებზე, გოგირდის აბანოებზე, გადმოსცემს მისი ნახვით მიღებულ შთაბეჭდილებას.

ავტორი ეხება თანამედროვე თბილისის ტურისტულ ობიექტებსაც: მისი თქმით, ახალი მშენებლობები ხელს უშლის ძველი თბილისის იერის შენარჩუნებას, რის გამოც ჯერ-ჯერობით ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში ვერ მოხვდა, თუმცა კანდიდატი არის.

ექსკურსიამძღოლ ლევან გიორგაძე გვიყვება, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი 2004-2012 წლებში იყო, ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისათვის. ამ აზრს სხვა ქართველებიც იზიარებს მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ექს-მეთაურს დღეს ბრალი აქვს წაყენებული მრავალი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. იგი პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა, აშშ-ში. ამასთან ლევან გიორგაძე მიხეილ სააკაშვილის შეცდომებზეც საუბრობს: „ვინც დიდხანს რჩება პოლიტიკაში, შეცდომას უშვებს და არასწორ ნაბიჯებს დგამს“.

„თბილისში ადამიანი თავს თავისუფლად გრძნობს: ვინც გინდა იყავი – გერმანელი, ფრანგი თუ იტალიელი… ყველგან იგრძნობა სტუმართმოყვარეობა – ვაკის მდიდრულ რაიონში მდებარე კაფეებში თუ ვაჟა-ფშაველაზე“, – აღნიშნავს ავტორი.

Comments are closed