globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 22 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 22nd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): ინტერვიუ ედგარ რინკევიჩთან: „საქართველო უვიზო რეჟიმს მომავალ წელს მიიღებს“

«КоммерсантЪ» (რუსეთი): შესაძლებელია თუ არა ქართულ-რუსული მოლაპარაკების ახალი ფორმატი?

«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია): საქართველო მოლოდინის რეჟიმში: რიგის სამიტზე თბილისს ბევრს არაფერს მისცემენ

«Euronews» (საფრანგეთი): საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორიიდან: არქეოლოგიური გათხრები ადასტურებენ, რომ…

———————-

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 22 მაისი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2730700

ინტერვიუ ედგარ რინკევიჩთან: „საქართველო უვიზო რეჟიმს მომავალ წელს მიიღებს“

ლატვიის დედაქალაქ რიგაში ევროკავშირისა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების სამიტი მიმდინარეობს. რუსეთის გაზეთ „კომერსანტის“ კორესპონდენტი გალინა დუგინა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ედგარ რინკევიჩს ესაუბრება.

(ამონარიდი ინტერვიუდან)

- რა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს უნდა ველოდოთ სამიტისაგან?

- დღის წესრიგში შეტანილია უკრაინისთვის კრედიტის გამოყოფა 1,8 მილიარდ დოლაის ოდენობით. ეს ერთი. მეორე – ვიზებთან დაკავშირებით: ვფიქრობთ, თუ მიმდინარე წლის ბოლომდე უკრაინა და საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის აუცილებელ გეგმას შეასრულებენ, პროგრესს მიაღწევენ და ევროკომისია დადებითად შეაფასებს მათ ძალისხმევას (ამ გეგმაში კი მაინცდამაინც ბევრი არარ დარჩა გასაკეთებელი), მაშინ წლის ბოლოს საქართველო და უკრაინა მიიღებს დაპირებას, რომ უკვე მომავალ წელს ამ ორი სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესება ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტებისა და ევროსაბჭოს მიერ გადაწყდება. ეს ყველაფერი სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერება.

- რაც შეეხება საქართველოს: ხომ არ არსებობს იმის შიში, რომ თუ საქართველო უვიზო რეჟიმს მიიღებს, მაშინ ეს პრეცედენტი გახდება კავკასიის სხვა სახელმწიფოებისთვისაც? ან თურქეთს ხომ არ ეწყინება?

- ჩვენ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესაძლებლობას ყველა ჩვენს პარტნიორს ვაძლევთ. უკვე არის განსაზღვრული პროგრესი სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებით. რაც შეეხება ბელარუსს, მასთან მიმართებით საუბარია არა ლიბერალიზებაზე, არამედ გამარტივებაზე, თუმცა ტექსტი ჯერ მზად არ არის. თუ სომხეთი და აზერბაიჯანი ყველა პირობას შეასრულებენ, მათაც ექნებათ უვიზო რეჟიმის მიღების შესაძლებლობა. ხომ მივეცით მოლდოვას უვიზო რეჟიმი? ასე იქნება ყველას მიმართ.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 22 მაისი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2731137

შესაძლებელია თუ არა ქართულ-რუსული მოლაპარაკების ახალი ფორმატი?

საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი გამაღიზიანებელი ფაქტორი გაჩნდა: ქართულმა ოპოზიციამ მოითხოვა დაუყონებლივ შეწყდეს თბილისსა და მოსკოვს შორის მიმდინარე დიალოგი, რომელშიც რუსეთის მხრიდან გრიგორი კარასინია წარმომადგენელი, ხოლო საქართველოს მხრიდან – ზურაბ აბაშიძე. საქმე იმაშია, რომ გრიგორი კარასინი რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლად დაინიშნა სახელმწიფო სათათბიროში, სადაც მან სამხრეთ ოსეთთან დადებული ხელშეკრულება სარატიფიკაციოდ უნდა წარადგინოს, – ნათქვამია რუსული „კომერსანტის“ სტატიაში.

ქართული მხარის აღშფოთება გამოიწვია აგრეთვე 19 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ბრიუსელში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამაც: „ტერმინის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტროეიბი“ არ არსებობს, მე ასეთი რამ არ ვიცი. მაგრამ ვიცი, რომ კავკასიაში ორი ახალი სახელმწიფო არსებობს, მათ დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში იქნა აღიარებული, როცა საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის შეიარაღებულ ძალებს საკუტარი ხალხის წინააღმდეგ შეტევაზე გადასვლა უბრძანა. დღეს ამ ორი სახელმწიფოს არსებობა რეალობაა, ისინი ჩვენი მოკავშირეები არიან. რუსეთი მათ სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და საერთაშორისო კავშირების გაღრმავებაში ეხმარება. რამდენადაც ვიცი, უცხოელი დიპლომატები და წარმომადგენლები სოხუმში და ცხინვალში რეგულარულად ჩადიან…“.

სერგეი ლავროვმა ისიც თქვა, რომ შესაძლოა კარასინ-აბაშიძის დიალოგის ფორმატში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმაც მიიღონ მონაწილეობაო.

აი, სწორედ ამ ფონზე გააკეთეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები ქართველმა პოლიტიკოსებმა გიორგი გუგავამ (ლეობორისტები) და პაატა დავითაიამ  („ევროპელი დემოკრატები“), რომლებმაც კარაისინი-აბაშიძის დიალოგის შეწყვეტა მოითხოვეს. გარდა ამისა, თავისი სიტყვა თქვა საპარლამენტო ოპოზიციამაც: როგორც „კომერსანტს“ „ერთიანი ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ აბაშიძე-კარასინის დიალოგი საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ზიანს აყენებს“.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის თქმით, სერგეი ლავროვის წინადადება მიუღებელია: „ეს გამორიცხულია, რადგან ჩვენ რუსეთთან და აფხაზებ-ოსებთან ცალ-ცალკე ვსაუბრობთ. მოლაპარაკებაში სოხუმი და ცხინვალი მაშინ ჩაერთვებიან, როცა რუსეთი მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარებას უკან წაიღებს და გააუქმებს“. რაც შეეხება თვით კარასინ-აბაშიძის დიალოგს, როგორც პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა „კომერსანთან“ საუბარში, „საქართველოს მტავრობა ამ მოლაპარაკებას წარმატებულად და სასარგებლოდ მიიჩნევს“.

თვითონ ზურაბ აბაშიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ მოლაპარაკება გრიგორი კარასინტან მომავალშიც გაგრძელდება: „ჩემთვის გაუგებარია, რა ჰქონდა მხედველობაში სერგეი ლავროვს, როცა მან აფხაზებისა და ოსების დიალოგში ჩართვის შესახებ განაცხადა. მე ამის თაობაზე გრიგორი კარასინთან არ მისაუბრია“.

«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია), 22 მაისი, 2015 წელი

http://www.nzz.ch/international/europa/georgien-in-der-warteschleife-1.18546129

საქართველო მოლოდინის რეჟიმში: რიგის სამიტზე თბილისს ბევრს არაფერს მისცემენ

შვეიცარიის გაზეთ «Neue Zürcher Zeitung»-ის დღევანდელ, 22 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო მოლოდინის რეჟიმში“ (ავტორი – სილვია შტოიბერი). მასალაში განხილულია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დამოკიდებულება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, განსაკუთრებით ვრცლადაა მოცემული საქართველოში არსებული სიტუაცია.

პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია ამერიკული ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებულ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებზე და აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობას ძალიან აღელვებს უმუშევრობა, სიღარიბე და ეროვნული ვალუტის ინფლაცია. 2012 წლიდან ქვეყნის ხელისუფლებაში მოსულმა მმართველმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ამ პრობლემების გადაწყვეტა ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხა.

გარდა ამისა, სტატიაში ყურადღება აქვს დათმობილი სოციოლოგიური გამოკითხვის საგარეოპოლიტიკურ ასპექტების განხილვასაც:

ავტორი განსაკუთრებით სიმპტომატურად მიიჩნევს იმას, რომ მოსახლეობის 31% ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების მხარდამჭერია. „შესაძლოა ამდენი არც იყოს, მაგრამ ეს მაინც მეტ-ნაკლებად გამოხატავს მოსახლეობის განწყობას: ისინი უკვე გამოფხიზლდნენ და ნატო-ევროკავშირის ილუზიებისაგან თავისუფლდებიან“.

უკრაინის კონფლიქტისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ ქართველებმა კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ ევროპა არცერთ ქვეყანას არ გაუწევს დახმარებას სამხედრო ძალით რუსეთის წინააღმდეგ, თუ ისინი ნატოსა და ევროკავშირის წევრები არ არიან. თბილისისთვის ეს ჯერ კიდევ 2008 წლის ზაფხულის ომის დროს გახდა ცნობილი. დღევანდელი სიტუაციით კი, საქართველოსთვის ამ ორგანიზაციებში გაწევრიანება ჯერ კიდევ შორსაა, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ამჟამად რიგაში „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტი მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს ევროკავშირისაგან უვიზო რეჟიმს მიიღებს, მაგრამ რადგანაც თბილისს ყველა ვალდებულება არ აქვს რეალიზებული, „ვიზა-ლიბერალიზაცია“ საეჭვოა. საქართველო მხოლოდ ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის ამარა რჩება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია პრობლემას იმაში ხედავს, რომ ექს-პრემიერი და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი კულისებიდან ახდენს გავლენას მთავრობის საქმიანობაზე. თითქმის იგივე თვალასაზრისი აქვს გიგა ბიკერიასაც, რომლის აზრით, მთავრობა ოფიციალურად ევროატლანტიკურ კურსის ერთგულებას აფიქსირებს, სიმადვილეში კი მხარს პრორუსულ ძალებს უჭერს.

პუბლიკაციაში ადგილი ეთმობა აგრეთვე „პრორუსული ძალების“ წარმომადგენელს გულბაათ რცხილაძეს, რომელიც თბილისში 2009 წელს დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელია. მისი თქმით, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება საქართველოსთვის ნაკლებად სასარგებლოა, რადგან ქართველი ბიზნესმენებისათვის უფრო მომგებიანს რუსეთთან ურთიერთობა წარმოადგენს. იგი დადებითადაა განწყობილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მიმართ.

«Euronews» (საფრანგეთი), 21 მაისი, 2015 წელი

http://ru.euronews.com/2015/05/21/evidence-of-ancient-wine-found-in-georgia-a-vintage-quaffed-some-6000-years-bc/

საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორიიდან: არქეოლოგიური გათხრები ადასტურებენ, რომ…

ევროპის სამაუწყებლო კომპანია «Euronews»-მა, რომლის შტაბ-ბინა საფრანგეთშია, 21 მაისს ეთერში გადასცა ვიდეოსიუჟეტი, რომელიც საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის ჩასახვა-განვითარების ისტორიას ეხება.

„სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, მარნეულის ვაკეზე, შულავერთან, სოფელ იმირში გათხრები მიმდინარეობს: არქეოლოგების ვარაუდით, ქვეყნის ამ რეგიონში ნეოლითის ხანაში მევენახობას უკვე მისდევდნენ და შესაბამისად, მეღვინეობაც ვითარდებოდა: სოფლებში ვაზის კულტურა გავრცელებული იყო და ყურძენსაც წურავდნენ, წვენს კი ქვევრებში ინახავდნენ და თვალს ადევნებდნენ მისი დაღვინების პროცესს.

სტივენ ბატუკი, არქეოლოგი ტორონტოს უნივერსიტეტიდან (კანადა): „აქ ველურ ვაზზე კი არ გვაქვს საუბარი, არამედ იმაზე, თუ როგორ შეეცადა ნეოლითის ხანის ადამიანი მის გაკულტურებას, მის გამოყენებას საკუთარი საჭიროებისათვის. ცალკეული საგნების მოკვლევის შედეგად ჩვენ უკვე ვიცით, რომ აქ, იმირში, ღვინოს ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე მე-7 ათასწლეულში აყენებდნენ“.

დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი: „არქეოლოგთა კვლევის მიზანი არა მხოლოდ ისაა, რომ თარიღი დაადგინონ, არამედ გაარკვიონ მიწათმოქმედებისა და მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ისტორიის ეტაპები საქართველოში. ჩვენ უკვე ვიცით, თუ როდის „მოიშინაურეს“ ვაზი, როგორ და რა საშუალებებით წურავდნენ ყურძნის მტევნებს, ვიცით ქვევრები და საწნახელები… არის ვარაუდი, რომ კავკასიისა და საქართველოს ტერიტორია „ნაყოფიერი ნახევარმთვარის“ არეალში შედიოდა“.

როგორც ცნობილია, საქართველოში ყურძნის დაახლოებით ხუთასამდე ადგილობრივი ჯიში არსებობს, ხოლო ღვინის ექსპორტი საერთო მოცულობის 5 პროცენტს შეადგენს.

შენიშვნა: არქეოლოგები „ნაყოფიერი ნახევარმთვარის“ არეალად მიიჩნევენ ახლო აღმოსავლეთის რეგიონების – მესოპოტამიის, ლევანტის, სირიისა და პალესტინის ტერიტორიებს, რომლებიც რუკაზე ნახევარმთვარის სახითაა გამოკვეთილი.

Comments are closed