globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 22 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 22nd, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Каспiй» (აზერბაიჯანი): სკანდალური წაცდენა // ქართული საზოგადოება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარის გადაყენებას ითხოვს

«The National Interest» (აშშ): როგორ გაართულა კოსოვომ აშშ-რუსეთის ურთიერთობა // ისევე როგორც თავის დროზე კრემლმა ვერ შეძლო ვერანაირი გავლენის მოხდენა ნატოზე და აშშ-ზე კოსოვოს საკითხში, ვერც ნატომ და აშშ-მა ვერ შეძლეს ვერანაირი გავლენის მოხდენა რუსეთზე აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის საკითხში

«2000» (უკრაინა): ლოკომოტივის გარეშე შემადგენლობა ვერ დაიძვრება // მცირე და საშუალო ბიზნესის როლი საქართველოში

«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): ანტიბიოტიკების შემცვლელი ფაგები // რის იმედი უნდა ჰქონდეს კაცს, როცა ანტიბიოტიკებიც კი ვეღარ შველის? იქნებ საქართველოში მდებარე თითქოსდა მივიწყებული თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დაეხმაროს?

—————–

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 20 მაისი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=60914#.WSJQV4q1vs0

სკანდალური წაცდენა

ქართული საზოგადოება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარის გადაყენებას ითხოვს

რაუფ ორუჯევი

(შინაარსი)

ზოგჯერ ისე ხდება ხოლმე, რომ დიპლომატის მიერ წარმოთქმულ გაუფრთხილებელ გამონათქვამს პოლიტიკური სკანდალის გამოწვევა შეუძლია. სწორედ ეს მოხდა ამ დღეებში თბილისსა და ბრიუსელს შორის, სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის წყალობით: ცხინვალში ყოფნის დროს, ამ წარმოშობით გერმანელმა დიპლომატმა, რომელიც აზერბაიჯანშიც კარგადაა ცნობილი და რომელსაც, სხვა თანამდებობებთან ერთად, ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარის პოსტიც უკავია, უცებ სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტს“ ანატოლი ბიბილოვს „არჩევნებში გამარჯვება“ მიულოცა.

რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა ქართული საზოგადოებისა და მთელი პოლიტიკური ელიტის აღშფოთება გამოიწვია; მთავრობის ზოგიერთი წევრი, დეპუტატები და ექსპერტებმა ჰერბერტ ზალბერგის „პერსონა ნონ-გრატად“ გამოცხადება და ჟენევის მოლაპარაკების პროცესიდან მისი ჩამოშორება მოითხოვეს, [მაგრამ ისე თქვენ არაფერი გეტკინოთ რა, როგორც ევროკავშირის სპეცწარმომადგენელს არაფერი მოსვლია - ჰერბერტ ზალბერგს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბუზიც ვერ აუფრინა]. პარლამენტის სპიკერმა გია ვოლსკიმ ხომ ევროპელ დიპლომატს სულ „პირი მოწმინდა“: რა მოხდა კაცს უნებლიე შეცდომა მოუვიდა, რაღაც წამოსცდაო. თუმცა ასე არ ფიქრობენ სხვა პოლიტიკოსები და ექპერტები: მაგალითად, ექსპერტთა კლუბის წევრმა ირაკლი ცქიტიშვილმა ჰერბერტ ზალბერგის „არასასურველ პიროვნებად“ გამოცხადება სახელმწიფოს ღირსების საკითხად მიიჩნია, ხოლო ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ იგი საქართველოს ინტერესებისათვის მავნე ადამიანად შერაცხა.

რასაკვირველია, ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეს მაქსიმალური ინფორმაცია უნდა ჰქონდეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ამ მიზნით იგი უნდა ჩავიდეს სოხუმშიც და ცხინვალშიც. საქართველოს ხელისუფლება ამის წინააღმდეგი არაა, როცა სპეცწარმომადგენლის მოქმედება კანონის ფარგლებში და თბილისის ნებართვით ხდება, მაგრამ როცა უკანონოდ არჩეულ „პრეზიდენტს“ გამარჯვებას ულოცავ, ეს უკვე მიუღებელია.

ასე იყო თუ ისე, ბრიუსელმა მაინც გამოხატა თავისი რეაქცია: „ევროკავშირი სრულიად და აქტიურად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შესაბამისად, ჩვენ არ ვცნობთ იმ ფორმატს, რომლის მიხედვით საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში – სამხრეთ ოსეთში – „საპრეზიდენტო არჩევნები“ ჩატარდა. ევროკავშირი აგრეთვე ძალისხმევას ახორციელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიხნით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე თანათავმჯდომარეობის გზით. ეს პრინციპი ითვლება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მანდატისა და საქმიანობის საფუძვლად“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ფედერიკა მოგერინის სახელით მისმა პრეს-მდივანმა მაია კოსიანჩიჩმა.

საერთოდ, მომხდარი ფაქტი ძალიან საკვირველია, მით უფრო, რომ ჰერბერტ ზალბერგი უკვე ორ წელზე მეტია კავკასიის კონფლიქტებში სპეცწარმომადგენლის მოვალეობას ასრულებს, ანუ ამგვარ სიტუაციებში ახალბედა არ არის და გამოცდილებაც საკმარისი აქვს.. როგორ შეიძლებოდა მას ასეთი დაუფიქრებელი ნაბიჯი გადაედგა? ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს ცნობილ ქართველ პოლიტოლოგ თენგიზ აბლოთიასაც: „მომხდარ ფაქტს ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი. მე თვითონაც არ მესმის, რა მოუვიდა ამ კაცს. ვერ გააცნობიერა, თუ სად იმყოფებოდა ან უბრალოდ, ყურადღება არ მიაქცია ნათქვამს, სერიოზულად არ მიიღო. შეიძლება ნასვამიც კი იყო“, – უთხრა ქართველმა პოლიტოლოგმა გაზეთ «Каспiй»-ს კორესპონდენტს.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ინსტიტუტის პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა გელა ვასაძემ კი ასეთი კომენტარი გააკეთა: „ყველაფრის თქმა შეიძლება, ოღონდ ამას  ევროკავშირის დიპლომატიურ ნაბიჯად ნუ ჩავთვლით. დიდ პოლიტიკაში მე ასეთი ნაბიჯებისა არ მჯერა, სხვა ვარიანტები კი რამდენიც გინდა… თუმცა მოტივს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ქვეყნისა და საზოგადოების რეაქცია, აგრეთვე ევროკავშირის მიერ გაკეთებული განცხადება ამ საკითხზე“.

«The National Interest» (აშშ), 20 მაისი, 2017 წელი

http://nationalinterest.org/feature/how-kosovo-poisoned-americas-relationship-russia-20755?page=1

როგორ გაართულა კოსოვომ აშშ-რუსეთის ურთიერთობა

ისევე როგორც თავის დროზე კრემლმა ვერ შეძლო ვერანაირი გავლენის მოხდენა ნატოზე და აშშ-ზე კოსოვოს საკითხში, ვერც ნატომ და აშშ-მა ვერ შეძლეს ვერანაირი გავლენის მოხდენა რუსეთზე აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის საკითხში

ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე მიმდინარე კოსოვოს კონფლიქტში ჩარევა და სერბეთის შემადგენლობაში არსებული ამ ავტონომიური მხარის დამოუკიდებლად აღიარება, თანაც გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე საგარეოპოლიტიკური შეცდომა იყო – ასე თვლის ამერიკული ჟურნალის The National Interest-ის პოლიტიკური მიმომხილველი ტედ კარპენტერი. მისი აზრით, ვაშინგტონმა „საშიში პრეცედენტი“ შექმნა, რომელმაც მოგვიანებით ბევრად ხელი შეუწყო საქართველოსაგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩამოშორებას და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასაც.

გთავაზობთ ვრცელი სტატიის მოკლე შინაარსს:

———-

1990-იანი წლების დასასრულს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მცდარი ნაბიჯი გადადგა, როცა ბოსნიის კონფქლიტში ჩაერია, თუმცა ამ გადაწყვეტილების შემდეგ დიდი დრო არ გასულა და ვაშინგტონმა თავისი შეცდომა კიდევ უფრო გააღრმავა, ამჯერად უკვე კოსოვოს ომში ჩარევით. ამ შემთხვევაში თეთრმა სახლმა კიდევ უფრო თვითნებურად იმოქმედა – არც არავისთვის არაფერი უკითხავს, თავისი ევროპელ პარტნიორებისთვისაც კი, ისე მოირგო „პირველი ვიოლინოს“ როლი სამხედრო ორკესტრში. სერბიის 78-დღიანი დაბომბვის შემდეგ ოფიციალური ბელგრადი იძულებული გახდა კოსოვო ნატოს საოკუპაციო ჯარებისთვის დაეთმო. ამჯერად აშშ-ის მოქმედება „ლეღვის ფოთლით“ – გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით იყო შენიღბული. რუსეთი, რომელსაც სერბეთთან მჭიდრო კავშირები და ბალკანეთის რეგიონში ტრადიციული  ინტერესები ჰქონდა, იძულებული იყო აშშ-ის წინადადებაზე დათანხმებულიყო.

რუსეთის მორჩილი თანხმობა მოსკოვის სამხედრო-პოლიტიკურმა, დიპლომატიურმა და ეკონომიკურმა სისუსტემ განაპირობა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლისშემდგომი ქაოსური მოვლენებით იყო გამოწვეული. რასაკვირველია, კრემლი განრისხებული იყო აშშ-ისა და ნატოს მოქმედებით, თუმცა რა უნდა ექნა? მოსკოვს აშკარად არ ჰყოფნიდა ძალ-ღონე დაპირისპირებოდა დასავლეთს, რომელიც რუსეთის ისტორიულ-ტრადიციული გავლენის სფეროში შეიჭრა.

კოსოვოს კონფლიქტში ჩარევამ „საშიში პრეცედენტი“ შექმნა: აშშ, თავდაცვითი ალიანსის – ნატოს წევრი სახელმწიფო, თავს დაესხა იმ ქვეყანას, რომელსაც ნატოს სხვა წევრებზე სამხედრო შეტევა არ განუხორციელებია. თანაც ამერიკამ ფეხებზე დაიკიდა მოსკოვის ინტერესები და სერბეთს, სუვერენულ სახელმწიფოს, მისივე ნაწილი – კოსოვო ჩამოაცილა.

მოგვიანებით სიტუაცია გაართულა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ 2008 წლის დასაწყისში გადადგმულმა ნაბიჯებმა. კოსოვოს ხელისუფლებამ მოისურვა დამოუკიდებლობის ფორმალური გამოცხადება, თუმცა აშკარა ჩანდა, რომ რუსეთი და, ალბათ, ჩინეთიც წინააღმდეგი იქნებოდა. ამის მიუხედავად, აშშ-მა და ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა პრიშტინას მიღებულ დამოუკიდებლობის დეკლარაციას მხარი დაუჭირეს, თანაც გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით. ეს იყო ძალიან სადაო ნაბიჯი, თანაც იმდენად აშკარა, რომ ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არ მოიწონა. როგორც ჩანს, მათ, რომლებიც აშშ-ის პოლიტიკურ ხაზს არ დაეთანხმნენ (ანუ „უკლონისტობა“ გამოამჟღავნეს), გაითვალისწინეს, რომ ამგვარ გადაწყვეტილებას შორს მიმავალი ნეგატიური შედეგები ექნებოდა. მაგალითად, ესპანეთი შიშობდა, რომ კოსოვოს სუვერენიტეტის აღიარება გააძლიერებდა სეპარატისტულ განწყობას ბასკეთსა და კატალონიაში (და, პრინციპში, არც შემცდარა – კატალონიაში ასე მოხდა).

რუსეთის ხელისუფლება კატეგორიული წინააღმდეგი იყო კოსოვოს დამოუკიდებლად აღიარებისა და დასავლეთს აფრთხილებდა, რომ ამგვარი გაეროსაგან არასანქცირებული ნაბიჯი საშიშ მადესტაბილიზებელ პრეცედენტს ქმნისო. ვაშინგტონმა ხელი აიქნია მოსკოვის ჩივილზე და აცხადებდა, რომ კოსოვო სხვებისაგან განსხვავებულ „უნიკალურ შემთხვევას“ წარმოადგენსო. თეთრი სახლის პოზიციის ალოგიკურობა და ცრუ თავდაჯერებულობა სრულიად ნათელი იყო, მაგრამ ვაშინგტონი მაინც „თავისას აწვებოდა“. თუმცა დასავლეთის ქვეყნები მალე დარწმუნდნენ იმაში, რომ მათი განცხადებები „კოსოვოს შემთხვევის უნიკალურობის“ თაობაზე სულაც არ არის უნიკალური: რუსეთმაც თითქმის იგივე მოიმოქმედა რამდენიმე თვის შემდეგ სამხრეთ ოსეთის მიმართ. რა თქმა უნდა, ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა საქართველოსთან ომში ბრალი რუსეთს დასდეს და მოსკოვი დაადანაშაულეს – მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ პასუხისმგებლობა მეტწილად თბილისს დააკისრა.

საქართველო-რუსეთის კონფლიქტი 5 დღეს გაგრძელდა. მისი დასრულებისას კრემლმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ რუსეთის ჯარები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას დაიცავდნენ. პარალელები და მსგავსება იმასთან, თუ როგორ უშლიდა ხელს ნატო კოსოვოს დაბრუნებას სერბეთის შემადგენლობაში, საკმაოდ აშკარად ჩანდა.

მართალია, რუსეთის ჯარების შეჭრა საქართველოში და კრემლის შემდგომი მოქმედება ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ და ნატომ დაგმეს, თუმცა, ისევე როგორც თავის დროზე კრემლმა ვერ შეძლო ვერანაირი გავლენის მოხდენა ნატოზე და აშშ-ზე კოსოვოს საკითხში, ვერც ნატომ და აშშ-მა ვერ შეძლეს ვერანაირი გავლენის მოხდენა რუსეთზე აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის საკითხში. დასავლეთის ქვეყნები ჩიხში შევიდნენ და მხოლოდ ის მოახერხეს, რომ მოსკოვს ეკონომიკური სანქციები გამოუცხადეს.

კოსოვოს კონფლიქტის დროს დაშვებული შეცდომა ვაშინგტონს კვლავ წინ დაუხვდა 2014 წელს, როცა კრემლმა ყირიმში თავისი სამხედრო ყოფნა გააძლიერა და ამით ხელი შეუწყო რეფერენდუმის ჩატარებას უკრაინისაგან გამოყოფის მიზნით. მოსკოვის ეს ნაბიჯი ვაშინგტონმა „რუსული ანექსიის“ ერთგვარ პრელიუდიად მიიჩნია და ამჯერად უფრო მეტი აღშფოთება გამოხატა, ვიდრე 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის საქართველოში შეჭრის დროს.

პრესკონფერენციაზე ბარაკ ობამა მრისხანედ აცხადებდა, რომ „რუსეთს ზარბაზნების მეშვეობით ევროპის საზღვრების შეცვლის ნება არ უნდა ჰქონდესო“, თუმცა იქ მყოფი არცერთი ჟურნალიტი არ დაინტერესებულა იმით, თუ რას ფიქრობს აშშ-ის პრეზიდენტი კოსოვოში ნატოს მოქმედებაზე. არადა, შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ კოსოვოში ნატოს ინტერვენცია ალიანსის მიერ დაშვებული უფრო დიდი საგარეოპოლიტიკური შეცდომა იყო, ვიდრე ბოსნიის ამბებში ჩარევა. აშშ-მა თავისი ნაბიჯით მნიშვნელოვნად გააძლიერა ძალზე საეჭვო რეპუტაციის მქონე სამხედრო-პოლიტიკური მოძრაობა „კოსოვოს გათავისუფლების არმია“, რომელსაც ბევრჯერ აქვს დარღვეული ადამიანის უფლებები. კოსოვოში ჩარევით ნატომ თანდათან დაიწყო ტრანსფორმაცია თავდაცვითი ალიანსიდან ისეთი ორგანიზაციისაკენ, რომელიც აგრესიულად ახორციელებს სახელმწიფოწარმომქმნელ ჯვაროსნულ ლაშქრობებს. [სერბეთისაგან] კოსოვოს ძალით ჩამოცილებამ ერთობ სახიფათო მაგალითი შექმნა „ცივი ომის“ შემდეგ ჩამოყალიბებულ საერთაშორისო სისტემაში, ხოლო გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერის გარეშე კოსოვოს სეპარატისტული წარმონაქმნის დამოუკიდებლობის აღიარებით ვაშინგტონმა საერთაშორისო სამართლის პრინციპების ძირის გამოთხრა გააგრძელა. მისმა ასეთმა მოქმედებამ დამანგრეველი პროცესი გამოიწვია, რომელმაც დასავლეთს (ნატოს და ევროკავშირს) ბევრი პრობლემა გაუჩინა როგორც საშინაო, ისე საგარეო კუთხით – მათ შორის რუსეთთან მიმართებითაც.

«2000» (უკრაინა), 21 მაისი, 2017 წელი

http://www.2000.ua/blogi/avtorskie-kolonki_blogi/bez-lokomotiva-sostav-ne-poedet.htm

ლოკომოტივის გარეშე შემადგენლობა ვერ დაიძვრება

მცირე და საშუალო ბიზნესის როლი საქართველოში

სტატიაში განხილულია მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში, გადმოცემულია ცენტრალური და აღმ.ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს გამოცდილება, რომელიც შედარებულია უკრაინასთან და საქართველოსთან (ავტორი – ალექსანდრე ფიდელი).

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

———

ევრომაიდნის ერთ-ერთი ინიციატორი, ვერხოვნა რადას დეპუტატი მუსტაფა ნაიემი ემოციურად გამოეხმაურა „აგრესორ“ რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ზოგიერთ სანქციას, მათ შორის რუსული კომპანია 1С-ის მიერ შემუშავებული კომპიუტერული პროგრამების აკრძალვას უკრაინის ტერიტორიაზე. „მე არ მესმის, რატომ აიკრძალა ასე უცებ 1С? ამით ხომ ჩვენი ბიზნესის 80% სარგებლობს? ვინმე დაფიქრდა ამ ნაბიჯის შედეგებზე? ეს ხომ საკუთარი ხალხის ფეხებზე დაკიდებაა? საქმე ეხება ეკონომიკას, მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ), ეკონომიკის მნიშვნელოვან სეგმენტს – მცირე და საშუალო ბიზნესს…“, – აცხადებს დეპუტატი. მუსტაფა ნაიემის გაცხარება გასაგებია: მას მიაჩნია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის მნიშვნელოვანი სეგმენტია, ხოლო ქვეყნის წარმატების საიდუმლო ამ სეგმენტის განვითარების ხელშეწყობაში სახელმწიფოს მხრიდან… და თუ ასე გავაკეთებთ, ათიოდე წლის შემდეგ სინგაპურელები, ძლიერი უკრაინის შემყურე, შურით გასკდებიან.

კი, განვითარებულ ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის წილზე მშპ-ის 70-80% მოდის, მაგალითისათვის ასახლებენ აზიაში ჩინეთს, ევროკავშირში – პოლონეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს, მაგრამ გააჩნია, ვინ როგორ განავითარებს ამ სფეროს. იგივე ევროკავშირის წევრები ბულგარეთი და რუმინეთი დიდად არ განსხვავდებიან მაიდნამდელი უკრაინის მშპ- მოცულობისაგან. მაგრამ რატომ ვივიწყებთ მსხვილ ბიზნესს? განა თვითმფრინავებს, ავტომობილებს, გემებს მცირე და საშუალო ბიზნესი აწარმოებს? სწორედ მსხვილი ბიზნესია ეკონომიკის მთავარი ლოკომოტივი.

ის, რომ საკუთრივ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქვეყნის ეკონომიკისათვის  „აყვავების მომტანი“ არაა, ეს საქართველოს ფართოდ რეკლამირებულმა გამოცდილებამაც მკაფიოდ დაადასტურა. კი, იქ მართლაც შექმნეს ბიზნესის დაწყება-განვითარებისასთვის საჩვენებელი, იდეალური პირობები, მაგრამ როგორია შედეგი? განა საქართველოში უმუშევრობა შემცირდა? ოფიციალურად, საქართველოს ქალაქებში უმუშევრობის დონე 30%-ს აღწევს. სოფლებში შექმნილ ვითარებასა და შესაბამისად, იქ მცხოვრებთა შემოსავლების მდგომარეობას (არ დაგვავიწყდეს, რომ  საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 56% სწორედ სოფლის მოსახლეობაა) კი ის მოწმობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დროინდელი რეფორმების შედეგად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება, ნატურალური ანგარიშით, სხვადასხვა პოზიციებში თითქმის 30-80%-ით შემცირდა.

რატომ არ ცდილობს ხალხი გაიოლებული გზით ბიზნესის დაწყებას? რატომ არ შეიმჩნევა საქართველოში მცირე და საშუალო კომპანიების შექმნის ბუმი? იქ ხომ მეწარმეობის განვითარებისათვის იდეალური პირობებია შექმნილი! რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში არ არსებობს მთავარი – გადახდისუნარიანობა. და ის ვერც იქნება ისეთ ქვეყანაში, სადაც იმპორტის მოცულობა ექსპორტს სამჯერ აღემატება. მაშველი რგოლის როლს მხოლოდ ტრანზიტით მიღებული შემოსავლები და გასტარბაიტერთა ფულადი გადმორიცხვები ასრულებს (ძირითადად რუსეთიდან).

2016 წლის აგვისტოში მსოფლიო ბანკმა სხვადასხვა სახელმწიფოების (პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ჩათვლით) 25-წლიანი მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკის კვლევა წარმოადგინა. „წარმატებული“ საქართველო სიაში ბოლოდან მესამე ადგილზე აღმოჩნდა, მან გადაუსწრო მხოლოდ მოლდოვას და ჩვენს უკრაინას, რომელიც მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც 25 წლის განმავლობაში მშპ-ის ზრდაში ზოგადად მხოლოდ უარყოფითი შედეგი აჩვენა“.

«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია), 21 მაისი, 2017 წელი

http://www.faz.net/aktuell/feuilleton/debatten/georgische-phagen-als-antibiotika-ersatz-15014341.html

ანტიბიოტიკების შემცვლელი ფაგები

რის იმედი უნდა ჰქონდეს კაცს, როცა ანტიბიოტიკებიც კი ვეღარ შველის? იქნებ საქართველოში მდებარე თითქოსდა მივიწყებული თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დაეხმაროს?

სტატიაში გადმოცემულია თბილისის ვირუსოლოგია-ბაქტერიოლოგიის  ინსტიტუტის შექმნის ისტორია, მისი საქმიანობა საბჭოთა პერიოდში და თანამედროვე ეპოქაში: ინსტიტუტის მიღწევები და ამოცანები, ქართველ მეცნიერთა კვლევების მნიშვნელობა და როლი მსოფლიო მედიცინისათვის (ავტორი – სებასტიან ფრანცი). გთავაზობთ ვრცელი სტატიის მოკლე შინაარსს:

——–

გიორგი ელიავას სახელობის თბილისის ბაქტერიოფაგების ინსტიტუტის შენობა, თავისი  საბჭოური კლასიკური არქიტექტურის ფასადით აშკარად გამოირჩევა სხვა ირგვლივ არსებული ნაგებობებისაგან. შენობაში შესვლისას ერთგვარი სიცივე იგრძნობა, აქ 1990-იან წლებამდე დიდი პანო იყო მარქს-ენგელს-ლენინ-სტალინის პორტრეტებით, რომლებიც მკაცრად იმზირებოდნენ. სლავური კირილიცით დაწერილი ტექსტები საბჭოურ ეპოქას მოგვაგონებს, როცა ინსტიტუტი მოსკოვისაგან დიდ ფულს იღებდა სამეცნიერო კვლევებისათვის… თუმცა თუ ვინმეს ჰგონია, რომ ინსტიტუტში დრო გაჩერდაო, ძალიან სცდება: აქ, ამ შენობაში ვირუსთა უნიკალური ბანკი ინახება, თითქმის 100 წლის ისტორიის მქონე მიკროორგანიზმები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომი და საბჭოთა კავშირის დაშლა გადაიტანეს და რომლებიც მომსწრენი არიან საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლებისა, როცა ინსტიტუტს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა და ხშირად არც ავარიული გენერატორიც არ მუშაობდა. მათ გაუძლეს პოლიტიკური სისტემის შეცვლას… დღეს კი ქართველი მედიკოსების ოთხი თაობის კვლევის შედეგებს შეუძლიათ უდიდესი სარგებლობა მოუტანონ როგორც სამშობლოს, ასევე მსოფლიო მედიცინას მომავალში.

1921 წელს, როცა ახალგაზრდა ქართველი მიკრობიოლოგი გიორგი ელიავა პარიზიდან სამშობლოში დაბრუნდა, მან თბილისში მიკროსკოპული, მაგრამ მნიშვნელობით უდიდესი რამ ჩამოიტანა – ბაქტერიოფაგები. მცირე ხნის შემდეგ კი, პენიცილინის შექმნამდე ოცი წლით ადრე, საქართველოში უკვე ჰქონდათ ბევრი სასიკვდილო დაავადების  – ფილტვების ანთების, სისხლის მოწამვლის და ციმბირის წყლულის წინააღმდეგ მოქმედი საშუალებები. ყველაფერი კი ფაგების დამსახურება იყო. საბჭოთა პერიოდში ბაქტერიოლოგიამ და ვირუსოლოგიამ თავის აყვავებას მიაღწია, რაც მოსახლეობისათვის სასიკეთოდ მოქმედებდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო ლაზარეთებში პენიცილინსაც იყენებდნენ, მაგრამ რადგანაც ეს პრეპარატი ძირითადად უცხოეთიდან შემოდიოდა, ბაქტერიოლოგიური ინფექციების მკურნალობის დროს უმეტესად მაინც ფაგებს იყენებდნენ. მათი უპირატესობა ისიცაა, რომ როცა სტანდარტულ წამალს შედეგი არ მოაქვს, მაშინ საქმეში ფაგები ერევიან.

რასაკვირველია, ბაქტერიოფაგებზე მუშაობას და საერთოდ, ვირუსების კვლევას დიდი დრო და სახსრები ჭირდება. პრობლემები გაჩნდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მაგრამ ინსტიტუტი გადარჩა. მას დღეს მსოფლიოს პროფილურ დაწესებულებებთან მჭიდრო კავშირები აქვს და დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობს.

„მე ამ დარგის პიონერის შვილი ვარ“, – ამბობს პროფესორი ინგა გიორგაძე, 77 წლის ქალბატონი, ცნობილი ქართველი ვირუსოლოგი. იგი მამის, ირაკლი გიორგაძის კვალს გაჰყვა, რომელიც დიდი გიორგი ელიავას მოსწავლე იყო და 1959 წლამდე ინსტიტუტის ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. ინგა გიორგაძე დღეს ინსტიტუტის დირექტორია და თავისი საქმიანობიდან მრავალ შემთხვევას იხსენებს: „დასავლეთში ჩვენი კვლევის შედეგებს დიდი ხნის განმავლობაში ამოწმებენ, მათი ეფექტურობის დადასტურების მიზნით, ეს გასაგებია, მაგრამ როცა პაციენტს სასწრაფო მკურნალობა ჭირდება, მაშინ ძვირადღირებულ ექსპერიმენტებზე დრო აღარ რჩება. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ჩვენი მკურნალობის ეფექტურობაში. ამას წინათ გერმანიიდან სამკურნალოდ ერთი კაცი ჩამოვიყვანეთ, მუცელში მიყენებული ჭრილობით. ჰაიდელბერგში მისთვის მთელი კუნთოვანი ქსოვილის ამოჭრა უნდოდათ, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ამ კაცს ჩვენ ვუმკურნალებთ-მეთქი. გერმანელებმა არ დაიჯერეს, მაგრამ როცა ორი კვირის შემდეგ იგი საღ-სალამათი დავაბრუნეთ, ჩვენი გერმანელი კოლეგები გაკვირვებისაგან კინაღამ წაიქცნენ“.

Comments are closed