globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 22 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 22nd, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): ცხინვალის წინასაარჩევნო „ქვაბი“ // ყოფილმა პრეზიდენტმა სიტუაციის საშიში გამწვავება განიზრახა

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): გალის შეხვედრაზე თბილისმა რამდენიმე საკითხი დააყენა

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): გალში მოლაპარაკება გაიმართა: იმსჯელეს, დაველოდოთ შედეგებს?

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „საქართველო და უკრაინა დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათ შეერთებული შტატების მხარდაჭერა აქვთ“

—————-

«Независимая газета» (რუსეთი), 22 მარტი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-03-22/7_6954_chinval.html

ცხინვალის წინასაარჩევნო „ქვაბი“

ყოფილმა პრეზიდენტმა სიტუაციის საშიში გამწვავება განიზრახა

სტატიაში გადმოცემულია „ნაწილობრივაღიარებულ“ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში“ შექმნილი ვითარება ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით: ამჟამინდელი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი გასულ კვირას მოსკოვში იმყოფებოდა და ვლადიმირ პუტინს შეხვდა, განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს დანიშნულ პრეზიდენტის არჩევნებთან და რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებული მომენტები’, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია ცხინვალში შექმნილ რთულ სიტუაციაზე, რომელიც სწორედ პრეზიდენტის არჩევნებს უკავშირდება. დღეისათვის ადგილობრივმა ცესკომ პრეზიდენტობის სამი კანდიდატი დაარეგისტრირა – მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის („კაგებე“-ს) თანამშრომელი ალან გაგლოევი. რეგისტრირებაზე უარი ეთქვა რამდენიმე პირს, მათ შორის ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითს, რომელიც, შეიძლება ითქვას, თავის მიერვე „დაგებულ ხაფანგში მოხვდა“: რამდენიმე წლის წინათ, პრეზიდენტობის პერიოდში, სწორედ ედუარდ კოკოითმა მიიღო კანონი (კონკურენტების ჩამოსაშორებლად), რომლის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკის ტერიტორიაზე უწყვეტად 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდესო. ჰოდა, ახლა ამ კანონის ძალა მასზეც გავრცელდა: კომისიამ დაადგინა, რომ ედუარდ კოკოითი ბოლო 10 წლის მანძილზე სამხრეთ ოსეთში არ ცხოვრობდა და ამიტომაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვსო.

რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილებას ედუარდი და მისი მომხრეები არ დაეთანხმნენ და ცხინვალში პერმანენტული მიტინგი გამართეს. ედუარდს არც დამატებითმა დოკუმენტებმა არ უშველა, მას კვლავ გაუმეორეს – ხომ გითხარით, რომ აქ არ ცხოვრობდი და გაჩერდი, გეყოფა საჩივრების წერაო. თავის მხრივ, ედუარდ კოკოითმა ცესკო, „კაგებე“, შსს და კანონდარღვევაში დაადანაშაულა… მოკლედ, ცხინვალში სიტუაცია დაიძაბა. მიტინგთან ახლოს „ომონი“ ათენებს და აღამებს…

ცხადია, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასაც არ სძინავს და შესაბამის საპასუხო სვლებს აკეთებს: ჯერ ერთი, რომ ლეონიდ თიბილოვის მომხრეებმა ანტიკოკოითური მიტინგი ჩაატარეს (თუმცა ამბობენ, რომ მისი მონაწილეები სპეციალურად ჩამოიყვანეს რაიონებიდანო), მეორე – ექს-პრეზიდენტს „ზურგში დანა ჩასცეს“: ედუარდმა სასამართლოში მიწვევის შეტყობინება მიიღო, მოწმის სახით: განიხილება მისი ძმის სისიხლის სამართლის საქმე საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის თაობაზე, რომელიც ათი წლით ციხეში ყოფნით ისჯება.

სტატიის ავტორი ესაუბრება სამხრეთ ოსეთის ყოფილ „ელჩს“ რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევს, რომლის თქმით, სიტუაცია მართლაც დაძაბული და არასტაბილურია, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ და მიაჩნიათ, რომ მხოლოდ მათი კანდიდატია პრეზიდენტობის ღირსი: ლეონიდ თიბილოვის მომხრეები აცხადებენ, რომ მისი პრეზიდენტობის დროს შეწყდა ფინანსური სკანდალები, თანდათან უმჯობესდება სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია… ედუარდ კოკოითის მხარდამჭერები კი საწინააღმდეგო სურათს ხატავენ: კორუფცია ჰყვავის, თანამდებობებზე პრეზიდენტის ნათესავები სხედან, ეკონომიკა საერთოდ არ არსებობს, ტოტალური უმუშევრობაა…

დიმიტრი მედოევის თქმით, ჩატარებული გამოკითხვების სედეგად ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს, თუმცა იმის თქმა, რომ იგი გაიმარჯვებს, ძნელია – რუსეთში და აფხაზეთში ბევრი ოსი ცხოვრობს და არავინ იცის, მისცემენ თუ არა ხმას ისინი პარლამენტის სპიკერს.

რაც შეეხება რეფერენდუმს სამხრეთ ოსეთის სახელწოდების თაობაზე („სამხრეთ ოსეთი – ალანეთი“), დიმიტრი მედოევი აღნიშნავს, რომ გარანტირებული არც ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა არ არის. „ამ საკითხზე ლეონიდ თიბილოვმა თვითნებური გადაწყვეტილება მიიღო იმ მიზნით, რომ არცევნებში ბევრ ხმებს მიიღებს, თუმცა მან თავისი მოქმედებით ხელი შეუწყო საზოგადოების გახლეჩვას“, – ამბობს დიმიტრი მედოევი „ნეზავისიმაია გაზეტა“-სთან საუბარში.

„სამხრეთ ოსეთში დღეს შექმნილი სიტუაცია 2011 წლის ოქტომბერ-ნოემბერში არსებულ ვითარებას მოგვაგონებს, როცა მდგომარეობა მოსკოვის „უხეში ჩარევით“ მოგვარდა: მართალია, „ნაჯახური მოქმედებით“, მაგრამ რესპუბლიკა კატასტროფას ასცილდა. როგორც სტატიის ავტორს ცხინვალში ერთ-ერთმა ადგილობრივმა ამომრჩეველმა განუცხადა, „ახლაც ლეონიდ თიბილოვი მოსკოვში დახმარების მიღების მიზნით იყო წასული, რადგან ედუარდ კოკოითის გაჩერება აქაური „მშვიდობიანი ფორმატით“ ვერ მოხერხდება. თიბილოვს პუტინის იმედი აქვს, ტყუილად კი არაა მოფენილი ცხინვალის ქუჩები მათი ერთად გადაღებული ფოტოსურათებით“.

სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ მოსკოვის ყურადღებას არ იქცევს, ცხინვალის მდგომარეობას თბილისიც აკვირდება. ჯერ-ჯერობით ოფიციალური კომენტარები არ გამოქვეყნებულა, გამოთქმული შენიშვნები კი იმდენად არჩევნებს არ ეხება, რამდენადაც თარიღს: 9 აპრილს საქართველოში 1989 წლის მიტინგის დარბევის სამგლოვიარო წლისთავი აღინიშნება. ადგილობრივ საექსპერტო წრეებში არ გამორიცხავენ, რომ ცხინვალში არჩევნები 9 აპრილისათვის სწორედ ქართველების ჯიბრზე დაინიშნა. „ეს ყველაფერი ცხინვალის რეჟიმისა და მათი მფარველების გრიმასებია და იმას მოწმობს, რომ ისინი კავკასიურ ტრადიციებს პატივს არ სცემენ“. რაც შეეხება მეორე საკითხს – რეფერენდუმს სახლწოდების გადარქმევის თაობაზე, თბილისში ლაკონურად პასუხობენ: „ალანეთი საქართველოში არასოდეს ყოფილა, არ არის და არც იქნება“.

თუმცა, როგორც დიმიტრი მედოევი ამბობს, ამ შემთხვევაში თარიღი საქართველოს არ უკავშირდება: „ამჟამინდელი არჩევნები ბოლო არჩევნებიდან დროის ჩვეულებრივი ათვლით დაინიშნა.  ჩვენ უკვე მეოთხედი საუკუნეა თბილისის განცხადებებს და ნათქვამს ყურადღებას აღარ ვაქცევთ, ჩვენ ქართველების პოზიცია ნაკლებად გვაღელვებს“. როგორც ჩანს, ყოფილი ელჩი მართალია: ცხინვალელებს საზოგადოებაში კონფრონტაციის გამწვავება უფრო აღელვებთ, ვიდრე თბილისის მიერ გამოხატული პოზიცია.

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 22 მარტი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/galis-shekhvedra/28382463.html

გალის შეხვედრაზე თბილისმა რამდენიმე საკითხი დააყენა

თამარ ზანთარაია

21 მარტს ოკუპირებულ ქალაქ გალში  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა გაიმართა.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე არ დაადასტურეს დრანდის ციხეში მყოფ პატიმარ გიორგი ლუკავას ცოლის ლალი ბასარიას ინფორმაცია, თითქოს მისი ქმარი დე-ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ჯერ კიდევ ორი თვის წინ შეიწყალა და ელოდება გათავისუფლებას. ეს ინფორმაცია შეხვედრის დასრულების შემდეგ ენგურის ხიდთან შეკრებილ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ მიაწოდა:

„აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება გალის შეხვედრაზე ოფიციალურად აცხადებს, რომ არანაირი შეწყალება და არანაირი კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით, ხაზს ვუსვამ, ე.წ. პატიმართან არ ყოფილა. ეს არის შავით თეთრზე მშრალი მოცემულობა. ისინი აცხადებენ, რომ გიორგი ლუკავა არის დაკავებული მძიმე ბრალდებებით და ჯერჯერობით მის გათავისუფლებას არ აპირებენ. ცენტრალური მთავრობის პოზიციაა, რომ ამ საკითხზე მუშაობა არ უნდა დასრულდეს მანამ, სანამ ის არ იქნება გათავისუფლებული“.

აფხაზური მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ლუკავას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი პარტიზანულ დაჯგუფება „ტყის ძმებთან“ კავშირისა და ადამიანის მკვლელობის გამო. ბრალდებას არ ეთანხმება მისი ცოლი ლალი ბასარია და ირწმუნება, რომ მისი ქმარი სამხედრო მოსამსახურე იყო და დაჯგუფებასთან კავშირი არ ჰქონია. ლალი ბასარიას არ სჯერა იმ ინფორმაციის, რომელიც კახაბერ ქემოკლიძემ თავად გააცნო მას ენგურის ხიდზე. მისი თქმით, აქვს უტყუარი ცნობები და საჭიროების შემთხვევაში გაასაჯაროებს დოკუმენტაციასაც, რომ დე-ფაქტო პრეზიდენტმა გიორგი ლუკავა შეიწყალა და რომ ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ არ მუშაობს:

„საქართველოს ხელისუფლებისგან [სანაცვლოდ] ისინი ითხოვენ, ალბათ, ისეთ ადამიანებს, რომელთა სახელის და გვარების დასახელება თავად საქართველოს ხელისუფლებას არ სურს და მალავს. მე ვიცი, ესენი ვინ არიან, მაგრამ მე ამას შეგნებულად იმიტომ არ ვიტყვი, რომ არ მინდა ჩემი მეუღლის გადმოსაყვანად ვიღაცის სიცოცხლე გაიწიროს ან რაღაც უკანონო ჩაიდინოს ხელისუფლებამ“, – ამბობს ლალი ბასარია.

რაც შეეხება შეხვედრაზე განხილულ სხვა საკითხებს, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლება კვლავ აქტიურად აყენებს საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების საკითხს: „ჩვენი, ცენტრალური მთავრობის, პრინციპული პოზიციაა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული პირი რაშიდ კანჯიოღლი, იქნას დაკავებული. სანამ არ მოხდება ამ ადამიანის დაკავება, ეს საქმე არ ჩაითვლება ლოგიკურად დასრულებულად“.

სუს-ის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთ საკითხზე ისაუბრეს, კერძოდ, სოფელ ოტობაიასთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან, ე.წ. საზღვართან გასულ კვირაში დე-ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეების მიერ „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით სამი ქალის დაკავების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ დაკავებულები აფხაზეთის ტერიტორიაზე იზოლატორში იმყოფებიან: „ცხადია, საუბარი შეეხო იმ ქალბატონებს, რომლებიც რამდენიმე დღი წინ იქნენ დაკავებული. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ადამიანები უახლოესი ათი დღის განმავლობაში უნდა იყვნენ გათავისუფლებული“.

რადიო „თავისუფლების“ ოტობაიელი რესპონდენტის ცნობით, სამი დაკავებულიდან ერთ-ერთი ნათესავებთან ერთად ზუგდიდიდან ოტობაიაში დედის დაკრძალვაზე მიდიოდა.

გარდა ჩამოთვლილი საკითხებისა, გალის შეხვედრაზე თბილისმა კიდევ ერთხელ გააჟღერა პოზიცია საოკუპაციო ხაზთან საკონტროლო-გამშვები პუნქტების ჩაკეტვაზე. კახაბერ ქემოკლიძის სიტყვებით, მსგავსი შეზღუდვები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადგილზე მშვიდობას და ადამიანებს ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას ურთულებს. იგი დარწმუნებულია, რომ ამ საკითხზე საფუძვლიანი დისკუსია გაგრძელდება მარტის ბოლოს ჩანიშნულ ჟენევის საერთაშორისო შეხვედრაზე.

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა 25 აპრილს არის დანიშნული.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 22 მარტი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/negotiations-in-gali-region/3775821.html

გალში მოლაპარაკება გაიმართა: იმსჯელეს, დაველოდოთ შედეგებს?

ნინო დალაქიშვილი

21 მარტს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. ეს პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის მიმართულებით ოთხი გამშვები პუნქტი დაიხურა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, შეხვედრაზე საუბარი იყო ე.წ. საზღვრის „უკანონო“ გადაკვეთის ფაქტებზე, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე, „გამშვები პუნქტების“ დახურვისა და სხვა თემებზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე, რომელიც IPRM–ის შეხვედრას ესწრებოდა, აცხადებს:

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რამაც შესაძლოა, პოტენციურად, საფრთხე შეუქმნას მშვიდობასა და სტაბილურობას ადგილზე. ცალკე საკითხად განვიხილეთ 2016 წლის 19 მაისს საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი. ამ მხრივ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა მოხდეს მკვლელობაში ბრალდებული პირის რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავება. ჩვენი ყურადღება გამახვილდა ასევე ზაზა წულუკიას საკითხთან დაკავშირებით. დე–ფაქტო სოხუმის წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ ეს პიროვნება არის გარდაცვლილი. მიზეზად კი დასახელდა თვითმკვლელობა. მისი ცხედარი დაკრძალულია სოხუმის ტერიტორიაზე. ჩვენი მხრიდან საკითხი განხილული იქნა იმ კონტექსტში, რომ მნიშვნელოვანია ამ ადამიანის ცხედრის გადმოსვენება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ მხრივ არსებობს კონსენსუსი. მექნიზმი მარტივია. შესაძლებელია, ოჯახის ჩართულობით,ეს პროცესი განხორციელდეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით. ასევე ვისაუბრეთ, ზოგადად, საოკუპაციო ზოლზე თავისუფალი გადაადგილების შეფერხების საკითხზე, კვლავაც შევეხეთ ადგილზე არსებულ პრობლემებს, რაც უკავშირდება მცირეწლოვანი მოსწავლეების თავისუფალ გადაადგილებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის შეთანხმებები, რაც არსებობდა და დაფიქსირდა წინა შეხვედრებზე, იქნება დაცული სამომავლოდ. მუშაობა ამ კუთხით კვლავაც გაგრძელდება.“

„ამერიკის ხმა“ ზუგდიდში დაფუძნებულ ორგანიზაცია „იმედის“ წარმომადგენელს ქრისტინა კილანავას ესაუბრა. ჩვენთან საუბრისას იგი ამბობს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების დიდი მოლოდინია და ყველა ყურადღებით ადევნებს თვალს ამ ამბავს. ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარ ქორწილში ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის ცეკვის ამსახველი კადრები გავრცელდა. რთულია ითქვას, კონკრეტულად როდინდელი ფაქტია კადრებში დაფიქსირებული, თუმცა ის ცალსახად გამაღიზიანებლად მოქმედებს გარდაცვლილის ოჯახსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე.

„ეს ხომ საშინელებაა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი ასე თავისუფლად დადის. ეს ხომ  სასიამოვნო არ არის. ის უნდა დაისაჯოს. სიკვდილით დასჯაზე არაა საუბარი, უბრალოდ უნდა დაისაჯოს ამ დანაშაულის გამო“, – ამბობს ქრისტინა კილანავა.

„ამერიკის ხმა“-სთან საუბრისას „იმედის“ წარმომადგენელი აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვის თაობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ გალის სოფლების მოსახლეობისთვის მდგომარეობა გართულდა, რადგან მათ ამ დრომდე თუ ქართული საბუთებით შეეძლოთ ე.წ.საზღვრის გადაკვეთა, ახლა ეს შეუძლებელია. ერთადერთი გადასასვლელი ამჟამად ენგურის ხიდზე ფუნქციონირებს და მისი გადაკვეთა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ხელთ გაქვს აფხაზური ან რუსული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. გალის სოფლების მოსახლეობა კი ასეთ დოკუმენტაციას არ ფლობს, ისინი აქამდე ქართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით სარგებლობდნენ.

„ძალიან ცუდი ფაქტია საზღვრის ჩაკეტვა, ამან ძალიან დააზარალა მოსახლეობა. სოფლებიდან ბევრი გადადიოდა, ახლა კი ეს შეუძლებელია. ფინანსური თვალსაზრისით, დროის თვალსაზრისით, ეს დიდი პრობლემაა. ჩვენმა ორგანიზაციამ ამ საკითხზე შეხვედრა გამართა და იქ გამოითქვა მოსაზრება, იქნებ გადაისინჯოს ეს გადაწყვეტილება აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების შემდგომ, მაგრამ მე ამის იმედი არ მაქვს, არა მგონია გადაისინჯოს. ისინი ერთხელ რომ გადაწყვეტილებას მიიღებენ, შემდეგ მას არ ცვლიან. ჩვენ გვყავს ბენეფიციარები, ვინც კვეთდა საზღვარს და ვიცით, რა სერიოზული პრობლემებიც შეექმნათ ახლა. იცით, რა მიზეზია კიდევ? დოკუმენტაცია არ აქვს წესრიგში ძალიან ბევრს, რასაც მესაზღვრეები ითხოვენ. ენგურის ხიდი რომ გადალახო, აფხაზური სრული დოკუმენტაციაა საჭირო, რაც გალის სოფლების მაცხოვრებლებს არ აქვთ“.

„ამერიკის ხმას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ ინტერპოლმა რაშიდ კანჯი-ოღლიზე ძიება წითელი ცირკულარით დაიწყო.  ჩვენს კითხვაზე იმის შესახებ, ძებნილი თუ დე-ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება და მისი კონკრეტული ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება, აქვს თუ არა რუსეთს მისი დაკავების ვალდებულება იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სწორედ რუსეთი ახორციელებს ეფექტიან კონტროლს აფხაზეთზე და ამდენად რუსეთი არის პასუხისმგებელი აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩადენილი კანონდარღვევების თაობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ეს უკვე ის დეტალებია, რაზეც პასუხებს ვერ გაგვცემენ.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 22 მარტი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/kinzinger-on-us-russia/3775181.html

„საქართველო და უკრაინა დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათ შეერთებული შტატების მხარდაჭერა აქვთ

ნანა საჯაია

რა როლი აქვს შეერთებულ შტატებს მსოფლიო პოლიტიკაში და რას უნდა ველოდეთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან? ამერიკის საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზე, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაზე „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია გავლენიან რესპუბლიკელ კონგრესმენს ადამ კინზინგერს ესაუბრა.

„ჩვენი მისიაა მსოფლიოსთვის კარგი მმართველობის მაგალითი ვიყოთ“, – ასე აფასებს თანამედროვე აშშ-ის მისიას რესპუბლიკელი კონგრესმენი ილინოისის შტატიდან ადამ კინზინგერი, – „რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ჩვენ ახლა რთული ვითარება გვაქვს. რუსეთი ცდილობს ძველი საბჭოთა იმპერია აღადგინოს, რასაც ის ვერასდროს შეძლებს. ამის მიუხედავად იმედი მაქვს, რომ რუსეთთან თანამშრომლობა მოხერხდება. საქართველო და უკრაინა დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათ შეერთებული შტატების მხარდაჭერა აქვთ“.

კონგრესმენი წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად ნატო-საქართველოს პარტნიორობას ასახელებს და ამბობს, რომ ნატოს მისიებში მონაწილეობით საქართველოს სამაგალითო პარტნიორია.

ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ფრედერიკ ჰოფი მიიჩნევს, რომ რუსეთის სამეზობლო პოლიტიკა მოძველებულია და შეერთებულმა შტატებმა რეგიონის ქვეყნებთან უფრო ახლო თანამშრომლობა უნდა ჩამოაყალიბოს: „ჩემი აზრით შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს. ბევრ სხვა სფეროსთან ერთად რუსეთი და რუსეთის სამეზობლო ამერიკის პოლიტიკის ნაწილია. ახლა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ უნდა დაისახოს თუ რა მიზნები აქვს ამ რეგიონში. ეს პროცესი სწორედ ახლა მიმდინარეობს. ეჭვი არ მეპარება, რომ ამერიკის პოლიტიკა უცვლელი დარჩება და მეზობელი ქვეყნების დამოუკიდებლობას დაუჭერს მხარს“.

Comments are closed