globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 22 აპრილი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Apr 22nd, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რატომ ატარებენ რეფერენდუმს ცხინვალში?

«Der Standard» (ავსტრია): საქართველო: იქ, სადაც საზღვრები ღამით ჩნდება

———————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 22 აპრილი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/why-are-they-organising-a-referendum-in-tskinvali/3296929.html

რატომ ატარებენ რეფერენდუმს ცხინვალში?

ნინო დალაქიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს წინაშე მდგარ ყველაზე სერიოზულ გამოწვევებს შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარება დაასახელა – იმ ტერიტორიებზე, სადაც ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ერთმანეთისგან ჰყოფს ახლობელ ოჯახებს, არ აძლევს მათ ისარგებლონ გადაადგილების თავისუფლების უფლებით. აქ გადაადგილების შესაძლებლობა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარსსაც კი არ ეძლევა.

„საქართველოს მთავრობის წინაშე მდგარი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა ვითარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში, ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი მიზეზი ე.წ. ბორდერიზაციაა, კერძოდ კი, რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ხაზების გაყოლებაზე აღმართული ხელოვნური დაბრკოლებები, რომლებიც ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები მოკლებული არიან მიმოსვლის, კერძო საკუთრების, საოჯახო საქმეების წარმართვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა სამოქალაქო თუ ეკონომიკურ უფლებებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საჭირბოროტო საკითხი, ეს არის ის, რომ ევროპის საბჭოს ხელი არ მიუწვდება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებთან. მიუხედავად გაწეული ძალისხმევისა, ადამიანის უფლებათა კომისარსა და ევროპის საბჭოს არ მიეცათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის უფლება. გარდა ამისა, ჩვენ აღშფოთებული ვართ ცხინვალის დე-ფაქტო ხელმძღვანელობის გეგმის გამო, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას. ეს მოვლენები არა მარტო საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ, დიდი ალბათობით, სავალალო შედეგებსაც მოუტანს ისედაც არასტაბილურ სამხრეთ კავკასიის რეგიონს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რეფერენდუმის გამართვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა გააჟღერა. რეფერენდუმის შედეგებმა უნდა აჩვენოს თანახმაა თუ არა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა მიუერთდეს რუსეთის ფედერაციას. თუმცა წლევანდელი სარეფერენდუმო ვითარება ცხინვალში წინა წლებში ჩატარებული სარეფერენდუმო სიტუაციისაგან განსხვავებულია – ახლა რუსეთი უკვე ცნობს სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკას. ეს მოცემულობა წინა რეფერენდუმების დროს არ არსებობდა.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი აღნიშნავს, რომ რეფერენდუმის საკითხი ცხინვალის შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგის ფარგლებს და შიდა ინტრიგებს არ გასცდება. „

„საფრთხეები არსებობს, მხოლოდ ამ შემთხვევაში პოლიტიკური საფრთხეები, რა თქმა უნდა, არ იზრდება. ანალოგიური რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთში ორჯერაა ჩატარებული. რუსეთი იმდენად აკონტროლებს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას სამხრეთ ოსეთში, რომ მისი სურვილიდან გამომდინარე, ცხინვალში მიაღებინებს ნებისმიერ გადაწყვეტილებას. აქ, უბრალოდ, ცუდი მომენტია ის, რომ მოსახლეობის მობილიზება ხდება შემდეგი მიმართულებით: „ჩვენ არ შეგვიძლია არსებობა დამოუკიდებლად, რომ განვსაზღვროთ ქართველებთან გვინდა ურთიერთობა, ევროკავშირთან, რუსეთთან თუ სხვა. ანუ, რუსეთის გარეშე არაფრის გადაწვეტის უნარი არ გვაქვს“. ასეთი მიდგომა გარკვეულ დეპრესიულ და უიმედო განწყობებს თესავს საზოგადოებაში. მოკლედ, ეს რეფერენდუმი ცალსახად შიდა პოლიტიკური მოხმარების არის. თავის დროზე, ბიბილოვმა გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებზე, მისი მთავარი ლოზუნგი სწორედ რუსეთთან შეერთება იყო. ახლა, დღეს, ანალოგიური ინიციატივის წინსწრება უნდა თიბილოვს. იგი გამოდის ამის მთავარ ინიციატორად. მან კარგად იცის მოსახლეობის განწყობა და ცდილობს ეს გამოიყენოს თავის სასარგებლოდ მომავალი არჩევნებისთვის“, – ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი.

„ამერიკის ხმა“ ახალგორში მცხოვრებ თამარ მეარაყიშვილსაც ესაუბრა. ახალგორში რეფერენდუმი წელს პირველად უნდა ჩატარდეს, რადგან პირველი და მეორე რეფერენდუმების დროს, 1992 და 2006 წლებში ეს ტერიტორია ჯერ კიდევ არ ეკუთვნოდა დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთს. თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ახალგორში მოსახლეობა რეფერენდუმის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს, რადგან აქ არც ცხინვალის ტელევიზია მაუწყებლობს და არც რადიო. „დღეს უკვე ახალ, რიგით მესამე რეფერენდუმზეა საუბარი. მიუხედავად, იმისა, რომ რვა წელია ერთად ვცხოვრობთ და მათი, ანუ ცხინვალის ყველაფერი ვრცელდება ჩვენს რაიონზე, აქ, ალბათ ათიდან ერთს თუ ექნება ინფორმაცია და ერთმა თუ იცის, რა რეფერენდუმი ტარდება და საერთოდ, რას ემსახურება ეს ყველაფერი“.

რეფერენდუმის გამართვის კონკრეტული თარიღი ცხინვალის დეფაქტო ადმინისტრაციას ჯერ არ დაუსახელებია. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ის ზაფხულის ბოლომდე უნდა გაიმართოს. ლეონიდ თიბილოვმა წამოყენებული იდეის ფორმულირება რამდენჯერმე შეცვალა და რეფერენდუმის საკითხი კონსტიტუციის ცვლილებების თემას მიაბა. ზოგადად, უკანასკნელ პერიოდში წარმოყენებულ ამ იდეზე საავტორო უფლება პარტია „ერთიანი ოსეთის“ ლიდერს ანატოლი ბიბილოვს ეკუთვნის, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულის საპრეზიდენტო არჩევნებზე სავარაუდოდ, ლეონიდ თიბილოვის კონკურენტი იქნება.

«Der Standard» (ავსტრია), 21 აპრილი, 2016 წელი

http://derstandard.at/2000035202792/

საქართველო: იქ, სადაც საზღვრები ღამით ჩნდება

იუდიტ მოზერი

კავკასიური სახელმწიფო საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღებიდან 25 წლის შემდეგ, შეშფოთებულია იმით, რომ მისი საწყისი ტერიტორიის 20% „ოკუპირებულია“: სამხრეთ ოსეთში 2008 წელს მომხდარი ომის შემდეგ საქართველოსა და არაღიარებულ სამხრეთ ოსეთს შორის არსებული გამმიჯნავი ხაზი [რომელსაც რუსები და ოსები „სახელმწიფო საზღვარს“ უწოდებენ, ქართველები კი „ოკუპაციის ზონის გამმიჯნავ ხაზს“ ან „ადმინისტრაციულ საზღვარს“] მუდმივად „მოძრაობს“ და ქვეყნის შიგნით სულ უფრო მეტ ფართობს იკავებს.

სოფელი ჯარიაშენი თბილისიდან – საქართველოს დედაქალაქიდან დაახლოებით 1,5 საათის სავალზე მდებარეობს, საიდანაც რუსეთის სამხედრო  ბაზა კარგად ჩანს: „საქართველოსა და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს [ოკუპირებულ ტერიტორიას] შორის გამმიჯვნელი ხაზის გასწვრივ რუსული სამხედრო პუნქტები დღეს იშვიათი აღარაა, რუსები ამჟამად ყველგან არიან“, – ამბობს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. როგორც იგი აღნიშნავს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გამმიჯვნავი ხაზი რეგულარულად „მოძრაობს“ და ქვეყნის სიღრმეში და ნაბიჯ-ნაბიჯ იკავებს სულ უფრო მეტ ტერიტორიას. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ღამით ხდება, რის შედეგადაც დილით სოფლები ხაზის მიღმა აღმოჩნდებიან ხოლმე. ამასთან, გამიჯვნა ეთნიკური პარამეტრების მიუხედავად ხორციელდება – გამმიჯნავი ხაზი („საზღვარი“)  ერთმანეთისაგან ყოფს ტერიტორიას, სადაც შერეულად ცხოვრობენ როგორც ქართველები, ასევე ოსები.

როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, ქვეყნის ტერიტორიის 20% უკვე რუსების მიერაა იკუპირებული, მცოცავი ანექსია კი კვლავ გრძელდება: გამმიჯნავი ხაზი წინ მოიწევს, იდგმება „საზღვრის“ ახალი ნიშნულები, ფირნიშები, მავთულხლართები… ფირნიშებზე ოთხენოვანი წარწერებია – ერთ მხარეს რუსულ-ოსური, მეორე მხარეს კი ქართულ-ინგლისური: „ფრთხილად, სახელმწიფო საზღვარია, გასვლა აკრძალულია!“. რადგანაც აქაური სოფლების მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ინგლისური ენა არ იცის, აქედან გამომდინარე, გართხილების ადრესატი ცნობილია – საერთაშორისო აუდიტორია. ეს ეხება აგრეთვე ევროკავშირის მისიის 200 სამოქალაქო დამკვირვებელს, რომლებიც 2008 წლის შეტაკების შემდეგ  საქართველოსა და მის სეპარატისტულ რეგიონებს შორის არიან განლაგებულნი – როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე აფხაზეთის კონფლიქტის ზონის გასწვრივ და რუსეთ-საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის (დაზავების) შეთანხმების დაცვის  მონიტორინგს აწარმოებენ. მართალია, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობამ თავის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ევროკავშირის მისიის წევრებს ყოფნა აუკრძალა, მაგრამ მისია თავის მოვალეობას, გამმიჯნავი ხაზის გასწვრივ, საქართველოს მხრიდან მაინც ასრულებს.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა – რუსეთის, ნიკარაგუის, ვენესუელისა და წყნარი ოკეანის კუნძულ ნაურუს გარდა – „სამხრეთ ოსეთსა“ და მის სახელმწიფო საზღვარს არ აღიარებს, ადგილობრივმა მოსახლეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ სად გადის ეს თვითნებურად დადგენილი „საზღვარი“, რათა შეცდომით ხათაბალაში არ გაეხვეს.

ჯარიაშენში თბილისიდან ავტომანქანით დაახლოები საათნახევარში ჩახვალთ. აქაური მოსახლეობა თითქმის ყოველდღიურად ხედავს, თუ როგორ ხდება „საზღვრის“ ნელი, მცოცავი  გადმოწევა. ახალი გამმიჯნავი ხაზი სოფელში სულ ახლახანს გაჩნდა. სანამ ახლოს არ მიხვალ, მას გარეგნულად ვერც შენიშნავ. „საზღვარი“ მეტრნახევრიანი სიგანის ხნულს წარმოადგენს, რომელიც ხეხილის ბაღზე გადის, აქეთ-იქით კი ამოძირკვული ხეები ყრია. რუსი ჯარისკაცები ოფიციალურად მას „სახელმწიფო საზღვარს“ კი არ უწოდებენ, არამედ ხანძარსაწინააღმდეგო ზოლს, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაკეთდა. რასაკვირველია, ჯარიაშნელებმა კარგად იციან, თუ რა მიზანს ემსახურება ეს „ხანძარსაწინააღმდეგო ზოლი“ – მას თუ გადაკვეთ, ხიფათი არ აგცდება.

75 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილის სახლი „სასაზღვრო ხაზთან“ ახლოს დგას, მისი ორი ძროხა კი ბალახს „საზღვარზე“ ძოვს. ელიზბარი მშვიდობიანი კაცია და ამბობს, რომ „საზღვრის“ იქითა მხარეს მდგარი რუსი სამხედროები მის უსაფრთხოებასაც იცავენ: „რუსეთი ჩემი მეორე სახლია“, – ამბობს გლეხი, რომელიც თვითონ ძლივს ლაპარაკობს რუსულ ენაზე. „ხანდაზმული ადამიანები ასე ხშირად ამბობენ ხოკლმე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი პრორუსულად არიან განწყობილნი. რუსეთზე საუბრისას ისინი უმეტესად საბჭოთა კავშირს გულისხმობენ“, – მობოდიშებით განმარტავს თარჯიმანი. ამ დროს საუბარში ერთვება კიდევ ერთი ჯარიაშნელი, 43 წლის დავით გოკიაშვილი, რომელსაც ელიზბარისაგან განსხვავებული აზრი აქვს. მისი თქმით, რადგან მისი თანასოფლელი უშუალოდ „საზღვართან“ ცხოვრობს, მას ეშინია და ამიტომ სიმართლეს არ ლაპარაკობს. „მე, მაგალითად, ორი წლის წინათ, მოსავლის აღების დროს, სხვა ადგილზე გატარებული გამმიჯნავი ხაზის იქით დამიჭირეს – ჩემი კუთვნილი მიწა გაყოფილი აღმოჩნდა და გადასვლა მინდოდა… სოფელმა თითქმის 50 ჰექტარი მიწა დაკარგა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფართობია იმ მოსახლეობისათვის, რომელიც თავს ძირითადად სოფლის მეურნეობით ირჩენს“, – ამბობს დავით გოკიაშვილი.

ბოლო წლებში მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება: მიწა გამიჯნულია, სოფლის მოსახლეობის კუთვნილი შინაური პირუტყვი კი საბალახოდ ისევ ნაჩვევ ადგილებზე მიიწევს, „საზღვრის“ გადაღმა. ასეთ პირობებში გლეხებმა  ყურადღება არ უნდა მოადუნონ, თორემ მათი საქონელი ოსი ჯარისკაცების ხელში აღმოჩნდება. ჯარიმა დაახლოებით 2000 რუსულ რუბლს აღწევს. თუ ვინმე „საზღვარზე“ არალეგალურად გადავა და დაიჭერენ, მას წინ სასამართლო განხილვა და მრავალთვიანი პატიმრობა ელოდება. დავით გოკიაშვილმა დაპატიმრება საკმაოდ მშვიდად გადაიტანა: „მე ოსები კარგად მიცნობენ. პრობლემა რუსეთთან ურთიერთობაშია, რომელიც ჩვენს საქმეებში ერევა და ქვეყნის დანაწილების მცდელობას არ წყვეტს“.

———

შენიშვნა: ავტორი საქართველოში ევროკომისიის მიწვევით იმყოფებოდა.

Comments are closed